Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-643(გ-23) 25 ივლისი, 2023 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა დ. ნ-ეის სარჩელთან დაკავშირებული დავა, მოპასუხე სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართ, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიასა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შორის.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

დ. ნ-ემ 2018 წლის 08 ოქტომბერს სარჩელით, ხოლო 2018 წლის 30 ნოემბერს დაზუსტებული სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართ და მოითხოვა: სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ...ის ფაკულტეტის (...ის, ...ის, ...ის, ...ის კათედრები) პროფესორებისა და ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიისა და საკონკურსო-სააპელაციო კომისიების შემადგენლობის დამტკიცების შესახებ სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 12 ივნისის N149/2018 დადგენილების ბათილად ცნობა; სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 12 ივნისის N149/2018 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული საკონკურსო კომისიის შემადგენლობის „ა“ ქვეპუნქტში ცვლილების შეტანის შესახებ სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 5 ივლისის N168/2018 დადგენილების ბათილად ცნობა; ...ის ფაკულტეტის ...ის კათედრაზე ასოცირებული პროფესორის სამ ვაკანტურ თანამდებობაზე ბ. რ-ის, მ. ტ-ის, ნ. ხ-ეის და კონკურსანტ დ. ნ-ეის შეფასების ნაწილში სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 12 ივნისის პროფესორებისა და ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის 2018 წლის 31 ივლისის N4 სხდომის ოქმის (შემაჯამებელი) შედეგების ბათილად ცნობა; დ. ნ-ეის საჩივრის/აპელაციის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 12 ივნისის პროფესორებისა და ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის 2018 წლის 13 აგვისტოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ...ის ფაკულტეტის ...ის კათედრაზე ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე ბ. რ-ის, მ. ტ-ის, ნ. ხ-ეის არჩევის შესახებ სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 07 სექტემბრის N193/2018 დადგენილების პირველი პუნქტის „ვ.გ“, „ვ.დ“, „ვ.ე“ ქვეპუნქტების ბათილად ცნობა; ...ის ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიების ახალი შემადგენლობების დამტკიცების შესახებ მოპასუხე სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება; მოპასუხე სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის (საკონკურსო კომისიისთვის ახალი შემადგენლობით) ...ის ფაკულტეტის ...ის კათედრაზე ასოცირებული პროფესორის 03 (სამი) ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილი კონკურსანტების საკონკურსო დოკუმენტაციის ხელმეორედ გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2018 წლის 10 მაისის №110/01-01 ბრძანებით გამოცხადდა კონკურსი ...ის ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების ასარჩევად. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 12 ივნისის №149/2018 დადგენილებით დამტკიცდა ...ის ფაკულტეტის (...ის, ...ის, ...ის, ...ის კათედრები) პროფესორებისა და ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისია და საკონკურსო-სააპელაციო კომისია. 2018 წლის 20 ივნისს დ. ნ-ემ განცხადება წარადგინა ...ის ფაკულტეტზე ...ის კათედრის ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად და წარადგინა საკონკურსო დოკუმენტაცია. საკონკურსო კომისიის 2018 წლის 31 ივლისის №4 შემაჯამებელი ოქმის თანახმად, საკონკურსო კომისიამ ...ის კათედრაზე გამარჯვებულად გამოცხადა: ბ. რ-ი, მ. ტ-ი, ნ. ხ-ეე. ამავე ოქმის თანახმად, დ. ნ-ესთან დაკავშირებით საკონკურსო კომისიის მიერ მიღებული იქნა უარყოფითი გადაწყვეტილება. მოსარჩელემ აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა საკონკურსო-სააპელაციო კომისიაში. კომისიამ განიხილა საჩივარი, თუმცა მოსარჩელეს არ გადასცემია სხდომის ოქმი და საჩივრის განხილვის საბოლოო შედეგები შემაჯამებელი დასკვნის სახით. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 7 სექტემბრის №193/2018 დადგენილებით, საკონკურსო კომისიების მიერ წარდგენილი გადაწყვეტილებების საფუძველზე ...ის ფაკულტეტის აკადემიურ თანამდებობებზე არჩეულ იქნენ (...ის კათედრა): ბ. რ-ი, მ. ტ-ი, ნ. ხ-ეე. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონსაწინააღმდეგოდ ჩატარებული კონკურსის შედეგებით პირდაპირი და უშუალო ზიანი მიადგა მის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ბ. რ-ი, მ. ტ-ი და ნ. ხ-ეე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 13 აპრილის განჩინებით დ. ნ-ეის სარჩელი მოპასუხე სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართ განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლზე მითითებით სასამართლომ განმარტა, რომ ამა თუ იმ დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი კატეგორიის დავად მიჩნევისათვის არსებითი და გადამწყვეტია ისეთი ნორმატიული ელემენტი, როგორიც არის დავის გამომდინარეობა ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. კანონმდებელმა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც წარმოშობილია იმ სამართალურთიერთობიდან, რომელიც საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობითაა მოწესრიგებული. განსჯადობის საკითხის გადაწყვეტისას ადმინისტრაციული საქმეების განსჯადობის მთავარ ასპექტს, გარდა იმისა, რომ ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, ასევე წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების საჯარო-სამართლებრივი ხასიათი. აღნიშნული საკითხის გადაწყვეტისას უპირატესობა ენიჭება სადავო სამართალურთიერთობის ბუნებას და არა მხოლოდ სუბიექტურ შემადგენლობას. დავის საჯარო-სამართლებრივი ხასიათის დასადგენად საკმარისი არ არის ერთ-ერთ მხარედ საჯარო სამართლის სუბიექტის არსებობა, ვინაიდან შესაძლებელია, აღნიშნული სუბიექტი მხარედ გამოვიდეს კერძო-სამართლებრივ ურთიერთობებშიც, ან პირიქით. ამდენად, ამა თუ იმ დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი კატეგორიის დავად მიჩნევისა და მისი ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილვისათვის განმსაზღვრელია დავის საგანი და ურთიერთობის შინაარსი, რომელიც წარმოშობილია საჯარო, ადმინისტრაცული კანონმდებლობიდან.

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, 34-ე მუხლზე, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველ პუნქტზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლზე მითითებით სასამართლომ განმარტა, რომ ასოცირებული პროფესორების სამსახურში მიღების კონკურსი არ ჩატარებულა ადმინისტრაციული კანონმდებლობის - „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის შესაბამისად და ამიტომ სასარჩელო მოთხოვნა არ შეიძლება განხილული იქნეს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. ამასთან, აკადემიურ პერსონალთან სათანადო შრომითი ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობა შრომის კანონმდებლობიდან გამომდინარეობს. ამდენად, მოცემული დავა სწორედ სამოქალაქო ურთიერთობიდან წარმოშობილი და შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დავაა. ამასთან, სასამართლომ მიუთითა საკასაციო პალატის პრაქტიკაზე (საქმე N221-221(გ-18), 2018 წლის 01 აგვისტო), რომელშიც პალატამ აღნიშნა, რომ სსიპ-ის მიერ თანამშრომელთა მიღებისას კონკურსის ჩატარების ფორმალური წესების დაცვის საჭიროების დადგენით, არ იცვლება კონკურსის შედეგად დასაქმებული პირის შრომით-სამართლებრივი სტატუსი, რადგან კონკრეტული პროცედურების განხორციელებისას საჯარო კანონმდებლობის ნორმების გამოყენება იმთავითვე არ აქცევს ურთიერთობას საჯარო სამართლებრივად, ისევე როგორც - ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმიანობისას სამოქალაქო კოდექსის ნორმების გამოყენება იმთავითვე არ გამორიცხავს ქმედების საჯარო სამართლებრივ ხასიათს. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნები განეკუთვნება შრომის კოდექსით გათვალისწინებულ სამართლებრივ დავას და გამომდინარეობს კერძო სამართლებრივი - შრომითი ურთიერთობიდან, რომელსაც არეგულირებს საქართველოს შრომის კოდექსი. შესაბამისად, დ. ნ-ეის სარჩელი განსჯადობის წესის დაცვით უნდა გადაეცეს განსჯად სასამართლოს – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 30 მაისის განჩინებით თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა და სამოქალაქო საქმეთა კოლეგიებს შორის განსჯადობის თაობაზე დავის გადასაწყვეტად საქმე N2/8126-21 დ. ნ-ეის სარჩელი მოპასუხე სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე, გადაეცა საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

სასამართლომ მიუთითა საკასაციო პალატის პრაქტიკაზე, რომლის მიხედვით, კანონმდებელმა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც წარმოშობილია იმ სამართალურთიერთობიდან, რაც საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობით არის მოწესრიგებული. საკასაციო სასამართლოს განმარტებით აგრეთვე (საქმე ბს-497(გ-19)), დავაში ადმინისტრაციული ორგანოს მონაწილეობა, თავისთავად არ წყვეტს საგნობრივი განსჯადობის საკითხს, არამედ დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივად მიჩნევისათვის აუცილებელი პირობაა მოსარჩელის მოთხოვნა სამართლებრივად ეფუძნებოდეს საჯარო - ადმინისტრაციული სამართლის შესაბამის ნორმებს, კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობები გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ანუ მოსარჩელის მიერ მითითებული საკუთარი უფლების (უფლებების) თავისი არსითა და შინაარსით განპირობებული უნდა იყოს მოპასუხის მხრიდან საჯარო, მატერიალური სამართლის შესაბამისი საკანონმდებლო ნორმების დარღვევით. პირველი ინსტანციის სასამართლომ ყურადღება გაამახვილა განსახილველი დავის საგანზე და და აღნიშნა რომ სადავო აქტები სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ, საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის მინიჭებული საჯარო მმართველობის განხორციელებისა და საგანმანათლებლო უნივერსიტეტისათვის მინიჭებული ავტონომიურობის ფარგლებში, გამოსცა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსზე, უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონზე და სხვა საჯარო სამართლებრივი ნორმატიული აქტებზე დაყრდნობით. აღნიშნულის გარდა, სასამართლომ აღნიშნა, რომ კომისიის შემადგენლობის განსაზღვრა, კომისიის შემადგენლობაში ცვლილებების შეტანა, ასევე კომისიის მუშაობის წესი და გადაწყვეტილებების მიღება ეფუძნება და მიზანს ისახავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის საჯარო სამართლებრივი ფუნქციის განსახორციელებლად შემადგენლობის დაკომპლექტებას და მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, მიუხედავად იმისა შედეგობრივად კონკურსის შედეგად გამარჯვებული პირებთან შემდგომ ეტაპზე დაიდება ადმინისტრაციული თუ სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულება. აღსანიშნავია ასევე, რომ კომისიის შექმნა, დაკომპლექტება, პრეტენდენტებისაგან დოკუმენტაციის მიღება, გადარჩევა, დახარისხება, კანდიდატებთან გასაუბრება და კომისიის შედეგების შეჯამება წარმოადგენს წინასახელშეკრულებო ურთიერთობების პროცესუალურ მხარეს და არ წარმოადგენს შრომის ხელშეკრულების - დამსაქმებელი მხარისათვის იგულისხმება უნივერსიტეტის რექტორი, სავალდებულოდ შესასრულებელს, არამედ აქვს სარეკომენდაციო ხასიათი. შესაბამისად, წინასახელშეკრულებო ურთიერთობების ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში წარმოება ხელის შემშლელი არ და ვერ იქნება მოგვიანებით დასაქმებულთან სამოქალაქო სამართლებრივი ხასიათის შრომის ხელშეკრულების დასადებად, ვინაიდან საჯარო სამართლის იურიდიული პირი მოქმედებს რა საჯარო სამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში თავის საქმიანობას ახორციელებს საჯაროდ, თანასწორობისა და მიუკერძოებლობის პრინციპების დაცვით, შესაბამისად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის განსაზღვრის, მასში ცვლილების შეტანის და კომისიის მიერ სარეკომენდაციო ხასაითის გადაწყვეტილელების მიღებაზე სამოქალაქო სამართლებრივი კუთხით კონტროლის განხორციელება განსაკუთრებით მიზანშეწონილობის თვალსაზრისით (მაშინ როდესაც სარჩელით სადაოდ არის გამხდარი კომისიის წევრთა კომპეტენცია) სასამართლომ არამართლზომიერად მიიჩნია. ამდენად მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნები გამომდინარეობს საჯარო სამართლებრივი კანონმდებლობიდან. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 21 ოქტომბრის Nბს-376(კ-21) განჩინებაზე, რომლის შესაბამისად, იმავე კონკურსის და საკონკურსო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერების საკითხი, იდენტური სასარჩელო მოთხოვნებით და ფაქტობრივი გარემოებებით განიხილულ იქნა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ ადმინისტრაციული წესით და მასზედ მიღებული გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული ზემდგომი ინსტანციის ადმინისტრაციული სასამართლოების მიერ. ამასთან იმ საქმეზე არცერთი ინსტანციის ადმინისტრაციული სასამართლოს მიერ განსჯადობის საკითხი დასახელებულ საქმეზე სადავოდ არ არის გამხდარი. საბოლოოდ კი, სასამართლომ საკითხზე მსჯელობისას გაიზიარა საქართველოს უზენაესი სასამართლოს უახლესი გადაწყვეტა მსგავს საქმეზე განსჯადობის წესით დავის გადაწყვეტის შესახებ, რომლითაც სარჩელის განხილვა ადმინისტრაციულ სამართალწარმოებას დაუქვემდებარა და განმარტება, რომ „კონკურსის ჩატარების შედეგად აკადემიურ პერსონალთან იდება შრომითი ხელშეკრულება, აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელი საკონკურსო პროცედურის რეგლამენტაცია, კონკურსის შედეგად აკადემიური პერსონალის შერჩევა და დანიშვნა ხდება არა შრომის კანონმდებლობის, არამედ ადმინისტრაციული კანონმდებლობით, კერძოდ, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანების საფუძველზე დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდებით“. ამდენად, მოცემული სადავო სამართალურთიერთობა მოსარჩელესა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის ადმინისტრაციულ-სამართლებრივია - სადავო სამართალურთიერთობა გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან. დავის გადაწყვეტა საჭიროებს აქტების ადმინისტრაციულ კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენას“ (იხ. სუსგ 2023 წლის 21 მარტის საქმე №ბს-213(გ-23)).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეთა კოლეგიების განჩინებების გაცნობის შედეგად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, თვლის, რომ მოცემული საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემული დავა ეხება საგნობრივ განსჯადობას, შესაბამისად უნდა შეფასდეს მხარეთა შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობის ხასიათი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სასამართლო განიხილავს საქმეებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების, აგრეთვე კანონით გათვალისწინებული ინტერესების დაცვის შესახებ. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საერთო სასამართლოები ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილავენ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილ დავებს, აღნიშნული მუხლი შეიცავს ადმინისტრაციული დავის საგნის ჩამონათვალს. ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად კანონმდებლობამ განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც წარმოშობილია საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობით მოწესრიგებული სამართალურთიერთობიდან. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის დებულება, საერთო სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან გამომდინარე სამართლებრივ ურთიერთობასთან დაკავშირებული დავის განხილვის შესახებ, ასახავს განსჯადობის გარეგან ნიშანს. სამართალურთიერთობის კუთვნილების გარეგანი ნიშანი ეხება სადავო სამართალურთიერთობის მარეგულირებელი ნორმების ადგილს კანონმდებლობაში. კანონმდებლობამ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა დავის იმ სამართალურთიერთობიდან წარმოშობა, რომელიც ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობით არის მოწესრიგებული. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. დავა ადმინისტრაციულ-სამართლებრივად მიიჩნევა არა მხოლოდ იმის გამო, რომ მოსარჩელის მოთხოვნის ადრესატი ადმინისტრაციული ორგანოა, არამედ სადავო სამართალურთიერთობის ბუნების გამო, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სამართალურთიერთობის ხასიათს. კანონმდებლობამ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც წარმოშობილია იმ სამართალურთიერთობიდან, რომელიც საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობით არის მოწესრიგებული.

მოცემულ შემთხვევაში, დ. ნ-ეის სასარჩელო მოთხოვნებს შეადგენს: სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ...ის ფაკულტეტის (...ის, ...ის, ...ის, ...ის კათედრები) პროფესორებისა და ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიისა და საკონკურსო-სააპელაციო კომისიების შემადგენლობის დამტკიცების შესახებ სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 12 ივნისის N149/2018 დადგენილების ბათილად ცნობა; სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 12 ივნისის N149/2018 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული საკონკურსო კომისიის შემადგენლობის „ა“ ქვეპუნქტში ცვლილების შეტანის შესახებ სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 5 ივლისის N168/2018 დადგენილების ბათილად ცნობა; ...ის ფაკულტეტის ...ის კათედრაზე ასოცირებული პროფესორის სამ ვაკანტურ თანამდებობაზე ბ. რ-ის, მ. ტ-ის, ნ. ხ-ეის და კონკურსანტ დ. ნ-ეის შეფასების ნაწილში სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 12 ივნისის პროფესორებისა და ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის 2018 წლის 31 ივლისის N4 სხდომის ოქმის (შემაჯამებელი) შედეგების ბათილად ცნობა; დ. ნ-ეის საჩივრის/აპელაციის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 12 ივნისის პროფესორებისა და ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის 2018 წლის 13 აგვისტოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ...ის ფაკულტეტის ...ის კათედრაზე ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე ბ. რ-ის, მ. ტ-ის, ნ. ხ-ეის არჩევის შესახებ სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 07 სექტემბრის N193/2018 დადგენილების პირველი პუნქტის „ვ.გ“, „ვ.დ“, „ვ.ე“ ქვეპუნქტების ბათილად ცნობა; ...ის ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიების ახალი შემადგენლობების დამტკიცების შესახებ მოპასუხე სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება; მოპასუხე სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის (საკონკურსო კომისიისთვის ახალი შემადგენლობით) ...ის ფაკულტეტის ...ის კათედრაზე ასოცირებული პროფესორის 03 (სამი) ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილი კონკურსანტების საკონკურსო დოკუმენტაციის ხელმეორედ გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

საკასაციო პალატა მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საჯარო სამსახური არის სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა (გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ განხორციელებული საქმიანობისა), მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) საქმიანობა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობა (გარდა კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით, სასპორტო და რელიგიურ, წევრობაზე დაფუძნებულ და ამ კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კატეგორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობისა). აღნიშნული დანაწესი არ გამორიცხავს ნორმაში გამონაკლისის სახით მითითებული სფეროების სპეციალურ საჯარო-სამართლებრივ მოწესრიგებას, მათ შორის, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანების საფუძველზე დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდებით“. ხსენებული აქტები ადმინისტრაციული კანონმდებლობის სფეროთია მოცული, მათი რეგულაციის სივრცეში წარმოშობილი სამართალურთიერთობა კი საჯარო-სამართლებრივია.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონი ახდენს უმაღლესი სასწავლო დაწესებულების პერსონალის კლასიფიკაციას აკადემიურ, ადმინისტრაციულ და დამხმარე პერსონალად (32-ე მუხ.). კანონი ადგენს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში ვაკანსიის დაკავების ერთიან წესებს, აკადემიური და ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების აუცილებელ პირობად კანონი განსაზღვრავს ღია კონკურსს (34-ე მუხ.). ანალოგიურ დებულებას ადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანების საფუძველზე დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ 28-ე მუხლის 1-ლი პუნქტი. „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, კონკურსის ჩატარების წესი განისაზღვრება სწორედ ზემოაღნიშნული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების „წესდებით“. კონკურსი ტარდება გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით. კონკურსის ჩატარებას უზრუნველყოფს საკონკურსო კომისია, რომელიც იქმნება უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ, რექტორის წარდგინებით. საკონკურსო კომისიის მიერ, შესაბამისი აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად, კენჭისყრის საფუძველზე გამოვლენილი გამარჯვებულები (კონკურსის შედეგები) დასამტკიცებლად წარედგინება აკადემიურ საბჭოს. ამდენად, უმაღლესი სასწავლებლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვალდებულია კვალიფიციური კადრების შერჩევის მიზნით აკადემიური თანამდებობის ვაკანსიის დასაკავებლად ჩაატაროს კონკურსი, მიუხედავად იმისა, რომ კონკურსის ჩატარების შედეგად აკადემიურ პერსონალთან იდება შრომითი ხელშეკრულება, აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელი საკონკურსო პროცედურის რეგლამენტაცია, კონკურსის შედეგად აკადემიური პერსონალის შერჩევა და დანიშვნა ხდება არა შრომის კანონმდებლობის, არამედ ადმინისტრაციული კანონმდებლობით, კერძოდ, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანების საფუძველზე დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდებით“ (ანალოგიურ პრაქტიკას ადგენს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 21 მარტის უახლესი პრაქტიკა საქმეზე №ბს-213(გ-23)). ამდენად, მოცემული სადავო სამართალურთიერთობა მოსარჩელესა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის ადმინისტრაციულ-სამართლებრივია - სადავო სამართალურთიერთობა გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა იზიარებს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსაზრებას საქმის განსახილველად ადმინისტრაციული კოლეგიისათვის გადაცემის შესახებ და აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის რეგულაციების შესაბამისად, მოპასუხე დაწესებულება ნამდვილად წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს, ხოლო აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ჩატარებული კონკურსის პროცესში აქტები გამოიცემა ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე. დავის გადაწყვეტა საჭიროებს აქტების ადმინისტრაციული კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სადავო ურთიერთობა გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან, რაც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით არის დავის ადმინისტრაციული საქმეების კატეგორიისადმი მიკუთვნების საფუძველი. ამავე კოდექსის 26-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქმე უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს აღნიშნული საქმე, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავას წყვეტს საკასაციო სასამართლო დასაბუთებული განჩინებით. ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ დ. ნ-ეის სარჩელი განსახილველად განსჯადობით უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დ. ნ-ეის სარჩელი, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართ, განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე