Facebook Twitter

№ბს-1156(კ-22) 25 ივლისი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე - გენადი მაკარიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ი.პ-ომ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 7 ივლისის №03/8859 ადმინისტრაციული აქტი; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 23 თებერვლის №03-591/ო ბრძანება; გ) დაევალოს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს კანონით დადგენილი წესით გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილებით ი.პ-ოს სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 07 ივლისის №03/8859 ადმინისტრაციული აქტი. ბათილად იქნა ცნობილი „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 23 თებერვლის №03-591/ო ბრძანება. დაევალა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელის კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 ივლისის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის მითითებით, სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე მხარის პოზიცია და არ გაითვალისწინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, კერძოდ, მოსარჩელეს გადაუდებელი განსახლების საჭიროება არ გააჩნია და შეუზღუდავად ცხოვრობს შვილის საკუთრებაში. სასამართლომ ყურადღება მხოლოდ ქულათა ოდენობაზე გაამახვილა და მიუთითა, რომ მოსარჩელისთვის მინიჭებული ქულები საკმარისი იყო, რომ განსახილველ ეტაპზე მოსარჩელის მოთხოვნა საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე გადაწყვეტილიყო მის სასარგებლოდ. დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა აქვს, რომ უტყუარად დადგინდეს ფაქტი - ი.პ-ო და მისი ოჯახი უნდა იყვნენ დაკმაყოფილებულნი საცხოვრებელი ფართით თუ არა.

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 2 თებერვლის №47 განკარგულებაზე, საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის №2566 განკარგულებით დამტკიცებულ „იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა მიმართ 2019-2020 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმაზე“, მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანების საფუძველზე დამტკიცებულ ,,დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესსა და საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადების მიღებისა და განხილვის წესზე’’, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტზე, მე-3 მუხლის პირველ პუნქტზე, მე-13 მუხლზე მითითებით კასატორი აღნიშნავს, რომ მინისტრის №320 ბრძანება ნორმატიული აქტია, რომელიც მიღებულია „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 ივნისის №1162 განკარგულებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესასრულებლად (დღეს მოქმედი საქართველოს მთავრობის 2015 წლის 4 თებერვლის №127 განკარგულება). იგი ადგენს დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესს, მასში გაწერილი საცხოვრებელი ფართის მიღების პროცედურები ითვალისწინებს განაცხადის (აპლიკაციების) შევსებას, კითხვარის შედეგების გათვალისწინებით განმცხადებლებს მიენიჭებათ შესაბამისი ქულები. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელეს ფაქტობრივი საცხოვრებელი აქვს, ცხოვრობს შვილის საკუთრებაში, ამასთანავე, აღნიშნული ობიექტი არ არის ნგრევადი და არ საჭიროებს მხარის დაუყოვნებლივ განსახლებას, ასევე სახეზე არ არის სხვა კრიტერიუმები, რომლებმაც შეიძლება არსებითად დაამძიმონ დევნილის სოციალური მდგომარეობა, კომისიამ მიიღო უარყოფითი გადაწყვეტილება. ამ ეტაპზე მოხდა იმ დევნილთა დაკმაყოფილება, რომლებიც შეფასების კრიტერიუმებითა და მონიტორინგის მიერ შედგენილი ოქმებით შედარებით რთულ პირობებში იმყოფებოდნენ. აღსანიშნავია, რომ კომისიის უარი საბოლოო არ არის და მხარის განაცხადის განხილვა და დაკმაყოფილება მოხდება საერთო წესით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, დევნილს უფლება აქვს მიიღოს სოციალური და სხვა სახის დახმარებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, შესაბამისად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილ იქნეს დევნილთა ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, შესაბამის ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შეფასდეს ოჯახის ეკონომიკური, სოციალური თუ სხვა ყოფითი მდგომარეობა, რადგან ქულათა მინიჭებას არსებითი მნიშვნელობა აქვს და განსაზღვრავს სახელმწიფოს მიერ დევნილთა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების პრიორიტეტულობას.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) მოსარჩელე ი.პ-ო არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი. მოსარჩელეს ჰყავს მეუღლე - თ.ჩ-ე და სამი შვილი: მ.ჩ-ე (დაბ.: ...წ.), თ.ჩ-ე (დაბ.: ...წ.) და ღ.ჩ-ე (დაბ.: ...წ.) (ს.ფ. 13-14); ბ) მოსარჩელის შვილის - მ.ჩ-ის მიმართ 2018 წლის 14 ივნისს (მისამართზე: ქ. თბილისი, ...ას ქ. №5, სართ. №3, ბ. №...) შევსებული გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმის თანახმად, მ.ჩ-ეს განცხადებით (№96) ჰქონდა მიმართული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე იპოთეკური სესხების დაფარვის პროგრამის ფარგლებში სესხის დაფინანსების მოთხოვნით. განმცხადებელმა ზემოაღნიშნული ბინა იპოთეკით დატვირთა 2016 წლის 31 მაისს, ხოლო საკუთრებად დაირეგისტრირა 2016 წლის 07 ივნისს. იპოთეკის მიზნობრიობას წარმოადგენდა აღნიშნული უძრავი ქონების შესყიდვა (ს/კ: ...). სესხის თანხა შეადგენდა 37 000 დოლარს, საიდანაც დარჩენილი დასაფარი სესხი ოდენობა იყო - 33 000 დოლარი (ს.ფ. 177-182); გ) საქმეში წარმოდგენილია სს “...სა” და თ.ჩ-ეს შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებების ასლები (თავდები - რ.პ-ო), ასევე სს ,,...ას“ ფილიალის მმართველის 2016 წლის 20 აპრილის წერილი თ.ჩ-ისადმი, რომლითაც დასტურდება, რომ თ.ჩ-ეს 29.03.2016 წ. სს ,,...ში“ შევსებული სასესხო განაცხადის საფუძველზე დაუმტკიცდა სესხი №1 – 39 000 აშშ დოლარი და სესხი №2 – 9000 აშშ დოლარის ოდენობით. სესხი №1 -ს მიზნობრიობას წარმოადგენდა უძრავი ქონების (ბინა), მდებარე: ქ. თბილისი, ... ...ას ქუჩა №5, ბინა №..., ბლოკი ,,ბ“, სართული 3, სადარბაზო 1, ს/კ ... შეძენა. სესხი №2-ს მიზნობრიობას წარმოადგენდა ვალდებულების დაფარვა უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. თბილისი, ... ...ას ქუჩა №5, ბინა №..., სართული 3, სადარბაზო №1, ს/კ ..., რომლის გადაფარვის შემდეგ უზრუნველყოფად შეთავაზებულ ქონებას მოეხსნებოდა ვალდებულება და ქონება გადაფორმდებოდა რ.პ-ოს სახელზე (ს.ფ. 150-176); დ) საქმეში დაცული, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 6 ივლისის სხდომის ოქმი №32-ით დასტურდება, რომ მ.ჩ-ის, ღ.ჩ-ის, ი.პ-ოსა და თ.ჩ-ის (სარეგისტრაციო №...) დევნილ ოჯახთან მიმართებით კომისიის მიერ მიღებულ იქნა დადებითი გადაწყვეტილება იპოთეკური სესხის დაფარვის მიზნით ერთჯერადი ფულადი დახმარების გაწევასთან დაკავშირებით (ს.ფ. 144-149); ე) 2018 წლის 31 დეკემბერს ი.პ-ომ შეავსო განაცხადი კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის თაობაზე. მოსარჩელემ განაცხადი გააკეთა შვილთან, ღ.ჩ-ესთან და მეუღლე თ.ჩ-ესთან ერთად (ს.ფ. 24-25, 26-30); ვ) განაცხადის დამუშავების შედეგად მოსარჩელემ მოიპოვა წინასწარი შეფასებით 4.00 ქულა: 1. საცხოვრებლის ფინანსური პირობები, ნაქირავები - 1.5 ქულა; 2. გარდა აღნიშნული კრიტერიუმებით შეფასებისა, ქ. თბილისში 2013 წლის 1 ივნისამდე რეგისტრირებულ დევნილ ოჯახს ასევე ენიჭება დამატებით 2,5 ქულა, თუ იგი შეავსებს „გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადს“ სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულ(ებ)ში არსებულ სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროექტ(ებ)ის ფარგლებში. ასევე 2.5 ქულა ენიჭება იმ დევნილ ოჯახებს, რომლებიც შეავსებენ „საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის თაობაზე განაცხადს“ - 2.50 ქულა (ს.ფ. 85-87); ზ) 2019 წლის 3 ივნისს მონიტორინგი განხორციელდა მისამართზე: ქ. თბილისი, ...ას ქ. №5, ბ. №... მონიტორინგის ოქმის თანახმად, ი.პ-ოს ოჯახი (ი.პ-ო, თ.ჩ-ე, ღ.ჩ-ე) აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობს ქირის გარეშე 2019 წლის 1 თებერვლიდან. ბინა ეკუთვნის განმცხადებლის დას - რ.პ-ოს (უძრავი ქონების ს/კ ...). 2017 წლის ოქტომბრიდან 2019 წლის 1 თებერვლამდე ქირით ცხოვრობდნენ ამავე კორპუსში, ბინა №...-ში, ხოლო მანამდე, 1 წელი ცხოვრობდნენ, ამავე კორპუსში შვილის ბინაში (ბინა №...). ოჯახს ადრე ჰქონდა შევსებული განაცხადი იპოთეკით შეძენილ, მოცემულ განაცხადში შეყვანილი შვილის ხ.ჩ-ის ბინაზე. ოჯახს კომისიამ განაცხადი დაუკმაყოფილა, მაგრამ თანხა ვერ იქნა ათვისებული, რადგან ამ ბინისთვის განკუთვნილი სესხის თავდებმა - რ.პ-ომ, აღნიშნული ბინა გააერთიანა თავის ბინასთან, მოხდა სესხის გაერთიანება და ერთიანად გადაფარვა. ოჯახი რეგისტრირებულია ქ. თბილისში, მათ ჰყავთ ორი სრულწლოვანი დასაოჯახებელი ვაჟი, რომლებიც განაცხადში არ არიან შეყვანილები და აპირებენ განაცხადის ცალ-ცალკე შევსებას (110-115); თ) 2020 წლის 9 მარტს მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებმა განმცხადებლის ფაქტობრივ მისამართზე (ქ. თბილისი, ...ას ქ. №5, ბ. №...) განახორციელეს ვიზიტი, რის თაობაზეც შედგა მონიტორინგის ოქმი. მონიტორინგის ფორმაში მხარემ მიუთითა, რომ ზემოთ აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობს 2016 წლიდან. მანამდე ოჯახი ქირით ცხოვრობდა სხვადასხვა მისამართებზე. ბინა, სადაც ამჟამად ცხოვრობენ შვილის - მ.ჩ-ის საკუთრებაა (ს/კ ...) (ს.ფ. 116-121, 94); ი) ი.პ-ოს დას – რ.პ-ოს სახელზე საკუთრების უფლებით ირიცხება უძრავი ნივთები საკადასტრო კოდებით: №... (სხვენი); №... №... ; №... ; №... ; №... ; №... (სხვენი); №... ; №... ა; №... გ; №... ; №... ბ; №... ; №...; №... (ს.ფ. 95-109); კ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 20 მარტის №15 ოქმის თანახმად, კომისიის გადაწყვეტილებით, ი.პ-ოს უარი ეთქვა კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვაზე (შვილის საკუთრებაში ცხოვრების გამო, ამ ეტაპზე არ საჭიროებს გადაუდებელ განსახლებას) (ს.ფ. 79-84); ლ) სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 07 ივლისის №03/8859 წერილით, ი.პ-ოს 2020 წლის 22 ივნისის №21005 განცხადების პასუხად ეცნობა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“-ს შესაბამისად, კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის მიზნით (სახელმწიფო ბიუჯეტიდან სააგენტოსათვის ამ მიზნით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში) შევსებული განაცხადი განხილულ იქნა 2020 წლის 20 მარტის სხდომაზე (ოქმი №15) და მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი -„ამ ეტაპზე განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენს შვილის საკუთრებაში ცხოვრების გამო.“ გარემოებების შეცვლის შემთხვევაში, სათანადო განცხადებით უნდა მიმართოს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს და ოჯახის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების საკითხი განმეორებით იქნება განხილული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიაზე (ს.ფ. 17); მ) სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 23 თებერვლის №03–591/ო ბრძანებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 20 მარტის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი №15) ი.პ-ოს (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს) ამ ეტაპზე, განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო, უარი ეთქვა კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის შესყიდვაზე (ს.ფ. 78).

საკასაციო პალატა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტისა და ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე მითითებით აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, კერძოდ, ის, სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ვალდებულია დევნილი ოჯახი უზრუნველყოს გრძელვადიანი საცხოვრებლით, შექმნას მათი ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. ამ მიზნით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით (ძალადაკარგულია „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით) დამტკიცდა „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“ (დანართი №1). პალატა მიუთითებს აღნიშნული წესის მეორე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა; სახელმწიფოს მიერ ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა იმ დევნილ ოჯახებზე, რომლებმაც 2019 წლის 1 იანვრამდე იპოთეკური სესხით შეიძინეს საცხოვრებელი სახლები/ბინები და აღნიშნული საცხოვრებელი სახლები/ბინები არის მათი ერთადერთი საკუთრება.

ამავე წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, დევნილი ოჯახის მიერ შევსებული ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით დამტკიცებული დანართის №3 – „კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის თაობაზე განაცხადის ფორმისა“ და მე-5 პუნქტით დამტკიცებული დანართის №5 – „გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე კითხვარის ფორმის“ საფუძველზე, კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის საკითხი განიხილება კრიტერიუმებისა და ამ წესის მე-6 მუხლის პირველი-მე-5 პუნქტებით და მე-8-12 პუნქტებით დადგენილი პროცედურების გათვალისწინებით, მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან სააგენტოსათვის ამ მიზნით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. იმავე „წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტით კი დადგენილია, რომ გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო წარმოადგენს დევნილთა განსახლების საკითხზე პასუხისმგებელ უწყებას, შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, იგი ვალდებულია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, გულისხმიერად მიუდგეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს - ზუსტად განსაზღვროს დევნილი ოჯახის განსახლების პრიორიტეტულობის საკითხი, საქმის გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევის გზით.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის საფუძველზე საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას, რომ სახლი, რომელშიც ამჟამად ცხოვრობს მოსარჩელე ქმარ-შვილთან ერთად, წარმოადგენს სწორედ იმ სახლს, რომელიც დევნილის სტატუსიდან გამომდინარე იპოთეკური სესხით იქნა შესყიდული დევნილი ოჯახის მიერ. დადგენილია, რომ კომისიის დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ოჯახი ელოდებოდა სახელმწიფოს მხრიდან იპოთეკური სესხის დაფარვის მიზნით ერთჯერადი ფულადი დახმარების გაწევას, თუმცა თანხა არ იქნა ჩარიცხული. აღნიშნულის შემდგომ, ი.პ-ოს მიერ ახალი განცხადებით იქნა მიმართული ადმინისტრაციული ორგანოსათვის. მოსარჩელემ ითხოვა მისი ოჯახისათვის, როგორც დევნილი ოჯახისათვის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი ფართის შესყიდვა. კომისიამ იმსჯელა ი.პ-ოს განცხადებაზე და მიუხედავად ქულათა საკმარისი რაოდენობისა (4 ქულა), წარდგენილი განაცხადი არ დააკმაყოფილა განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის მოტივით, შვილის საკუთრებაში ცხოვრების გამო.

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საფუძველზე და აღნიშნავს, რომ ის გარემოება, რომ უძრავი ქონება, რომელშიც ამჟამად მოსარჩელე ოჯახთან ერთად ცხოვრობს საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია შვილის - მ.ჩ-ის სახელზე, არ შეიძლება გახდეს დევნილი ოჯახის საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის უპირობო სამართლებრივი საფუძველი. მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის ფაქტი, რომ დღეის მდგომარეობით მოსარჩელის სახელზე საკუთრების უფლებით არ ირიცხება რაიმე უძრავი ქონება. აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით დროებით სარგებლობის ფაქტი, თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნული ფართი შვილს ეკუთვნის, არ იძლევა შესაძლებლობას ზუსტად იქნეს დადგენილი, რამდენად აქვს მოსარჩელეს ხსენებულ საცხოვრებელში ცხოვრების შეუზღუდავი შესაძლებლობა, ასეთი დასკვნის გაკეთება კი, განსაკუთრებით რთულია აღნიშნული ფართით შეუზღუდავი სარგებლობის სამომავლო პერსპექტივების განსაზღვრის კუთხით. სხვის საკუთრებაში არსებული ფართით დროებით სარგებლობის ფაქტი არ გამორიცხავს დევნილი ოჯახის უფლებას, განსახლებულ იქნეს ნორმატიული აქტით გათვალისწინებული წესით, მოცემულ ეტაპზე კრიტერიუმების შესაბამისად და არა სხვა რომელიმე ეტაპზე.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 ივლისის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

თ. ოქროპირიძე