საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
საქმე №ბს-1104(2კ-22) 8 თებერვალი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - მხარეთა დასწრების გარეშე
კასატორი - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია
მოწინააღმდეგე მხარეები - ი. ხ-ე, მ. ს-ე, თ. ხ-ის უფლებამონაცვლე - მ. ს-ე
მესამე პირი- ი. ბ-ა
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ივნისის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2017 წლის 23 იანვარს თ. ხ-ემ, ი. ხ-ემ და მ. ს-ემ სარჩელით მიმართეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისა და მესამე პირის - ი. ბ-ას მიმართ. მოსარჩელეებმა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 5 დეკემბრის N01/1023 და 2017 წლის 13 იანვრის N25/383 წერილების, როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა მოითხოვეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით ი. ხ-ის, მ. ს-ის და (ა.წ. გარდაცვლილი მოსარჩელე, თ. ხ-ის უფლებამონაცვლის მ. ს-ის) სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 5 დეკემბრის N01/1023 წერილი და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 13 იანვრის N25/383 წერილი. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ და ი. ბ-ამ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ივნისის განჩინებით ი. ბ-ას და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ და ი. ბ-ამ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 სექტემბრის განჩინებით ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა 7 დღის ვადაში საკასაციო საჩივრის მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში წარდგენის თაობაზე, წერილობითი დადასტურების (მტკიცებულების) საკასაციო სასამართლოში წარმოდგენა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 9 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ი. ბ-ას საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ხოლო 63-ე მუხლის მიხედვით კი, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის თანხმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს, ხოლო ამავე კოდექსის 74-ე მუხლის შესაბამისად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
მოცემულ შემთხვევაში, ხარვეზის დადგენის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 სექტემბრის განჩინებით ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საკასაციო საჩივრის მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში წარდგენის თაობაზე წერილობითი დადასტურების (მტკიცებულების) საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენა. ხარვეზის შესახებ განჩინება კასატორს - ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას საქმეში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა 2022 წლის 14 დეკემბერს და ჩაჰბარდა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის - თანამშრომელს ნ. უ-ს (პ/ნ ...) (ს.ფ. 284-285; ტ.2) 2022 წლის 29 დეკემბერს. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, ხარვეზის შევსების ვადის დენა 2022 წლის 30 დეკემბრიდან დაიწყო და 2023 წლის 9 იანვარს (ორშაბათი) ამოიწურა (საქართველოს შრომის კოდექსის 30.1 მუხლის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით 1, 2 და 7 იანვარი უქმე დღეებია; საქართველოს მთავრობის 2022 წლის 20 დეკემბერის №580 დადგენილების პირველი მუხლით, 2023 წლის 3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით დღეები განისაზღვრა უქმე დღეებად, 7-8 იანვარი შაბათ-კვირა). კასატორმა კი, ხარვეზი ამ ვადაში არ გამოასწორა და მას არც ხსენებული ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელების თხოვნით მოუმართავს საკასაციო სასამართლოსათვის, რაც ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს ქმნის.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60, 61-ე, 396-ე, 401-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ივნისის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე