Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1037(კ-22) 20 ივლისი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - მხარეთა დასწრების გარეშე

კასატორი - ე. კ-ი

მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

დავის საგანი - თანხის დაკისრება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 მაისის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2020 წლის 25 ივნისს ე. კ-იმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე.

მოსარჩელემ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 28 მაისის სასამართლო სხდომაზე საბოლოოდ მოითხოვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ე. კ-ის სასარგებლოდ დაკისრებოდა დაყოვნებული ხელფასის 0,07% გადახდა ყოველი ვადაგადაცილებულ დღისათვის - 21 396,68 ლარისა და ერთჯერადი გასასვლელი დახმარების - 4450 ლარის ანაზღაურება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილებით ე. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. კ-იმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 მაისის განჩინებით ე. კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 11 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ე. კ-იმა.

კასატორის განმარტებით, სასამართლომ არ შეისწავლა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ე. კ-ის შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობა. არ გამოიკვლია როდის დაიწყო და დასრულდა მხარეებს შორის სამართლებრივი ურთიერთობა, რატომ რა საპატიო მიზეზით არ აუნაზღაურეს ხელფასი 2020 წლამდე და ასევე რატომ არ აუნაზღაურეს ხელფასის დაყოვნების გამო პროცენტი.

კასატორის განმარტებით, შრომითი ურთიერთობები ასევე რეგულირდება სამოქალაქო კოდექსიდან გამომდინარე ნორმებითაც. სასამართლოს უნდა შეეფასებინა ხომ არ დაარღვია მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, რომელიც მოქმედებს 1997 წლიდან. კასატორის მითითებით, ვინაიდან ე. კ-იმა ხელფასი აიღო 2020 წელს სადავო შემთხვევაში სწორედ ამ დროს მოქმედი ნორმები უნდა იქნეს გამოყენებული. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი ასევე მოქმედებდა 2004 წელსაც, აღნიშნულიდან გამომდინარე, სამართლებრივი საკითხი შეიძლება შეფასდეს, როგორც სამოქალაქო კოდექსის ნორმის საფუძველზე, ასევე შრომის კანონთა კოდექსის საფუძველზე.

კასატორის მოსაზრებით, ასევე უსაფუძვლოა სასამართლოს მიერ ერთჯერადი გასასვლელი დახმარების - 4450 ლარის ანაზღაურებაზე უარის თქმაც. უდავოა, რომ ე. კ-ი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან შრომით სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა როგორც სამხედრო მოსამსახურე და ეს ურთიერთობა, რეგულირდებოდა საჯარო სამართლის საკანონმდებლო აქტებით, ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” და საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონებით, აგრეთვე, ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის 493 ბრძანებულებით და ,,სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ” დებულებით, რომელიც დამტკიცებულია საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის 609 ბრძანებულების შესაბამისად. სასამართლომ არ იმსჯელა ხომ არ ითვალისწინებდა გასასვლელ დახმარებას სადავო პერიოდში მოქმედი კანონმდებლობა.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 8 ივნისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად, წარმოებაში იქნა მიღებული ე. კ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ე. კ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

მოცემულ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს სახელფასო ანაზღაურების დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0,07%-ის 21 396,68 ლარისა და ასევე ერთჯერადი გასასვლელი დახმარების - 4450 ლარის ანაზღაურება. მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი. აღნიშნული მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მხარე უთითებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის ბრძანება N1-ის 39-ე მუხლსა და საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის N493 ბრძანებულებაზე, რომლითაც განსაზღვრულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის საკითხი.

საქმის მასალებით დადგენილია და მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს, რომ სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, ე. კ-ის აუნაზღაურდა 1998-2000 წლების სახელფასო დავალიანება - 4242,51 ლარი.

საკასაციო პალატა სრულად იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების სამართლებრივ შეფასებას, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ 1997 წლის 31 ოქტომბრის კანონის (ძალადაკარგულია 2017 წლის 1 ივლისიდან) მე-14 მუხლის საფუძველზე შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დაყოვნებული თანხის 0,07%-ის გადახდის დაკისრება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის არამართებულია, რამდენადაც სარჩელის აღძვრის დროს და შესაბამისად სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანის მომენტშიც ძალადაკარგული იყო „საჯარო სამსახურის შესახებ“ 1997 წლის 31 ოქტომბრის კანონი და ამ კანონის მე-14 მუხლი, რომლითაც საქართველოს შრომის კანონმდებლობა მოხელეებსა და დამხმარე მოსამსახურეებზე ვრცელდებოდა ამ კანონით განსაზღვრულ თავისებურებათა გათვალისწინებით. საჯარო სამსახურთან დაკავშირებული ის ურთიერთობა, რაც ამ კანონით არ წესრიგდებოდა, რეგულირდებოდა შესაბამისი კანონმდებლობით. თუმცა 2015 წლის 27 ოქტომბერს მიღებული „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის (ამოქმედდა 2017 წლის 1 ივლისიდან) მე-6 მუხლის პირველი პუნქტით დადგინდა, რომ მოხელეზე საქართველოს ორგანული კანონის შრომის კოდექსის მოქმედება ვრცელდება ამ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში. ამგვარად, მოსარჩელის მოთხოვნა ეფუძნებოდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ 1997 წლის 31 ოქტომბრის კანონის მე-14 მუხლს, რომლის მსგავს ნორმას 2017 წლის 1 ივლისიდან ამოქმედებული „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი აღარ შეიცავს, რაც გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას ყოველი გადაცილებული დღისთვის დაყოვნებული თანხის 0,07%-ის მოთხოვნის ნაწილში.

საკასაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ სახელფასო დავალიანების დროულად გადაუხდელობისათვის ყოველი დღისათვის 0.07%-ის ოდენობით თანხის დაკისრების შესახებ სამართლებრივი ნორმას 2006 წლის 25 მაისამდე მოქმედი ,,საქართველოს შრომის კანონთა კოდექსი არ იცნობდა. პირველად აღნიშნული ნორმა გათვალისწინებულ იქნა 2006 წლის 25 მაისის შრომის კოდექსით, შემდგომ აღნიშნული ნორმა ასევე გათვალისწინებულ იქნა 2010 წლის 17 დეკემბრის შრომის კოდექსით. ,,საქართველოს შრომის კოდექსის’’ 53-ე მუხლიდან გამომდინარე, კოდექსის მოქმედება ვრცელდება არსებულ შრომით ურთიერთობებზე, მიუხედავად მათი წარმოშობის დღისა. ,,საქართველოს შრომის კოდექსის’’ 31-ე მუხლის მესამე ნაწილი (დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი) ვერ გავრცელდება 1998-2000 წლებში არსებულ ურთიერთობაზე (მოსარჩელე სწორედ ამ პერიოდის მიუღებელი სახელფასო დავალიანებიდან გამომდინარე მოითხოვს თანხის დაკისრებას), რამდენადაც აღნიშნულ ნორმას არ გააჩნია უკუქცევითი ძალა და არც ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, არ აწესრიგებს მის ძალაში შესვლამდე წარმოშობილ შრომით-სამართლებრივ ურთიერთობებს. მითუმეტეს, რომ მოსარჩელე იმ პერიოდში საჯარო მოხელეს წარმოადგენდა და მასზე შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებისას საჯარო კანონმდებლობის მოთხოვნები უნდა გავრცელდეს, ხოლო საჯარო სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი საკანონმდებლო აქტები არ ითვალისწინებდა ხელფასის დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში, ყოველი დღისათვის დაყოვნებული სახელფასო თანხის 0,07%-ის ანაზღაურების ვალდებულებას.

საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას ერთჯერადი გასასვლელი დახმარების ანაზღაურებაზე უარის თქმის თაობაზე და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველ პუნქტზე მითითებით განმარტავს, რომ მოსარჩელე ე. კ-ი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 22 მარტის N857 ბრძანებით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, დათხოვნილი იქნა შეიარაღებული ძალების რიგებიდან და ჩაირიცხა რეზერვში. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის N1 ბრძანება ვერ გავრცელდება 2004 წლამდე არსებულ ურთიერთობებზე, რადგან მითითებული ბრძანება არ შეიცავდა ამგვარ დათქმას.

შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რომელთა მიმართ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ არის წარმოდგენილი, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

რაც შეეხება კასატორის შუამდგომლობას დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენის/გამოთხოვის თაობაზე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-394-ე მუხლების შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია გადასინჯოს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების (განჩინების) კანონიერება სამართლებრივი თვალსაზრისით, შეამოწმოს მისი შესაბამისობა მოქმედ საპროცესო და მატერიალურ ნორმებთან, ხოლო საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენისა და ახალი მტკიცებულებების მოპოვების პროცესუალური კომპეტენცია საკასაციო სასამართლოს არა აქვს მინიჭებული.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). ამავე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკასაციო სასამართლოში საქმის წარმოების დროს, სასამართლო მოკლებულია ახალი მტკიცებულებების მოპოვების შესაძლებლობას, იგი არ წარმოადგენს საქმის ფაქტობრივი გარემოებების დამდგენ სასამართლოს. ამასთან, საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საკასაციო სასამართლოში ახალი ფაქტობრივი გარემოებების დადგენის და მტკიცებულებების მიღების შესაძლებლობას, რის გამოც საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორის შუამდგომლობა საქმეზე მტკიცებულებათა გამოთხოვის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე. კ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 მაისის განჩინება;

3. ე. კ-ის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდეს;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე