საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1066(კ-22) 11 ივლისი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - ა(ა)იპ მ...
მოწინააღმდეგე მხარეები - საქართველოს მთავრობა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
მესამე პირი - შპს „დ...“
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 თებერვლის განჩინება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 4 ივნისს ა(ა)იპ მ...მ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - საქართველოს მთავრობისა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 22 თებერვლის №2-96 ბრძანებისა და საქართველოს მთავრობის 2018 წლის 6 მაისის ვირტუალური ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ა(ა)იპ მ...ს ადმინისტრაციული საჩივარი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით ა(ა)იპ მ...ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა(ა)იპ მ...მ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 თებერვლის განჩინებით ა(ა)იპ მ...ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა(ა)იპ მ...მ.
კასატორის განმარტებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული როგორც საქმეში არსებული მტკიცებულებები, ასევე საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები, რამაც, საბოლოოდ, დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება გამოიწვია.
კასატორის მითითებით, სასამართლომ არასწორად განმარტა გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის 48.1 მუხლი. სასამართლომ განმარტა, რომ კანონმდებელმა გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის გარდამავალი დებულებით სამართლებრივ ჩარჩოში მოაქცია ადმინისტრაციული წარმოების ყველა ის ეტაპი, რაც დაინტერესებული პირის მიერ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების მიზნით განხორციელდა და გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის 48-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დაადგინა, რომ 2018 წლის 1 იანვრამდე „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შემთხვევაში გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემა მოხდებოდა 2018 წლის 1 იანვრამდე გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემისთვის დადგენილი წესით. კასატორის მოსაზრებით, ამგვარი დასკვნა ეწინააღმდეგება როგორც საჯარო მმართველობის კანონიერებისა და ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებს, ისე სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელების ვალდებულებას ასევე, ეწინააღმდეგება როგორც გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის, კერძოდ, აღნიშნული კოდექსის 2.1 მუხლის ,,ა" ქვეპუნქტს, რომლის თანახმად, ამ კოდექსის მიზანია - ხელი შეუწყოს გარემოს, ადამიანის სიცოცხლის ან/და ჯანმრთელობის, კულტურული მემკვიდრეობისა და მატერიალური ფასეულობების დაცვას ისეთი სტრატეგიული დოკუმენტის ან საქმიანობის განხორციელების პროცესში, რომელმაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ზემოქმედება მოახდინოს გარემოზე, ადამიანის სიცოცხლესა ან/და ჯანმრთელობაზე; ხოლო, ამავე კოდექსის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, 2018 წლის 1 იანვრამდე „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შემთხვევაში გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გაიცემა 2018 წლის 1 იანვრამდე გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემისთვის დადგენილი წესით.
კანონმდებელმა აღნიშნული ნორმით ცალსახად, იმპერატიულად განსაზღვრა, რომ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება 2018 წლის 1 იანვრამდე არსებული გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემისათვის დადგენილი წესით გაიცემა მხოლოდ 2018 წლის 1 იანვრამდე ,,გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შემთხვევაში, რომელიც გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისათვის/გამოცემისათვის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ იყო დაწყებული 2018 წლის 1 იანვრამდე და არა ნებისმიერი პროცედურის დაწყების შემთხვევაში, რომელიც განხორციელდა საქმიანობის განმახორციელებლის ან თუნდაც სამინისტროს მიერ 2018 წლის 1 იანვრამდე და რომელიც უკავშირდება გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საბოლოო დოკუმენტის სახით ჩამოყალიბებას.
კასატორის განმარტებით, საფუძველს მოკლებულია სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ საქმიანობის განმახორციელებლის მიერ „გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედების პერიოდში კანონის შესაბამისად განხორციელებული მოქმედებები, მათ შორის, კანონით დადგენილი პროცედურების საფუძველზე მომზადებული გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში, რომლის წარდგენაც საბოლოოდ მიზნად ისახავდა საქმიანობის ნებართვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას, ახალი კანონის მოქმედების გავრცელებით კარგავდა იმ მნიშვნელობას და იურიდიულ ძალას, რასაც მას ანგარიშის შედგენის პერიოდში მოქმედი კანონმდებლობა ანიჭებდა. სასამართლომ სზაკ-ის 2.1 მუხლის "კ" ქვეპუნქტით განსაზღვრული ნორმის დეფინიციის საწინააღმდეგოდ არასწორად დაასკვნა, რომ განსახილველ შემთხვევაში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, „გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, შპს „დ...ს" დირექტორის 2017 წლის 17 ნოემბრის განცხადების საფუძველზე, დაიწყო სხვადასხვა სახის სამართლებრივი პროცედურის განხორციელება, რაც სამინისტროს მიერ სწორედ შესაბამისი ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის (ნებართვის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების) მომზადების მიზნით განხორციელებული საქმიანობაა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ წარმოებას წარმოადგენს. და რომ „გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი რეგულაციების გათვალისწინებით, გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისთვის, 2018 წლის 1 იანვრამდე „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ადმინისტრაციული წარმოების დაწყებად მიიჩნია საქმიანობის განმახორციელებლის მიერ გზშ-ს საჯარო განხილვის მოწყობის შესახებ უფლებამოსილ ორგანოში განცხადების წარდგენა, რამდენადაც მითითებული პროცედურის გარეშე დაინტერესებული პირი მოკლებული იყო გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემის შესახებ განცხადების წარდგენის შესაძლებლობას.
კასატორის განმარტებით, სასამართლომ ასევე არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-4 პუნქტი, რომლის თანახმად, ნებართვის ერთ-ერთი სახეა გარემოზე ზემოქმედების ნებართვა. ამავე კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ნებართვის მაძიებელი ნებართვის მისაღებად ნებართვის გამცემს წარუდგენს წერილობით განცხადებას. ნებართვის მიღების თაობაზე განცხადების წარდგენა, განხილვა და წარმოებაში მიღება ხორციელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით დადგენილი წესით, რომლითაც ასევე იმპერატიულად არის განსაზღვრული მათ შორის ადმინისტრაციული წარმოების დაწყება. კერძოდ: საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია დაინტერესებული პირის განცხადება; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოება ამ მუხლის პირველი ნაწილის "ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაიწყება განცხადების რეგისტრაციის მომენტიდან.
სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს მთავრობის 2005 წლის 1 სექტემბრის N154 დადგენილებით დამტკიცებული ,,გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების 4.4 მუხლი, რომლის თანახმად, ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების ვადის ათვლა იწყება ნებართვის მაძიებლის მიერ ამ დებულებით გათვალისწინებული დოკუმენტაციის სრულად წარდგენის დღიდან და არა საქმიანობის განმახორციელებლის მიერ "გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 მუხლით განსაზღვრული პროცედურების (საჯარო განხილვის) დაწყების მომენტიდან, რაც გარემოზე ზემოქმედების მქონე საქმიანობისათვის ნებართვის გაცემისათვის კანონით დადგენილი აუცილებელი პროცედურაა და რომლის კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად განხორციელება საქმიანობის განმახორციელებლის და არა ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებაა, თანახმად ,,გარემოზე ზემოქმედების ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 და მე-7 მუხლებისა.
საქმიანობის განმახორციელებლის მიერ შესაბამის ადგილობრივი თვითმმართველობის შენობაში მოწყობილი საჯარო განხილვა და მასში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლების მონაწილეობა, ამ საჯარო განხილვის მოწყობის შესახებ ინფორმაციის სამინისტროსათვის განცხადებით შეტყობინება და გზშ-ს ანგარიშის სამუშაო ვერსიის წარდგენა აღნიშნულ საჯარო განხილვას ვერ გადააქცევს ადმინისტრაციულ წარმოებად. ვინაიდან, ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, საქმიანობის განმახორციელებელი, რომელიც არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს ვალდებულია მოაწყოს გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) საჯარო განხილვა გზშ-ის ანგარიშის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოსათვის განსახილველად წარდგენამდე. ანუ საქმიანობის განმახორციელებლის ვალდებულებაა მოაწყოს საჯარო განხილვა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების დაწყებამდე, წინასწარი განხილვის მიზნით გარემოზე ზემოქმედების ანგარიშის მისი დამატებით შესწავლისა და მასზე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარმოდგენა განხორციელებულია იმ მიზნით, რომ სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებს, თავის მხრივ, სამინისტროსთვის გადაეგზავნათ შენიშვნები და მოსაზრებები წარმოდგენილ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშთან დაკავშირებით, რომელთა საფუძველზეც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოამზადებდა შენიშვნებს და მოსაზრებებს, რაც განხორციელდა კიდეც სამინისტროს მიერ.
,,გარემოზე ზემოქმედების ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებულია გარემოზე ზემოქმედების შეფასების საჯარო განხილვის პროცედურა, რაც ამავე კანონის მე-7 მუხლის თანახმად ფორმდება არა სამინისტროს, არამედ საქმიანობის განმახორციელებლის მიერ შესაბამისი ოქმით, რომლის შედეგად ხდება გზშ-ს ანგარიშის საბოლოო სახით ჩამოყალიბება ანუ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვის დასრულების შედეგად საქმიანობის განმახორციელებლის მიერ საზოგადოებისა და სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მონაწილეობით ხდება არა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, არამედ, გზშ-ს ანგარიშის საბოლოო სახით ჩამოყალიბება, რომელიც გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გამოცემის მოთხოვნით ადმინისტრაციულ ორგანოში წარსადგენ განცხადებაზე თანდართულ აუცილებელ დოკუმენტს წარმოადგენს.
შესაბამისად, კასატორის განმარტებით, როდესაც გზშ-ს ანგარიშის საჯარო განხილვით საქმიანობის განმახორციელებლის მიერ შესრულებულია ვალდებულება, საჯარო განხილვაზე, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს და მუნიციპალიტეტის თანამშრომლების დასწრება და ამ საჯარო განხილვის შესახებ სხდომის ჩატარების შესახებ საქმიანობის განმახორციელებლის მიერ ინფორმაციის სამინისტროსათვის წარდგენა, არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ წარმოებას.
სზაკ-ის 76.1 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია დაინტერესებული პირის განცხადება, რომელიც განსახილველ შემთხვევაში შპს ,,დ...ს" მიერ სამინისტროში წარდგენილია მხოლოდ 2018 წლის 31 იანვარს, სწორედ ამ განცხადების რეგისტრაციიდან დაიწყო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული წარმოება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემის მიზნით. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული წარმოების დაწყებამდე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების მიზნით ცალკე ადმინისტრაციულ წარმოების ჩატარებას, მით უფრო კერძო სამართლის იურიდიული პირების მოწყობილი საჯარო განხილვის აუცილებელი პროცედურის მიერ ადმინისტრაციული წარმოების განუყოფელ ნაწილად მიჩნევას, მოქმედი ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი არ იცნობს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 20 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ა(ა)იპ მ...ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა(ა)იპ მ...ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, სადავოა შპს „დ...ს“ მიერ ...ის წარმოებაზე (ახალი წისქვილის მოწყობისა და ექსპლუატაციის) გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 22 თებერვლის №2-96 ბრძანებისა და საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს მთავრობის ვირტუალური ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის 1-ელ მუხლზე, რომელიც არეგულირებს ისეთ სტრატეგიულ დოკუმენტსა და სახელმწიფო ან კერძო საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს, რომელთა განხორციელებამ შესაძლოა მნიშვნელოვანი ზემოქმედება მოახდინოს გარემოზე, ადამიანის სიცოცხლეზე ან/და ჯანმრთელობაზე. ამ კოდექსის რეგულირების სფეროს განეკუთვნება გარემოზე ზემოქმედების შეფასების, სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების, გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ექსპერტიზის ჩატარების პროცედურები. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება არის ამ კოდექსის მე-13 მუხლის გათვალისწინებით გამოცემული აქტი, რომელიც გარემოზე ზემოქმედების შეფასებისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის განხორციელების სავალდებულო წინაპირობაა. თუ საქმიანობის განხორციელებისთვის საჭიროა გარემოსდაცვით გადაწყვეტილებაზე დამოკიდებული საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ლიცენზია/ნებართვა ან/და ასეთი ლიცენზიის/ნებართვის რომელიმე სტადიის დასრულება, აღნიშნული ლიცენზია/ნებართვა შეიძლება ძალაში შევიდეს ან/და ასეთი ლიცენზიის/ნებართვის შესაბამისი სტადია შეიძლება დასრულდეს მხოლოდ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის შემდეგ, გარდა ამ კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ამავე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გარემოზე ზემოქმედების შეფასება (შემდგომ – გზშ) არის შესაბამის კვლევებზე დაყრდნობით, გარემოზე შესაძლო ზემოქმედების გამოვლენისა და შესწავლის პროცედურა იმ დაგეგმილი საქმიანობისთვის, რომელმაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ზემოქმედება მოახდინოს გარემოზე და რომელიც მიეკუთვნება ამ კოდექსის I დანართით გათვალისწინებულ საქმიანობას და, სკრინინგის გადაწყვეტილების შესაბამისად, ამავე კოდექსის II დანართით გათვალისწინებულ საქმიანობას. გზშ მოიცავს სკოპინგს, გზშ-ის ანგარიშის მომზადებას, საზოგადოების მონაწილეობას, უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებთან კონსულტაციების გამართვას, მიღებული შედეგების შეფასების საფუძველზე ექსპერტიზის დასკვნის მომზადებას და მის მხედველობაში მიღებას ამ კოდექსით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემისას ან/და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას.
„გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად: 1) საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია გზშ-ის ანგარიშის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოსათვის წარდგენამდე მოაწყოს მისი საჯარო განხილვა (ხოლო ამ კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვა მოაწყოს მშენებლობის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მშენებლობის ნებართვის გაცემის მეორე სტადიის პროცედურის დაწყებამდე); 2) გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვის მოწყობის მიზნით საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია გამოაქვეყნოს თავის მიერ დაგეგმილი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია. ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს როგორც ცენტრალურ პერიოდულ ბეჭდვით ორგანოში, ისე იმ თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული ტერიტორიის ფარგლებში არსებულ პერიოდულ ბეჭდვით ორგანოში (ასეთის არსებობის შემთხვევაში), სადაც დაგეგმილია საქმიანობის განხორციელება; 3) დაგეგმილი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია უნდა შეიცავდეს: ა) დაგეგმილი საქმიანობის მიზნებს, დასახელებასა და ადგილმდებარეობას; ბ) მისამართს, სადაც საზოგადოების წარმომადგენლებს შეეძლებათ დაგეგმილ საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტების (მათ შორის, გზშ-ის ანგარიშის, ტექნიკური რეზიუმეს და არატექნიკური რეზიუმეს დოკუმენტური და ელექტრონული ვერსიების) გაცნობა; გ) საზოგადოების წარმომადგენელთა მოსაზრებების წარდგენის ვადას; დ) გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვის მოწყობის დროსა და ადგილს; 4) საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია: ა) ბეჭდვით ორგანოში დაგეგმილი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 3 დღის ვადაში ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში, ხოლო ამ კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – აგრეთვე მშენებლობის ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში წარადგინოს გზშ-ის ანგარიშის, დაგეგმილ საქმიანობასთან დაკავშირებით მომზადებული ტექნიკური რეზიუმეს და არატექნიკური რეზიუმეს დოკუმენტური და ელექტრონული ვერსიები; ბ) დაგეგმილი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში მიიღოს და განიხილოს საზოგადოების წარმომადგენლებისაგან წერილობითი სახით წარმოდგენილი შენიშვნები და მოსაზრებები; გ) დაგეგმილი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებიდან არა უადრეს 50 და არა უგვიანეს 60 დღისა მოაწყოს გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვა თავის მიერ დაგეგმილ საქმიანობასთან დაკავშირებით; დ) გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვაზე უზრუნველყოს შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და სხვა დაინტერესებული ადმინისტრაციული ორგანოების წარმომადგენელთა წერილობითი მიწვევა; 5) გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვაზე დასწრების უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს; 6) გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვა ეწყობა იმ თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციულ ცენტრში, სადაც დაგეგმილია საქმიანობის განხორციელება.
ამავე კანონის მე-7 მუხლის თანახმად: 1) საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვიდან 5 დღის ვადაში უზრუნველყოს გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვის შედეგების შესახებ ოქმის გაფორმება, რომელიც დეტალურად უნდა ასახავდეს გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვისას გამოთქმულ შენიშვნებსა და მოსაზრებებს. ოქმს ხელს აწერენ საქმიანობის განმახორციელებელი (ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი) და შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, სამინისტროს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები (გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვაზე მათი დასწრების შემთხვევაში); 2) საქმიანობის განმახორციელებელი ეცნობა საზოგადოების წარმომადგენელთა წერილობით შენიშვნებსა და მოსაზრებებს და ითვალისწინებს მათ არგუმენტებს გზშ-ის ანგარიშის საბოლოო სახით ჩამოყალიბების პროცესში; 3) საქმიანობის განმახორციელებლის მიერ საზოგადოების წარმომადგენელთა შენიშვნებისა და მოსაზრებების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია უზრუნველყოს შენიშვნებისა და მოსაზრებების გაუთვალისწინებლობის წერილობითი დასაბუთება და მათი ავტორისთვის (ავტორებისთვის) გაგზავნა. ეს წერილობითი დასაბუთება (შესაბამის წერილობით შენიშვნებთან და მოსაზრებებთან ერთად) საქმიანობის განმახორციელებელმა, გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვის შედეგების ამსახველ ოქმთან და გზშ-ის ანგარიშთან ერთად, უნდა წარადგინოს ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში (ხოლო ამ კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოში). ამ პუნქტში აღნიშნული დოკუმენტები გზშ-ის ანგარიშის განუყოფელი ნაწილია; 4) გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვის მოწყობის, მისი შედეგების გაფორმებისა და გზშ-ის ანგარიშის საბოლოო სახით ჩამოყალიბების შემდეგ, საქმიანობის განმახორციელებელი უფლებამოსილია ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოს (ხოლო ამ კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მშენებლობის ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოს) ერთი წლის განმავლობაში, ამ კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით წარუდგინოს განცხადება ნებართვის (ან მშენებლობის ნებართვის) მიღებასთან დაკავშირებით. მე-8 მუხლის პირველ პუნქტის თანახმად, საქმიანობის განმახორციელებელი ნებართვის მისაღებად სამინისტროს წარუდგენს წერილობით განცხადებას. ნებართვის მიღების თაობაზე განცხადება წარედგინება, განიხილება და წარმოებაში მიიღება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, ხოლო მე-2 პუნქტის მიხედვით, საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ინფორმაციის გარდა, ნებართვის მიღების თაობაზე განცხადებასთან ერთად წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად შედგენილი გზშ-ის ანგარიში (5 ეგზემპლარად და ელექტრონული ვერსიით); ბ) დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილის სიტუაციური გეგმა (მანძილების მითითებით); გ) მოსალოდნელი ემისიების მოცულობა და სახეები (მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის/ჩაშვების ნორმების პროექტი (4 ეგზემპლარად); დ) ტექნიკური რეზიუმე და არატექნიკური რეზიუმე; ე) განცხადება წარდგენილი განცხადების კონფიდენციალური ნაწილის შესახებ. ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამინისტრო ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით განსაზღვრული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ნებართვის მიღების თაობაზე განცხადების რეგისტრაციიდან 20 დღის ვადაში; მე-2 პუნქტის თანახმად, სამინისტრო, „ეკოლოგიური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, უზრუნველყოფს საქმიანობის განმახორციელებლის მიერ წარდგენილ შესაბამის დოკუმენტაციაზე ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარებას, რის საფუძველზედაც დგება ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, ხოლო მე-3 პუნქტის მიხედვით, ნებართვა გაიცემა მხოლოდ ეკოლოგიური ექსპერტიზის დადებითი დასკვნის არსებობის შემთხვევაში.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, აღსანიშნავია, რომ გარემოს დაცვითი შეფასების კოდექსის 50-ე მუხლის „ა“ პუნქტის შესაბამისად, 2018 წლის 1 იანვრიდან ძალადაკარგულად გამოცხადდა „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი. გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით ახლებურად და უფრო დეტალურად მოწესრიგდა გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) მომზადების პროცედურა და ეტაპები, გაჩნდა გზშ-ს მიმართ ახალი მოთხოვნები, მათ შორის სკოპინგი (პროცედურა, რომელიც განსაზღვრავს გზშ-ისთვის/სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასებისთვის მოსაპოვებელი და შესასწავლი ინფორმაციის ჩამონათვალს და ამ ინფორმაციის გზშ-ის ანგარიშში/სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიშში ასახვის საშუალებებს (მუხლი 3.ს). თუმცა მიუხედავად აღნიშნული საკანონმდებლო აქტის ძალადაკარგულად გამოცხადებისა, კოდექსის 48-ე მუხლის პირველმა ნაწილმა განსაზღვრა „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედების გავრცელება გამონაკლის შემთხვევაში, კერძოდ, მითითებული ნორმის თანახმად, 2018 წლის 1 იანვრამდე „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შემთხვევაში გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გაიცემა 2018 წლის 1 იანვრამდე გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემისთვის დადგენილი წესით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში, სადავო საკითხს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 22 თებერვლის №2-96 ბრძანების მიღების საფუძვლად გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის 48-ე მუხლის პირველი ნაწილს გამოყენება და შესაბამისად, სადავო ბრძანებაზე იმ პერიოდში მოქმედი კანონმდებლობის გავრცელება, წარმოადგენს. კასატორი (მოსარჩელე) მიიჩნევს, რომ 2018 წლის 22 თებერვლის №2-96 ბრძანება უნდა გამოცემულიყო არა - „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონით დადგენილი წესისა და პროცედურის შესაბამისად, არამედ ბრძანების გამოცემის დროს მოქმედი - გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის (მიღებული 2017 წლის 1 ივნისს) საფუძველზე და მის შესაბამისად.
საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ საქართველოს კანონი - გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი - მიღებულ იქნა 2017 წლის 1 ივნისს და ამავე კანონით განისაზღვრა, რომ 2018 წლის 1 იანვრამდე „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შემთხვევაში გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გაიცემოდა 2018 წლის 1 იანვრამდე გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემისთვის დადგენილი წესით (მუხლი 48.1.).
საქმის მასალებით დადგენილია, რომ შპს ,,დ...მა“ 2017 წლის 17 ნოემბერს განცხადებით მიმართა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს. განცხადებით სამინისტროს ეცნობა, რომ 2018 წლის 5 იანვარს, 13:00 საათზე ქ. რუსთავის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში (მისამართი: ქ. რუსთავი, კოსტავას გამზ. N20) გაიმართებოდა შპს ,,დ...ს“ დაქვემდებარებაში არსებულ საწარმოს ტერიტორიაზე კლინკერისაგან ...ის დასამზადებელი 2 ახალი წისქვილის მოწყობისა და ექსპლუატაციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიშის საჯარო განხილვა. ინფორმაცია საჯარო განხილვის დანიშვნის თაობაზე გამოქვეყნებული იყო გაზეთ „ს...ის“ 2017 წლის 16 ნოემბრის ნომერში. განცხადებით სამინისტროს წარედგინა დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიში.
შპს ,,დ...მა“ 2018 წლის 31 იანვარს წერილით მიმართა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს. წერილით სამინისტროს წარედგინა შპს ,,დ...ს“ ქ. რუსთავში მდებარე საწარმოს ტერიტორიაზე ...ის დასამზადებელი 1 ახლი წისქვილის მოწყობასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე გარემოზე ზემოქმედების ნებართვის მისაღებად საჭირო გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში და კანონით დადგენილი დოკუმენტაცია.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის, აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით. ამასთან, ამავე კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია: ა) დაინტერესებული პირის განცხადება; ბ) ადმინისტრაციული ორგანოსათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება – გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
ადმინისტრაციული წარმოება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობას, რომელსაც იგი ახორციელებს როგორც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის, ასევე, ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით. ამდენად, ადმინისტრაციული წარმოების პროცესი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემასთან ერთად, მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს იმ საქმიანობასაც, რომელიც დაკავშირებულია ასეთი აქტის მომზადების მიზანთან.
სასამართლოს განმარტებით, საქმიანობის განმახორციელებელი პირის მიერ კონკრეტული პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვის მოწყობა და შესაბამისი პროცედურების განხორციელება ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ დაინტერესებულმა პირმა კანონით დადგენილი ამ პროცედურების განხორციელების შემდგომ, ჩამოაყალიბოს გზშ-ს საბოლოო ანგარიში და წარადგინოს იგი ნებართვის გამცემ ორგანოში, შესაბამისი ნებართვის მიღების მიზნით. ამასთან, ბუნებრივია, რომ 2017 წლის 17 ნოემბრის განცხადებით შპს ,,დ...“ პირდაპირ ვერ მოითხოვდა სამინისტროსგან ნებართვის გაცემას, ვინაიდან „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონის (ძალადაკარგულია 2018 წლის 1 იანვრიდან) მე-8 მუხლის მეორე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ავალდებულებდა მას ნებართვის მიღების თაობაზე წარდგენილი განცხადებისთვის თან დაერთო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად შედგენილი გზშ-ის ანგარიში, რაც გულისხმობდა სწორედ ამავე კანონის მე-6 მუხლით დადგენილი წესით, საჯარო განხილვის ჩატარების გზით ჩამოყალიბებული გზშ-ს ანგარიშის წარდგენას.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის სადავო ბრძანების გამოცემის მიზნით, სამინისტროს მიერ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო შპს ,,დ...ს“ (სამინისტროში რეგისტრაციის თარიღი: 17.11.2017, №20714) განცხადების საფუძველზე, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ 48-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ანიჭებდა უფლებამოსილებას 2018 წლის 1 იანვრამდე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება დაესრულებინა „გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმების საფუძველზე.
საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი ვადის დარღვევა ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის თქმად და იგი გასაჩივრდება ამ თავით დადგენილი წესით. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 22 თებერვლის №2-96 ბრძანების გაუქმების მოთხოვნით, ა(ა)იპ მ...მ 2018 წლის 6 აპრილს, ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს მთავრობას. მხარეთა შორის სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ საქართველოს მთავრობას ა(ა)იპ მ...ის მიერ წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის საფუძველზე, კანონით დადგენილ ვადაში, წერილობითი ფორმით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ გამოუცია. ამდენად, ზემოხსენებული ნორმატიული შინაარსის გათვალისწინებით, მიიჩნევა, რომ საქართველოს მთავრობამ უარი განაცხადა ა(ა)იპ მ...ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე და შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე.
საკასაციო პალატის მითითებით, ვინაიდან არ არსებობს გასაჩივრებული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 22 თებერვლის №2-96 ბრძანების ბათილად ცნობის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები, აღნიშნული ბრძანების ადმინისტრაციული საჩივრით გასაჩივრების შედეგად, საქართველოს მთავრობის მიერ გამოცემული ვირტუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ სასარჩელო მოთხოვნაც უსაფუძვლოა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც, თავის მხრივ, არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ა(ა)იპ მ...ს საკასაციო საჩივარზე 22.08.2021წ. №333 საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ა(ა)იპ მ...ს (ს/კ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ა(ა)იპ მ...ს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 თებერვლის განჩინება.
3. ა(ა)იპ მ...ს (ს/კ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 22.08.2021წ. №333 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე