Facebook Twitter

საქმე №ბს-1185(კ-22) 25 მაისი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) – სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ნ. ი-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 5 ივლისის განჩინება

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2021 წლის 20 ივლისს ნ. ი-იმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2021 წლის 5 ივლისის MES 2 21 0000673080 გადაწყვეტილების ბათილად და მოპასუხისთვის - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოსარჩელის №... პროფესიულ სასწავლებელში 1991-1993 წლებში მიღებული პროფესიული განათლების აღიარების შესახებ.

მოსარჩელის განმარტებით, 1991 წელს ჩაირიცხა ქ. თბილისის №... პროფესიულ სასწავლებელში, რომელიც დაამთავრა 1993 წელს. ზემოაღნიშნული პროფესიული სასწავლებლის მიერ მის სახელზე გაიცა დიპლომი, რომელიც დაეკარგა გაურკვეველ ვითარებაში. ნ. ი-იმა 2021 წლის 5 ივნისს მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და მოითხოვა მიღებული პროფესიული განათლების აღიარება. ადმინისტრაციულ ორგანოში შეტანილ განცხადებაში მოსარჩელემ მიუთითა პროფესიული სასწავლებლის სასწავლო ნაწილის მოადგილის ვინაობა, რომლისგანაც ცენტრს შეეძლო მიეღო ინფორმაცია ნ. ი-ის №... პროფესიულ სასწავლო ცენტრში სწავლის შესახებ. მოსარჩელის განმარტებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ დამატებითი დოკუმენტაციის მოსაძიებლად არ ჩაატარა ადმინისტრაციული მოკვლევა და მოსარჩელეს დაუსაბუთებლად უთხრა უარი პროფესიული განათლების აღიარებაზე. ამდენად, ნ. ი-იმა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით ნ. ი-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2021 წლის 5 ივლისის MES 2 21 0000673080 გადაწყვეტილება. მოპასუხეს - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, ნ. ი-ის მიერ თბილისის N... პროფესიულ სასწავლებელში 1991-1993 წლებში მიღებული, პროფესიული განათლების აღიარების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 5 ივლისის განჩინებით სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ განსახილველი საკითხის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანად მიიჩნია იმ გარემოების დადგენა გააჩნდა თუ არა მოსარჩელეს კანონიერი კანონიერი ნდობა თბილისის №... პროფესიული სასწავლებელში მიღებული პროფესიული განათლების და ...ის კვალიფიკაციის მიმართ. სასამართლომ მიიჩნია, რომ წარსულში მიღებული განათლების აღიარებაზე უარის თქმა სწავლის შედეგების ფაქტობრივი გაბათილებაა და ავტომატურად არ შეიძლება გახდეს ფიზიკური პირის მიერ უკვე მოპოვებული/მოსაპოვებელი შრომის უფლების შეზღუდვის საფუძველი. ამასთან, წარსულში მიღებული განათლების აღიარება/არაღიარების საკითხი მხარისათვის აღმჭურველი ბუნებისაა, რომლის საფუძველზეც დაინტერესებულ მხარეს გარკვეული უფლებამოსილება ენიჭება. შესაბამისად, უმაღლესი განათლების აღიარებაზე უარი სამართლებრივი შედეგებით უთანაბრდება აქტის გაუქმებას და ამ დოკუმენტის მიმართ სრული მოცულობით ვრცელდება კანონიერი ნდობის დამცველობითი ფუნქცია.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პირის კერძო ინტერესი - გააჩნდეს პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი), შესაბამისი კვალიფიკაცია, შეძლოს პროფესიით მუშაობა, განახორციელოს როგორც საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული განათლების მიღების, ასევე, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის დამატებითი ოქმით გარანტირებული განათლების უფლების რეალიზაცია, არის უპირატესი იმ საჯარო ინტერესთან შედარებით, რომელიც საქმის მასალების შესწავლისა და მოპასუხის პოზიციიდან გამომდინარე, გულისხმობს მხოლოდ და მხოლოდ განსახილველი საკითხის მომწესრიგებელი მატერიალური კანონმდებლობის ფორმალურ დაცვას.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა მასზედ, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ კვალიფიკაციის მინიჭების დამადასტურებელი საარქივო დოკუმენტაციის მოუძიებლობა და ის გარემოება, რომ ხსენებული დოკუმენტები არც საქართველოს ეროვნულ არქივში არ ინახება, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესის მიზნიდან გამომდინარე, არ შეიძლება გამხდარიყო მოსარჩელის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ თბილისის №... პროფესიული სასწავლებლის დოკუმენტები თბილისის ცენტრალურ არქივში დაცული არ არის და შეუძლებელიცაა დამატებითი მტკიცებულებებისა და სხვა მოწმის ჩვენების მოპოვება, მართებულია პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა მასზედ, რომ სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმის ჩვენება და სსიპ ქალაქ თბილისის №... საჯარო სკოლის მიერ გაცემული ცნობა მიჩნეულ უნდა იქნეს საკმარის მტკიცებულებებად, რათა დადგინდეს ნ. ი-ის მიერ თბილისის №... პროფესიული სასწავლებელში 1991-1993 წლებში მიღებული პროფესიული განათლების და შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭების ფაქტი.

სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლზე დაყრდნობით მიიჩნია, რომ საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარმოდგენილი არ იქნა ისეთი სახის მტკიცებულება, რომელიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს. შესაბამისად, სახეზე არ იყო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 5 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ ცენტრის 2011 წლის 05 ივლისის MES 2 21 0000673080 გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. ი-ის უარი ეთქვა საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში მიღებული განათლების აღიარებაზე, გამოცემულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის 98/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის" შესაბამისად. აღნიშნული წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ცენტრი ახდენს საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების განათლების აღიარებას, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, რაც გულისხმობს ამ პირების მიერ განათლების მიღების ფაქტის დადგენას. ამდენად, ცენტრი წარმოადგენს იმ ადმინისტრაციული ორგანოს, რომლის უფლებამოსილებასაც განეკუთვნება, საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების მიერ მიღებული განათლების აღიარება, რომლებიც ვერ ახერხებენ განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას. "წესის" მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, ცენტრი შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების დასრულების შემდეგ აღიარებს განათლებას, ან უარს ამბობს მის აღიარებაზე. ადმინისტრაციული წარმოების შედეგი დამოკიდებულია შესაბამისი გარემოებების დადასტურებაზე. კასატორი მიიჩნევს, რომ ცენტრის 2021 წლის 25 ივლისის MES 2 21 0000673080 გადაწყვეტილება გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით. ამდენად, ცენტრის აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს და ს მატერიალური თვალსაზრისით არ არსებობ მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.

კასატორი მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მომზადებულია და გამოცემულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, ცენტრმა აქტის გამოცემამდე ჩაატარა სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოება, გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და ნ. ი-ის მიერ საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში მიღებული განათლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება გამოსცა ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

კასატორი აღნიშნავს, რომ ნ. ი-ის მიერ მიღებული განათლების თაობაზე, ინფორმაციის მოძიების მიზნით ცენტრმა 2021 წლის 04 ივნისს მიმართა სსიპ - საქართველოს ეროვნულ არქივს. სსიპ - საქართველოს ეროვნულ არქივის №14/63236 (№551010; 10.06.2021წ.) კორესპონდენციის თანახმად, თბილისის №... პროფესიული სასწავლებლის დოკუმენტები თბილისის ცენტრალურ არქივში არ არის დაცული. შესაბამისად, საარქივო დაწესებულება მოკლებული იყო შესაძლებლობას წარმოედგინა ნ. ი-ის სწავლის პერიოდის შესახებ მოთხოვნილი ინფორმაცია.

კასატორი აღნიშნავს, რომ ცენტრმა ვერ მოიპოვა ნ. ი-ის სწავლის პერიოდის შესახებ ინფორმაცია, რის შემდგომაც მიმართა ნ. ი-ის მინდობილ პირს - პ. გ-ის და სთხოვა დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა, რომელიც დაადასტურებდა პირისთვის კვალიფიკაციის მინიჭების ფაქტს. თუმცა, განმცხადებელს ამგვარი სახის დოკუმენტაცია ადმინისტრაციული წარმოებისა თუ სასამართლოში საქმის განხილვის პროცესში არ წარმოუდგენია. კასატორი მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც ცენტრის მიერ ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგად, ვერ იქნა მოძიებული ზემოაღნიშნული წესის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი დოკუმენტაცია - კერძოდ, კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ ოქმი/ბრძანება ან/და დიპლომის გაცემის სარეგისტრაციო ჟურნალი ან საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული სხვა სახის დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდებოდა პირისთვის კვალიფიკაციის მინიჭების ფაქტი, ცენტრი მოკლებული იყო შესაძლებლობას სადავო საკითხთან დაკავშირებით მიეღო სხვაგვარი გადაწყვეტილება.

კასატორი ყურადღებას ამახვილებს სსიპ ქალაქ თბილისის №... საჯარო სკოლის მიერ გაცემულ წერილზე, რომელშიც არ არის აღნიშნული კონკრეტულად რომელ წლებში სწავლობდა ნ. ი-ი №... პროფესიულ სასწავლებელში, ან გაიარა თუ არა მან მოცემული საგანმანათლებლო დაწესებულების სრული კურსი, ასევე მოცემული ცნობით არ დასტურდება ნ. ი-ისთვის რაიმე სახის კვალიფიკაციის მინიჭების ფაქტი. კასატორი ასევე მნიშვნელოვნად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ სსიპ ქალაქ თბილისის №... საჯარო სკოლის მიერ გაცემული ცნობით, ნ. ი-ი №... პროფესიულ სასწავლებელში გადავიდა მე-10 კლასიდან. ამასთან, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის შესახებ წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, თბილისის №... საშუალო პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლის მონაცემები ფიქსირდება საქართველოს სსრ პროფესიულ-ტექნიკური განათლების სახელმწიფო კომიტეტის მიერ, 1985 წელს გამოცემულ ცნობარში (ცნობარი საქართველოს სსრ საშუალო პროფესიულ-ტექნიკურ სასწავლებელში, 1985-86 სასწავლო წელს შემსვლელთათვის). ამავე ცნობარის მიხედვით, სასწავლებელში 8-კლასდამთავრებულთათვის სწავლების ხანგრძლივობა შეადგენდა 3 წელს, ხოლო 10-კლასდამთავრებულთათვის - 1 წელს. კასატორი აღნიშნავს, რომ ორივე ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ ნ. ი-იმა 1991-1993 წლებში ისწავლა №... პროფესიულ-ტექნიკურ სასწავლებელში, მაშინ როდესაც სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის შესახებ წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, ნ. ი-ის, როგორც 10-კლასდამთავრებულს 1 წლიანი კურსი უნდა გაევლო.

კასატორი საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ კანონიერი ნდობა წარმოადგენს მატერიალურ-სამართლებრივ ინსტიტუტს. იგი ადმინისტრაციული ორგანოსათვის განკუთვნილი ინსტრუმენტია. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია თავისი მმართველობითი ღონისძიების განხორციელების დროს, უზრუნველყოს კანონიერი ნდობისა და კანონიერების პრინციპების შეპირისპირება და მისი უფლებამოსილების ფარგლებში შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება. ამდენად, ცენტრს გაუმართლებლად მიაჩნია ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნები მოსარჩელის კანონიერი ნდობის პრიციპთან დაკავშირებით. კასატორის მოსაზრებით, კანონიერი ნდობა ადმინისტრაციული ორგანოსთვის განკუთვნილი მატერიალურ-სამართლებრივი ინსტიტუტია. ადმინისტრაციული ორგანოა უფლებამოსილი თავისი მმართველობითი ღონისძიების განხორციელებისას, უზრუნველყოს კანონიერი ნდობისა და კანონიერების პრინციპების შეპირისპირება და გადაწყვეტილების მიღება.

კასატორი აღნიშნავს, რომ კანონიერი ნდობის პრინციპით შეზღუდვის პირობებშიც კი ცენტრი ვერ იმსჯელებს იმ ფაქტზე, რომლის არსებობის შესახებ არ არის წარმოდგენილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის” მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საარქივო დოკუმენტაციის დამოწმებული ასლები. კასატორი მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაზე ვერ გავრცელდება კანონიერი ნდობის დამცველობითი ფუნქცია, რადგან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში მიღებული განათლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ აქტი არ წარმოადგენს აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას.

კასატორი ასევე არ იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას განსახილველი დავის შემთხვევაში კერძო და საჯარო ინტერესების ურთიერთშეპირისპირებისას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონმდებლობის ფორმალურ დაცვასთან შედარებით კერძო პირის ინტერესის უპირატესობასთან დაკავშირებით. კასატორი აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ იმოქმედა კანონიერების პრინციპის დაცვით და გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიიღო საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევის საფუძველზე, მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებისა და კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. კასატორი აცხადებს, რომ ცენტრს არ შეუზღუდავს მოსარჩელის უმაღლესი განათლების მიღების უფლება და არც წარსულში მიღებული სწავლის შედეგები გაუბათილებია. ადმინისტრაციულმა ორგანო შებოჭილი იყო კანონიერების პრინციპითა და განთლების აღიარების საკითხის მომწესრიგებელი კანონმდებლობით, რაც მოსარჩელესთან მიმართების სხვა გადაწყვეტილების მიღებას გამორიცხავდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 12 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და განხილულ იქნა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2021 წლის 21 ივლისის MES 2 21 0000673080 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება და მოპასუხის დავალება ნ. ი-ის მიერ თბილისის №... პროფესიულ სასწავლებელში 1991-1993 წლებში მიღებული პროფესიული განათლების აღიარების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ "განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მექანიზმების სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა. ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მიზნით იქმნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომში – ცენტრი).

"განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 251-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ცენტრი ახდენს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული უმაღლესი განათლების, ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების, ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, აგრეთვე საერთაშორისო დაცვის მქონე პირებისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილების მიერ მიღებული განათლების აღიარებას.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის პირველი ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ პირველ მუხლზე, რომლის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი (შემდგომში – წესი) არეგულირებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების (გარდა ლეგალიზაციისა და აპოსტილით დამოწმებისა), უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების, ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარებისა და ლტოლვილებისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილების, ასევე ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, განათლების აღიარების (შემდგომში – განათლების აღიარება) პირობებსა და პროცედურას.

ზემოაღნიშნული წესის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, პირველი გათვალისწინებულ შემთხვევაში განათლების მიღების ფაქტის დადგენის მიზნებისათვის, პირის მიერ პროგრამის სრულად გავლა და მისთვის კვალიფიკაციის მინიჭება დასტურდება კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ ოქმით/ბრძანებით ან/და დიპლომის გაცემის სარეგისტრაციო ჟურნალით ან საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული სხვა სახის დოკუმენტით, რომელიც ადასტურებს პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების ფაქტს, ხოლო პირის მიერ პროგრამის ნაწილობრივ გავლა – საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი ნაწილის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტაციით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებული ნორმატიული აქტი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს განათლების მიღების ფაქტის დადგენას ავალდებულებს საქმის გარემოებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის შედეგად, რაც წარმოადგენს დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას. მითითებული ნორმატიული აქტით გათვალისწინებული უმნიშვნელოვანესი ამოცანების შესასრულებლად ცენტრს მართებს კონკრეტული საკითხის მარეგულირებელი კანონმდებლობის სიღრმისეული, კვალიფიციური, სისტემური და სამართლიანი ანალიზი.

საქმეში დაცული სსიპ ქალაქ თბილისის №... საჯარო სკოლის 2021 წლის 27 სექტემბრის ცნობის თანახმად, ნ. ი-ი სწავლობდა სსიპ ქალაქ თბილისის №... საჯარო სკოლაში პირველი კლასიდან (1981 წლიდან) და 1991 წლის 23 იანვრის №5 პარ.4 ბრძანების საფუძველზე, მე-10 კლასიდან გადავიდა №...-ე პროფესიულ სასწავლებელში.

ნ. ი-იმა 2021 წლის 3 ივნისს განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და თბილისის №... პროფესიულ სასწავლებელში 1991-1993 წლებში მიღებული პროფესიული განათლების აღიარება მოითხოვა.

დადგენილია, რომ სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 2021 წლის 10 ივნისის №14/63236 წერილით სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს ეცნობა, რომ თბილისის №... პროფესიული სასწავლებლის დოკუმენტები თბილისის ცენტრალურ არქივში დაცული არ არის. სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის 2021 წლის 21 ივნისის MES 4 21 0000608183 წერილის თანახმად, თბილისის №... საშუალო პროფესიულ - ტექნიკური სასწავლებლის მონაცემები ფიქსირდება საქართველოს სსრ პროფესიულ - ტექნიკური განათლების სახელმწიფო კომიტეტის მიერ, 1985 წელს გამოცემულ ცნობარში (ცნობარი საქართველოს სსრ საშუალო პროფესიულ - ტექნიკურ სასწავლებელში 1985-1986 სასწავლო წელს შემსვლელთათვის). ცნობარის მიხედვით სასწავლებელში 8 კლასდამთავრებულთათვის სწავლების ხანგრძლივობა შეადგენდა 3 წელს, ხოლო, 10 კლასდამთავრებულთათვის - 1 წელს. „საქართველოს პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლების რეორგანიზაციის შესახებ“ სახალხო განათლების სამინისტროს 1989 წლის 24 ოქტომბრის №630 ბრძანების თანახმად, 1989-1990 სასწავლო წლიდან უნდა განხორციელებულიყო რესპუბლიკის საშუალო პროფესიულ - ტექნიკური სასწავლებლების რეორგანიზაცია. მათ შორის, თბილისის №... საშუალო პროფესიულ - ტექნიკური სასწავლებელი უნდა რეორგანიზებულიყო თბილისის კავშირგაბმულობის სასწავლებლად. თუმცა, საქართველოს განათლების სამინისტროს 1994 წლის 28 თებერვლის №44 ბრძანებაში, რომლითაც დამტკიცებული იქნა საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტროს პროფესიულ - ტექნიკური სასწავლებლებისა და პროფესიული ლიცეუმების მოსწავლეთა კონტიგენტის, მიღებისა და გამოშვების 1994 წლის პროგნოზი, აღნიშნული დაწესებულება ფიქსირდება როგორც №... პროფესიულ - ტექნიკური სასწავლებელი.

სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2021 წლის 5 ივლისის MES 2 21 0000673080 გადაწყვეტილებით, ნ. ი-ის უარი ეთქვა საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში მიღებული განათლების აღიარებაზე იმ საფუძვლით, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ვერ იქნა მოძიებული, ასევე, მის მიერ არ იყო წარდგენილი თბილისის №... პროფესიულ-ტექნიკურ სასწავლებელში, 1991-1993 წლებში მოსარჩელისთვის კვალიფიკაციის მინიჭების დამადასტურებელი საარქივო დოკუმენტები.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 15.02.2022წ. გადაწყვეტილებით ნ. ი-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2021 წლის 5 ივლისის MES 2 21 0000673080 გადაწყვეტილება. მოპასუხეს - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, ნ. ი-ის მიერ თბილისის N... პროფესიულ სასწავლებელში 1991-1993 წლებში მიღებული, პროფესიული განათლების აღიარების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.07.2022წ. განჩინებით.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა და სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377.1 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სააპელაციო სასამართლო საკასაციო სასამართლოსგან განსხვავებით პროცესუალურად შებოჭილი არ არის მიიღოს ახალი მტკიცებულებები და დაადგინოს ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამავე კოდექსის მე-4 მუხლით დადგენილი შეჯიბრებითობის პრინციპის თანახმად, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 19.1 მუხლის თანახმად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების გარდა, სასამართლო უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივითაც შეაგროვოს ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები. შესაბამისად, ადმინისტრაციულ პროცესში განმტკიცებული ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით, სასამართლო არა მხოლოდ უფლებამოსილი, არამედ ვალდებულია სრულყოფილად გამოიკვლიოს და შეისწავლოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, საკუთარი ინიციატივით განსაზღვროს გარემოებათა დადგენის საჭიროება და მოიძიოს ამ გარემოებათა დამადასტურებელი ან უარმყოფი მტკიცებულებები.

მტკიცების ტვირთს საქმის განხილვის პროცესში ენიჭება არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ მატერიალურ - სამართლებრივი მნიშვნელობა, რაც ნიშნავს იმას, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის ან წარმოდგენილი ფაქტების უარმყოფელი გარემოებების წარმოუდგენლობის პირობებში გადაწყვეტილებით მიღებული უარყოფითი შედეგი ეკისრება იმ მხარეს, რომელმაც ვერ უზრუნველყო და ვერ გაართვა თავი მტკიცების ტვირთს. ადმინისტრაციულ სამართალში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლოს აქვს აქტიური როლი, რაც საქმის მართებული გადაწყვეტის მიზნებისთვის საჭირო ინფორმაციისა თუ მტკიცებულებების დამატებით მოძიებაში ვლინდება. სწორედ ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას, აქტიურ სასამართლოს გააჩნია ყველა ის საპროცესო მექანიზმი, რაც აუცილებელია საქმის სრულყოფილი და კომპლექსური განხილვისათვის.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება საკმარისად არ არის დასაბუთებული არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი თვალსაზრისით. საქმეში დაცული სსიპ ქ. თბილისის №... საჯარო სკოლის 27.09.2021 წ. ცნობის თანახმად, ნ. ი-ი ზემოაღნიშნულ სკოლაში სწავლობდა პირველი კლასიდან და 1991 წლის 23 იანვრის №5 ბრძანების საფუძველზე, მე-9 კლასიდან გადავიდა №... პროფესიულ სასწავლებელში. თბილისის №... საშუალო პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლის მონაცემები ფიქსირდება საქართველოს სსრ პროფესიულ-ტექნიკური განათლების სახელმწიფო კომიტეტის მიერ, 1985 წელს გამოცემულ ცნობარში (ცნობარი საქართველოს სსრ საშუალო პროფესიულ-ტექნიკურ სასწავლებელში, 1985-86 სასწავლო წელს შემსვლელთათვის). ცნობარის მიხედვით, სასწავლებელში 8-კლასდამთავრებულთათვის სწავლების ხანგრძლივობა შეადგენდა 3 წელს, ხოლო 10-კლასდამთავრებულთათვის - 1 წელს.

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმემ - ნ. გ-ამ, განმარტა, რომ 1981-2000 წლებში, იგი იყო თბილისის №... პროფესიული სასწავლებლის დირექტორის მოადგილე და დაადასტურა ამავე პროფესიულ სასწავლებელში ნ. ი-ის განათლების მიღების ფაქტის თუმცა კონკრეტულად ვერ გაიხსენა მოსარჩელის სასწავლებელში სწავლის პერიოდი.

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს №... პროფესიულ სასწავლებელში სწავლის დამადასტურებელ მტკიცებულებად წარმოდგენილი აქვს მხოლოდ №... სკოლის ცნობა მასზედ, რომ ნ. ი-ი მე-10 კლასიდან გადავიდა №... პროფესიულ სასწავლებელში. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა ნატრისი იოსელინის მიერ პროფესიული განათლების მიღების ფაქტის დასადგენად, სსიპ ქ. თბილისის №... საჯარო სკოლის მიერ გაცემული ცნობა და მოწმის ჩვენება მიიჩნიეს საკმარის მტკიცებულებებად.

სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახალი განხილვისას დამატებით უნდა მოპოვოს ნატრისის იოსელიანის მიერ №... პროფესიულ სასწავლებელში 1991-1993 წლებში სწავლის დამადასტურებელი მტკიცებულებები, ხოლო მტკიცებულებათა მოპოვების შეუძლებლობის პირობებში იმსჯელოს წარმოდგენილი სკოლის ცნობა რამდენად შეესაბამება საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის (მე-5 მუხლის მე-3 პუნტის) მოთხოვნებს, რამდენადაც აღნიშნული წესი დეტალურად ადგენს ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლების მიღების ფაქტის დადგენის მიზნით წარსადგენ დოკუმენტთა წრეს.

საგულისხმოა, რომ საქმეში არ არის დაცული დოკუმენტი, რომლიც ასახავს ნ. ი-ის №... პროფესიულ სასწავლებელში ჩარიცხვის, სწავლის, მინიჭებული კვალიფიკაციისა თუ დამთავრების შესახებ ინფორმაციას. ამასთან ნიშანდობლივია, რომ მოწმის ჩვენებითაც უტყუარად ვერ დგინდება მოსარჩელის №... პროფესიულ სასწავლებელში სწავლის პერიოდი. ნიშანდობლივია, რომ 8 კლასდამთავრებულთათვის პროფესიულ სასწავლებელში სწავლა 3 წლიანი იყო, ხოლო 10 კლასდამთავრებულთათვის მხოლოდ 1 წელი.

საქართველოს კონსტიტუციის 27.1 მუხლის თანახმად, ყველას აქვს განათლების მიღების და მისი ფორმის არჩევის უფლება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოქალაქეებს უფლება აქვთ კანონით დადგენილი წესით სახელმწიფოს დაფინანსებით მიიღონ პროფესიული და უმაღლესი განათლება.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ წარსულში მიღებული განათლების აღიარებაზე უარის თქმა სწავლის შედეგების ფაქტობრივი გაბათილებაა და ავტომატურად არ შეიძლება გახდეს ფიზიკური პირის მიერ უკვე მოპოვებული/მოსაპოვებელი შრომის უფლების შეზღუდვის საფუძველი. ამასთან, წარსულში მიღებული განათლების აღიარება/არაღიარების საკითხი მხარისათვის აღმჭურველი ბუნებისაა, რომლის საფუძველზეც დაინტერესებულ მხარეს გარკვეული უფლებამოსილება ენიჭება. შესაბამისად, უმაღლესი განათლების აღიარებაზე უარი სამართლებრივი შედეგებით უთანაბრდება აქტის გაუქმებას და ამ დოკუმენტის მიმართ სრული მოცულობით ვრცელდება კანონიერი ნდობის დამცველობითი ფუნქცია. კანონიერი ნდობა დაცვის ღირსია თუ დაინტერესებულმა პირმა დიპლომის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მქონე მოქმედება. მმართველობის კანონიერებისა და დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობის პრინციპის სამართლიანი ბალანსის დაცვისთვის თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა დადგინდეს კერძო და საჯარო ინტერესთა შორის ბალანსი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა კანონიერი ნდობის პრინციპზე დაყრდნობით კანონიერების პრინციპთან შეპირისპირებისას, ნ. ი-ის კერძო ინტერესი საჯარო ინტერესთან შედარებით აღმატებულად მიიჩნიეს.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება და უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მას მიადგება ზიანი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების ფარგლებში ასევე უნდა გამოარკვიოს კანონიერი ნდობის საფუძველზე მოსარჩელემ განახორციელა თუ არა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ქმედება. მნიშვნელოვანია, რომ სააპელაციო სასამართლომ დაადგინოს მოსარჩელე მუშაობს თუ არა იმ კვალიფიკაციით, რაც მან პროფესიულ სასწავლებელში მიიღო.

ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ზემოაღნიშნულ გარემოებათა ერთობლიობა ქმნის საქმის სააპელაციო სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საჭიროებას. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 5 ივლისის განჩინება და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს. საკასაციო სასამართლო თვითონ ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, რადგან არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და სააპელაციო სასამართლოში საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, განსახილველ საქმეზე გაწეული სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 5 ივლისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საპროცესო ხარჯების განაწილების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა