Facebook Twitter

№10631-13 3 აპრილი, 2013 წელი

ჯ-ე თ.- 10631-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

ლევან მურუსიძე, გიორგი შავლიაშვილი

სხდომის მდივან - გიორგი შალამბერიძის

პროკურორ - გ. ქ-ის

მსჯავრდებულ - თ. ჯ-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ თ. ჯ-ის საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 4 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 20 ნოემბრის განაჩენით თ. ჯ-ე, ნასამართლევი, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილს ,,ა“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, გასაღება) – 12 წლით, 273-ე მუხლით - 1 წლით, ხოლო საბოლოოდ - 13 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2009 წლის 7 აპრილიდან; მასვე 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ხოლო ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონში აღნიშნული სხვა უფლებები - 15 წლით.

აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 29 დეკემბრის განაჩენით შეიცვალა: ,,ამნისტიის შესახებ“ 2009 წლის 20 ნოემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე თ. ჯ-ეს გაუნახევრდა სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული 1 წელი და განესაზღვრა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად და მსჯავრდებულს საბოლოოდ განესაზღვრა 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 8 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი სააპელაციო პალატის განაჩენზე არ იქნა დაშვებული განსახილველად.

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 31 დეკემბრის განკარგულებით თ. ჯ-ეს 3 წლით შეუმცირდა მოუხდელი საპატიმრო სასჯელი.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 4 თებერვლის განჩინებით თ. ჯ-ე გათავისუფლდა სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელისაგან და აღუდგა ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი და, შეწყალების აქტის საფუძველზე მოკლებული 3 წლის გათვალისწინებით, საბოლოოდ განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2009 წლის 7 აპრილიდან.

მსჯავრდებული საჩივარში აღნიშნავს, რომ ნარკოტიკული საშუალების გასაღება არ ჩაუდენია, რის გამოც ითხოვს სასჯელისაგან გათავისუფლებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არის უფლებამოსილი, იმსჯელოს განაჩენის კანონიერებასა და დასაბუთებულობაზე, ხოლო საქმის მასალებით თ. ჯ-ე მსჯავრდებულია ნარკოტიკული საშუალების გასაღების გამოც. ამდენად, ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს საფუძველზე თ. ჯ-ეს მხოლოდ ერთი მეოთხედით უნდა შემცირებოდა სსკ-ის 260-ე მუხლით დანიშნული სასჯელი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განჩინების მსჯავრდებულის სასიკეთოდ უფრო მეტად შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ თ. ჯ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 4 თებერვლის განჩინება თ. ჯ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

გ. შავლიაშვილი