Facebook Twitter

საქმე Nბს-920 (კ-21) 22 ივნისი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - მხარეთა დასწრების გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ა. ხ-ი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.06.2021წ. გადაწყვეტილება

დავის საგანი - ბინადრობის ნებართვის გაცემა და მოქმედების ვადის გაგრძელება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ა. ხ-მა 23.04.2020წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ სააგენტოს 03.04.2020წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ არის ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე და საქართველოში საკუთრებაში ერიცხება ქ. თბილისში, ...ის ქ. N9 კორპუსში მდებარე N36 ბინა. ამ ქონების მოსარჩელის საკუთრებაში ყოფნის ფაქტის გათვალისწინებით ა. ხ-ის სახელზე ორჯერ იყო გაცემული მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა, მის სახელზე გაცემული იყო აგრეთვე შრომითი ბინადრობის ნებართვაც. მოსარჩელე აკმაყოფილებს მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემისათვის კანონმდებლობით დადგენილ წინაპირობებს. გაურკვეველია სადავო აქტის გამოცემის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოხდა საქმის გარემოებათა სათანადო გამოკვლევის გარეშე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.07.2020წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. ხ-ს საკუთრებაში ერიცხება ქ. თბილისში, ...ის ქუჩა N32, N9 კორპუსში მდებარე 45.45 კვ.მ. ფართის N36 ბინა, რომელიც შპს „ი...ის“ 11.06.2018 წ. დასკვნის თანახმად შეფასებულია 47 000 აშშ დოლარად. ა. ხ-მა 17.03.2020წ. განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზნით. სააგენტომ 18.03.2020წ. წერილით ინფორმაცია გამოითხოვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან ა. ხ-ისთვის მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების შესახებ. კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 27.03.2020წ. წერილით სააგენტოს ეცნობა, რომ დეპარტამენტს მიზანშეუწონლად მიაჩნდა ა. ხ-ისთვის მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის მინიჭება. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 03.04.2020წ. გადაწყვეტილებით ა. ხ-ს, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-18 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, უარი ეთქვა მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე. სასამართლომ მიუთითა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-15 მუხლის „კ“ ქვპუნქტზე, რომლის თანახმად, მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა გაიცემა უცხოელზე, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აქვს საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე (გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა), რომლის საბაზრო ღირებულება 100 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტს აღემატება. მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გასაცემად უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულებას ადგენს სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს − აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებული ორგანოს სერტიფიცირებული შემფასებელი. ამავე კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ, ხოლო „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად კი, უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას თუ იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს. საქართველოს მთავრობის 01.09.2014 წ. №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის” 122 მუხლი განსაზღვრავს მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის მოპოვების საკითხის განხილვისათვის საჭირო საბუთების ნუსხას. „წესის“ მე-13 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად, სააგენტო უფლებამოსილია, ხოლო კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების გამოსავლენად ვალდებულია, განცხადების მიღებიდან 3 დღეში გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებისაგან. სახელმწიფო ორგანოები, ფიზიკური და იურიდიული პირები, მიმართვის მიღებიდან 5 დღეში წარუდგენენ სააგენტოს მოთხოვნილ ინფორმაციას. საქმის მასალებით დადგენილია, რომ სააგენტომ შეამოწმა მოსარჩელის მიერ წარდგენილი დოკუმენტები, მიმართა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს და მიღებული ინფორმაციის შედეგად, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ”ა” და ”გ” ქვეპუნქტების საფუძველზე, მიიღო გადაწყვეტილება მოსარჩელისათვის მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ. სასამართლომ მიუთითა „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ კანონის პირველ, მე-6, მე-7 მუხლებზე და აღნიშნა, რომ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 27.03.2020წ. წერილით მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული მოსარჩელისთვის მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის მინიჭება. სასამართლომ მიუთითა სზაკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტზე, მე-6, მე-7 მუხლებზე და აღნიშნა, რომ უცხოელისათვის ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხის გადაწყვეტა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება, იგი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად, უფლებამოსილია გამოითხოვოს ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებიდან და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. სააგენტოს ენიჭება ფართო დისკრეციული უფლებამოსილება, კანონის მიზნებისა და კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, თავად მიიღოს გადაწყვეტილება პირისათვის ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზანშეწონილობის ან მიზანშეუწონლობის შესახებ. სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დადასტურდა „შეცდომა დისკრეციაში“ - დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების კანონით დადგენილი ფარგლების გადაცილება ან/და იმ მიზნის უგულებელყოფა, რის მისაღწევადაც მას მინიჭებული აქვს იგი. სასამართლომ აღნიშნა, რომ მხედველობაში იღებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქმეს "ლუპსა რუმინეთის წინააღმდეგ" (Lupsa v. Romania, განაცხადი no 10337/04), რომლითაც პროკურატურის ბრძანებით განმცხადებლის რუმინეთის ტერიტორიაზე ყოფნა არასასურველად გამოცხადდა და ის უნდა დეპორტირებულიყო რუმინეთიდან იმ საფუძვლით, რომ რუმინეთის დაზვერვის სამსახურს მიღებული ჰქონდა "საკმარისი და სერიოზული საიდუმლო ინფორმაცია, რომ მისი საქმიანობა საფრთხეს უქმნიდა ეროვნულ უშიშროებას"(§39). ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ ეროვნული უშიშროების საფრთხე განსხვავდება ხასიათისა და ბუნების მიხედვით და ამიტომ წინასწარ რთული განმსაზღვრელია (§37), თუმცა უშიშროების მოსაზრებაზე დაყრდნობით პირს არ უნდა წაერთვას თვითნებობის წინააღმდეგ ყველა გარანტია, რაც ნიშნავს იმას, რომ შესაბამისი ღონისძიება უნდა შემოწმდეს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ორგანოს მიერ. პროკურატურას ეროვნული სასამართლოსთვის იმ დანაშაულის შესახებ, რომლის ჩადენაშიც განმცხადებელი იყო ეჭვმიტანილი, დეტალები არ უცნობებია და სასამართლო არ გასცდენია პროკურატურის ვარაუდებს და არ შეუმოწმებია მართლა წარმოადგენდა თუ არა განმცხდადებელი საფრთხეს უშიშროებისათვის (§41), ვინაიდან განმცხადებელს არ მიუღია აღმასრულებელი ხელისუფლებისაგან და ეროვნული სასამართლოსაგან მინიმალური დაცვა თვითნებობის წინააღმდეგ. საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წერილში ასახულ უარყოფით დასკვნას საფუძვლად უდევს გასაიდუმლოებული საქმიანობით მოპოვებული ინფორმაციის დამუშავების შედეგები. შესაბამისად, სააგენტო მოკლებული იყო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოცემისას წერილის საფუძვლად მითითებული გარემოებებისა და დოკუმენტაციის შემოწმების შესაძლებლობას. სასამართლომ მიიჩნია, რომ მართებულია სააგენტოს სადავო გადაწყვეტილების მოტივირება „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების გამოყენებით. ამასთან, სასამართლო გაეცნო კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილ ინფორმაციას მოსარჩელისათვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზანშეუწონლად მიჩნევის საფუძვლის დასადგენად. ინფორმაცია, საიდუმლოების შემცველობის გამო, წარმოდგენილ იქნა მხოლოდ სასამართლოსათვის და არ დაერთო საქმეს, ამასთან, მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზე ამ ნაწილში დახურულ სასამართლო სხდომაზე საიდუმლო ინფორმაციის შესწავლა და შემოწმება განხორციელდა კანონით დადგენილი წესით სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თუმცა მასში მითითებულმა ფაქტებმა ასახვა ვერ ჰპოვა სასამართლო გადაწყვეტილებაში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.07.2020წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ა. ხ-ის მიერ. აპელანტმა აღნიშნა, რომ ვინაიდან კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წერილი არის საიდუმლო, ხოლო სზაკ-ის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია გადაწყვეტილება მიიღოს მნიშვნელოვანი გარემოებების გამოკვლევის და ურთიერთშეჯერების შედეგად, სასამართლოს წარდგენილი აქვს სრულყოფილი ინფორმაცია მოსარჩელის შესახებ. აპელანტმა აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიმართ ოთხჯერ უპრობლემოდ გაიცა ბინადრობის ნებართვა, ორჯერ-შრომითი, ხოლო ორჯერ-მოკლევადიანი. თუკი აქამდე არც ერთხელ არ არსებობდა ბინადრობის ნებართვისთვის გაცემის დამაბრკოლებელი გარემოება, გაუგებარია რა გარემოება გაჩნდა რამოდენიმე თვეში პირის საფრთხის შემცველად მიჩნევისათვის. ნასამართლობის ცნობა ადასტურებს, რომ მოსარჩელე არ არის ძებნილი ან პასუხისგებაში მიცემული. აპელანტმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ მოსარჩელის საკუთრებაშია უძრავი ქონება, მდენარე თბილისი, ...ის ქ. N32 "ა", კორპ. 9, ბ.-N36, ფართით 45,45 კვ.მ., რომლის ღირებულება ოფიციალური შეფასებით შეადგენს 47 000 აშშ დოლარს, იმ შემთხვევაში თუ მოსარჩელეს არ მიეცემა მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა, ის ვერ ისარგებლებს საკუთრებით, პირს ვიდრე აქვს საკუთრებაში უძრავი ქონება, მას უფლება აქვს ჰქონდეს მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვაც, რათა ჰქონდეს იმ ქვეყანაში კანონიერად ყოფნის უფლება, სადაც აქვს საცხოვრებელი ბინა. საქართველოში უცხოელთა უფლებები გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით, "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" კანონით. ნებართვის მოთხოვნის საფუძვლები დაცულ იქნა, სრულად იყო დაცული საქართველოს მთავრობის 01.09.14წ. N5210 დადგენილებით დამტკიცებული "წესის" მოთხოვნები სასწავლო ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად წარსადგენი დოკუმენტების თაობაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.06.2021წ. გადაწყვეტილებით ა. ხ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისი საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.07.2020წ. გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ა. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 03.04.2020წ. N1000707756 გადაწყვეტილება და სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ა. ხ-ისთვის მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე. პალატამ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, მაგრამ არ მისცა მათ სათანადო სამართლებრივი შეფასება. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ პირისათვის ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხის გადაწყვეტის შესახებ შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მიზნით, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონიდან გამომდინარე, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ატარებს ადმინისტრაციულ წარმოებას, რომლის ფარგლებშიც შესაბამისი ორგანოდან გამოითხოვს ინფორმაციას საქართველოში პირის ცხოვრების მიზანშეწონილობის შესახებ. სააგენტოს ამ ქმედების აუცილებლობა მდგომარეობს იმაში, რომ გადაწყვეტილების მიღებისას გამოირიცხოს კანონის მე-18 მუხლში მითითებული ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები. სააგენტომ საქართველოს მთავრობის 01.09.2014წ. N520 დადგენილებით დამტკიცებული „წესის“ მე-13 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, შეამოწმა რა მოსარჩელის მიერ წარდგენილი დოკუმენტები, მიმართა კონტრდაზვერვის დეპარტამენტს და მიღებული ინფორმაციის შედეგად, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტების საფუძველზე, მიიღო გადაწყვეტილება მოსარჩელისათვის ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი საფუძველი გახდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წერილი მოსარჩელისთვის ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზანშეუწონლობის შესახებ. ამასთანავე, მითითებულ უარყოფით დასკვნას საფუძვლად უდევს გასაიდუმლოებული საქმიანობის შედეგად მოპოვებული ინფორმაციის დამუშავების შედეგები, რომელიც კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე დოკუმენტში ვერ აისახებოდა. პალატამ აღნიშნა, რომ უცხოელისათვის საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხის გადაწყვეტა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება. იგი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად, უფლებამოსილია გამოითხოვოს ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებიდან და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. პალატამ აღნიშნა, რომ პრიორიტეტულად მიიჩნევს სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის საკითხებს, თუმცა მიდგომა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს თანმიმდევრული და არ უნდა ქმნიდეს შეუსაბამო დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას. პალატის მიერ სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია, მოსარჩელისათვის ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზანშეუწონლად მიჩნევის საფუძვლის დასადგენად. ინფორმაცია, საიდუმლოების შემცველობის გამო წარდგენილი იქნა მხოლოდ სასამართლოსათვის და არ დაერთო საქმეს. აღნიშნული ინფორმაციის გამოკვლევა განხორციელდა კანონის მოთხოვნათა დაცვით სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თუმცა მასში მითითებული ფაქტები არ აისახა სასამართლო გადაწყვეტილებაში. პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ა. ხ-ს არაერთხელ ჰქონდა ბინადრობის ნებართვა მიღებული: სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 11.07.2018წ. გადაწყვეტილებით ა. ხ-ს 2018 წლის 12 ივლისიდან 2019 წლის 12 ივლისამდე მიეცა მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა; სააგენტოს 30.05.2019წ. გადაწყვეტილებით ა. ხ-ს მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა გაუგრძელდა 2020 წლის 31 მაისამდე. ამასთანავე, მოსარჩელე რამდენიმე წელია საქართველოში ცხოვრობს, საუბრობს ქართულ ენაზე, არის დასაქმებული, არასდროს ყოფილა ნასამართლევი და არც გამოძიების დაწყების შესახებ არსებობს რაიმე სახის მტკიცებულება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არსებობდა მოსარჩელისათვის მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის კანონით გათვალისწინებული საფუძვლები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.06.2021წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. სააგენტომ ყურადღება გაამახვილა უცხოელისათვის ბინადრობის ნებართვის მინიჭების სამართლებრივ მნიშვნელობაზე, თანამდევ შედეგებზე და აღნიშნა, რომ ბინადრობის სამართლებრივი ბუნება ანიჭებს ადმინისტრაციულ ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას - საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან ყველაზე მისაღები გადაწყვეტილების შერჩევის შესახებ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნის მიხედვით მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული მოსარჩელისათვის ბინადრობის ნებართვის მინიჭება, სააგენტო არ არის უფლებამოსილი გაეცნოს კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილ ინფორმაციას და რევიზია გაუწიოს მას. კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უარყოფითი დასკვნის არსებობის პირობებში სააგენტო მოკლებულია დადებითი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას. სადავო აქტი გამოიცა ნორმატიულად დადგენილი წესების დაცვით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება მოკლებულია სათანადო სამართლებრივ და ფაქტობრივ წანამძღვრებს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რიგი გარემოებები არ არის სათანადოდ გამოკვლეული და შეფასებული, გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც სსკ-ის 394-ე მუხლის ,,ე1“ ქვეპუნქტის თანახმად საკასაციო საჩივრის აბსოლუტურ საფუძველს ქმნის, აღნიშნული თავის მხრივ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სსკ-ის 412-ე მუხლის საფუძველზე საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების წინაპირობაა.

საქმის მასალებით დგინდება, რომ ა. ხ-ი არის ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე, რომელიც რამდენიმე წელია იმყოფება საქართველოში. ა. ხ-ს საკუთრებაში ერიცხება ქ. თბილისში, ...ის ქ. N32-ში, N9 კორპუსში მდებარე 45,45 კვ.მ. ფართის N36 ბინა. უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების დადგენის შესახებ შპს „ი...ის“ მიერ 2018წ. მომზადებული ანგარიშის მიხედვით (ხელმომწერი გ. ც-ი), ა. ხ-ის საკუთრებაში რიცხული ფართი შეფასებულია 47 000 აშშ დოლარად (115 300 ლარად). დადგენილია აგრეთვე, რომ ა. ხ-ის სახელზე ორჯერ იყო გაცემული მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა, კერძოდ, სსიპ სახელმწიფო სერივსების განვითარების სააგენტოს 11.07.2018წ. გადაწყვეტილებით ა. ხ-ის სახელზე გაიცა მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა 2019 წლის 12 ივლისამდე მოქმედების ვადით, ხოლო სააგენტოს 30.05.2019წ. გადაწყვეტილებით ა. ხ-ს გაუგრძელდა მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა 2020 წლის 31 მაისამდე. 17.03.2020წ. ა. ხ-მა კვლავ მიმართა სააგენტოს მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის მოპოვების მიზნით, თუმცა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 03.04.2020წ. სადავო გადაწყვეტილებით მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონს მე-18 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებზე მითითებით. სააგენტოს გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 27.03.2020წ. დასკვნა, რომლის მიხედვით კანონის მე-18 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების გათვალისწინებით მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული ა. ხ-ის სახელზე მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოში უცხოელის შემოსვლა თუ გარკვეული დროით ყოფნა, მათ შორის საქართველოში მდებარე უძრავ ქონებაზე უცხოელის საკუთრების უფლების ქონის შემთხვევაში, არ არის აბსოლუტური უფლება, სათანადო საფუძვლების არსებობისას აღნიშნული უფლება შეიძლება შეიზღუდოს, ამ მიმართულებით სახელმწიფოს შეფასების ფართო ფარგლები აქვს, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც საკითხი უკავშირდება სახელმწიფო თუ საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვას. ის, რომ სახელმწიფოს, მასზე დაკისრებული საჯარო წესრიგის უზრუნველყოფის ვალდებულებიდან გამომდინარე, აქვს თავის ტერიტორიაზე უცხოელთა შესვლის, დარჩენის და ყოფნის ხანგრძლივობის კონტროლის უფლება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში განიმარტა: კონვენცია არ ახდენს კონკრეტულ ქვეყანაში უცხოელის შესვლისა და ყოფნის უფლების უზრუნველყოფას (იხ. მაგ. 20.06.2002წ. „Al-Nashif v. Bulgaria“ (§114), 06.12.2007წ. „Liu v. Russia“ (§49), 28.06.2011წ. ,,Nunez v. Norway“ (§66), 21.06.1988წ. „Berrehab v. the Netherlands“ (§28), 03.10.2014წ. „Jeunesse v. The Netherlands“ (§100), 13.12.2012წ. „De Souza Ribeiro v. France“ (§77), 24.04.1996წ. „Boughanemi v. France“(§41) და სხვ.), შესაბამისად, ა. ხ-ის მიერ სააპელაციო საჩივარში მოყვანილი მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ მისთვის გარანტირებული უნდა იყოს საქართველოში ბინადრობა, ვიდრე საკუთრებაში შესაბამისი უძრავი ქონება ერიცხება, საფუძველს მოკლებულია. სათანადო ნორმატიული წინაპირობების არსებობის შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილია უარი თქვას უძრავი ქონების მესაკუთრე უცხოელზე ბინადრობის ნებართვის გაცემაზე, თუმცა სახელმწიფოს მიერ უცხოელთა მიმართ განხორციელებული ქმედებები სათანადო ნორმატიულ საფუძველს უნდა ეფუძნებოდეს. საქართველოში უცხოელთა შემოსვლის, ყოფნის და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს არეგულირებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონი, რომლის თანახმად საქართველოში შემოსვლის და ყოფნის ერთ-ერთი საფუძველია ბინადრობის ნებართვა (მე-5 მუხ. „ბ“ ქვ.პ.), მისი გაცემა ხდება საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე, უკეთუ იგი კანონით განსაზღვრულ წინაპირობებს აკმაყოფილებს (14.1 მუხ.). კანონის მე-15 მუხლი ადგენს ბინადრობის სახეებსა და კონკრეტული სახის ბინადრობის ნებართვის გაცემის ფორმალურ წინაპირობებს. კანონის მე-15 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ბინადრობის ნებართვის სახეებს შორის სახელდება მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა უცხოელზე, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აქვს საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე, თუმცა მნიშვნელობა ენიჭება უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულებას. ამასთანავე, ნორმის სხვადასხვა დროს მოქმედი რედაქცია მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელ წინაპირობად უცხოელის საკუთრებაში მყოფი უძრავი ნივთის სხვადასხვა ღირებულებაზე უთითებდა. ა. ხ-ის სახელზე მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა თავდაპირველად გაიცა სააგენტოს 11.07.2018წ. გადაწყვეტილებით. „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-15 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის ამ პერიოდში მოქმედი რედაქციის მიხედვით მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა გაიცემოდა უცხოელზე, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით ჰქონდა საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე, რომლის საბაზრო ღირებულება 35000 აშშ დოლარს (ეკვივალენტს ლარში) აღემატებოდა. შეფასების დასკვნის მიხედვით, ა. ხ-ის საკუთრებაში რიცხული ფართი 47 000 აშშ დოლარად იყო შეფასებული, ამდენად, სააგენტოს 11.07.2018წ. გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის ნორმატიულად დადგენილი ფორმალური წინაპირობების გათვალისწინებით. ამის შემდგომ, ვინაიდან მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა 2019 წლის 12 ივლისამდე მოქმედებდა, ა. ხ-მა 01.05.2019წ. კვლავ მიმართა სააგენტოს, რომლის 30.05.2019წ. გადაწყვეტილებით ა. ხ-ის განცხადება დაკმაყოფილდა და მოსარჩელეს გაუგრძელდა მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა. ა. ხ-ის მიერ სააგენტოში 01.05.2019წ. განცხადების წარდგენისას, ასევე სააგენტოს მიერ ბინადრობის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ 30.05.2019წ. გადაწყვეტილების გამოცემისას მოქმედი იყო კანონის მე-15 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის კვლავ ის რედაქცია, რომელიც მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის აუცილებელ წინაპირობად უცხოელის საკუთრებაში რიცხული უძრავი ნივთის მინიმალურ საბაზრო ღირებულებად 35 000 აშშ დოლარს ადგენდა. მართალია „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" 30.05.2019წ. N4741 კანონით ნორმაში - მე-15 მუხლის „კ“ ქვეპუნქტში შეტანილ იქნა ცვლილება და უძრავი ნივთის მინიმალურ საბაზრო ღირებულებად მიეთითა 100 000 აშშ დოლარი, თუმცა აღნიშნული ცვლილება ამოქმედდა გამოქვეყნებიდან 31-ე დღეს (30.05.2019წ. N4741 კანონის მე-3 მუხ.), ხოლო მისი ოფიციალური წესით გამოქვეყნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნის“ ვებგვერდზე 05.06.2019წ. მოხდა. ამდენად, ა. ხ-ისათვის მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის ვადის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ამოქმედდა კანონის მე-15 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის ახალი რედაქცია, რომელიც მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის აუცილებელ წინაპირობად უცხოელის საკუთრებაში რიცხული უძრავი ნივთის მინიმალურ საბაზრო ღირებულებად 100 000 აშშ დოლარს ადგენდა. ნორმის სწორედ ამ რედაქციის მოქმედების პირობებში - 17.03.2020წ. ა. ხ-მა კვლავ მიმართა სააგენტოს, თუმცა საქმის მასალებით ერთმნიშვნელოვნად არ დგინდება განმცხადებლის მოთხოვნა, გაურკვეველია ა. ხ-ი ითხოვდა ბინადრობის მოქმედების ვადის გაგრძელებას თუ ბინადრობის ნებართვის გაცემას. გასათვალისწინებელია, რომ სააგენტოს 30.05.2019წ. გადაწყვეტილებაში, რომლითაც მოსარჩელეს ბინადრობის ნებართვის ვადა გაუგრძელდა, მითითებული იყო, რომ ა. ხ-ი ითხოვდა სახელდობრ ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელებას (და არა ბინადრობის ნებართვის გაცემას). ა. ხ-ის 17.03.2020წ. განცხადებაზე მიღებულ იქნა სააგენტოს სადავო 03.04.2020წ. გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, სააგენტომ იმსჯელა ა. ხ-ისთვის საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე, გადაწყვეტილების პირველი პუნქტის მიედვით, არ დაკმაყოფილდა ა. ხ-ის განცხადება მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე. ამდენად, ირკვევა, რომ ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელებისა და ბინადრობის ნებართვის გაცემის ნორმატიულად დადგენილი გამიჯვნის პარალელურად, პრაქტიკაშიც ხდება მათი დიფერენცირება და სააგენტოსათვის მიმართვისას შესაძლებელია ბინადრობის ნებართვის მოქმედების გაგრძელების ან ბინადრობის ნებართვის გაცემის მოთხოვნა. სადავო აქტის მიხედვით, ა. ხ-მა მოითხოვა არა მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელება, არამედ ახალი მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემა (სადავო აქტის მიხედვით სააგენტომ განიხილა განცხადება საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე, გადაწყვეტილების 1-ლი პუნქტის თანახმად განმცხადებელს უარი ეთქვა მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვაზე). ამასთანავე, ამ კუთხით მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ საქმეში დაცული 17.03.2020წ. განცხადების სამახსოვრო ბარათის (ს.ფ. 47-48) მიხედვით, სააგენტოში ა. ხ-ის მიერ წარდგენილ განცხადებაზე თანდართული არ ყოფილა უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების დამდგენი დოკუმენტი.

"უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" კანონის 17.10 მუხლის შესაბამისად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხი განიხილება და წყდება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. საქართველოს მთავრობის 01.09.2014წ. N520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ სადავო აქტის გამოცემისას მოქმედი რედაქციის (ისევე როგორც ამჟამად მოქმედი რედაქციის) მიხედვით, ერთმანეთისაგან იმიჯნებოდა ბინადრობის ნებართვის მიღების და ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით უცხოელის მიერ წარდგენილი განცხადება, „წესის“ 3.1 მუხლის თანახმად, უცხოელი განცხადებით მიმართავდა სააგენტოს ბინადრობის ნებართვის მიღების ან მისი მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით. ბინადრობის ნებართვის მიღებისა და გაგრძელების შესახებ უცხოელის მოთხოვნები იმიჯნებოდა აგრეთვე „წესის“ სხვა ნორმებშიც, მაგ.: 3.11, 3.2, 3.3, 13.3 მუხ.. ამდენად, სააგენტოსთვის მიმართვისას უცხოელის განცხადებაში სათანადოდ უნდა ყოფილიყო ფორმულირებული მისი მოთხოვნა, უნდა დადგენილიყო უცხოელი ითხოვდა ახალი ბინადრობის ნებართვის გაცემას თუ მის სახელზე უკვე გაცემული ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელებას. აღნიშნულ გარემოებას მნიშვნელობა ენიჭებოდა სააგენტოში წარსადგენი დოკუმენტაციის განსაზღვრის კუთხით. მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად უცხოელს სააგენტოში უნდა წარედგინა საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ უძრავ ნივთზე, რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება 100 000 აშშ დოლარს, უცხოელის საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, ასევე ნივთის საბაზრო ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტი (122.1 მუხ. „დ“, „ე“ ქვ.პ.), ბინადრობის მოსაპოვებლად საჭირო ყველა დოკუმენტი წარდგენილი უნდა ყოფილიყო განცხადებასთან ერთად (13.1 მუხ.), თუმცა დაშვებული იყო გამონაკლისიც, კერძოდ, მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელებისას თუ უცხოელი ინარჩუნებს საკუთრებას იმ უძრავ ნივთზე, რომლის საფუძველზეც გაცემულ იქნა მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა, იგი თავისუფლდებოდა უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულების ხელახალი შეფასების წარდგენის ვალდებულებისგან (15.7 მუხ.). ამდენად, მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით წარდგენილ განცხადებას თან უნდა დართვოდა ქონების საბაზრო ღირებულების დამდგენი დოკუმენტი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოთხოვნილი იყო მხოლოდ ბინადრობის ნებართვის მოქმედების გაგრძელება. გარდა ამისა უცხოელის მოთხოვნის ზუსტ იდენტიფიცირებას განმსაზღვრელი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს უცხოელისთვის ბინადრობის ნებართვის მინიჭების ფორმალური წინაპირობების კონტექსტში, რადგან როდესაც განცხადებით მოთხოვნილია ბინადრობის ნებართვის გაცემა ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია იხელმძღვანელოს განცხადების წარდგენისას მოქმედი კანონმდებლობით, ხოლო გაცემული ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელების მოთხოვნის შემთხვევაში შესაძლოა არ არსებობდეს ასეთი საჭიროება, რადგან საქართველოს მთავრობის 01.09.2014წ. N520 დადგენილებით დამტკიცებული „წესის“ სადავო აქტის გამოცემისას მოქმედი რედაქციის 15.7 მუხლის მიხედვით, მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა გრძელდებოდა იმავე პირობებით, რომლებითაც გაიცა იგი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას უნდა დაედგინა ა. ხ-ის ის მოთხოვნა, რომელზეც სააგენტოს სადავო აქტი იქნა გამოცემული. უკეთუ ა. ხ-ი ითხოვდა ახალი ბინადრობის ნებართვის გაცემას, როგორც ეს სადავო აქტშია მითითებული, მაშინ მის მიერ სააგენტოში წარდგენილ განცხადებას უნდა დართვოდა უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების დამდგენი დოკუმენტი, რაც არ წარდგენილა, ამავე დროს განცხადება სააგენტოს მიერ დაუბრკოლებლად იქნა წარმოებაში მიღებული, მასზე რაიმე ფორმალური ხარვეზი არ დაფიქსირებულა. ამდენად, საქმეში დაცული მასალებიდან ერთმნიშვნელოვნად ვერ დგინდება ა. ხ-ის მიერ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში წარდგენილი განცხადების შინაარსი, მისი მოთხოვნის ფორმულირება, სააგენტოში განცხადება წარდგენილია ფორმულარის შევსების გზით, რომელშიც მონიშნულია განმცხადებლის დაინტერესებაში მყოფი ბინადრობის ნებართვის სახე, თუმცა არ არის აღნიშნული ბინადრობის ნებართვის ამ სახესთან მიმართებით განმცხადებლის მოთხოვნა, რის გამო საკასაციო პალატა მოკლებულია საკითხის არსებითად გადაწყვეტის შესაძლებლობას. სააპელაციო სასამართლოს საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევის შედეგად უნდა გამოერკვია აღნიშნული გარემოება და ეხელმძღვანელა სათანადო ნორმატიული მოწესრიგებით. უკეთუ ა. ხ-ი მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემას და არა მოქმედების ვადის გაგრძელებას ითხოვს, მაშინ გამოყენებულ უნდა იქნეს 17.03.2020წ. განცხადების წარდგენისას და სადავო 03.04.2020წ. აქტის გამოცემისას მოქმედი ნორმის რედაქცია, რომლის თანახმად, მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა გაიცემოდა საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე უძრავი ნივთის (გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა), რომლის საბაზრო ღირებულება აღემატებოდა 100 000 აშშ დოლარს (და არა 35 000 აშშ დოლარს), მესაკუთრე უცხოელზე. მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გასაცემად უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულებას ადგენდა სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს − აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებული ორგანოს სერტიფიცირებული შემფასებელი ("უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" კანონის მე-15 მუხ. "კ" ქვ.პ.). ამასთანავე მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ მართალია საქმეში დაცულია „შემფასებელთა და ექსპერტთა პროფესიული განვითარების ცენტრის სერტიფიკაციის ორგანოს“ მიერ შემფასებლის გ. ც-ის შესაბამისობის სერთიფიკატი, თუმცა არ გამოკვლეულა თავად სერთიფიკატის გამცემი სუბიექტი - „შემფასებელთა და ექსპერტთა პროფესიული განვითარების ცენტრის სერტიფიკაციის ორგანო“ რამდენად იყო უფლებამოსილი პირის - აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებული.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ბინადრობის ნებართვის გაცემის პროცედურა, სააგენტოში წარდგენილი განცხადების საფუძვლიანობის შემოწმება პირობითად ორ ნაწილად შეიძლება დაიყოს. პირველ ეტაპზე უნდა დადგინდეს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონით განსაზღვრულ ფორმალურ მოთხოვნათა დაცულობა, როგორებიცაა: უფლებამოსილი პირის მიერ განცხადების წარდგენა, სააგენტოში განცხადების კანონით დადგენილი ფორმით შეტანა, ასევე ბინადრობის ნებართვის კონკრეტული სახის გაცემისთვის საჭირო კანონით დადგენილი დოკუმენტაციის წარდგენა. უკეთუ აღნიშნული წინაპიროები სახეზეა და არ არსებობს ბინადრობის ნებართვის გაცემის დამაბრკოლებელი ფორმალური საფუძვლები, განცხადება პირობითად გადადის მეორე ეტაპზე და მოწმდება „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-18 მუხლის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობა, რომელიც მოიცავს სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების და წესრიგის დაცვის უზრუნველსაყოფის საკითხებს. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ უკეთუ სააგენტოში წარდგენილი განცხადება არ აკმაყოფილებს ნორმატიულად დადგენილ ფორმალურ წინაპირობებს, აღნიშნული დამოუკიდებლად ქმნის ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძველს (კანონის 18.1 მუხ. „ი“ ქვ.პ.) ისე, რომ შემოწმებას აღარ საჭიროებს განცხადების შინაარსობრივი მხარე, კონკრეტულ პირზე ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზანშეწონილობა, ბინადრობის ნებართვის გაცემის გავლენა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა თუ წესრიგის დაცვაზე. ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატას არ დაუდგენია ა. ხ-ის მოთხოვნა, აღნიშნულმა თავის მხრივ გამოიწვია იმ ნორმატიული მოთხოვნების დაუდგენლობა, რომელთა შესაბამისიც უნდა ყოფილიყო ა. ხ-ის 17.03.2020წ. განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია, შესაბამისად, ვერ ირკვევა აგრეთვე კონკრეტულ შემთხვევაში ნორმატიულად დადგენილ ფორმალურ მოთხოვნათა დაცულობა. უკეთუ დადგინდება, რომ ა. ხ-ის 17.03.2020წ. განცხადება არ შეესაბამებოდა ნორმატიულად დადგენილ ფორმალურ მოთხოვნებს, აღნიშნული წარმოშობდა მოსარჩელის განცხადებასთან მიმართებით ნეგატიური სამართლებრივი შედეგის დადგომის საფუძველს, რაც გამორიცხავდა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-18 მუხლის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის დასადგენად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან ინფორმაციის გამოთხოვის საჭიროებას.

განსახილველ შემთხვევაში, ა. ხ-ის განცხადების ნორმატიულად დადგენილ ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობაზე მსჯელობის გარეშე, სააპელაციო პალატამ შეაფასა კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უარყოფითი დასკვნა და მიიჩნია, რომ არ არსებობდა ბინადრობის ნებართვის გაცემის დამაბრკოლებელი საფუძვლები. პალატამ მიუთითა აგრეთვე იმ გარემოებებზე, რომ მოსარჩელეს არაერთხელ ჰქონდა მიღებული ბინადრობის ნებართვა, იგი რამდენიმე წელია ცხოვრობს საქართველოში, საუბრობს ქართულ ენაზე, არის დასაქმებული და ნასამართლევი არასდროს ყოფილა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ წარსულში უცხოელის სახელზე ბინადრობის ნებართვის გაცემა იმთავითვე არ გულისხმობს უცხოელის ყოველი შემდგომი მოთხოვნის დაკმაყოფილების სავალდებულოობას. მართალია როდესაც სახელმწიფო უცხოელს ქვეყნის ტერიტორიაზე ყოფნის უფლებას აძლევს, ამით სახელმწიფო უშვებს უცხოელის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვის, მის მიერ ურთიერთობების დამყარების შესაძლებლობას, თუმცა აღნიშნული არ ავალდებულებს სახელმწიფოს მუდმივად აცხოვროს ასეთ ურთიერთობებში მყოფი უცხოელი თავის ტერიტორიაზე და მსგავს სიტუაციაში ადამიანებს ზოგადად არ უნდა ჰქონდეთ ბინადრობის ნებართვის მიღების მოლოდინი. ყურადღება აუცილებლად უნდა გამახვილდეს ინდივიდის და მთლიანი საზოგადოების დაპირისპირებულ ინტერესებს შორის სამართლიან ბალანსზე (03.10.2014წ. „Jeunesse v. the Netherlands“ (§103, 106)). შესაბამისად, ის გარემოება, რომ ა. ხ-ს შენარჩუნებული აქვს საკუთრება უძრავ ნივთზე, არ გულისხმობს სააგენტოს ვალდებულებას დააკმაყოფილოს მისი განცხადება ყოველი შემდგომი მოთხოვნისას, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ უარი არ იყოს თვითნებური და ეფუძნებოდეს შესაბამის დასაბუთებას, კონტროლის სფეროდან აღმასრულებელი ხელისუფლების გადაწყვეტილება არ გამოირიცხება მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ დასაბუთებისას მან ტერმინი „ეროვნული უშიშროება“ მოიშველია (20.06.2002წ. „Al-Nashif v. Bulgaria“ (§121), 24.04.2008წ. „C.G. and others v. Bulgaria“ (§40, 43, 57)). ბინადრობის გაცემის ვალდებულებას არ წარმოშობს აგრეთვე ა. ხ-ის მიერ დანაშაულის ჩაუდენლობა, საქართველოში დასაქმებისა და ცხოვრების ფაქტი. აღნიშნულ გარემოებებს შესაძლოა მნიშვნელობა მიენიჭოს საქმის გარემოებათა ერთობლივი შეფასების კონტექსტში, ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზანშეწონილობის დასაბუთების საკითხზე მსჯელობისას, საჯარო და კერძო ინტერესთან ურთიერთშეპირისპირებისას, თუმცა ამ გარემოებათა არსებობა იმთავითვე არ გამორიცხავს უცხოელის მიერ წარდგენილი განცხადების მოთხოვნის კონკრეტულად იდენტიფიცირებისა და კანონთან შესაბამისობის დადგენის საჭიროებას.

კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უარყოფითი დასკვნის არსებობის პირობებში სააგენტო ვერ მიიღებდა დადებით გადაწყვეტილებას, რადგან მოკლებულია დეპარტამენტის დასკვნის გაცნობისა და რევიზიის შესაძლებლობას, არ ასაბუთებს სადავო აქტის კანონიერებას, რადგან „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ კანონით დადგენილია სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების წესი, კანონი ითვალისწინებს სახელმწიფო საიდუმლოებასთან როგორც სახელმწიფო ორგანოს, ასევე ინდივიდუალური დაშვების უზრუნველყოფას (მე-19, მე-20 მუხ.). სახელმწიფო საიდუმლოებასთან სახელმწიფო ორგანოს დაშვება გაიცემა იმ სახელმწიფო ორგანოზე, დაწესებულებაზე, რომელსაც აქვს ფიზიკური, ტექნიკური და ორგანიზაციული შესაძლებლობა სათანადოდ მოეპყრას სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას და აქვს ასეთი ინფორმაციის გაცნობის საჭიროება (19.1 მუხ.). განსახილველ შემთხვევაში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხზე გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილი ორგანოა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო („უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის 14.1 მუხ.) და არა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომლის დასკვნაც არის სააგენტოს გადაწყვეტილების განმსაზღვრელი ერთ-ერთი და არა ერთადერთი ფაქტორი. სააგენტოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღება არ გულისხმობს გადაწყვეტილების საქმის გარემოებათა სათანადო გამოკვლევის გარეშე მიღების შესაძლებლობას. კონტრდაზვერვის დეპარტამენტის განმარტება ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზანშეუწონლობის შესახებ კონკრეტული საიდუმლო ინფორმაციის დამუშავებას ემყარება, შესაბამისად, სააგენტო ვალდებულია მოქმედი ნორმატიული მოწესრიგების ფარგლებში, თავის უფლებამოსილებათა კანონშესაბამისად შესასრულებლად, განახორციელოს სათანადო მოქმედებები შესაბამისი დასკვნის შინაარსთან დაშვების უზრუნველყოფის მიზნით (სუსგ 06.04.2023წ. Nბს-631(კ-21), 26.01.2023წ. Nბს-1190(კ-21), 26.01.2023წ. Nბს-115(კ-22)), თუმცა აღნიშნული ქმედებების განხორციელების საჭიროება დგება მხოლოდ უცხოელის მიერ წარდგენილი განცხადების ფორმალური გამართულობის შეთხვევაში, რომელიც სააგენტომ კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან ინფორმაციის გამოთხოვამდე უნდა გადაამოწმოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სააგენტომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან შესაძლოა გამოითხოვოს ისეთი ინფორმაცია, რომელიც მას გადაწყვეტილების მისაღებად რეალურად არც ჭირდება, რაც ადმინისტრაციული ორგანოების რესურსების დაუსაბუთებელ ხარჯვასა და განცხადებაზე გადაწყვეტილების მიღების პერიოდის უსაფუძვლო გახანგრძლივებას გამოიწვევს. საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას იმ გარემოებაზე, რომ კანონით დადგენილ წინაპირობებთან განცხადების შეუსაბამობა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საკმარის საფუძველს ქმნის და უცხოელის საქართველოში ყოფნის მიზანშეწონილობის საკითხის გამორკვევას აღარ საჭიროებს. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკითხის გადაწყვეტისას მიზანშეწონილობის ასპექტებზე მსჯელობის საჭიროება დგება კანონიერების ასპექტის დადებითად გადაწყვეტის შემდეგ. ამდენად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაცული, ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზანშეუწონლად მიჩნევის საფუძვლად არსებული ინფორმაციის შეფასება დღის წესრიგში დადგება ა. ხ-ის განცხადების ნორმატიულად დადგენილ წინაპირობებთან შესაბამისობის დადასტურების შემდეგ.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-15 მუხლის შესაბამისი ქვეპუნქტები ბინადრობის ნებართვის თითოეულ სახესთან მიმართებით ადგენს იმ მინიმალურ მოთხოვნებს, რომელთაც უცხოელის მიერ სააგენტოში წარდგენილი განცხადება უნდა აკმაყოფილებდეს. ამ მოთხოვნათა დაუცველობის, საჭირო დოკუმენტაციის სააგენტოში წარუდგენლობის ნეგატიური სამართლებრივი შედეგები სწორედ დაინტერესებული პირის პასუხისმგებლობის სფეროში ექცევა. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია 17.03.2020წ. ა. ხ-ის მიერ სააგენტოსთვის ბინადრობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით მიმართვის ფაქტი, ასევე დადგენილად ჩაითვალა, რომ არსებობდა მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის საფუძვლები. ამის მიუხედავად სააპელაციო პალატამ არ იმსჯელა ბინადრობის ნებართვის გაცემის მოთხოვნის წარდგენისას მოქმედ ნორმატიულ მოწესრიგებაზე, თუმცა მოახდინა კანონის მე-15 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის 17.03.2020წ. განცხადების წარდგენისას მოქმედი რედაქციის ციტირება, რომელიც უცხოელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მინიმალურ ფასად 100 000 აშშ დოლარს და არა 35 000 აშშ დოლარს (ეკვივალენტი ლარში) ასახელებს. ამასთანავე, სააპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას ბინის 47000 აშშ დოლარად შეფასების შესახებ. ამდენად, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია ისეთი ფაქტობრივი გარემოებები და გამოიყენა ისეთი ნორმატიული მოწესრიგება, რომელთა ერთობლივი შეფასებაც გადაწყვეტილებით დამდგარ სამართლებრივ შედეგს - სარჩელის დაკმაყოფილებას გამორიცხავდა, რადგან თუ ა. ხ-ი უძრავი ნივთის საკუთრებაში ყოფნის საფუძვლით მოითხოვდა არა გაგრძელებას, არამედ მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემას, როგორც ამას მოსარჩელე და ქვედა ინსტანციის სასამართლოები უთითებენ, მაშინ ამ პერიოდში მოქმედი ნორმატიული მოწესრიგების გათვალისწინებით, განცხადების დასაკმაყოფილებლად ა. ხ-ის საკუთრებაში არსებული ფართის საბაზრო ღირებულება უნდა ყოფილიყო 100 000 აშშ დოლარზე მეტი, თუმცა ა. ხ-ის საკუთრებაში რიცხული ფართი 47 000 აშშ დოლარად იყო შეფასებული.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში ასახული მოსაზრებები არ ასაბუთებს საქმეზე დამდგარ სამართლებრივ შედეგს, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველს ქმნის.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით, 53-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.06.2021წ. გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების დადგენისას;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. გოგიაშვილი