Facebook Twitter

№10951-13 4 აპრილი, 2013 წელი

კ-ი ვ., 10951-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)

ბესარიონ ალავიძე, პაატა სილაგაძე

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ _ დ. ბ-ის

მსჯავრდებულ _ ვ. კ-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ვ. კ-ის საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 7 მარტის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 4 თებერვლის განაჩენით ვ. კ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 6 თვით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით – 3 წლითა და 6 თვით, 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 5 წლით, 108-ე მუხლით – 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ სასჯელთა შეკრების პრინციპით ვ. კ-ს განესაზღვრა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2009 წლის 7 ივნისიდან.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 15 ივლისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 3 დეკემბრის განჩინებით საკასაციო და კერძო საკასაციო საჩივრები დაუშვებლად იქნა ცნობილი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 12 აპრილის განაჩენით ვ. კ-ს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლით მიესაჯა 6 თვით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილით – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და ვ. კ-ს საბოლოოდ განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2010 წლის 12 აპრილიდან; მასვე სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა დაკავების დრო – 2005 წლის 17 მარტიდან 19 მარტის ჩათვლით.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 24 იანვრის განჩინებით ვ. კ-ს განაჩენთა ერთობლიობით საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 21 წლით, 1 თვითა და 25 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2010 წლის 12 აპრილიდან; მასვე სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა დაკავების დრო – 2005 წლის 17 მარტიდან 19 მარტის ჩათვლით.

2013 წლის 31 იანვარს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №16 ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ვ. კ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენება.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 7 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ ვ. კ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებული ვ. კ-ი გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 4 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით დანიშნული სასჯელების მოხდისაგან; მასვე გაუნახევრდა ამავე განაჩენით სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 108-ე მუხლით დანიშნული სასჯელი – შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 8 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. ვ. კ-ს ასევე ერთი მეოთხედით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 12 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელები და განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 4 თვითა და 15 დღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილით – 1 წლით, 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა. დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით ვ. კ-ს საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 12 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2010 წლის 12 აპრილიდან; მასვე სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა დაკავების დრო – 2005 წლის 17 მარტიდან 19 მარტის ჩათვლით. განაჩენები სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 7 მარტის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ვ. კ-მა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. საჩივრით იგი ითხოვს განჩინების გაუქმებას, მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის სწორად გავრცელებას და სასჯელის ვადის ათვლის თარიღად 2009 წლის 5 ივნისის განსაზღვრას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო გასაჩივრებულ განჩინებაში შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–3, მე-12 და მე-16 მუხლების შესაბამისად, მსჯავრდებულ ვ. კ-ის თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 15 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით დანიშნული სასჯელებისგან გათავისუფლება, სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელის განახევრება, ხოლო სსკ-ის 108-ე მუხლით დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედით შემცირება კანონიერია.

რაც შეეხება მსჯავრდებულ ვ. კ-ისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 12 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით დანიშნულ სასჯელებს, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–3 მუხლის შესაბამისად, ვ. კ-ი უნდა გათავისუფლდეს აღნიშნული მუხლით დანიშნული სასჯელებისგან, ვინაიდან საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულები ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულებს მიეკუთვნება და, ამავდროულად, აღნიშნული დანაშაულების ჩადენის დროს ვ. კ-ი ნასამართლობის არმქონე იყო.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ ვ. კ-ს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 15 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელების შემცირების შედეგად, საბოლოოდ სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს 10 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდაც უნდა აეთვალოს დაკავების დღიდან - 2009 წლის 7 ივნისიდან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ვ. კ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 7 მარტის განჩინებაში შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, მსჯავრდებული ვ. კ-ი გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 12 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით დანიშნული სასჯელებისგან.

მსჯავრდებულ ვ. კ-ს საბოლოოდ სასჯელის სახით განესაზღვროს 10 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდაც აეთვალოს 2009 წლის 7 ივნისიდან.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 7 მარტის განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. სილაგაძე