Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-428(კ-23) 11 ივლისი, 2023 წელი

ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - ვ.გ-ი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ვ.გ-მა 2022 წლის 16 ივნისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ, რომლითაც დევნილი ოჯახისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ ამავე სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 3 ნოემბრის №03-3687/ო ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის მოსარჩელის ოჯახის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით ვ.გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 3 ნოემბრის №03-3687/ო ბრძანება დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ვ.გ-ის ქ. თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 მარტის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ მისი გაუქმებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.

კასატორის განმარტებით, პანდემიის გამო ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით შემუშავდა ადგილობრივი საფოსტო-საკურიერო საფოსტო-საკურიერო გზავნილების ადრესატის მისამართზე ჩაბარების განსხვავებული წესი, რომლის შესაბამისადაც საფოსტო-საკურიერო გზავნილის ადრესატის მისამართზე ჩაბარების ფაქტის დასადასტურებლად პირადი ხელმოწერის ნაცვლად სოციალური დისტანციის პირობებში კურიერის მიერ ელ. პროგრამაში კეთდებოდა აღნიშვნა -,,ჩაბარებულია“, რაც ადასტურებდა ადრესატის მიერ გზავნილის ჩაბარების ფაქტს. განსახილველ შემთხვევაში, მხარეს გასაჩივრებული აქვს სააგენტოს 2021 წლის 3 ნოემბრის ბრძანება №03 3687/ო, რომელიც მოსარჩელეს ჩაბარდა 2021 წლის 6 დეკემბერს. მოსარჩელემ აღნიშნული ბრძანება გაასაჩივრა 2022 წლის 16 ივნისს. აღნიშნულით დასტურდება, რომ მოსარჩელემ ერთთვიანი გასაჩივრების ვადა არ გამოიყენა და გაასაჩივრა 6 (ექვსი) თვის შემდეგ. მითითებული სასამართლომ არ გაიზიარა და საქმის წარმოება არ შეწყვიტა. მეტიც, სასარჩელო მოთხოვნა დააკმაყოფილა სრულად.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ არც სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დააკმაყოფილა და უცვლელი დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დაკმაყოფილების თაობაზე, რასაც სააგენტო არ ეთანხმება და მიაჩნია, რომ სასამართლომ სრულად არ გამოიკვლია საქმის გარემოებები.

კასატორის განმარტებით, მოსარჩელის გრძელვადიან განსახლებაზე უარის საფუძველი ჯანმრთელობისათვის საშიშ და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე ობიექტში - ქ. თბილისი, ...ის დასახლება, ყოფილი სასტუმრო ,,...ში“ ფაქტობრივად არცხოვრება გახდა. სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას არსებითად დარღვეულია ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის დებულებები, თუმცა კონკრეტულად რაში გამოიხატება სააგენტოს მიერ კანონის დარღვევა, სასამართლო გადაწყვეტილებაში ასახული არ არის.

განსახილველ საქმეში ერთადერთ სადავო საკითხს წარმოადგენს დევნილი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება. სააგენტომ იმსჯელა მოსარჩელის განსახლების თაობაზე და ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე დაადგინა, რომ მოსარჩელის ოჯახის გადაუდებელი განსახლების საჭიროება საქმის განხილვის ეტაპზე არ გამოკვეთილა. სააგენტომ 2021 წელს აღწერა სასტუმრო ,,...ში“ ფაქტობრივად მცხოვრები დევნილები, რომელთა შორისაც მოსარჩელის ოჯახი სააგენტოს სადავო მისამართზე არ დახვედრია. 2021 წლის 25 ოქტომბერს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის სხდომის ოქმით მოსარჩელეს უარი ეთქვა გრძელვადიან განსახლებაზე ჯანმრთელობისათვის საშიშ და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე ობიექტში - ქ. თბილისი, ...ის დასახლება, ყოფილი სასტუმრო ,,...ში“ ფაქტობრივად არცხოვრების გამო, რის საფუძველზეც გამოიცა 2021 წლის 3 ნოემბრის სადავო ბრძანება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კასატორს მიაჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელის ოჯახი სადავო მისამართზე ფაქტობრივ მაცხოვრებელს არ წარმოადგენდა, შესაბამისად, ოჯახის დაკმაყოფილების და განსახლების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა, რის გამოც, სარჩელი დაკმაყოფილებას არ ექვემდებარება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 4 მაისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსა...რავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ გასაჩივრებულია „დევნილი ოჯახისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ“ სააგენტოს 2021 წლის 3 ნოემბრის №03-3687/ო ბრძანება, რომლითაც უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე ფართში არ ცხოვრების მოტივით, ამდენად, უნდა შემოწმდეს აღნიშნული აქტის შესაბამისობა საკითხის მომწესრიგებელ სამართლებრივ ნორმებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში.

საკასაციო პალატა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტსა და ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე მითითებით აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, კერძოდ, ის სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ვალდებულია დევნილი ოჯახი უზრუნველყოს გრძელვადიანი საცხოვრებლით, შექმნას მათი ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. ამ მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცდა „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“, რომლის პირველი პუნქტით დამტკიცდა „დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესი“ (დანართი №1). მითითებული წესის მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხის განხილვისას დადგენილი კრიტერიუმების გარეშე ნგრევად ობიექტში მცხოვრები ოჯახებისათვის პრიორიტეტის მინიჭებას. ანალოგიურ მოწესრიგებას შეიცავს და დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის განხილვისას დადგენილი კრიტერიუმების გარეშე ნგრევად ობიექტში მცხოვრები ოჯახებისათვის პრიორიტეტის მინიჭებას ითვალისწინებს დღეს მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი. ამ ნორმის შესაბამისად ცალსახაა, რომ თუკი საცხოვრებელი ფართობი (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტი), რომელშიც დევნილი ოჯახი მართლზომიერად ცხოვრობს, წარმოადგენს სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგისს შენობას, უპირატესობა ენიჭება ოჯახის უსაფრთხოებას და კანონმდებლობა ითვალისწინებს ქულათა მიუხედავად, კრიტერიუმების გარეშე, დევნილი ოჯახის დაუყოვნებლივ გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფას, რისთვისაც აუცილებელია დადასტურდეს დევნილი ოჯახის ნგრევადსაშიშ შენობაში ფაქტობრივად ცხოვრება და დროებით ადგილზე არ ყოფნა არ შეიძლება გახდეს განსახლებაზე უარის თქმის საფუძველი.

საკასაციო პალატა ბუნებრივად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ შესაძლოა ნგრევად ობიექტში მცხოვრებ პირს, საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, დროის რაღაც მონაკვეთში მოუწიოს ასეთი საცხოვრებლის დატოვება (ნათესავებთან თავის შეფარება, დაქირავებულ საცხოვრებელში გადასვლა და ა.შ.), თუმცა აღნიშნული არ გულისხმობს იმას, რომ ასეთ შემთხვევაში პირმა მიატოვა განსახლების ადგილი, არ წარმოადგენს ნგრევად ობიექტში მაცხოვრებელს და შესაბამისად, არ უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი სახელმწიფოს მიერ დევნილთა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებისას.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ, ვ.გ-ის სახელზე გაცემულია იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის №... მოწმობა და იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის ანკეტის მიხედვით (ს.ფ. 67-70), ვ.გ-ის დროებით საცხოვრებელ ადგილად (რეგისტრაციის ადგილი) მითითებულია - თბილისი, ..., თბილისის ...ის დასახლება, ობიექტი ,,...“.

დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 25 ოქტომბრის №70 ოქმით დადასტურებულია და მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ თბილისში, ...ის დასახლებაში მდებარე ობიექტი ,,...“ წარმოადგენს ნგრევად ობიექტს, მიმდინარეობს აღნიშნული ობიექტიდან მოსახლეობის გაყვანა და მათი გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა (ს.ფ. 60-66). მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ დევნილი ოჯახის მონიტორინგის შედეგად დაადგინა, რომ მოსარჩელის ოჯახი რეალურად არ ცხოვრობდა სადავო ფართში, რის გამოც უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს ვ.გ-ის საცხოვრებელი პირობების შემოწმების მიზნით, ქალაქ თბილისში, თბილისის ...ის დასახლებაში მდებარე ყოფილ სასტუმრო ,,...ში“ 2021 წლის 8 ივლისს მონიტორინგისას ოქმზე, რომლითაც დადგენილია, რომ მონიტორინგისას ვ.გ-ი, მართალია, არ იმყოფებოდა მითითებულ მისამართზე (მოსარჩელის განმარტებით, წასული იყო დედის მოსავლელად, რომელიც ონკოლოგიური პაციენტია), თუმცა მოპირდაპირე ოთახში მცხოვრებმა ქალბატონმა დაადასტურა ვ.გ-ის აღნიშნულ მისამართზე ცხოვრების ფაქტი, რომელმაც განმარტა, რომ ამჟამად მოსარჩელე წასული იყო ქალაქში.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებებს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ მიუთითა მოსარჩელის სხვა საცხოვრებელ მისამართზე და ვერ დაადასტურა, სად ცხოვრობს მოსარჩელე თუ არა ყოფილ სასტუმრო ,,...ში“. ამდენად, მოსარჩელის მიერ საცხოვრებელი ადგილის დროებით დატოვება, არ გულისხმობს, რომ მოსარჩელე მუდმივად არ ცხოვრობს თბილისის ...ის დასახლებაში მდებარე ყოფილ სასტუმრო ,,...ში“, რომელიც წარმოადგენს ნგრევად ობიექტს.

მეტიც, საგულისხმოა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლის განმარტებით, გასაჩივრებული აქტი მოსარჩელეს ჩაჰბარდა სწორედ სადავო მისამართზე და სწორედ აღნიშნულ მისამართზე გაგზავნილი გზავნილის ჩაბარებულად მიჩნევის გამო, იშუამდგომლა საქმის წარმოების შეწყვეტა, რაც სააპელაციო პალატამ მართებულად არ დააკმაყოფილა, იმის გათვალისწინებით, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების თანახმად, არ დასტურდებოდა სადავო აქტის ადრესატისთვის კანონით დადგენილი წესით ჩაბარების ფაქტი, შესაბამისად, საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მითითებას იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელეს გაშვებული აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების ერთთვიანი ვადა, ვინაიდან როგორც უკვე აღინიშნა, საქმის მასალებში არ მოიპოვება სადავო ბრძანების მოსარჩელისთვის ოფიციალურად გაცნობის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლის ვიზიტისას მოსარჩელის საცხოვრებელ მისამართზე ფაქტობრივად არყოფნის გამო გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარის თქმა არ შეესაბამება საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ეფუძნება მხოლოდ ოჯახის გადამოწმების მიზნით შედგენილ მონიტორინგის მასალებს, რომელიც საკასაციო პალატის მოსაზრებით, არ ასახავს რეალურ, ფაქტობრივ მდგომარეობას, არ ემყარება განსახილველ საკითხზე არსებულ და გამოკვლეულ მტკიცებულებებს.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული ორგანო, მისთვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ვალდებული იყო წარდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის შემდეგ, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, დაედგინა დევნილის საცხოვრებელი პირობები და სათანადოდ გადაეწყვიტა მოსარჩელის საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხი, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფოს აკისრია ვალდებულება, დევნილთა მიმართ შექმნას მათი ნებაყოფლობითი და ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის მიერ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შედეგად არასრულყოფილად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გამო ვერ განხორციელდა მოსარჩელის დაკმაყოფილება, შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის თანახმად, სახეზეა 2021 წლის 3 ნოემბრის №03-3687/ო ბრძანების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის მოსარჩელის მიმართ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების წინაპირობები.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საკასაციო საჩივარში მეორდება შესაგებელსა და სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რაზეც ამომწურავად იმსჯელეს ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა. კასატორი დამატებით არ უთითებს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების არსებით სამართლებრივ უსწორობაზე, შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 მარტის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა