Facebook Twitter

№ბს-1500(კ-22) 25 ივლისი, 2023 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 17 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ა.ჭ-ა, რ.ნ-ი, ლ.ნ-ი).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ა.ჭ-ამ, რ.ნ-მა და ლ.ნ-მა სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელეებმა მოითხოვეს: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 20 აპრილის №03-950/ო ბრძანება; ბ) სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ა.ჭ-ასა და მისი შვილების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილებით ა.ჭ-ას, რ.ნ-ისა და ლ.ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 20 აპრილის №03-950/ო ბრძანება. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ა.ჭ-ას, რ.ნ-ისა და ლ.ნ-ის ოჯახისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 17 ნოემბრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 17 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.

კასატორის განმარტებით, კომისიამ განიხილა იმ დევნილი ოჯახების განაცხადები, რომლებმაც მოაგროვეს 4.5 ქულა და მეტი. საცხოვრებელი ბინით დაკმაყოფილებული ოჯახების შესახებ ინფორმაცია არ არის მითითებული ოქმში, რადგან თითოეული ოჯახის შესახებ ინფორმაცია პერსონალურია. ასევე დაუსაბუთებელია სასამართლოს მითითება 49 კვ.მ ფართობის მქონე ბინაში 5 პირის ცხოვრებასთან დაკავშირებით, რადგან აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში წარმოდგენილი არ არის. დევნილთა მონაცემთა ბაზის მიხედვით, მოსარჩელეს სარეგისტრაციო ნომერზე ჰყავს ორი შვილი, დედა და ძმა. განაცხადს აკეთებს მხოლოდ შვილებთან ერთად. მოსარჩელე განაცხადში უთითებდა, რომ ქირით ცხოვრობს შემდეგ მისამართზე: თბილისი, ..., მე-10ბ კვარტ., კორპ. №1, ბინა №... განაცხადში მითითებული მეუღლე, მხარის მიერ წარმოდგენილი განცხადების საფუძველზე ამოღებულ იქნა განაცხადიდან. 2020 წლის 7 დეკემბერს მონიტორინგი განხორციელდა მოსარჩელის მიერ განაცხადში მითითებულ მისამართზე, თუმცა სახლში არავინ იმყოფებოდა. მოხდა ტელეფონით მოსარჩელესთან დაკავშირება, რომელმაც განმარტა, რომ საცხოვრებლად გადავიდა შემდეგ მისამართზე: თბილისი, ..., მე-11 მ/რ, მე-2 კვარტ., კორპ. №32ა, ბინა №.... 2020 წლის 8 დეკემბერს მონიტორინგი განხორციელდა მოსარჩელის მიერ დაზუსტებულ მისამართზე, სადაც იმყოფებოდა თავად მოსარჩელე შვილებთან ერთად. მან განმარტა, რომ 8 თვეა ცხოვრობენ მითითებულ ბინაში ქირით (300 ლარი). მანამდე ცხოვრობდნენ განაცხადში მითითებულ მისამართზე და დედასთან. ბინა ეკუთვნის ლ.ქ-ეს. ქირას უხდის მესაკუთრის დეიდას - ვ.ქ-ეს, რომელიც ცხოვრობს ...ზე, მე-10ბ კვარტ., კორპ. №1, ბინა №... მეუღლეს, გ.ნ-ს დაშორებულია უკვე 1,5 წელია. მოსარჩელის დედის საკუთრებაში ცხოვრობენ დედა და ძმა. განაცხადის დამუშავების შედეგად მოსარჩელემ მოიპოვა წინასწარი შეფასებით 5.5 ქულა.

კასატორის განმარტებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ მოსარჩელის განსახლება გადაუდებელ აუცილებლობას არ წარმოადგენს. მხარემ თავად განმარტა, რომ ოჯახის წევრს - დედას აქვს ალტერნატიული საცხოვრებელი, რომლითაც შეუძლია ისარგებლოს. ამასთან, სახეზე არ არის სხვა კრიტერიუმები, რომლებმაც შეიძლება არსებითად დაამძიმოს დევნილის სოციალური მდგომარეობა. აღნიშნულის გათვალისწინებით კომისიამ მიიღო უარყოფითი გადაწყვეტილება. ამ ეტაპზე მოხდა იმ დევნილთა დაკმაყოფილება, რომლებიც შეფასების კრიტერიუმებით და მონიტორინგის მიერ შედგენილი ოქმებით შედარებით რთულ პირობებში იმყოფებოდნენ. აღსანიშნავია, რომ კომისიის უარი საბოლოო არ არის და მხარის განაცხადის განხილვა და დაკმაყოფილება მოხდება საერთო წესით.

კასატორი აღნიშნავს, რომ მოქმედი საკანონმდებლო ნორმა, გრძელვადიანი საცხოვრებლის მიღების მსურველ დევნილთა შორის აწესებს გარკვეულ რიგითობას, პრიორიტეტულობას, რაც დადგენილია იმპერატიულად, კერძოდ, პირველ რიგში

ხდება იმ დევნილი ოჯახების დაკმაყოფილება, რომლებიც უპირატესად საჭიროებენ სახელმწიფოს მხრიდან დახმარებას. ნორმა არ უარყოფს და ეჭვის ქვეშ არ აყენებს სახელმწიფოს მიერ აღებულ ვალდებულებას - საცხოვრებლით უზრუნველყოს ყველა დევნილი ოჯახი, მათ შორის, ის ოჯახები, რომლებსაც ხელი მიუწვდებათ ალტერნატიულ საცხოვრებელზე ან გააჩნიათ საკუთარი საცხოვრებელი, თუმცა შესაბამისი რიგითობის დაცვით. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით მხარეს სრულიად უსაფუძვლოდ გადაეცა ფაქტობრივად მეორე უძრავი ქონება იმ პირობებში, როდესაც სააგენტოს უამრავი უსახლკარო დევნილი ოჯახის დაკმაყოფილების ვალდებულება აქვს.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) ა.ჭ-ა და მისი შვილები - … წლის … …ს დაბადებული რ.ნ-ი და … წლის … …ს დაბადებული ლ.ნ-ი არიან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები. დევნილობამდე მისამართია: აფხაზეთი, ..., ... №20, ხოლო დროებითი საცხოვრებელია (რეგისტრაციის ადგილი): თბილისი, ..., 10„ბ“ კვარტალი, კორპ. 1, ბინა ... (ს.ფ 18-19, 21); ბ) 2013 წლის 26 ნოემბერს №8 განაცხადით ა.ჭ-ამ მეუღლესთან და შვილებთან ერთად მოითხოვა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება. განმცხადებლების ფაქტიურ საცხოვრებელ მისამართად მიუთითა: ქ. თბილისი, ...ს ქუჩა №4, ბინა ... საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე კითხვარის თანახმად, განმცხადებლის ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართად მიეთითა ...ს ქუჩა №4, ბინა ..., ქირის სახით იხდიან ყოველთვიურად 300 ლარს. კითხვარის მიხედვით ოჯახს არ გააჩნია უძრავი ქონება და ცხოვრობს სხვის საკუთრებაში (ს.ფ 96-109); გ) საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმით ა.ჭ-ას ოჯახს მიენიჭა 5.50 ქულა შემდეგ კრიტერიუმებში: საცხოვრებლის ფინანსური პირობები ნაქირავები - 1.50 ქულა, 18 წლამდე ასაკის წევრები, 2 არასრულწლოვანი - 1.00 ქულა, ომში დაღუპული წევრი, გარდაიცვალა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში - 3.00 ქულა. ამავე ფორმის თანახმად, სარეგისტრაციო ნომერზე ჰყავს ორი შვილი, დედა და ძმა, განაცხადს აკეთებს ორ შვილთან ერთად. დედას მ.ი-ს გააჩნია საკუთრება ...ის დასახლებაში. განაცხადის საფუძველზე ამოღებული იქნა არადევნილი მეუღლე გ.ნ-ი (ს.ფ 90); დ) 2020 წლის 8 დეკემბრის ,,გრძელვადიანი/დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმის’’ თანახმად, მონიტორინგი განხორციელდა მისამართზე: თბილისი, ... 11 მ/რ, მე-2 კვ. კორპ. 32ა, ბინა ... მისამართზე მონიტორინგის ჯგუფს დახვდა ოჯახის სამივე წევრი. ა.ჭ-ას განმარტებით, მისამართზე ცხოვრობენ ქირით ბოლო 8 თვეა, ქირის თანხა შეადგენს 300 ლარს. მანამდე 2 წელი ცხოვრობდნენ ...ზე მე-10ბ კვარტალში, დედასთან. კიდევ უფრო ადრე 10-12 წელი ...ში ქირით, ასევე 3 წელი ცხოვრობდა დედასთან და უფრო ადრე აბაშაში, სოფელ ...ში (ს.ფ 131-134); ე) დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 2 აპრილის №19 სხდომის ოქმის საფუძველზე მიღებულ იქნა სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 20 აპრილის №03-950/ო ბრძანება, რომლითაც ა.ჭ-ას (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს) განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო უარი ეთქვა თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე - განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენს დედის ალტერნატიული საკუთრების გამო (ს.ფ 16, 144-149); ვ) თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 12 თებერვლის №2ბ/3913-19 გადაწყვეტილებით, ა.ჭ-ას სარჩელის საფუძველზე, არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ, მამას - გ.ნ-ს ალიმენტის სახით დაეკისრა 175-175 ლარის გადახდა (ს.ფ 179-181); ზ) ა.ჭ-ას საბანკო ამონაწერის თანახმად, მის მიერ პერიოდულად გადახდილია ბინის დაქირავების თანხა (ს.ფ 183-228); თ) 2008 წლის 24 დეკემბრის მდგომარეობით მომზადებული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, უძრავ ქონებაზე მდებარე: თბილისი, ..., კვარტალი 10ბ, კორპუსი 1, ბინა …, ფართი 49 კვ.მ, რეგისტრირებულია მ.ი-ის საკუთრების უფლება (ს.ფ 182).

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს მოსარჩელეებისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება და მოპასუხისათვის მოსარჩელეთა ოჯახის გრძელვადიანი განსახლების მიზნით საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა.

საკასაციო პალატა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტისა და ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე მითითებით აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, კერძოდ, ის სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ვალდებულია დევნილი ოჯახი უზრუნველყოს გრძელვადიანი საცხოვრებლით, შექმნას მათი ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა გადაწყვეტილება მხოლოდ გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შედეგად უნდა მიიღოს.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით (ძალადაკარგულია „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით) დამტკიცებული ,,დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის’’ მეორე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა; სახელმწიფოს მიერ ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა იმ დევნილ ოჯახებზე, რომლებმაც 2019 წლის 1 იანვრამდე იპოთეკური სესხით შეიძინეს საცხოვრებელი სახლები/ბინები და აღნიშნული საცხოვრებელი სახლები/ბინები არის მათი ერთადერთი საკუთრება.

ამავე ბრძანების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.

2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით ასევე დამტკიცებული იყო „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი“ – დანართი №6, რომლის „დ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებდა 1,5 ქულის მინიჭების შესაძლებლობას, თუ დევნილი ოჯახი ცხოვრობს სხვის სახლში (გარდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებისა), ქირით ან ქირის გარეშე.

ანალოგიური საკანონმდებლო დანაწესი მოქმედებს დღეისათვის მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესით“ (დანართი №1), რომლის მეორე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ან კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა.

იმავე „წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტით კი დადგენილია, რომ გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-4 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.

ზემოაღნიშნული ბრძანებით ასევე დამტკიცებულია „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი“ – დანართი №7, რომლის „დ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს 1,5 ქულის მინიჭების შესაძლებლობას, თუ დევნილი ოჯახი ცხოვრობს სხვის სახლში (გარდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებისა), ქირით ან ქირის გარეშე.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საფუძველთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ მხოლოდ ის გარემოება, რომ მოსარჩელე ა.ჭ-ას დედას უძრავი ქონება გააჩნია საკუთრებაში, არ შეიძლება გახდეს მოსარჩელეთა დევნილი ოჯახის საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის უპირობო სამართლებრივი საფუძველი. აღსანიშნავია, რომ დევნილი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესი ითვალისწინებს იმ შემთხვევებსაც, როდესაც ბინით დასაკმაყოფილებელი დევნილი ოჯახი ცხოვრობს ნათესავის ან/და სხვა ახლობლის საკუთრებაში არსებულ ბინაში ქირის გარეშე და ეს გარემოება კონკრეტული ქულით ფასდება შეფასების საერთო სისტემაში (ორივე შემთხვევაში, ცხოვრება ქირით ან ქირის გარეშე, გათვალისწინებულია 1,5 ქულა). საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოსარჩელეები ცხოვრობენ ქირით და აღნიშნულ კრიტერიუმში მათ მინიჭებული აქვთ შესაბამისი ქულა. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ერთადერთი საფუძველი არ შეიძლებოდა გამხდარიყო ა.ჭ-ას დედის ალტერნატიული საკუთრება. დროებით, აუცილებლობიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის შესაძლებლობა არ ნიშნავს, რომ მოსარჩელეები ალტერნატიული საცხოვრებლით უზრუნველყოფილნი არიან და არ საჭიროებენ სახელმწიფოს მხრიდან გადაუდებელ დახმარებას.

საყურადღებოა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეთა ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის საფუძველი გახდა არა მინიჭებულ ქულათა ნაკლებობა, არამედ - ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრება მოცემული მომენტისათვის გადაუდებელი განსახლების აუცილებლობის არარსებობის შესახებ, თუმცა შესაბამისი საჭიროების არარსებობა დასაბუთებული არ არის.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 17 ნოემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

თ. ოქროპირიძე