საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-170(კ-23) 11 ივლისი, 2023 წელიქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ე.ჩ-ა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2020 წლის 16 იანვარს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას ე.ჩ-ას მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ე.ჩ-ას შორის 2018 წლის 4 ოქტომბერს გაფორმებული №38 შრომითი ხელშეკრულების მიხედვით, ე.ჩ-ა დასაქმებული იყო იმავე სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის ...ის სამმართველოში, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების განხორციელების მიმართულებით საქმიანობის წარმართვის მიზნით. ე.ჩ-ას, სამინისტროს ადამიანური რესურსების სამმართველოს უფროსის ბრძანების საფუძველზე მიეცა ანაზღაურებადი შვებულება 2019 წლის 11 მარტიდან 12 აპრილის ჩათვლით. თანხის ანაზღაურება განხორციელდა წინასწარ 2019 წლის 1 მარტს, ხოლო აპრილის თვის დარჩენილი დღეების ანაზღაურება განხორციელდა 2019 წლის 19 აპრილს ხელფასის სახით.
მოსარჩელემ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის 2019 წლის 21 მაისის №368/კ ბრძანებით, ე.ჩ-ას, 2019 წლის 3 აპრილიდან, ვადაზე ადრე შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება. ამასთანავე, სამინისტროს ადამიანური რესურსების სამმართველოს უფროსის 2019 წლის 24 მაისის ბრძანების შესაბამისად, ცვლილება შევიდა „ე.ჩ-ას შვებულების შესახებ“ ბრძანებაში და შვებულების პერიოდი განისაზღვრა 2019 წლის 11 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით. ამდენად, ე.ჩ-ასთვის ზედმეტად ანაზღაურებულმა და ბიუჯეტში დასაბრუნებელმა თანხამ შეადგინა 771.62 ლარი, რის თაობაზეც ეცნობა როგორც სიტყვიერად, ასევე წერილობით, თუმცა მას ზემოაღნიშნული თანხა არ დაუბრუნებია.
მოსარჩელემ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სასარგებლოდ ე.ჩ-ასთვის 771.62 ლარის დაკისრება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა და ე.ჩ-ას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა 771.62 ლარის ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე.ჩ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის პირველ ინსტანციის სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 7 სექტემბრის განჩინებით ე.ჩ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა პირველი ინსტანციის სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 7 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 17 მარტის განჩინებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 7 სექტემბრის განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 17 მარტის განჩინების აღსრულების ფარგლებში მიღებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებით ე.ჩ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის ...ის სამმართველოში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ ე.ჩ-ას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 8 თებერვლის №MES 1 19 00138604 ბრძანებით მიეცა 2019 წლის ანაზღაურებადი შვებულება 2019 წლის 11 მარტიდან 12 აპრილის ჩათვლით, რაც აუნაზღაურდა წინასწარ. სააპელაციო პალატამ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ შვებულების დასრულებამდე - 2019 წლის 2 აპრილს, ე.ჩ-ამ მიმართა სამინისტროს და მოითხოვა, 2019 წლის 3 აპრილიდან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა. ამასთან, ე.ჩ-ას 2019 წლის 2 აპრილის განცხადებაზე სამინისტროს მხრიდან რეაგირება მოხდა 2019 წლის 21 მაისის ბრძანებით, რომლითაც დაკმაყოფილდა ე.ჩ-ას განცხადება და მას შრომითი ხელშეკრულება შეუწყდა მის მიერ მოთხოვნილი თარიღიდან - 2019 წლის 3 აპრილიდან.
სააპელაციო პალატამ საქმის ზეპირი განხილვისას მხარეთა განმარტებებით, დადგენილად მიიჩნია, რომ ე.ჩ-ა, მის მიერ გათავისუფლების მოთხოვნით განცხადების წარდგენის შემდგომ, შვებულების დასრულების თარიღიდან 2019 წლის 13 აპრილიდან - სამინისტროს მიერ გათავისუფლების ბრძანების გამოცემამდე, ფაქტობრივად აგრძელებდა საქმიანობას და ახორციელებდა თავის მოვალეობებს. ხოლო საქმეში არ იყო წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც სასამართლოს საწინააღმდეგო მტკიცებაში დაარწმუნებდა.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში ანაზღაურებული თანხის ფიქტიური ზედმეტობის წარმოქმნა განაპირობა იმ ფაქტმა, რომ დასაქმებულის მიერ წარდგენილი გათავისუფლების განცხადება დამსაქმებლის მიერ განხილული იქნა 1 თვისა და 19 დღის შემდეგ. ამასთან, სამინისტროს მიერ ცვლილება იქნა შეტანილი შვებულების შესახებ 2019 წლის 8 თებერვლის ბრძანებაში და ანაზღაურებადი შვებულების პერიოდის ხანგრძლივობა შემცირებული იქნა პოსტ ფაქტუმ, ესე იგი მას შემდეგ, რაც სადავო შვებულება ფაქტობრივად უკვე გამოყენებული იყო დასაქმებულის მიერ. ამდენად, ვინაიდან დასაქმებული ფაქტობრივად აგრძელებდა შრომით საქმიანობას შვებულების დასრულების თარიღის - 13 აპრილის შემდგომ და დამსაქმებლის მხრიდან ხდებოდა შესრულების მიღება (რაც დასტურდება აპრილის თვის დარჩენილი დღეების სახელფასო ანაზღაურების გაცემით), მიუხედავად იმისა, რომ დასაქმებულის მხრიდან გათავისუფლების სურვილი გამოიხატა კონკრეტულ თარიღზე მითითებით, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ვერ იქნებოდა გაზიარებული სასარჩელო მოთხოვნის არგუმენტაცია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ 2019 წლის 3 აპრილიდან ე.ჩ-ასთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანება, რომელიც ჩაბარდა ადრესატს, მისი მხრიდან სადავოდ არ გამხდარა. შესაბამისად, კასატორი მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული ბრძანება არის სამართლებრივი შედეგის მომტანი სამართლებრივი აქტი, რომელიც უდავოდ ადგენს 2019 წლის 3 აპრილიდან ე.ჩ-ასთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის კანონიერებას.
ამასთან, კასატორი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ე.ჩ-ას მიერ, სამართალწარმოების მიმდინარეობის არცერთ ეტაპზე, სადავოდ არ გამხდარა 2019 წლის 3 აპრილიდან სამინისტროსთან მისი შრომითი ხელშეკრულების როგორც სამართლებრივი, ასევე ფაქტობრივად შეწყვეტა. ამასთან, სამინისტროს მითითებით, მან სააპელაციო საჩივარზე წარდგენილ შესაგებელში აღნიშნა, რომ ე.ჩ-ა 3 აპრილიდან 30 აპრილამდე პერიოდში სამსახურში არ გამოცხადებულა და მას აღნიშნულ პერიოდში უფიქსირდებოდა საზღვრის კვეთა. აღნიშნული ინფორმაცია კი, ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით, უნდა გამოეკვლია სასამართლოს, თუმცა აღნიშნულის საპირისპიროდ, სააპელაციო სასამართლომ ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, დაუსაბუთებლად დადგენილად მიიჩნია სამინისტროსა და ე.ჩ-ას შორის 2019 წლის 3 აპრილის შემდგომ, სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების/გაგრძელების ფაქტი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 1 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ე.ჩ-ას მიერ უსაფუძვლოდ მიღებული შრომის ანაზღაურებისა და საშვებულებო თანხის - 771.62 ლარის რომ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთვის უკან დაბრუნების კანონიერება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი – პირი, რომელსაც საჯარო სამსახურის განხორციელების უზრუნველსაყოფად შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მინიჭებული აქვს საჯარო დაწესებულების დამხმარე ან არამუდმივი ამოცანების შესრულების უფლებამოსილება. ამავე კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირზე, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირსა და სტაჟიორზე ამ კანონის მოქმედება ვრცელდება ამავე კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში. აღნიშნული მუხლის მე-3 პუნქტი კი განსაზღვრავს, რომ ხელშეკრულებით დასაქმებულ პირზე საქართველოს შრომის კანონმდებლობა ვრცელდება, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ მე-15 მუხლზე, რომლის თანახმად, შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულების ფაქტობრივად დაწყების მომენტიდან, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2019 წლის 8 თებერვლის №MES 1 19 00138604 ბრძანების თანახმად საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის ...ის სამმართველოში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ ე.ჩ-ას მიეცა 2019 წლის ანაზღაურებადი შვებულება 2019 წლის 11 მარტიდან 12 აპრილის ჩათვლით (24 სამუშაო დღე), რაც აუნაზღაურდა წინასწარ. დადგენილია, რომ 2019 წლის 2 აპრილს ე.ჩ-ამ განცხადებით მიმართა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს და მოითხოვა 2019 წლის 3 აპრილიდან დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება.
ასევე დადგენილია, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 24 მაისის №MES 2 19 00637250 ბრძანებით ცვლილება შევიდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2019 წლის 8 თებერვლის №MES 1 19 00138604 ბრძანებაში და ე.ჩ-ას საშვებულებო დროდ განისაზღვრა 2019 წლის 11 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით პერიოდი. ამასთან, 2019 წლის 19 აპრილს - ე.ჩ-ას მიერ გათავისუფლების თაობაზე განცხადების დაწერიდან დაახლოებით 2 კვირის შემდგომ, მან მიიღო აპრილის თვის დარჩენილი დღეების (2019 წლის 13 აპრილიდან 2019 წლის 30 აპრილის ჩათვლით პერიოდი) ანაზღაურება ხელფასის სახით. ამასთან, აღსანიშნავია, რომ დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე ე.ჩ-ას 2019 წლის 2 აპრილს მოთხოვნაზე რეაგირება მოხდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის 2019 წლის 21 მაისის №368/კ ბრძანებით, რომლის თანახმად ე.ჩ-ას ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაზე ადრე - 2019 წლის 3 აპრილიდან შეუწყდა 2018 წლის 4 ოქტომბერს გაფორმებული №38 შრომითი ხელშეკრულება.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს სააპელაციო პალატის მიერ, მხარეთა ახსნა-განმარტებების მიღების შედეგად დადგენილ გარემოებაზე, რომ ე.ჩ-ა, მის მიერ გათავისუფლების მოთხოვნით განცხადების წარდგენის შემდგომ, შვებულების დასრულების თარიღიდან 2019 წლის 13 აპრილიდან - სამინისტროს მიერ გათავისუფლების ბრძანების გამოცემამდე ფაქტობრივად აგრძელებდა საქმიანობას და ახორციელებდა თავის მოვალეობებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ შრომითი ურთიერთობა წარმოადგენს ისეთი ხასიათის სახელშეკრულებო ურთიერთობას, რომლის ფარგლებშიც, დასაქმებულის მოთხოვნის უფლებების (გასამრჯელოს მიღების უფლება, ანაზღაურებადი შვებულების უფლება) წარმოშობა დამოკიდებულია საქმიანობის ფაქტობრივად განხორციელებაზე. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან დადგენილია, რომ დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე 2019 წლის 2 აპრილს დაფიქსირებულ მოთხოვნაზე სამინისტროს მხრიდან რეაგირება არ განხორციელებულა 2019 წლის 21 მაისამდე, აღნიშნულ პერიოდში კი ე.ჩ-ა ფაქტობრივად ახორციელებდა სამსახურებრივ უფლებამოსილებებს, არ არის მართებული საკითხისადმი ფორმალისტური მიდგომა და შესაბამის აქტში ცვლილების განხორციელება ვერ ჩაითვლება, დასაქმებული პირის მიმართ გაცემული შესაბამისი ანაზღაურების უკან დაბრუნების წინაპირობად. ამასთან აღსანიშნავია, რომ ნებისმიერი დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულ პირს სამუშაო პროცესში შეუქმნას ღირსეული პირობები, რის ერთ-ერთ უმთავრეს ელემენტს სწორედ გაწეული შრომის შესაბამისი უკუკავშირის (მაგ: ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანაზღაურების გაცემა, დასვენების დღეების მიღება და სხვ.) მიღება წარმოადგენს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში დასაქმებულის მიერ წარდგენილი გათავისუფლების განცხადება დამსაქმებლის მიერ განხილული იქნა 1 თვისა და 19 დღის შემდეგ. ამასთან, სამინისტროს მიერ ცვლილება იქნა შეტანილი შვებულების შესახებ 2019 წლის 8 თებერვლის ბრძანებაში და ანაზღაურებადი შვებულების პერიოდის ხანგრძლივობა შემცირებულ იქნა მას შემდეგ, რაც სადავო შვებულება ფაქტობრივად უკვე გამოყენებული იყო დასაქმებულის მიერ. ამასთან, დასაქმებული ფაქტობრივად აგრძელებდა შრომით საქმიანობას შვებულების დასრულების თარიღის - 2019 წლის 13 აპრილის შემდგომ და დამსაქმებელი იღებდა შესრულებას, მიუხედავად იმისა, რომ დასაქმებულის მხრიდან გათავისუფლების სურვილი გამოითქვა კონკრეტულ თარიღზე მითითებით, ვერ იქნება გაზიარებული სასარჩელო მოთხოვნის არგუმენტაცია.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
ქ. ცინცაძე