Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-471(კ-23) 11 ივლისი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ზ. რ-ი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ნოემბრის განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2021 წლის 27 მაისს ზ. რ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით იგი წარმოადგენს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ, მნიშვნელოვნად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს, რომელიც 29 წელია უშედეგოდ ელის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას. ამასთან, მოსარჩელის განმარტებით, მის მიერ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე განცხადების წარდგენის ეტაპისთვის, დასახელებული ფართით დაკმაყოფილდნენ 3.5 ქულის მქონე დევნილები. ხოლო, მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელის მიერ მიღებული ქულების რაოდენობა აჭარბებდა 3.5 ქულას, სააგენტოს 2021 წლის 23 აპრილის №03-1585/ო ბრძანებით მას უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე გადაუდებელი განსახლების საჭიროების არ არსებობის გამო, ვინაიდან იგი დროებით ჰყავდა შეფარებული ყოფილ მეუღლეს, რომელთანაც განქორწინებული იყო.

მოსარჩელემ „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 23 აპრილის №03-1585/ო ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის ზ. რ-ის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით ზ. რ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 23 აპრილის №03-1585/ო ბრძანება და მოპასუხეს დაევალა გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელე ზ. რ-ის ოჯახთან დაკავშირებით. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. რ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ნოემბრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და ზ. რ-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 23 აპრილის №03-1585/ო ბრძანების თანახმად, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილების საფუძველზე ზ. რ-ს განსახლების გადაუდებელი საჭიროების არ არსებობის გამო უარი ეთქვა ქ. თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე. პალატამ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმის მიხედვით, ზ. რ-ის ოჯახი შეფასდა 4.50 ქულით. ამასთან, სარეგისტრაციო ნომერზე მოსარჩელესთან ერთად, დაფიქსირებული იყო დედა და შვილი.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან სათანადოდ არ ყოფილა გამოკვლეული და შეფასებული მოსარჩელე ზ. რ-ის ოჯახის შემადგენლობა. მოსარჩელეს განაცხადი გაკეთებული ჰქონდა 3 სულზე, მაშინ როცა რეალურად შესაძლოა მოსარჩელის ოჯახის შედგებოდეს მხოლოდ 1 სულისაგან. პალატამ ყურადღება გაამახვილა ასევე იმ გარემოებაზე, რომ ოჯახის შემადგენლობაში დადგენილია მოსარჩელის შვილი, მაშინ როცა მხარემ მიუთითა, რომ მისი შვილი ლ. რ-ი გათხოვილია და ცხოვრობს მეუღლესთან ერთად. ამასთან, საქმეში დაცული ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიანი ბაზიდან, სულ სხვაგვარ მონაცემს შეიცავდა ზ. რ-ის ოჯახის შემადგენლობის შესახებ. ამდენად, პალატამ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილზე მითითებით მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ მისი კომპეტენციის ფარგლებში ზედმიწევნით უნდა გამოიკვლიოს მოსარჩელე ზ. რ-ის ოჯახის რეალური შემადგენლობა, ვინაიდან დევნილი ოჯახის შემადგენლობის სწორად განსაზღვრისას შესაძლოა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართის სხვაგვარი უზრუნველყოფის საჭიროება გამოიკვეთოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო, მიიჩნევს, რომ მართალია სასამართლომ გამიყენა ის კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, თუმცა არასწორად განმარტა იგი. კასატორის მითითებით, განაცხადის შევსებისას შესაბამისი პირი დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას ოჯახის შემადგენლობასთან დაკავშირებით და თვითონ უთითებს მათ. გარდა ამისა, კასატორმა აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, მოსარჩელის საკითხის განხილვისას, მის საცხოვრებელ მისამართზე განხორციელდა მონიტორინგი, შეივსო შესაბამისი ფორმა და მიეთითა ზ. რ-ის მიერ მონიტორინგის თანამშრომლებისთვის მიწოდებული ინფორმაცია, კერძოდ ის გარემოება, რომ მოსარჩელე 1993 წლიდან მუდმივად ცხოვრობს შემდეგ მისამართზე: ...ი, ...ის ქუჩა №14 (ყოფილი მეუღლის საკუთრებაში).

კასატორმა ასევე აღნიშნა, რომ მონიტორინგის განხორციელებისას მოსარჩელემ მიუთითა, რომ მისი შვილი იმყოფებოდა სამსახურში, ხოლო დედა - ლ. კ-ი იმყოფებოდა ქ. სოხუმში. იმ შემთხვევაში თუ მოსარჩელეს არ სურდა აღნიშნული შემადგენლობით მისი საკითხი განხილულიყო დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მიერ მას თავად უნდა გაეკეთებინა აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტება. შვილის საზღვარგარეთ ყოფნის ფაქტი კი მხოლოდ სასამართლო პროცესზე გახდა ცნობილი ადმინისტრაციული ორგანოსთვის, თავად ზ. რ-ს, არც პროცესის მიმდინარეობისას დაუფიქსირებია განსხვავებული პოზიცია ოჯახის შემადგენლობასთან დაკავშირებით.

სააგენტომ ასევე აღნიშნა, რომ სახელმწიფოს ვალდებულებას წარმოადგენს დევნილ ოჯახთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა, თუმცა, სახელმწიფოს არ გააჩნია უსაზღვრო რესურსი, რომ ყველა დევნილი ოჯახი მოკლე დროში უზრუნველყოს საცხოვრებელი ფართით. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს კანონმდებლობა განსაზღვრავს გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ რიგითობას, ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით და შესაბამისი პრიორიტეტულობის საფუძველზე. ამდენად, კასატორი მიიჩნევს, რომ მართალია დევნილი ოჯახის მიერ დაგროვილი ქულათა რაოდენობა საკმარისი იყო საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებისთვის, თუმცა ისინი არც სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველ საცხოვრებელში ცხოვრობდნენ და უახლოეს მომავალში არც თავშესაფრის გარეშე დარჩენა ემუქრებოდათ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააგენტოს მიაჩნია, რომ სრულყოფილად და დეტალურად აქვს შესწავლილი საკითხი, მათ შორის მოსარჩელის ოჯახის შემადგენლობა, ზ. რ-ს კი, გადაუდებელი საჭიროების არ არსებობის გამო ეთქვა უარი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, რადგან წლებია მუდმივად ცხოვრობს მეუღლის საკუთრებაში, რომელიც რ. რ-ს სააგენტომ დაუკანონა მისი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 10 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, განსახილველ საქმეში სადავო საკითხს წარმოადგენს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ ზ. რ-ისთვის განსახლების გადაუდებელი საჭიროების არ არსებობის გამო, საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის კანონიერება.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს განსაზღვრავს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი.

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, დევნილს უფლება აქვს მიიღოს სოციალური და სხვა სახის დახმარებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონი სახელმწიფოს მიმართ განსაზღვრავს დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულებას. სასამართლო აღნიშნავს, რომ დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა ხდება წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. ამდენად, დევნილთა ოჯახებს გააჩნიათ გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლება. მოცემული უფლების რეალიზაცია კი დაკავშირებულია როგორც დევნილის სტატუსის ქონასთან, ისე დევნილთა ოჯახის შეფასების შედეგებთან. დევნილთა ოჯახის გადამოწმება, შეფასება, კანონით გათვალისწინებული კრიტერიუმების შესაბამისად ქულათა მინიჭება ხდება უფლებამოსილი პირის მიერ. სწორედ მინიჭებული ქულების ოდენობაზე არის დამოკიდებული ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრისით დაკმაყოფილების რიგითობის, პრიორიტეტულობის განსაზღვრა.

ამასთან აღსანიშნავია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-4 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად კი, სწორედ ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით მოხდება - დევნილი ოჯახებისათვის საცხოვრებელი ფართების განაწილება, იქნება ეს ახლად აშენებული, რეაბილიტირებული შენობები თუ სხვა საცხოვრებელი ბინები და სახლები და კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა. ამასთან, დევნილთა საჭიროებების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით განისაზღვრება, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, რა რიგითობით მოხდება საცხოვრებელი ფართის შეთავაზება და კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ზ. რ-ი არის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი. მოსარჩელის რეგისტრაციის და ფაქტობრივი მისამართი არის: ქ. თბილისი, ...ი, ...ის ქ. №3, ბინა №7. ამასთან, ზ. რ-ი არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, აქვს შრომის უნარის მნიშვნელოვანი შეზღუდვა. საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმის მიხედვით, ზ. რ-ის ოჯახი შეფასდა 4.50 ქულით. დამატებით მითითებულ იქნა, რომ სარეგისტრაციო ნომერზე არის დედა და შვილი და განაცხადს აკეთებს მათთან ერთად. დადგენილია, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერის მიხედვით, 2021 წლის 20 მაისის მდგომარეობით, ზ. რ-ის ოჯახის შემადგენლობაში ფიქსირდებიან ლ. კ-ი, რ. რ-ი და თავად მოსარჩელე.

ასევე დადგენილია, რომ 2020 წლის 25 ნოემბერს მისამართზე: ქ. თბილისი, ...ი, ...ის ქუჩა №14, ბინა №7, განხორციელებული გრძელვადიანი/დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის შედეგად შედგენილი ფორმის მიხედვით, მოსარჩელის ოჯახი შედგება 3 წევრისაგან: ზ. რ-ი, შვილი - ლ. რ-ი, დედა - ლ. კ-ი. აღსანიშნავია, რომ მონიტორინგის მისამართზე დახვდათ განმცხადებელი და ბინის მეპატრონე ყოფილი მეუღლე რ. რ-ი, დედა ლ. კ-ი იმყოფებოდა ქ. სოხუმში, შვილი ლ. რ-ი იმყოფება არარეგისტრირებულ ქორწინებაში ვ. ა-თან, რომელიც ცხოვრობდა მისამართზე: ქ. თბილისი, ...ის ქუჩა №17. ასევე დადგენილია, რომ განმცხადებელი და მისი ყოფილი მეუღლე არ იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში, კერძოდ, რ. რ-სა და ზ. რ-ს შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა 2013 წლის 16 ოქტომბერს.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 23 აპრილის №03-1585/ო ბრძანების თანახმად, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილების საფუძველზე ზ. რ-ს განსახლების გადაუდებელი საჭიროების არ არსებობის გამო უარი ეთქვა ქ. თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელესთან დაკავშირებული პირის (განსახილველ შემთხვევაში - მისი ყოფილი მეუღლე) საკუთრებაში ბინების არსებობა არ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ აღნიშნული ფართის მესაკუთრე ვალდებულია მასთან მცხოვრებ დევნილ პირს დაუთმოს საკუთარი საცხოვრებელი ან მისცეს მასში ცხოვრების უფლება. ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 25 ნოემბრის განჩინებაში მოყვანილ სამართლებრივ მსჯელობაზე: „აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით დროებით სარგებლობის ფაქტი, თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნული ფართი ნათესავს ეკუთვნის, არ იძლევა შესაძლებლობას ზუსტად იქნეს დადგენილი, რამდენად აქვს მოსარჩელეს ხსენებულ საცხოვრებელში ცხოვრების შეუზღუდავი შესაძლებლობა, ასეთი დასკვნის გაკეთება კი განსაკუთრებით რთულია აღნიშნული ფართით შეუზღუდავი სარგებლობის სამომავლო პერსპექტივების განსაზღვრის კუთხით“ (სუსგ №ბს-607(კ-21), 25.11.2021წ.).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.

განსახილველ შემთხვევაში, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან სათანადოდ არ ყოფილა გამოკვლეული და შეფასებული მოსარჩელე ზ. რ-ის ოჯახის შემადგენლობა. ამდენად, ადმინისტრაციულმა ორგანომ მისი კომპეტენციის ფარგლებში ზედმიწევნით უნდა გამოიკვლიოს მოსარჩელე ზ. რ-ის ოჯახის რეალური შემადგენლობა და აღნიშნულის საფუძველზე მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება, ვინაიდან დევნილი ოჯახის შემადგენლობის სწორად განსაზღვრისას შესაძლოა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართის სხვაგვარი განსაზღვრის საჭიროება გამოიკვეთოს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ნოემბრის განჩინება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე