Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-473(2კ-22) 11 ივლისი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები - მ.ა-ე, გ.პ-ი

მოწინააღმდეგე მხარეები - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია

მესამე პირი (კასატორი) - თ.გ-ი

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2017 წლის 13 ოქტომბერს მ.ა-ემ და გ.პ-მა სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.

მოსარჩელეებმა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 2 დეკემბრის №001655 დადგენილებისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 8 სექტემბრის №1-2001 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვეს.

მოსარჩელეებმა დაზუსტებული სარჩელით მოპასუხედ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად ასევე მიუთითეს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური.

2018 წლის 17 აპრილს თ.გ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ. მოსარჩელემ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 2 დეკემბრის №001655 დადგენილებისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 8 სექტემბრის №1-2001 ბრძანების ბათილად და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურისათვის ჯარიმის შემცირების თაობაზე, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 1 მაისის საოქმო განჩინებით მ.ა-ის, გ.პ-ისა და თ.გ-ის სარჩელები გაერთიანდა ერთ წარმოებად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ.ა-ის, გ.პ-ისა და თ.გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ.ა-ემ, გ.პ-მა და თ.გ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით თ.გ-ის, მ.ა-ისა და გ.პ-ის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც თ.გ-ის, მ.ა-ისა და გ.პ-ის სარჩელები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თ.გ-ი გათავისუფლდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 2 დეკემბრის №001655 დადგენილებით დაკისრებული საჯარიმო სანქციისაგან; მ.ა-ე გათავისუფლდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 2 დეკემბრის №001655 დადგენილებით დაკისრებული საჯარიმო სანქციისაგან; თ.გ-ის, მ.ა-ისა და გ.პ-ის სარჩელები დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს მ.ა-ემ, გ.პ-მა და თ.გ-მა.

კასატორის - თ.გ-ის განმარტებით, არამართებულია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უნებართვო მშენებლობის დემონტაჟის დავალების ნაწილში. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია იმ გარემოებას, რომ ქ. თბილისში, ...ის ქუჩა და ...ის ქ. №19 არის ტერასული განლაგების და შესაბამისად, ტერასული განლაგებისაა ...ის ქ. №19-მდე მისასვლელი გზაც, რომელზეც მოწყობილია კიბის ბაქნები. ამასთან, კიბეები ეზოში მოწყობილია ორ ნაწილად, რაც ნიშნავს იმას რომ პირველი 19-საფეხურიანი კიბის შემდეგ არის ...ის ბაქანი, ხოლო შემდეგ ისევ კიბე, რომლის გავლითაც თ.გ-ი შედის სახლში. ამასთან, კასატორის განმარტებით, ქ. თბილისში, ...ის №19-ში მდებარე თ.გ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება 2009 წლის ნოემბრამდე წარმოადგენდა დ.კ-ის, ხოლო მოგვიანებით მისი მემკვიდრის - ლ.ტ-ას საკუთრებას. ...ის ქ. №19-ში თ.გ-ამდე ჯერ კიდევ 1040-1950 წ.წ. ცხოვრობდა ოჯახი და შეუძლებელია, რომ ისინიც კიბის გარეშე შესულიყვნენ სახლში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, არამართებულია სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ სადავო მშენებლობა კასატორის მიერ ნაწარმოები იყო 2009 წლამდე და ექვემდებარებოდა დემონტაჟს. შესაბამისად, კასატორმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილების ნაწილობრივ, კერძოდ, უკანონო მშენებლობის დემონტაჟის დავალების სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმება და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.

კასატორების - მ.ა-ისა და გ.პ-ის განმარტებით, არასწორია სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ კასატორებმა უნებართვოდ განახორციელეს სარეკონსტრუქციო სამუშაოები. ამასთან, სასამართლოს ასევე არ უმსჯელია გ.პ-ის ნაწილში ადმინისტრაციულ სახდელთან დაკავშირებით, მაშინ როცა თ.გ-ი და მ.ა-ე გაათავისუფლა სახდელისგან.

კასატორის განმარტებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 2 დეკემბრის №001655 დადგენილებით გ.პ-ი, მ.ა-ე და თ.გ-ი დაჯარიმდნენ 10 000 ლარით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464-ე მუხლით, კი სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.

კონკრეტულ შემთხვევაში სოლიდარული ვალდებულება წარმოიშვა საქართველოს კანონის პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის საფუძველზე. კრედიტორს წარმოადგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, რომელსაც აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, ხოლო მოვალეები არიან გ.პ-ი, მ.ა-ე და თ.გ-ი, რომლებმაც უნდა მიიღონ მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების 10 000 ლარის გადახდაში. ამდენად, გ.პ-ი, მ.ა-ე და თ.გ-ი კანონის თანახმად, წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. სამოქალაქო კოდექსის 449-ე მუხლის თანახმად, კი ვალის პატიება ერთ-ერთი სოლიდარული მოვალისათვის ათავისუფლებს სხვა სოლიდარულ მოვალეებსაც, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა კრედიტორი მათ მიმართ მოთხოვნას იტოვებს. ამ შემთხვევაში კრედიტორს შეუძლია დარჩენილი სოლიდარული მოვალეების მიმართ მხოლოდ ერთი მოთხოვნა გამოიყენოს განთავისუფლებული მოვალის წილის გამოკლებით.

განსახილველ შემთხვევაში ,,ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ" 2019 წლის 18 სექტემბრის საქართველოს კანონით კრედიტორმა აპატია ვალი მ.ა-ესა და თ.გ-ს. საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე სახის დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ გ.პ-ის მიმართ კრედიტორმა მოთხოვნა დაიტოვა. თუმცა ასეც რომ იყოს, კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს უნდა მიეთითებინა, რომ გ.პ-ის ნაწილში გადასახდელი ჯარიმის თანხას უნდა გამოაკლდეს მ.ა-ისა და თ.გ-ის წილი.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 29 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული თ.გ-ის, ხოლო 2022 წლის 22 ივლისის განჩინებით მ.ა-ისა და გ.პ-ის საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ.გ-ის, მ.ა-ისა და გ.პ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანია სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 2 დეკემბრის №001655 დადგენილებისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 8 სექტემბრის №1-2001 ბრძანების ბათილად ცნობა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილებზე, რომლის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა; ბ) მითითება არ შესრულდა; გ) მითითება არადროულად სრულდება. მითითებული მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე უნებართვო მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ...ის ქ. N19-ში მდებარე შენობა-ნაგებობა N1, N2, N3, დაზუსტებული ფართით 766.00 კვ.მ (ს/კ ...), 1/2 ნაწილის მესაკუთრეა თ.გ-ი, 258 კვ.მ-დან 1/2 ნაწილის მესაკუთრეა მ.ა-ე, ხოლო 508 კვ.მ-დან 1/2 ნაწილის მესაკუთრეა გ.პ-ი.

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2016 წლის 14 ივლისს მ.ა-ის, გ.პ-ის და თ.გ-ის მიმართ შედგენილ იქნა N001655 მითითება, რომლის თანახმად, ქ. თბილისში, ...ის ქ. N19-ში თანასაკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობაზე უნებართვოდ განხორციელებულია სარეკონსტრუქციო სამუშაოები: კერძოდ, ლიტ A: არსებულ შენობაზე მიშენებულია კაპიტალური კედლები და დამატებულია სართული, რის ხარჯზეც გაზრდილია ფართი. შეცვლილია შიდა და გარე კარ-ფანჯრების რაოდენობა და ადგილმდებარეობა. დამატებულია კაპიტალური ბაქნები და კიბის საფეხურები. დამატებულია სატელიტური ანტენა და საკომუნიკაციო მილი; ლიტ B: განხორციელებულია უნებართვოდ სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რამაც გამოიწვია არსებული შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილება, კერძოდ, არსებულ შენობაზე მიშენებულია კაპიტალური კედლები და დამატებულია სართული, აივანი, ლითონის მოაჯირი, კარ-ფანჯრები, ლითონის ჟალუზები. ასევე გაზრდილია ბაქნის სიგრძე, დამატებით მოწყობილია სვეტები, ლითონის კიბე, წყლის გამათბობელი. დამატებით მოწყობილია ლითონის კარი და ღობე. დამატებულია კონდიციონერები. შენობა ნაწილობრივ გადასულია სხვის კერძო საკუთრებაში. კერძოდ, N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე; ლიტ E: შეცვლილია შენობის გაბარიტები, დამატებულია სართული და კარ-ფანჯრები. დამატებით მოწყობილია ხის აივანი. დამატებით მოწყობილია სატელიტური ანტენა და ლითონის რეკონსტრუქცია; ...ის ქუჩის მხარეს დამატებით მოწყობილია კაპიტალური კედლები, ლითონის ჭიშკარი, რაც ...ის ქუჩის მხარეს ნაწილობრივ გადასულია სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე. ასევე დამატებით მოწყობილია საჩრდილობელი, გადახურვის ფილა, ლითონის მოაჯირი და ლითონის მსუბუქი კონსტრუქცია, ხის მცირე ზომის ფანჩატური. ეზოში დამატებით მოწყობილია კიბის საფეხურები და ბაქნები. ლიტ A-ს მიმდებარედ დამატებით მოწყობილია კაპიტალური ღობე და ჭიშკარი, რომელიც ნაწილობრივ გადასულია სახელმწიფო და ნაწილობრივ სხვის კერძო საკუთრებაში არსებულ N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე. ამავე მითითებით მ.ა-ეს, გ.პ-სა და თ.გ-ს დარღვევის გამოსწორების მიზნით დაევალათ განხორციელებული სარეკონსტრუქციო სამუშაოების კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა ან ობიექტის შენობა-ნაგებობის საინვენტარიზაციო გეგმასთან შესაბამისობაში მოყვანა 30 დღის ვადაში.

2016 წლის 19 ივლისს თ.გ-მა NAR1422897 განცხადებით მიმართა ქალაქ თბილისის მერიის სსიპ ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა ქ. თბილისში, ...ის ქ. N19-ში N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მდებარე N2/1, N3/1 შენობების, ასევე ავტოფარეხისა და დამხმარე სათავსოს ლეგალიზება. ქალაქ თბილისის მერიის სსიპ ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 12 აგვისტოს N2767269 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა თ.გ-ის განცხადება და მას უარი ეთქვა ქ. თბილისში, ...ის ქ. N19-ში N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მდებარე N2/1, N3/1 შენობების, ასევე ავტოფარეხისა და დამხმარე სათავსოს ლეგალიზება იმ საფუძვლით, რომ მოთხოვნილი ობიექტების მშენებლობა არ არის დასრულებული 2007 წლის 1 იანვრამდე.

2016 წლის 10 აგვისტოს მ.ა-ემ NAR1431061 განცხადებით მიმართა ქალაქ თბილისის მერიის სსიპ ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა ქ. თბილისში, ...ის ქ. N19-ში N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე არსებული ღობის ლეგალიზება. ქალაქ თბილისის მერიის სსიპ ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 6 სექტემბრის N2803017 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა მ.ა-ის განცხადება და მას უარი ეთქვა ქ. თბილისში, ...ის ქ. N19-ში N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე არსებული ღობის ლეგალიზებაზე იმ საფუძვლით, რომ მოთხოვნილი ობიექტების მშენებლობა დასრულებულია 2007 წლის 1 იანვრის შემდეგ, კერძოდ, 2014 წელს.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2016 წლის 4 ოქტომბერს მ.ა-ის, გ.პ-ის და თ.გ-ის მიმართ შედგენილ იქნა შემოწმების აქტი №001655, რომლის თანახმად, მ.ა-ის, გ.პ-ის და თ.გ-ის მიერ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 14 ივლისის N001655 მითითების პირობები არ იქნა შესრულებული.

საკასაციო სასამართლო პირველ რიგში მიუთითებს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების (ძალადაკარგულია - საქართველოს მთავრობის 02.03.2020 წ. №139 დადგენილებით) პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ეს დადგენილება მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობათა რეგულირების სფეროს. კერძოდ, არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს.

მითითებული დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მშენებლობის სახეობებია: ა) ახალი მშენებლობა (მათ შორის, მონტაჟი); ბ) რეკონსტრუქცია; გ) რემონტი-შეკეთება, მოპირკეთება/აღჭურვა (არ საჭიროებს ნებართვას); დ) დემონტაჟი; ე) ლანდშაფტური მშენებლობა; ვ) დროებითი შენობა-ნაგებობების მონტაჟი/განთავსება. 36-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით, მათ შორის, ამ დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა. მე-3 მუხლის 74-ე პუნქტის თანახმად, უნებართვო მშენებლობა არის მშენებლობის ნებართვას დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე, ან/და დროებითი შენობა-ნაგებობის განთავსება სანებართვო მოწმობით განსაზღვრული გამოყენების პერიოდის გასვლის შემდეგ.

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით (სადავო დადგენილების გამოტანის დროს მოქმედი რედაქციით), უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, გამოიწვევს დაჯარიმებას: ა) სახელმწიფოს ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – 10 000 ლარით; ბ) კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – 8 000 ლარით.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას, რომ სამშენებლო სამუშაოების განხორციელება დასაშვებია, მხოლოდ შესაბამისი სამშენებლო ნებართვის არსებობის პირობებში. მ.ა-ემ, გ.პ-მა და თ.გ-მა, უნებართვოდ განახორციელეს სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რომელსაც ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მოთხოვნათა გათვალისწინებით, ესაჭიროებოდა უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული დასტური, ხოლო სარეკონსტრუქციო სამუშაოების ნაწილს - შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული სათანადო მშენებლობის ნებართვა. საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ შესაბამისი წესით გაცემული სანებართვო დოკუმენტაცია თ.გ-ს, გ.პ-სა და მ.ა-ეს არ გააჩნდათ. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურში 2016 წლის 10 ნოემბერსა და 18 ნოემბერს გამართულ ზეპირ მოსმენაზე მ.ა-ემ დაადასტურა მისი შვილის გ.პ-ის და მის მიერ სადავო დადგენილებაში მითითებული სამშენებლო სამუშაოების წარმოების ფაქტი. ამდენად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის 2016 წლის 2 დეკემბრის დადგენილებით, მ.ა-ე, გ.პ-ი და თ.გ-ი მართლზომიერად დაჯარიმდნენ და მათვე დაეკისრათ ქ. თბილისში, ...ის ქ. N19-ში (ს/კ N...) არსებული შენობა-ნაგებობების საინვენტარიზაციო გეგმასთან შესაბამისობაში მოყვანა (უნებართვო სარეკონსტრუქციო სამუშაოების დემონტაჟი). ამდენად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ მოსარჩელეთა მიერ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოები, რომელთაც ისინი აღიარებენ და რომელიც მათ განახორციელეს უფლებამოსილი ორგანოსადმი მიმართვისა და მშენებლობის განხორციელების თანხმობის მიღების გარეშე, ასევე, წარმოადგენდა უკანონო მშენებლობას და ქმნიდა სამართალდარღვევის შემადგენლობას.

ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელეთათვის მითითების მიცემით ცნობილი გახდა, რომ მათ უძრავ ქონებაზე ადგილი ჰქონდა უკანონო მიშენება-დაშენებას. ის გარემოება, რომ მშენებლობა კანონიერად არ იყო ნაწარმოები, ასევე, დასტურდება იმით, რომ მ.ა-ემ განცხადებით მიმართა ქალაქ თბილისის მერიის სსიპ ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის თბილისში, ...ის ქ. N19-ში, ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე არსებული ღობის ლეგალიზებაზე. შესაბამისად, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ რამდენადაც მოსარჩელეები არიან იმ უძრავი ნივთების მესაკუთრეები, რომელზეც სადავო უნებართვო მშენებლობას ჰქონდა ადგილი, ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ უძრავი ქონების შეძენის შემდგომ შენობა-ნაგებობაზე მათ თავადაც აწარმოეს უკანონო სამშენებლო სამუშაოები, სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებელ სათანადო სუბიექტებს სწორედ მოსარჩელეები წარმოადგენენ.

რაც შეეხება თ.გ-ის საკასაციო პრეტენზიას იმასთან დაკავშირებით, რომ მას არ უწარმოებია სამშენებლო სამუშაოები, საკასაციო სასამართლო აღნიშნულთან მიმართებით იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ უძრავი ნივთის მესაკუთრეს სამშენებლო სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობა დაეკისრება იმ შემთხვევაში, როდესაც არ არის დადგენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩამდენი.

საკასაციო სასამართლო, ასევე, ყურადღებას ამახვილებს „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ 18.09.2019წ. საქართველოს კანონის პირველ მუხლზე, რომლის თანახმად, ამ კანონის მიზანია ერთჯერადი ხასიათის დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით ამავე კანონით განსაზღვრული იმ ფიზიკური პირების ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან და შესაბამისი საურავისგან გათავისუფლება, რომლებმაც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2019 წლის 15 იანვრამდე ჩაიდინეს და რომელთა მიმართაც ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ამ კანონის ამოქმედებამდე არ აღსრულებულა. მითითებული საკანონმდებლო ნორმიდან გამომდინარე, აღნიშნული შეღავათი ეხება მხოლოდ ჯარიმისგან და შესაბამისი საურავისგან გათავისუფლებას და არა უნებართვოდ განხორციელებულ მშენებლობის/რეკონსტრუქციის დემონტაჟს.

ზემოაღნიშნულ სამართლებრივ საფუძველზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორთა მოსაზრებებს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე, უნებართვოდ განხორციელებულ მშენებლობის/რეკონსტრუქციის დემონტაჟის ნაწილში.

რაც შეეხება კასატორის - გ.პ-ის საკასაციო პრეტენზიას, ჯარიმის თანხის შემცირებასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს და განმარტავს, რომ მშენებლობის ნებართვის მაძიებელ პირებს და შეთანხმებული პროექტის შესაბამისად მშენებლობის განხორციელებაზე პასუხისმგებელ პირებს წარმოადგენდნენ მოსარჩელეები ერთობლივად, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით“ დადგენილი სამართლებრივი რეგულაციის შესაბამისად. სამშენებლო სამართალდარღვევის სუბიექტადაც სწორედ ეს პირები იქნენ მიჩნეული და მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სწორად იქნა მათზე დაკისრებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. ამასთან, სასამართლოს განმარტებით, ის გარემოება, რომ „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ 18.09.2019წ. საქართველოს კანონის საფუძველზე, თ.გ-ი, როგორც პენსიონერი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი და მ.ა-ე, როგორც პენსიონერი, გათავისუფლდნენ სახდელისაგან, არ გულისხმობს იმას, რომ გ.პ-საც უნდა შეუმცირდეს ჯარიმა, ვინაიდან, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 44-ე მუხლის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის პირველი ნაწილის თანახმად, უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, გამოიწვევს დაჯარიმებას: ა) სახელმწიფოს ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – 10 000 ლარით. აღნიშნულიდან გამომდინარე, ის გარემოება, რომ დანარჩენ ორ სამართალდამრღვევზე გავრცელდა შეღავათი და გათავისუფლდნენ ჯარიმის თანხის გადახდისაგან, არ ცვლიდა გ.პ-ისთვის სამშენებლო სამართალდარღვევასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს და ჯარიმის ოდენობას. საკასაციო პალატა აქვე აღნიშნავს, რომ სამართალდარღვევა წარმოადგენს ქმედებას, რომლისთვისაც დაწესებულია შესაბამისი პასუხისმგებლობა. პიროვნებისათვის დამახასიათებელი პერსონალური ნიშნით (საპენსიო ასაკი, შშმ პირი) ერთერთი სამართალდამრღვევის პასუხისმგებლობისაგან ან სახდელისაგან გათავისუფლება არ წარმოადგენს სხვა პირის პასუხისმგებლობის შემცირების ან მისგან გათავისუფლების საფუძველს. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეთა საპროცესო თანამონაწილეობა განაპირობა უძრავი ქონების თანამესაკუთრედ რეგისტრაციამ. სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში კი პასუხისმგებლობის მოცულობა უძრავი ქონების თანამესაკუთრეთა რაოდენობით არ განისაზღვრება. შესაბამისად, არ არსებობს გ.პ-ის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 2 დეკემბრის №001655 დადგენილებით დაკისრებული სანქციისაგან გათავისუფლების და შესაბამისად, ამ საფუძვლით, საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის წინაპირობები.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან მ.ა-ესა და გ.პ-ის საკასაციო საჩივარზე ნ.გ-ს (პ/ნ ...) 22.07.2022წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ნ.გ-ს (პ/ნ...) უნდა დაუბრუნდეს მ.ა-ესა და გ.პ-ის საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით,

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ.გ-ის, მ.ა-ისა და გ.პ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება;

3. ნ.გ-ს (პ/ნ...) დაუბრუნდეს მ.ა-ესა და გ.პ-ის საკასაციო საჩივარზე 22.07.2022წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე