საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-353(კ-23) 11 ივლისი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს გენერალური პროკურატურა
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ვ. ჭ-ე
მესამე პირი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 თებერვლის განჩინება
დავის საგანი - მორალური ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2020 წლის 23 იანვარს ვ. ჭ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას საქართველოს გენერალური პროკურატურის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით იგი 2015 წლის 9 სექტემბრიდან 2016 წლის 6 ივნისამდე პერიოდში უკანონოდ იყო დაკავებული და ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 9 თვის გატარების შემდგომ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი. ვ. ჭ-ემ აღნიშნა, რომ აღკვეთის ღონისძიების უკანონოდ შეფარდებამ, მას შეულახა ღირსება და მას ოჯახის წევრებთან ერთად მიადგა სულიერი ტანჯვა.
მოსარჩელემ მის სასარგებლოდ, საქართველოს გენერალური პროკურატურისთვის მორალური ზიანის სახით 20 000 (ოცი ათასი) ლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 27 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილებით ვ. ჭ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და საქართველოს გენერალურ პროკურატურას დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ მორალური ზიანის სახით 5 400 (ხუთი ათას ოთხასი) ლარის ანაზღაურება. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 თებერვლის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ვ. ჭ-ეს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტზე. ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 6 ივნისის განაჩენით, ვ. ჭ-ე ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. ვ. ჭ-ეის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდა და მოსარჩელე დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მართალია, პროკურატურა, როგორც საგამოძიებო ორგანო, წინასწარ ვერ განსაზღვრავს სისხლისსამართლებრივი საქმის შედეგს და მის მიერ ბრალის წარდგენა, აპრიორი არ ნიშნავს იმას, რომ სისხლის სამართლის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი დადგება, ვინაიდან, მტკიცებულებათა შეფასება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საკმარისობის კუთხით წარმოადგენს სასამართლოს კომპეტენციას, მაგრამ ინდივიდს, რომლის მიმართაც დადგა გამამართლებელი განაჩენი, უნდა მიეცეს შესაბამისი კომპენსაცია სახელმწიფოს მხრიდან მის უფლებებში გაუმართლებელი ან/და გადაჭარბებული ჩარევისთვის, მიუხედავად სახელმწიფო მოხელეთა ბრალეულობისა. სააპელაციო პალატამ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებით, გაიზიარა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება, მორალური ზიანის ოდენობად 5 400 ლარის განსაზღვრის თაობაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი - საქართველოს გენერალური პროკურატურა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე და 208-ე მუხლებზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 992-ე და 1005-ე მუხლებზე და განმარტავს, რომ მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის, პირს ზიანი უნდა მიადგეს ქმედების განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით. ამასთან, მიზეზობრივი კავშირი უნდა არსებობდეს განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს - ზიანს შორის. გარდა ამისა, მოხელის უკანონო ქმედება, რომელმაც პირისთვის ზიანის მიყენება გამოიწვია, უნდა გამომდინარეობდეს მოხელის სამსახურებრივი მდგომარეობიდან და იყოს ბრალეული, განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობა და უნდა არსებობდეს პირდაპირი და არა სავარაუდო მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. კასატორმა ასევე აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, სისხლისსამართლებრივი დევნის მიმდინარეობისას მოსარჩელის მიმართ კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება ეფუძნებოდა კანონს და კანონის საფუძველზე მიღებულ საპროცესო დოკუმენტებს ამდენად, საქართველოს პროკურატურის მხრიდან ზემოაღნიშნული ქმედებების განხორციელებას ადგილი არ ჰქონია.
კასატორის განმარტებით, საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და საკითხის მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმების შესაბამისად, მსგავს საქმეებზე საქართველოს გენერალური პროკურატურისათვის მორალური ზიანის საკომპენსაციოდ მიკუთვნებული 5 400 ლარის დაკისრება არაგონივრულად მაღალ ოდენობას წარმოადგენს და არ შეესაბამება მსგავს საკითხებზე ეროვნული და ევროპული სასამართლოების მიერ დადგენილ პრაქტიკას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 7 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და საქართველოს გენერალურ პროკურატურას დაეკისრა მორალური ზიანის - 5 400 ლარის ოდენობით ანაზღაურება, ხოლო დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ. მოწინააღმდეგე მხარეს - ვ. ჭ-ეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 თებერვლის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში.
ამდენად, საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში, საკასაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინების კანონიერება უნდა შეამოწმოს მხოლოდ საქართველოს გენერალური პროკურატურისათვის ვ. ჭ-ეის სასარგებლოდ მორალური ზიანის სახით 5 400 ლარის დაკისრების ნაწილში.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. აღნიშნული დანაწესით სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, სახელმწიფო სახსრებიდან აანაზღაუროს მისი მოსამსახურეების მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანი, ხოლო ზიანის ანაზღაურების წინაპირობებს განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კერძოდ, მითითებული კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ან გაუსვლელობის ხელწერილის უკანონოდ გამოყენების, პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებული ზიანი ანაზღაურდება სახელმწიფოს მიერ მოკვლევის, წინასწარი გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად. ამრიგად, ზიანის ანაზღაურებისთვის, პირის ქმედება უნდა ატარებდეს მართლსაწინააღმდეგო ხასიათს და იწვევდეს პირისთვის ზიანის მიყენებას. დამდგარ შედეგსა და უკანონო ქმედებას შორის კი უნდა არსებობდეს პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი. რაც შეეხება მართლსაწინააღმდეგო ქმედების განმახორციელებელი პირის ბრალეულობას, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ მიყენებული ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა. ასეთი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის საკმარისია, დადგინდეს ქმედების უკანონობა და სახეზე იყოს პირის მარეაბილიტირებელი გარემოება. კერძოდ, პირს, რომლის მიმართაც გამოტანილია გამამართლებელი განაჩენი, უნდა მიეცეს შესაბამისი კომპენსაცია სახელმწიფოს მხრიდან მის უფლებებში გაუმართლებელი ან/და გადაჭარბებული ჩარევისთვის. ზემოაღნიშნული ნორმის მიზანია დაზარალებულის დაცვა და გამართლებული პირისათვის სახელმწიფო ორგანოების მოქმედებების შედეგად მიყენებული ზიანით გამოწვეული ნეგატიური შედეგების კომპენსირება.
საქმეზე დადგენილია, რომ ვ. ჭ-ეს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 6 ივნისის განაჩენით, ვ. ჭ-ე ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, გაუქმდა მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება და ვ. ჭ-ე დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან. აღნიშნული გამამართლებელი განაჩენი უცვლელად იქნა დატოვებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 5 ივლისის განაჩენით. ამასთან, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 26 თებერვლის განჩინებით თბილისის ...ის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა. ხ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 5 ივლისის განაჩენზე, არ იქნა დაშვებული განსახილველად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 6 ივნისის ზემოაღნიშნული განაჩენი წარმოადგენს მოსარჩელის რეაბილიტაციის იურიდიულ საფუძველს, ვინაიდან უტყუარად დასტურდება წარდგენილი ბრალდების უსაფუძვლობა და პირის მიმართ გამოყენებული შეზღუდვის არამართლზომიერება. ამდენად, სახეზეა ვ. ჭ-ეის მარეაბილიტირებელი გარემოება და სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიზნებისთვის არსებობს არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველი, რომელიც გამოწვეულია უკანონო ბრალდებით.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორი სახელმწიფო ორგანოს მოსაზრებას ზიანის ანაზღაურების ვალდებულების არარსებობის თაობაზე. აღსანიშნავია, რომ რეაბილიტირებული პირის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება არსებობს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად, როგორც ეს პირდაპირაა გათვალისწინებული სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილით.
აღსანიშნავია, რომ უკანონო ბრალდების/პატიმრობის ან მსჯავრდების საქმეებთან მიმართებაში სასამართლოს მიერ არამატერიალური (მორალური) ზიანის თანხის ოდენობის განსაზღვრა ხორციელდება თითოეულ საქმეში ინდივიდუალურად, საქმის ფაქტობრივი გარემოებების, მორალური ზიანის მიმართ დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულების, ობიექტური გარემოებების (დაზარალებულის საოჯახო, ყოფითი, მატერიალური, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი და ა.შ.) და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით.
რაც შეეხება მიყენებული ზიანის ოდენობას, სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უკანონო ბრალდების/პატიმრობის ან მსჯავრდების საქმეებთან მიმართებაში სასამართლოს მიერ არამატერიალური ზიანის თანხის ოდენობის განსაზღვრა ხორციელდება თითოეულ საქმეში ინდივიდუალურად, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, კერძოდ, მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მნიშვნელოვანია დამდგარი ზიანის სიმძიმე, შელახული უფლების მნიშვნელობა, დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულება მორალური ზიანის მიმართ, განცდების ინტენსივობა, საპატიმრო დაწესებულებაში პირის ყოფნის ხანგრძლივობა და სხვა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ვ. ჭ-ეის მიერ პატიმრობაში გატარებული დროისა და იმ განცდების გათვალისწინებით, რაც თან ახლავს უკანონო მსჯავრდებას, მორალური ზიანის ასანაზღაურებლად მოპასუხისათვის 5 400 ლარის დაკისრება მიყენებული არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების მიზნების პროპორციულია და ექცევა გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმებში.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო, კასატორის მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და საქართველოს საერთო სასამართლოების მითითებულ პრაქტიკასთან დაკავშირებით დამატებით აღნიშნავს, რომ მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრის პროცესში, სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს კონკრეტული საქმის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით და აქვს ფართო მიხედულების ფარგლები. ხოლო სხვა ეროვნულ თუ საერთაშორისო გადაწყვეტილებებში ზიანის სახით ანაზღაურებული თანხის ოდენობა არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს კონკრეტულ სიტუაციაში, ზიანის სახით დასაკისრებელი თანხის ზოგად სტანდარტად და იქცეს ფიზიკური პირებისთვის მინიმალური ოდენობით თანხის ანაზღაურების დასასაბუთებელ არგუმენტად.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 თებერვლის განჩინება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე