Facebook Twitter
#1155ap_10 10 Tebervali, 2011 weli

№10481-13 2 აპრილი, 2013 წელი

მ-ი ვ., 10481-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

ბესარიონ ალავიძე, გიორგი შავლიაშვილი

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ - მ.ლ-ის

მსჯავრდებულ - ვ. მ-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ვ. მ-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 22 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 10 ივნისის განაჩენით ვ. მ-ი, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, ,,დ“ ქვეპუნქტებით - 7 წლით, ხოლო 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 59-ე მუხლის 11-ლი ნაწილის საფუძველზე ვ. მე-ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და მსჯავრდებულს საბოლოოდ მიესაჯა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2009 წლის 25 სექტემბრიდან.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 19 ოქტომბრის განაჩენით შეიცვალა: ვ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, ,,დ“ ქვეპუნქტებით - 7 წლით, ხოლო 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 59-ე მუხლის 11-ლი ნაწილის საფუძველზე ვ. მ-ს საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით, რომლის მოხდა დაეწყო 2009 წლის 25 სექტემბრიდან.

უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 18 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი აღნიშნულ განაჩენზე არ იქნა დაშვებული განსახილველად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 22 თებერვლის განჩინებით ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე ვ. მ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, ,,დ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 7 წელი და განესაზღვრა 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე ერთი მეოთხედით შუმცირდა სსკ-ის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული სასჯელი - 2 წელი და განესაზღვრა 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2009 წლის 25 სექტემბრიდან.

მსჯავრდებული ვ. მ-ი საჩივარში აღნიშნავს, რომ მის მიმართ არასწორადაა გამოყენებული „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონი, კერძოდ, მას სსკ-ის 178-ე მუხლით დანიშნული სასჯელიდან მოსახდელად განესაზღვრა 6 წელი, რაც უნდა შემცირებულიყო ერთი მეოთხედით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებული ითხოვს გასაჩივრებული განჩინების შეცვლას მის სასიკეთოდ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ადრე მოქმედი რედაქციის 59-ე მუხლის 11-ლი ნაწილის შესაბამისად, სასჯელთა ნაწილობრივი შეკრებისას, ყველაზე მძიმე ერთი ძირითადი სასჯელის გარდა, დანარჩენი ძირითადი სასჯელი ინიშნებოდა ვადის ნახევრიდან სრულ მოცულობამდე. ამდენად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 10 ივნისის განაჩენით განსაზღვრულ საბოლოო სასჯელში - 9 წლით თავისუფლების აღკვეთაში - 7 წელი განისაზღვრა სსკ-ის 178-ე მუხლით დანიშნული, ხოლო - 2 წელი - 118-ე მუხლით დანიშნული სასჯელიდან. ამრიგად, „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულს სწორად შეუმცირდა ერთი მეოთხედით სსკ-ის 178-ე მუხლით განსაზღვრული სასჯელი - 7 წელი.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ წინა განაჩენით სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 239-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული პირობითი მსჯავრისაგან ვ. მ-ი სრულად გათავისუფლდა ,,ამნისტიის შესახებ“ 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე. სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასჯელისაგან გათავისუფლებული ითვლება ნასამართლობის არმქონედ. ამდენად, ბოლო დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის ვალერი მ-ი არ იყო ნასამართლევი და ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, იგი, როგორც ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებული და ადრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლობის არმქონე პირი, უნდა გათავისუფლდეს სსკ-ის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული სასჯელისაგან.

სხვა ნაწილში გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ვ. მ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 22 თებერვლის განჩინება შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ: ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, ვ. მ-ი გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული სასჯელისაგან;

გასაჩივრებული განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად და ვ. მ-ს საბოლოოდ განესაზღვროს 5 (ხუთი) წლითა და 3 (სამი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყოს 2009 წლის 25 სექტემბრიდან.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

გ. შავლიაშვილი