Facebook Twitter

№ბს-593(კ-23) 25 ივლისი, 2023 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 10 აპრილის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ხ.ვ-ა, მესამე პირი - აფხაზეთის ა/რ იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანო).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ხ.ვ-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 19 მაისის №03-2382/ო ბრძანება; ბ) დაევალოს მოპასუხეს - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ხ.ვ-ასთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენის თაობაზე.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 სექტემბრის საოქმო განჩინებით საქმეში მესამე პირად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ჩაება აფხაზეთის ა/რ იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით ხ.ვ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 19 მაისის №03-2382/ო ბრძანება. დაევალა მოპასუხეს - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ხ.ვ-ასთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენის თაობაზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 10 აპრილის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება.

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტზე, მე-6, მე-8, მე-10 მუხლებზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287 ბრძანებით დამტკიცებული „პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის, დევნილთა რეგისტრაციის და დევნილთა მონაცემთა ბაზის წარმოების წესის“ მე-2 მუხლის 29-ე პუნქტზე, მე-3 მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებზე, მე-4 მუხლის 27-ე და 28-ე პუნქტებზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლზე მითითებით სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალების თანახმად, ხ.ვ-ა დაიბადა სოხუმში, რაც ასევე აღნიშნულია მისი პირადობის დამადასტურებელ საიდენტიფიკაციო მოწმობაში. 1996 წლის 13 სექტემბრის №... დიპლომის თანახმად, ხ.ვ-ამ 1987 წელს სწავლა დაიწყო აფხაზეთის ... უნივერსიტეტში. ამავე დიპლომის თანახმად, ხ.ვ-ამ 1992 წელს დაასრულა ...ის ...ის ფაკულტეტის სრული კურსი ...ის სპეციალობით. ხ.ვ-ა 1975 წლიდან 1986 წლამდე სწავლობდა სოხუმის მე-... საშუალო სკოლაში. 1990 წელს იქორწინა თ.ჯ-აზე, რომელიც გარდაიცვალა 2016 წელს. მისი შვილი - თა.ჯ-უა დაბადებულია ქ. სოხუმში, ხოლო მეორე შვილი დაბადებულია ქ. ზუგდიდში ... წლის ...ში. იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს 2022 წლის 25 თებერვლის №... ცნობის თანახმად, ხ.ვ-ა არის იძულებით გადაადგილებული პირი აფხაზეთიდან, რომელიც დაბადებიდან - ... წლიდან ... წლის ... ...მდე ცხოვრობდა აფხაზეთში, მისამართზე: სოხუმი, ...ის ქუჩა, სახლი №...

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო სადავოდ ქცეულ გადაწყვეტილებას აფუძნებს იმ გარემოებაზე, რომ ხ.ვ-ა არ იყო აფხაზეთის მუდმივი მაცხოვრებელი, თუმცა საქმეში არსებული დოკუმენტაციის თანახმად, აღნიშნული არ იკვეთება. ამასთან, იმ გარემოებაზე მითითება, რომ მოსარჩელის შვილი დაბადებულია ქ. ზუგდიდში, პალატას არ მიაჩნია დასაბუთებულ არგუმენტად. მართებულია პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება, რომ 1993 წლის სექტემბრამდე და განსაკუთრებით ამავე თვეში განვითარებული საყოველთაოდ ცნობილი გარემოებების გათვალისწინებით აიხსნება სამედიცინო მომსახურების აფხაზეთის ტერიტორიაზე ვერ მიღების ობიექტური მიზეზები. ამასთან, საქმის მასალებით დადგენილი არ არის, რა სახის მტკიცებულებებით იქნა უარყოფილი იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს 2022 წლის 25 თებერვლის №... ცნობა.

სააპელაციო პალატის განმარტებით, მუდმივი საცხოვრებელი ადგილი გულისხმობს ფაქტობრივ და არა იურიდიულ (რეგისტრირებულ) მისამართს. მუდმივ საცხოვრებელ ადგილად უნდა ჩაითვალოს ადგილი, რომელსაც პირი ირჩევს საცხოვრებლად და იგი პირის ცხოვრების საერთო მონაცემების შეფასების შედეგად უნდა დადგინდეს მისი ფაქტობრივად უმეტესი დროით ყოფნის, ნათესაური კავშირებით, საქმიანობის და სხვა გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად. პირის განსაზღვრულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი გამოხატული უნდა იყოს აღნიშნულ ადგილზე ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრებით, რაც უნდა დადასტურდეს სხვადასხვა ურთიერთშეჯერებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით. კანონი მუდმივი ცხოვრების ფაქტს პირის რეგისტრაციას არ უკავშირებს. ადამიანის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არ გამორიცხავს მისი გადაადგილების თავისუფლებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, ასევე მის დროებით ცხოვრებას მუდმივი საცხოვრებელი ადგილისაგან მოშორებით სასწავლებლად თუ სამუშაოდ. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ ხ.ვ-ა დაიბადა და განათლება მიიღო ქ. სოხუმში. მართალია, იგი დაოჯახდა წარმოშობით ზუგდიდელ პირზე, თუმცა მას არ შეუწყვეტია კავშირი აფხაზეთთან, რაც დადასტურებულია პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხული მოწმეთა ჩვენებებით, ასევე იმ გარემოებით რომ მისი უფროსი შვილი დაიბადა სოხუმში, ამასთან საქმეში მოიპოვება უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული, ხ.ვ-ას აფხაზეთში, 1970-1993 წლებში მუდმივად ცხოვრების ფაქტის დამადასტურებელი ცნობა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 10 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლო სარჩელის დაკმაყოფილების საკმარის საფუძვლად მიიჩნევს მხოლოდ იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე დაიბადა აფხაზეთში და პირველი შვილი სოხუმში შეეძინა, თუმცა ყურადღების მიღმა ტოვებს იმ ფაქტს, რომ ადმინისტრაციული საქმის წარმოების ფარგლებში, მოპასუხემ №03/5665 წერილით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თხოვნით, ეცნობებინათ, ცხოვრობდა თუ არა ხ.ვ-ა 1993 წლამდე მისამართზე ზუგდიდი, ...ის ქ. №42-ში. №17022 წერილის საპასუხოდ სააგენტოს ეცნობა, რომ ხ.ვ-ა ომის დაწყებამდე ცხოვრობდა ზუგდიდში, რაც დასტურდება მეზობლებთან გასაუბრების ოქმებით. ხ.ვ-ასთან მიმართებით არ დასტურდება „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოებების არსებობა. 1990 წლიდან ხ.ვ-ას მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არ ყოფილა ქ. სოხუმი. მოსარჩელე დაოჯახდა 1990 წელს წარმოშობით ზუგდიდელ თ.ჯ-აზე. მეორე შვილი შეეძინა ... წელს ...ში ქ. ზუგდიდში. არც მოსარჩელე და არც მისი მეუღლე აფხაზეთის ტერიტორიაზე არ მუშაობდნენ. რეგისტრირებულნი იყვნენ სოხუმში მისამართზე ...ის ქ. №5, რომლის მესაკუთრის ვინაობა ხ.ვ-ასთვის უცნობია.

2022 წლის 25 თებერვალს მოსარჩელე ხ.ვ-ამ განცხადებით მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, რომლითაც ითხოვდა დევნილის სტატუსის აღდგენას. 2022 წლის 2 მარტს მოსარჩელე ხ.ვ-ასთან ჩატარდა გასაუბრება „პირისთვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის, დევნილთა რეგისტრაციის და დევნილთა მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287 ბრძანების თანახმად. გასაუბრების დროს მოქალაქე ხ.ვ-ამ აღნიშნა, რომ დაიბადა ... წელს ქ. სოხუმში. 1975- 1986 წლებში სწავლობდა სოხუმის №... სკოლაში, 1986-1991 წლებში სწავლობდა ...ის უნივერსიტეტში. დაოჯახდა 1990 წელს სოხუმში. მეუღლე - თ.ჯ-ა, დაბადებული ... წელს ზუგდიდში, გარდაიცვალა 2016 წელს. ჰყავს ორი შვილი, თა.ჯ-უა, დაბადებული ... წელს სოხუმში და ა.ჯ-ა, დაბადებული ... წელს ზუგდიდში. ორივე შვილს შეწყვეტილი აქვს დევნილის სტატუსი. ხ.ვ-ა და მისი მეუღლე აფხაზეთის ტერიტორიაზე არ მუშაობდნენ. მეუღლეს აფხაზეთში არ ჰქონდა საკუთრება. მოსარჩელის თქმით, 1993 წლიდან ცხოვრობს ზუგდიდში, მის კუთვნილ სახლში, მისამართზე ...ის ქ. №42. ხ.ვ-ას განცხადებაზე თანდართულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს მიერ 2022 წლის 25 თებერვალს გაცემული №... ცნობა, სადაც აღნიშნულია, რომ ხ.ვ-ა 1970 წლიდან 1993 წლამდე ცხოვრობდა აფხაზეთში, მისამართზე ...ის ქ. №5.

კასატორი მიიჩნევს, რომ სამინისტრომ თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოიკვლია საქმის გარემოებები, რომლის თანახმად, არ იკვეთება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოსარჩელის მუდმივად ცხოვრების ფაქტი. საქმის გარემოებებიდან ნათლად ჩანს, რომ მოსარჩელე თავისი ყოფა-ცხოვრებით არ იყო დაკავშირებული დღეს უკვე ოკუპირებულ ტერიტორიასთან.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 9 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს 2022 წლის 25 თებერვლის №... ცნობის თანახმად, ხ.ვ-ა არის იძულებით გადაადგილებული პირი აფხაზეთიდან, რომელიც … წლიდან (დაბადებიდან) ... წლის ... ...მდე ცხოვრობდა აფხაზეთში, მისამართზე: სოხუმი, ...ის ქუჩა №5 (ს.ფ. 48); ბ) 1996 წლის 13 სექტემბრის №... დიპლომის თანახმად, ხ.ვ-ამ 1987 წელს სწავლა დაიწყო აფხაზეთის ... უნივერსიტეტში და 1992 წელს დაასრულა ... ის ... ის ფაკულტეტის სრული კურსი ...ის სპეციალობით (ს.ფ. 22); გ) იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების ან სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე გასაუბრების კითხვარის თანახმად, ხ.ვ-ამ 1990 წელს იქორწინა თ.ჯ-აზე. ეს უკანასკნელი გარდაიცვალა 2016 წელს. ხ.ვ-ა 1975 წლიდან 1986 წლამდე სწავლობდა სოხუმის მე-... საშუალო სკოლაში. 1993 წლიდან ცხოვრობს მისამართზე - ზუგდიდი, ...ის ქუჩა №42 (ს.ფ. 52-55); დ) ხ.ვ-ას შვილი - თა.ჯ-უა დაბადებულია ... წლის ... ...ს, სოხუმში. ხ.ვ-ას შვილი - ა.ჯ-ა დაბადებულია ... წლის ... ...ს, ზუგდიდში. ა.ჯ-ას დაბადების მოწმობაში ხ.ვ-ას საცხოვრებელ მისამართად მითითებულია - სოხუმი (ს.ფ 20); ე) შსს ზუგდიდის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ გამომძიებლის მიერ 2022 წლის 22 მარტს შედგენილი გამოკითხვის ოქმების თანახმად, გამოკითხულმა პირებმა განმარტეს, რომ ხ.ვ-ა მათ მეზობლად ცხოვრობდა აფხაზეთის ომის დაწყებამდე, მისამართზე - ზუგდიდი, ...ის ქუჩა №42 (ს.ფ 50-51); ე) იძულებით გადაადგილებული პირის-დევნილის სტატუსის აღდგენის მიზანშეუწონლობის თაობაზე დასკვნით ხ.ვ-ასთვის დევნილის სტატუსის აღდგენა მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული. დასკვნაში აღნიშნულია, რომ 2022 წლის 25 თებერვალს, ხ.ვ-ამ იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენის მოთხოვნით (№10824 განცხადება) მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს. ხ.ვ-ას გავლილი არ აქვს დევნილთა სავალდებულო რეგისტრაცია. 2022 წლის 2 მარტს ხ.ვ-ასთან ჩატარებული გასაუბრებისას, მან აღნიშნა, რომ მას და მის მეუღლეს აფხაზეთის ტერიტორიაზე არ უმუშავიათ, მეუღლეს აფხაზეთში არ ჰქონდა საკუთრება. გასაუბრებისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გათვალისწინებით, სააგენტომ მიიჩნია, რომ 1990 წლიდან ხ.ვ-ას მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არ ყოფილა ქალაქი სოხუმი. იგი 1990 წელს დაოჯახდა წარმოშობით ზუგდიდელ თ.ჯ-აზე, მეორე შვილი შეეძინა … წლის ...ში, ქალაქ ზუგდიდში. ხ.ვ-ასთვის უცნობია იმ საცხოვრებელი სახლის მესაკუთრის ვინაობა, რომელ მისამართზეც რეგისტრირებულები იყვნენ ქალაქ სოხუმში. ამჟამად, ხ.ვ-ა ცხოვრობს ზუგდიდში მის საკუთრებაში, სადაც ცხოვრობდა აფხაზეთის ომის დაწყებამდე. (ს.ფ 58-59); ვ) სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 19 მაისის №03-2382/ო ბრძანების თანახმად, დევნილთა და ეკომიგრანტთა დეპარტამენტის უფროსის 2022 წლის 18 მაისის №03-5129 მოხსენებითი ბარათით წარდგენილი დასკვნის საფუძველზე, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენაზე ხ.ვ-ას ეთქვა უარი (ს.ფ 16); ზ) 2017 წლის 23 ნოემბრის საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, 2017 წლის 21 ნოემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ხ.ვ-ას საკუთრებას წარმოადგენს ზუგდიდში, ...ის ქუჩაზე №42-ში არსებული უძრავი ქონება (ს.ფ 71-72).

საკასაციო სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში საყურადღებოა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების თანახმად, თბილისის სააპელაციო სასამართლოში გამართულ ზეპირი განხილვის სხდომაზე, ხ.ვ-ას წარმომადგენელმა განმარტა და სადავო არ გამხდარა ის ფაქტი, რომ ხ.ვ-ა იყო დევნილის სტატუსის მქონე პირი 2013 წლამდე, თუმცა სტატუსის განახლება ვერ მოხდა მისი საზღვარგარეთ ყოფნის გამო.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს მოსარჩელისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენაზე უარის თქმის შესახებ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 19 მაისის №03-2382/ო ბრძანების კანონიერება და მოსარჩელისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენის თაობაზე მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

საკასაციო პალატა მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონზე, რომელიც ადგენს, მათ შორის, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს. აღნიშნული კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. იმისათვის, რომ პირი მივიჩნიოთ იძულებით გადაადგილებულად – დევნილად, მას იძულებით, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ უნდა უხდებოდეს თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დატოვება, ადგილის, სადაც იგი ჩვეულებრივ, ყოველდღიურ ცხოვრებას, საქმიანობას ეწევა.

აღნიშნული კანონის მე-10 მუხლის 1-ლი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, პირს დევნილის სტატუსი შეუწყდება, თუ ამ კანონის საფუძველზე სამინისტროს მიერ წინასწარ გამოცხადებულ ვადაში მან არ გაიარა დევნილთა რეგისტრაცია. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, პირს დევნილის სტატუსი აღუდგება, თუ მას დევნილის სტატუსი შეწყვეტილი ჰქონდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე და პირადი განცხადებით მოითხოვა დევნილის სტატუსის აღდგენა.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287 ბრძანებით დამტკიცებულია „დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის და დევნილთა რეგისტრაციის წესი“. აღნიშნული წესის მე-4 მუხლის 27-ე პუნქტის მიხედვით, დევნილი, რომელიც დადგენილ ვადებში ვერ გაივლის რეგისტრაციას, შეუწყდება დევნილის სტატუსი „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. ამავე მუხლის 28-ე პუნქტის თანახმად კი დევნილი, რომელიც დადგენილ ვადებში ვერ გაივლის რეგისტრაციას, დევნილის სტატუსის აღდგენის შესახებ წერილობითი განცხადებით პირადად მიმართავს სააგენტოს ან მის ტერიტორიულ სამმართველოს და გაივლის დევნილის სტატუსის აღდგენის პროცედურებს ამ წესის მე-3 მუხლის შესაბამისად.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დევნილის სტატუსის განსაზღვრისათვის მნიშვნელოვანია, დადგინდეს კონკრეტულ ადგილას პირის მუდმივად ცხოვრების ფაქტი. „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს დევნილის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლზე, რომლის შესაბამისად, ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს. პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი. ამდენად, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენა გულისხმობს არა კონკრეტულ ადგილზე პირის რეგისტრაციის ფაქტის შესწავლას, არამედ პირის მიერ საცხოვრებლად არჩეული, ფაქტობრივი ცხოვრების მისამართის დადგენას, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არჩევისათვის პირის ნებას თან უნდა ახლდეს ცხოვრების ფაქტი („მუდმივი საცხოვრებელი ადგილის“ დეფინიციასთან დაკავშირებით იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 9 ივნისის განჩინება საქმეზე №ბს-1896-1849(კ-10)).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა ამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ასევე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

საკასაციო პალატის მოსაზრებით საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ მოსარჩელე ხ.ვ-ა არ წარმოადგენდა სოხუმის მუდმივ მაცხოვრებელს და აღნიშნული საცხოვრებელი მას მისი ნების საწინააღმდეგოდ არ დაუტოვებია. იგი დაოჯახდა, თუმცა მას არ შეუწყვეტია კავშირი მუდმივ საცხოვრებელ ადგილთან. ამასთან, საქმეში მოიპოვება უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული, ხ.ვ-ას აფხაზეთში, 1970-1993 წლებში მუდმივად ცხოვრების ფაქტის დამადასტურებელი ცნობა.

ამდენად, მართებულია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების არსებობასთან მიმართებით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 10 აპრილის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

თ. ოქროპირიძე