Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1344(2კ-22) 11 ივლისი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია, ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები (მოპასუხეები) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - ნ. ნ-ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. ნ-იმა 2019 წლის 10 მაისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიმართ, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 13 დეკემბრის №373608 გადაწყვეტილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 29 მარტის №275 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ. ნ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილებით ნ. ნ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ნ. ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 13 დეკემბრის №3733608 გადაწყვეტილება და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს დაევალა საქმის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილი წესით, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; ბათილად იქნა ცნობილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 29 მარტის №275 ბრძანება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა მოითხოვეს.

კასატორის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლის მითითებით, 2017 წლის 4 დეკემბერს ნ. ნ-იმა №AR1562424 განცხადებით მიმართა არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა ქ. თბილისში, ...ის დასახლება, მიკრო/რაიონი ..., კვარტალი ... კორპუსი №...-ში, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფასადზე აივნის მოწყობის ესკიზის წინასწარი შეთანხმება.

არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 13 დეკემბრის №3733608 გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ნ. ნ-ის №AR1562424 განცხადება და განემარტა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებით დამტკიცებული „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების“ შესაბამისად, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებზე, რომლებსაც უნებართვოდ ან სხვა მიზეზის შედეგად ნაწილობრივ დაშენების, მიშენების ან/და მანსარდის მოწყობის გამო დაკარგული აქვთ დასრულებული არქიტექტურული იერსახე, დაშენება, მიშენება ან/და მანსარდის მოწყობა ნებადართული იქნებოდა ერთიანი პროექტის საფუძველზე, იერსახის მოწესრიგების მიზნით. გადაწყვეტილებაში ასევე განმარტებულია, რომ დაგეგმილი სამშენებლო სამუშაოები მიზნად არ ისახავდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის იერსახის მოწესრიგებას და არ შეესაბამებოდა განაშენიანების სამომავლო განვითარების მისაღებ მხატვრული იერსახით ჩამოყალიბების პრინციპებს.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების“ მე-20 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, „მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებზე აკრძალულია დაშენება, მიშენება ან/და მანსარდის მოწყობა, გარდა ამ მუხლით განსაზღვრული შემთხვევებისა“. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებზე, რომლებსაც უნებართვოდ ან სხვა მიზეზის შედეგად ნაწილობრივ დაშენების, მიშენების ან/და მანსარდის მოწყობის გამო დაკარგული აქვთ დასრულებული არქიტექტურული იერსახე, დაშენება, მიშენება ან/და მანსარდის მოწყობა ნებადართულია ერთიანი პროექტის საფუძველზე, იერსახის მოწესრიგების მიზნით“.

ამდენად, კასატორის მოსაზრებით, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებზე მიშენებისა და დაშენების განხორციელება აკრძალულია, მაგრამ დაიშვება იმ შემთხვევაში, თუ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლს დაკარგული აქვს დასრულებული არქიტექტურული იერსახე უკვე განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების შედეგად, ხოლო დაგეგმილი მიშენება ან დაშენება ხორციელდება ერთიანი პროექტის საფუძველზე და მიზნად ისახავს იერსახის მოწესრიგებას.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებით დამტკიცებული „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების“ მე-4 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტის თანახმად, მიშენება არის შენობა-ნაგებობის ისეთი რეკონსტრუქცია, რომლის დროსაც საანგარიშო ზედაპირის მხრიდან მთლიანად ან მათ ნაწილზე (მათ შორის, მიწისქვეშა და არასრული სართულის დონეზე), ჰორიზონტალური მიმართულებით ხდება მისი მოცულობით-გეგმარებითი განვითარება (ახალი სამყოფ(ებ)ის, სათავს(ებ)ის, სადგომ(ებ)ის და სხვ. დამატება).

კასატორის განმარტებით, საქმეში წარმოდგენილი არსებული სიტუაციის ამსახველი ფოტომასალითა და ფოტომონტაჟით ირკვევა, რომ მოსარჩელის მიერ განსახორციელებელი სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიზნად ისახავდა საპროექტო ობიექტის მოცულობით-გეგმარებით განვითარებას საანგარიშო ზედაპირის მხრიდან. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, ადგილი ჰქონდა მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე მიშენებას.

კასატორი არ იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას იმ გარემოებაზე, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იქნა დასაბუთებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილება და განმარტავს, რომ არქიტექტურის სამსახურმა, ქალაქთმშენებლობითი თვალსაზრისით, კანონმდებლობით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიზანშეწონილად არ მიიჩნია საპროექტო შენობა-ნაგებობის მოთხოვნილი სახით სამშენებლოდ განვითარება სწორედ კერძო და საჯარო ინტერესების გათვალისწინებით, რა დროსაც დაცულ იქნა საჯარო ინტერესი - არ განხორციელებულიყო ისეთი სამუშაოები, რაც შეცვლიდა შენობის მხატვრულ იერსახეს.

კასატორის - სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენელი საკასაციო საჩივარში მიუთითებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ არქიტექტურის სამსახურმა, კანონმდებლობით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, 2017 წლის 13 დეკემბერს მიიღო №3733608 გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ნ. ნ-ის №AR1562424 განცხადება და განემარტა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებით დამტკიცებული „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების“ შესაბამისად, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებზე, რომლებსაც უნებართვოდ ან სხვა მიზეზის შედეგად ნაწილობრივ დაშენების, მიშენების ან/და მანსარდის მოწყობის გამო დაკარგული აქვთ დასრულებული არქიტექტურული იერსახე, დაშენება, მიშენება ან/და მანსარდის მოწყობა ნებადართული იქნებოდა ერთიანი პროექტის საფუძველზე, იერსახის მოწესრიგების მიზნით. გადაწყვეტილებაში ასევე მიეთითა, რომ დაგეგმილი სამშენებლო სამუშაოები მიზნად არ ისახავდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის იერსახის მოწესრიგებას და არ შეესაბამებოდა განაშენიანების - სამომავლო განვითარების მისაღებ მხატვრული იერსახით ჩამოყალიბების პრინციპებს. აღნიშნული გადაწყვეტილება შესაბამისობაშია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების“ მე-20 მუხლის პირველ პუნქტსა და ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებთან, რადგან საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტაციით, კერძოდ, სიტუაციის ამსახველი ფოტომასალითა და ფოტომონტაჟით დგინდება, რომ მოსარჩელის მიერ განსახორციელებელი სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიზნად ისახავდა საპროექტო ობიექტის მოცულობით-გეგმარებით განვითარებას საანგარიშო ზედაპირის მხრიდან, რაც მოცემულ შემთხვევაში, წარმოადგენდა მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე მიშენებას და არა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის იერსახის მოწესრიგებას, შესაბამისად, კასატორის მოსაზრებით, უსაფუძვლოა სააპელაციო პალატის შეფასება იმ გარემოებაზე, რომ სადავო გადაწყვეტილება არ არის დასაბუთებული.

რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს მითითებას საერთაშორისო და შიდასაკანონმდებლო აქტებზე, რომელთა მეშვეობითაც სახელმწიფოს აღიარებული აქვს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მდგომარეობის განსხვავებულობა და ნაკისრი აქვს ვალდებულება ხელი შეუწყოს გარემო პირობების გონივრულად მოდიფიკაციას, რათა შშმ პირთა საჭიროებები მაქსიმალურად იქნეს გათვალისწინებული, კასატორი განმარტავს, რომ საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილი არანაირი მტკიცებულება იმის თაობაზე, რომლითაც დადასტურდებოდა ის გარემოება, რომ განსახორციელებელი სამუშაოები წარმოადგენდა ერთადერთ და უპირობო შესაძლებლობას, რაც კერძო და საჯარო ინტერესების პროპორციულობის დაცვის ჭრილში, კერძო პირის დომინირებული ინტერესით იქნებოდა შეფასებული და გადაწონიდა საჯარო ინტერესებს. ამასთან, დღეს მოქმედი „მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტების“ დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 დეკემბრის №732 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტი არ ითვალისწინებს შშმ პირებისთვის სპეციალურად განკუთვნილი აივნის მოწყობის ვალდებულებას/შესაძლებლობას. ამდენად, კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განმარტება ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია. ამასთან დამატებით აღნიშნავს, რომ საქმეში არანაირი მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი იმის თაობაზე, რომ არქიტექტურის სამსახურს მსგავსი ტიპის სამუშაოების წარმოებაზე გაცემული აქვს დადებითი გადაწყვეტილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ნოემბრის განჩინებით, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის, ხოლო 2022 წლის 16 დეკემბრის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით პალატის მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებზე“, რომლის მიზანია დედაქალაქის ტერიტორიაზე უძრავი ნივთების განვითარების, გამოყენების და მათში ცვლილებების შეტანის პროცესების რეგულირება, ასევე სამშენებლო საქმიანობისათვის ტერიტორიებისა და მიწის ნაკვეთ(ებ)ის გამოყენების სპეციფიკური პირობების დადგენა.

მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებზე დაშენება, მიშენება ან/და მანსარდის მოწყობის კონკრეტულ მოწესრიგებას ითვალისწინებს ზემოხსენებული დადგენილების მე-20 მუხლი, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებზე აკრძალულია დაშენება, მიშენება ან/და მანსარდის მოწყობა, გარდა ამ მუხლით განსაზღვრული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული საგამონაკლისო შემთხვევები კი, შემდეგნაირად განისაზღვრება: მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებზე, რომლებსაც უნებართვოდ ან სხვა მიზეზის შედეგად ნაწილობრივ დაშენების, მიშენების ან/და მანსარდის მოწყობის გამო დაკარგული აქვთ დასრულებული არქიტექტურული იერსახე, დაშენება, მიშენება ან/და მანსარდის მოწყობა ნებადართულია ერთიანი პროექტის საფუძველზე, იერსახის მოწესრიგების მიზნით. ამასთანავე, დასახელებულ საგამონაკლისო შემთხვევებში, მზიდი კონსტრუქციების მდგრადობა დადასტურებული უნდა იყოს დოკუმენტურად და მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოში წარდგენილ იქნეს შესაბამისი საექსპერტო შეფასება. გარდა შენობის მზიდი კონსტრუქციების მდგრადობის დადასტურებისა, ასეთი საგამონაკლისო წესით მიშენების განხორციელების დამატებით წინაპირობად განსაზღვრულია არსებული შენობა-ნაგებობის გარკვეული ტექნიკური პარამეტრები; კერძოდ, სამშენებლო სამუშაოების განხორციელება დაუშვებელია ისეთ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებზე, რომელთა სართულების სიმაღლე იატაკიდან ჭერამდე 2.7 მ-ზე ნაკლებია, არ გააჩნიათ ლიფტი და რომელთა ექსპლუატაციის ვადა განსაზღვრულია მაქსიმუმ 50-წლამდე.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოქალაქე ნ. ნ-იმა მიმართა სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს მისი საცხოვრებელი ბინის კორპუსის ფასადზე აივნის მოწყობის სამშენებლო ესკიზი შეთანხმების თაობაზე. განმცხადებელმა მიუთითა, რომ მის შვილს გააჩნდა მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობები, რაც შეუძლებელს ხდიდა მის დამოუკიდებლად გადაადგილებას; შესაბამისად აივნის მოწყობა წარმოადგენდა მისი და მისი ოჯახის სასიცოცხლო ინტერესს, რათა ამ ფორმით მაინც ჰქონოდათ ღია სივრცით სარგებლობის შესაძლებლობა. მიუხედავად იმისა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლებთან მუდმივი კომუნიკაციის წარმოებითა და მათი მითითებების შესაბამისად, განმცხადებელმა ადმინისტრაციულ ორგანოში წარადგინა დოკუმენტები (ერთიანი პროექტი), რაც მიუთითებდა დაგეგმილი მიშენების განხორციელების შესაძლებლობას სამშენებლო რისკებისა და შენობის მზიდი კონსტრუქციების მდგრადობისათვის საფრთხის შექმნის გარეშე, ასევე შენობის ფასადის იერსახის უკვე დარღვევის თაობაზე, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 13 დეკემბრის №3733608 გადაწყვეტილებით ნ. ნ-ის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების“ მე-20 მუხლთან შეუსაბამობის საფუძვლით; კერძოდ, არქიტექტურის სამსახურმა მიიჩნია, რომ დაგეგმილი სამუშაოები არ უნდა განხორციელებულიყო, ვინაიდან იგი არ შეესაბამებოდა განაშენიანების სამომავლო განვითარებისათვის მისაღებ, მხატვრული იერსახით ჩამოყალიბების პრინციპს და მიზნად არ ისახავდა კორპუსის ერთიანი იერსახის მოწესრიგებას.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხზე მსჯელობისას დეტალურად არ შეუსწავლია და შეუფასებია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები; კერძოდ, ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება არ შეიცავს სათანადო დასაბუთებას თუ რა სახის შეუსაბამობას გამოიწვევდა ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოები, მით უფრო მაშინ, როდესაც საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ კორპუსის ერთიანი იერსახე დარღვეულია, განმცხადებლის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის როგორც გვერდით (ჰორიზონტალურად) ასევე, ზემოთ (ვერტიკალში) მდებარე საცხოვრებელი ბინების ფასადებზე განხორციელებულია მიშენებები - აივნები. ასეთ პირობებში კი, ადმინისტრაციული ორგანოს განმარტება, რომ სამშენებლო სამუშაოები არ ემსახურებოდა კორპუსის ერთიანი იერსახის მოწესრიგებას, დაუსაბუთებელია და ასევე ეწინააღმდეგება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლით გარანტირებულ თანასწორობის პრინციპს.

გარდა ამისა, საგულისხმოა, რომ მოსარჩელე მიუთითებდა მისი შვილის შეზღუდული შესაძლებლობების თაობაზე, რაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უგულებელყოფილია, მაშინ როდესაც როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციით (ძალაშია 2014 წლის 12 აპრილიდან), ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ საქართველოს კანონით აღიარებულია სახელმწიფოს ვალდებულება, უზრუნველყოს შშმ პირთა ცხოვრების ადეკვატური სტანდარტი და სოციალური დაცვა. ამრიგად, საკასაციო პალატა, მართალია, იზიარებს კასატორთა მოსაზრებას, რომ ადმინისტრაციული ორგანო თავისი ნორმატიულად განსაზღვრული მიზნებისა და ფუნქციების შესასრულებლად მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში და გადაწყვეტილების მიღებისას გარდა კანონიერებისა, ითვალისწინებს აგრეთვე მიზანშეწონილობის ასპექტებსაც, თუმცა დისკრეციული უფლებამოსილება არ გულისხმობს მოქმედების სრულ თავისუფლებას, არამედ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 და მე-7 მუხლებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულმა ორგანომ, ერთი მხრივ, უნდა უზრუნველყოს ასეთი უფლებამოსილების მინიჭების მიზნის დადგენა და მიღწევა, მეორე მხრივ კი, უნდა დაიცვას საჯარო და კერძო ინტერესთა პროპორციულობის პრინციპი. საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღება არ გამორიცხავს საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევისა და მიღებული გადაწყვეტილების სათანადოდ დასაბუთების ვალდებულებას.

განსახილველ შემთხვევაში, სადავო აქტში განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მითითებული გარემოება არ ქმნის სადავო აქტის დასაბუთებულად მიჩნევის შესაძლებლობას და გაურკვეველია რას ეფუძნება ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება, ამრიგად, გასაჩივრებული აქტი გამოცემულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლებით გათვალისწინებული, საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად დადგენის, შესწავლისა და შეფასების ვალდებულების დარღვევით, შესაბამისად, არსებობდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების წინაპირობები, ვინაიდან სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას და შეფასებას, რაც სასამართლოს მიერ ამ ეტაპზე საკითხის არსებითად გადაწყვეტას გამორიცხავს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილება;

3. კასატორს - სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს (ს/ნ 205270053) დაუბრუნდეს 2022 წლის 27 ოქტომბრის №01777 საგადახდო მოთხოვნით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა