Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

Nბს-924(კ-22) 17 მაისი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა პ. ხ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 5 აპრილის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი).

აღწერილობითი ნაწილი:

2021 წლის პირველ ივლისს პ. ხ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2021 წლის 24 ივნისის MES9210000627097 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, შპს „...ის“ მიერ 2011 წელს პ. ხ-ის სახელზე გაცემული ... ბაკალავრის დიპლომის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 7 სექტემბრის გადაწყვეტილებით პ. ხ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 5 აპრილის განჩინებით არ დაკმაყოფილდა პ. ხ-ის სააპელაციო საჩივარი, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 7 სექტემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებას. ამავე კანონის 25-ე მუხლით განსაზღვრულია ამ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების ფარგლები - საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისას ცენტრი ადგენს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის, აგრეთვე მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან მათ შესაბამისობას. სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის პირველი ოქტომბრის N98/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ მე-3, მე-4 მუხლებზე და აღნიშნა, რომ ამ „წესის“ მიხედვით, 2005 წლიდან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – დიპლომის ნამდვილობის დადასტურებისას ცენტრი დამატებით ამოწმებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირის კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩარიცხვის ფაქტსა და საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის მონაცემებით გადამოწმებად სხვა ინფორმაციას. ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის საფუძველი არ შეიძლება გახდეს გარემოება, რომლის დროსაც ცენტრი მოკლებულია შესაძლებლობას, დაადგინოს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული უმაღლესი განათლების დიპლომის უმაღლესი განათლების შესაბამისი საფეხურის დიპლომთან გათანაბრების საკითხი. საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისათვის ცენტრი იყენებს საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის მონაცემებს, აგრეთვე ცენტრი უფლებამოსილია, შესაბამისი მონაცემების შეტანაზე უფლებამოსილ საგანმანათლებლო დაწესებულებას მოსთხოვოს აუცილებელი ინფორმაციის რეესტრში შეტანა. ამდენად, დიპლომის ნამდვილობის საკითხის გადაწყვეტისთვის ცენტრმა უნდა შეამოწმოს, არსებობს თუ არა პირის სახელზე გაცემული დიპლომი, რაც თავისთავად ადასტურებს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის გავლისა და პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს, შეამოწმოს საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილება, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით შეამოწმოს სწავლის პერიოდის, საგანმანათლებლო დოკუმენტის სახელმწიფო აღიარება და ამ დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის შესაბამისობა საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან, დაადგინოს პირისათვის მინიჭებული კვალიფიკაციის პირის მიერ მიღებული განათლების კონკრეტულ კვალიფიკაციასთან გათანაბრების საკითხი. მითითებული ნორმა განსაზღვრავს უფლებამოსილების კონკრეტულ ფარგლებს, თუ რა საკითხები უნდა გამოიკვლიოს და დაადგინოს ცენტრმა დიპლომის ნამდვილობის საკითხის გადაწყვეტისას.

სააპელაციო პალატამ მიუთითა „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მეორე მუხლის „ო“ ქვეპუნქტზე („დიპლომის“ განმარტება) და ამავე კანონის 88-ე მუხლის 11 პუნქტზე, ასევე აღნიშნული კანონის მოსარჩელის სასწავლებელში ჩარიცხვის დროს მოქმედი რედაქციის 63-ე მუხლის პირველ პუნქტზე და კანონის ამავე რედაქციის 66-ე მუხლის პირველ, მეორე, მე-3 პუნქტებზე.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ შპს „...ს“ 2006 წელს არ ჰქონია მინიჭებული ინსტიტუციური აკრედიტაცია, რასაც იმ დროისთვის მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებდა და სასაწავლებელი საქმიანობას ახორციელებდა ლიცენზირებულ/არაავტორიზებულ რეჟიმში. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის წესიც. სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის 2021 წლის 9 ივნისის MES 6 210000546328 წერილის თანახმად, პ. ა-მა (გვარის ცვლილების შემდგომ - ხ-ი) მონაწილეობა მიიღო ერთიან ეროვნულ გამოცდებში, თუმცა ვერ მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. შესაბამისად, სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტის მიერ 2017 წლის 23 იანვრის N49502 კორესპონდენციით ცენტრში წარდგენილ ინფორმაციაში პ. ხ-ის შესახებ მონაცემები არ იძებნება ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის საფუძველზე სწავლის გაგრძელების უფლების მქონე პირთა შორის. მისი მონაცემები ასევე არ იძებნება საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში. ამასთან, ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხულ პირთა სიის მიხედვით, პ. ხ-ი შპს „...ში“ ჩაირიცხა 2006 წლის 23 სექტემბრის N44 ბრძანებით. ამდენად, 2006 წელს პ. ხ-ი შპს ,,...ში“ ჩაირიცხა ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მოსარჩელის სასწავლებელში ჩარიცხვის დროს მოქმედი რედაქციის 52-ე მუხლის პირველ, მე-9, მე-10 პუნქტებზე და განმარტა, რომ არააკრედიტებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გარდა, მოსარჩელეს შესაბამისი წესით არ ჰქონდა მოპოვებული უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის უფლება. კერძოდ, 2006 წლისთვის პროფესიული და აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამით პირველ საფეხურზე სწავლის უფლებას აბიტურიენტები მოიპოვებდნენ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების შესაბამისად. ამასთანავე, ერთიან ეროვნულ გამოცდებში მხოლოდ მონაწილეობა არ არის საკმარისი სწავლის უფლების მოსაპოვებლად. მიღებული ქულების შესაბამისად, გამოცდების ეროვნული ცენტრი ადგენს აბიტურიენტების სიებს, რომლებმაც გაიარეს ეროვნული გამოცდები და მოიპოვეს უფლება, ისწავლონ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტზე, პროფესიული უმაღლესი განათლების ან აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის პროგრამით. შესაბამისად, ერთი მხრივ, აბიტურიენტს მონაწილეობა უნდა მიეღო ერთიან ეროვნულ გამოცდებში და გადაელახა მინიმალური ზღვარი, ხოლო მეორე მხრივ, მის მიერ მიღებული შედეგი საკმარისი უნდა ყოფილიყო გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მომზადებულ სიაში მოსახვედრად, რასაც უკავშირდებოდა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა.

კანონიერი ნდობის პრინციპთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მართალია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი კანონიერ ნდობას უკავშირებს მხოლოდ აღმჭურველი აქტის არსებობას, თუმცა კანონიერი ნდობის ობიექტია ძირითადად ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის შედეგები, რაც შეიძლება არსებობდეს როგორც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, ასევე მოქმედებების (რეალაქტის) სახით. დაცვის ობიექტია სახელმწიფოს მიერ განხორციელებული აღმჭურველი ბუნების მოქმედებებიც, დაცვის ღირსია მათი კანონიერების რწმენა, განსაკუთრებით კი, მაშინ, როდესაც საქმე უფლების მიმნიჭებელ აქტებს და მოქმედებებს ეხება. კანონიერი ნდობის პრინციპზე დაყრდნობით ამ უფლების მატარებელს უფლება აქვს, წინააღმდეგობა გაუწიოს მათ გაუქმებასა თუ მათი ნამდვილობის, იურიდიული ძალმოსილების არაღიარებას. ამასთანავე, კანონმდებლობით გათვალისწინებულია კანონიერი ნდობის არსებობის გამომრიცხავი გარემოებები. მათ შორის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული კანონიერი ნდობის გამომრიცხავი გარემოება გულისხმობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით სახელმწიფო, საზოგადოებრივი ან სხვა პირის კანონიერი უფლების ან ინტერესის არსებითად დარღვევას. ამავე კოდექსის მე-9 მუხლის მეორე ნაწილით და მე-601 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ კანონიერი ნდობის გამომრიცხავ გარემოებას წარმოადგენს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 16 ივლისის Nბს-192-184(3კ-13) განჩინებაზე, რომელიც შეეხება უკანონო აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის წინაპირობებს. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, პ. ხ-ი უმაღლეს სასწავლებელში ჩაირიცხა ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე. ამდენად, მოსარჩელემ ვერ მოიპოვა სწავლის უფლება კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამასთანავე, იმ პირობებში, როდესაც არააკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში სწავლის დაწყების მომენტიდანვე მოსარჩელისათვის ცნობილი იყო, რომ იგი არ აკმაყოფილებდა კანონის მოთხოვნებს, მას არ წარმოეშვა კანონიერი ნდობა. შესაბამისად, არ უნდა იქნეს გაზიარებული აპელანტის მოსაზრება, რომ დარღვეულია კანონიერი ნდობის პრინციპი. გარდა ამისა, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, აპელანტის მიერ მითითებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 20 ოქტომბრის Nბს-1065(კ-20) გადაწყვეტილება ვერ იქნება გათვალისწინებული მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან განსახილველი საქმის ფაქტობრივი გარემობები განსხვავებულია. უზენაესმა სასამართლომ საქმე განიხილა ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწესებამდე ჩარიცხული პირის დიპლომის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე. აღნიშნული საქმისგან გასხვავებით, მოცემულ საქმეში მოსარჩელე ჩაირიცხა ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწესების შემდეგ, მისი გვერდის ავლით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 5 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა პ. ხ-მა. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ მისცა შეფასება იმ ფაქტს, რომ მხარეს აქვს მიღებული ბაკალავრის სამეცნიერო ხარისხი, რომელიც დიპლომისგან განცალკევებული ელემენტი არ არის. მხარე ვერ მიიღებდა ბაკალავრის ხარისხს, შესაბამისი განათლების მიღებისა და ხარისხის მისაღებად, გამოცდების ჩაბარების გარეშე. უდავოა, რომ პ. ხ-მა ნამდვილად გაიარა კვალიფიკაციის მისაღებად საჭირო კურსი, მიიღო სათანადო განათლება და დღეისათვის სამსახურებრივად უკვე რეალიზებულია. სასამართლოს არ განუმარტავს, რატომ მოახდინა ერთი სიკეთის რეალიზების შეზღუდვა მეორეს საპირწონედ და არ უმსჯელია, რამდენად თანაბარი იყო მხარის მიერ მიღებული განათლება კვალიფიკაციასთან. სასამართლოს არც იმ ფაქტზე უმსჯელია - რატომ არის დაყენებული წინ უმაღლესი განათლების აღიარების წინაპირობად პირის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ამ წინაპირობის გათვალისწინებით, რატომ არის უარყოფილი კანონიერი ნდობის არსებობა. მხარე დაზარალებულია, ერთი მხრივ, სახელმწიფოსაგან, ხოლო მეორე მხრივ - კონკრეტული ინსტიტუტისაგან, რომელიც ბაზარზე სახელმწიფოს მიერვე გაცემული ლიცენზიით ოპერირებდა. სააპელაციო პალატამ საქმეზე არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, რამაც განაპირობა შემდგომში ამ ფაქტების არასწორი სამართლებრივი შეფასება. გასაჩივრებული განჩინებით დარღვეულია თანაზომიერების პრინციპი, რომელიც სამართლებრივი სახელმწიფოს იდეიდან მომდინარეობს და მისი ძირითადი დატვირთვა არის ადამიანის უფლებების შეზღუდვისას სახელმწიფოს ფარგლების განსაზღვრა. იგი კრძალავს ადამიანის უფლებების იმაზე მეტად შეზღუდვას, რაც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში. სასამართლოს უნდა ემსჯელა კერძო და საჯარო ინტერესებს შორის პროპორციულობის დაცვის საფუძველზე.

კასატორი თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს კონსტიტუციით და ევროპული კონვენციით აღიარებული ადამიანის უფლება იმ ნორმატიული აქტის საფუძველზე შეიზღუდა, რომელიც იერარქიულად უფრო დაბლა მდგომია. ადამიანის უფლების შეზღუდვის მიზანს უნდა წარმოადგენდეს სხვა კონსტიტუციური სიკეთის დაცვა, რა დროსაც, თანაზომიერების პრინციპის დაცვას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული სამართლებრივი სიკეთისადმი მოსალოდნელი საფრთხის სიმძიმე. მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება ისეთი საპირწონე ინტერესი, რომელიც მოსარჩელის უფლების შეზღუდვას გადაწონის. სააპელაციო სასამართლომ დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის დანაწესი, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება. კასატორი ასევე მიუთითებს „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე-13 მუხლზე და საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლზე, რომელიც შეეხება ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოების მიერ ადამიანის განათლების უფლების აღიარებას.

კასატორი მიუთითებს, რომ „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანია განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მექანიზმის სამართლებრივი საფუძვლების დადგენა. ხარისხიანი განათლების მიღებასთან პირდაპირ კავშირშია საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის განსაზღვრა. სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონიერი ნდობის პრინციპის მნიშვნელობა და არ გაითვალისწინა, რომ აღნიშნული პრინციპის დაცვას არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა დავის სწორად გადაწყვეტისათვის. სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის სახელზე დიპლომი გაცემულია ავტორიზებული, ლიცენზიის მფლობელი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ, კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში და აღნიშნული დოკუმენტი ადასტურებს პირის კვალიფიკაციას. სააპელაციო პალატამ არასწორი ინტერპრეტაციით განმარტა, რომ კასატორს არ წარმოეშობა კანონიერი ნდობა, იმ პირობებში, როდესაც იგი სასწავლებელში ჩაირიცხა ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე, თუმცა სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ მოსარჩელეს, მის სახელზე გაცემულ დიპლომთან მიმართებაში, გააჩნია კანონიერი ნდობა. დადასტურებული ფაქტობრივი გარემოებაა, რომ სწორედ კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტით დასტურდება პ. ხ-ისათვის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ კვალიფიკაციის მინიჭება, რაც წარმოადგენს აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. სააპელაციო სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის განმარტებას და მიუთითა კანონიერი ნდობის გამომრიცხავ გარემოებაზე. მოწინააღმდეგე მხარეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა შპს „...ის“ მიერ 2011 წლის 16 სექტემბერს გაცემული ბაკალავრის დიპლომის სიყალბე. ამასთან, მხარე არ უარყოფს ამ დიპლომის ნამდვილობას. ამდენად, სრულად დასტურდება კანონიერი ნდობის არსებობა, რომელიც დიპლომის გაცემის დღიდან გააჩნია მოსარჩელეს.

კასატორი აღნიშნავს, რომ კანონიერი ნდობის საფუძველს ქმნის არა მხოლოდ აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, არამედ ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება (რეალაქტი.) კანონიერი ნდობის ობიექტია სახელმწიფოს მიერ გახორციელებული აღმჭურველი მოქმედებები, კანონიერი ნდობა დაცვის ღირსია, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც საკითხი უფლების მიმნიჭებელ აქტებსა და მოქმედებებს ეხება. მოცემულ შემთხვევაში, წარსულში მიღებული სწავლის შედეგის არაღიარება წარმოადგენს სწავლის შედეგის დეფაქტო გაბათილებას, შესაბამისად დიპლომის გაცემის მიმართ სრული მოცულობით მოქმედებს კანონიერი ნდობის პრინციპი (მიუთითებს სუს 2020 წლის 5 მარტის Nბს-1265(კ-19), 2019 წლის 23 აპრილის Nბს-470(კ-19), 2018 წლის 4 ოქტომბრის Nბს-812(კ-18) განჩინებებზე). დადასტურებული ფაქტობრივი გარემოებაა, რომ მოსარჩელე დღემდე მსახურობს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. ამდენად, სახეზეა მოსარჩელის მიერ სადავო დიპლომის საფუძველზე განხორციელებული იურიდიული ქმედება, პროფესიული საქმიანობის განხორციელება.

კასატორი მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 20 ოქტომბრის Nბს-1065(კ-20) გადაწყვეტილებაზე და აღნიშნავს, რომ ამ გადაწყვეტილებით განიმარტა ერთიანი ეროვნული გამოცდების მიზანი, ასევე აკადემიური ხარისხის მოპოვების მნიშვნელობა. საკასაციო სასამართლომ ასევე შეაფასა დიპლომის მიმართ კანონიერი ნდობის არსებობის საკითხი და განმარტა, რომ სამართლებრივი სახელმწიფოს არსებითი ელემენტია სამართლებრივი სტაბილურობა, რომელიც უპირატესად ნდობის დაცვას ნიშნავს. სტაბილურობა გარანტირებულია, უკეთუ გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, ორგანოს გადაწყვეტილებები იძენს შეუცვლელ ხასიათს. კანონიერი ნდობის პრინციპი იცავს პირს ადმინისტრაციული ორგანოს სამართლებრივი შეცდომისა და მომავალში განსახორციელებელი მოქმედებების შეუსრულებლობისაგან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული პ. ხ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პ. ხ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

პ. ა-ი 2006 წლის 29 ივნისის N44 ბრძანებით ჩაირიცხა ...ში, სამართალმცოდნეობის პირველ კურსზე.

2020 წლის 27 მაისს გაცემული მოწმობის მიხედვით, 2009 წლის 22 იანვრიდან პ. ა-ის შეცვლილი გვარია „ხ-ი“.

...მა პ. ხ-ის სახელზე 2011 წლის 16 სექტემბერს გასცა ... ბაკალავრის დიპლომი (რეგისტრაციის N15), რომლის თანახმად, ...ის სამართლის ფაკულტეტის 2011 წლის 5 ივლისის N63 გადაწყვეტილებით, პ. ხ-ს მიენიჭა სამართალმცოდნეობის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით.

2021 წლის 3 ივნისს პ. ხ-მა განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და 2011 წელს შპს „...ის“ მიერ პ. ხ-ის სახელზე გაცემული ... ბაკალავრის დიპლომის ნამდვილობის დადასტურება მოითხოვა.

სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა 2021 წლის 4 ივნისს MES 6 21 0000520588 წერილით მიმართა სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს, პ. ა-ის (გვარის შეცვლის შემდგომ - ხ-ი) ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის შესახებ ინფორმაციის მისაღებად.

ზემოაღნიშნული წერილის პასუხად, სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის 2021 წლის 9 ივნისის MES 6 210000546328 წერილით სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს ეცნობა, რომ პ. ა-მა მონაწილეობა მიიღო ერთიან ეროვნულ გამოცდებში, მაგრამ ვერ მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2021 წლის 24 ივნისის MES 9 21 0000627097 გადაწყვეტილებით განმცხადებელს უარი ეთქვა ... დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით, ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების პროცესში დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ საქართველოს განათლების სამინისტრომ 2002 წლის 17 მაისს შპს „...ზე გასცა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის N020641026 ლიცენზია.

ამავე გადაწყვეტილების მიხედვით, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 89-ე მუხლის 23-ე და 231 პუნქტების შესაბამისად, შპს „...მა“ ცენტრში წარადგინა ჩარიცხულ პირთა სია და 2014 წლის პირველ სექტემბრამდე საგანმანათლებლო საქმიანობას ახორციელებდა ლიცენზირებულ რეჟიმში. პ. ა-მა მონაწილეობა მიიღო ერთიან ეროვნულ გამოცდებში, მაგრამ ვერ მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 23 იანვრის N49502 კორესპონდენციით ცენტრში წარდგენილ ინფორმაციაში პ. ხ-ის შესახებ მონაცემები არ იძებნება ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის საფუძველზე სწავლის გაგრძელების უფლების მქონე პირთა შორის. მისი მონაცემები არ იძებნება აგრეთვე საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში. ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხულ პირთა სიის მიხედვით, პ. ხ-ი შპს „...ში“ ჩაირიცხა 2006 წლის 23 სექტემბრის N44 ბრძანებით.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოცემული სამართალურთიერთობა დაკავშირებულია „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონთან, რომლის მიზანს წარმოადგენს განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მექანიზმების სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა. აღნიშნული კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებას. ამავე კანონის 25-ე მუხლის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისას ცენტრი ადგენს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამი სრულად ან ნაწილობრივ გავლის, აგრეთვე მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან მათ შესაბამისობას.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ 2010 წლის პირველი ოქტომბრის N98/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესზე“, რომლის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების ობიექტია განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი, ასევე საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის, ან/და საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლისას მიღებული შეფასებების დამადასტურებელი დოკუმენტი.

ზემოაღნიშნული „წესის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების ობიექტია უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი - დიპლომი და ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი (ზოგადი განათლების ატესტატი), ხოლო მეორე პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების მიზნით, ცენტრში წარმოდგენილ განაცხადს უნდა ერთოდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი. ამავე მუხლის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული უმაღლესი/პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ან საგანმანათლებლო პროგრამის გავლის/მიღებული შეფასებების დამადასტურებელი დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების მიზნით, პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლისა და პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების/მიღებული შეფასებების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს ადასტურებს პირის სახელზე გაცემული ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტი, ხოლო საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის დროს ცენტრი ამოწმებს საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილებას, სწავლის პერიოდისა და საგანმანათლებლო დოკუმენტის სახელმწიფო აღიარებას და ამ დოკუმენტში კვალიფიკაციის ასახვისას, მის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან. კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების დროს ცენტრი ადგენს პირისათვის მინიჭებულ კვალიფიკაციას/პირის მიერ მიღებული განათლების კონკრეტულ კვალიფიკაციასთან გათანაბრების საკითხს.

მითითებული „წესის“ მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული შემოწმების დროს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის დადგენის შემთხვევაში, ცენტრი უარს ამბობს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ შპს „...ში“ მოსარჩელის ჩარიცხვის პერიოდში მოქმედი რედაქციის „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, აგრეთვე ამ კანონის 661 მუხლის მეორე პუნქტით განსაზღვრულ ახალდაფუძნებულ ლიცენზირებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის საფეხურზე სწავლის უფლება ჰქონდა მხოლოდ იმ აბიტურიენტს, რომელსაც გავლილი ჰქონდა ერთიანი ეროვნული გამოცდები, მიღებული ქულების კოეფიციენტებით რანჟირების საფუძველზე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, ეროვნული გამოცდების ცენტრი ადგენს ეროვნულ გამოცდებგავლილი აბიტურიენტების რანჟირებას იმ კოეფიციენტების მიხედვით, რომელიც ფაკულტეტებმა წლის დასაწყისში გამოაქვეყნეს. სიები ეგზავნება შესაბამის ფაკულტეტებს. მე-10 პუნქტის თანახმად კი, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და ფაკულტეტი ვალდებულია აბიტურიენტები მიიღოს მხოლოდ ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული სიის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ 2005 წლის მდგომარეობით, აკრედიტირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სტუდენტის ჩარიცხვის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლა, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად მოპოვებული ქულების აბსოლუტური ჯამის გადათვლა ფაკულტეტების მიერ წინასწარ დადგენილი კოეფიციენტების მიხედვით და აბიტურიენტების გადანაწილება კონკრეტული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ფაკულტეტებზე. შესაბამისად, სახელმწიფო ცნობდა და აღიარებდა მხოლოდ ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხულ სტუდენტთა განათლებას და კვალიფიკაციას. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ სწორად აღნიშნა, რომ 2005 წლიდან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის - დიპლომის ნამდვილობის დადასტურებისას ცენტრი დამატებით ამოწმებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირის კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩარიცხვის ფაქტსა და საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის მონაცემებით გადამოწმებად სხვა ინფორმაციას.

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2006 წელს პ. ხ-ი შპს „...ში“ ჩაირიცხა ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე. საქმის მასალების მიხედვით, პ. ხ-მა მონაწილეობა მიიღო ერთიან ეროვნულ გამოცდებში, თუმცა ვერ მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. პ. ხ-ის შესახებ მონაცემები არ იძებნება ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის საფუძველზე სწავლის გაგრძელების უფლების მქონე პირთა შორის. მისი მონაცემები ასევე არ იძებნება საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში. ამდენად, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2021 წლის 24 ივნისის MES 9 21 0000627097 გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე, ემყარება საქმესთან დაკავშირებული გარემოებებს და შესაბამისი ურთიერთობის მარეგულირებელ ნორმებს.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 88-ე მუხლის 11 პუნქტზე, რომლის თანახმად, ლიცენზირებული ან კანონით ლიცენზირებულად ჩათვლილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ 2005–2006 სასწავლო წლის დაწყებამდე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული, საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი აღიარებულია სახელმწიფოს მიერ, ამ დაწესებულების აკრედიტაციის მიუხედავად. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს დებულებისა და პერსონალური შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 20 ივლისის N418 ბრძანებულების შესაბამისად აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები უნდა ჩაითვალონ ამ კანონის შესაბამისი ინსტიტუციური აკრედიტაციის მქონედ 2007−2008 სასწავლო წლის დაწყებამდე. სახელმწიფოს მიერ აღიარებულად უნდა ჩაითვალოს იმ დაწესებულების სტუდენტებზე 2007−2008 სასწავლო წლის დაწყებამდე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული, საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელთაც ზემოაღნიშნული ბრძანებულების შესაბამისად უარი ეთქვათ აკრედიტაციის მინიჭებაზე.

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ შპს ,,...ს“ 2006 წელს არ ჰქონია მინიჭებული ინსტიტუციური აკრედიტაცია, რასაც იმ დროისთვის მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებდა და სასაწავლებელი საქმიანობას ახორციელებდა ლიცენზირებულ/არაავტორიზებულ რეჟიმში. ამდენად, გარდა იმისა, რომ მოსარჩელეს შესაბამისი წესით არ ჰქონდა მოპოვებული უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის უფლება, იგი სწავლობდა არააკრედიტებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

კასატორის მხრიდან მოცემულ შემთხვევასთან მიმართებაში კანონიერი ნდობის არსებობაზე მითითებასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მართალია, დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, დიპლომის გაცემასთან მიმართებაში მოქმედებს კანონიერი ნდობის პრინციპი, თუმცა მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, კანონიერი ნდობა გამოირიცხება, რამდენადაც შესაბამისი აქტი გამოცემულია დაინტერესებული პირის კანონსაწინააღმდეგო ქმედების საფუძველზე. მოსარჩელე საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაირიცხა სტუდენტის სტატუსის მოპოვებისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესის გვერდის ავლით, რაც გამორიცხავს მის მიმართ კანონიერი ნდობის პრინციპის ამოქმედების სამართლებრივ საფუძველს.

საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს კასატორის მითითებას იმ გარემოებაზე, რომ სადავო საკითხის გადაწყვეტისას არ იქნა გათვალისწინებული მის მიერ წარდგენილი დოკუმენტები და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა. სააპელაციო პალატამ სწორად აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიერ დასახელებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 20 ოქტომბრის Nბს-1065(კ-20) გადაწყვეტილების გათვალისწინება განსახილველ საქმეზე ვერ მოხდება, ვინაიდან დასახელებული საქმის ფაქტობრივი გარემობები განსხვავებულია. უზენაესმა სასამართლომ საქმე განიხილა ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწესებამდე ჩარიცხული პირის დიპლომის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე. აღნიშნული საქმისაგან განსხვავებით, მოსარჩელე ინსტიტუტში ჩაირიცხა ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწესების შემდეგ, შესაბამისი წესის გვერდის ავლით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, პ. ხ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის პირობებში, პ. ხ-ს (პირადი N...) უნდა დაუბრუნდეს 2022 წლის 15 ივლისს, N13869946908 საგადახდო დავალების საფუძველზე, საკასაციო საჩივართან დაკავშირებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. პ. ხ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 5 აპრილის განჩინება;

3. პ. ხ-ს (პირადი N...) დაუბრუნდეს 2022 წლის 15 ივლისს, N13869946908 საგადახდო დავალების საფუძველზე, საკასაციო საჩივართან დაკავშირებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე