№ბს-702(კ-23) 25 ივლისი, 2023 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 1 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ვ. ბ-ნ, მოპასუხე - საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ვ. ბ-ნმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2019 წლის 30 ნოემბრის ... საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ნაწილში; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 11 თებერვლის №3175 ბრძანება სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ნაწილში; გ) ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 29 ივლისის №10151/2/2020 გადაწყვეტილება სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ნაწილში.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებით ვ. ბ-ნის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 30 ნოემბრის №... საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი ავტოსატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ნაწილში. ბათილად იქნა ცნობილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 1 თებერვლის №3175 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 29 ივლისის №10151/2/2020 გადაწყვეტილება ავტოსატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ნაწილში.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 1 მარტის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 1 მარტის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ.
კასატორი აღნიშნავს, რომ მოცემული დავის ფარგლებში სადავო საკითხს წარმოადგენს სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ფაქტი. კანონმდებლობის მოთხოვნების და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, სამართალდარღვევის სიმძიმის, სამართალდარღვევის ჩამდენი პირის პიროვნების გათვალისწინებით, შეფარდებული სანქცია აკმაყოფილებს პროპორციულობის დაცვის მოთხოვნებს და არ მომხდარა პირის უფლებების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.
კასატორის მოსაზრებით, საქმეში არსებული მასალებით და საბაჟო დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2019 წლის 30 ნოემბერს საბაჟო გამშვები პუნქტი „ს...ს“ კონტროლის ზონაში სომხეთის რესპუბლიკის მხრიდან შემოვიდა სომხეთში რეგისტრირებული მსუბუქი ავტომანქანა (სახ. ნომერი ...), რომელსაც მართავდა სომხეთის მოქალაქე ვ. ბ-ნი (პას. ...). ზეპირი ინტერვიუირებისას დასმულ კითხვაზე, ჰქონდა თუ არა მას დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონელი, მან უარი განაცხადა (ინტერვიუირების პროცესი ასახულია სამხრე ვიდეოკამერაზე). სგპ „ს...ს“ უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ ავტომობილის დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი იქნა არადეკლარირებული/დამალული საქონელი, კერძოდ, სიგარეტი 450 კოლოფი (...-300 კოლოფი, ...-150 კოლოფი), აქციზური მარკის გარეშე. აღნიშნული საქონელი ვ. ბ-ნს დამალული ჰქონდა ავტომანქანის სალონში უკანა სავარძლის ქვეშ, წინა სავარძლების საზურგეებში და წინა ხალიჩების ქვეშ.
ვინაიდან ვ. ბ-ნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე 3000 ლარამდე ღირებულების საქონლის შემოტანას საბაჟო კონტროლისგან მალულად, საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის, 2019 წლის 30 ნოემბერს შედგა №... საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლის საფუძველზეც ვ. ბ-ნს სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით, საქონლის და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა. მომჩივანს თარჯიმნის დახმარებით განემარტა და ეთარგმნა დაჯარიმების საფუძველი და მისი უფლება-მოვალეობები, მისთვის გასაგებ სომხურ ენაზე. სამართალდამრღვევი პირი დაეთანხმა სამართალდარღვევის ფაქტს, რაც დაადასტურა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმზე ხელმოწერით.
№... საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი ვ. ბ-ნმა გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში და მოითხოვა სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმება საქონლის და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ნაწილში. შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს მიერ უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, პირის წინასწარგანზახული ქმედების სამართლებრივად საშიში ხასიათიდან გამომდინარე. ამასთან, გასათვალისწინებელია ის მოცემულობა, რომ ვ. ბ-ნი ძალიან ხშირად გადაადგილდებოდა საქართველოს საბაჟო საზღვარზე და მისთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო საბაჟო საზღვარზე მოქმედი წესები და პროცედურები.
სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების საფუძვლად მიუთითებს გამოყენებული სანქციის არაპროპორიციულობაზე და მიიჩნევს, რომ მიუხედავად სიგარეტის მალულად შემოტანის ფაქტისა, აღნიშნული არ არის საკმარისი შეფარდებული სანქციის დასაბუთებისთვის.
კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას უგულებელყო სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, რომელთა თანახმად, მითითებულ პირს, დაახლოებით 16 სხვადასხვა პირადობის დამადასტურებელი მოწმობით, ჯამურად ჰქონდა 2000-ზე მეტჯერ საზღვრის კვეთა. ამასთან, მათი (პირადობის დამადასტურებელი მოწმობების) უმრავლესობა ერთდროულად იყო და არის კიდეც მოქმედი, რაც ჩადენილი ქმედების ხასიათსა და საშიშროებას კიდევ უფრო ამძიმებს. მოსარჩელისთვის არათუ მხოლოდ საბაჟო პროცედურები, არამედ საბაჟო კონტროლის პროცედურებიც და ღონისძიებებიც კარგად არის ცნობილი. მნიშვნელოვანია იმ ფაქტორის გათვალისწინებაც, რომ კონტრაბანდის აღკვეთისა და შემდგომი სამართალდარღვევების პრევენციისთვის მხოლოდ 1000 ლარიანი ჯარიმის შეფარდება ვერ უზრუნველყოფს კანონმდებლობით დადგენილ მიზნებს და სახელმწიფოს გაცხადებული პოზიციის დაცვას, რადგან უკანონოდ შემოტანილი საქონლის ღირებულება ბევრად აჭარბებს ჯარიმის ოდენობას და მხოლოდ მის გამოყენებას ვერ ექნება შემდგომი ქმედებებისთვის შემაკავებელი ეფექტი. თუნდაც 1000 ლარიანი ჯარიმის გამოყენება კონტრაბანდული საქონლის ჩამორთმევასთან ერთად, არ უნდა იქნეს მიჩნეული როგორც ზედმეტად ან საკმარისად (თანაზომიერად) შემზღუდველი სანქციის სახედ, ვინაიდან სახეზეა აქციზურ მარკირებას დაქვემდებარებული საქონელი, რომელიც სპეციალური წესებით უნდა იქნეს თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული და საბაჟო ორგანო ისედაც ვერ მისცემდა აღნიშნულ პირს მისი ქვეყანაში ამ ფორმით შემოტანის უფლებას. საბაჟო საზღვარზე საქონლის შემოტანა თუ გატანა უნდა მოხდეს კანონმდებლობის სრული დაცვით და პირი, რომელიც ახორციელებს საქონლის იმპორტს, ექსპორტს თუ ტრანზიტს, ვალდებულია, იცოდეს კანონის მოთხოვნები და ზუსტად შეასრულოს ისინი. ამასთან, პირმა უნდა უზრუნველყოს საბაჟო დეპარტამენტისათვის შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა, რაც მიზნად ისახავს საბაჟო კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. აღნიშნული მოთხოვნების დარღვევა იწვევს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრებას. მოსარჩელე საბაჟო კონტროლისაგან მალულად საქართველოს საზღვარზე გადაადგილებდა საქონელს, რომელიც ექვემდებარებოდა დეკლარირებას, რაც მოსარჩელის მიერ არ განხორციელებულა. დეკლარირება მიზნად ისახავს საქონლის წარდგენას, გაცხადებას გარკვეული ქმედების თაობაზე, რათა საგადასახადო ორგანომ შეძლოს საბაჟო კონტროლის სრულყოფილი და ეფექტური განხორციელება. შესაბამისად, დეკლარაციის წარუდგენლობა და საბაჟო საზღვარზე საქონლის მალულად გადატანა ავტომატურად ქმნის საგადასახადო პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს და ამ შემთხვევაში განმსაზღვრელი ვერ იქნება, დეკლარირების განხორციელების შემთხვევაში, შესაბამისი სასაქონლო ოპერაციის შერჩევისას, პირს დაეკისრებოდა თუ არა გადასახადის გადახდა, რამეთუ დეკლარირების უპირველესი და უმთავრესი მიზანი სწორედ კონტროლის განხორციელებაა, ხოლო ამ ვალდებულების შეუსრულებლობა ქმნის საფრთხეს, რომ კონტროლი ვერ განხორციელდება და ამასთან, შეუძლებელი ხდება იმის განსაზღვრაც, რომელი სასაქონლო ოპერაცია უნდა შერჩეულიყო და რამდენად შეასრულა მხარემ დეკლარაციის წარუდგენლობის ფარგლებში შესარჩევი სასაქონლო ოპერაციიდან გამომდინარე მოთხოვნები.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 7 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) 2019 წლის 30 ნოემბერს, საბაჟო გამშვები პუნქტის ,,ს...ს“ კონტროლის ზონაში სომხეთის რესპუბლიკის მხრიდან შემოვიდა სომხეთში რეგისტრირებული მსუბუქი ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით - ..., რომელსაც მართავდა სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე V. B-N (პასპორტის ნომერი - ...). ზეპირი ინტერვიუირებისას მან განაცხადა, რომ თან არ ჰქონდა დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონელი, მათ შორის სიგარეტი. საბაჟო გამშვები პუნქტი ,,ს...ს“ უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ ავტომობილის დათვალიერებისას აღმოჩენილ იქნა არადეკლარირებული/დამალული სიგარეტი ,,...“ 30 ბლოკი - 300 კოლოფი, ... 15 ბლოკი - 150 კოლოფი აქციზური მარკის გარეშე. აღნიშნული საქონელი მოთავსებული იყო ავტომანქანის სალონში უკანა სავარძლის ქვეშ, წინა სავარძლის საზურგეში და წინა ხალიჩების ქვეშ. სასაზღვრო გამშვები პუნქტის თანამშრომლის მიერ 2019 წლის 30 ნოემბერს შედგა საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის თაობაზე №... დოკუმენტი, რომლის თანახმად, ვ. ბ-ნს ჩამოერთვა მსუბუქი ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით - ..., სიგარეტი ,,...“ 6000 ღერი და ... 3000 ღერი. აღნიშნულ მოქალაქეს მისთვის გასაგებ ენაზე განემარტა უფლება-მოვალეობები, ვალდებულებები და შედგენილ იქნა №... საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც ვ. ბ-ნს დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის და სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით, ჩამოერთვა საქონელი და სატრანსპორტო საშუალება. ვ. ბ-ნის მიმართ, 2019 წლის 30 ნოემბერს შედგენილი იქნა ასევე №... ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1552 მუხლის პირველი ნაწილით (ს.ფ 63-64, 58-59, 61-62); ბ) ვ. ბ-ნმა საჩივრით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს, რომლითაც შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2019 წლის 30 ნოემბრის №... საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმება მოითხოვა საქონლისა და სანტრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ნაწილში. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 11 თებერვლის №3175 ბრძანებით, ვ. ბ-ნის საჩივარი არ დაკმაყოფილდა (ს.ფ 55-56, 83-86); გ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 29 ივლისის №10151/2/2020 გადაწყვეტილებით, ვ. ბ-ნის 2020 წლის 11 მარტის საჩივარი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 11 თებერვლის №3175 ბრძანების, 2019 წლის 30 ნოემბრის №... საბაჟო სამართალდარღვევის ოქმისა და 2019 წლის 30 ნოემბრის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის №... დოკუმენტის ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა (ს.ფ 33-36).
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად იწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით ან/და საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების ზოგადი პრინციპებიდან გამომდინარე, სახდელის მიზანს წარმოადგენს სამართალდამრღვევის მიერ ახალი სამართალდარღვევის ჩადენის თავიდან აცილება. ამასთანავე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის სახდელის შეფარდება უნდა მოხდეს შესაბამისი პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმის ზუსტი შესაბამისობით, სახდელის დადებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ჩადენილი ქმედების ხასიათი, დამრღვევის პიროვნება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებანი.
საკასაციო პალატა საყურადღებოდ მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული ნორმით დაწესებულ სანქციათა სახეების (ჯარიმა, საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა) გამოყენება შესაძლებელი იყო როგორც დამოუკიდებლად, ისე ერთობლივად. აღნიშნული მიუთითებდა, ჩადენილი ქმედებისათვის ადეკვატური სანქციის განსაზღვრის საკითხთან მიმართებაში, ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებაზე და მისი მხრიდან, ყოველ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებული გარემოებების მხედველობაში მიღების აუცილებლობაზე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამართალდარღვევის შემადგენლობის ამსახველი ნორმით ალტერნატიული სანქციების გათვალისწინება, გულისხმობს უფრო მკაცრი სახის სახდელის გამოყენების შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, როდესაც ჩადენილი გადაცდომის ხასიათიდან და სიმძიმიდან გამომდინარე, ნაკლებად მკაცრი სახის სანქცია ვერ უზრუნველყოფს სახდელის მიზნის მიღწევის შესაძლებლობას. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შერჩეულ უნდა იქნეს პასუხისმგებლობის ისეთი ზომა, რომელიც ჩადენილი გადაცდომის შესაბამისი და პროპორციული იქნება. ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების პროცესში დისკრეციული უფლებამოსილებით სარგებლობის პირობებში, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა დაიცვას საჯარო და კერძო ინტერესთა პროპორციულობა. უნდა განისაზღვროს, ჩადენილი ქმედებით რა სახის ზიანი მიადგა სახელმწიფოს და საჯარო წესრიგს, დაცულია თუ არა თანაზომიერების პრინციპი, უფრო მკაცრი ადმინისტრაციული სახდელის გამოყენებით. ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება არ ნიშნავს თანაზომიერების და კანონიერების პრინციპის უგულებელყოფის შესაძლებლობას. აღნიშნული უფლებამოსილების განხორციელებისას, არ დაიშვება აქტის გამოცემა, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო სანქციის სახე დაკავშირებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით განმტკიცებული საკუთრების უფლების შეზღუდვასთან, შესაბამისად, სანქციის ამ სახის გამოყენება სხვა სახის სახდელთან ერთად, რომელიც თავის მხრივ, ასევე საკუთრების უფლების ჩამორთმევას გულისხმობს, დასაშვებია მხოლოდ განსაკუთრებით მძიმე დარღვევების შემთხვევაში.
მოცემულ შემთხვევაში სანქციის სახით 1000 ლარის ოდენობით ჯარიმის დაკისრება და საქონლის ჩამორთმევა, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით სრულად უზრუნველყოფს სანქციის მიზნების მიღწევადობას, სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევა კი შეუსაბამოდ ამძიმებს სამართალდამრღვევის მდგომარეობას. ამდენად, მოსარჩელესთან დაკავშირებული ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით, მისთვის შეფარდებული პასუხისმგებლობის ზომა სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ნაწილში არ პასუხობს თანაზომიერების პრინციპს, საქმის მასალებით არ დასტურდება სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის სახით უფრო მკაცრი სანქციის გამოყენების საფუძვლების არსებობა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 1 მარტის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
თ. ოქროპირიძე