საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-346(კ-23) 11 ივლისი, 2023 წელიქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ს.კ-ე
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2022 წლის 18 აპრილს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ს.კ-ის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის 2017 წლის 5 სექტემბრის №1175 ბრძანებით ს.კ-ე ჩაირიცხა სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებზე 2017 წლის 11 სექტემბრიდან და აყვანილი იქნა ყველა სახის კმაყოფაზე. 2017 წლის 11 სექტემბერს ს.კ-ესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 17 სექტემბრის №729 ბრძანებით დამტკიცებული №1279 სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩასარიცხ პირებთან გასაფორმებელი კონტრაქტი.
მოსარჩელემ ასევე აღნიშნა, რომ ზემოაღნიშნული კონტრაქტის 2.1. პუნქტის თანახმად სამხედრო სამსახურის ვადა შეადგენდა 6 კალენდარულ წელს და იუნკერად ყოფნის ვადის ჯამს. კონტრაქტის მოქმედება კი იწყება იუნკერად ჩარიცხვის დღიდან. აღნიშნული კონტრაქტის 6.2 პუნქტის თანახმად, თუ მოსამსახურე ვადამდე იქნება დათხოვნილი სამსახურიდან საკუთარი ინიციატივით ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ-ო“ ქვეპუნქტების შესაბამისად მას ეკისრება შესაბამისი ჯარიმა. მოსარჩელის მითითებით, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის 2021 წლის 22 ოქტომბრის №3172 ბრძანებით ლეიტენანტი ს.კ-ე, პირადი პატაკის საფუძველზე განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა სამხედრო სამსახურიდან, თუმცა მას არ გადაუხდია კონტრაქტით გათვალისწინებული ჯარიმა.
მოსარჩელემ ს.კ-ისთვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ ჯარიმის 5 000 (ხუთი ათასი) ლარის დაკისრება მოითხოვა.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ს.კ-ეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმის სახით 4 000 ლარის გადახდა.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებაზე შეგებებული სააპელაციო საჩივარი წარადგინა ს.კ-ემ, რომელმაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ს.კ-ეს შორის გაფორმებული 2017 წლის 11 სექტემბრის №1279 კონტრაქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს 1 000 ლარამდე შემცირება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ს.კ-ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხე ს.კ-ეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმის გადახდა 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თავდაცვის სამინისტროსა და მოპასუხე ს.კ-ეს შორის 2017 წლის 11 სექტემბერს გაფორმდა №1279 კონტრაქტი. თუმცა, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის 2021 წლის 22 ოქტომბრის №MOD02100003172 ბრძანებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ...ის სასწავლო კურსებზე ჩარიცხული ოფიცრების ჯგუფის მსმენელი ლეიტენანტი ს.კ-ე 2021 წლის 1 ნოემბრიდან, პირადი პატაკის საფუძველზე, გათავისუფლდა თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა სამხედრო სამსახურიდან.
სააპელაციო პალატამ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ დარღვეულ იქნა მხარეთა შორის არსებული 2011 წლის 17 სექტემბრის №729 ბრძანებით დამტკიცებული 2017 წლის 11 სექტემბრის №1279 „საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩასარიცხ პირებთან გასაფორმებელი“ კონტრაქტის 6.2, 6.3 პუნქტები.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში მოპასუხის მიერ ვალდებულება არ შესრულდა ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ვადაში, დადგენილი წესით, რაც კრედიტორს ანიჭებდა პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას, თუმცა ვალდებულების სახის და დარღვევის ხარისხის გათვალისწინებით, პირგასამტეხლოს ოდენობა, რომელიც თავდაცვის სამინისტროს სარჩელის ფარგლებში პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განისაზღვრა 4 000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით, იმ პირობებში, როდესაც კონტრაქტი შეწყდა ს.კ-ის პირადი პატაკის საფუძველზე, შესაბამისად, მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია კონტრაქტით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების დარღვევას, იყო შეუსაბამოდ მაღალი და ექვემდებარებოდა შემცირებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აღნიშნავს, რომ იგი დაეთანხმა და გაითვალისწინა საერთო სასამართლოების მიდგომა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 17 სექტემბრის №728 და 2011 წლის 17 სექტემბრის №729 ბრძანებებით დამტკიცებული კონტრაქტებით განსაზღვრულ შეუსაბამოდ მაღალი საჯარიმო სანქციის (28 000 ლარი) მიმართ. კასატორმა ასევე აღნიშნა, რომ კონტრაქტების დარღვევისთვის გარკვეულ პირებს სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით დაეკისრათ განსხვავებული ოდენობით ჯარიმა, მიუხედავად იმისა, რომ კონტრაქტის სახე და საჯარიმო თანხები ერთგვაროვანი იყო. აღნიშნულიდან გამომდინარე, დისკრიმინაციისა და კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპის დარღვევის თავიდან არიდების მიზნით, სამინისტრომ ამ საკითხის მოგვარება განახორციელა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის დონეზე და საქართველოს მთავრობის 2019 წლის 6 ივნისის №264 დადგენილებით მითითებული კონტრაქტების დარღვევისთვის განსაზღვრული საჯარიმო სანქციები შეამცირა გონივრული და მისაღები თანხის ოდენობამდე.
კასატორის მითითებით, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 6 ივნისის №264 დადგენილებით, ცვლილება შევიდა „სამხედრო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილებაში, რომლის XIX თავს დაემატა მე-7 პუნქტი, რომლის თანახმადაც, პირს, რომელსაც 2019 წლის 10 ივნისამდე „სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მსმენელის სტატუსის მოპოვების გარეშე პირობით სასწავლებლად მისაღებ პირებთან გასაფორმებელი კონტრაქტის ნიმუშის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 17 სექტემბრის №728 ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტის ან „სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩასარიცხ პირებთან გასაფორმებელი კონტრაქტის ნიმუშის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 17 სექტემბრის №729 ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტის დარღვევის გამო დაეკისრა (მათ შორის, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე) 28 000 ლარის ოდენობის ჯარიმა, ჯარიმის ოდენობა შეუმცირდა: ა) 1500 ლარამდე – I კურსზე ყოფნისას კონტრაქტის დარღვევის შემთხვევაში; ბ) 2500 ლარამდე – II კურსზე ყოფნისას კონტრაქტის დარღვევის შემთხვევაში; გ) 4000 ლარამდე – III კურსზე ყოფნისას კონტრაქტის დარღვევის შემთხვევაში; დ) 5000 ლარამდე – IV კურსზე ყოფნისას ან მის შემდგომ პერიოდში კონტრაქტის დარღვევის შემთხვევაში.
გარდა ამისა, კასატორმა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილებით დამტკიცებულ „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ დებულებაზე მითითებით აღნიშნა, რომ დაუშვებელია კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს (ჯარიმის) შემცირება, ვინაიდან იგი არ წარმოადგენს მხარეთა მიერ თავისუფალი ნების გამოვლენის შედეგად განსაზღვრულ პირობას, არამედ დადგენილია კანონისმიერი საფუძვლით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 7 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში, საკასაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება უნდა შეამოწმოს ს.კ-ისთვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ ჯარიმის ანაზღაურების დავალებაზე უარის თქმის ნაწილში.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ თავდაცვის სამინისტროსა და მოპასუხე ს.კ-ეს შორის 2017 წლის 11 სექტემბერს გაფორმდა №1279 კონტრაქტი. ხოლო, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის 2021 წლის 22 ოქტომბრის №MOD02100003172 ბრძანებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ...ის სასწავლო კურსებზე ჩარიცხული ოფიცრების ჯგუფის მსმენელი ლეიტენანტი ს.კ-ე 2021 წლის პირველი ნოემბრიდან, პირადი პატაკის საფუძველზე გათავისუფლდა თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა სამხედრო სამსახურიდან. ფინანსური პასუხისმგებლობის განსაზღვრის შესახებ ცნობის შინაარსიდან გამომდინარე კი გამოიკვეთა, რომ სამხედრო მოსამსახურე ს.კ-ის მიერ კონტრაქტის გაფორმებიდან მის შეწყვეტამდე ნამსახურობის პერიოდმა შეადგინა 4 წელი, 1 თვე და 20 დღე.
საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ ს.კ-ე სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილი იქნა კონტრაქტის 6.2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პერიოდში (IV კურსი ან შემდგომი პერიოდი). ამასთან, მხარეთა შორის არსებული 2019 წლის 10 ივნისის „სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩასარიცხ პირებთან გასაფორმებელ კონტრაქტში ცვლილების შეტანის თაობაზე“ შეთანხმების ოქმის გათვალისწინებით ჯარიმის ოდენობა განისაზღვრა 5 000 ლარით. ამდენად, მოპასუხე ვალდებული იყო კონტრაქტის შეწყვეტიდან არაუგვიანეს 1 თვისა თავდაცვის სამინისტროსთვის აენაზღაურებინა კონტრაქტით გათვალისწინებული ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლზე, რომლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამასთან, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, ს.კ-ის მიერ კონტრაქტით გათვალისწინებული პირობის დარღვევამ ავტომატურად წარმოშვა სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად და კეთილსინდისიერად. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მართალია, ხელშეკრულების დადებისას მხარეებს უფლება აქვთ, შეთანხმდნენ გარკვეული თანხის - პირგასამტეხლოს გადახდაზე იმ შემთხვევაში, თუ მოვალე არ შეასრულებს ან არაჯეროვნად შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას, თუმცა სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს იგი დავის კონკრეტული გარემოებების შესაბამისად. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პირგასამტეხლოს ოდენობის შესაბამისობის გათვალისწინებისას, სასამართლო მხედველობაში იღებს ვალდებულების დარღვევის ხასიათს, აღნიშნულით გამოწვეულ ზიანს, მის თანაფარდობას, მხარეთა ფინანსურ მდგომარეობას, მოსარჩელის ეკონომიკურ ინტერესს, აგრეთვე, სხვა ობიექტურ გარემოებებს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი ოდენობით დაკისრების გამო, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა პირგასამტეხლოს თანხის განსაზღვრის მიზნით სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის გავრცელების თაობაზე. აღსანიშნავია, რომ შეთანხმებული პირგასამტეხლო შესაძლებელია აღემატებოდეს მოსალოდნელ ზიანს, მაგრამ არ უნდა დაირღვეს ხელშეკრულების მხარეთა თანასწორობისა და ხელშეკრულების პირობების სამართლიანობის პრინციპები.
აღსანიშნავია, რომ „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 14 პუნქტის თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის გასავლელად კონტრაქტის ფორმას ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის მინისტრი. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ კონტრაქტით გათვალისწინებული ჯარიმა სახელშეკრულებო პირგასამტეხლოდ უნდა იქნეს მიჩნეული.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ანალიზს შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვალდებულების დარღვევის ხასიათისა და ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, კონტრაქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს თანხა არ არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი/გონივრული და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, პირგასამტეხლოს თანხის ოდენობის შემცირებისა და მოპასუხისთვის 1000 ლარის ოდენობით ჯარიმის დაკისრების თაობაზე.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე