Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-765(2კ-22) 11 ივლისი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტო, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა/მერია (მესამე პირი)

მოწინააღმდეგე მხარე - გ. ჭ-ე

მესამე პირები - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, მ. ც-ი, ნ. ლ-თ-ი

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 23 დეკემბრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2018 წლის 26 ნოემბერს გ. ჭ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოსა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის/მერიის მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2018 წლის 13 ივლისის N61-01181943509 გადაწყვეტილებისა და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 19 ოქტომბრის N10-01182924160 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ასევე ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოსათვის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 11 იანვრის N... წერილის და მასზედ თანდართულ ნახაზზე არსებულ მონაცემთა გათვალისწინებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების (ს/კ ...) ფართობის დაზუსტების (კორექტირების) მიზნით, მომიჯნავე მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) საკადასტრო და ფაქტობრივი მონაცემების გათვალისწინებით, მოსარჩელე - გ. ჭ-ის განცხადების განხილვის დავალება, კერძოდ, შუალედური აქტის გამოცემა - ქ. თბილისის მთავრობისათვის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საზღვრების კორექტირების შესახებ წინადადებისა და მთავრობის განკარგულების პროექტის მომზადების თაობაზე, ქ. თბილისის მთავრობისათვის განსახილველად გადასაცემად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ გ. ლ-თ-ი, ნ. ლ-თ-ი, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.1 მუხლის საფუძველზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 31 იანვრის განჩინებით გ. ჭ-ის სარჩელზე მოპასუხეების - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, მესამე პირების: გ. ლ-თ-ის, ნ. ლ-თ-ის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 19 ოქტომბრის N10-01182924160 წერილის ბათილად ცნობის თაობაზე მოთხოვნის ნაწილში, შეწყდა საქმის წარმოება დაუშვებლობის გამო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გ. ჭ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2018 წლის 13 ივლისის №61-01181943509 გადაწყვეტილება და დაევალა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 11 იანვრის N... წერილის და მასზედ თანდართულ ნახაზზე არსებულ მონაცემთა გათვალისწინებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების (ს/კ ...) ფართობის დაზუსტების (კორექტირების) მიზნით, მომიჯნავე მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) საკადასტრო და ფაქტობრივი მონაცემების გათვალისწინებით, მოსარჩელე-გ. ჭ-ის განცხადების განხილვა და დაკმაყოფილება-შუალედური აქტის გამოცემა ქ. თბილისის მთავრობისათვის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საზღვრების კორექტირების შესახებ წინადადებისა და მთავრობის განკარგულების პროექტის მომზადება, ქ. თბილისის მთავრობისათვის განსახილველად წარდგენა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტომ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობამ/მერიამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 23 დეკემბრის განჩინებით ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოსა და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 23 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტომ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობამ/მერიამ.

კასატორის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს განმარტებით, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების მართვა და განკარგვა ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი წესით მუნიციპალიტეტის ექსკლუზიურ უფლებამოსილებებს მიეკუთვნება. ამავე კოდექსის 75-ე მუხლის „დ.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონითა და თბილისის საკრებულოს მიერ დადგენილი წესით მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ გადაწყვეტილების მიღება წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის ერთ-ერთ უფლებამოსილებას, ხოლო 116-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, თბილისის ქონების პრივატიზებისას, მართვის ან სარგებლობის უფლებით გადაცემისას მთავრობას შეუძლია იმოქმედოს თავისი წარმომადგენლის (რწმუნებულის) მეშვეობით ან ამ მიზნით თბილისის მერიის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მეშვეობით. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტო მოქმედი კანონმდებლობისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის №13-42 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქონების მართვის სააგენტოს დებულებით“ მინიჭებული/დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს ქონების თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში აღრიცხვა-რეგისტრაციას, რეგისტრირებული ქონების გამიჯვნას/გაერთიანებას და განკარგვას. აღნიშნული დებულების მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად სააგენტოს ერთ-ერთი ფუნქციაა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილებების საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმება და უძრავი ქონების საზღვრების ცვლილება-კორექტირება (ფართობის შემცირებით), თუ დაინტერესებული პირის მიერ შესაბამისი განცხადებით წარმოდგენილ იქნება სარეგისტრაციო წარმოებისას სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გაცემული გადაფარვის (ზედდების) ამსახველი სიტუაციური ნახაზი და გადაფარვაში მოხვედრილ უძრავ ქონებაზე არსებული ერთ-ერთი შემდეგი დოკუმენტაციის ასლი: ბ.ა) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან; ბ.ბ) საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაცემული მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა; ბ.გ) მიწის რეფორმის კომისიის მიერ გაცემული მიღება-ჩაბარების აქტი; ბ.დ) მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობა.

რაც შეეხება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საზღვრების ფართობის უცვლელად ცვლილება-კორექტირების საკითხს, კასატორის განმარტებით, აღნიშნულთან დაკავშირებით ზემო აღნიშნული დებულების მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება მინიჭებული აქვს სააგენტოს. თუმცა, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 109-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტი ქონებაზე საკუთრების უფლების განხორციელებისას დამოუკიდებელია. ხოლო, მე-2 პუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის ორგანოები ქონებრივი უფლებების განხორციელებისას ვალდებული არიან, დაიცვან მუნიციპალიტეტის, როგორც მესაკუთრის, კანონიერი ინტერესები. აღნიშნულიდან გამომდინარე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის კორექტირების საკითხის გადაწყვეტა ხდება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევის და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, შესაბამისად, სსიპ ქონების მართვის სააგენტო ვერ გაიზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების ზოგად მითითებას სააგენტოს მხრიდან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შეუსწავლელობაზე.

კასატორის მითითებით, მიუხედავად სამართლებრივი ნორმების იმპერატიული დათქმებისა - რეკრეაციული დანიშნულების პარკის, ტყე-პარკის, სკვერის და სხვა ასეთ ტერიტორიაზე საკუთრების უფლების აღიარების დაუშვებლობაზე, მარეგისტრირებელი ორგანოს, სსიპ - საჯარო რესტირის ეროვნული სააგენტოს მიერ 11.01.2018წ. №... წერილითა და №... სარეგისტრაციო გადაწყვეტილებით არ იქნა წარმოდგენილი მკაფიო პოზიცია, იმის თაობაზე, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) საზღვრების კორექტირების შემთხვევაში, რეგისტრაციიდან გამოთავისუფლებულ ტერიტორიაზე დარეგისტრირდება მოსარჩელის საკუთრების უფლება. შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღების დროს სააგენტოში არ ყოფილა წარმოდგენილი კანონმდებლობით დადგენილი/შესაბამისი/სათანადო დოკუმენტაცია, რომელზე დაყრდნობითაც, სააგენტო მიიღებდა უძრავი ქონების საკადასტრო მონაცემების ცვლილება-კორექტირებაზე გადაწყვეტილებას ან საკითხს გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგენდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააგენტოს 2018 წლის 13 ივლისის №61-01181943509 გასაჩივრებული წერილი, რომლითაც დაინტერესებულ პირებს უარი ეთქვათ ...ის საკადასტრო საზღვრების კორექტირებაზე, მიღებულია კანონმდებლობის სრული დაცვით და არ არსებობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60 პრიმა მუხლით დადგენილი აქტის ბათილობის პირველი საფუძველი.

მეორე კასატორის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის/მერიის განმარტებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის No19-73 დადგენილებით დამტკიცებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს წესდების (დებულების) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა" ქვეპუნქტის თანახმად, სააგენტოს ერთ-ერთი ფუნქციაა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის უძრავი ქონების აღრიცხვა-რეგისტრაციის უზრუნველყოფა. უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას ახორციელებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სარეგისტრაციო სამსახური, რომელიც განიხილავს სარეგისტრაციოდ წარდგენილ დოკუმენტაციას და თუ დოკუმენტაცია აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს მარეგისტრირებელი ორგანო იღებს სათანადო გადაწყვეტილებას რეგისტრაციის შესახებ.

საქმის მასალებში წარმოდგენილი დოკუმენტაციით დგინდება, რომ თითოეული რეგისტრაცია განხორციელებულია სსიპ - ქონების მართვის სააგენტოს მიმართვის საფუძველზე, აღნიშნულ მიმართვებზე თანდართულია ასევე კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტაცია, საჯარო რეესტრმა კი, რომელიც წარმოადგენს მარეგისტრირებელ ორგანოს, წარმოდგენილი და მასთან დაცული დოკუმენტაციის ურთიერთშედარების საფუძველზე მიიჩნია, რომ მოთხოვნა იყო კანონშესაბამისი, არ არსებობდა რეგისტრაციის დამაბრკოლებელი გარემოებები და მიიღო გადაწყვეტილება მისი დაკმაყოფილების შესახებ. ამასთან, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ მოსარჩელეს აღნიშნული რეგისტრაციები და ასევე მათი საფუძვლები სადავო არ გაუხდია და დღეის მდგომარეობით აღნიშნული რეგისტრაციები კანონიერ ძალაშია.

კასატორის მითითებით, ზემოაღნიშნული დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია და არა ვალდებული განახორციელოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის კორექტირება. მით უფრო მაშინ, როდესაც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი სადავო მიწის ნაკვეთის მესაკუთრე გახდა კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლება სადავო მიწის ნაკვეთზე სადავო მხარის მიერ არ გამხდარა. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით _ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების მართვა და განკარგვა ამ კანონით და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი წესით მუნიციპალიტეტის ექსკლუზიურ უფლებამოსილებებს მიეკუთვნება. ამავე კოდექსის 109-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტი - ქონებაზე საკუთრების უფლების განხორციელებისას დამოუკიდებელია. ხოლო, მე-2 პუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის ორგანოები ქონებრივი უფლებების განხორციელებისას ვალდებულნი არიან, დაიცვან მუნიციპალიტეტის, როგორც მესაკუთრის, კანონიერი ინტერესები.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტო მოქმედი კანონმდებლობისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის No13-42 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქონების მართვის სააგენტოს დებულებით“ მინიჭებული/დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს ქონების თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში აღრიცხვა-რეგისტრაციას, რეგისტრირებული ქონების გამიჯვნას/გაერთიანებას და განკარგვას. აღნიშნული დებულების მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად სააგენტოს ერთ-ერთი ფუნქციაა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილებების საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმება და უძრავი ქონების საზღვრების ცვლილება-კორექტირება (ფართობის შემცირებით), თუ დაინტერესებული პირის მიერ შესაბამისი განცხადებით წარმოდგენილი იქნება სარეგისტრაციო წარმოებისას სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გაცემული გადაფარვის (ზედდების) ამსახველი სიტუაციური ნახაზი და გადაფარვაში მოხვედრილ უძრავ ქონებაზე არსებული ერთ-ერთი შემდეგი დოკუმენტაციის ასლი: ბ.ა) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან; ბ.ბ) საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაცემული მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა; ბ.გ) მიწის რეფორმის კომისიის მიერ გაცემული მიღება-ჩაბარების აქტი; ბ.დ) მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობა.

კასატორის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, სააგენტოს მიერ სრულყოფილად იქნა გამოკვლეული საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და მათი ურთიერთშეჯერების საფუძველზე იქნა მიღებულ გადაწყვეტილება კორექტირებაზე უარის თქმის შესახებ. კერძოდ, როგორც საქმეში დაცული დოკუმენტაციით დგინდება სადავო საკითხი შეეხება არამხოლოდ მოსარჩელის ინტერესს არამედ რეკრეაციული დანიშნულების პარკს/სკვერს და ამასთან, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, რომელსაც იცავს „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონი. რასაც არცერთი ინსტანციის სასამართლოს მიერ არ მიეცა სწორი შეფასება. ამასთან საგულისხმოა, რომ ...ის მიერ დაკავებული ტერიტორიის მიმართ საკადასტრო გეგმა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მომზადდა 11.12.2006 - წელს, ხოლო საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ No3469 საკუთრების უფლების მოწმობა გაიცა 2010 წლის 18 თებერვალს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოსა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის/მერიის საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოსა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის/მერიის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

მოცემულ შემთხვევაში დავის საგანია ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2018 წლის 13 ივლისის №61-01181943509 გადაწყვეტილების კანონიერება და მოპასუხისათვის ფართობის დაზუსტების (კორექტირების) მიზნით, მომიჯნავე მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) საკადასტრო და ფაქტობრივი მონაცემების გათვალისწინებით, მოსარჩელე-გ. ჭ-ის განცხადების განხილვის, დაკმაყოფილებისა და ქ. თბილისის მთავრობისათვის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საზღვრების კორექტირების შესახებ, შუალედური აქტის გამოცემის დავალება.

განსახილველ საქმეზე მოსარჩელის ინტერესს წარმოადგენს ქ. თბილისში, ...ის ქ. №59-ში მდებარე 962 კვ.მ. მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობის სსიპ საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაცია. ინტერესის დამაბრკოლებელ გარემოებას, წარმოადგენს ის გარემოება, რომ ადგილი აქვს ზედდების ფაქტს, ერთი მხრივ ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთის ნაწილზე, რომლის მესაკუთრეებიც არიან გ. ლ-თ-ი და ნ. ლ-თ-ი და მეორეს მხრივ ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთის ნაწილზე, რომლის მესაკუთრეებიც არიან სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტი და შპს „ჯ...“. მოსარჩელის განმარტებით, მისი საკუთრების უფლების რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების: ქ. თბილისში, ...ის ... №...-ში მდებარე ტერიტორიის (...ი) საზღვრების კორექტირებით.

საკასაციო სასამართლო კასატორების ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს არა მიწის ნაკვეთების სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციის კანონიერება, არამედ კონკრეტულ შემთხვევაში სადავოა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2018 წლის 13 ივლისის №61-01181943509 გადაწყვეტილების კანონიერების საკითხი, რომლითაც გ. ჭ-ეს უარი ეთქვა თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების: ქ.თბილისში, ...ის ... №...-ში მდებარე ტერიტორიის (...ი) საზღვრების კორექტირებაზე. მოსარჩელეს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა იმ საფუძველზე მითითებით, რომ ...ის მიერ დაკავებული ტერიტორიის მიმართ საკადასტრო გეგმა საჯარო რეესტრში მომზადდა 2006 წლის 11 დეკემბერს, ხოლო მოსარჩელის - გ. ჭ-ის სახელზე 962 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოწმობა გაიცა მოგვიანებით, 2010 წლის 18 თებერვალს. ამ დროისათვის ...ის ტერიტორია უკვე რეგისტრირებული იყო დაზუსტებული ფართობით და კონფიგურაციით. შესაბამისად, უკვე დადგენილი იყო პარკის საზღვრები, რაც გამორიცხავდა სადავო ფართზე გონელი ჭელიძის საკუთრების უფლების მოპოვებას.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 106-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, მუნიციპალიტეტის ქონება არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მუნიციპალიტეტის ქონებას განეკუთვნება: ა) მუნიციპალიტეტისთვის კანონით მიკუთვნებული ქონება; ბ) სახელმწიფოს მიერ მუნიციპალიტეტისთვის საკუთრებაში გადაცემული ქონება; გ) ავტონომიური რესპუბლიკის მიერ შესაბამისი მუნიციპალიტეტისთვის საკუთრებაში გადაცემული ქონება; დ) მუნიციპალიტეტის მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი, შეძენილი ან რეგისტრირებული ქონება.

საკასაციო პალატა, ასევე, მიუთითებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის 13-42 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს დებულების“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს ერთ-ერთ უფლებამოსილებას წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის უძრავი ქონების აღრიცხვა-რეგისტრაციის უზრუნველყოფა. ამავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს ფუნქციას მიეკუთვნება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილებების საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმება და უძრავი ქონების საზღვრების ცვლილება-კორექტირება (ფართობის შემცირებით), თუ დაინტერესებული პირის მიერ შესაბამისი განცხადებით წარმოდგენილ იქნება სარეგისტრაციო წარმოებისას სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გაცემული გადაფარვის (ზედდების) ამსახველი სიტუაციური ნახაზი და გადაფარვაში მოხვედრილ უძრავ ქონებაზე არსებული ერთ-ერთი შემდეგი დოკუმენტაციის ასლი: ა) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან; ბ) საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაცემული მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა; გ) მიწის რეფორმის კომისიის მიერ გაცემული მიღება-ჩაბარების აქტი; დ) მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობა.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის 13-42 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს დებულების“ მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, სააგენტო უფლებამოსილია, უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმების ან უძრავი ქონების საზღვრების ცვლილება-კორექტირების პროცედურები გაატაროს ზემოხსენებული დოკუმენტაციის წარმოდგენის გარეშე, თუ შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა, მისი ინიციატივით.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ სადავოა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2018 წლის 13 ივლისის №61-01181943509 გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მტკიცებულებების სათანადო შესწავლისა და შეფასების გარეშე. სადავო გადაწყვეტილებაში განცხადების დაკმაყოფილების უარის თქმის საფუძვლად მითითებულია მხოლოდ იმ გარემოებაზე, რომ სსიპ ქონების მართვის სააგენტოს არ მიაჩნდა მიზანშეწონილად დაეკმაყოფილებინა მოსარჩელის მოთხოვნა საკადასტრო საზღვრების კორექტირების თაობაზე, თუმცა არ არის დასაბუთებული რა გახდა კორექტირებაზე უარის თქმის მიზეზი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია ქონების საზღვრების ცვლილება-კორექტირების საკითხის განხილვა ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს, თუმცა აღნიშნული უფლებამოსილების გამოყენების შემთხვევაშიც, ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება ვალდებულება, რომ გააკეთოს არა მხოლოდ ზოგადი შეფასება, არამედ დეტალურად შეისწავლოს საქმის გარემოებები. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც საქმის მასალებით დადასტურებულია, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის შეჭრა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ(მყარ) საზღვარში. ამასთან, საქმეში წარმოდგენილ პირველი ინსტანციის სასამართლოს 2019 წლის 11 ივნისის ადგილზე დათვალიერების ოქმიდანაც (რომელიც ჩატარდა ქ. თბილისში, ...ის ... N...-ში, ...ის მიმდებარე ტერიტორიაზე), ირკვევა, რომ ...ის ტერიტორიას ესაზღვრება მესამე პირების გ. ლ-თ-ისა და ნ. ლ-თ-ის საკუთრებაში არსებული ტერიტორია და გ. ჭ-ის საკუთრებაში არსებული ტერიტორია. ვიზუალური დათვალიერებით ჩანს, რომ ...ი გ. ჭ-ის საკუთრებაში არსებული ტერიტორიისგან გამიჯნულია მყარი ღობით. ღობის გასწვრივ ასევე გადის გაზის მილები. ამავე ოქმით ასევე ირკვევა, რომ მოსარჩელესა და მესამე პირებს ერთმანეთთან არანაირი პრეტენზია არ აქვთ, მხარეებს შორის ფიზიკურად შეჭრა არ არსებობს, მხოლოდ საკადასტრო აზომვით ნახაზზეა გადაფარვა და ნახაზი არის დასაკორექტირებელი.

ამასთან, საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 23 თებერვლის №... წერილზე, რომლითაც სსიპ ქონების მართვის სააგენტოს პრივატიზების სამსახურის უფროსს ეცნობა, რომ გ. ჭ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის (დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით) შეფერხების ერთადერთ მიზეზს წარმოადგენდა ზედდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ, ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთთან. ამასთან, ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის კორექტირების შემთხვევაში, გ. ჭ-ის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთი აღმოჩნდებოდა რეალურ და ფაქტობრივ (მყარ) საზღვრებში. მიუხედავად აღნიშნულისა, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2018 წლის 28 თებერვლის №61-01180592774 წერილით, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ სარეგისტრაციო წარმოებისას გამოვლენილი ზედდების აღმოფხვრის მიზნით, ...ის (ს/კ ...) საკადასტრო საზღვრების კორექტირების თხოვნა წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ ვერ დაკმაყოფილდებოდა.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის თანახმად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „აღნიშნული კონსტიტუციური დებულებით აღიარებულია საკუთრების ინსტიტუტის, როგორც დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ საფუძვლად არსებული ღირებულების კონსტიტუციური მნიშვნელობა, რომელიც ინდივიდის პიროვნული თავისუფლებისა და ინდივიდუალური თვითრეალიზების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს. საკუთრების უფლება ადამიანის არა მარტო არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის თავისუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას. ყოველივე ეს კანონზომიერად განაპირობებს ინდივიდის კერძო ინიციატივებს ეკონომიკურ სფეროში, რაც ხელს უწყობს ეკონომიკური ურთიერთობების, თავისუფალი მეწარმეობის, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, ნორმალურ, სტაბილურ სამოქალაქო ბრუნვას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის N1/2/384 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლება აღიარებულია არა მხოლოდ ეროვნული, არამედ საერთაშორისო აქტებითაც, კერძოდ, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით, რომელიც ადგენს, რომ ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. პალატა მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის შინაარსზე, რომელიც „უზრუნველყოფს უფლებას არსებულ ქონებაზე, რაც ასევე მოიცავს მოთხოვნებს, რომლის საფუძველზეც განმცხადებელს აქვს საკუთრების უფლებით ეფექტიანი სარგებლობის მოპოვების მინიმუმ „ლეგიტიმური მოლოდინი“. (Maurice v. France, No. 11810/03, 6.10.2003; Plechanow v. Poland, No. 22279/04, 7.7.2009).

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირის უფლება - მიმართოს სახელმწიფოს ნებისმიერ საჯარო დაწესებულებას მისი ინტერესების დასაცავად, განეკუთვნება კონსტიტუციურ უფლებათა სისტემას. ადამიანის უფლებები იყოფა ორ ჯგუფად: მატერიალური და პროცედურული უფლებები. პირის პროცედურულ უფლებათა რიგს მიეკუთვნება ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის უფლება, შუამდგომლობათა აღძვრის უფლება, მტკიცებულებათა წარდგენის უფლება, სხდომაზე დასწრების და მონაწილეობის უფლება, მოსაზრებათა წარდგენის უფლება, გასაჩივრების უფლება და ა.შ. სწორედ, პროცედურული უფლებების კანონით დადგენილი ფორმებით რეალიზაცია აძლევს პირს შესაძლებლობას დაიცვას ან აღიდგინოს თავისი მატერიალური უფლებები.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, რომელიც ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ურთიერთობების მონაწილეთა პროცედურული უფლება-მოვალეობების საზოგადო წესებს დეტალურად განსაზღვრავს, მიზნად ისახავს ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, საჯარო ინტერესებისა და კანონის უზენაესობის დაცვის უზრუნველყოფას.

ზემომითითებულ კონსტიტუციურ პრინციპს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის სპეციალური მუხლი ეძღვნება, კერძოდ, მე-12 მუხლი ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის უფლება, რომლის მიხედვით გარანტირებულია: 1. ნებისმიერი პირის უფლება - მიმართოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ უკანასკნელის უფლებამოსილებას მიკუთვნებული იმ საკითხის გადასაწყვეტად, რომელიც უშუალოდ და პირდაპირ ეხება პირის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, და 2. ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება - განიხილოს მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხზე შეტანილი განცხადება და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. აღნიშნული ნორმის სტრუქტურული შინაარსი გულისხმობს, რომ პირის უფლების დადგენა მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას - განახორციელოს რეალიზებული საპროცესო უფლების კანონით რეგლამენტირებული, ადეკვატური პროცედურული ხასიათის მოქმედება. (სუსგ საქმე №ბს-208-200(კ-13), 09.07.2013წ.).

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების შეფასებას, რომლითაც ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს დაევალა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების (ს/კ ...) ფართობის დაზუსტების (კორექტირების) მიზნით, მომიჯნავე მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) საკადასტრო და ფაქტობრივი მონაცემების გათვალისწინებით, მოსარჩელე-გ. ჭ-ის განცხადების განხილვა/დაკმაყოფილება და შუალედური აქტის გამოცემა, ქ. თბილისის მთავრობისათვის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საზღვრების კორექტირების შესახებ წინადადებისა და მთავრობის განკარგულების პროექტის მომზადება და ქ. თბილისის მთავრობისათვის განსახილველად წარდგენა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს. მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოსა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის/მერიის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 23 დეკემბრის განჩინება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე