Facebook Twitter

№10491-13 3 აპრილი, 2013 წელი

ხ-ა რ., 10491-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)

ბესარიონ ალავიძე, პაატა სილაგაძე

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ _ ლ. ა-ის

მსჯავრდებულ _ რ. ხ-ას

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ რ. ხ-ას საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 29 სექტემბრის განაჩენით რ. ხ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით, 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 4 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – 2 თვე და საბოლოოდ განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2005 წლის 13 ივლისიდან.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 26 დეკემბრის განაჩენით რ. ხ-ას ქმედება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტიდან (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა ამჟამად მოქმედი რედაქციის სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე; განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 9 თებერვლის განაჩენით რ. ხ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება) – 9 წლით, ხოლო 261-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 3 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. რ. ხ-ას საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 წლის ვადით, რომლის მოხდა დაეწყო 2007 წლის 9 თებერვლიდან.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 12 ივლისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 18 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 23 თებერვლის დადგენილებით რ. ხ-ა გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 29 აგვისტოს დადგენილებით რ. ხ-ას მიმართ ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს – 12 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთას დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 3 წელი, 5 თვე, 3 დღე და საბოლოოდ განესაზღვრა 15 წლით, 8 თვითა და 3 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2007 წლის 9 თებერვლიდან.

2013 წლის 17 იანვარს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №1 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ რ. ხ-ას მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ რ. ხ-ას მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებული რ. ხ-ა გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან, რომელიც დაემატა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 26 დეკემბრის განაჩენით დანიშნულ სასჯელს; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელები და განესაზღვრა: სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით – 3 წლით, 7 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, რასაც გამოაკლდა მსჯავრდებულის მიერ მოხდილი 1 წელი, 6 თვე, 27 დღე და ამ მუხლით საბოლოოდ მოსახდელად დარჩა 2 წლითა და 18 დღით თავისუფლების აღკვეთა; 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 6 წლითა და 9 თვით, ხოლო 261-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 2 წლით, 5 თვითა და 7 დღით თავისუფლების აღკვეთა. დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და რ. ხ-ას მოსახდელად განესაზღვრა 11 წლით, 2 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა რ. ხ-ამ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. საჩივარში იგი აღნიშნავს, რომ არ ეთანხმება განჩინებას და აღნიშნავს, რომ მას არასწორად აქვს ბრალად შერაცხული გასაღება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე, განზრახი დანაშაულისთვის ნასამართლევ რ. ხ-ასთვის თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 26 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედით შემცირება კანონიერია.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე, რ. ხ-ასთვის თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 12 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და 261-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელების ერთი მეოთხედით შემცირება ასევე კანონიერია, ვინაიდან მის მიერ ამ მუხლებით ჩადენილი ქმედებები გასაღების ნიშნით კვალიფიცირდება.

რაც შეეხება მსჯავრდებულის მითითებას, რომ მას არასწორად აქვს შერაცხული გასაღება, პალატა აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე საკასაციო პალატა მსჯელობს მხოლოდ იმ საკითხზე, სწორად იქნა თუ არა გამოყენებული ,,ამნისტიის შესახებ“ კანონის მოთხოვნები და არ არის უფლებამოსილი, გადასინჯოს იმ განაჩენის კანონიერება, რომლითაც მოხდა პირის მსჯავრდება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ რ. ხ-ას საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. სილაგაძე