Facebook Twitter

№ბს-286(კ-23) 25 ივლისი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტომ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 25 ოქტომბრის №... გადაწყვეტილება; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 05 ნოემბრის №... გადაწყვეტილება, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმების შესახებ; გ) ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი რეგისტრაციის შესახებ 2019 წლის 11 ნოემბრის №... გადაწყვეტილება (ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მიწის ნაკვეთის 2569 კვ.მ-დან 1181 კვ.მ-ის ნაწილში).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 2 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება გ. თ-ი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 2 დეკემბრის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს შუამდგომლობა, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, დაკმაყოფილდა. მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დავის დასრულებამდე აეკძრალა ქ. თბილისში, ...ში, „...ში“ მდებარე 2569 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილზე 1181 კვ.მ-ზე, ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილების შეტანა, საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 დეკემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა სსიპ ქონების მართვის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი. უცვლელი დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლზე, „საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლზე, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 46-ე მუხლზე, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 106-ე და 107-ე მუხლებზე, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტზე, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტზე, ამავე კანონის 22-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტსა და 26-ე მუხლზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე, 521, 601 და 61-ე მუხლებზე, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტზე მითითებით კასატორი აღნიშნავს, რომ

ქ. თბილისში, დასახლება ...ში მდებარე 1181 კვ.მ მიწის ნაკვეთი 2010 წლიდან რეგისტრირებული იყო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებად (ს/კ ...), რაც დასტურდება სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით. 2018 წლის 5 ნოემბერს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქონების მართვის სააგენტოში შევიდა სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №... წერილი, თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, სადაც აღნიშნული იყო, რომ მარეგისტრირებელ ორგანოს 2018 წლის 13 აგვისტოს №... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა გ. თ-ის წარმომადგენელმა და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე მდებარე ქ. თბილისი, ...ი, „...ი“, ხოლო მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის თანახმად დგინდებოდა უძრავი ნივთის ზედდება ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან (ს/კ ...). შესაბამისად, მოთხოვნილ იქნა თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრების კორექტირების საკითხის განხილვა. სსიპ - ქონების მართვის სააგენტომ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და მარეგისტრირებელ ორგანოს 13.05.2019წ. №... წერილით აცნობა, რომ სააგენტომ მიზანშეწონილად არ მიიჩნია ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის კორექტირება (არგუმენტაციის ნაკლებობის გამო). 2019 წლის 28 ოქტომბერს სსიპ - ქონების მართვის სააგენტოში შემოსული სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 25.10.2019წ. №... გადაწყვეტილებით სამსახურს ეცნობა, რომ დაკმაყოფილდა გ. თ-ის წარმომადგენლის გრიგოლ მიქაძის ადმინისტრაციული საჩივარი, ბათილად იქნა ცნობილი რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის №... (17.09.2019წ) გადაწყვეტილება, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურს დაევალა ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმება და მასზე გ. თ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია. მარეგისტრირებელმა ორგანომ ისე მიიღო გადაწყვეტილება ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე რეგისტრაციის გაუქმებისა და მასზე გ. თ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე, რომ აღნიშნულის შესახებ არათუ არ შეატყობინა სსიპ - ქონების მართვის სააგენტოს, არამედ, არ იყო გასული „ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ“ 25.10.2019წ. №... გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის კანონმდებლობით დადგენილი ვადა, რომლის შემდეგაც გადაწყვეტილებას უნდა მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

კასატორის განმარტებით, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლად მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა განეხილა სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2019 წლის 13 მაისის №... წერილი, რომლითაც მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საკადასტრო საზღვრების ცვლილება მიზანშეწონილად არ იქნა მიჩნეული. აღნიშნულს საფუძვლად უდევს, ის გარემოება, რომ არც ერთი გასაჩივრებული აქტი არ შეიცავს 18.10.2010წ. №... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ განმარტებას/დასაბუთებას და პირდაპირ გამოცემულია 05.11.2019წ. №... გადაწყვეტილება, რომლითაც გაუქმდა 1181 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) რეგისტრაცია. 18.10.2010წ. №... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება, რომლითაც ქონებაზე 2010 წელს განხორციელდა მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების რეგისტრაცია, ძალაშია და არც ერთი სამართლებრივი აქტით ძალადაკარგულად არ არის გამოცხადებული.

კასატორის განმარტებით, საქართველოს კონსტიტუცია და მოქმედი კანონმდებლობა, ისევე როგორც საერთაშორისო სამართლის ნორმები იცავს მესაკუთრის ინტერესებს, რაც გამორიცხავს მისი უფლებების დაუსაბუთებელ შეზღუდვას. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გადაწყვეტილების მიღებისას უნდა ემოქმედა ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის შესაბამისად, რომლის „ვ1“ ქვეპუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ სარეგისტრაციო მოთხოვნა რეგისტრირებული მონაცემების იდენტურია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) 2019 წლის 21 აგვისტოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურს №... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა გ. თ-ის წარმომადგენელმა და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მოითხოვა ქალაქ თბილისში, ...ში, (,,...ში’’) მდებარე, 2569 კვ.მ ფართობის მქონე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია (ს.ფ. 89-94); ბ) 2019 წლის 27 აგვისტოს ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №... გადაწყვეტილება, რომლითაც დაინტერესებულ პირს აცნობა, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ნივთი ზედდებაში იყო ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააგენტომ 2019 წლის 27 აგვისტოს №... წერილით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას მიწის ნაკვეთის საზღვრების დაკორექტირების მიზნით, ხოლო სარეგისტრაციო განცხადებაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღება გადადო №... მიმართვაზე პასუხის მიღებამდე (ს.ფ. 143); გ) 2019 წლის 17 სექტემბერს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურმა მიიღო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ №... გადაწყვეტილება, იმ საფუძველზე მითითებით, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2019 წლის 11 სექტემბრის №... წერილის თანახმად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის აღნიშნული უწყების პოზიცია ცნობილი იყო 2019 წლის 13 მაისის №... წერილით (ს.ფ. 149, 150), კერძოდ, გ. თ-ის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, სააგენტომ მიზანშეწონილად არ მიიჩნია უძრავ ნივთზე (საკადასტრო კოდი ...) დაფიქსირებული ზედდების ნაწილში მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმება (ს.ფ. 163-164); დ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 25.10.2019წ. №... გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა გ. თ-ის 24.09.2019წ. №439459/17 ადმინისტრაციული საჩივარი. ბათილად იქნა ცნობილი რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის №... (17.09.2019წ.) გადაწყვეტილება და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურს დაევალა №... სარეგისტრაციო წარმოების განახლება და რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება, სხვა დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შემთხვევაში; ამავე გადაწყვეტილებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურს დაევალა №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის გაუქმება (ს.ფ. 170-171, 24-27); ე) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 25.10.2019წ. №... გადაწყვეტილების საფუძველზე, ამავე სააგენტოს 2019 წლის 5 ნოემბრის №... გადაწყვეტილებით ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე (დაზუსტებული ფართობი 1181,0 კვ.მ) გაუქმდა რეგისტრაცია (ს.ფ. 29, 188-189); ვ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 11.11.2019წ. №... გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა გ. თ-ის განცხადება, რომლითაც მოთხოვნილ იყო ქალაქ თბილისში, ...ში (,,...ში’’) მდებარე 2569 კვ.მ ფართობის მქონე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. შესაბამისად, 11.11.2019წ. გაცემულ იქნა საჯარო რეესტრის ამონაწერი საკადასტრო კოდზე ..., რომლის მიხედვით, 2569 კვ.მ უძრავი ნივთის მესაკუთრედ აღირიცხა გ. თ-ი (ს.ფ. 30-31).

საკასაციო სასამართლოს მითითებით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლება-მოვალეობებს (მუხლი 1.1). კანონის 4.1 მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრი არის უძრავ ნივთებზე უფლებათა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების და სამისამართო რეესტრების ერთობლიობა. ამავე კანონის მე-5 მუხლის მიხედვით, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი.

აღნიშნული კანონის მე-2 მუხლის „თ“ პუნქტის თანახმად, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების ნუმერაციისა და მისამართების შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, ეკონომიკურ საქმიანობათა, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემების შესაბამის რეესტრში აღრიცხვა რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით.

დასახელებული კანონის მე-8 მუხლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება (1); განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია (3). მე-2 მუხლის „კ“ პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი განიმარტება, როგორც სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას; ხოლო „ლ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). ამავე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში.

საკასაციო პალატის მითითებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ საბურთალოს რაიონის გამგეობის 2018 წლის 12 ოქტომბრის №31-011828527 მიმართვითა (ს.ფ. 127) და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების შესახებ №00252 (09.10.2018წ.) ოქმით (ს.ფ. 129-132) დადასტურდა 1992 წლის 6 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების №78 (თოფჩ) აქტში აღნიშნული №1 (ს.ფ. 111) და სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთების იდენტურობა. ამასთან, სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთი სრულად მოიცავს ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს.

„სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის (სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი რედაქცია) თანახმად, სახელმწიფო პროექტის განხორციელების პროცესში მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი, საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას. გარდა იმ შემთხვევისა, როცა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა.

გათვალისწინებით იმ ფაქტობრივი გარემოებისა, რომ საბურთალოს რაიონის გამგეობის მიერ დადასტურებულია გ. თ-ის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთისა და უფლების დამდგენ დოკუმენტში მითითებული მიწის ნაკვეთის იდენტურობა, სარეგისტრაციო სამსახურს გააჩნდა საკმარისი საფუძველი გ. თ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის. შესაბამისად დასაბუთებულია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 25 ოქტომბრის №... გადაწყვეტილება, სადაც მარეგისტრირებელი ორგანო განმარტავს, რომ ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახური არ იყო უფლებამოსილი დამატებით მიემართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოსთვის ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრების კორექტირების მიზნით. ამდენად, გ. თ-ის მოთხოვნაზე რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 17 სექტემბრის №... გადაწყვეტილება იყო უკანონო, რის გამოც ადმინისტრაციულმა ორგანომ 2019 წლის 25 ოქტომბერის №... გადაწყვეტილებით მართებულად ცნო ის ბათილად და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურს ასევე მართებულად დაავალა სარეგისტრაციო წარმოების განახლება და სხვა დამაბრკოლებელი გარემოების არარსებობის შემთხვევაში, გ. თ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთზე. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 25 ოქტომბერის №... გადაწყვეტილების კანონიერება განაპირობებს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების შემდგომ გამოცემული სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით მიღებული სადავო აქტების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 05 ნოემბრის №... გადაწყვეტილებისა და 2019 წლის 11 ნოემბრის №... გადაწყვეტილების, კანონიერებას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 დეკემბრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

თ. ოქროპირიძე