Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1058(2კ-22) 11 ივლისი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები (მოპასუხეები) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელეები) - ვ. ბ-ი, ხ. ბ-ი, ს. ბ-ი

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 1 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ვ. ბ-მა, ხ. ბ-მა და ს. ბ-მა 2020 წლის 20 იანვარს სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის მიმართ და მოითხოვეს „ვ. ბ-ის, ხ. ბ-ისა და ს. ბ-ის უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციის თაობაზე უარის თქმის შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 2019 წლის 12 ივლისის №609/9 ბრძანებისა და „ვ. ბ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის 2019 წლის 03 დეკემბრის №1885 ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე ვ. ბ-ის, ხ. ბ-ისა და ს. ბ-ის უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციის თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ვ. ბ-ის, ხ. ბ-ისა და ს. ბ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ,,ვ. ბ-ის, ხ. ბ-ისა და ს. ბ-ის უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციის თაობაზე უარის თქმის შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 2019 წლის 12 ივლისის №609/9 ბრძანება და ,,ვ. ბ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის 2019 წლის 03 დეკემბრის №1885 ბრძანება; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს დაევალა გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელეთა ოჯახთან დაკავშირებით. სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ადმინისტრაციულმა ორგანოებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 1 აპრილის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

საკასაციო საჩივრების თანახმად, სადავო პერიოდში მოქმედი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 12 თებერვლის №37-14 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის წესის“ მე-5 მუხლი ზუსტად განსაზღვრავდა იმ კრიტერიუმებს, რომელთა ერთობლივად დაკმაყოფილება უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციის საფუძველს ქმნიდა. აღნიშნული მუხლის სადავო პერიოდში მოქმედი „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, უსახლკარო სტატუსის მაძიებელი ოჯახი უსახლკარო ოჯახად დარეგისტრირდება, თუ ოჯახის არც ერთი წევრის მიმართ არ ფიქსირდება საცხოვრებელ სადგომზე ან სხვა ნებისმიერ ფართზე მართლზომიერი მფლობელობის ან უსასყიდლოდ სარგებლობის ფაქტი.

კასატორების მითითებით, განსახილველ შემთხვევაში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის კომისიამ განიხილა მოსარჩელეების განცხადება და მათ უარი ეთქვათ უსახლკაროდ რეგისტრაციაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 12 თებერვლის №37-14 დადგენილებით დამტკიცებული ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის დაუკმაყოფილებლობის გამო, რამდენადაც, საქმეში წარმოდგენილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის სამგორის რაიონის გამგეობის 2018 წლის 9 ივლისის №37-0118190354 წერილით დგინდება, რომ სადავო ბრძანების გამოცემის დროისათვის ადმინისტრაციულმა ორგანომ მოიძია ვ. ბ-ის, ხ. ბ-ის და ს. ბ-ის შესახებ ინფორმაცია და დადგინდა, რომ ისინი ფაქტობრივად ცხოვრობენ შემდეგ მისამართზე: ქალაქი თბილისი, ისანი-სამგორის რაიონი, ..., ... მ/რ, კორპუსი №320, ბინა №14. შესაბამისად სახეზეა 37-14 დადგენილების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოება, კერძოდ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის სამგორის რაიონის გამგეობის 2018 წლის 9 ივლისის №37-0118190354 წერილი ადასტურებს, რომ ვ. ბ-ი, ხ. ბ-ი და ს. ბ-ი ფაქტობრივად ცხოვრობენ ახლობლის კუთვნილ ბინაში დროებითი სარგებლობის უფლებით.

კასატორების განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში, საქმეში დაცული არცერთი მტკიცებულებით არ არის დადასტურებული ის გარემოება, რომ მოსარჩელეები საცხოვრებლით სარგებლობაში იხდიდნენ ქირას/საზღაურს, რისი მტკიცების ტვირთიც კანონმდებლობის თანახმად მოსარჩელის ვალდებულებას წარმოადგენს. გარდა აღნიშნულისა, მხოლოდ ზეპირსიტყვიერი განმარტება, რასაც ამ შემთხვევაში დაეყრდნო სასამართლო, ვერ დაედება საფუძვლად მოთხოვნის დაკმაყოფილებას, ის გარემოება, რომ სასამართლო გადაწყვეტილება ეფუძნება მხარის ისეთ ახსნა - განმარტებას, რომელიც არ არის გამყარებული საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, კიდევ ერთხელ ადასტურებს გადაწყვეტილების უკანონობას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 23 სექტემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ხოლო 2022 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის საკასაციო საჩივრები დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოსარჩელის ოჯახისთვის უსახლკაროდ რეგისტრაციაზე უარის თქმის კანონიერება, უსახლკარო პირებად რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმებთან შეუსაბამობის საფუძვლით.

საკასაციო პალატა მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 12 თებერვლის №37-14 დადგენილებით დამტკიცებულ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის წესზე“ (ძალადაკარგულია - 19.05.2023, №25-28), რომლითაც რეგულირდებოდა პირის/ოჯახის უსახლკაროდ რეგისტრაცია და მათი თავშესაფრით უზრუნველყოფა. იმავე წესით განსაზღვრული იყო რეგისტრაციის კრიტერიუმები, პროცედურები და თავშესაფარი ფართით დაკმაყოფილების პირობები. ზემოაღნიშნული დადგენილების მე-5 მუხლით განსაზღვრული იყო უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციისა და საცხოვრისით რეგისტრაციის კრიტერიუმები, მათ შორის, ამავე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის (სადავო აქტის გამოცემისას მოქმედი რედაქციის) თანახმად, უსახლკარო სტატუსის მაძიებელი ოჯახი უსახლკარო ოჯახად დარეგისტრირდებოდა, თუ ოჯახის არც ერთი წევრის მიმართ არ ფიქსირდებოდა საცხოვრებელ სადგომზე ან სხვა ნებისმიერ ფართზე მართლზომიერი მფლობელობის ან უსასყიდლოდ სარგებლობის ფაქტი.

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეთა ოჯახს უარი ეთქვა უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 12 თებერვლის №37-14 დადგენილების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილ კრიტერიუმებთან შეუსაბამობის მოტივით; კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობის 2018 წლის 09 ივლისის წერილით, გამგეობის წარმომადგენელი ადასტურებს, რომ ვ. ბ-ი, ხ. ბ-ი და ს. ბ-ი ფაქტობრივად ცხოვრობენ ახლობლის, რ. გ-ის კუთვნილ ბინაში (მდებარე: ქ.თბილისი, ..., ... მიკრო/რაიონი, კორპუსი 320, ბინა №141) დროებითი სარგებლობის უფლებით, შესაბამისად, ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია, რომ ისინი უზრუნველყოფილი არიან საცხოვრებლით, თუმცა აღსანიშნავია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით უტყუარად არ დასტურდება, მოსარჩელეების საცხოვრებელ სადგომზე ან სხვა ნებისმიერ ფართზე მართლზომიერი მფლობელობის ან უსასყიდლოდ სარგებლობის ფაქტი, ამასთან, მოსარჩელეებმა არაერთ განცხადებაში მიუთითეს, რომ ისინი ცხოვრობენ ქირით.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებებს და აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე გამოსცა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომ ობიექტურად არ გამოუკვლევია მოსარჩელეების საცხოვრებელ ფართში ცხოვრების საფუძვლები. აღსანიშნავია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობის 2018 წლის 09 ივლისის წერილი არ შეიცავს კონკრეტულ მტკიცებულებაზე (მაგ. ბინის მესაკუთრის, მეზობლების გამოკითხვის ოქმები და სხვ.) მითითებას, რაც მასში ასახულ ინფორმაციას დაადასტურებდა, ადმინისტრაციულმა ორგანომ კი აღნიშნული წერილი და მასზე დართული გაურკვეველი შინაარსის სქემატური ინფორმაცია მიიჩნია მოსარჩელეთა მოთხოვნის უარყოფის საკმარის მტკიცებულებად სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გარეშე, რაც სასამართლოს მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების - სადავო საკითხის გადაუწყვეტლად აქტის ბათილად ცნობისა და ადმინისტრაციული ორგანოსათვის საქმის გარემოებების შესწავლის შემდეგ, ახალი აქტის გამოცემის დავალების წინაპირობას წარმოადგენდა.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მითითებული ფაქტობრივი გარემოების საწინააღმდეგო დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) კასატორების მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი, შესაბამისად, საქმის გარემოებების ხელახალი შესწავლისა და გამოკვლევისას მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებით, მათ შორის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-97-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენებით, უნდა დაადგინოს აკმაყოფილებს თუ არა მოსარჩელეთა ოჯახი უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციის კანონით დადგენილ პირობებს და საქმის გარემოებათა გამოკვლევის შემდეგ სათანადო მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 1 აპრილის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა