Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ას-1378-1600-05 22 მაისი, 2006 წ.‚ ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),

ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი),

მ. ცისკაძე

დავის საგანი: თანხის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

ვ. კ-კმა სარჩელი აღძრა სასამართლოში ე. შ-ძისა და ნოტარიუს ნ.ხ-ანის მიმართ თანხის ანაზღაურების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: ე. შ-ძე წარმოადგენდა ვ.კ-კის სახელობის ფონდის პრეზიდენტს. 1998წ. 27 ნოემბერს მოსარჩელემ გენერალური მინდობილობა გაუფორმა ე. შ-ძეს. ბოროტად ისარგებლა რა ვ.კ-კის ნდობით, 1999წ. 15 იანვარს, მოპასუხემ 50000 აშშ დოლარის სესხის ხელშეკრულება გააფორმა აფხაზეთის ომში დაობლებულ ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ ი.კ-ძესთან, ერთი წლის ვადით, ყოველთვიურად 4%-ის დარიცხვით, 1998წ. 3 დეკემბერს კი _ დ.კ-ძესთან ერთიწ. ვადით, ყოველთვიურად 5%-ის დარიცხვით. აღნიშნული ხელშეკრულებები სანოტარო წესით დამოწმდა ნოტარიუს ნ.ხ-ანის მიერ, რომელმაც გარიგებების დამოწმებისას დაარღვია «ნოტარიუსის შესახებ» კანონის 49-ე მუხლის მოთხოვნა და ფონდის გამგეობის თანხმობა არ მოუთხოვია. მოსარჩელემ მიიჩნია, რომ ხელშეკრულების ის ნაწილი, რომლითაც ვ. კ-კის სახელობის ფონდი მოხსენიებულია კრედიტორად, თვალთმაქცურია და რეალობას არ შეესაბამება, ვინაიდან ფონდს სადავო თანხები არ გააჩნდა და ისინი წარმოადგენენ ვლ.კ-კის პირად საკუთრებას. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხეთათვის სოლიდარულად, 1999წ. 15 იანვრის ხელშეკრულების საფუძველზე, ძირითადი თანხის _ 50000 აშშ დოლარისა და დარიცხული პროცენტის _ 96000 აშშ დოლარის ანაზღაურება, ხოლო 1998წ. 3 დეკემბრის გარიგებიდან გამომდინარე, ძირითადი თანხის _ 30000 აშშ დოლარისა და 54 000 აშშ დოლარი პროცენტის გადახდევინება.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: ვ. კ-კმა, ჟ. ქ-ძემ და ე. შ-ძემ 1998წ. ოქტომბერში დააარსეს მხატვარ ვ. კ-კის სახელობის ფონდი. მოსარჩელემ ანგარიში გახსნა «თი-ბი-სი» ბანკში, სადაც რიცხავდა თანხებს. მხარეთა შორის არსებობდა ურთიერთნდობა, რასაც ადასტურებს ვლ.კ-კის მიერ ე.შ-ძის სახელზე მინდობილობის გაცემა. მოსარჩელემ დიდი ხნით ადრე იცოდა, რომ მოვალე სესხს არ უბრუნებდა, თუმცა არანაირი პრეტენზია მოპასუხის მიმართ არ გამოუთქვამს.

მოპასუხე ნოტარიუსმა ნ.ხ-ანმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მისი მხრიდან კანონის დარღვევის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო, რაც ვლ.კ-კის წარმომადგენელმა ზ.ჯ-ძემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 25 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა აპელანტის გამოუცხადებლობის გამო. დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე ვლ.კ-კის წარმომადგენელმა ზ.ჯ-ძემ შეიტანა საჩივარი, რომელიც ამავე პალატის 2005წ. 17 თებერვლის განჩინებით დაკმაყოფილდა და საქმის წარმოება განახლდა. სააპელაციო საჩივრის განხილვა დაინიშნა 2005წ. 24 ოქტომბერს. აღნიშნულის შესახებ, ხელწერილის თანახმად, ეცნობა ვლ.კ-კის წარმომადგენელ ზ.ჯ-ძეს, თუმცა იგი დათქმულ დროზე სასამართლოში არ გამოცხადებულა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 24 ოქტომბერის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა აპელანტის გამოუცხადებლობის გამო. სასამართლომ მიიჩნია, რომ ვ. კ-კის წარმომადგენელი ზ. ჯ-ძე სხდომის დღის თაობაზე გაფრთხილებულ იქნა სსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, თუმცა პროცესზე გამოუცხადებლობის მიზეზი სასამართლოსათვის არ შეუტყობინებია.

სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ვლ. კ-კის წარმომადგენელმა ზ. ჯ-ძემ გაასაჩივრა საკასაციო წესით და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არასწორად არ გაიზიარა ზ.ჯ-ძის მოსაზრება 2005წ. 24 ოქტომბრის სასამართლო სხდომაზე საპატიო მიზეზით, ავადმყოფობის გამო, გამოუცხადებლობის შესახებ. აღნიშნული არგუმენტის დამადასტურებელი მტკიცებულება, სამედიცინო ცნობა, მხარემ სასამართლოში დროულად ვერ წარადგინა, ვინაიდან 22-23 ოქტომბერი დასვენების დღეებს დაემთხვა, 24 ოქტომბერს კი სხდომა დანიშნული იყო 11.00 საათზე. სააპელაციო პალატამ დაარღვია სსკ-ის 70-ე მუხლის მოთხოვნა, როდესაც სასამართლო სხდომის თარიღი აცნობა მხოლოდ წარმომადგენელს, თავად მხარისათვის კი საქმის განხილვის დრო კანონით დადგენილი წესით ცნობილი არ ყოფილა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიღებულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით, უნდა გაუქმდეს და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 242-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს, რომელმაც შემოიტანა საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების შესახებ, მაგრამ არ გამოცხადებულა დანიშნულ დროს სასამართლო სხდომაზე, უფლება არა აქვს კვლავ შეიტანოს საჩივარი მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის კვლავ განახლების შესახებ. მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლო მეორე დაუსწრებელ გადაწყვეტილებას გამოიტანს იმ შემთხვევაში, თუ მხარე, რომელმაც დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა, აღნიშნული საჩივრის განხილვისას სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდება.

სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებული მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილების საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ სასამართლო უწყება საქმის განხილვის თარიღის შეტყობინებით ვ. კ-კის წარმომადგენელ ზ. ჯ-ძეს ჩაბარდა სსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით. საფუძვლიანია საკასაციო საჩივრის მოსაზრება, რომ 2005წ. 24 ოქტომბრის სხდომის შესახებ სათანადო წესით გაფრთხილებული იყო მხოლოდ აპელანტის წარმომადგენელი ზ. ჯ-ძე, თავად მხარეს _ ვ. კ-კს კი სასამართლო უწყება არ გაგზავნია.

სსკ-ის 70-ე მუხლის მოთხოვნის მიხედვით, სასამართლო სხდომის დღის შესახებ სასამართლო უწყება ეგზავნება, როგორც მხარეს, ისე მის წარმომადგენელს. ამავე კოდექსის 233-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო სსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დაარღვია ზემოხსენებული ნორმების დანაწესები, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით აპელანტ ვ. კ-კის სასამართლო სხდომაზე დაუბარებლად, მისი წარმომადგენლის გამოუცხადებლობაზე მითითებით, გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიღებულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით, ამდენად, იგი, სსკ-ის 412-ე მუხლის თანახმად, უნდა გაუქმდეს და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ვ. კ-კის წარმომადგენელი ზ. ჯ-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 24 ოქტომბრის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

დაუსწრებელი გადაწყვეტილება _ სასამართლო სხდომაზე მოწვევა