Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-450(კ-23) 11 ივლისი, 2023 წელი

ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - ნ. მ-ი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 სექტემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. მ-მა 2021 წლის 18 ოქტომბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ, რომლითაც მოითხოვა მოპასუხის 2021 წლის 15 მარტის ოჯახის დეკლარაციისა (რომლის საფუძველზეც მოხდა სარეიტინგო ქულის (104 250) გაზრდა) და ნ. მ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 21 სექტემბრის N04/9622 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ნ. მ-ისთვის საარსებო შემწეობის აღდგენის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ასევე ნ. მ-ის სასარგებლოდ მიუღებელი საარსებო შემწეობის 2021 წლის აპრილიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე (შემწეობის მიღების აღდგენამდე) ანაზღაურების დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 25 მარტის გადაწყვეტილებით ნ. მ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2021 წლის 15 მარტის ოჯახის დეკლარაცია, ასევე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 21 სექტემბრის №04/9622 გადაწყვეტილება ნ. მ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე და მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მოსარჩელე ნ. მ-თან დაკავშირებით კანონით დადგენილი წესით და ვადაში, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 სექტემბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 25 მარტის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის მითითებით, სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა ,,კომუნალური გადასახადების სუბსიდირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 აპრილის დადგენილების მე-5 მუხლზე, რომლითაც განხორციელდა 2020 წლის მარტის, აპრილისა და მაისის თვეებში (თითოეული თვისათვის) მოხმარებული ელექტროენერგიის ან/და ბუნებრივი გაზის ან/და სასმელი წყლის წყალარინების გადასახადების სუბსიდირება. ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ, ასევე, ტერიტორიული სამსახურის მიერ სრულად იქნა შესწავლილი შესაბამისი ინფორმაციის სისწორე და მოხსენებით ბარათში დაზუსტებული ინფორმაცია, რაც აღარ საჭიროებდა საქმის ხელახალ შესწავლას. კასატორის მითითებით, სააგენტო ავტომატურ რეჟიმში ამოწმებს შესაბამის ინფორმაციას, რის საფუძველზეც სოციალური აგენტის მიერ კომუნალურ ხარჯებთან დაკავშირებით 2021 წლის 15 მარტის ოჯახის დეკლარაციაში, უფროსი სოციალური აგენტის მოხსენებითი ბარათის (04-00-561-27.03.2021) საფუძველზე, 2021 წლის 29 მარტს განხორციელდა კორექტირება. №1 ბლოკში – ელექტროენერგია „0“ ლარის ნაცვლად მიეთითა 79,06 ლარი, №2 ბლოკში - ბუნებრივი აირი „0“ ლარის ნაცვლად მიეთითა 405,11 ლარი, №3 ბლოკში - მოხმარებული წყლის საფასური „0“ ლარი და №4 ბლოკში - დასუფთავება „0“ ლარი.

კასატორი აღნიშნავს, რომ 2018 წლის 9 სექტემბერს შევსებულ ოჯახის დეკლარაციაში დაფიქსირებული იყო სამი წევრი და ამ სამი წევრის ფიზიკური მდგომარეობა, სტატუსები, განათლების მიღწევის დონე, ინფორმაცია სრულწლოვანი შვილების რაოდენობის შესახებ, შემოსავალი და ა.შ. ხოლო, 2021 წლის 15 მარტს შევსებულ „ოჯახის დეკლარაციაში“ მითითებულია ერთი წევრის - ნ. მ-ის მონაცემები. იმის გათვალისწინებით, რომ დეკლარაციები სხვადასხვა დროს არის შევსებული, დეკლარაციებში დაფიქსირებული კომუნალური მომსახურებისთვის გაწეული ხარჯი განსხვავებულია. ამასთან, ოჯახისათვის სარეიტინგო ქულის მინიჭება წარმოადგენს კომპლექსური ხასიათის პროცედურას და დამოკიდებულია სხვადასხვა ცვლადებზე, რომლებიც ასახულია „ოჯახის დეკლარაციაში“. დეკლარაციაში მოცემულ თითოეულ ცვლადს თავისი წონა (დატვირთვა) გააჩნია, რაც ერთობლივად ფასდება მეთოდოლოგიის მეშვეობით საბოლოო შედეგის (სარეიტინგო ქულა) მისაღებად. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ნ. მ-ის ოჯახს სხვადასხვა დროს შევსებული დეკლარაციების საფუძველზე მიენიჭა ერთმანეთისგან განსხვავებული სარეიტინგო ქულები.

კასატორის მითითებით, ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შეფასება შესაძლებელია სარეიტინგო ქულის მინიჭებიდან, სულ ცოტა, ერთი წლის გასვლის შემდეგ. ვადამდე ოჯახის გადამოწმება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოხდა ცვლილება წევრთა რაოდენობაში (დემოგრაფიული ცვლილება), ოჯახმა შეიცვალა საცხოვრებელი ადგილი, ოჯახის წევრს დაუდგინდა რაიმე სახის სტატუსი, ოჯახის წევრი დასაქმდა და მიიღო ლეგალური შემოსავალი ან დაკარგა სამუშაო. ასეთის არსებობის შემთხვევაში, ოჯახის მიერ წარმოდგენილი უნდა იყოს მომხდარი ცვლილების დამადასტურებელი დოკუმენტი. ამასთან, ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ამსახველი სარეიტინგო ქულის გამოთვლა ხორციელდება ოჯახის დეკლარაციაში შეტანილი (ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერით დადასტურებული) მონაცემების საფუძველზე.

კასატორი აღნიშნავს, რომ დეკლარაციის შევსების დასრულების შემდეგ, ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი ხელს აწერს დეკლარაციის ყველა შესაბამისი ფურცლის ბოლოს, რაც ადასტურებს, რომ ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ მიწოდებული ინფორმაცია ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ დეკლარაციაში ასახულია სრულად, შეესაბამება სიმართლეს და პასუხისმგებელია მის სისწორეზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 08 მაისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მსჯელობის საგანს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2021 წლის 15 მარტის ნ. მ-ის ოჯახის დეკლარაციის და ნ. მ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 21 სექტემბრის N04/9622 გადაწყვეტილების კანონიერება წარმოადგენს. ოჯახის დეკლარაციით, მოსარჩელეს სარეიტინგო ქულა გაეზარდა 104250-მდე, რამაც, საბოლოო ჯამში, მისთვის სოციალური დახმარების შეწყვეტა გამოიწვია.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის“ 22-ე მუხლზე, „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის“ მე-9 მუხლსა და „ევროპის სოციალური ქარტიის“ მე-12 მუხლზე და აღნიშნავს, რომ სოციალური უფლებები, მათ შორის სოციალური დახმარების მიღება საერთაშორისო აქტების შესაბამისად, პირის ძირითად სოციალურ უფლებათა ჯგუფს განეკუთვნება, რაც სახელმწიფოს აკისრებს პოზიტიურ ვალდებულებას არა მხოლოდ აღიაროს პირთა სოციალური უფლებების არსებობა, არამედ ქმედითი ეროვნული კანონმდებლობის საფუძველზე შექმნას სამართლებრივი გარანტიები მითითებული უფლების რეალიზებისთვის. სოციალური სახელმწიფოს პრინციპს ამკვიდრებს და სოციალური დაცვის გარანტიებს, შიდა სამართლებრივ დონეზე, ქმნის საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლი, რომლის მე-4 პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ზრუნავს ადამიანის ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვაზე, საარსებო მინიმუმითა და ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, ოჯახის კეთილდღეობის დაცვაზე. სახელმწიფო ხელს უწყობს მოქალაქეს დასაქმებაში. საარსებო მინიმუმის უზრუნველყოფის პირობები განისაზღვრება კანონით. კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე სოციალური დახმარების მიღებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, სოციალური დახმარების სფეროში უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებს და სოციალური დახმარების სახეებსა და მისი დანიშვნის ძირითად პრინციპებს განსაზღვრავს „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მე-6 და მე-7 მუხლების თანახმად, სოციალური დახმარების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს საარსებო შემწეობა. ოჯახს უფლება აქვს მოითხოვოს საარსებო შემწეობა. საარსებო შემწეობა არის ფულადი სოციალური დახმარება, რომელიც განკუთვნილია შეფასების სისტემით იდენტიფიცირებული ღატაკი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის. საარსებო შემწეობის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. რაც შეეხება საარსებო შემწეობის დანიშვნას, შეჩერებას, განახლებისა და შეწყვეტის წესსა და პირობებს, აგრეთვე მის გაცემასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს, რეგულირდება მინისტრის ბრძანებით.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ოჯახის იდენტიფიკაციისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დასადგენად სააგენტოს უფლებამოსილი პირი ახორციელებს ოჯახის საცხოვრებელი პირობების ვიზუალური დათვალიერებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმების შედეგად მიღებული ობიექტური და ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლისგან ინტერვიუირების შედეგად მიღებული სუბიექტური ინფორმაციის მოპოვებას.

ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სოციალური დახმარების საჭიროების მქონე ოჯახს კანონმდებლობა ანიჭებს უფლებას სოციალურად დაუცველი პირების მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მოთხოვნით მიმართოს უფლებამოსილ ორგანოს, რომელიც შესაბამისი წესისა და მეთოდოლოგიის გათვალისწინებით ამოწმებს ოჯახის სოციალურ მდგომარეობას. შემოწმების შედეგად ოჯახს ენიჭება კონკრეტული სარეიტინგო ქულა, რომლის ოდენობაც განსაზღვრავს სოციალური შემწეობის მიღების უფლებას. ამდენად, აუცილებელია, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახის როგორც პირველადი შეფასება, ისე შემდგომი გადამოწმება განხორციელდეს ნორმატიულად დადგენილი პროცედურების დაცვით.

მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილადაა ცნობილი, რომ ნ. მ-ის ოჯახი დარეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 2011 წლიდან და იღებდა საარსებო შემწეობას. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ 2018 წლის 09 სექტემბერს შევსებული ნ. მ-ის ოჯახის დეკლარაციის თანახმად, ოჯახი შედგებოდა სამი წევრისგან. ამავე დეკლარაციის საფუძველზე, ნ. მ-ის ოჯახს 2018 წლის 09 ოქტომბერს მიენიჭა სარეიტინგო ქულა 35 550. 2021 წლის 15 მარტს გადამოწმდა ნ. მ-ის ოჯახის სოციალურ- ეკონომიკური მდგომარეობა და შეივსო ოჯახის დეკლარაცია, რომლის თანახმად, ოჯახი შედგება ერთი წევრისგან. ამასთან, ნ. მ-ის ოჯახის დეკლარაციის E ბლოკის (კომუნალური ხარჯები) E1 პუნქტში (რა თანხა გადაიხადეთ წინა მეორე თვიდან გასული 12 თვის განმავლობაში მოხმარებული ელექტროენერგიისათვის?) მითითებულია 0 ლარი, ხოლო E2 პუნქტში (რა თანხა გადაიხადეთ წინა მეორე თვიდან გასული 12 თვის განმავლობაში მოხმარებული ბუნებრივი აირისთვის?) ასევე მითითებულია 0 ლარი.

დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის უფროსის მოადგილის 2021 წლის 29 მარტის №560/ო-ი ბრძანებით, ისანი-სამგორის სერვის ცენტრის სოციალური აგენტის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, განხორციელდა კორექტირება და ნ. მ-ის ოჯახის დეკლარაციაში E ბლოკის E1 პუნქტში მითითებული 0 ლარის ნაცვლად დაფიქსირდა 79.06 ლარი, ხოლო E2 პუნქტში 0 ლარის ნაცვლად - 405.11 ლარი. 2021 წლის 15 მარტის ოჯახის დეკლარაციის საფუძველზე, 2021 წლის 14 აპრილს ნ. მ-ის ოჯახს მიენიჭა სარეიტინგო ქულა 104 250 და შეუწყდა საარსებო შემწეობა.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას, რომ სადავო გადაწყვეტილება მიღებულია არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის გარეშე. დადგენილია, რომ 2018 წელს განხორციელებული შეფასების შემდეგ ოჯახის 2 წევრი გარდაიცვალა, თუმცა, სხვა მხრივ, ოჯახის ეკონომიური მდგომარეობა და საცხოვრებელი პირობები არსებითად არ შეცვლილა. ამ პირობებში, დაუსაბუთებელია მინიჭებული სარეიტინგო ქულის თითქმის გასამმაგება.

საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ კასატორის განმარტებით, მოსარჩელისათვის სარეიტინგო ქულის გაზრდა აგრეთვე გამოიწვია კომუნალური გადასახადების შეცვლილმა მონაცემებმა, თუმცა საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ დგინდება, ისარგებლა თუ არა ნ. მ-ის ოჯახმა სადავო პერიოდში სახელმწიფოს მიერ განხორციელებული სუბსიდირების პროგრამით და მოიცავს თუ არა 2021 წლის 15 მარტის ოჯახის დეკლარაციაში მისი ოჯახის მიერ გადახდილი ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის გადასახადების თანხის სახით დაფიქსირებული მონაცემები სუბსიდირებულ თანხებს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ 2018 წელს შევსებული დეკლარაციის თანახმად, ოჯახს აგრეთვე უფიქსირდებოდა კომუნალური გადასახადები, რაც არ გამხდარა სოციალური შემწეობის მიღების დამაბრკოლებელი გარემოება.

კასატორი საკასაციო საჩივრის დასასაბუთებლად უთითებს, ,,კომუნალური გადასახადების სუბსიდირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 აპრილის №220 დადგენილების მე-5 მუხლზე, რომლის თანახმად, იურიდიულმა პირებმა, კანონმდებლობის, მათ შორის, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დამტკიცებული სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა შესაბამისად, საკუთარი პასუხისმგებლობით უზრუნველყონ ამ დადგენილების პირველი მუხლის თანახმად დასაფინანსებელი თანხის ოდენობის გაანგარიშება, სამინისტროსთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება და შესაბამისი მოთხოვნის გაგზავნა. სამინისტრო არ არის უფლებამოსილი, მოახდინოს ამ მუხლის თანახმად მიწოდებული მონაცემების (ასანაზღაურებელი თანხის) სისწორის შემოწმება. პასუხისმგებლობა წარმოდგენილ ინფორმაციაზე ეკისრებათ იურიდიულ პირებს, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ 2020 წლის 3 აპრილის №220 დადგენილება მიღებული იქნა საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო, მოსახლეობის დახმარების მიზნით და არა პირიქით - იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელეს 2011 წლიდან უფიქსირდება სარეიტინგო ქულა 35 550 და იღებდა საარსებო შემწეობას, მთავრობის 2020 წლის 3 აპრილის №220 დადგენილებაზე და ოჯახის წევრების რაოდენობრივ ცვლილებაზე მითითებით მოსარჩელის ოჯახის სარეიტინგო ქულის 104 250-მდე გაზრდა და შესაბამისად, საარსებო შემწეობის შეწყვეტა, დაუსაბუთებელია. ამდენად მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების განმარტება მოცემულ დავაზე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების შესახებ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 სექტემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა