გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
ას-1380-1602-05 26 ივლისი, 2006 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნ. კვანტალიანი,
მ. ცისკაძე
დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება (ძირითად სარჩელში), ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა (შეგებებულ სარჩელში)
აღწერილობითი ნაწილი:
სასამართლოს სარჩელით მიმართა ქ. გ-შვილმა და მიუთითა, რომ 2002წ. 28 მაისს ქ. გ-შვილსა და თ. დ-შვილს შორის სანოტარო წესით გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება შემდგომი გამოსყიდვის უფლებით ბინაზე, მდებარე ქ. თბილისში, .. ¹43-ში. გამოსყიდვის ვადად მხარეთა შეთანხმებით განისაზღვრა 2002წ. 28 აგვისტო. ბინა გაიყიდა 4840 აშშ დოლარად. თ. დ-შვილმა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში ვერ შეძლო ბინის გამოსყიდვა და დღეის მდგომარეობით ბინა საჯარო რეესტრში ირიცხება ქ.გ-შვილის საკუთრებად. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხის გამოსახლება ბინიდან.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.
გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. დ-შვილმა და მოითხოვა მისი გაუქმება. მანვე შეგებებული სარჩელი აღძრა სააპელაციო სასამართლოში და მოითხოვა ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა. შეგებებული სარჩლი დააფუძნა იმ გარემოებას, რომ სადავო ხელშეკრულება დადებულია სხვა გარიგების დასაფარავად, რადგან სინამდვილეში მხარეთა შორის იყო სასესხო ურთიერთობა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2005წ. 22 ივლისის გადაწყვეტილებით თ. დ-შვილის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 25 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებული ახალი გადაწყვეტილებით ქ. გ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. დაკმაყოფილდა თ. დ-შვილის შეგებებული სარჩელი, ბათილად იქნა ცნობილი თ. დ-შვილსა და ქ. გ-შვილს შორის 2002წ. 28 მაისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება შემდგომი გამოსყიდვის უფლებით ბინაზე, მდებარე ქ.თბილისში, ... ¹43-ში და ეს ბინა აღირიცხა თ. დ-შვილის სახელზე. დადებულად იქნა ცნობილი დ-შვილსა და ქ. გ-შვილს შორის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება 4000 აშშ დოლარზე და სესხის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა ბინა, მდებარე ქ. თბილისში, ... ¹43-ში. დაევალა საჯარო რეესტრს ჩანაწერებში შეიტანოს ამ გადაწყვეტილების შესაბამისი ცვლილებები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2005წ. 22 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. დ-შვილის წარმომადგენელმა თ. თ-ძემ. კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და თ. დ-შვილის ბინის, მდებარე ქ. თბილისში, ... ¹43-ში, ბინა ¹36 იპოთეკისგან განთავისუფლება.
კასატორის აზრით, მხედველობაში არ იქნა მიღებული ფაქტი, რომ თ. დ-შვილს ხელწერილით გადაცემული აქვს ქ. გ-შვილის დისთვის _ ხ. გ-შვილისათვის 4000 ამერიკული დოლარი სესხის დაფარვის მიზნით 2002წ. 13 დეკემბერს. იმ დღეს მხარეები დ-შვილი და გ-შვილი შეთანხმდნენ, რომ სესხის გადაცემა მოხდებოდა გ-შვილის ბინაზე. მოხდა ისე, რომ როდესაც თ. დ-შვილი და მისი ძმა მ. დ-შვილი მივიდნენ ქ. გ-შვილთან ბინაში, მათ დახვდათ ქ. გ-შვილის და ხ. გ-შვილი. რამდენიმე საათის ცდის შემდეგ ქ. გ-შვილი არ მივიდა სახლში, მ. და თ. დ-შვილებმა თანხა 4000 ამერიკული დოლარი ხელწერილის ქვეშ დაუტოვეს ქ. გ-შვილის დას ხ. გ-შვილს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, გაეცნო საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2002წ. 28 მაისს ქ. გ-შვილსა და თ. დ-შვილს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება შემდგომი გამოსყიდვის უფლებით ქ.თბილისში, ... ¹43-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაზე. გმოსყიდვის ვადად განისაზღვრა 2002წ. 28 აგვისტო. ბინა საჯარო რეესტრში აღირიცხა ქ.გ-შვილის სახელზე.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სინამდვილეში მხარეთა შორის ადგილი ჰქონდა სესხების ფაქტს, კერძოდ, თ.დ-შვილმა ქ.გ-შვილისგან ისესხა 4000 აშშ დოლარი, რის უზრუნველსაყოფადაც, ნაცვლად იპოთეკის ხელშეკრულებისა, დადეს ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება. აღნიშნულ გარემოებაზე დაყრდნობით სასამართლომ ბათილად სცნო მხარეთა შორის 2002წ. 28 მაისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება შემდგომი გამოსყიდვის უფლებით და ბინა აღირიცხა თ. დ-შვილის სახელზე. მხარეთა შორის დადებულად იქნა ცნობილი სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება 4000 აშშ დოლარზე.
კასატორი თ. დ-შვილი საკასაციო საჩივარში უთითებს, რომ გადაწყვეტილებაში სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხის _ 4000 აშშ დოლარის მითითება არასწორია, რადგან მას ეს თანხა უკვე გადახდილი აქვს. აღნიშნულს სასამართლო ვერ გაიზიარებს. მოცემულ შემთხვევაში ნასყიდობის ხელშეკრულება გაბათილებულია სკ-ის 56-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად. აღნიშნული ნორმის თანახმად, თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები. მაგრამ ისმის საკითხი: თუ რა ფარგლებშია შესაძლებელი ამ წესების გამოყენება სასამართლოს მიერ ანუ სასამართლომ უნდა იმსჯელოს მხარეთა შორის რეალურად არსებული ვალდებულებების თაობაზე, თუ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესების დადგენით? მოცემულ შემთხვევაში ესაა ბათილი გარიგება. სკ-ის 61-ე მუხლის შესაბამისად უცილოდ ბათილი გარიგება ბათილად ითვლება მისი დადების მომენტიდან. ასეთ შემთხვევაში თვალთმაქცური გარიგების ბათილობის შემთხვევაში უნდა აღსდგეს დაფარული, ანუ იპოთეკის ხელშეკრულების მიმართ მოქმედი წესები, რაც არსებობდა ამ გარიგების დადების მომენტისათვის. პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად განსაზღვრა დაფარული გარიგების პირობები. მართალია, გადაწყვეტილებით არ იქნა მითითებული გადასახდელი პროცენტის თაობაზე, მაგრამ იგი არ გასაჩივრებულა მხარის მიერ და მის თაობაზე საკასაციო სასამართლო ვერ იმსჯელებს.
რაც შეეხება იმის დადგენას, თუ როგორ არის შესრულებული დაფარული გარიგების პირობები, პალატა მიიჩნევს, რომ ასეთი საკითხის განხილვა არ შედის გარიგების ბათილად ცნობის თაობაზე არსებული სარჩელის განხილვის ფარგლებში. სსკ-ის 248-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს უფლება არ აქვს, მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, შეუძლებელია დაკმაყოფილდეს კასატორის მოთხოვნა. თ. დ-შვილი სარჩელით ითხოვდა თვალთმაქცური გარიგების ბათილად ცნობას, რაც სასამართლოს მიერ დაკმაყოფილდა, ხოლო დაფარული გარიგების შესაბამისად მხარეთა შორის არსებული ვალდებულებების განსაზღვრა, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, სცილდება მოცემული სარჩელის ფარგლებს. იგი უნდა განხილულ იქნეს შესაბამისი სარჩელის დაყენების შემთხვევაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თ. დ-შვილის წარმომადგენელ თ. თ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2005წ. 22 ივლისის გადაწყვეტილება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.