Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

Nბს-564(კ-22) 17 მაისი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ს. პ-ეის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 მარტის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო).

აღწერილობითი ნაწილი:

2021 წლის 9 ივნისს ს. პ-ემ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ. სარჩელის დაზუსტების შემდეგ, ს. პ-ემ მოითხოვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის ანაბრების თანხის ანაზღაურების დაკისრება, შესაბამისი ინდექსაციის გათვალისწინებით, ასევე პროცენტის დარიცხვა შეტანის დღიდან ანაზღაურების დღემდე, 200 000 ლარის ოდენობით.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 14 ივნისის განჩინებით ს. პ-ეის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით ს. პ-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 მარტის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ს. პ-ეის სააპელაციო საჩივარი, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნია, რომ ს. პ-ემ სხვადასხვა დროს განახორციელა შემნახველ ანგარიშზე თანხების შეტანა, რომელთა ანაზღაურებასაც ითხოვს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსგან (შესაბამისი ინდექსაციის გათვალისწინებით და დამატებით პროცენტის დარიცხვით - შეტანის დღიდან ანაზღაურების დღემდე).

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ბ“ პუნქტზე (სახელმწიფო საშინაო ვალის განმარტება) და 48-ე მუხლის „ბ“ პუნქტზე, რომლის თანახმად, ამ კანონის მიღებამდე, მე-11 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ვალდებულებების გარდა, სახელმწიფო საშინაო ვალად აღიარებულ იქნა ყოფილი სსრ კავშირის საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ბანკის მიერ ბლოკირებული, ამავე ბანკის თბილისის განყოფილების ანგარიშზე რიცხული, საქართველოს ფიზიკური და იურიდიული პირების კუთვნილი სახსრების აუნაზღაურებლობით წარმოქმნილი დავალიანება. სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს მთავრობის 2004 წლის 15 ნოემბრის N108 დადგენილებაზე, რომლითაც შეიქმნა საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი კომისია და რომლის უფლებამოსილების ვადად, ამავე დადგენილების შესაბამისად, განისაზღვრა 2006 წლის პირველ მაისამდე პერიოდი. პალატამ ყურადღება გაამახვილა აღნიშნულ დადგენილებაში საქართველოს მთავრობის 2020 წლის 17 დეკემბრის N752 დადგენილებით შეტანილ ცვლილებაზე, რომლითაც კომისიის უფლებამოსილების ვადად განისაზღვრა 2022 წლის პირველ იანვრამდე პერიოდი, ამასთან, სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელ კომისიას დავალებული აქვს საქართველოს კანონის საშინაო ვალის ანაზღაურების მექანიზმთან დაკავშირებული პრობლემების განხილვა, შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება და მთავრობისა და პარლამენტის წინაშე წარდგენა.

სააპელაციო პალატამ მიუთითა საქმესთან დაკავშირებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 სექტემბრის Nბს-728-720(კ-16) განჩინებით გაკეთებულ განმარტებაზე და ყურადღება გაამახვილა ს. პ-ეისადმი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2015 წლის 25 ნოემბრის N08-02/122868, 2017 წლის 4 აპრილის N08-02/47657 წერილების შინაარსზე. აღნიშნული წერილებით ს. პ-ეს ეცნობა, რომ „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებული სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა განხილვის, გადაჭრისა და რეკომენდაციების შემუშავების მიზნით, საქართველოს მთავრობის 2004 წლის 15 ნოემბრის N108 დადგენილებით შექმნილი საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისია შეიმუშავებს სახელმწიფო საშინაო ვალის ანაზღაურების მექანიზმთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს, იმ პირთა მიმართ, რომლებიც განეკუთვნებიან „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებულ სავალო კატეგორიებს. კომისია რეკომენდაციებს გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგენს საქართველოს მთავრობასა და საქართველოს პარლამენტს. ამავე წერილებით ს. პ-ეს განემარტა, რომ სათანადო გადაწყვეტილების მიღებამდე, „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტით შესაბამისი პირების მიმართ აღიარებული სავალო ვალდებულებები ვერ შესრულდება.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, დღეის მდგომარეობით არ მოქმედებს ინდექსაციის მექანიზმის განმსაზღვრელი ნორმატიული აქტი, რომლის საფუძველზეც განხორციელდება დავალიანების გადახდა მეანაბრეებისათვის, მათ შორის - მოსარჩელისათვის. არ არსებობს რაიმე გადახდის მექანიზმი ან დაფარვის მეთოდი, რომლითაც დაზარალებულები დაკმაყოფილდებიან. კომისია მუშაობს ინდექსაციაზე, დაფარვის რიგითობაზე და გადახდის მექანიზმის შემუშავებაზე. ამ პირობებში, სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია სასარჩელო მოთხოვნა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის საშინაო ვალის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ს. პ-ემ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს მითითება იმ გარემოებაზე, რომ დღეის მდგომარეობით არ მოქმედებს ინდექსაციის მექანიზმის განმსაზღვრელი ნორმატიული აქტი, რომლის საფუძველზეც უნდა მოხდეს დავალიანების გადახდა, წარმოადგენს მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმას (მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-4 მუხლზე, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონზე). სასამართლოს იმ მიზეზით მიმართა, რომ სახელმწიფომ და კომისიამ ვერ უზრუნველყო მისი უფლებების დაცვა. საქართველოში ათწლეულების მანძილზე ილახებოდა მეანაბრეთა უფლებები და საკანონმდებლო ბაზაც იცვლებოდა: საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 8 დეკემბრის N716 ბრძანებულება „მოსახლეობის ანაბრებზე რიცხული ფულადი სახსრების ინდექსაციის მექანიზმისა და მისი განხორციელების ღონისძიებათა შესახებ“ განსაზღვრავდა ზოგიერთ გასატარებელ ღონისძიებას, ყოფილ სახელმწიფო-კომერციულ ბანკებში მოსახლეობის ანაბრებზე რიცხული ფულადი სახსრების ინდექსაციისა და მათი მფლობელებისათვის დაბრუნების უზრუნველყოფის მიზნით. აღნიშნული ბრძანებულება ძლადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 2 ივლისის N258 ბრძანებულებით „საქართველოს მოსახლეობისათვის ყოფილ სახელმწიფო-კომერციულ ბანკებში ანაბრებზე რიცხული ფულადი სახსრების დაბრუნების მდგომარეობის გაუმჯობესების ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“. ახალი ბრძანებულებით უნდა შექმნილიყო საქართველოს მოსახლეობისათვის ყოფილ სახელმწიფო-კომერციულ ბანკებში ანაბრებზე რიცხული ფულადი სახსრების დაბრუნების მდგომარეობის გაუმჯობესების თაობაზე წინადადების შემმუშავებელი სამთავრობო კომისია. N258 ბრძანებულებით ასევე განისაზღვრა კომისიის შემადგენლობა და კომისიას დაევალა 2 თვის ვადაში, საქართველოს მოსახლეობისათვის ყოფილ სახელმწიფო-კომერციულ ბანკებში ანაბრებზე რიცხული ფულადი სახსრების შემდგომი დაბრუნების პროცესის კომპლექსური მოწესრიგების შესახებ საკანონმდებლო წინადადებათა პაკეტის წარდგენა მთავრობის სხდომაზე. ბრძანებულებაში 2001 წლის 6 ნოემბერს შევიდა ცვლილება და საკანონმდებლო ცვლილებების წარდგენის ვადად განსაზღვრული 2 თვე შეიცვალა 10 თვის ვადით. მოგვიანებით, საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 26 ნოემბრის N539 ბრძანებულებით ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 2001 წლის 2 ივლისის N258 ბრძანებულებაც. „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის 48–ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებული სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა განხილვის, გადაჭრისა და რეკომენდაციების მიზნით, საქართველოს მთავრობის 2004 წლის 15 ნოემბრის N108 დადგენილებით შექმნილია საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისია, რომელიც სახელმწიფო საშინაო ვალის ანაზღაურების მექანიზმთან დაკავშირებით შეიმუშავებს რეკომენდაციებს და გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგენს საქართველოს მთავრობას და საქართველოს პარლამენტს. რეკომენდაციის შემუშავება ხდება იმ პირთა მიმართ, რომლებიც განეკუთვნებიან „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებულ სავალო კატეგორიებს. სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელ სახელმწიფო კომისიას არც ერთხელ არ უმსჯელია ყოფილი მენაბრეების ანაბრების გასტუმრების საკითხების მოგვარებაზე. სახელმწიფომ საბჭოთა ანაბრები შიდა ვალად გამოაცხადა და ამით პროცესი სტატიკურ მდგომარეობაში დარჩა. „სახელმწიფო ვალის შესახებ“ კანონმა ვერ უზრუნველყო საბჭოთა ანაბრების გასტუმრების ქმედითი საფუძვლების შექმნა. სასამართლომ, როგორც მართლმსაჯულების განმახორციელებელმა ორგანომ, უნდა მოახდინოს შელახული უფლებების აღდგენა.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის საქმეში მხარედ ჩართვისა და კომისიისათვის ნორმატიული აქტის გამოცემის დავალების თაობაზე, რომლითაც განისაზღვრებოდა მოსახლეობის მიერ ყოფილ სახელმწიფო კომერციულ ბანკებში შეტანილი ანაბრების ინდექსაციის მექანიზმი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ს. პ-ეის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ს. პ-ეის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ ს. პ-ე წარმოადგენს „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის სუბიექტს - კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საშინაო სავალო ვალდებულებად არის აღიარებული ს. პ-ეის მიერ ამ კანონის მიღებამდე ყოფილ სახელმწიფო კომერციულ ბანკში სხვადასხვა დროს შეტანილი ანაბრების ინდექსაციით წარმოქმნილი დავალიანება.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2015 წლის 25 ნოემბრის N08-02/122868 და 2017 წლის 4 აპრილის N08-02/47657 წერილებით ს. პ-ეს ეცნობა, რომ „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებული სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა განხილვის, გადაჭრისა და რეკომენდაციების შემუშავების მიზნით, საქართველოს მთავრობის 2004 წლის 15 ნოემბრის N108 დადგენილებით შექმნილი საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისია შეიმუშავებს სახელმწიფო საშინაო ვალის ანაზღაურების მექანიზმთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს, იმ პირთა მიმართ, რომლებიც განეკუთვნებიან „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებულ სავალო კატეგორიებს. კომისია რეკომენდაციებს გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგენს საქართველოს მთავრობას და საქართველოს პარლამენტს. ამავე წერილებით ს. პ-ეს განემარტა, რომ სათანადო გადაწყვეტილების მიღებამდე, „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტით შესაბამისი პირების მიმართ აღიარებული სავალო ვალდებულებები ვერ შესრულდება.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონი ადგენს სახელმწიფო ვალის დაფარვის ძირითად პრინციპებს. აღნიშნული კანონის პირველი მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალი წარმოადგენს ეროვნული ვალუტით გამოსახულ საქართველოს სახელმწიფო ვალის შემადგენელ ნაწილს, ხოლო მე-11 მუხლის „ა“, „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, სახელმწიფო საშინაო ვალის ფორმებია სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები და სხვა სავალო ვალდებულებები, რომლებიც საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მიიჩნია სახელმწიფო საშინაო ვალად და დაამტკიცა საქართველოს პარლამენტმა. აღნიშნული კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის მიღებამდე, გარდა მე-11 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ვალდებულებებისა, სახელმწიფო საშინაო ვალად აღიარებულ იქნა მოსახლეობის მიერ ყოფილ სახელმწიფო კომერციულ ბანკებში შეტანილი ანაბრების ინდექსაციით წარმოქმნილი დავალიანება. ამავე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებში მოცემული სახელმწიფო სავალო ვალდებულებების დაფარვა უნდა მოხდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 8 დეკემბრის N716 და N717 ბრძანებულებების შესაბამისად.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ 1997 წლის 8 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო N716 ბრძანებულება „მოსახლეობის ანაბრებზე რიცხული ფულადი სახსრების ინდექსაციის მექანიზმისა და მისი განხორციელების ღონისძიებათა შესახებ“, რომელიც მიზნად ისახავდა ყოფილ სახელმწიფო-კომერციულ ბანკებში მოსახლეობის ანაბრებზე რიცხული ფულადი სახსრების ინდექსაციისა და მათი მფლობელებისათვის დაბრუნების უზრუნველყოფას, შესაბამის ქმედებათა განხორციელებაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის კონტროლის დავალებით, თუმცა აღნიშნული ბრძანებულება ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 7 თებერვლის N258 ბრძანებულებით.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2004 წლის 15 ნოემბრის N108 დადგენილებაზე, რომლითაც შეიქმნა საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი კომისია და რომლის უფლებამოსილების ვადად თავდაპირველად განისაზღვრა 2006 წლის პირველ მაისამდე პერიოდი. დადგენილებაში არაერთხელ განხორციელდა ცვლილებები. დღეს მოქმედი რედაქციით, კომისიის უფლებამოსილების ვადა განსაზღვრულია 2024 წლის პირველ იანვრამდე. ამავე დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის დებულების“ მეორე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია შეიმუშავებს „ სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებული სახელმწიფო საშინაო ვალის ანაზღაურების მექანიზმთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს და გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგენს მათ საქართველოს მთავრობასა და საქართველოს პარლამენტს. ამავე დებულების მე-4 მუხის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისია საოქმო გადაწყვეტილებით სამუშაო ჯგუფს ავალებს შეისწავლოს „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებული სახელმწიფო საშინაო ვალთან დაკავშირებული მასალები და მოამზადოს კომისიის სხდომაზე განსახილველი გადაწყვეტილებების პროექტები. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, კომისია სხდომაზე განიხილავს სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებულ პროექტებს და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, ხოლო მე-7 პუნქტის შესაბამისად, კომისია მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე შემუშავებული ნორმატიული აქტების პროექტებს დადგენილი წესით გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგენს საქართველოს მთავრობასა და საქართველოს პარლამენტს.

ამდენად, ერთი მხრივ, ძალადაკარგულად არის აღიარებული საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 8 დეკემბრის N716 ბრძანებულება „მოსახლეობის ანაბრებზე რიცხული ფულადი სახსრების ინდექსაციის მექანიზმისა და მისი განხორციელების ღონისძიებათა შესახებ“, ხოლო მეორე მხრივ, საქართველოს მთავრობის 2004 წლის 15 ნოემბრის N108 დადგენილებით შექმნილ საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელ კომისიას, „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებული სახელმწიფო საშინაო ვალის ანაზღაურების მექანიზმთან დაკავშირებული რეკომენდაციები არ შეუმუშავებია და გადაწყვეტილების მისაღებად სათანადო ორგანოებისათვის არ წარუდგენია.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მართებულია სააპელაციო პალატის დასკვნა, რომ დღეის მდგომარეობით არ მოქმედებს ინდექსაციის მექანიზმის განმსაზღვრელი ნორმატიული აქტი, რომლის საფუძველზეც განხორციელდება დავალიანების გადახდა მეანაბრეებისათვის, მათ შორის - მოსარჩელისათვის. არ არსებობს რაიმე გადახდის მექანიზმი ან დაფარვის მეთოდი, რომლითაც დაზარალებულები დაკმაყოფილდებიან. კომისია მუშაობს ინდექსაციაზე, დაფარვის რიგითობაზე და გადახდის მექანიზმის შემუშავებაზე. ამ პირობებში, საფუძველს მოკლებულია ს. პ-ეის მოთხოვნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის მის მიმართ საშინაო ვალის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე. სააპელაციო სასამართლომ ასევე სწორად მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 სექტემბრის Nბს-728-720(კ-16) განჩინებაზე, რომელშიც საკასაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა სახელმწიფო ვალის დაფარვის წესის შემუშავების კავშირზე სახელმწიფოს მხრიდან გასატარებელ მთელ რიგ პროცედურებთან, დიდძალი თანხების მობილიზებასთან, რომლის არარაციონალურმა დახარჯვამ, ბალანსის დაუცველობამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას სახელმწიფოს ფუნქციონირებას, მის ფინანსურ და ეკონომიკურ უსაფრთხოებას. საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ „..სახელმწიფოს მიერ აღიარებული სავალო ვალდებულების დაფარვის მექანიზმის შესახებ ნორმატიული აქტით მოსაწესრიგებელი საკითხის არაორდინალობის, საბიუჯეტო თანხების უკმარისობის, მოსაწესრიგებელი საკითხის რაციონალური ეკონომიკური მიდგომის აუცილებლობის, ეკონომიკურ-ფინანსური შესაძლებლობების დადგენის, ბიუჯეტის დაბალანსების საჭიროების და რიგი სხვა საკითხების მხედველობაში მიღებით, დავალიანების დაფარვის წესის შემუშავება საჭიროებს დავალიანების დაფარვის წესთან დაკავშირებული პრობლემატიკის ზედმიწევნით შესწავლას, სათანადო რესურსების მოზიდვის სტრატეგიის შემუშავებას. ასეთი წესის შემუშავება რთულ საფინანსო დაანგარიშებებთან არის დაკავშირებული, რომელზედაც მუშაობს კომისია..“.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, ს. პ-ეის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ს. პ-ეის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 მარტის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე