Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-194(კ-23) 11 ივლისი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს იუსტიციის სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ნ. რ-ე

მოპასუხე - თ. წ-ი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი - მორალური ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2020 წლის 13 თებერვალს ნ. რ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და თ. წ-ის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, 2020 წლის 21 იანვრის საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე მოპასუხემ თანხმობის გარეშე, უარყოფით კონტექსტში წარადგინა ვიდეოჩანაწერი მისი გამოსახულებით, რომელშიც მისი სახე არ იყო დაფარული და გამოსახულება წითელი ისრით იყო მონიშნული. აღნიშნული გამოსახულება მოპასუხე მხარემ გაავრცელა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც იღებდა მედია და გასცა დავალება, რომ ჩანაწერი გავრცელებულიყო სოციალური ქსელის - „Facebook“-ის მეშვეობით, რათა ფართო საზოგადოებას ენახა იგი. მოსარჩელემ ასევე აღნიშნა, რომ მოპასუხის მიერ მისი თანხმობის გარეშე გამოსახულების გავრცელება მოხდა უარყოფით კონტექსტში. შედეგად კი, გავრცელებულ ვიდეოკადრებში არაერთმა ადამიანმა ამოიცნო იგი.

მოსარჩელის განმარტებით, ნეგატიურ კონტექსტში მისი თანხმობის გარეშე გამოსახულების გავრცელებამ საქართველოს პარლამენტში, სოციალურ, ბეჭდურ თუ ელექტრონულ მედიაში, გამოიწვია მასში უარყოფითი ემოცია, განცდები და ფსიქოფიზიკური მდგომარეობა, რაც დაკავშირებულია სულიერ ტანჯვასთან. ამასთან, ნ. რ-ემ აღნიშნა, რომ დარღვევები დადასტურებული იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის 2020 წლის 20 მარტის №გ-1/100/2020 გადაწყვეტილებით, რომლითაც საქართველოს იუსტიციის სამინისტრო დაჯარიმდა და დაევალა გავრცელებული ჩანაწერის წაშლა.

მოსარჩელემ მოპასუხეებისთვის სოლიდარულად მორალური ზიანის სახით 20 000 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ. რ-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. რ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. რ-ეის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. რ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2020 წლის 21 იანვარს, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე გასაჯაროვდა პერსონალური მონაცემების შემცველი ოთხი ვიდეოჩანაწერი, რომელთაგან პირველ ვიდეოჩანაწერზე აღბეჭდილი იყო საქართველოს ...ის წარმომადგენლისა და მსჯავრდებულის შეხვედრის ფაქტის ამსახველი ვიდეოჩანაწერი, სადაც მსჯავრდებულის სახე დაფარული იყო, ხოლო ...ის წარმომადგენლის არა, შესაბამისად, იგი წარმოდგენილი იყო იდენტიფიცირებადი ფორმით, ამასთან, აღნიშნულ ვიდეოჩანაწერზე წითელი ისრით მონიშნულ იქნა ...ის წარმომადგენელი.

სააპელაციო პალატამ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და იუსტიციის სამინისტროს მიერ 2020 წლის 21 იანვარს გასაჯაროებული ვიდეოჩანაწერების დამუშავების კანონიერების შესწავლის ფარგლებში მიღებული, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, კანონიერ ძალაში შესული 2020 წლის 20 მარტის №გ-1/100/2020 გადაწყვეტილებით დადგენილი იქნა, რომ სამინისტრომ, პარლამენტის კომიტეტსა და სოციალური ქსელის გვერდზე გასაჯაროების გზით, ხოლო სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ოფიციალურ ვებ-გვერდსა და სოციალური ქსელის გვერდზე გასაჯაროების, ასევე სამაუწყებლო კომპანიებსა და საინფორმაციო სააგენტოებისთვის გადაცემის გზით, ვიდეოჩანაწერებზე ასახულ პირთა პერსონალური მონაცემები დაამუშავეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლის გარეშე, რაც მიჩნეულ იქნა ამავე კანონის 43-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად და პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძვლად.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახური და საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ცნობილი იქნენ სამართალდამრღვევად „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევისათვის და მათ დაევალათ სოციალური ქსელის ოფიციალურ გვერდებსა და ოფიციალურ ვებ-გვერდზე, შემოწმების ფარგლებში განხილული, პერსონალური მონაცემების შემცველი კანონის მოთხოვნათა დარღვევით დამუშავებული ვიდეოჩანაწერების წაშლა ან დეპერსონალიზაცია, აღნიშნული არ ათავისუფლებს მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისგან. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ ვიდეო მასალაში პირის სახის დაფარვის გარეშე, პერსონიფიცირებული ფორმით წარმოჩენა შეიძლება მიჩნეულ იქნეს პერსონალურად მისი საზოგადოებრივი გაკიცხვის ელემენტების შემცველ ქმედებად, რაც წარმოადგენს თვითკმარ მტკიცებულებას პირისათვის რეპუტაციული ზიანის მიყენებისა და მის მიერ უარყოფითი ემოციების განცდის თვალსაზრისით. აღნიშნული ფაქტი კი ვერ იქნება მიჩნეული ჩვეულებრივ და რიგით მოვლენად ადამიანის ცხოვრებაში, რადგან ის დაკავშირებულია ნეგატიურ განცდებთან და სტრესთან. ამდენად, სააპელაციო პალატამ, განსახილველ შემთხვევაში, დადასტურებულად მიიჩნია მორალური ზიანის არსებობა.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძველი, ვინაიდან დადგენილი იქნა ქმედების უკანონობა და მიზეზობრივი კავშირი უკანონო ქმედებასა და შედეგს შორის. ხოლო თ. წ-ის მიმართ მოთხოვნის ნაწილში სასამართლომ მოთხოვნა უსაფუძვლოდ მიიჩნია და აპელანტს უარი უთხრა მის დაკმაყოფილებაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 26 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი - საქართველოს იუსტიციის სამინისტრო არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში განვითარებულ მსჯელობას და მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მხრიდან სამინისტროს სამართალდამრღვევად ცნობა ავტომატურად და უტყუარად არ ნიშნავს მორალური ზიანის შემადგენლობის არსებობას. ამასთან, ზემოაღნიშნულმა სამსახურმა საკითხი გადაწყვიტა სხვა სამართლებრივი შეფასების, კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის ჭრილში და დაადგინა, რომ დასახული მიზნის მისაღწევად, არ იკვეთებოდა სამინისტროს მხრიდან პერსონიფიცირებული ფორმით კადრების გასაჯაროების აუცილებლობა. ამასთან, კასატორი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გადაწყვეტილებაში არ არის საუბარი იმაზე, რომ ვიდეოჩანაწერების გავრცელება არ შეიძლებოდა, არამედ განხილულია პერსონიფიცირებული ფორმით ჩანაწერების გავრცელების საკითხი. ამდენად, კასატორი მიიჩნევს, რომ მორალური ზიანი სხვა და დასასაბუთებლად უფრო რთული კატეგორიაა, შესაბამისად ტოლობის ნიშნის დასმა მორალურ ზიანსა და სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის გადაწყვეტილებას შორის შეუძლებელი და უსაფუძვლოა.

კასატორმა ასევე აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, სახეზე არ არის ისეთი განცხადების და ვიდეოჩანაწერის გავრცელების ფაქტი, რომელიც ლახავს მოსარჩელე მხარის პატივს, ღირსებასა და საქმიან რეპუტაციას, ვინაიდან ის არ შეიცავს სიცრუეს და არც შეურაცხმყოფელ ინფორმაციას. იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა კომიტეტის სხდომაზე შედარების სახით მოიყვანა მაგალითი, თუ როგორი უნდა იყოს პენიტენციურ დაწესებულებაში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის შესული ...ის წარმომადგენლის ჩაცმულობა და ქცევა. ამდენად, კასატორის მოსაზრებით, მინისტრმა საჯაროდ გააკრიტიკა ...ის წარმომადგენელი, რაც არ გასცდენია საქმიანი კრიტიკის ფარგლების ზღვარს და ბუნებრივია ვერც მოსარჩელის „სულიერ ტანჯვას“ გამოიწვევდა.

გარდა ამისა, კასატორმა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე მითითებით აღნიშნა, რომ პირის ნებართვის გარეშე მისი ფოტოსურათებისა და ვიდეოების გავრცელება ავტომატურად არ გულისხმობს მისთვის სულიერი ტანჯვის მიყენებას. გარდა ამისა, მორალური ზიანის არსებობის დასადასტურებლად სასამართლო ერთი მხრივ ეყრდნობა მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს, ხოლო მეორე მხრივ მხედველობაში იღებს გავრცელებული მასალის შინაარსობრივ მხარესა და გავრცელების შედეგად გამოყენებულ კონტექსტს. განსახილველ შემთხვევაში კი, ნ. რ-ესთან დაკავშირებით გავრცელებული გამოსახულება და საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ გაკეთებული კომენტარი არ ყოფილა შეურაცხმყოფელი და იმ ფორმით წარდგენილი, რასაც საზოგადოებაში შესაძლოა უარყოფითი აზრი გაეჩინა.

ამასთან, კასატორმა აღნიშნა, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადება, შესაძლოა სრულად ექცეოდეს გამოხატვის თავისუფლების შესახებ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის დაცვის ქვეშ. გარდა ამისა, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ ჩამოყალიბებული მსჯელობის თანახმად, ნ. რ-ე, როგორც ...ის წარმომადგენელი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ფლობდა გაცილებით მეტ ინფორმაციას ვიდრე რიგითი მოქალაქე, შესაბამისად ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე მსჯელობისას, მისი სტატუსი არ შეიძლება გაიგივებულ იქნეს რიგითი მოქალაქის სტატუსთან. შესაბამისად, კასატორი მიიჩნევს, რომ ნ. რ-ეზე ვრცელდებოდა ე.წ. „თმენის ვალდებულება“, ვინაიდან იგი მისი საქმიანობიდან (საქართველოს ...ის სპეციალისტი) გამომდინარე შესაძლოა ჩაითვალოს საჯარო პირად.

საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ასევე აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, უნდა გაიმიჯნოს პირადი ცხოვრების გასაჯაროების და პროფესიული საქმიანობის ამსახველი კადრების გავრცელება, ვინაიდან ეს უკანასკნელი შესაძლოა ემსახურებოდეს ლეგიტიმურ მიზანს, მათ შორის, სხვა ადამიანის უფლებების დაცვას (მაგალითად, ამ შემთხვევაში, პატიმრის უფლებების დაცვა). ამდენად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში უნდა მიეღო, რომ ნ. რ-ეისთვის გავრცელებული კადრები და გაკეთებული განცხადება დაკავშირებული იყო ...ის აპარატის მუშაობის შეფასებასთან.

კასატორმა დამატებით აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული ორგანოსთვის ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება დგება იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა ზიანი, რომელიც ფაქტობრივად დადგა აღნიშნული ორგანოს მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული მოქმედებით და არსებობს მიზეზობრივი კავშირი განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს - ზიანს შორის. განსახილველ შემთხვევაში კი, შესაბამისი მტკიცებულებებით სათანადოდ ვერ იქნა დადასტურებული იმ ზიანის არსებობის ფაქტი, რომელიც შექმნიდა მისი ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობის სხვა წინაპირობებზე მსჯელობის შესაძლებლობას. გარდა ამისა, კასატორის მითითებით, თბილისის საქალაქო სასამართლოში ახსნა-განმარტების გაკეთებისას ვერც თავად მოსარჩელემ შეძლო დაესაბუთებინა მასში გამოწვეული უარყოფითი ემოციები, განცდები ან/და ფსიქოფიზიკური მდგომარეობა. ამასთან, კასატორი მიიჩნევს, რომ არც მოწმეთა ჩვენებები შეიცავდა სამინისტროს მხრიდან ნ. რ-ეისთვის მორალური ზიანის მიყენების დასადასტურებლად საკმარის ფაქტობრივ გარემოებებსა და შეფასებებს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 1 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაეკისრა მორალური ზიანის - 2000 ლარის ოდენობით ანაზღაურება, ხოლო დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ. მოწინააღმდეგე მხარეს - ნ. რ-ეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია. აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში.

ამდენად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში, საკასაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება უნდა შეამოწმოს მხოლოდ საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთვის ნ. რ-ეის სასარგებლოდ მორალური ზიანის სახით 2000 ლარის დაკისრების ნაწილში.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. ამავე შინაარსის დანაწესს კი, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2017 წლის 13 ოქტომბრის კონსტიტუციური კანონის №1324 ამოქმედებამდე, შეიცავდა საქართველოს კონსტიტუციის 49-ე მუხლის მე-9 პუნქტი, რომელიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით: „ყველას ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს და მიიღოს ზარალის ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან. გარდა ამისა, ყველასთვის არის უზრუნველყოფილი სამართლებრივი დაცვის საშუალება - სასამართლოსათვის მიმართვა. ნათლად არის დადგენილი ანაზღაურების მასშტაბებიც – ზარალი სრულად უნდა ანაზღაურდეს.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 7 დეკემბრის №2/3/423 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2).

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. ამავე კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ხოლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილი თანახმად განსაზღვრულია, რომ არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით.

დამატებით აღსანიშნავია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ზემოაღნიშნული მოთხოვნის უფლება აქვს პირს მაშინაც, როცა მისი გამოსახულება (ფოტოსურათი, კინოფილმი, ვიდეოფილმი და ა.შ.) გამოქვეყნდება მისი თანხმობის გარეშე. პირის თანხმობა არ არის საჭირო, როცა ფოტოგადაღება (ვიდეოგადაღება და ა.შ.) დაკავშირებულია მის საზოგადოებრივ აღიარებასთან, დაკავებულ თანამდებობასთან, მართლმსაჯულების ან პოლიციის მოთხოვნებთან, სამეცნიერო, სასწავლო ან კულტურულ მიზნებთან, ანდა ფოტოგადაღება (ვიდეოგადაღება და ა.შ.) მოხდა საზოგადო ვითარებაში, ანდა პირმა პოზირებისათვის მიიღო საზღაური.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ... წლის ...ს, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე გასაჯაროვდა პერსონალური მონაცემების შემცველი ოთხი ვიდეოჩანაწერი, რომელთაგან პირველ ვიდეოჩანაწერზე აღბეჭდილი იყო საქართველოს ...ის წარმომადგენლისა და მსჯავრდებულის შეხვედრა, სადაც მსჯავრდებულის სახე დაფარული იყო, ხოლო ...ის წარმომადგენლის არა, შესაბამისად, იგი წარმოდგენილი იყო იდენტიფიცირებადი ფორმით, ამასთან, აღნიშნულ ვიდეოჩანაწერზე წითელი ისრით მონიშნულ იქნა ...ის წარმომადგენელი.

საკასაციო სასამართლო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის 2020 წლის 20 მარტის №გ-1/100/2020 გადაწყვეტილების საფუძველზე ასევე დადგენილად მიიჩნევს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენაში და სახდელის სახით შეეფარდა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით. ასევე დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მხარეთა მიერ არ გასაჩივრებულა, შესულია კანონიერ ძალაში და აღსრულებულია.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახური და საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ცნობილი იქნენ სამართალდამრღვევად „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევისათვის და მათ დაევალათ სოციალური ქსელის ოფიციალურ გვერდებსა და ოფიციალურ ვებ-გვერდზე შემოწმების ფარგლებში განხილული პერსონალური მონაცემების შემცველი კანონის მოთხოვნათა დარღვევით დამუშავებული ვიდეოჩანაწერების წაშლა ან დეპერსონალიზაცია, აღნიშნული არ ათავისუფლებს მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისგან. საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ ვიდეო მასალაში პირის სახის დაფარვის გარეშე, პერსონიფიცირებული ფორმით წარმოჩენა შეიძლება მიჩნეულ იქნეს პერსონალურად მისი საზოგადოებრივი გაკიცხვის ელემენტების შემცველ ქმედებად, რაც წარმოადგენს თვითკმარ მტკიცებულებას პირისათვის რეპუტაციული ზიანის მიყენებისა და მის მიერ უარყოფითი ემოციების განცდის თვალსაზრისით (მით უფრო, რომ საქმეზე დაკითხული მოწმეებიც ამასვე ადასტურებენ). აღნიშნული ფაქტი ვერ იქნება მიჩნეული ჩვეულებრივ და რიგით მოვლენად ადამიანის ცხოვრებაში, რადგან ის დაკავშირებულია ნეგატიურ განცდებთან და სტრესთან, რაც ადასტურებს მორალური ზიანის არსებობის ფაქტს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას, რომ სასამართლოების მხრიდან ტოლობის ნიშანი იქნა დასმული სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებასა და მორალური ზიანის დაკისრებას შორის. აღსანიშნავია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელისთვის მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძველს ქმნის არა მხოლოდ ის ფაქტი, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, როგორც პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების მაკონტროლებელმა საზედამხედველო ორგანომ დაადგინა მოსარჩელის პერსონალური მონაცემების შესაბამისი საფუძვლის გარეშე დამუშავების ფაქტი, არამედ ანაზღაურების საფუძველს ქმნის თავად გავრცელებული ვიდეოჩანაწერის შინაარსი და მისი გამჟღავნებით მოსარჩელისთვის მიყენებული ზიანი. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ არის რელევანტური ინფორმაციის გავრცელებისას მინისტრის მიერ გაკეთებული რეპლიკა თუ ვიდეოჩანაწერის გავრცელების მიზანი, განმსაზღვრელი არის ის შედეგი, რაც ჩანაწერმა რეალურად გამოიწვია მოსარჩელე მხარისთვის.

გარდა ამისა, ვერ იქნება გაზიარებული კასატორის მითითება, რომ განსახილველ შემთხვევაში, ნ. რ-ეს ეკისრებოდა თმენის ვალდებულება, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მოხდა მისი, როგორც ...ის აპარატის წარმომადგენლის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული მოქმედებების გასაჯაროება, რაც დაკავშირებული იყო ...ის აპარატის მუშაობის შეფასებასთან. აღსანიშნავია, რომ მართალია ნ. რ-ე არის საჯარო მოხელე, თუმცა თმენის ვალდებულებაც მას ეკისრება გონივრულობის ფარგლებში და არ მოიაზრებს საჯარო მოხელის ღირსების შემლახავი განცხადებების უპირობო თმენას. ამასთან, აღსანიშნავია, რომ როგორც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთგზის განმარტა, ადამიანების უმეტესობისთვის სოციალური ურთიერთობების ჩამოყალიბების ერთ-ერთ მნიშვნელოვან შესაძლებლობას წარმოადგენს სწორედ სამსახურებრივი ცხოვრების პროცესი. ხშირად შეუძლებელია მკაფიოდ განისაზღვროს პირის რომელი ქმედება ექცევა უშუალოდ სამსახურებრივი საქმიანობის ფარგლებში და რომელი არა. სასამართლოს განმარტებით, სამსახურებრივი საქმიანობის პროცესშიც კი არსებობს სხვა ადამიანებთან პირის ურთიერთობის ისეთი ზონა, რომელიც შეიძლება მოიაზრებოდეს პირადი ცხოვრების ნაწილად (იხ. Antović and Mirković v. Montenegro (no. 70838/13), 28.02.2018; Copland v. the United Kingdom (no. 62617/00), ECHR, 03.07.2007). ამდენად, ის ფაქტი, რომ ვიდეოჩანაწერი შექმნილი იყო ნ. რ-ეის, როგორც მოხელის მიერ, მისი სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას, არ გულისხმობს, რომ აღნიშნული ვიდეოჩანაწერი, რომელიც ასახავს მის ქცევებს არ არის დაკავშირებული მის პირად სივრცესთან და აღნიშნული მასალის გასაჯაროება არ შეიძლება იყოს მისი ღირსების შემლახავი.

საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ ვერ იარსებებს პირისთვის მიყენებული სულიერი ტანჯვის ცალსახა ობიექტური საზომი, ვინაიდან ამა თუ იმ მოვლენის მიმართ გაჩენილი ემოციები წარმოადგენს ადამიანის შინაგან განზომილებას, მიუხედავად ამისა, გარკვეულ შემთხვევებში, გარემოებების მხედველობაში მიღებით შესაძლოა დადგენილ იქნეს/შეფასდეს ამა თუ იმ ქმედების შედეგად მიყენებული ზიანის არსებობის ფაქტი და მისი მასშტაბი. განსახილველ შემთხვევაში, გავრცელებული ვიდეოჩანაწერი მიზნად ისახავდა ნ. რ-ეის მიერ განხორციელებული იმ მოქმედებების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობას, რომელიც შესაძლოა საზოგადოების მიერ გაკიცხვის ობიექტად ქცეულიყო, ამასთან აღნიშნული ჩანაწერები, ხელმისაწვდომი გახდა მოსარჩელესთან დაახლოებული პირებისთვისაც, რომელთა პოტენციური კრიტიკა შესაძლოა კიდევ უფრო სენსიტიური და ზიანის მომტანი ყოფილიყო ნ. რ-ეისთვის. ამდენად, საკასაციო სასამართლო განსახილველ შემთხვევაში, დადასტურებულად მიიჩნევს მორალური ზიანის ანაზღაურების წინაპირობების არსებობას.

რაც შეეხება მიყენებული ზიანის ოდენობას, სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ არამატერიალური ზიანის თანხის ოდენობის განსაზღვრა ხორციელდება თითოეულ საქმეში ინდივიდუალურად, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, კერძოდ, მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მნიშვნელოვანია დამდგარი ზიანის სიმძიმე, შელახული უფლების მნიშვნელობა, დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულება მორალური ზიანის მიმართ, განცდების ინტენსივობა და სხვა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის გარემოებების მხედველობაში მიღებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ვიდეოჩანაწერის გავრცელების მასშტაბისა და მასთან დაკავშირებული ნეგატიური კონტექსტის გათვალისწინებით ნ. რ-ეის მიმართ მორალური ზიანის ასანაზღაურებლად მოპასუხისათვის 2000 ლარის დაკისრება მიყენებული არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების მიზნების პროპორციულია და ექცევა გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმებში.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე