Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

Nბს-671 (კ-22) 17 მაისი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა გ. შ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 27 სექტემბრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; მესამე პირები - ნ. დ-ი, ვ. პ-ი, მ. ნ-ი, ზ. ნ-ი, სს „...ი“).

აღწერილობითი ნაწილი:

2019 წლის 30 ივლისს გ. შ-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის სააგენტოს 2019 წლის 26 ივნისის N... გადაწყვეტილების, სსიპ საჯარო რეესტრის სააგენტოს 2019 წლის 19 ივლისის N... გადაწყვეტილების, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 19 ივლისის N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და უძრავი ქონება გამოსყიდვის ვალდებულებით კვლავ აღრიცხვა გ. შ-ას სახელზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 31 ივლისის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული გ. შ-ას სარჩელი. ამავე განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ ნ. დ-ი, მ. ნ-ი და სს „...ი“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ. შ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 27 სექტემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა გ. შ-ას სააპელაციო საჩივარი, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მეორე მუხლის „თ“, „ი“, „კ“, „ლ“ ქვეპუნქტებზე, მე-3 მუხლის მე-6 პუნქტზე, მე-4 მუხლის პირველ პუნქტზე, მე-8 მუხლის პირველ, მეორე პუნქტებზე, მე-9 მუხლზე და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, აღნიშნა, რომ მოსარჩელე სადავო გადაწყვეტილებების ბათილად ცნობას ითხოვს არაუფლებამოსილი პირის - ნ. დ-ის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთვის სარეგისტრაციო განცხადების წარდგენის საფუძვლით (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 5 აპრილის Nას-975-971(კ-17) გადაწყვეტილებით დადგენილი პრაქტიკის გათვალისწინებით, 2019 წლის 14 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულება საჯარო რეესტრში უნდა წარედგინა არა ნ. დ-ს, არამედ უფლებამოსილ პირს - ნოტარიუს ე. შ-ს).

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის N4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის მე-19 მუხლზე, მე-13 მუხლის მე-3 პუნქტზე და დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისში, ...ში მდებარე N... უძრავი ნივთის საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების შეწყვეტას საფუძლად დაედო ნოტარიუს ე. შ-ის მიერ 2019 წლის 14 თებერვალს ხელმოწერის ნამდვილობის დადასტურების ე.წ. „კერძო აქტის“ ფორმით შედგენილი შეთანხმება. მსგავსი სახით დამოწმებული ხელშეკრულება წარდგენილი უნდა ყოფილიყო თავად ხელმოწერის ნამდვილობის დამადასტურებელი ნოტარიუსის მიერ, ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით, რაც განხორციელდა კიდეც. N... უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების შეწყვეტას საფუძვლად დაედო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის ავტორიზებული პირის - ნოტარიუს ე. შ-ის მიერ, ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით, 2019 წლის 26 ივნისის წარდგენილი განცხადება. აღნიშნული გარემოების უარმყოფელი მტკიცებულებები მოსარჩელეს არ წარმოუდგენია. ამდენად, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია და გაზიარებული ვერ იქნება აპელანტის არგუმენტები საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთვის სარეგისტრაციო განცხადების არაუფლებამოსილი პირის - ნ. დ-ის მიერ წარდგენის თაობაზე.

სააპელაციო პალატამ არარელევანტურად მიიჩნია მოსარჩელის მხრიდან იმ გარემოებაზე მითითება, რომ მხარეთა შორის არსებობდა ზეპირი შეთანხმება გამოსყიდვის უფლების 2019 წლის აგვისტომდე გაგრძელების შესახებ, რის სანაცვლოდაც დაიდო 2019 წლის 14 თებერვლის შეთანხმება. საქმეზე დადგენილი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო წარმოადგენს რეგისტრაციის განმახორციელებელ ადმინისტრაციულ ორგანოს და მის უფლებამოსილებას არ განეკუთვნება კერძოსამართლებრივი ხელშეკრულებებიდან წარმოშობილი ურთიერთობების კანონიერების იმაზე ფართო ჭრილში კვლევა, ვიდრე ეს რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის არის აუცილებელი. შესაბამისად, ვინაიდან საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში უფლებამოსილმა პირმა წარადგინა მხარეთა შეთანხმება, რომლითაც გამყიდველი უარს აცხადებდა გამოსყიდვის უფლებაზე, არ არსებობდა მოთხოვნილი რეგისტრაციის განხორცელებისთვის დამატებითი დოკუმენტაციის მოთხოვნის ან/და რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც გამოსყიდვის უფლება გ. შ-ას ჰქონდა 2019 წლის 11 ივნისამდე, ხოლო ვალდებულების შეწყვეტის რეგისტრაცია მოთხოვნილ იქნა 2019 წლის 26 ივნისს. ამასთან, გამოსყიდვის უფლებით უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების 1.4. და 1.5. პუნქტებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ თუ 2019 წლის 11 ივნისამდე გამყიდველი - გ. შ-ა არ განახორციელებდა გამოსყიდვის უფლების რეალიზებას, მყიდველები - ნ. დ-ი და ვ. პ-ი უფლებამოსილნი ხდებოდნენ ცალმხრივად, გ. შ-ას თანხმობის გარეშე, მიემართათ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის შეზღუდვის მოხსნის მოთხოვნით. ამ შემთხვევაში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სამსახური ვალდებული ხდებოდა, მესაკუთრის ცალმხრივი განცხადების საფუძველზე, შეეწყვიტა უძრავ ნივთზე რეგისტრირებული ვალდებულება, რაზედაც გ. შ-ა წინასწარ, ხელშეკრულებაზე ხელმოწერით აცხადებდა თანხმობას.

ზემოაღნიშნული მსჯელობისა და მითითებული სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 26 ივნისის №... გადაწყვეტილება, თბილისში, ...ში მდებარე N... უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების შეწყვეტის რეგისტრაციის შესახებ, შეესაბამება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძვლები.

უძრავ ნივთზე სს „...ის“, მ. ნ-ისა და ზ. ნ-ის სასარგებლოდ იპოთეკის რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 19 ივლისის N..., N... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის მოთხოვნებთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ამავე კოდექსის 183-ე მუხლზე, 286-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 289-ე მუხლის პირველ ნაწილზე. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, თბილისში, ...ში მდებარე N... მიწის ნაკვეთზე იპოთეკის რეგისტრაციას საფუძვლად დაედო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2019 წლის 12 ივლისს დამოწმებული იპოთეკის ხელშეკრულება, ხოლო მ. და ზ. ნ-ების საკუთრების რეგისტრაციას - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2019 წლის 12 ივლისს დამოწმებული ნასყიდობის ხელშეკრულება. პალატის მოსაზრებით, ვინაიდან უძრავ ნივთზე გასხვისების ვალდებულის შეზღუდვის შეწყვეტის რეგისტრაცია განხორციელდა 2019 წლის 26 ივნისს, წარდგენილი დოკუმენტაცია - 2019 წლის 12 ივლისის იპოთეკის ხელშეკრულება და ამავე თარიღის ნასყიდობის ხელშეკრულება, წარმოშობდა თბილისში, ...ში მდებარე N... მიწის ნაკვეთზე სს „...ის“ იპოთეკისა და მ. და ზ. ნ-ების საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველს. შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ სწორად შეაფასა სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია და კანონიერად მიიჩნია უძრავ ნივთზე მოთხოვნილი რეგისტრაციის განხორციელების საფუძვლად.

ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან. შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობისა და მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 27 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. შ-ამ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის მოსაზრებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება მიღებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ პუნქტებისა და 394-ე მუხლის „ე“, „ე1“ პუნქტების დარღვევით. სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი.

კასატორი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე, მე-601 მუხლებზე და თვლის, რომ საჯარო რეესტრმა სადავო გადაწყვეტილებებით შელახა მისი საკუთრების უფლება. არც ერთ შემთხვევაში არ ყოფილა გამოვლენილი ნამდვილი მესაკუთრის - გ. შ-ას ნება. შესაბამის პირთა არაკეთილსინდისიერ ქმედებებსა და ადმინისტრაციული ორგანოს დაუდევრობას, შედეგად მოჰყვა მისი უფლების შელახვა. ნოტარიუსმა ე. შ-მა 2019 წლის 26 ივნისს წარადგინა ნ. დ-ის განცხადება და თბილისში, ...ში მდებარე N... უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების შეწყვეტის რეგისტრაცია მოითხოვა. ნოტარიუს ე. შ-ის მიერ 2019 წლის 14 თებერვალს დამოწმებული განცხადების საფუძველზე, დიღმელაშვილმა და პავლიაშვილმა მას სთხოვეს, რომ ფინანსურ პოლიციაში დაწყებულ გამოძიებაში ეთანამშრომლა მათი ინტერესების სასარგებლოდ და ხელი მოეწერა ყიდვა-გამოსყიდვის ხელშეკრულების შეწყვეტის უფლებაზე. აღნიშნული განცხადება ფინანსურ პოლიციაში წარსადგენად შეადგინა ნ. დ-ის და ვ. პ-ის წარმომადგენელმა გ. ქ-მა. დოკუმენტი დამოწმდა კერძო აქტის ფორმით (N..., 14.02.2019წ.). აღნიშნულის სანაცვლოდ, ნ. დ-ი და ვ. პ-ი გაუგრძელებდნენ გ. შ-ას გამოსყიდვის უფლებას და მისცემდნენ დროს 2019 წლის აგვისტოს ბოლომდე. მინიმუმ 4 თვე ჰქონდა დარჩენილი გ. შ-ას იმისათვის, რომ გამოესყიდა საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი. შეთანხმება იყო ფორმალური და მასში არ იყო გაცხადებული მხარეთა ნამდვილი ნება. სინამდვილეში მხარეებს შორის არსებობდა შეთანხმება, რომ ისინი 2019 წლის აგვისტოს ბოლომდე გაუგრძელებდნენ დროს გ. შ-ას, უძრავი ქონების გამოსასყიდლად. სასამართლომ არ გაამხავილა ყურადღება იმაზე, რომ 2019 წლის 14 თებერვლის შეთანხმება, კანონით დადგენილი წესით არ იყო შედგენილი და ატვირთული ნოტარიუსის ვებ. გვერდზე. სასამართლომ ასევე არასწორად არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ნ. დ-მა, ცალმხრივად, გ. შ-ასგან ფარულად, 2019 წლის 26 ივნისს N... განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მიუხედავად მხარეთა შეთანხმებისა, წარადგინა 2019 წლის 14 თებერვალს გაფორმებული შეთანხმება გამოსყიდვის უფლებაზე უარის თქმის შესახებ, რომელიც სინამდვილეში შედგენილი იყო ფინანსურ პოლიციაში და არა საჯარო რეესტრში წარსადგენად. საჯარო რეესტრმა 2019 წლის 26 ივნისის N... გადაწყვეტილებით შეწყვიტა გ. შ-ას გამოსყიდვის ვალდებულება. შედეგად, შეუზღუდავი ვალდებულებით ნივთი გადავიდა ნ. დ-ისა და ვ. პ-ის სახელზე. საჯარო რეესტრის მოქმედებები ეწინააღმდეგება კანონს. სარეგისტრაციოდ წარდგენილ იქნა კერძო აქტი, რომელიც არ იყო შედგენილი კანონით დადგენილი წესის შესაბამისად და ატვირთული არ იყო ნოტარიუსის ვებ. გვერდზე. ამასთანავე, დოკუმენტი წარადგინა არაუფლებამოსილმა პირმა.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საჯარო რეესტრის მიერ განხორციელებული უკანონო რეგისტრაციის შედეგად, მევახშეებმა უძრავ ქონებაზე ჯერ იპოთეკის უფლება დაირეგისტრირეს, ხოლო შემდეგ - ფიქტიური ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, უძრავი ქონება გაასხვისეს ვინმე ზ. ნ-ისა და მ. ნ-ის სასარგებლოდ, ვითომდა კეთილსინდისიერად. აღნიშნული რეგისტრაციები უკანონოა. საჯარო რეესტრის უკანონო მოქმედების შედეგად, უძრავი ნივთი ჯერ დარეგისტრირდა დიღმელაშვილზე და პავლიაშვილზე, ხოლო შემდგომ - გ. შ-ას ნების საწინააღმდეგოდ, უძრავ ნივთზე დარეგისტრირდა იპოთეკის უფლება. იპოთეკის რეგისტრაციის შემდეგ, ნივთი კვლავ გ. შ-ას ნების საწინააღმდეგოდ გასხვისდა მესამე პირზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული გ. შ-ას საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. შ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 11 დეკემბრის N... გადაწყვეტილებით, თბილისში, ...ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...), ნოტარიუს ე. შ-ის მიერ 2018 წლის 11 დეკემბერს დამოწმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, გამოსყიდვის უფლებით დარეგისტრირდა ვ. პ-ისა და ნ. დ-ის საკუთრების უფლება. ვალდებულების გრაფაში აისახა, რომ გამოსყიდვის ვადის გასვლამდე - 2019 წლის 11 ივნისამდე, მყიდველს ეკრძალებოდა ნასყიდობის საგნის გასხვისება.

2018 წლის 11 დეკემბრის გამოსყიდვის უფლებით უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, გ. შ-ამ, (გამყიდველი) ნ. დ-სა და ვ. პ-ს (მყიდველები), 2019 წლის 11 ივნისამდე, გამოსყიდვის უფლებით, 100 000 აშშ დოლარად მიჰყიდა ქ. თბილისში, ...ში მდებარე 1515 კვ.მ მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით .... ხელშეკრულების 1.4. პუნქტის თანახმად, გამოსყიდვის ვადის გასვლის შემდეგ, გამყიდველი კარგავდა გამოსყიდვის უფლებას, ხოლო მყიდველი იძენდა შეუზღუდავი საკუთრების უფლებას ნასყიდობის საგანზე. მყიდველი უფლებამოსილი იყო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის მიემართა ცალმხრივად, პირადი განცხადებით შეზღუდვის მოხსნის შესახებ. ამავე ხელშეკრულების 1.5. პუნქტის თანახმად, ამ ხელშეკრულების საფუძველზე, მყიდველი საჯარო რეესტრში რეგისტრირდებოდა როგორც მესაკუთრე. ამასთან, მას უნდა დარეგისტრირებოდა შეზღუდული საკუთრების უფლება ხელშეკრულებით გათავლისწინებული პირობების შესაბამისად. ხელშეკრულებაში მითითებული გამოსყიდვის ვადის გასვლის შემდეგ, თუ გამყიდველი ვერ შეასრულებდა დათქმულ ვალდებულებებს, მყიდველი მიმართავდა საჯარო რეესტრს და ერთპიროვნულად გახდებოდა მესაკუთრე, რა დროსაც, იგი არ საჭიროებდა გამყიდველისაგან დამატებით თანხმობას შეუზღუდავი საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის. აღნიშნულის თაობაზე, ხელშეკრულებაზე ხელმოწერით გამყიდველი აცხადებდა თანხმობას.

2019 წლის 26 ივნისს ავტორიზებულმა პირმა - ნოტარიუსმა ე. შ-მა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარადგინა ნ. დ-ის განცხადება, რომლითაც თბილისში, ...ში მდებარე უძრავ ნივთზე (ს/კ ...), საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების შეწყვეტის რეგისტრაცია მოითხოვა, 2019 წლის 14 თებერვალს ნოტარიუს ე. შ-ის მიერ დამოწმებული განცხადების საფუძველზე. 2019 წლის 14 თებერვალს ნოტარიუს ე. შ-ის მიერ დამოწმებული განცხადების თანახმად, გ. შ-ა და გ. ქ-ი (ნ. დ-ის და ვ. პ-ის წარმომადგენელი) შეთანხმდნენ შემდეგზე: 1. გ. შ-ამ უარი განაცხადა გამოსყიდვის უფლებაზე, რომელიც გამომდინარეობდა გამოსყიდვის უფლებით უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებიდან (დამოწმებული 11.12.2018წ., ნოტარიუს ე. შ-ის მიერ), ხოლო გ. ქ-მა თანხმობა განაცხადა, რომ ნ. დ-ი და ვ. პ-ი დარეგისტრირებულიყვნენ თბილისში, ...ში მდებარე N... უძრავი ნივთის სრულუფლებიან და შეუზღუდავ მესაკუთრეებად. ნ. დ-მა და ვ. პ-მა, წინასწარ მიცემული ნასყიდობის თანხის გარდა, დამატებით გადაიხადეს 5000 აშშ დოლარი, რის შედეგადაც, შედგა წინა პუნქტში მითითებული შეთანხმება.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 26 ივნისის №... გადაწყვეტილებით, თბილისში, ...ში მდებარე უძრავ ნივთზე (ს/კ ...) დარეგისტრირდა საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების შეწყვეტა.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 19 ივლისის N... გადაწყვეტილებით, თბილისში, ...ში მდებარე უძრავ ნივთზე (ს/კ ...) დარეგისტრირდა სს „...ის“ იპოთეკის უფლება, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2019 წლის 12 ივლისს დამოწმებული იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 19 ივლისის N... გადაწყვეტილებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2019 წლის 12 ივლისს დამოწმებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, თბილისში, ...ში მდებარე უძრავ ნივთზე (ს/კ ...) დარეგისტრირდა მ. ნ-ისა და ზ. ნ-ის საკუთრების უფლება.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მეორე მუხლის „თ“ პუნქტის შესაბამისად, „რეგისტრაციაში“ მოიაზრება ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემების შესაბამის რეესტრში აღრიცხვა რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით. ამავე კანონის მეორე მუხლის „ი“ პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოება არის სააგენტოს საქმიანობა რეგისტრაციის მიზნით, ხოლო „კ“ პუნქტის შესაბამისად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. მითითებული კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება, რომელსაც ამავე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია.

საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის N4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის“ მე-12 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხზე განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია სააგენტოში შეიძლება წარდგენილ იქნეს ნებისმიერი ტერიტორიული სამსახურისათვის ან ავტორიზებული პირისათვის მიმართვით, პირადად, ელექტრონულად ან ფოსტის მეშვეობით. ამავე „ინსტრუქციის“ მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები.

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სადავო უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების შეწყვეტის რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 26 ივნისის N... გადაწყვეტილების მიღებას საფუძვლად დაედო ავტორიზებული პირის - ნოტარიუს ე. შ-ის მიერ 2019 წლის 26 ივნისს წარდგენილი განცხადება და ამავე ნოტარიუსის მიერ 2019 წლის 14 თებერვალს ხელმოწერის ნამდვილობის დადასტურების „კერძო აქტის“ ფორმით შედგენილი შეთანხმება. ამდენად, შესაბამისი დოკუმენტი წარადგინა უფლებამოსილმა პირმა, სათანადოდ დამოწმებული ფორმით, ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით. უსაფუძვლოა კასატორის მითითება იმ გარემოებაზე, რომ განცხადება სააგენტოში წარადგინა არაუფლებამოსილმა პირმა. ამასთან, არ დასტურდება, რომ 2019 წლის 14 თებერვლის შეთანხმება გამოსყიდვის უფლებაზე უარის თქმის შესახებ, კანონით დადგენილი წესით არ იყო შედგენილი და რეალურად არ იყო გამიზნული საჯარო რეესტრში წარსადგენად. სააპელაციო სასამართლომ სწორად აღნიშნა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო წარმოადგენს რეგისტრაციის განმახორციელებელ ადმინისტრაციულ ორგანოს და მის უფლებამოსილებას არ განეკუთვნება კერძოსამართლებრივი ხელშეკრულებებიდან წარმოშობილი ურთიერთობების კანონიერების იმაზე ფართო ჭრილში კვლევა, ვიდრე ეს რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის არის აუცილებელი. მოცემულ შემთხვევაში, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში უფლებამოსილმა პირმა წარადგინა მხარეთა შეთანხმება, რომლითაც გამყიდველი უარს აცხადებდა გამოსყიდვის უფლებაზე. შესაბამისად, არ არსებობდა მოთხოვნილი რეგისტრაციის განხორცელებისთვის დამატებითი დოკუმენტაციის მოთხოვნის ან/და რეგისტრაციაზე უარის უარის თქმის საფუძველი. სადავო უძრავ ნივთზე გ. შ-ას საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების შეწყვეტის თაობაზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 26 ივნისის N... გადაწყვეტილება მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ე“ ქვეპუნქტების თანახმად, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირდება საკუთრება და იპოთეკა. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული იპოთეკის უფლების რეგისტრაცია შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება რეგისტრირებულია უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში.

საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს სააპელაციო პალატის მსჯელობას, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 19 ივლისის N... და 2019 წლის 19 ივლისის N... სადავო გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის შესახებ მოთხოვნებთან დაკავშირებით. საქმის მასალებით დადგენილია, რომ სადავო უძრავ ნივთზე იპოთეკის რეგისტრაციას საფუძვლად დაედო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2019 წლის 12 ივლისს დამოწმებული იპოთეკის ხელშეკრულება, ხოლო მ. და ზ. ნ-ების საკუთრების რეგისტრაციას - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2019 წლის 12 ივლისს დამოწმებული ნასყიდობის ხელშეკრულება. ამასთანავე, უდავოა, რომ უძრავ ნივთზე იპოთეკის რეგისტრაცია და ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მესამე პირთა საკუთრების უფლების რეგისტრაცია განხორციელდა შესაბამისი უძრავი ქონების გასხვისების ვალდებულების შეზღუდვის შეწყვეტის შესახებ 2019 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ. აღნიშნული გადაწყვეტილების შედეგად, გაუქმდა გ. შ-ას გამოსყიდვის უფლება და სადავო უძრავ ნივთზე დარეგისტრირდა ნ. დ-ისა და ვ. პ-ის შეუზღუდავი საკუთრების უფლება. ამდენად, მოსარჩელის ინტერესი 2019 წლის 19 ივლისის N... და 2019 წლის 19 ივლისის N... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობასთან მიმართებაში უსაფუძვლოა, 2019 წლის 12 ივლისის იპოთეკის ხელშეკრულება და ამავე თარიღის ნასყიდობის ხელშეკრულება წარმოშობდა თბილისში, ...ში მდებარე N... მიწის ნაკვეთზე სს „...ის“ იპოთეკისა და მ. და ზ. ნ-ების საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველს. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სადავო 2019 წლის 19 ივლისის N... და 2019 წლის 19 ივლისის N... გადაწყვეტილებები კანონიერია და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის წინაპირობები.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, გ. შ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ამასთან, საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა საკასაციო საჩივრისათვის შეადგენს 300 ლარს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, თუ კასატორს წინასწარ არ აქვს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი საკასაციო საჩივარზე, მისი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის შემთხვევაში, მას დაეკისრება გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის 30 პროცენტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორს - გ. შ-ას წინასწარ არ აქვს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი საკასაციო საჩივარზე, მას უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 90 ლარის ოდენობით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. შ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 27 სექტემბრის განჩინება;

3. გ. შ-ას დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 30%-ის - 90 ლარის, გადახდა შემდეგ ანგარიშზე: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე