№10661-13 5 აპრილი, 2013 წელი
ნ-ა მ.- 10661-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)
ბესარიონ ალავიძე, გიორგი შავლიაშვილი
სხდომის მდივან - გიორგი შალამბერიძის
პროკურორ - დ. ბ-ის
მსჯავრდებულ - მ. ნ-ას
ადვოკატ - გ. ქ-ას
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ მ. ნ-ას საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 21 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ხონის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 29 დეკემბრის განაჩენით მ. ნ-ა, ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა - 800 ლარი.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 11 მარტის განაჩენით მ. ნ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 6 თვით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით - 3 წლით, 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 5 წლით, 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 6 თვით, ხოლო საბოლოოდ - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 4 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო - 5 წელი - ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა - 4 000 ლარი და 5 წლით ჩამოერთვა ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში აღნიშნული უფლებები; მსჯავრდებულს სასჯელის ათვლა დაეწყო 2008 წლის 26 დეკემბრიდან.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 21 თებერვლის განჩინებით ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე მ. ნ-ა გათავისუფლდა სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელისაგან და აღუდგა ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი, მე-2, მე-3 ნაწილებით დანიშნული პირობითი მსჯავრი და განესაზღვრა 3 წლით, 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა პირობით, ამავე გამოსაცდელი ვადით.
მსჯავრდებული მ. ნ-ა საჩივარში აღნიშნავს, რომ სსკ-ის 236-ე და 260-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისას არ იყო ნასამართლევი, რის გამოც უნდა გათავისუფლებულიყო 236-ე მუხლის 1-ლი, მე-2 ნაწილებით დანიშნული სასჯელისაგან, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული სასჯელი - უნდა განახევრებოდა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებული ითხოვს გასაჩივრებული განჩინების შეცვლას მის სასიკეთოდ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ მ. ნ-ას ხონის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 29 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი - 2 წელი - ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით. ამდენად, ბოლო განაჩენით დადგენილი დანაშაულის ჩადენისას - 2008 წლის 26 დეკემბერს - მას ნასამართლობა გაქარწყლებული ჰქონდა, საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე მ. ნ-ა უნდა გათავისუფლდეს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი, მე-2 ნაწილებით დანიშნული სასჯელისაგან, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული 5 წელი - უნდა გაუნახევრდეს და განესაზღვროს 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. ვინაიდან მ. ნ-ას დანიშნული საპატიმრო სასჯელიდან მოხდილი აქვს 4 წელი, მას სასჯელი უნდა ჩაეთვალოს სრულად მოხდილად (გარდა დამატებით სასჯელად განსაზღვრული ჯარიმისა).
გასაჩივრებული განჩინება სხვა ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ მ. ნ-ას საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 21 თებერვლის განჩინება შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ: მ. ნ-ა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით დანიშნული სასჯელისაგან;
მ. ნ-ას გაუნახევრდეს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული სასჯელი - 5 (ხუთი) წელი და განესაზღვროს 2 (ორი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;
სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, მ. ნ-ას დანიშნული სასჯელი ჩაეთვალოს მოხდილად.
გასაჩივრებული განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
გ. შავლიაშვილი