№ბს-185(კ-23) 25 ივლისი, 2023 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 9 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ე. ო-ა, ა. ფ-ა, ნ. ფ-ა).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ე. ო-ამ, ა. ფ-ამ და ნ. ფ-ამ სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.
სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შედეგად მოსარჩელეებმა მოითხოვეს: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 26 ნოემბრის №04-2274/ო ბრძანება; ბ) დაევალოს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მოსარჩელეების - ე. ო-ას, ა. ფ-ას და ნ. ფ-ას გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით ე. ო-ას, ა. ფ-ას და ნ. ფ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 26 ნოემბრის №04-2274/ო ბრძანება. მოპასუხე - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, მოსარჩელეების - ე. ო-ას, ა. ფ-ას და ნ. ფ-ას გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 9 ნოემბრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 9 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.
კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლო აპელირებს მოწმის ჩვენებაზე, თუმცა უგულებელყოფს მონიტორინგის განხორციელების დროს სააგენტოს მიერ ადგილზე გადამოწმებულ ინფორმაციას, ფაქტობრივ მოცემულობას და დადგენილად მიიჩნევს მოსარჩელის ...ის გზატკეცილი №48-ში ცხოვრების ფაქტს. ადმინისტრაციული ორგანოს უარი მოსარჩელეების ფართით დაკმაყოფილებაზე განპირობებულ იქნა იმ გარემოებით, რომ მოსარჩელე მხარე ფაქტობრივად არ ცხოვრობდა სადავო მისამართზე. მონიტორინგის ჯგუფის მიერ 2019 წლის ივნისის თვეში ვიზიტი განხორციელდა მისამართზე ქ. თბილისი, ...ის გზატკეცილი №48, ...ის ყოფილი სამმართველო, სადაც მონიტორინგის ჯგუფს დახვდა ე. ო-ას ახლო ნათესავი, ამავე მისამართზე დროებით მცხოვრები შ. ლ-ა, რომელმაც განმარტა, რომ ე. ო-ა მეუღლესთან განქორწინებულია დაახლოებით 15 წელია, მეუღლის ადგილსამყოფელი კი უცნობია. ე. ო-ას მამა გარდაცვლილია, ხოლო დედა, რომლის გვარი ვერ გაიხსენა, ცხოვრობს გალში. მონიტორინგის განხორციელების დროს, სადავო მისამართზე ე. ო-ას ოჯახი ფაქტობრივად არ ყოფილა, ბინაში იმყოფებოდა შ. ლ-ა, რომელიც დროებით ცხოვრობდა თუ მუდმივად მითითებულ მისამართზე, სადავოა. საინტერესოა შ. ლ-ას მითითება იმ გარემოებაზე, რომ წარმოადგენს ე. ო-ას ახლო ნათესავს, რომელმაც მოსარჩელის დედის გვარი ვერ გაიხსენა ან საერთოდაც არ იცოდა. ასევე საყურადღებოა მითითება იმის თაობაზე, რომ ე. ო-ას მეუღლის ადგილსამყოფელი შ. ლ-ასათვის უცნობი იყო, თუმცა საქმის მასალებით დასტურდება, რომ ე. ო-ას შვილები ივნისის თვეში საზღვარგარეთიდან დაბრუნების შემდეგ საცხოვრებლად მამასთან წავიდნენ, რაც უნდა სცოდნოდა ე. ო-ას ახლო ნათესავს - შ. ლ-ას, თუ ის სხვის ბინაში დროებით, ოჯახის ჩამოსვლამდე ცხოვრობდა. 2019 წლის 11 სექტემბერს, მონიტორინგის ჯგუფმა დამატებითი ვიზიტი განახორციელა მისამართზე ქ. თბილისი, ...ის №48, სადაც მონიტორინგის ჯგუფს დახვდა ე. ო-ას მაზლი - დ. ფ-ა, რომლის მეშვეობით ე. ო-ას მეუღლესთან, აკ. ფ-ასთან, დაკავშირება მოხდა. მან გასაუბრებისას აღნიშნა, რომ მისი მეუღლე - ე. ო-ა ისევ საფრანგეთშია სამკურნალოდ, შვილები კი ივნისის თვეში ჩამოვიდნენ საქართველოში და არიან მასთან მისამართზე: ქ. თბილისი, ...ის ქუჩა №23, ბინა 48 (...). მისივე განმარტებით, მეუღლის სამედიცინო დოკუმენტაცია არ აქვს და საღამოს საათებში ექნებოდა, მას შემდეგ, რაც მეუღლეს გაესაუბრებოდა. წარმოდგენილი მონიტორინგის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელეები - ა. ფ-ა და ნ. ფ-ა საქართველოში 2019 წლის ივნისის თვეში დაბრუნდნენ არა სადავო ბინაში, არამედ მამასთან - აკ. ფ-ასთან, საცხოვრებლად. ამასთან, წარმოდგენილი მასალები ეწინააღმდეგება შ. ლ-ას მიერ მითითებულ გარემოებას ე. ო-ას მეუღლესთან დაკავშირებით, რომ თითქოსდა 15 წელია განქორწინებულები არიან და მეუღლის ადგილსამყოფელი უცნობია, მაშინ, როცა გასაუბრებისას აკ. ფ-ა ე. ო-ას მეუღლედ მოიხსენიებს და მასთან ხშირი კომუნიკაციის ფაქტსაც ადასტურებს. 2019 წლის 11 სექტემბერს, მონიტორინგი განხორციელდა მისამართზე თბილისი, ...ის ქუჩა №23, ბინა 48, სადაც მონიტორინგის ჯგუფს დახვდა აკ. ფ-ა და მოსარჩელე ა. ფ-ა. აკ. ფ-ას განმარტებით, მეუღლე და შვილები 2 წელია ქირით ცხოვრობენ სხვა მისამართზე, ...ის ქუჩა №21-ში. ასევე განმარტა, რომ ბინაში, რომელიც მის საკუთრებას წარმოადგენს, ცხოვრობს მარტო, ბავშვები კი მასთან არიან საფრანგეთიდან ჩამოსვლის შემდეგ. ამდენად, მოსარჩელის მეუღლესთან გასაუბრების შედეგად დგინდება, რომ ე. ო-ას ოჯახი სადავო ბინაში არ ცხოვრობს და არც მონიტორინგის განხორციელების მომენტისთვის ცხოვრობდა. რაც შეეხება აკ. ფ-ას, უდავოდ დადასტურებული გარემოებაა, რომ მას საკუთრებაში გააჩნია უძრავი ქონებები, ერთ-ერთ მათგანში კი ფაქტობრივად ცხოვრობენ მისი შვილები, მოსარჩელეები - ა. და ნ. ფ-აები, ე. ო-ა კი არ იმყოფება საქართველოში და ცხოვრობს საზღვარგარეთ.
კასატორის განმარტებით, სააგენტომ სწორად შეაფასა გარემოებები და მოსარჩელე მხარეს სამართლიანად უთხრა უარი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე. მოსარჩელის ოჯახი არ ცხოვრობს სადავო მისამართზე, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი უტყუარი მტკიცებულებებით. მოსარჩელეების სადავო მისამართზე არ ცხოვრების ფაქტს ადასტურებს თავად მოსარჩელე მხარე, როცა უთითებს სარჩელში, რომ სადავო მისამართზე გაუსაძლისი პირობების გამო ცხოვრება შეუძლებელი და საშიშია. გარდა მითითებული გარემოებებისა, მოსარჩელე თავად განმარტავს, რომ ე. ო-ას საზღვარგარეთ გამგზავრების შემდეგ სადავო ბინის ფლობას ახორციელებდა შ. ლ-ა, ხოლო ამ უკანასკნელის ნებართვით ასევე ბინას ფლობდა დ. ფ-ა. აკ. ფ-ა მონიტორინგის განხორციელების დროს იმყოფებოდა მისამართზე ქ. თბილისი, ...ის ქუჩა №23, ბინა 48-ში და აღნიშნული უძრავი ქონება წარმოადგენს მის საკუთრებას. გასაუბრების დროს დაადასტურა ის გარემოება, რომ შვილები საქართველოში დაბრუნების შემდეგ, კერძოდ, ივნისის თვიდან ცხოვრობენ მასთან. სააგენტოს მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ 2018 წლის მონაცემებით ე. ო-ას, რომელიც განაცხადს აკეთებდა სარეგისტრაციო ნომერზე ორ შვილთან ერთად, 1.50 ქულა მიენიჭა სააგენტოს მიერ ნათესავის/ახლობლის ბინაში ქირის გარეშე ცხოვრების გამო. აღნიშნული მონაცემი იგივეა და არ შეცვლილა 2019 წლის 22 მარტის მდგომარეობითაც. დამატებითი ინფორმაციის სახით მითითებულია ე. ო-ას დედის, ნ. გ-ას, თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის (ქ. სამტრედიაში, ...ს ქუჩა №86-ში მდებარე ბინა №33) შესახებ. მოსარჩელე მხარის მიერ სარჩელში მითითებული გარემოებები ეწინააღმდეგება საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს და იმ გარემოებას, რომ მოსარჩელის ოჯახი ფაქტობრივ ფლობას ახორციელებდა სადავო უძრავ ნივთზე, მათ შორის, ეწინააღმდეგება მოსარჩელე მხარის მითითებას, რომ თითქოსდა 2000 წლიდან დღემდე ოჯახი ცხოვრობს სადავო ბინაში. მფლობელობის ცნება განმარტებულია სამოქალაქო კოდექსში, რაც გულისხმობს ნივთზე ფაქტობრივ ბატონობას, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს. სწორედ ის გარემოება, რომ მოსარჩელეები ფაქტობრივად სადავო უძრავ ნივთში არ ცხოვრობენ და უფრო მეტიც, შვილები ცხოვრობენ მამის საკუთრებაში, ე. ო-ა კი - საზღვარგარეთ, ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ისინი არ საჭიროებენ გადაუდებელ განსახლებას, სადავო ნივთს ფაქტობრივად ფლობენ სხვა პირები, რაც სწორად იქნა შეფასებული სააგენტოს მიერ და მათი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა. სადავო უძრავი ნივთი სხვა პირის ფაქტობრივ მფლობელობასა და განკარგულებაშია, შ. ლ-ა ფლობს სადავო ბინას და სურვილისამებრ წყვეტს ვის მისცეს ბინაში ცხოვრების უფლება.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 2 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ ე. ო-ას, ა. ფ-ას და ნ. ფ-ას სახელზე გაცემულია დევნილის მოწმობები, რომელთა თანახმად მოსარჩელეები არიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები (ს.ფ 67-68); ბ) საქართველოს სსრ საავტომობილო ტრანსპორტისა და გზების სამინისტროს საწ. გაერთიანება გვირაბმშენინდუსტრიის სამმართველოს უფროსის მიერ 2001 წელს გაცემულია ცნობა, რომლის თანახმად, ე. ო-ა დროებით არის შეფარებული გვირაბების მშენებლობის და ექსპლუატაციის სამმართველოს მიერ გამოყოფილ ფართში, მისამართზე: ქ. თბილისი, ...ის გზატკეცილი №48 (ს.ფ 19); გ) 2013 წლის 29 ოქტომბერს, ე. ო-ამ საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადებით მიმართა სამინისტროს. განმცხადებელმა ოჯახის შემადგენლობაში მასთან ერთად მიუთითა შვილები: ა. ფ-ა და ნ. ფ-ა. განმცხადებელმა ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართად მიუთითა: ...ის №48, ...ის გზატ., შპს „ბ...“ (ს.ფ 125-126); დ) ე. ო-ას ოჯახის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმის თანახმად, გადამოწმების შედეგად ოჯახს მიენიჭა 3 ქულა: (ა.ა) დევნილი ოჯახი, რომელიც ცხოვრობს მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართში (დევნილთა ყოფილ კომპაქტურად განსახლების ობიექტში), რომელიც წარმოადგენს კერძო საკუთრებას და: ა.ა.ბ) მესაკუთრე ახორციელებს დევნილთაგან ობიექტის გამოთავისუფლების კანონით გათვალისწინებულ პროცედურას; ა.ა.გ) მესაკუთრემ განახორციელა დევნილთაგან ობიექტის გამოთავისუფლების კანონით გათვალისწინებული პროცედურა) (ს.ფ 121); ე) 2019 წლის 19 აპრილს ე. ო-ამ განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და განმარტა, რომ ცხოვრობს ორ შვილთან ერთად მისამართზე ...ის გზატკეცილი №48, ერთსართულიან ბინაში და იგი არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით. მძიმე ავადმყოფობის გამო, მკურნალობის მიზნით, ორივე შვილთან ერთად მიდის საზღვარგარეთ. განმცხადებელმა მოითხოვა საცხოვრებელი ბინით დაკმაყოფილება, რისთვისაც ხელი არ უნდა შეეშალა საზღვარგარეთ სამკურნალოდ წასვლას (ს.ფ 43); ვ) 2019 წლის 7 ივნისს, სამინისტროს მონიტორინგის ჯგუფი მოკვლევის მიზნით გამოცხადდა მისამართზე: ...ის გზატკ. №48, ...ის ყოფ. სამმართველო. მონიტორინგის ჯგუფის მიერ შედგენილი აღწერის ფორმის თანახმად, მონიტორინგის ჯგუფს ინფორმაცია მიაწოდათ ე. ო-ას დაკავებულ ფართში დროებით მაცხოვრებელმა, ახლო ნათესავმა - შ. ლ-ამ. მისი განმარტებით ე. ო-ა, ა. ფ-ა და ნ. ფ-ა 1993 წლიდან 2019 წლამდე ცხოვრობდნენ აღნიშნულ მისამართზე. დაახლოებით 2 თვეა სამკურნალოდ იმყოფებოდნენ საფრანგეთში, ვინაიდან ოჯახის უფროსი დაავადებული იყო სიმსივნით. 2019 წლის 11 სექტემბერს, სამინისტროს მონიტორინგის ჯგუფი დამატებითი მოკვლევის მიზნით გამოცხადდა მისამართზე: ...ის №48-ში, სადაც ადგილზე იმყოფებოდა ე. ო-ას მაზლი - დ. ფ-ა, რომელმაც შემდგომ შეახვედრა ისინი ე. ო-ას მეუღლეს - აკ. ფ-ას. მისი თქმით, ე. ო-ა კვლავ საფრანგეთში იმყოფებოდა სამკურნალოდ, ხოლო შვილები ჩამოვიდნენ ივნისში. შვილები არიან ...ის ქ. №23/ბ.48-ში (არიან ქირით, მას შემდეგ, რაც გაყიდეს სახლი მკურნალობის გამო) (ს.ფ 30-31); ზ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით (10.10.2019 წ., ოქმი №39), ე. ო-ას, ა. ფ-ას და ნ. ფ-ას უარი ეთქვათ საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე ქ. თბილისში, ...ის გზატ. №48, შპს „ბ...“-ში (ერთსართულიანი) ფაქტობრივად არცხოვრების გამო (ს.ფ 153-160); თ) სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 26 ნოემბრის №04-2274/ო ბრძანებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2019 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი №39), ე. ო-ას ოჯახს, სახელმწიფო მნიშვნელობის ობიექტში ფაქტობრივად არცხოვრების გამო, უარი ეთქვა ქ. თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე (ს.ფ 20); ი) 2020 წლის 22 ივნისს გ. ჩ-ამ, ხ. ხ-ემ, ბ. კ-ამ და გ. შ-ამ სანოტარო წესით შედგენილი განცხადებით დაადასტურეს, რომ ე. ო-ას და მის შვილებს შესახლებიდან არ შეუწყვეტიათ მათი საცხოვრებელი ბინის ფაქტობრივი ფლობა, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ...ის გზატკეცილი №48 (შპს ,,ა...’’). განცხადების თანახმად, ბინა იყო ამორტიზირებულ მდგომარეობაში და მცირეწლოვანი ბავშვები ე. ო-ამ გამოზარდა საცხოვრებლად გაუსაძლის პირობებში. მათი განმარტებით, 2019 წლის აპრილში დაახლოებით 6 თვე ე. ო-ა იმყოფებოდა საქართველოს ფარგლებს გარეთ მკურნალობის მიზნით. ამ პერიოდში მისი ახლობელი ახორციელებდა ბინის ფლობას. გაუსაძლისი პირობების გამო ე. ო-ა პერიოდულად ღამეს ათევდა მეგობართან, თუმცა საცხოვრებლად სხვა მისამართზე არასოდეს გადასულა (ს.ფ 48-49); კ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 26 აგვისტოს №... წერილით დგინდება, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული პროგრამის მონაცემებით, ე. ო-ას საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის (ს.ფ 167); ლ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2020 წლის 1 სექტემბრის ცნობით დგინდება, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის მონაცემებით ე. ო-ას, 2019 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 31 ოქტომბრამდე საზღვარი გადაკვეთილი აქვს ს.ს.კ.გ. „თ...ის“ და ს.ს.კ.გ. „ქ...ის“ გავლით, კერძოდ, 2019 წლის 20 აპრილს ფიქსირდება მისი გასვლა, ხოლო 2019 წლის 22 ოქტომბერს შემოსვლა (ს.ფ 201-202); მ) 2020 წლის 8 ოქტომბრის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ხ. ხ-ემ განმარტა, რომ როცა აღნიშნულ მისამართზე მივიდა საცხოვრებლად 2002 წელს, ე. ო-ა იქ ცხოვრობდა. 2019 წლის აპრილის თვეში ე. ო-ა საზღვარგარეთ წავიდა სამკურნალოდ და ოქტომბრის თვეში ჩამოვიდა, ხოლო აღნიშნულ პერიოდში მის სახლში შ. ლ-ა ცხოვრობდა. მოწმემ დაადასტურა, რომ ე. ო-ა ამჟამადაც ცხოვრობს აღნიშნულ მისამართზე შვილებთან ერთად. ამავე სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ. კ-ამ განმარტა, რომ დაახლოებით 2002 წელს, როცა მივიდა მეუღლესთან ერთად საცხოვრებლად ,,...ში’’, ...ის №48-ში, ე. ო-ა 2 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად მარტო ცხოვრობდა აღნიშნულ მისამართზე. მისი განმარტებით, სადავო უძრავ ქონებაში 3 ოჯახი ცხოვრობდა, მათ შორის, ე. ო-ას ოჯახი. ორი ოჯახი ბინით დაკმაყოფილდა და გადავიდნენ საცხოვრებლად, ხოლო ე. ო-ას უარი ეთქვა ბინით დაკმაყოფილებაზე. მოწმემ ასევე მიუთითა, რომ 2019 წლის 19 აპრილს ე. სამკურნალოდ გაემგზავრა საფრანგეთში შვილებთან ერთად. შვილები ადრე ჩამოვიდნენ, სწავლების მიზნით. მათი ჩამოსვლის დროს, თვითონ უკვე გადასული იყო საცხოვრებლად. ოქტომბრის თვეში გადავიდა საცხოვრობლად, ხოლო ე. დაახლოებით ნოემბერ-დეკემბერში ჩამოვიდა და დღემდე იქ ცხოვრობს. მისი განმარტებით, როცა ე. წავიდა საფრანგეთში, მისი ნათესავი - შ. ლ-ა ოჯახთან ერთად ცხოვრობდა მის სახლში (სხდომის ოქმი ს.ფ 233-244); ნ) თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 სექტემბრის (საქმე №2/34919-18) კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, შპს „ა...ს“ სარჩელი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ გამოთხოვილი იქნეს მოპასუხეების, მათ შორის, ე. ო-ას, ა. ფ-ას, ნ. ფ-ას უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონება, მდებარე - ქ. თბილისში, ...ის გზატკეცილი №48-ში, დაზუსტებული ფართობი: 514.00 კვ.მ., შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: №1, №2 (საკადასტრო კოდი: №...) და ქ. თბილისში, ...ის გზატკეცილი №48-ში, დაზუსტებული ფართობი: 302.00 კვ.მ., შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: №1 (საკადასტრო კოდი: №...) და ქონება თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცეს მესაკუთრე შპს „ა...ს“ (ს.ფ 317-336).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა.
საკასაციო პალატა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტისა და ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე მითითებით აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, კერძოდ, ის სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ვალდებულია დევნილი ოჯახი უზრუნველყოს გრძელვადიანი საცხოვრებლით, შექმნას მათი ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა გადაწყვეტილება მხოლოდ გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შედეგად უნდა მიიღოს.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით (ძალადაკარგულია „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით) დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესის“ (დანართი №1) მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა; სახელმწიფოს მიერ ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა იმ დევნილ ოჯახებზე, რომლებმაც 2019 წლის 1 იანვრამდე იპოთეკური სესხით შეიძინეს საცხოვრებელი სახლები/ბინები და აღნიშნული საცხოვრებელი სახლები/ბინები არის მათი ერთადერთი საკუთრება. ზემოაღნიშნული წესის მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, ამ წესის მე-3-მე-6 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს: ა) იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სააგენტოს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით; ბ) კონკრეტული დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე; გ) იმ მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში) მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომელი შენობებიც გადაუდებელი სახელმწიფო ინტერესის შემცველი ობიექტებია, რაც ერთმნიშვნელოვნად და საჯაროდ უნდა იყოს გამოხატული წერილობით შესაბამისი სახელმწიფო უწყების მიერ; დ) იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან მათ ბალანსზე რიცხულ საცხოვრებელ ფართობში და ამ ფართის გამოთავისუფლების მოთხოვნით სააგენტოში შემოსულია შესაბამისი მომართვა; ე) იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომელთა მიმართაც, ამ წესის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, სააგენტო ახორციელებს დროებითი განსახლების ღონისძიებებს.
მოცემულ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 26 ნოემბრის №04-2274/ო ბრძანების კანონიერება, რომლითაც ე. ო-ას ოჯახს უარი ეთქვა ქ. თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე სახელმწიფო მნიშვნელობის ობიექტში ფაქტობრივად არცხოვრების გამო.
საკასაციო პალატის მოსაზრებით მხოლოდ ის გარემოება, რომ მოსარჩელეები კონკრეტული მონიტორინგის დროს არ იმყოფებოდნენ საცხოვრებელ ადგილზე, არ წარმოადგენს გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის საკმარის საფუძველს. გარკვეულ შემთხვევებში, პირი შესაძლოა დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე იძულებული გახდეს დატოვოს საცხოვრებელი, რაც არ გულისხმობს იმას, რომ მან მიატოვა ჩასახლების ობიექტი, არ წარმოადგენს ასეთ ობიექტში მაცხოვრებელს და შესაბამისად, მას არ უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი სახელმწიფოს მიერ დევნილთა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებისას. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მოცემულ შემთხვევაში თავად მოსარჩელე ე. ო-ამ 2019 წლის 19 აპრილს განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და აცნობა მისამართზე დროებით არყოფნის შესახებ მკურნალობის მიზნით საზღვარგარეთ გამგზავრების აუცილებლობის გამო.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება სადავო მისამართზე მოსარჩელეთა არცხოვრების ფაქტი, რაც შესაძლოა საფუძვლად დადებოდა მათთვის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმას. პალატა კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილია თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 სექტემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „ა...ს“ სარჩელი მათ შორის ე. ო-ას, ა. ფ-ას და ნ. ფ-ას მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე დაკმაყოფილდა.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უკანონოა, რის გამოც იგი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც უკანონოა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მოპასუხეს მართებულად დაევალა გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელეების - ე. ო-ას, ა. ფ-ას და ნ. ფ-ას გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 9 ნოემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
თ. ოქროპირიძე