Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-248(გ-23) 11 ივლისი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, 26-ე მუხლის მე–3 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სს ,,...ის‘’ სარჩელთან დაკავშირებით დავა განსჯადობის თაობაზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიასა და სამოქალაქო საქმეთა კოლეგიებს შორის.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2022 წლის 28 ოქტომბერს სს ,,...ამ‘’ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.

მოსარჩელემ სს ,,...ის“ გარანტიების მიღებაზე უარის თქმის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილების, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის სს ,,...ის“ მიერ გაცემული გარანტიის მიღების აკრძალვის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისათვის სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ ურთიერთობაში სს ,,...ას“ მიერ გაცემული საბანკო გარანტიების დაუბრკოლებლად მიღებისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის გამგეობებისათვის სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ ურთიერთობებში სს ,,...ის‘’ მიერ გაცემული საბაკო გარანტიების დაუბრკოლებლად მიღების დავალება მოითხოვა.

ამავე სარჩელით, მოსარჩელემ იშუამდგომლა დროებითი განჩინების გამოტანის შესახებ, რომლითაც დაევალება ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დავის გადაწყვეტამდე სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ ურთიერთობაში დამოუკიდებლად მიიღოს სს ,,...ის“ მიერ გაცემული გარანტიები, ასევე ქ.თბილისის მერიას დაევალება გააუქმოს მიმართვა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ შპს ,,...ის“ მიერ გამოცემული საბანკო გარანტიათა მიღებაზე უარის თქმის შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით სს ,,...ის‘’ სარჩელი, მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ, განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1 მუხლზე და განმარტა, რომ დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ კატეგორიად მიჩნევისათვის საჭიროა მოსარჩელის მოთხოვნა იურიდიულად ეფუძნებოდეს ადმინისტრაციული სამართლის ნორმებს, კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ანუ მოსარჩელის მიმართ მითითებული უფლების (უფლებების) დარღვევა თავისი არსითა და შინაარსით, განპირობებული უნდა იყოს მოპასუხის მხრიდან საჯარო მატერიალური სამართლის შესაბამისი საკანონმდებლო ნორმების დარღვევით. ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვას განაპირობებს საქმეში ადმინისტრაციული ორგანოს მონაწილეობა და/ან საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობით მოწესრიგებული სამართალურთიერთობიდან წარმოშობილი დავის საგნის არსებობა.

კონკრეტულ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა მოსარჩელე სს ,,...ის‘’ მიერ გაცემულ იქნა შპს ,,ა...ის‘’ (პრინციპალი) სასარგებლოდ საბანკო გარანტია, რის საფუძველზეც უზრუნველყოფილი იქნა პრინციპალის მიერ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ ნაკისრი სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულება, ხოლო სარჩელით მოთხოვნილია: ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილების სს ,,...ის“ გარანტიების მიღებაზე უარის თქმის შესახებ; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილების ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის გამგეობისთვის სს ,,...ის“ მიერ გაცემული გარანტიის მიღების აკრძალვის შესახებ ბათილად ცნობა; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის დავალდებულება სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ ურთიერთობაში დაუბრკოლებლად მიიღოს სს ,,...ის“ მიერ გაცემული საბანკო გარანტიები და ასევე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის გამგეობებს დაევალოთ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ ურთიერთობებში დაუბრკოლებლად მიიღონ სს ,,...ის‘’ მიერ გაცემული საბაკო გარანტიები.

სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 879-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, საბანკო გარანტიის ძალით ბანკი, სხვა საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია (გარანტი) სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულად თანხას გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. ამავე კოდექსის 881-ე მუხლის თანახმად, საბანკო გარანტიით გათვალისწინებული გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის წინაშე მათ შორის ურთიერთობისას არ არის დამოკიდებული იმ ძირითად ვალდებულებაზე, რომლის შესრულების უზრუნველსაყოფადაც არის ის გაცემული, მაშინაც კი, როცა გარანტია შეიცავს მითითებას ამ ვალდებულებაზე. ამასთან, 885-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბანკო გარანტიით ბენეფიციარის მოთხოვნა ფულადი თანხის გადახდის შესახებ უნდა წარედგინოს გარანტს წერილობითი ფორმით, გარანტიაში მითითებული დოკუმენტების დართვით. მოთხოვნაში ან მის დანართში ბენეფიციარმა უნდა მიუთითოს, თუ რაში გამოიხატება პრინციპალის მიერ ძირითადი ვალდებულების დარღვევა, რომლის უზრუნველსაყოფადაც გაიცა გარანტია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველი დავის ფარგლებში, საბანკო გარანტიისაგან დამოუკიდებლად, შეუძლებელია მოსარჩელის მიერ მითითებული სადავო გარემოებების გამორკვევა და შესაბამისად, საკითხის სასამართლო წესით გადაწყვეტა. ადმინისტრაციულმა კოლეგიამ განმარტა, რომ მხარის მიერ სასარჩელო მოთხოვნების ფორმალურად, ადმინისტრაციული დავისთვის განსაზღვრული სახით ჩამოყალიბება ვერ აქცევს დავას ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველად. განსჯადობის გამორკვევისას, სასამართლო აფასებს არა მხოლოდ წერილობით სასარჩელო მოთხოვნას თუ რა ფორმულირებითაა იგი წარმოდგენილი, არამედ თავად სამართალურთიერთობას, მხარის ინტერესსა და საკითხის მომწესრიგებელ კანონმდებლობას, რომელსაც ეყრდნობა სადავო საკითხები. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სს ,,...ის‘’ სარჩელის შემთხვევაში, სამართალურთიერთობა, არ გამომდინარეობდა ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია არ დაეთანხმა დავის სამოქალაქო წესით განხილვას და 2023 წლის 30 იანვრის განჩინებით სს „...ის“ სარჩელი მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ აქტის ბათილად ცნობისა და ქმედების განხორციელების თაობაზე, სასამართლოს საგნობრივი განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადმოუგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განმარტებით, კანონმდებელმა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც წარმოშობილია იმ სამართალურთიერთობიდან, რომელიც საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობითაა მოწესრიგებული.

სასამართლომ მიუთითა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-2 მუხლზე, ამავე კანონის მე-10 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე, მე-13 მუხლზე და განმარტა, რომ თუ დადგენილ გარემოებად მიიჩნევა, მოსარჩელის მითითებას მასზედ, რომ კონკრეტული მიზეზით (მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის 47764.17 ლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის გამო) მოპასუხე და მისი დავალებით მისი ქვემდებარე პირები არ იღებენ მოსარჩელის მიერ გაცემულ საბანკო გარანტიას, მაშინ აღნიშნული ვითარება იდენტური იქნება იმ შემთხვევისა, რომ სატენდერო პირობებში გაწერილი იყოს დათქმა იმის შესახებ, რომ მოსარჩელის მიერ გაცემული საბანკო გარანტიები არ მიიღება.

კოლეგიის მითითებით, სასამართლოს მიერ განსახილველი დავის გადაწყვეტის დროს გამოყენებულ უნდა იქნეს ზემოთ მოცემული ადმინისტრაციული კანონმდებლობა. კერძოდ, უნდა შეფასდეს სახელმწიფო შესყიდვების სფეროში ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების/მოქმედების კანონიერების საკითხი თავისუფალი და სამართლიანი კონკურენციისა და არამართლზომიერი შეზღუდვისაგან დაცვის პრინციპებთან მიმართებით. გარდა ამისა, დავის ერთი მხარე ადმინისტრაციული ორგანოა, სადავო ურთიერთობათა მოწესრიგება ემსახურება საჯარო ინტერესს (ჯანსაღი კონკურენციის განვითარება) და დავის მხარეთა შორის სადავოა სუბორდინაციული ხასიათის ურთიერთობა (შემსყიდველი ორგანიზაცია ადგენს მოთხოვნებს).

კოლეგიამ მიუთითა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებაზე, რომლის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლის მოსარჩელისადმი პირდაპირი და უშუალო ზიანის არსებობის საკითხი. არსებულ ვითარებაში კი, როდესაც დასაზუსტებელია სასარჩელო მოთხოვნა, დასადგენია მოსარჩელის კანონიერი ინტერესი ან პირდაპირი და უშუალო ზიანის არსებობა, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, განსაზღვროს დავის ბუნება და გადაწყვიტოს განსჯადობის საკითხი (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საქმეზე №ბს-1018(გ-22) (30.09.2022)).

ამასთან, აღნიშნა, რომ განსჯადობის შესახებ დავის აღძვრამდე სასამართლო შეეცადა შეძლებისდაგვარად სრულყოფილად გამოეკვლია განსახილველი დავის საგანი და საფუძვლები. კერძოდ, 2022 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის მიღებაზე და მათ შორის მიეთითა, რომ მან უნდა დააზუსტოს დავის ფაქტობრივი საფუძვლები. 2023 წლის 11 იანვრის სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელემ განაცხადა, რომ მან რამდენადაც შეეძლო ზუსტად მიუთითა დავის ფაქტობრივი გარემოებები, მისი მიზანია აღმოიფხვრას არათანაბარი მიდგომა და არ გეგმავს სხვა (მაგ. ზიანის ანაზღაურების) მოთხოვნით სარჩელის აღძვრას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო კოლეგიამ მიიჩნია, რომ განსახილველი დავა წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ დავას

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეთა კოლეგიების განჩინებების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ სს „...ის“ სარჩელი განსჯადობით განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას უნდა დაექვემდებაროს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია კანონიერ სასამართლოზე ადამიანის უფლებას სამართლიანი სასამართლოს ძირითადი უფლების შემადგენელ ნაწილად მოიაზრებს (მე-6 მუხ.). კანონიერი სასამართლოს უფლება კი სასამართლოს განსჯადობის ზუსტ განსაზღვრას მოითხოვს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ცალსახად ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ამასთან, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს.

განსახილველ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ორ სხვადასხვა კოლეგიას შორის დავა საგნობრივ განსჯადობასთან დაკავშირებით არის წარმოშობილი. ამდენად, დასადგენია, მოცემული საქმე წარმოადგენს ადმინისტრაციული თუ სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ დავას.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლი განსაზღვრავს ადმინისტრაციული წესით სასამართლოთა განსჯად საქმეებს, კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონმდებელმა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც წარმოშობილია იმ სამართალურთიერთობიდან, რომელიც საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობითაა მოწესრიგებული.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2021 წლის 14 ივლისს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ (ბენეფიციარმა) მოითხოვა საბანკო გარანტიის თანხების ანაზღაურება პრინციპალის (შპს „ა...ის“) მიერ სახელშეკრულებო ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 22 ივლისის განჩინებით მოსარჩელეს აეკრძალა საბანკო გარანტიის თანხისა და საავანსო საბანკო გარანტიის გაცემა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 22 ივლისის განჩინება გაუქმდა. 2022 წლის 31 იანვარს მოსარჩელემ მოპასუხეს გადაურიცხა მოთხოვნილი თანხა. 2022 წლის 15 თებერვლის წერილით მოპასუხემ მოსარჩელისგან მოითხოვა დაგვიანებული გადმორიცხვით დამდგარი ზიანის ანაზღაურება. 2022 წლის 16 თებერვალს მოპასუხემ მიმართა თბილისის გამგეობებს და მოითხოვა მოსარჩელის მიერ ზიანის ანაზღაურებამდე შეეჩერებინათ მოსარჩელის მიერ გაცემული საბანკო გარანტიების მიღება. მოსარჩელის მითითებით, 2022 წლის 16 თებერვლის წერილის მიღების შემდგომ თბილისის მუნიციპალიტეტის გამგეობები და სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციები უარს ამბობენ მოსარჩელის გარანტიის მიღებაზე, რაც ზიანს აყენებს კომპანიას. მოსარჩელემ მოითხოვა: 1. ბათილად იქნეს ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილება სს ,,...ის“ გარანტიების მიღებაზე უარის თქმის შესახებ; 2 ბათილად იქნეს ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილება ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის გამგეობისთვის სს ,,...ის“ მიერ გაცემული გარანტიის მიღების აკრძალვის შესახებ; 3. დაევალოს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ ურთიერთობაში დაუბრკოლებლად მიიღოს სს ,,...ის“ მიერ გაცემული საბანკო გარანტიები; 4. დაევალოს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის გამგეობებს, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ ურთიერთობებში დაუბრკოლებლად მიიღონ სს ,,...ის‘’ მიერ გაცემული საბანკო გარანტიები.

საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მითითებს, რომ სს ,,...ის‘’ მიერ გაცემულ იქნა შპს ,,ა...ის‘’ (პრინციპალი) სასარგებლოდ საბანკო გარანტია, რის საფუძველზეც უზრუნველყოფილი იქნა პრინციპალის მიერ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ ნაკისრი სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 879-ე მუხლის თანახმად, საბანკო გარანტიის ძალით ბანკი, სხვა საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია (გარანტი) სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულად თანხას გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. ამავე კოდექსის 881-ე მუხლის თანახმად, საბანკო გარანტიით გათვალისწინებული გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის წინაშე მათ შორის ურთიერთობისას არ არის დამოკიდებული იმ ძირითად ვალდებულებაზე, რომლის შესრულების უზრუნველსაყოფადაც არის ის გაცემული, მაშინაც კი, როცა გარანტია შეიცავს მითითებას ამ ვალდებულებაზე. ამასთან, 885-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბანკო გარანტიით ბენეფიციარის მოთხოვნა ფულადი თანხის გადახდის შესახებ უნდა წარედგინოს გარანტს წერილობითი ფორმით, გარანტიაში მითითებული დოკუმენტების დართვით. მოთხოვნაში ან მის დანართში ბენეფიციარმა უნდა მიუთითოს, თუ რაში გამოიხატება პრინციპალის მიერ ძირითადი ვალდებულების დარღვევა, რომლის უზრუნველსაყოფადაც გაიცა გარანტია. თუმცა, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ კონკრეტულ დავაში მოსარჩელის ინტერესს წარმოადგენს ის, რომ მის მიერ გაცემული საბანკო გარანტიები მიღებულ იქნეს ადმინისტრაციულ ორგანოებში და ჰქონდეს შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო ტენდერებში. ვინაიდან, სახელმწიფო ტენდერში მონაწილე პირები, სატენდერო პირობების შესრულების მიზნით, წარადგენენ მოსარჩელის მიერ გაცემულ საბანკო გარანტიებს, თუმცა მოპასუხე და მოპასუხის დაქვემდებარებაში მყოფი შემსყიდველი ორგანიზაციები ფაქტობრივად არ იღებენ აღნიშნულ გარანტიებს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლზე, რომლის „ა“, „ბ“ „გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტების თანახმად, ამ კანონის მიზანია: ა) სახელმწიფო შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფა; ბ) სახელმწიფო საჭიროებისათვის აუცილებელი საქონლის წარმოების, მომსახურების გაწევისა და სამშენებლო სამუშაოს შესრულების სფეროში ჯანსაღი კონკურენციის განვითარება; გ) სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას შესყიდვების მონაწილეთა მიმართ პროპორციული, არადისკრიმინაციული მიდგომისა და თანასწორი მოპყრობის უზრუნველყოფა; დ) სახელმწიფო შესყიდვების საჯაროობის უზრუნველყოფა. ამავე კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია რაციონალურად და საქართველოს სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით განახორციელოს შესყიდვები მისთვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში, ამ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესების დაცვით.

საკასაციო სასამართლო განსჯადობის წესის გადაწყვეტისას ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სადავო საკითხის გადაწყვეტისას გამოყენებულ უნდა იქნეს ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული კანონმდებლობა. ვინაიდან, ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლით დადგენილი სახელმწიფო ინტერესის შესაბამისად მოქმედების ვალდებულება და მე-13 მუხლით დადგენილი ვალდებულები სამართლიანობის, არადისკრიმინაციულობისა და ჯანსაღი კონკურენციის დამკვიდრების თაობაზე, უნდა განიმარტოს სისტემურად და ერთიანად და არა ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად, რადგან აღნიშნული ბალანსით მიიღწევა კანონის ლეგიტიმური მიზანი - სახელმწიფო ინტერესების უზრუნველყოფა და სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეთა მიმართ თანასწორი მოპყრობის უზრუნველყოფა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დავა ადმინისტრაციულ-სამართლებრივად მიიჩნევა არა იმის გამო, რომ მოსარჩელის მოთხოვნის ადრესატი ადმინისტრაციული ორგანოა, არამედ სადავო სამართალურთიერთობის იმანენტური ბუნების გამო, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სამართალურთიერთობის ხასიათს. სზაკ-ის 2.1 მუხლი შეიცავს ადმინისტრაციული დავის საგნის ჩამონათვალს (ტაქსაცია), ამდენად, კანონმდებლობამ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც წარმოშობილია იმ სამართალურთიერთობიდან, რომელიც საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობით არის მოწესრიგებული (ენუმერაცია) (სუსგ Nბს-350-316(გ-14), 11.09.2014 წ.).

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს განმარტებით, განსახილველი დავის შინაარსს არ ცვლის ის გარემოება, რომ მხარეთა შორის თავდაპირველად სამოქალაქოსამართლებრივი ურთიერთობა არსებობდა. მოსარჩელე თავად წყვეტს სარჩელის აღძვრის საჭიროებას, განსაზღვრავს მოპასუხეს, სასარჩელო მოთხოვნას და ფაქტებს, რომლებიც საფუძვლად უნდა დაედოს მისი მოთხოვნის დასაბუთებას, თუმცა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებას სასამართლო ახდენს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მხარის მიერ მითითებული სამართლებრივი დასაბუთება არ ზღუდავს სასამართლოს განსჯადობის შესახებ დავის გადაწყვეტაში. ამასთანავე, სასამართლო კომპეტენციის სისრულიდან გამომდინარე, საქმის განმხილველ სასამართლოს შეუძლია გაერკვეს საქმის განხილვისას წამოჭრილ ყველა საკითხში, ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით დავის განმხილველი ორგანო უფლებამოსილია დავის გადაწყვეტისას გამოიყენოს არამხოლოდ საჯარო-სამართლებრივი, არამედ კერძო-სამართლებრივი კანონმდებლობის ნორმები, მით უფრო იმ შემთხვევაში, როდესაც დავა კომპლექსური ხასიათისაა და საჯარო-სამართლებრივ საკითხებთან ერთად შეიცავს დამატებით კერძო-სამართლებრივი რეგულაციის ელემენტებს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეების განმხილველი სასამართლოები არ ქმნიან ერთმანეთისგან იზოლირებულ, ცალკე სასამართლო სისტემებს, ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის თანახმად საქართველოში მოქმედებს ერთიანი სასამართლო სისტემა. მართლმსაჯულების ნებისმიერი განშტოების სასამართლო უფლებამოსილია გამოიყენოს და განმარტოს ნებისმიერი ნორმატიული, აგრეთვე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ან კერძო-სამართლებრივი აქტი, მათი რეგულირების საგნის და გამომცემი ორგანოს მიუხედავად. მთავარი საკითხის გადამწყვეტ მოსამართლეს აქვს უფლება გადაწყვიტოს საკითხთა მთელი ერთობლიობა (სუსგ Nბს-748(გ-19), 26.02.2020წ.). ამდენად, ის გარემოება, რომ მხარეთა შორის სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობა არსებობდა, არ ქმნის განსჯადობის საქმის სამოქალაქო საქმეთა კოლეგიისათვის დაქვემდებარების საფუძველს, რადგან განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა (ასკ-ის 22-ე მუხლი) და ქმედების განხორციელების დავალება (ასკ-ის 24-ე მუხლი), რაც ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან გამომდინარე სამართლებრივ მოწესრიგებას მოითხოვს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ დავა განსჯადობით თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის ქვემდებარეა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 26-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „...ის“ სარჩელი მოწინააღმდეგე მხარის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე