საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-256(კ-23) 11 ივლისი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - ნ. კ-ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. კ-მა 2021 წლის 17 მაისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ, ამავე სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 21 აპრილის №03-1240/ო ბრძანების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის ქ. თბილისში, 3 (სამი) ოთახიანი საცხოვრებელი ფართის ნ. კ-ისათვის გადაცემის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 19 მაისის გადაწყვეტილებით ნ. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით ნ. კ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 19 მაისის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; ნ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 21 აპრილის №03-1240/ო ბრძანება; მოპასუხე - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, მოსარჩელე ნ. კ-ისათვის ქ. თბილისში, სამოთახიანი საცხოვრებელი ფართის გადაცემის თაობაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ მისი გაუქმებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.
კასატორის განმარტებით, საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე მოსარჩელის განაცხადის დამუშავების შედეგად მან მოიპოვა წინასწარი შეფასებით 6.50 ქულა: საცხოვრებლის ფინანსური პირობები (ცხოვრობს ნათესავის/ახლობლის ბინაში ქირის გარეშე) - 1.5 ქულა; 18 წლამდე ასაკის წევრები (სამი არასრულწლოვანი) - 2 ქულა; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ლ. ფ-ა (მკვეთრად გამოხატული) - 3 ქულა.
2021 წლის 8 აპრილის N01-30/ნ ბრძანების შესაბამისად, მოსარჩელის მიერ მითითებულ მისამართზე (ქ. თბილისი, ...ა, ...ის ქ. 18) განხორციელდა მონიტორინგი და შეივსო შესაბამისი ფორმა, სადაც აღინიშნა, რომ მოსარჩელე და მისი ოჯახის წევრები აღნიშნულ მისამართზე ქირის გარეშე ცხოვრობენ 2017 წლიდან დღემდე. მონიტორინგის ოქმიდან ირკვევა, რომ მათი საცხოვრებელი რეგისტრირებულია ნ. კ-ის მამის - ზ. კ-ის სახელზე საკუთრების უფლებით, თვითონ კი ცხოვრობს ქ. თბილისში, ...ის ქ. 137, ბ. 24-ში (უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: ...) თავის საკუთრებაში. მისამართზე ვიზიტისას სააგენტოს თანამშრომლებს ადგილზე დახვდათ განმცხადებელი ნ. კ-ი და არასრულწლოვანი შვილები. მხარემ განმარტა, რომ პირველ და მეორე მეუღლესთან ოფიციალურად განქორწინებულია და არ აქვს ურთიერთობა. მონიტორინგის სამსახურის მიერ მოპოვებული მასალები წარედგინა დევნილთა საკითხების განმხილველ კომისიას. კომისიამ იმსჯელა მოსარჩელის ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხზე და საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მოთხოვნაზე უარი ეთქვა იმ მიზეზით, რომ ამ ეტაპზე მოსარჩელის განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენდა მამის საკუთრებაში ცხოვრების გამო. შესაბამისად, დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ 2021 წლის 02 აპრილს (N19 სხდომის ოქმი) ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის შედეგად, კანონმდებლობის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნული პოზიცია სრულად გაიზიარა თბილისის საქალაქო სასამართლომ და მიიჩნია, რომ სახელმწიფოს რესურსიდან გამომდინარე, იმ ოჯახებს, ვისაც გააჩნიათ ალტერნატიული საცხოვრებელი, ცხოვრობენ ქირის გარეშე შეუზღუდავად, არ საჭიროებენ გადაუდებელ განსახლებას. მიუხედავად ამისა, სააპელაციო პალატამ შეცვალა პირველი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სააგენტოს დაავალა ნ. კ-ის ოჯახი უზრუნველყო სამოთახიანი საცხოვრებელი ფართით.
კასატორი მიიჩნევს, რომ მოცემული გადაწყვეტილება არ გამომდინარეობს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებიდან და არ შეესაბამება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 08 აპრილის N01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესით“ დარეგულირებულ საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცედურას და კრიტერიუმებს.
კასატორის განმარტებით, პირველ რიგში საცხოვრებლით უნდა დაკმაყოფილდნენ ისეთი ოჯახები, რომელთაც არ გააჩნიათ არავითარი საცხოვრებელი, დაგროვილი აქვთ ფართის მისაღებად საკმარისი ქულები და მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. თუკი სამინისტრო თავისი მოქმედებით არ დაიცავს აღნიშნული სტრატეგიის პრინციპებს, შეიქმნება ქაოსური სიტუაცია და დაირღვევა ბინის მიღების მსურველთა რიგითობა, რომელიც გააჩენს უსამართლობის განცდას საზოგადოებაში. ამრიგად, ნ. კ-ის მიმართ გადაწყვეტილების მიღებისას სააგენტო მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში აღინიშნა ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, შესაბამისად, კასატორს მიაჩნია, რომ სააგენტოს გადაწყვეტილება მოსარჩელესთან მიმართებით არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელი, როგორც ფაქტობრივი, ასევე სამართლებრივი თვალსაზრისით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 20 მარტის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით სააპელაციო პალატის მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტსა და ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე მითითებით აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, კერძოდ, ის სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ვალდებულია დევნილი ოჯახი უზრუნველყოს გრძელვადიანი საცხოვრებლით, შექმნას მათი ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული მთავარი მიზანი დევნილებთან მიმართებით მათი სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაა. სახელმწიფოს აქვს კანონით ნაკისრი ვალდებულება, დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოს დევნილი მოსახლეობა. ამავდროულად, საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად, სახელმწიფომ დევნილი უნდა დააკმაყოფილოს ადეკვატური საცხოვრებლით ნებისმიერ ვითარებაში და რაც მთავარია ეს პროცესი ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე უნდა განხორციელდეს. აღნიშნული უფლება გარანტირებულია მთელი რიგი საერთაშორისო აქტებით, მათ შორის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1966 წლის ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა პაქტის მე-11 მუხლით, რომელიც სახელმწიფოებს აკისრებს ვალდებულებას „მისთვის ხელმისაწვდომი რესურსების მაქსიმალური გამოყენებით“ მოახდინონ ამ მუხლით გათვალისწინებული უფლების რეალიზება. სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ. მნიშვნელოვანია, შექმნილი იყოს მათი ნებაყოფლობითი და ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები.
საკასაციო პალატა მიუთითებს სადავო აქტის გამოცემის დროისთვის მოქმედ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესზე“ რომლის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დევნილთა საჭიროებების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით განისაზღვრება, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, რა რიგითობით მოხდება საცხოვრებელი ფართის შეთავაზება და კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა. ,,დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის მე-6 და მე-13 პუნქტების თანახმად, ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების საფუძველზე კომისიის მიერ დევნილი ოჯახის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილებისათვის, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, დევნილ ოჯახს შეეთავაზება საცხოვრებელი ფართი ამ ბრძანების მე-7 პუნქტით დამტკიცებული „გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი ფართის საორიენტაციო სტანდარტები დევნილი ოჯახის წევრთა რიცხოვნობის გათვალისწინებით“ – №9 დანართის შესაბამისად, ხოლო ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, დევნილი ოჯახ(ებ)ისათვის საცხოვრებელი ფართ(ებ)ის შეთავაზებისას, შეძლებისდაგვარად, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული შემდეგი გარემოებები: ა) საპირისპირო სქესის დაუქორწინებელი სრულწლოვანი დევნილები (მაგ.: სრულწლოვანი და-ძმა, მარტოხელა მშობელი და სრულწლოვანი შვილი) არ უნდა განსახლდნენ საერთო ოთახში; ბ) არასრულწლოვანი ოჯახის წევრები, მეუღლეები და ერთი სქესის სრულწლოვანი დევნილები შესაძლებელია განსახლდნენ ერთ ოთახში.
მითითებულ ნორმათა სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დევნილ ოჯახებს გააჩნიათ გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლება. მოცემული უფლების რეალიზაცია დაკავშირებულია ერთი მხრივ დევნილის სტატუსის ქონასთან, მეორე მხრივ კი დევნილთა ოჯახის შეფასების შედეგებთან. ხოლო, რაც შეეხება ფართის ოდენობას, აღნიშნული ერთი მხრივ დაკავშირებულია ოჯახის წევრთა რაოდენობასთან, მეორე მხრივ გასათვალისწინებელია რიგი გარემოებები, მათ შორის, სრულწლოვანი და-ძმა არ უნდა განსახლდნენ საერთო ოთახში, შესაბამისად, არსებითია ადმინისტრაციული წესით დადგინდეს ოჯახის შემადგენლობა, რათა არ შეილახოს როგორც კერძო პირთა, ასევე სახელმწიფო ინტერესი საცხოვრებლის გადაცემისას. საყურადღებოა, რომ მოსარჩელის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის საფუძველი გახდა არა ზემოაღნიშნული „წესის“ შესაბამისად მინიჭებულ ქულათა ნაკლებობა, არამედ ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრება, მოცემული მომენტისათვის მოსარჩელის ოჯახის გადაუდებელი განსახლების აუცილებლობის არარსებობის შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე - ნ. კ-ი არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომლის დროებითი საცხოვრებელი მისამართი განაცხადის გაკეთების დროისთვის იყო ქ. თბილისი, ...ი, ...ის ქუჩა, ახლანდელი ...ის N137, ბინა N24, ხოლო ამჟამად იგი სამ არასრულწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს ...აში, ...ის ქ. №18-ში, რომელიც წარმოადგენს ნ. კ-ის მამის - ზ. კ-ის საკუთრებას. ამავეს ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი მონიტორინგის ფორმა, რომლის თანახმად, 2020 წლის 25 ნოემბერს მისამართზე: ქ. თბილისი, ...ა, ...ის ქ. №18-ში განხორციელდა ნ. კ-ის ოჯახის გრძელვადიანი/დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგი და შეივსო შესაბამისი ფორმა. მონიტორინგის განხორციელებისას ადგილზე იმყოფებოდა ნ. კ-ი შვილებთან - ლ. ქ-თან, თ. და ლ. ფ-ებთან ერთად. ნ. კ-ის განმარტებით, მას არანაირი საკუთრება არ გააჩნია და არც გაუსხვისებია. მიუხედავად ადმინისტრაციული წარმოების მასალებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა, სააგენტოს 2021 წლის 21 აპრილის №03-1240/ო ბრძანებით, ქ. თბილისში, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარი ეთქვა მოსარჩელის ოჯახს გადაუდებელი განსახლების საჭიროების არარსებობის მოტივით, მამის სახელზე რეგისტრირებული საცხოვრებელ სახლში ცხოვრების გამო.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმის მასალებით ცალსახად დადასტურებულია მოსარჩელის ოჯახის სხვის საკუთრებაში ცხოვრების ფაქტი და ის გარემოებაც, რომ ოჯახის არცერთ წევრს საკუთრებაში არ აქვს რაიმე სახის უძრავი ქონება. ასევე დადგენილია, რომ ოჯახში არის სამი 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვანი წევრი, მათ შორის, ლ. ფ-ას დადგენილი აქვს მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი, რის გამოც, საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმის თანახმად, ნ. კ-ის ოჯახის მდგომარეობა შეფასდა 6.5 ქულით. კერძოდ, საცხოვრებლის ფინანსური პირობები 1,5 ქულა; 3 არასრულწლოვანი პირი - 2 ქულა; მკვეთრად გამოხატული შშმ პირი - 3 ქულა.
საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს პალატის შეფასებებს და აღნიშნავს, რომ კრიტერიუმების მიხედვით მინიჭებული 6,5 ქულით, მოსარჩელის ოჯახი, როგორც დევნილი, ექვემდებარება გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას, თუმცა მოპასუხემ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების საწინააღმდეგოდ, არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მამის საცხოვრებელ სახლში ქირის გარეშე ცხოვრება არ წარმოადგენს საცხოვრებელი სადგომით უზრუნველყოფაზე უარის თქმის საკმარის საფუძველს, რაც ქმნის საფუძველს დასკვნისთვის, რომ განმცხადებელს უსაფუძვლოდ ეთქვა უარი გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე. ხოლო რაც შეეხება ფართის ოდენობას, საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს სააპელაციო პალატის მსჯელობას გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი ფართის სტანდარტების საორიენტაციო დანიშნულების გათვალისწინებით (№9 დანართი), ოჯახისთვის სამოთახიანი ბინის გადაცემის შესაძლებლობას, ლ. ფ-ას მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტატუსის გამო, მისი ასაკისა და მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით. ანალოგიურ მიდგომას ითვალისწინებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია, რომლის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებას ცხოვრების ადეკვატურ სტანდარტზე საცხოვრებულ პირობებზე მათთვის და მათი ოჯახებისათვის, რაც მოიცავს ადეკვატურ კვებას, ტანსაცმელს, საცხოვრებელ პირობებს; ასევე უფლებას საცხოვრებელი პირობების უწყვეტ გაუმჯობესებაზე; იღებენ შესაბამის ზომებს აღნიშნული უფლების დაცვისა და რეალიზებისათვის, შეზღუდული შესაძლებლობის საფუძველზე აღმოცენებული ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული ორგანო, მისთვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ვალდებული იყო წარდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის შემდეგ, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, დაედგინა დევნილის საცხოვრებელი პირობები და სათანადოდ გადაეწყვიტა ნ. კ-ის დევნილი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხი, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფოს აკისრია ვალდებულება, დევნილთა მიმართ შექმნას მათი ნებაყოფლობითი და ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის მიერ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შედეგად არასრულყოფილად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გამო ვერ განხორციელდა მოსარჩელის დევნილი ოჯახის დაკმაყოფილება. შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის თანახმად, სახეზეა 2021 წლის 21 აპრილის N03-1240/ო ბრძანების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის მოსარჩელის მიმართ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების წინაპირობები, რა დროსაც მოპასუხემ უნდა გაითვალისწინოს მოსარჩელის არასრულწლოვანი შვილის ინტერესები, რამდენადაც „ბავშვის უფლებების შესახებ“ 1989 წლის 20 ნოემბრის კონვენციის მე-3 მუხლის პირველი და მეორე პუნქტები, სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მუშაობისას, ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს უპირველესი ყურადღება დაუთმოს ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არასრულწლოვანთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტისთვის უზენაეს პრიორიტეტად და ამოსავალ წერტილად მიიჩნევს ბავშვის საუკეთესო ინტერესს (X v. LATVIA, [GC], §95-96, №27853/09, ECHR 2013).
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა