Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-314(კ-22) 11 ივლისი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - შპს „ ...“

მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო

მესამე პირი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ს რაიონის გამგეობა

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 2 ნოემბრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს ,,...მ“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმართ, შპს ,,...ს“ შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2018 წლის 2 აპრილის №956 განკარგულების ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე სარჩელით მოსარჩელემ მოითხოვა სადავო განკარგულების მოქმედების შეჩერება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 აპრილის განჩინებით შპს „...ს“ შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და შპს „...ს“ შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2018 წლის 2 აპრილის №956 განკარგულების მოქმედება შეჩერდა საქმეზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 აპრილის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ივლისის განჩინებით სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 აპრილის განჩინება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „...ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,...მ“.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 2 ნოემბრის განჩინებით შპს ,,...“-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „...მ“.

კასატორის განმარტებით, სერტიფიკატი, რომლის ნამდვილობაც არ დადასტურდა, გადასცა ...მა კომპანიამ, რაც დასტურდება შესაბამისი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით განხორციელებული მიმოწერებით. აღნიშნული ფაქტის შემდგომ ...მა კომპანიამ მოსარჩელე მხარეს მოუბოდიშა გაუგებრობისთვის და აცნობა, რომ ხსენებულ სერტიფიკატს ნამდვილად ჰქონდა გასული ვადა, თუმცა დაჰპირდა, რომ გადმოუგზავნიდა მხარეს ახალ სერტიფიკატს, რომელსაც მიიღებდა უმოკლეს პერიოდში. შეფერხება განპირობებული იყო სადღესასწაულო დასვენების დღეების გამო. კასატორის მოსაზრებით, არავინ არის უტყუარად დაზღვეული იმისგან, რომ მოწოდებული დოკუმენტი, ამ კონკრეტულ შემთხვევაში სერტიფიკატი, არ იყოს ნამდვილი, რადგანაც ტენდერები ტარდება შემჭიდროებულ ვადებში და ამ ვადებში რეალურად შეუძლებელია ყველა ინფორმაციის გადამოწმება, მით უფრო, რომ ეს ინფორმაცია უნდა გადამოწმებულიყო საზღვარგარეთ, ...ში, რასაც ესაჭიროებოდა გარკვეული ვადა. შესაბამისად, სასამართლოს აღნიშნული გარემოებები უნდა გაეთვალისწინებინა და მოსარჩელე კომპანიის სარჩელი დაეკმაყოფილებინა. ამასთან, მოსარჩელე კომპანიას გააჩნდა მრავალწლიანი გამოცდილება ტენდერებზე სამუშაოების შესრულების და ერთმა გაუფრთხილებელმა და გაუთვალისწინებელმა შეცდომამ არ უნდა გამოიწვიოს კომპანიის შავ სიაში დარეგისტრირება, რაც გამოიწვევს კომპანიის საქმიანობის შეზღუდვას და ლიკვიდაციას, თანამშრომლების უმუშევრად დატოვებას, საგადასახადო ვალდებულებების შეუსრულებლობას.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 4 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად, წარმოებაში იქნა მიღებული შპს „...ს“ საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „...ს“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს შპს „...ს“ შავ სიაში დარეგისტრირების კანონიერება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, შავი სია განმარტებულია, როგორც შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრი, რომელსაც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ელექტრონულად აწარმოებს და განათავსებს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე. შავ სიაში აისახება სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე იმ არაკეთილსინდისიერ პირთა, პრეტენდენტთა და მიმწოდებელთა მონაცემები, რომლებსაც შავ სიაში შეტანიდან 1 წლის განმავლობაში არა აქვთ უფლება, მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო შესყიდვებში და დადონ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2018 წლის 16 იანვრის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ს რაიონის გამგეობის სატენდერო კომისიის N3 ოქმის მიხედვით შპს ,,...ს“ ეთხოვა სატენდერო კომისიაში წარედგინა დაზუსტებული ხარჯთაღრიცხვის, გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ზეთოვან საღებავზე ხარისხის შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის და ხელოვნური ბალახის საფარზე ხარისხის შესაბამისობის დამადასტურებელი ISO სერტიფიკატი (რომლითაც დასტურდება მწარმოებელი კომპანიის მიერ ISO სერტიფიკატის ფლობა), რაც მის მიერ შესრულებულ იქნა, კერძოდ, შპს ,,...მ“ წარადგინა N... სერტიფიკატი, თუმცა სერტიფიკატის გამცემი კომპანიის წარმომადგენლის წერილის მიხედვით დადგინდა, რომ აღნიშნული სერტიფიკატი მათ მიერ გაცემული არ იყო. აღნიშნულიდან გამომდინარე, სატენდერო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება შპს ,,...ს“ დისკვალიფიკაციის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის’’ 32-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე. ასევე დადგენილია, რომ სატენდერო კომისიის ხსენებული გადაწყვეტილება დისკვალიფიკაციის თაობაზე შპს ,,...ს“ მიერ კანონით დადგენილი წესით არ გასაჩივრებულა და კანონიერ ძალაშია შესული.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესის და პირობების“ 7.1 მუხლის თანახმად, სააგენტო შავ სიაში დარეგისტრირებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას იღებს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის შედეგად, ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. კერძოდ, სააგენტო ადგენს, არსებობს თუ არა პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველი. იმ შემთხვევაში, თუ არსებობს პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველი, სააგენტო, ამ მუხლის შესაბამისად, იღებს გადაწყვეტილებას პრეტენდენტის/მიმწოდებლის გაფრთხილების ან შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, თუ დადგინდა, რომ პრეტენდენტმა/მიმწოდებელმა ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით ჩაიდინა არაკეთილსინდისიერი ქმედება, იგი ექვემდებარება შავ სიაში რეგისტრაციას და მის მიმართ გაფრთხილება არ გამოიყენება.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ს რაიონის გამგეობის 2018 წლის 20 თებერვლის N31-01180512316 წერილით სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ეცნობა N... ელექტრონული ტენდერიდან პრეტენდენტის - შპს ,,...ს“ დისკვალიფიკაციის შესახებ, ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო, ვინაიდან მის მიერ წარდგენილი იყო N... სერტიფიკატი, რომლის გამცემი კომპანიისაგან გამოთხოვილი ინფორმაციით არ დასტურდებოდა სერტიფიკატის ნამდვილობა. ასევე დადგენილია, რომ სათანადო საფუძვლების არსებობის გათვალისწინებით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 02 აპრილს №956 განკარგულებით შპს ,,...“ 2018 წლის 3 აპრილს დარეგისტრირდა შავ სიაში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმ პირობებში, როდესაც სატენდერო კომისიის 2018 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება (19.02.2018წ. სხდომის ოქმი №6), რომლითაც შპს ,,...“ არაკეთილსინდისიერი ქმედების გამო, „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დისკვალიფიცირებულ იქნა ტენდერიდან, მოსარჩელეს კანონით დადგენილი წესით სადავოდ არ გაუხდია და ასევე დადასტურებულ იქნა მოსარჩელის მიერაც, რომ ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით წარმოდგენილ სერტიფიკატს ვადა ჰქონდა გასული, კასატორის არგუმენტი, რომ ერთმა გაუფრთხილებელმა და გაუთვალისწინებელმა შეცდომამ არ უნდა გამოიწვიოს კომპანიის შავ სიაში დარეგისტრირება, ვერ გახდება სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხე მხარის მიერ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებულ იქნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის შედეგად, ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობებით“ გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით და არ არსებობს სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2018 წლის 2 აპრილის №956 განკარგულების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან საკასაციო საჩივარზე შპს „...ს“ 22.03.2022წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, შპს „...ს“ (ს/კ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „...ს“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 2 ნოემბრის განჩინება.

3. შპს „...ს“ (ს/კ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 22.03.2022წ. (ს/კ ...) საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე