საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-273(კ-23) 11 ივლისი, 2023 წელი
ქ.თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, ...ის სერვის ცენტრი
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - დ.ფ-ა
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 09 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
დ.ფ-ამ 2022 წლის 20 მაისს სარჩელით მიმართა ...ის მაგისტრატ სასამართლოს მოპასუხეების - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ამავე სააგენტოს ...ის რაიონული განყოფილების მიმართ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 2021 წლის ოქტომბრის, ნოემბრისა და დეკემბრის თვეების გაუცემელი პენსიის თანხის - 741 ლარისა და მორალური ზიანის - 5 000 ლარის ანაზღაურების დავალების მოთხოვნით.
...ის მაგისტრატი სასამართლოს 2022 წლის 24 მაისის განჩინებით საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეცა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით დ.ფ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ...ის რაიონულ განყოფილებას დ.ფ-ას სასარგებლოდ დაეკისრა 741 ლარის გადახდა; მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში დ.ფ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ და სააგენტოს ...ის რაიონულმა განყოფილებამ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 09 ნოემბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სააგენტოს ...ის რაიონული განყოფილების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 09 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ და ამავე სააგენტოს ...ის სერვის ცენტრმა, რომელმაც ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის მითითებით, დ.ფ-ას, კანონის შესაბამისად შეუწყდა სახელმწიფო პენსიის მიღების უფლება საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში. ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი მე-17 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, პენსიის შეწყვეტის საფუძველია საჯარო საქმიანობის განხორციელება. ამავე კანონის მე–4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის და მე–5 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, პენსიის მიღების უფლება წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება წყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში. მოსარჩელე სახელმწიფო გასაცემლის უფლებას ვერ მოიპოვებდა, რადგან საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-19 მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, „საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს საარჩევნო პერიოდში უფლება აქვს, შრომითი ხელშეკრულებებით დაიქირაოს საოლქო საარჩევნო კომისიის დამხმარე და ტექნიკური პერსონალის წევრები (გარდა ბუღალტრისა) ცესკოს განკარგულებით დადგენილი რაოდენობის ფარგლებში. საოლქო საარჩევნო კომისიის დამხმარე და ტექნიკური პერსონალის წევრები არ არიან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურეები და მათზე არ ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამსახურებრივი შეუთავსებლობის შესახებ მოთხოვნები“. ამავე მუხლის მე-14 პუნქტის თანახმად, „საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე უფლებამოსილია შრომითი ხელშეკრულებით დაიქირაოს ბუღალტერი ამ კანონის 53-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურების დასრულებამდე“.
კასატორის მითითებით, მოსარჩელე საოლქო კომისიის შტატგარეშე მუშაკი იყო. სასამართლომ არ გაითვალისწინა აღნიშნული ნორმა და მიიჩნია, რომ პირის საჯარო სამსახურში დასაქმება ავტომატურად არ გულისხმობს მის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელებას, მაშინ როდესაც ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საჯარო მოსამსახურე არის პროფესიული საჯარო მოხელე/საჯარო მოხელე/მოხელე, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი. ხოლო ამავე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირია ის პირი, რომელსაც საჯარო საქმიანობის განხორციელების უზრუნველსაყოფად შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მინიჭებული აქვს საჯარო დაწესებულების დამხმარე ან არა მუდმივი ამოცანების შესრულების უფლებამოსილება. აღნიშნულის გათვალისწინებით, კასატორს მიაჩნია, რომ დ.ფ-ა საოლქო საარჩევნო კომისიაში შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე ბუღალტრად მუშაობის პერიოდში ეწეოდა საჯარო საქმიანობას, რა გარემოებაც სახელმწიფო პენსიის მიღების შეჩერების საფუძველს წარმოადგენდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 მარტის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ამავე სააგენტოს ...ის სერვის ცენტრის საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ამავე სააგენტოს ...ის სერვის ცენტრის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მსჯელობის საგანს დ.ფ-ასათვის პენსიის შეჩერების კანონიერება წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის“ 22-ე მუხლზე, „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის“ მე-9 მუხლსა და „ევროპის სოციალური ქარტიის“ მე-12 მუხლზე და აღნიშნავს, რომ სოციალური უფლებები, მათ შორის, პენსიის მიღება საერთაშორისო აქტების შესაბამისად, პირის ძირითად სოციალურ უფლებათა ჯგუფს განეკუთვნება, რაც სახელმწიფოს აკისრებს პოზიტიურ ვალდებულებას არა მხოლოდ აღიაროს პირთა სოციალური უფლებების არსებობა, არამედ ქმედითი ეროვნული კანონმდებლობის საფუძველზე შექმნას სამართლებრივი გარანტიები მითითებული უფლების რეალიზებისთვის. სოციალური სახელმწიფოს პრინციპს ამკვიდრებს და სოციალური დაცვის გარანტიებს შიდა სამართლებრივ დონეზე ქმნის საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლი, რომლის მე-4 პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ზრუნავს ადამიანის ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვაზე, საარსებო მინიმუმითა და ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, ოჯახის კეთილდღეობის დაცვაზე.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილადაა ცნობილი, რომ ...ის №... საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვ.წ-სა და დ.ფ-ას შორის 2021 წლის 05 აგვისტოს გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, დ.ფ-ა მიღებულ იქნა შტატგარეშე მოსამსახურედ და დაევალა საფინანსო საქმიანობის შესრულება 2021 წლის 5 აგვისტოდან. ასევე დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სახელმწიფო გასაცემლების დეპარტამენტის უფროსის 2021 წლის 28 სექტემბრის №04/9824 მიმართვის თანახმად, საჯარო საქმიანობის განმახორციელებელ ბენეფიციართა შორის მითითებული იყო დ.ფ-ა, რის საფუძველზეც სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ...ის ტერიტორიული ერთეულის 2021 წლის 01 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, საჯარო საქმიანობის განხორციელების გამო, დ.ფ-ას შეუჩერდა სახელმწიფო პენსიის ჩარიცხვა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, პენსიაზე უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება წყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში. დასახელებული კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი და „სახელმწიფო პენსიის დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ადგენს საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში პენსიის გაცემის შეწყვეტის ვალდებულებას. ამრიგად, საპენსიო ასაკის პირისთვის პენსიის უფლების წარმოშობის დამაბრკოლებელ გარემოებას ან წარმოშობილი უფლების არა შეჩერების, არამედ შეწყვეტის ერთ-ერთ საფუძველს ქმნის საჯარო საქმიანობის განხორციელება.
საკასაციო სასამართლო, პირველ რიგში, ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ სასამართლოს მსჯელობის საგანი ორჯერ უკვე იყო დ.ფ-ასათვის იმავე საფუძვლით პენსიის შეჩერების კანონიერების საკითხი (იხ. საქმე №ბს-1510(კ-18)23.01.2020წ.; საქმე №1214(კ-21), 12.07.2022წ.). ამდენად, პალატა ხსენებულ განჩინებებში გაკეთებულ განმარტებებზე მითითებით აღნიშნავს, რომ საოლქო საარჩევნო კომისიაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული ,,ბუღალტერი არ განსაზღვრავს კონკრეტული საოლქო საარჩევნო კომისიის საქმიანობის მიმართულებებს, იგი თავის უფლებამოსილების ფარგლებში პასუხისმგებელია მხოლოდ ფინანსების ხარჯვასა და შესაბამისი ანგარიშების წარდგენაზე. შესაბამისად, წარმოადგენს არამუდმივი ამოცანების შესრულებაზე უფლებამოსილ პირს, რომელიც არის უშუალო შემსრულებელი მასზე დაკისრებული ფუნქციების და არა მათი განმსაზღვრელი“. საარჩევნო კოდექსის მე-19 მუხლის მე-10 ნაწილით, საოლქო საარჩევნო კომისია უფლებამოსილია ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული რაოდენობის ფარგლებში შრომითი ხელშეკრულებით დაიქირაოს ბუღალტერი ამ კანონის 53-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურების დასრულებამდე.“
სასამართლოს მიერ განიმარტა, რომ პირის საჯარო სამსახურში დასაქმება ავტომატურად არ გულისხმობს მის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელებას. პირის საჯარო საქმიანობის განმახორციელებელ სუბიექტად კვალიფიკაცია საჭიროებს საკითხის კუმულაციურ შეფასებას, კერძოდ, საჯარო სამსახურში დასაქმებული პირის სტატუსის, მისი თანამდებობის, მისთვის შრომითი ურთიერთობის ფარგლებში დაკისრებული ფუნქციების ხასიათისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების ერთიან გამორკვევას.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაშიც, დ.ფ-ა №... ...ის საოლქო საარჩევნო კომისიაში ბუღალტრად მუშაობის პერიოდში არ წარმოადგენდა საჯარო მოხელეს, ვინაიდან იგი არ იყო დანიშნული მოხელისათვის განკუთვნილ საშტატო თანამდებობაზე, არამედ კონკრეტული პირობების - საფინანსო-საბუღალტრო საქმიანობის შესრულების მიზნით, გარკვეული ვადით იყო დასაქმებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე შტატგარეშე მოსამსახურედ, ამასთან არ ეწეოდა საჯარო საქმიანობას - ხსენებული პირის საჯარო სამსახურის სისტემაში საქმიანობა უკავშირდებოდა არა საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილებების უშუალოდ მისი მხრიდან განხორციელებას, არამედ დამხმარე ან არამუდმივი ფუნქციების შესრულების გზით საჯარო სამსახურის საქმიანობის ხელშეწყობას.
ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, ვინაიდან მოსარჩელე არ ახორციელებდა საჯარო საქმიანობას, კასატორი პენსიის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას მოქმედებდა სათანადო სამართლებრივი საფუძვლების გარეშე, კანონით გათვალისწინებული პირობების დაუცველად, რა გარემოებებიც მართებულად შეაფასა ქვედა ინსტანციის სასამართლომ. ამასთან, ადგილი არ აქვს დივერგენციას (სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება მოცემულ საკითხზე არსებულ სასამართლო პრაქტიკას), რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის წინაპირობები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ამავე სააგენტოს ...ის სერვის ცენტრის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 09 ნოემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა