№ბს-697(კ-23) 25 ივლისი, 2023 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე - გენადი მაკარიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 15 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
კ. ხ-ემ, გ. შ-ამ და ა. ბ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელეებმა მოითხოვეს: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 22 აპრილის №03-1305/ო ბრძანება; ბ) დაევალოს მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს კანონით დადგენილი წესითა და ვადებში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელის - კ. ხ-ეისა და მისი ოჯახის (განაცხადით გათვალისწინებული პირები) საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 4 მაისის გადაწყვეტილებით კ. ხ-ეის, გ. შ-ასა და ა. ბ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 22 აპრილის №03-1305/ო ბრძანება. დაევალა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე კ. ხ-ეის (განაცხადით გათვალისწინებული პირების) ქ. თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 4 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 15 თებერვლის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 4 მაისის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 15 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მიერ იმ დევნილი ოჯახების განაცხადების განხილვა, რომელთა ქულა იყო 4.5 და მეტი, არ ნიშნავს, რომ დაკმაყოფილდა ყველა დევნილი ოჯახი. სააგენტომ მის ხელთ არსებული ყველა რესურსი გამოიყენა საკითხის სრულყოფილად შესასწავლად, ხოლო მხარე თავს არიდებს სააგენტოსთან თანამშრომლობას, რაც მთელ რიგ საკითხებს ხდის ბუნდოვანს. აღნიშნული გამოიხატება იმ ფაქტში, რომ დედის თანხმობა, შვილების მამასთან ერთად დაკმაყოფილების თაობაზე გაცემული და წარმოდგენილი იქნა ადმინისტრაციული წარმოების დასრულების შემდგომ. ამასთან, მეორე შვილი - გ. შ-ა ცხოვრობს დედასთან და არა მამასთან. აღნიშული ინფორმაცია, თავად დედამ განუმარტა ადმინისტრაციული ორგანოს თანამშრომლებს. მოსარჩელე ამტკიცებს, რომ ორივე შვილი მასთან ცხოვრობს, რაც არ დასტურდება არცერთი მტკიცებულებით. ერთ საოჯახო ნომერზე ყოფნა სულაც არ ნიშნავს ფაქტობრივად ერთად ცხოვრებას. სააგენტოს ფაქტის ნამდვილობის დასადასტურებლად შეუძლია მხოლოდ მონიტორინგის განხორციელება და მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შესწავლა, მის ხელთ არსებული სხვა საშუალება არ არსებობს. ამდენად, საკითხი გამოკვლეულია სრულყოფილად და გამოყენებულია ის საშუალება, რაც გააჩნია სააგენტოს. მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან არ იკვეთება განსხვავებული მიდგომა საკითხისადმი და მოსარჩელის საკითხი იმ მეთოდითაა გამოკვლეული, რაც დადგენილია ნორმატიული აქტით. შესაბამისად, სააგენტომ გადაწყვეტილება მიიღო კანონმდებლობით დაკისრებული ყველა მოთხოვნათა ზედმიწევნით შესრულებით, რაც გულისხმობს ადმინისტრაციული წარმოებისას საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შეფასებას, ფაქტების დეტალურ შესწავლას. სახელმწიფოს, მოცემულ შემთხვევაში კი, სააგენტოს აქვს ვალდებულება, ყველა დევნილი ოჯახი უზრუნველყოს სათანადო საცხოვრებლით და მათ შეუქმნას ცხოვრებისათვის სრულფასოვანი გარემო, თუმცა აღნიშნული უფლებამოსილების განხორციელებისას უნდა მოქმედებდეს კანონმდებლობის სრული დაცვით, დაიცვას თითოეული დევნილის უფლება, ადმინისტრაციულმა ორგანომ უფლებამოსილება უნდა განახორციელოს შესაბამისი კრიტერიუმების, რიგითობისა და არსებული სტრატეგიის შესაბამისად. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით მხარეს სრულად უსაფუძვლოდ გადაეცა, ფაქტობრივად, უკვე მეორე ქონება. ეს კი იმ პირობებში, როდესაც სააგენტოს უამრავი უსახლკარო დევნილი ოჯახის დაკმაყოფილების ვალდებულება აქვს და მათ საკითხზე მსჯელობს. დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ მოქმედი ნორმა (2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანება) გრძელვადიანი საცხოვრებლის მიღების მსურველ დევნილთა შორის აწესებს გარკვეულ რიგითობას, პრიორიტეტულობას, რაც დადგენილია იმპერატიულად, კერძოდ, პირველ რიგში და საკითხის განხილვის ეტაპზე ხდება იმ დევნილი ოჯახების დაკმაყოფილება, რომლებიც უპირატესად საჭიროებენ სახელმწიფოს მხრიდან დახმარებას. ცხადია, ეს ნორმა არ უარყოფს და ეჭვის ქვეშ არ აყენებს სახელმწიფოს მიერ აღებულ ვალდებულებას - საცხოვრებლით უზრუნველყოს ყველა დევნილი ოჯახი, მათ შორის ის ოჯახები, რომლებსაც ხელი მიუწვდებათ ალტერნატიულ საცხოვრებელზე ან გააჩნიათ საკუთარი საცხოვრებელი, ან შეუძლიათ ისარგებლონ ნათესავის საცხოვრებლით, თუმცა, შესაბამისი რიგითობის დაცვით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 7 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს მოსარჩელისათვის (განაცხადით გათვალისწინებული პირები) გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება და მოპასუხისათვის მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი განსახლების მიზნით საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, დევნილს უფლება აქვს მიიღოს სოციალური და სხვა სახის დახმარებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, შესაბამისად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილ იქნეს დევნილთა ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, შესაბამის ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შეფასდეს ოჯახის ეკონომიკური, სოციალური თუ სხვა ყოფითი მდგომარეობა, რადგან ქულათა მინიჭებას არსებითი მნიშვნელობა აქვს და განსაზღვრავს სახელმწიფოს მიერ დევნილთა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების პრიორიტეტულობას.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) მოსარჩელე კ. ხ-ე (ქორწინებამდელი გვარი - შ-ა) და მისი არასრულწლოვანი შვილები - გ. შ-ა (დაბადების თარიღი ... წლის ...), ა. ბ-ე (დაბადების თარიღი ... წლის ...) არიან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები. დევნილობამდე მუდმივი საცხოვრებელია: აფხაზეთი, სოხუმი, ...ის ქ. №... ბ. №27, დროებითი და ფაქტობრივი საცხოვრებელი: თბილისი, ...ი №36. ოჯახის სარეგისტრაციო ნომერია ... (ს.ფ. 13-14, 15, 17, 18, 149-151); ბ) 2017 წლის 1 სექტემბერს ქ. ბ-ეესა და კ- ბ-ეს შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა (ს.ფ. 16); გ) 2017 წლის 2 ოქტომბერს მ. ხ-ესა და კ. ხ-ეს შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა, მამაკაცს განქორწინების შემდეგ მიეკუთვნა გვარი „ხ-ე“ (ს.ფ. 17); დ) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (სერია №...) თანახმად, ა. ბ-ეს (დაბადებული ... წლის ...) აქვს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვის სტატუსი, საჭიროებს სხვა პირთა მუდმივ დახმარებას (ს.ფ. 93); ე) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობებითა და ამონაწერით ავადმყოფის სამედიცინო ბარათიდან, ა. ბ-ეს (დაბადებული ... წლის ...) დაესვა დიაგნოზი (ძირითადი დაავადებები თანმხლები დაავადებები, გართულებები) სუნთქვის მწვავე უკმარისობა, რესპირატორზე დამოკიდებულება, ასპირატორზე დამოკიდებულება, ბავშვთა ცერებრული დამბლა დაუზუსტებელი, ეპილეფსიური სტატუსი, დაუზუსტებელი, მწვავე ბრონქიტი, რკინადეფიციტური ანემია, ტრაქეოსტომის არსებობა, პლევმონია. საშარდე გზების ინფექცია (ს.ფ. 94-105); ვ) საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმის მიხედვით, განცხადებას აკეთებს კ. ხ-ე, რომლის ოჯახი შედგება 3 წევრისაგან - თავად მოსარჩელე და მისი ორი არასრულწლოვანი შვილი - გ. შ-ა და ა. ბ-ე. ოჯახი შეფასდა 5.50 ქულით: 1.50 ქულა - ცხოვრობს ნათესავის/ახლობლის ბინაში ქირის გარეშე; 1 ქულა - 18 წლამდე ასაკის წევრები, 2 არასრულწლოვანი; 3 ქულა - ა. ბ-ე შეზღუდული შესაძლებლობის მკვეთრად გამოხატული (ს.ფ. 29-30); ზ) გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმის მიხედვით, მონიტორინგი განხორციელდა 2020 წლის 11 ნოემბერს, მისამართზე: ქ. თბილისი, ...ის ქუჩა, კორპუსი ..., ბინა №23. სახლში იმყოფებოდა განმცხადებელი -კ. ხ-ე, რომლის განმარტებით, მისამართზე ცხოვრობს 2019 წლიდან ქირის გარეშე, 2015-2019 წლებში ცხოვრობდა სხვადასხვა მისამართებზე ქირით, 2004-2015 წლებში თელავში, მეუღლის სახლში (ს.ფ. 108-111); თ) დათვალიერების, ადგილზე გამოცხადებს, გასაუბრების ოქმით 2021 წლის 29 იანვარს კ. ხ-ეის ოჯახის დამატებითი მოკვლევის მიზნით, მონიტორინგი განხორციელდა თელავში, ...ის ქ. №7-ში, ქ. ბ-ეის საცხოვრებელ სახლში, სადაც იმყოფებოდნენ, განმცხადებლის ყოფილი მეუღლე და მისი მშობლები, გ. შ-ა იმყოფებოდა მასწავლებელთან, მეორე შვილი - ა. ბ-ე - თბილისში, ...ის კლინიკაში, ჯანმრთელობის პრობლემების გამო (ს.ფ. 112); ი) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 2 აპრილის №19 ოქმით კ. ხ-ეს (სარეგისტრაციო ნომერი - ...) უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე ოჯახის ხელოვნური გაერთიანების გამო (ს.ფ 58-63); ) სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 22 აპრილის №03-1305/ო ბრძანებით დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილების საფუძველზე კ. ხ-ეს (განცხადებით გათვალისწინებულ პირებს) ოჯახის ხელოვნური გაერთიანების გამო, უარი ეთქვა თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე (ს.ფ. 32); ლ) 2021 წლის 27 აპრილის ნოტარიულად დამოწმებული განცხადებით ქ. ბ-ეე თანხმობას აცხადებს მისი და კ. ხ-ეის არასრულწლოვანმა შვილებმა - გ. შ-ამ და ა. ბ-ემ იცხოვრონ მამასთან (ს.ფ. 28);
საკასაციო პალატა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტისა და ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე მითითებით აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, კერძოდ, ის, სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ვალდებულია დევნილი ოჯახი უზრუნველყოს გრძელვადიანი საცხოვრებლით, შექმნას მათი ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. ამ მიზნით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით (ძალადაკარგულია „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით) დამტკიცდა „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“ (დანართი №1). პალატა მიუთითებს აღნიშნული წესის მეორე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა; სახელმწიფოს მიერ ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა იმ დევნილ ოჯახებზე, რომლებმაც 2019 წლის 1 იანვრამდე იპოთეკური სესხით შეიძინეს საცხოვრებელი სახლები/ბინები და აღნიშნული საცხოვრებელი სახლები/ბინები არის მათი ერთადერთი საკუთრება; იმავე „წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტით კი დადგენილია, რომ გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.
ზემოაღნიშნული ბრძანებით ასევე დამტკიცებული იყო „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი“ (დანართი №6) და „სოციალური კრიტერიუმი“ (დანართი №7). დანართებში მოცემულია ცალკეული კომპონენტები, რომელთა საფუძველზეც უნდა შეფასდეს კონკრეტული დევნილი ოჯახის სოციალური მდგომარეობა, შესაბამისი ქულების მინიჭებით.
ანალოგიური საკანონმდებლო დანაწესი მოქმედებს დღეისათვის მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესით“ (დანართი №1), რომლის მეორე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ან კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა.
ამავე „წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტით კი დადგენილია, რომ გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-4 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო წარმოადგენს დევნილთა განსახლების საკითხზე პასუხისმგებელ უწყებას, შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, იგი ვალდებულია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, გულისხმიერად მიუდგეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს - ზუსტად განსაზღვროს დევნილი ოჯახის განსახლების პრიორიტეტულობის საკითხი, საქმის გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევის გზით.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საფუძველზე და აღნიშნავს, რომ ის გარემოება, რომ განქორწინებული მშობლების ერთი შვილი მონიტორინგის დროს იმყოფებოდა დედასთან ქალაქ თელავში, ხოლო მეორე, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე - ...ის კლინიკაში, არ შეიძლება აღქმულ იქნეს, რომ ბავშვები არ ცხოვრობენ მამასთან, სწორედ რომ განქორწინების შემდეგ ახლობლის ბინაში მცხოვრები მოსარჩელე, ბინით უზრუნველყოფის მოლოდინშია, რომ საკუთარი, სათანადო, არასრულწლოვანისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვისთვის ადაპტირებული გარემოს შექმნის შემდეგ უზრუნველყოს შვილების მუდმივად მასთან ცხოვრება. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას, რომ მშობელს, ვისთანაც მუდმივად არ ცხოვრობს შვილი ბავშვის ასაკისა და რეჟიმის, ასევე თავად ბავშვის სურვილის გათვალისწინებით, შეუზღუდავად აქვს მათთან ურთიერთობის უფლება და ამისათვის ხელოვნური დაბრკოლების შექმნა ეწინააღმდეგება ბავშვის საუკეთესო ინტერესს.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელეს კ. ხ-ეს და მის არასრულწლოვან შვილებს აქვთ ოჯახის ერთი სარეგისტრაციო ნომერი (...). ასევე დადგენილია, რომ კ. ხ-ე განქორწინებულია შვილების დედასთან - ქ. ბ-ეესთან, რომელიც ცხოვრობს მშობლებთან ერთად ქალაქ თელავში. ამასთან, კ. ხ-ეს საკუთრებაში არ ჰქონია უძრავი ქონება. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან უტყუარად არ დასტურდება მოსარჩელეთა მიერ ოჯახის ხელოვნურად გაერთიანების ფაქტი.
ამასთან, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო აქტის გამოცემისას არ გაითვალისწინა „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მოთხოვნა, რომელიც მას პრიორიტეტულობის პრინციპის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას ავალდებულებდა. იმ პირობებში, როდესაც დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ იძულებით გადაადგილებულ ოჯახთა გრძელვადიანი განსახლების მიზნით, ბინის განაწილების საკითხის გადაწყვეტისას განსაზღვრა პრიორიტეტული კრიტერიუმები, მოსარჩელეებთან მიმართებით არ იქნა გათვალისწინებული მათ მიერ დაგროვებული ქულა და არასრულწლოვანი მოსარჩელე ა. ბ-ეის ჯანმრთელობის მდგომარეობა, კერძოდ, სპეციალური საჭიროებებიდან გამომდინარე, ის საჭიროებს შესაბამისი საცხოვრებელი პირობების არსებობას და სხვა პირის მუდმივ დახმარებას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 15 თებერვლის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
თ. ოქროპირიძე