Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე № ბს-33(კ-23) 11 ივლისი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია

მოწინააღმდეგე მხარე - ქ.კ-ე

სარჩელზე მოპასუხე - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია

მესამე პირი - ხ.შ-ე

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ოქტომბრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2018 წლის 6 სექტემბერს ქ.კ-ემ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხის - ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ, რომლითაც ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 9 აგვისტოს №2502 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.

2018 წლის 26 ნოემბერს ქ.კ-ემ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხის - ბათუმის მერიის მიმართ. მოსარჩელემ 2018 წლის 6 ნოემბრის ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე - მერის N02/230 ბრძანების, ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის 2018 წლის 7 აგვისტოს N92 დადგენილებისა და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის უფროსის 2019 წლის 5 ივლისის N15 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.

2019 წლის 22 აპრილს ქ.კ-ემ კვლავ მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების - ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურისა და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ, რომლითაც ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის 2018 წლის 12 დეკემბრის N248 დადგენილებისა და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის 2019 წლის 04 აპრილის N02/34 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.

2019 წლის 6 აგვისტოს ქ.კ-ემ მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების - ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურისა და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ, რომლითაც ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის 2019 წლის 28 იანვრის N10 დადგენილებისა და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის უფროსის 2019 წლის 5 ივლისის N15 ივლისის ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 23 დეკემბრის საოქმო განჩინებით ერთ წარმოებად გაერთიანდა ზემოაღნიშნული სარჩელები მოპასუხეების: ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე.

2022 წლის 20 იანვარს ქ.კ-ემ და მისმა წარმომადგენელმა, მ.მ-ემ დაზუსტებული სარჩელით მიმართეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს, სადაც მოპასუხეებად მიუთითეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია, ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია და მოითხოვეს - „მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ, არქიტექტურული პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ 2018 წლის 28 ივნისის N383 ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობის შესახებ“ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 09 აგვისტოს N2502 ბრძანების, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის 2018 წლის 26 ივლისის N80 და 2018 წლის 07 აგვისტოს N92 დადგენილებების, ქ. ბათუმის ვიცე-მერის 2018 წლის 06 ნოემბრის N02/230 ბრძანების ქ.კ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის 2018 წლის 12 დეკემბრის N248 დადგენილების, ქ. ბათუმის ვიცე-მერის 201 წლის 04 აპრილის N02/34 ბრძანების ქ.კ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის 2019 წლის 28 იანვრის N10 დადგენილებისა და ქ. ბათუმის მერიის ადმინისტრაციის 2019 წლის 5 ივლისის N15 ბრძანების ქ.კ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ბათილად ცნობა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით ქ.კ-ის დაზუსტებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის 2018 წლის 12 დეკემბრის N248 დადგენილება ქ.კ-ის ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის (დემონტაჟის) თაობაზე და ასევე ქ. ბათუმის ვიცე-მერის 2019 წლის 4 აპრილის N02/34 ბრძანება ქ.კ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, რითაც ძალაში დარჩა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის 2018 წლის 12 დეკემბრის N248 დადგენილება ქ.კ-ის ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის (დემონტაჟის) თაობაზე, ხოლო დანარჩენ ნაწილში დაზუსტებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა(ა) ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით ა(ა)იპ „ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ.

კასატორის განმარტებით, საქმეში არსებული მტკიცებულების შესაბამისად ქ.კ-ის მიერ წარმოებული მშენებლობა ჩაითვალა უნებართვოდ. „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლი მე-9 პუნქტის შესაბამისად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარ უნებართვო მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებულ შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობები მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ. შესაბამისად, სასამართლოს მსჯელობა მესაკუთრის უფლების შელახვის შესახებ დაუსაბუთებელია. მართალია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა, თუმცა საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე ბრძანება ადგენს, რომ მშენებარე შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარმოდგენილ უნდა იქნეს კანონმდებლობით განსაზღვრული სამშენებლო დოკუმენტაცია, ხოლო მშენებლობის დასრულებისას - შენობა-ნაგებობის ვარგისად აღიარების (ექსპლუატაციაში მიღების) დამადასტურებელი დოკუმენტი. შესაბამისად მშენებლობის ნებართვის არქონის შემთხვევაში დარეგისტრირებული უძრავი ქონება ჩაითვლება კანონდარღვევით რეგისტრირებულად. შესაბამისად, ადმინისტრაციულმა ორგანომ კანონის შესაბამისად მიიღო გადაწყვეტილება უნებართვო მშენებლობის დემონტაჟის ნაწილშიც.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 25 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით.

თავდაპირველად საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით ქ.კ-ის დაზუსტებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის 2018 წლის 12 დეკემბრის N248 დადგენილება ქ.კ-ის ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის (დემონტაჟის) თაობაზე და ასევე ქ. ბათუმის ვიცე-მერის 2019 წლის 04 აპრილის N02/34 ბრძანება ქ.კ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ რითაც ძალაში დარჩა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის 2018 წლის 12 დეკემბრის N248 დადგენილება ქ.კ-ის ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის (დემონტაჟის) თაობაზე, ხოლო დანარჩენ ნაწილში დაზუსტებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ. მოსარჩელე ქ.კ-ეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებია. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით ა(ა)იპ „ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა(ა) ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარეთა დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის შესაბამისად, უფლებამოსილია იმსჯელოს გასაჩივრებული განჩინების კანონიერებაზე მხოლოდ წარმოდგენილი - ა(ა) ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ საკასაციო საჩივრის ფარგლებში. შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე დამრღვევისათვის სამშენებლო ობიექტის დემონტაჟის დავალების შესახებ 2018 წლის 12 დეკემბრის N248 დადგენილების კანონიერების შემოწმება.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2018 წლის 25 ივნისს ქ.კ-ემ N10SDS00516OP01 განცხადებით მიმართა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ქ. ბათუმში, ...ეს ქუჩის N59-ში მდებარე 253 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ-ით ...) საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქციის მიზნით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება, რაც ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის 2018 წლის 28 ივნისის N383 ბრძანებით დაკმაყოფილდა და ქ.კ-ეს ქ. ბათუმში, ...ის ქუჩის N59-ში მდებარე 253.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) გაიცა მშენებლობის ნებართვა.

ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის 2018 წლის 28 ივნისის N383 ბრძანების საფუძველზე გაიცა N... მშენებლობის სანებართვო მოწმობა. აღნიშნული ბრძანების გამოცემამდე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას განცხადებით მიმართა ხ.შ-ემ (21.06.2018 წ. N19873/25) და მოითხოვა უნებართვო მშენებლობაზე რეაგირება იმ საფუძვლით, რომ მას, როგორც მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს, მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.

ხ.შ-ის განცხადების საფუძველზე ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 6 ივლისის N2358 ბრძანება ერთი თვით შეჩერდა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის 2018 წლის 28 ივნისის N383 ბრძანების მოქმედება და დაინტერესებულ პირებს - ხ.შ-ეს და ქ.კ-ეს დაევალათ ბრძანების ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში წერილობითი მოსაზრებების წარმოდგენა.

ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 9 აგვისტოს N2502 ბრძანებით გაუქმდა ,,მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების, არქიტექტურული პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის 2018 წლის 28 ივნისის N383 ბრძანების მოქმედების შეჩერების თაობაზე’’ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 6 ივლისის N2358 ბრძანება და ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი ქ. ბათუმში, ...ეს ქუჩა N59-ში მდებარე 253 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ-ით ...) საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქციის მიზნით ,,მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების არქიტექტურული პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ“ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის 2018 წლის 28 ივნისის N383 ბრძანება-მშენებლობის ნებართვის გაცემის მეორე და მესამე სტადიისათვის გათვალისწინებული დოკუმენტაციის ნაწილში, იმ დასაბუთებით, რომ ქ.კ-ის მიერ უნებართვოდ განხორციელდა ქ. ბათუმში, ...ის ქუჩის N59-ში, საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქცია - გაფართოება.

ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის მიერ ქ.კ-ის მიმართ 2018 წლის 12 ოქტომბერს გაიცა N100 მითითება და მის მიმართ დაიწყო სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება. მითითებით ქ.კ-ეს მიეცა წინადადება დაუყოვნებლივ შეეჩერებინა სამშენებლო სამუშაოები და 20 დღის ვადაში მოეხდინა ობიექტზე უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობის (რეკონსტრუირებული ნაწილის) დემონტაჟი.

ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის 2018 წლის 16 ნოემბრის N151 შემოწმების აქტით ირკვევა, რომ ქ.კ-ემ არ შეასრულა 2018 წლის 12 ოქტომბრის N100 მითითების პირობები.

ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის 2018 წლის 12 დეკემბრის N248 დადგენილებით ქ. ბათუმში, ...ეს ქ. N59-ში, უნებართვო მშენებლობის წარმოების გამო ქ.კ-ე დაჯარიმდა 3000 (სამი ათასი) ლარით. ამავე დადგენილებით შეჩერდა ქ.კ-ის მიერ ქ. ბათუმში, ...ის ქუჩის N59-ში, უნებართვოდ მიმდინარე მშენებლობა და ქ.კ-ეს დაევალა ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა (რეკონსტრუქციის შედეგად მოწყობილი დამატებითი ფართების დემონტაჟი).

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სამშენებლო წესრიგის სამართალი არის მართლწესრიგის სამართლის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც აწესრიგებს მართლწესრიგის სამართლით დაცული სიკეთეებისათვის სამშენებლო საქმიანობით გამოწვეული საფრთხის თავიდან აცილების საკითხებს. სამშენებლო წესრიგის სამართალი იყოფა პრევენციულ (სამშენებლო ნებართვების სამართალი და სამშენებლო ზედამხედველობა) და რეპრესიულ (დარღვევების გამოვლენა და რეაგირება) სამშენებლო წესრიგის სამართლად. სამშენებლო წესრიგის სამართლის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია უნებართვო მშენებლობის აკრძალვა, როგორც საფრთხის თავიდან აცილების მნიშვნელოვანი პრევენციული ღონისძიება, რამდენადაც მშენებლობის დასრულების შემდეგ განხორციელებული ღონისძიება შეუძლებელს გახდის ან გაართულებს საფრთხის თავიდან აცილებას. მშენებლობის აკრძალვის საფუძველი – უნებართვო მშენებლობა ფორმალურად სახეზეა, როდესაც ის ხორციელდება სამშენებლო ნებართვის ან შეტყობინების გარეშე, რაც საკმარისი საფუძველია მის შესაჩერებლად. აღნიშნულიდან გამომდინარე, სამშენებლო საქმიანობა ექვემდებარება ნებართვის მოპოვების ვალდებულებას, რაც აძლევს მშენებლობაზე ზედამხედველობის განმახორციელებელ ორგანოს შესაძლებლობას, გადაამოწმოს მშენებლობის კანონმდებლობასთან შესაბამისობა.

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25.1 მუხლით, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ხელმძღვანელობს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 25.5 მუხლის თანახმად, მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა; ბ) მითითება არ შესრულდა; გ) მითითება არადროულად სრულდება. ამავე კოდექსის 25.9 მუხლის მიხედვით, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე უნებართვო მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.

საკასაციო პალატა მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაზე (ძალადაკარგულია საქართველოს მთავრობის 2020 წლის 2 მარტის №139 დადგენილებით), რომელიც არეგულირებდა საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობებს. მითითებული დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მშენებლობის სახეობას წარმოადგენს რეკონსტრუქცია. ამავე დადგენილების მე-3 მუხლის 50–ე პუნქტის მიხედვით, რეკონსტრუქცია განმარტებულია, როგორც „არსებული შენობა-ნაგებობის ან/და მისი ნაწილ(ებ)ის არსობრივად შეცვლა, მათი ფიზიკური, ხარისხობრივი და თვისობრივი განახლების მიზნით“.

დადგენილების 65-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „I კლასის შენობა-ნაგებობების მშენებლობას არ ესაჭიროება მშენებლობის ნებართვა (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა)“. აღნიშნული პუნქტის „ყ“ ქვეპუნქტის თანახმად, პირველ კლასს განეკუთვნება ანტრესოლის, კიბის, ვიტრინის, კარის, ფანჯრის და სხვა ღიობების მოწყობა/დემონტაჟი. ანტრესოლის, კიბის, ვიტრინის, კარის, ფანჯრის და სხვა ღიობების მოწყობა/დემონტაჟი. „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ დადგენილების 66-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა წარმოებს ნებართვის მიღების გარეშე, მშენებლობის მწარმოებელი ვალდებულია დაიცვას კანონმდებლობით, მათ შორის, სამშენებლო რეგლამენტებით გათვალისწინებული მოთხოვნები,“ ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, „I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის მწარმოებელი/დამკვეთი ვალდებულია განზრახული მშენებლობის შესახებ განცხადებით აცნობოს მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს.“ მითითებული მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად კი, „მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო 5 დღის ვადაში წარდგენილი სრულყოფილი დოკუმენტ(ებ)ის საფუძველზე წერილობით ადასტურებს დაგეგმილი მშენებლობა/მონტაჟის ქალაქთმშენებლობით დოკუმენტებთან შესაბამისობას და მშენებლობის განხორციელების შესაძლებლობას“. დადგენილების 66-ე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, ამ დადგენილების მოთხოვნათა დარღვევით I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის განხორციელება განიხილება როგორც უნებართვო მშენებლობა.

„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 43-ე მუხლის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევას წარმოადგენს უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება. ამავე კანონის 43-ე მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება თვითმმართველ ქალაქში გამოიწვევს დაჯარიმებას, 3000 ლარის ოდენობით.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი ნორმების შეფასებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ ქ.კ-ის მიერ უნებართვო მშენებლობის ფაქტზე ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო კანონის მოთხოვნათა დაცვით, რამდენადაც ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის მიერ 2018 წლის 10 ოქტომბრის N100 მითითების გაცემისა და არც სადავო დადგენილების გამოტანის დროისთვის მენაშენეს ქ.ბათუმში ...ის ქუჩა N59-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე რეკონსტრუქცია-გაფართოების ნებართვა არ ჰქონდა, შესაბამისად, მას კანონიერად შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი - ჯარიმა 3000 ლარი ჩადენილი სამშენებლო სამართალდარღვევის გამო.

რაც შეეხება შენობის დემონტაჟის ნაწილში სადავო დადგენილების კანონიერებას, საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სამშენებლო წესრიგის სამართლის ღონისძიების განხორციელების საფუძვლების შემოწმება მოითხოვს ფაქტობრივი გარემოებების შესწავლას. მშენებლობის ნებართვის უფლება გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლებიდან. ის, როგორც საფრთხის თავიდან აცილების პრევენციული საშუალება, შესაძლებლობას იძლევა, შესაბამისი პროცედურების გავლით გამოირიცხოს მშენებლობის განხორციელებით დამდგარი საფრთხეები. სამშენებლო საქმიანობის ფორმალური კანონიერება უნდა შეფასდეს მატერიალური კანონიერებისგან დამოუკიდებლად. შენობის დემონტაჟის, როგორც სამშენებლო წესრიგის დაცვის ინსტრუმენტის გამოყენების საფუძველი შეიძლება გახდეს ფორმალურად და მატერიალურად უკანონო მშენებლობა – მხოლოდ ერთ-ერთის არსებობა არ არის საკმარისი მის გამოსაყენებლად. მშენებლობის ნებართვის გარეშე განხორციელებული მშენებლობა, რომელიც შეესაბამება საკანონმდებლო მოთხოვნებს, მატერიალური კანონიერების თვალსაზრისით, არის ლეგალური, თუმცა დარღვეულია ფორმალური კანონიერების კრიტერიუმი, რამდენადაც ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში არ მომხდარა მისი კანონთან შესაბამისობის შემოწმება. ფორმალური კანონიერების დარღვევის შემთხვევაში შესაძლებელია მისი ფორმალური კანონიერების ფარგლებში მოქცევა. თუ წარმოებულია უნებართვო მშენებლობა, რომელიც შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, მშენებლობის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე განიხილოს მშენებლობის ნებართვის გაცემის საკითხი. ასეთი შენობის დემონტაჟი წინააღმდეგობაში მოვა არა მარტო კონსტიტუციის გარანტირებულ საკუთრების უფლებასთან, არამედ - თანაზომიერების კონსტიტუციურ პრინციპთან, რამდენადაც, შენობის დემონტაჟის შემთხვევაში, თავიდან უნდა დაიწყოს ფორმალური პროცედურები, რაც ითხოვს დამატებით დროსა და რესურსს. ასევე, ფორმალურად კანონიერი, მაგრამ მატერიალურად უკანონო მშენებლობის ნებართვაც ვერ დაექვემდებარება დემონტაჟის შესახებ გადაწყვეტილებას, რამდენადაც შესაძლებელია, კანონიერი ნდობა არსებობდეს ასეთი (მატერიალურად უკანონო) აქტის მიმართ. ფორმალურად და მატერიალურად არალეგალური შენობა-ნაგებობა წინააღმდეგობაში მოდის საჯარო-სამართლებრივ სამშენებლო წესრიგთან და ქმნის შენობის დემონტაჟის შესახებ გადაწყვეტილების მიღების საფუძვლებს. გამონაკლისია ნებართვისგან თავისუფალი მშენებლობა, რომელზეც არ ვრცელდება ფორმალური კანონიერების კრიტერიუმები. ასეთ შემთხვევაში მოწმდება მხოლოდ მატერიალური კანონიერება (სუსგ №ბს-160(კ-19), 29.12.2021წ.).

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ განსახილველ შემთხვევაში არც ადმინისტრაციული წარმოების და არც სასამართლო წარმოების პროცესში არ შეფასებულა ობიექტის შესაბამისობა კანონმდებლობის მატერიალურ მოთხოვნებთან. ამასთანავე, ქ.კ-ისათვის შენობის დემონტაჟის დავალებასთან დაკავშირებით პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს დემონტაჟის ვალდებულებისგან დამრღვევის გათავისუფლების შესაძლებლობას. საკითხის გადაწყვეტისთვის კი არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებას წარმოადგენს შენობა - ნაგებობის სამართლებრივი მდგომარეობა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს, მათ შორის, სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას, უწევს ორმაგი ფუნქციის შესრულება, ერთი მხრივ, იგი არის საჯარო ინტერესების გამტარებელი, სამართალდარღვევაზე რეაგირების განმახორციელებელი, სანქციის დამკისრებელი სუბიექტი, ხოლო, მეორე მხრივ, მას ეკისრება აქტის ადრესატის ინტერესების დაცვის ვალდებულება. ამდენად, ადმინისტრაციულმა ორგანომ, როგორც საჯარო მმართველობის განმახორციელებელმა სუბიექტმა, უნდა გაითვალისწინოს როგორც საჯარო, ასევე კერძო პირის ინდივიდუალური ინტერესები. ადმინისტრაციულმა ორგანომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა უნდა უზრუნველყოს თანაზომიერების პრინციპის დაცვით, საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთშეპირისპირების შედეგად. საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ ქალაქ ბათუმის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის 2018 წლის 12 დეკემბრის №248 დადგენილებით დემონტაჟს დაქვემდებარებული, ქ. ბათუმში, ...ის ქუჩა N59-ში მდებარე ობიექტზე რეკონსტრუქციის შედეგად მოწყობილი ფართები საჯარო რეესტრის მონაცემებით ირიცხება მოსარჩელის საკუთრებაში და მისი დემონტაჟით საერთაშორისო კანონმდებლობით დეკლარირებული და საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული საკუთრების უფლება უკანონოდ იქნება დარღვეული, ამასთანავე დადგენილების აღსრულება, ქ.კ-ის მიერ განხორციელებული უკანონო მშენებლობის დემონტაჟის ნაწილში შეუძლებელია, რამდენადაც აქტის ეს ნაწილი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის და სამოქალაქო კოდექსის ფუნდამენტურ პრინციპებს, საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ოქტომბრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე