საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
Nბს-1454(კ-22) 25 ივლისი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა შპს „ ს...ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 ოქტომბრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; მესამე პირები - სს „...“, დ.კ-ე).
აღწერილობითი ნაწილი:
2019 წლის 27 აგვისტოს შპს „ს...ამ“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ. სარჩელის დაზუსტების შემდეგ, მოსარჩელემ მოითხოვა უძრავ ნივთზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 25 მარტის N1/1-713 ბრძანების ბათილად ცნობა; რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 28 მარტის N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; ქალაქ თბილისში, სოფელ ...ში, ...ის ქუჩა N15-ში მდებარე 2201.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული N1 (ხის) და N2 (მშენებარე) შენობა-ნაგებობების (საკადასტრო კოდი ...) ელექტრონული აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 2 მაისის N1/1-1076 ბრძანების ბათილად ცნობა; სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას 2019 წლის 30 მაისის N... უ.უ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა; რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 4 ივნისის N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის, 2019 წლის 2 მაისის N1/1-1076 ბრძანების საფუძველზე, 2019 წლის 16 მაისს ჩატარებული N... აუქციონის ჩაშლილად გამოცხადების დავალება და ამავე ნივთის გასხვისების მიზნით ახალი აუქციონის ჩატარების თაობაზე ბრძანების გაცემა; „ადმინისტრაციულ საჩივარზე ხარვეზის დადგენის თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის 2019 წლის 30 აგვისტოს N04/6790 აქტის ბათილად ცნობა; შპს „ს...ის“ ადმინისტრაციულ საჩივარზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2020 წლის 30 იანვრის N1-1/49 ბრძანების ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 10 სექტემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაერთო დ.კ-ე. ამავე სასამართლოს 2020 წლის 3 თებერვლის საოქმო განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაერთო სს „...“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს „ს...ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ამავე სასამართლოს 2021 წლის 18 ოქტომბრის დამატებითი გადაწყვეტილებით შპს „ს...ას“ დ.კ-ის სასარგებლოდ დაეკისრა წარმომადგენლისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით გასწორდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული უსწორობა იმგვარად, რომ მითითებულ ნაწილს დაემატა შემდეგი შინაარსის მე-21 პუნქტი: „გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 10 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე ქალაქ თბილისში, სოფელ ...ში, ...ის ქუჩა N15-ში მდებარე, N... საკადასტრო კოდის 2201 კვ.მ მიწის ნაკვეთზე სარეგისტრაციო წარმოების განხორციელების აკრძალვა“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა შპს „ს...ის“ სააპელაციო საჩივარი; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მართალია, მოსარჩელე სრულად ასაჩივრებს ქალაქ თბილისში, სოფელ ...ში, ...ის ქუჩა N15-ში მდებარე 2201 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებულ აქტებს, თუმცა მის ძირითად ინტერესს საავტომობილო გზის არსებობა წარმოადგენს. აღნიშნული მიწის ნაკვეთის კერძო საკუთრებაში რეგისტრაციით მას აღარ რჩება საკუთარ ნაკვეთთან მისასვლელი გზა. სწორედ ეს წარმოადგენს სადავო აქტების ბათილად ცნობის შესახებ მოთხოვნის საფუძველს. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, აპელანტი ვრცლად საუბრობს სადავო მიწის ნაკვეთის პირველად რეგისტრაციაზე და აღნიშნავს, რომ რეგისტრაცია 2006 წელს განხორციელდა კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, უკანონოა რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 8 ოქტომბრის N... გადაწყვეტილება, არ არსებობდა სადავო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მიზნობრიობის ცვლილების საფუძველი, კანონშეუსაბამოა საქართველოს მთავრობისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებები, თუმცა სარჩელის ფარგლების გათვალისწინებით, პალატა ვერ იმსჯელებს მითითებული აქტების კანონიერებაზე.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონზე, საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის N391 დადგენილებით დამტკიცებულ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულებაზე“ და განმარტა, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილებაში შედის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი/მოძრავი ნივთის პრივატიზება/რეალიზაცია და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მეორე პუნქტის სადავო აქტების გამოცემის დროს მოქმედი რედაქციით, სახელმწიფო ქონების განკარგვა შეიძლება განხორციელდეს ელექტრონული აუქციონის ფორმით. ამავე მუხლის შესაბამისად, თუ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება არ გაიყიდა/არ გადავიდა სარგებლობაში, დასაშვებია მისი საჯარო აუქციონის ფორმით განკარგვა.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სახელმწიფო ქონების მართვისა და განკარგვის მიზნით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო უფლებამოსილია განახორციელოს მოქმედებები სახელმწიფოს საკუთრებაში უძრავი ნივთის რეგისტრაციისა და რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების შეტანისათვის, ასევე განახორციელოს მოქმედებები, რომლის მიზანია ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის სახელმწიფო ქონების სასყიდლით, აუქციონის საფუძველზე საკუთრებაში გადაცემა. აღნიშნული უფლებამოსილება სახელმწიფოს ერთპიროვნულ ნებას ეფუძნება. უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის/პრივატიზების პროცესის წამოწყება და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება სახელმწიფოს ნების ავტონომიის სფეროს განეკუთვნება. იგი საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთშეჯერების შედეგია. მოცემულ შემთხვევაში, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 25 მარტის N1/1-713 ბრძანებით, არსებული ფაქტობრივი მდგომარეობის მიხედვით, გადაწყდა N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ, სახელმწიფო კუთვნილ მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციის მოთხოვნა - მიწის ნაკვეთის ფართობის დაზუსტებისა და მასზე შენობა-ნაგებობების ასახვისათვის მიმართვის საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენა, ხოლო 2019 წლის 2 მაისის N1/1-1076 ბრძანებით, იგივე მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული ნაგებობები დაექვემდებარა ელექტრონულ აუქციონზე გატანას. აღნიშნული ბრძანება დანართის სახით შეიცავდა მონაცემებს საპრივატიზებო ქონების ფუნქციური ზონირების, მასზე გამავალი ხაზობრივი ნაგებობისა და სანიაღვრე კოლექტორის შესახებ (პუნქტი 3.9 და 3.10) და ადგენდა აუქციონის შესახებ განაცხადთან ერთად ამ ინფორმაციის გამოქვეყნებას. ამდენად, სატრანსპორტო გზის შესახებ მონაცემების გაცნობა უზრუნველყოფილი იყო ფუნქციური ზონირების შესახებ ინფორმაციისათვის ვებ გვერდზე - www.tas.ge-ზე მითითებით. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მითითებული აქტების გამოცემისას სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო მოქმედებდა კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში და არ დასტურდება, რომ შესაბამის პროცესში ადგილი ჰქონდა საქმის გარემოებების არასწორად გამოკვლევას თუ დადგენას ან/და რაიმე სახის კანონიერი ინტერესისა თუ უფლების უგულებელყოფას.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ დასახლებათა ტერიტორიების გამოყენების (მიწათსარგებლობის) და განაშენიანების ძირითად პარამეტრებს, კეთილმოწყობის, გარემოსა და უძრავი კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ტერიტორიულ სტრუქტურულ პირობებს, საინჟინრო, სატრანსპორტო და სოციალური ინფრასტრუქტურის, ასევე ეკონომიკური განვითარების სივრცით ასპექტებსა და განსახლების ტერიტორიულ საკითხებს განსაზღვრავს დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, რომელიც დამტკიცებულია თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის N39-18 დადგენილებით. ამ დოკუმენტით დადგენილი მონაცემები საჯაროა და არ ექვემდებარება დამატებით საჯარო რეესტრში აღრიცხვას. გენერალური გეგმა შეიცავს იმ ტერიტორიათა ჩამონათვალს, რომლებიც იგულისხმება სატრანსპორტო ზონაში (48-49-ე მუხლები). სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის N14-39 დადგენილებით დამტკიცებული „თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები“ სატრანსპორტო ზონაზე გამორიცხავს ყოველგვარ მშენებლობას, გარდა ამ „წესების“ მე-15 მუხლით განსაზღვრული ქვეზონით მოცული ნაგებობებისა. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის N39-18 დადგენილებით დამტკიცებული „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით“, სადავო აქტით გათვალისწინებული და აპელანტის კუთვნილი მიწის ნაკვეთების არეალში განსაზღვრულია სატრანსპორტო ზონის, საზოგადოებრივ-საქმიანი ზონისა და საცხოვრებელი ზონის არეალი. არსებული სატრანსპორტო ზონა განაპირობებს რა დაინტერესებულ პირთა უფლებას, უზრუნველყოფილ იქნეს კუთვნილ მიწის ნაკვეთამდე მისასვლელი გზით, უსაფუძვლოა აპელანტის პრეტენზია, გზით სარგებლობის უფლების დამატებით გარანტიებთან დაკავშირებით. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 25 მარტის N1/1-713 ბრძანება და 2019 წლის 2 მაისის N1/1-1076 ბრძანება კანონშესაბამისია და ზიანს არ აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, უკანონოდ არ ზღუდავს მის უფლებას. შესაბამისად, აღნიშნულ აქტებზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის უარყოფაც მართლზომიერად განხორციელდა.
ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის წარდგენის დავალების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2019 წლის 30 აგვისტოს წერილზე სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნული წერილის საფუძველზე, მოსარჩელემ წარადგინა განმარტებები, დავის საგანთან დაკავშირებით თავისი ინტერესებისა და მოთხოვნების თაობაზე, რაც საფუძვლად დაედო ადმინისტრაციული საჩივრის არსებითად განხილვას. ამდენად, დაუსაბუთებელია 2019 წლის 30 აგვისტოს წერილის ბათილად ცნობის ინტერესი.
სააპელაციო პალატამ მიუთითა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3, მე-4, მე-8, 22-ე, 23-ე მუხლებზე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის N4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის მე-18 მუხლზე (ძალადაკარგულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის N487 ბრძანებით) და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის საფუძველზე, დაასკვნა, რომ 2019 წლის 28 მარტის N..., 2019 წლის 4 ივნისის N... გადაწყვეტილებების მიღებისას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მოქმედებდა მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, არ დგინდება, რომ რეგისტრაციით შეიზღუდებოდა მესამე პირთა კანონიერი უფლებები ან/და ინტერესები.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-31 მუხლის პირველ და მეორე პუნქტებზე, მე-5 მუხლზე, მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე და მოცემულ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ ქალაქ თბილისში, სოფელ ...ში, ...ის ქუჩა N15-ში მდებარე, N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 2201 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებზე გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულად გამოვლინდა დ.კ-ე. შესაბამისად, 2019 წლის 30 მაისს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს წარმომადგენელსა და დ.კ-ეს შორის გაფორმდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულება N... უ.უ, რომლითაც დ.კ-ეს საკუთრებაში გადაეცა ქალაქ თბილისში, სოფელ ...ში, ...ის ქუჩა N15-ში მდებარე, N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 2201 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული N1(ხის) და N2(მშენებარე) შენობა-ნაგებობებით, საპრივატიზებო თანხის - 628 000 ლარის გადახდის სანაცვლოდ. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, აუქციონი გამოცხადდა კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ დგინდება, რომ აღნიშნულით შეზღუდა აპელანტის კანონიერი უფლება ან ინტერესი. ასევე არ დგინდება, რომ აუქციონის მიმდინარეობის პროცესში აუქციონში გამარჯვებული პირის გამოვლენისას ადგილი ჰქონდა კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევას. დასაბუთებული არ არის სასარჩელო მოთხოვნა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას 2019 წლის 30 მაისის N... უ.უ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე.
საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სატრანსპორტო ზონის ძირითადი ნაწილი გადის N... საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთის სამხრეთით. N... საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთზე ვრცელდება მისი მცირე ნაწილი. არსებული მდგომარეობით, „ს...ის“ კუთვნილ N... მიწის ნაკვეთს ჩრდილოეთით ესაზღვრება კერძო საკუთრებად რეგისტრირებული N... მიწის ნაკვეთი, რომელზეც არ ფიქსირდება სერვიტუტი ან აუცილებელი გზით სარგებლობის უფლება. ამასთანავე, დასავლეთით და აღმოსავლეთით უძრავ ნივთს ესაზღვრება კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები (საკადასტრო კოდი N... და N...). რაც შეეხება დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით გზის ფუნქციით გამოსაყენებელ ტერიტორიას - სატრანსპორტო ზონას, მისი ძირითადი ნაწილი გადის მოსარჩელის კუთვნილ N... მიწის ნაკვეთზე, აღნიშნული ნაკვეთის აღმოსავლეთით მდებარე, კერძო საკუთრებაში არსებულ N..., N..., N..., N... მიწის ნაკვეთებზე, ასევე, მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთის დასავლეთით მდებარე მიწის ნაკვეთებზე, თუმცა სატრანსპორტო ზონა მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთის დასავლეთით ძირითადად შეესაბამება მიწის ნაკვეთის იმ მონაკვეთს, რომელიც გამოიყენება გზის ფუნქციით, განსხვავებით მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთის აღმოსავლეთით არსებული მდგომარეობისა, სადაც სატრანსპორტო ზონის მონაკვეთი არ ხასიათდება გზისთვის დამახასიათებელი ნიშნებით (თბილისის რუკის მონაცემები - https://tas.ge/, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 11 მაისის დასკვნა - ტომი 5, ს.ფ. 200-208, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 17 ნოემბრის დასკვნა - ტომი 5, ს.ფ. 230-262). სადავო აქტებით გათვალისწინებულ N... მიწის ნაკვეთს ფარავს სატრანსპორტო ზონის მცირე ნაწილი - 218 კვ.მ ფართზე (თბილისის რუკის მონაცემები - https://tas.ge/, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 17 ნოემბრის დასკვნა - ტომი 5, ს.ფ. 230-262). სააპელაციო პალატის განმარტებით, მტკიცებულებები მასზე, რომ დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა არასწორად ადგენს სატრანსპორტო ზონის ფარგლებს ან/და მტკიცებულება მასზე, რომ სადავო აქტებით გათვალისწინებულ N... მიწის ნაკვეთს გააჩნია გზის ფუნქცია (როგორც ამას ამტკიცებს მოსარჩელე შპს „მ...ის“ მიერ 2019 წლის 7 აგვისტოს მომზადებული სიტუაციური ნახაზის მიხედვით) არ ყოფილა წარმოდგენილი, ამასთან, ამგვარი მტკიცება შეუსაბამოა დედაქალაქი მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მონაცემებსა და არსებული განაშენიანების მახასიათებლებთან. დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ამ ნაწილში ბათილად ცნობასთან დაკავშირებული მტკიცებულება საქმეს არ ერთვის. ამასთანავე, სადავო აქტების გამოცემამდე ამ აქტებით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის გზის ფუნქციით გამოყენების მტკიცება ვერ ჩაითვლება შესაბამის ნაკვეთზე გზით სარგებლობის უფლების დადგენის საფუძვლად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ს...ამ“.
კასატორი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნებას. კასატორის მოსაზრებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად დაადგინეს საქმესთან დაკავშირებული გარემოებები და არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცეს მათ. დარღვეულია მოქმედი კანონმდებლობის სავალდებულო მოთხოვნები სადავო აქტების გამოცემის დროს.
კასატორი მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლზე და თვლის, რომ სადავო რეგისტრაციებით, მის კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან ერთადერთი მისასვლელი და უალტერნატივო გზა ჩაიკეტა. კასატორის მოსაზრებით, დარღვეულია „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8, მე-13 21-23-ე მუხლების სავალდებულო მოთხოვნები, ასევე აღნიშნული კანონის N1 დანართით განსაზღვრული „მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების შესრულებისა და დოკუმენტირების წესის“ მე-3, მე-4, მე-7, მე-9 მუხლების სავალდებულო მოთხოვნები. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ არ განსაზღვრა სადავო უპირობო აუქციონის ფორმით გასხვისებულ მიწის ნაკვეთზე მდებარე ხაზოვანი ნაგებობების მესაკუთრე და არ მოითხოვა მისგან კუთვნილი ქონების გასხვისების ნებართვა. აღნიშნული დარღვევის შედეგად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კუთვნილი ქონება - 800 მმ-იანი კოლექტორი და D150 მმ-იანი წყალარინების ქსელი, ფაქტობრივად დ.კ-ის კერძო საკუთრებაშია მოქცეული.
კასატორის განმარტებით, შპს „მბ...ის“ კუთვნილი სახსრებით, დროებით, იჯარის ხელშეკრულების დასრულების შემდეგ, დემონტაჟის პირობით აშენებული ხის ნაგებობა (1 შენობა), საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, უკანონოდ დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრებად. სააპელაციო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება არ მისცა სადავო აუქციონის ფორმით გასხვისებული მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის საკითხს, რაც მხოლოდ მესამე პირის - დ.კ-ის პირადი, კერძო ინტერესებისა და ამ მიწის ნაკვეთის გასხვისების უფლების მოპოვების მიზნით განხორციელდა. მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის გარეშე გასხვისება, „სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის უფლებამოსილებას წარმოადგენდა. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სადავო აუქციონის ფორმით გასხვისებული მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლა განსახილველი დავის საგანს არ წარმოადგენს, თუმცა უკვე რამდენიმე წელია, ვერც საქართველოს მთავრობიდან და ვერც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან იქნა მიღებული სრულყოფილი განმარტება, N... მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის გადაუდებელი საზოგადოებრივი აუცილებლობის შესახებ. „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად, მიწის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლას ახორციელებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. ამავე კანონის მე-15 მუხლის თანახმად, 2015 წლის პირველ ივლისამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებისათვის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლა დასაშვებია, თუ ეს განპირობებულია აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებით. სააგენტოს მიერ წარდგენილი მასალების საფუძველზე, აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებას აფასებს და შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა. ამრიგად, თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში, მოქმედი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მიზნობრივი დანიშნულების შეცვლას ახორციელებს საქართველოს მთავრობა, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ წარდგენილი მასალების საფუძველზე, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების შემთხვევაში. სააგენტოდან არაერთხელ იქნა გამოთხოვილი ინფორმაცია, იმისათვის, რომ დადგენილიყო, რამ განაპირობა N... მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლა, მაშინ, როდესაც ამ მიწის ნაკვეთზე გადიოდა „დედაქალაქში მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით“ განსაზღვრული, ...სა და ...ის ქუჩების დამაკავშირებელი საავტომობილო გზის - ...ის ქუჩის 218 კვ.მ ფართის ტერიტორია და ეს ტერიტორია დატვირთულია სატრანსპორტო ზონა 1-ის (ტზ-1) სერვიტუტის უფლებით. ამასთან, ხსენებული საავტომობილო გზის გამო, ამ მიწის ნაკვეთის 600 კვ.მ ფართი წარმოადგენდა სავალდებულო მწვანე ზოლის განაშენიანების (ე.წ. „ლურჯი ხაზი“) რეგულირების სფეროს და ამ მიზნობრივი დანიშნულებიდან გამომდინარე, მისი სხვა, მათ შორის, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენება კატეგორიულად აკრძალულია. სადავო მიწის ნაკვეთზე გადიოდა და გადის შპს „თ...ის“ კუთვნილი, 312 კვ.მ ფართობის ბეტონის ანაკრეფი ფილების ე.წ. „სანიაღვრე კოლექტორი“, რომლის გამოც, ე.წ. „სანიაღვრე კოლექტორის“ ორივე მხარეს, მიწის ნაკვეთის 752 კვ.მ ფართი წარმოადგენს „კოლექტორის“ სანიტარული დაცვის ტერიტორიას (სულ 1064 კვ.მეტრი). ამ ტერიტორიის გამოყენება სხვა (მათ შორის - არასასოფლო-სამეურნეო) დანიშნულებით კატეგორიულად აკრძალულია. ამასთან, სადავო მიწის ნაკვეთის 152 კვ.მ ფართი სს „თ...ის“ კუთვნილი მიწისქვეშა და მიწისზედა ელექტროგადამცემი ხაზების უსაფრთხოების დაცვის ზოლია. კასატორის მოსაზრებით, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებთან მიმართებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მოახდინეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების არასწორი სამართლებრივი შეფასება, რის შედეგადაც, დარღვეულია არა მხოლოდ მოპასუხის, არამედ არაერთი ფიზიკური და იურიდიული პირის კერძო საკუთრების უფლება. სააგენტოში არ მოიძებნა დოკუმენტი სადავო მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის შესახებ.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად ჩათვალა, თითქოს კასატორის კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი (ს/კ ...) აღმოსავლეთით, ...ის ქუჩის მხრიდან უზრუნველყოფილია მისასვლელი გზით. სასამართლოს აღნიშნული დასკვნა მკვეთრად უპირისპირდება სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს“ დასკვნას, რომლის თანახმად, „დასავლეთ ნაწილში არსებული საავტომობილო ქვაღორღიანი გზის ადგილმდებარეობა სრულიად განსხვავდება სატრანსპორტო ზონა 1-ის (ტზ-1) არეალის ადგილმდებარეობისაგან, აღნიშნულ ნაწილზე ფაქტობრივი მდგომარეობით გზა არ არსებობს“. ასევე არასწორად იქნა დადგენილად მიჩნეული, რომ კასატორის კუთვნილი მიწის ნაკვეთი და N... მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენენ მომიჯნავე ნაკვეთებს, ამასთან, არ ირკვეოდა, რომ საჩივრის ავტორის კუთვნილ მიწის ნაკვეთს შეეზღუდა ერთადერთი გზით სარგებლობა. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული სამართლებრივი შეფასება არ შეესაბამება საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებს და ეწინააღმდეგება სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნას, რომლის თანახმად, თბილისში, სოფელ ...ში, ...ის ქუჩა N15-ში მდებარე, N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის დასავლეთ ნაწილში არსებული საავტომობილო ქვიშაღორღოვანი გზის გადაფარვა შეადგენს 106 კვ. მეტრს. სასამართლომ საქმეში მესამე პირებად არ ჩართო სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ უპირობო აუქციონის ფორმით სადავო მიწის ნაკვეთის დ.კ-ეზე გასხვისებით დაზარალებული პირები, იმისათვის, რომ მათი მხრიდან დადასტურებულიყო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარმოებები - უკანონოდ გასხვისებული მიწის ნაკვეთის 2019 წლის ივნისის თვემდე მათ კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებთან მისასვლელ ერთადერთ და უალტერნატივო გზად გამოყენების ფაქტი.
კასატორი მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ საჯარო რეესტრის მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურმა, 2003-2006 წლებში, თბილისში, სოფელ ...ში, ...სა და ...ის ქუჩების მონაკვეთში უალტერნატივო და ერთადერთ დამაკავშირებელ, უკვე ოფიციალურად რეგისტრირებულ საავტომობილო გზაზე, ფორმალურად და ფიქტიურად დაარეგისტრირა დ.ქ-ის მშობლების კერძო საკუთრება (0.45 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, ნაცვლად სოფლის მიწის რეფორმების კომისიის მიერ გამოყოფილი 0.25 ჰექტარისა). ასევე სახელმწიფოს საკუთრებად დარეგისტრირდა 0.22 ჰექტარი მიწის ნაკვეთი (ს/კ...). მითითებული მიწის ნაკვეთების პირველადი რეგისტრაცია (გარდა ზემოაღნიშნული, უკვე რეგისტრირებული, ...სა და ...ის ქუჩების ერთადერთი დამაკავშირებელი გზის უკანონოდ რეგისტრაციისა) განხორციელდა ამ მონაკვეთში მდებარე არაერთი ფიზიკური და იურიდიული პირის კერძო საკუთრებაში უკვე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების ე.წ. „წითელი ხაზების“ დარღვევით. უფრო მეტიც, რ. და ც. ქ-ების სახელზე N... მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია განხორციელდა აშკარად ყალბი საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე, ვინაიდან ამ მიწის ნაკვეთსა და მის სამხრეთით მდებარე მიწის ნაკვეთებს (N... და N...) შორის 9 მეტრის სიგანის გზა უკვე აღარ არსებობდა, როგორც ეს ამ მიწის ნაკვეთის პირველადი რეგისტრაციის ყალბ საკადასტრო ნახაზშია მითითებული. სახელმწიფოს საკუთრებად სადავო მიწის ნაკვეთის (N...) პირველადი რეგისტრაციის მასალებს თან არ ერთვოდა რეგისტრაციისათვის აუცილებელი და საჭირო დოკუმენტები. ფართობი სახელმწიფოს საკუთრებად აღირიცხა გაურკვეველი, იურიდიული ძალის არმქონე, ხელმოუწერელი საორიენტაციო ნახაზის მიხედვით. შედეგად, საავტომობილო გზა, რომელზეც ეს მიწის ნაკვეთები უკანონოდ იყო რეგისტრირებული, დ.კ-ეზე გასხვისებამდე - 2019 წლის ივნისის თვემდე, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, კვლავ გამოიყენებოდა არა მარტო მოსარჩელის, არამედ ამ მონაკვეთში მდებარე არაერთი ფიზიკური და იურიდიული პირის მხრიდან. აღნიშნული გზა წარმოადგენდა კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებთან მისასვლელ, სოფელ ...ში, ...სა და ...ის ქუჩების დამაკავშირებელ უალტერნატივო და ერთადერთ საავტომობილო გზას, რომელიც მოსარჩელემ ქვიშა-ღორღოვანი ნარევით მოაწყო და პერიოდულად ახდენდა მის შეკეთებას.
კასატორის განმარტებით, ჯერ „დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმით“, ხოლო შემდგომ - „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის“ გრაფიკული ნაწილით (რუკით) განსაზღვრული სატრანსპორტო ზონა (...სა და ...ის ქუჩების დამაკავშირებელი უალტერნატივო ...ის ქუჩა) არასოდეს არსებულა, ვინაიდან ორივე გეგმის გრაფიკული ნაწილის მიხედვით, სატრანსპორტო ზონა 1-ის (ტზ-1) სერვიტუტით დატვირთულ, არარსებულ ...ის ქუჩის ტერიტორიაზე, აღმოსავლეთით ...ის ქუჩის მხრიდან შემოსასვლელში მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) განთავსებულია მრავალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსის ეზოს შემომსაზღვრელი, სამ მეტრზე მეტი სიმაღლის ე.წ. „ბეტონის“ კაპიტალური ღობე. დასავლეთით ...ის ქუჩის მხრიდან შემოსასვლელში არსებულ მიწის ნაკვეთებზე (N... და N...) მდებარეობს მრავალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსის მიმდინარე სამშენებლო მოედნის შემომსაზღვრელი ორ მეტრზე მეტი სიმაღლის ხის ღობე. სატრანსპორტო ზონის ფორმალური, ფიქტიური და არარსებული, თუმცა მოქმედი „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის“ რუკით განსაზღვრული ...ის ქუჩის მთელ სიგანეზე განთავსებულია კასატორის კუთვნილი მიწის ნაკვეთის (სკ/ ...) შემომსაზღვრელი, 2006 წელს აშენებული ორ მეტრზე მეტი სიმაღლის ე.წ. ბეტონის „ბლოკის“ კაპიტალური ღობე. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2020 წლის 17 ნოემბრის N007034320 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, თბილისში, სოფელ ...ში, ...სა და ...ის ქუჩების დამაკავშირებელი გზის დასავლეთ ნაწილში არსებული საავტომობილო ქვაღორღიანი გზის ადგილმდებარეობა სრულად განსხვავდება სატრანსპორტო ზონა 1-ის (ტზ-1) არეალის ადგილმდებარეობისაგან. რაც შეეხება N... მიწის ნაკვეთის სამხრეთ ნაწილში არსებულ სატრანსპორტო ზონა 1-ის (ტზ-1) არეალს, აღნიშნულ ნაწილზე ფაქტობრივი მდგომარეობით გზა საერთოდ არ არსებობს. თბილისში, სოფელ ...ში, ...ის ქუჩა N15-ში მდებარე N... მიწის ნაკვეთის დასავლეთ ნაწილში არსებული საავტომობილო ქვაღორღიანი გზის ძირითადი ნაწილი მოიცავს (ფარავს) N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს, ხოლო ნაწილი მოიცავს (ფარავს) N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს. სატრანსპორტო ზონის ძირითადი ნაწილი გადის N... მიწის ნაკვეთის სამხრეთით. კასატორის მოსაზრებით, ასეთ ვითარებაში, არასწორია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ საქმეში არსებული დოკუმენტებით არ დასტურდება სადავო აქტებით და ხელშეკრულებით გათვალისწინეული N... მიწის ნაკვეთისათვის გზის ფუნქციის არქონა.
კასატორის მოსაზრებით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სადავო 2019 წლის 25 მარტის 1/1-713 და 2019 წლის 2 მაისის 1/1-1076 ბრძანებების კანონიერად მიჩნევა სააპელაციო სასამართლოს მხრიდან დაუსაბუთებელია. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში კასატორის მიერ გასაჩივრებული, მოქმედი „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის“ გრაფიკული ნაწილის (რუკის) მიხედვით, თბილისში სოფელ ...ში, ...სა და ...ის ქუჩების დამაკავშირებელი ყოფილი საავტომობილო გზის კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე ფიქტიურად გადატანა, ზემოხსენებული ექსპერტიზის დასკვნის გარდა, საქმეში არსებული არაერთი უტყუარი მტკიცებულებით დასტურდება. მოქმედი „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა“, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის შესაბამისად, გამოცემისთანავე ითვლება არარა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად. აღნიშნული გეგმით, ყოფილი საავტომობილო გზის სხვა პირთა საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე გადატანა, ყოველგვარი სახელმწიფო აუცილებლობის, წინასწარი სრული და სამართლიანი ანაზღაურების გარეშე, უხეშად არღვევს საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებულ, არაერთ საერთაშორისო აქტს, საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით დაცულ კერძო საკუთრების ხელშეუხებლობის უფლებას.
კასატორი თვლის, რომ სადავო აუქციონის ფორმით მიწის ნაკვეთის დ.კ-ეზე გასხვისების უკანონობას ადასტურებს ის გარემოებები, რომ აუქციონის წესით გასხვისებული სადავო მიწის ნაკვეთის ფართობი სულ არის 2200 კვ. მეტრი, საიდანაც საავტომობილო გზა (სატრანსპორტო ზონა 1) დაიკავებს 681 კვ. მეტრს, ხოლო დარჩენილი 1519-დან 600 კვ. მეტრი სავალდებულო მწვანე ზოლის განაშენიანების რეგულირების სფეროა, 1064 კვ. მეტრი კი, იქ გამავალი დახურული კოლექტორისა და მისი სანიტარული რეჟიმის დაცვის ზოლის გამო, ქ. თბილისის მუნიციპალური საკუთრებაა. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის უდავოდ ცნობილი იყო, რომ მისი ნებართვის საფუძველზე, შპს „მბ...ის“ სახსრებით, სახელმწიფოს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე, იჯარის ხელშეკრულების დასრულების შემდეგ, დემონტაჟის პირობით აგებული დროებით შენობის სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევა და უპროექტო, უნებართვო მიმდინარე მშენებლობის გასხვისებით კანონიერად აღიარება, კორუფციული გარიგებაა. ამ პირობებში, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, ზემოხსენებულ ბრძანებაზე თანდართული ხელმოუწერელი დანართის საფუძველზე, 2019 წლის 28 მარტის N... და 2019 წლის 4 ივნისის N... გადაწყვეტილებებით სახელმწიფოს საკუთრებად დაარეგისტრირა სხვისი ქონება - ერთი დროებითი და ორი უპროექტო, უნებართვო შენობა. სააგენტომ უხეშად დაარღვია იმ პერიოდში მოქმედი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის N4 ბრძანებით დამტკიცებული „„საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის“ მოთხოვნები. კასატორის მოსაზრებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად გამოიყენეს მითითებული ინსტრუქციის მე-18 მუხლი, რომელიც ადგენდა რეგისტრაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების დამატებით პირობებს და არ გამოიყენეს იმავე ინსტრუქციის მე-14 მუხლის მეორე ნაწილი. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის და საქმეში მესამე პირად ჩართული დ.კ-ისათვის უდავოდ ცნობილი იყო, რომ საპრივატიზაციო მიწის ნაკვეთზე განთავსებული იყო შპს „მბ...ის“ კუთვნილი სახსრებით აშენებული არა 78 კვ.მ, არამედ 60 კვ.მ ფართის დროებითი 1 ხის შენობა, ასევე გაურკვეველი (სავარაუდოდ უნებართვო და უპროექტო), მშენებარე N2 შენობა, რომლებზეც საკუთრების უფლების დამადასტურებელი არავითარი დოკუმენტი არ არსებობდა. მოქმედი „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის“ შესაბამის ნაწილში ბათილად ცნობის საკითხი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია (გადაწყვეტილება მიღებული არ არის). ამასთან, ამ გეგმის შედგენის დროს სავარაუდოდ ჩადენილ, არაერთ მძიმე კატეგორიის დანაშაულის ნიშნების შემცველ ქმედებებთან დაკავშირებით, ქ. თბილისის პროკურატურის წარმოებაშია სისხლის სამართლის საქმე N010241220802.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო პალატამ არავითარი სამართლებრივი შეფასება არ მისცა მოსარჩელის მიერ სააპელაციო სასამართლოში მითითებულ იმ ახალ ფაქტობრივ გარემოებას, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაშია მოქმედი „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით“ განსაზღვრული, თბილისში, სოფელ ...ში, თითქოს ...სა და ...ის ქუჩების დამაკავშირებელი N1 სატრანსპორტო ზონის (არარსებული ...ის ქუჩის) შეცვლასთან დაკავშირებული დავა. (აღნიშნულ საკითხზე ადმინისტრაციულმა ორგანომ მოსარჩელეს განუმარტა, რომ თითქოს მოქმედი „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით“ განსაზღვრული სატრანსპორტო ზონა 1 (ამ მონაკვეთში არარსებული ...ის ქუჩა), რომელზეც ფაქტობრივად განთავსებულია ორ მეტრზე მეტი სიმაღლის ე.წ. „ბეტონის“ კაპიტალური ღობეები, საჯარო სივრცეს წარმოადგენს და მასზე თავისუფლად გადაადგილდებიან საგზაო მოძრაობის მონაწილეები). თუ საქალაქო სასამართლო დააკმაყოფილებს მოსარჩელის მოთხოვნას და სადავო სატრანსპორტო ზონა 1 კვლავ გადმოტანილი იქნება სადავო აუქციონის წესით გასხვისებულ მიწის ნაკვეთზე, უპირობოდ, სრულად დაკმაყოფილდება განსახილველ საქმეზე სასარჩელო მოთხოვნა, სადავო მიწის ნაკვეთის უპირობო აუქციონის ფორმით გასხვისების გაუქმების თაობაზე.
კასატორის მოსაზრებით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სადავო მიწის ნაკვეთის აუქციონის წესით პრივატიზების პროცესში უხეშად დაარღვია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4, მე-5, 53-ე, 96-ე მუხლების მოთხოვნები. გაურკვეველია, რა აუცილებელი მოტივით შეეცვალა სადავო მიწის ნაკვეთს მიზნობრივი დანიშნულება, რომლის გარეშეც სააგენტოს არ ჰქონდა მისი გასხვისების უფლება. სადავო მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის გარეშე გასხვისების უფლება ექსკლუზიურად ეკუთვნოდა საქართველოს მთავრობას. აუქციონის მომზადებისა და ჩატარების დროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სრულყოფილად არ გამოიკვლია, ვისი კუთვნილი შენობები იყო განთავსებული სადავო მიწის ნაკვეთზე, რის საფუძველზე იყო აშენებული და არსებობდა თუ არა მათი აშენების ნებართვა. სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ არ განიხილა კასატორის საჩივარი, რომლის თანახმად, სადავო მიწის ნაკვეთის აუქციონის ფორმით გასხვისება არღვევდა არაერთი პირის კონსტიტუციურ უფლებას. ამავე სააგენტომ, სადავო მიწის ნაკვეთის არაერთი საკადასტრო ნახაზის შედგენის დროს, არ მიიღო არავითარი ღონისძიება, მისთვის ცნობილი ხაზობრივი ნაგებობების საკადასტრო ნახაზში შესატანად, რის შედეგადაც, დღემდე სადავო მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზში არ არის ასახული მონაცემები, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კუთვნილი სანიაღვრე კოლექტორის, მისი მკაცრი დაცვის სანიტარული ზონის, გამავალი საავტომობილო გზის, გაზმომარაგების ქსელისა და საავტომობილო გზის შესახებ. მიმდინარე პერიოდამდე, სადავო მიწის ნაკვეთის საკადატრო აზომვითი ნახაზით გაურკვეველია მასზე განთავსებული უპროექტო, უნებართვო და მშენებარე ორი შენობის ადგილმდებარეობა და განთავსების ადგილი. დღემდე გაურკვეველია, რატომ გაასხვისა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით აკრძალული საავტომობილო გზა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კუთვნილი სანიაღვრე კოლექტორის მკაცრი დაცვის სანიტარული ზონა. კასატორის განმარტებით, მიწის ნაკვეთების უკანონო, ფიქტიური და ფორმალური რეგისტრაციის შედეგად, საავტომობილო გზა, რომელზეც ეს მიწის ნაკვეთები უკანონოდ იყო რეგისტრირებული, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ დ.კ-ეზე გასხვისებამდე - 2019 წლის ივნისის თვემდე, ფაქტობრივად, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, კვლავ გამოიყენებოდა მოსარჩელისა და ამ მონაკვეთში მდებარე არაერთი ფიზიკური და იურიდიული პირის კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებთან მისასვლელ ერთადერთ საავტომობილო გზად. მიწაზე დ.კ-ის „შეუზღუდავი“ საკუთრების უფლება განაპირობებს კასატორის და სხვა მეზობელთა კონსტუტუციური უფლებების შელახვას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს „ს...ის“ საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „ს...ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
შპს „ს...ა“ წარმოადგენს ქალაქ თბილისში, სოფელ ...ში მდებარე, N... საკადასტრო კოდის მქონე 3394 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს. აღნიშნული მიწის ნაკვეთი არსებული სახით დარეგისტრირდა N... და N... მიწის ნაკვეთების გაერთიანების შედეგად. მათზე საკუთრების უფლება შპს „ს...ამ“ მოიპოვა 2005 და 2006 წლებში გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებებით, მ.ქ-სა და ზ.მ-საგან. თავის მხრივ, მ.ქ-სა და ზ.მ-ს საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტისა და უფლების რეგისტრაციის ამსახველი საკადასტრო გეგმების მიხედვით, N... და N... მიწის ნაკვეთებს ჩრდილოეთით ესაზღვრებოდათ გზა.
მცხეთის რაიონის სოფელი ...ის საკრებულოს 2006 წლის 17 აგვისტოს N322 მიმართვის საფუძველზე, ქალაქ თბილისში, სოფელ ...ში მდებარე 2200 კვ.მ ფართის N... სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, 2006 წლის სექტემბერში დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრების უფლება.
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 3 ოქტომბრის N5/30516 მიმართვის საფუძველზე, რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 8 ოქტომბრის N... გადაწყვეტილებით დაზუსტდა ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები. ამასთანავე, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 12 მარტის N399 განკარგულების საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 13 მარტის N... გადაწყვეტილებით განხორციელდა მიწის ნაკვეთის მიზნობრიობის ცვლილება (სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაცვლად, მითითებულ იქნა არასასოფლო-სამეურნეო).
ქალაქ თბილისში, სოფელ ...ში მდებარე, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 2200 კვ.მ ფართის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ ...) სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან დადებული ხელშეკრულებით, 2014 წლის 30 დეკემბერს იჯარით 5 წლის ვადით გადაეცა შპს „მბ...ას“ (დირექტორი დ.კ-ე).
2019 წლის 13 თებერვალს შპს „მბ...ამ“ N14655/9 განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და ქალაქ თბილისში, სოფელ ...ში მდებარე N... უძრავი ქონების აუქციონის მომზადება მოითხოვა.
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 18 თებერვლის N6/9822, N6/9821 და N6/9820 წერილებით ქალაქ თბილისის მერიის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურიდან, სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურიდან და შპს „ჯ...დან“ გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია, თუ რა პირობები უნდა შეესრულებინა მომავალ მესაკუთრეს, N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული ხაზობრივი ნაგებობის (ს/კ ..., წყალარინების დახურული სისტემის (კოლექტორი)) შემდგომში შეუფერხებელი ექსპლუატაციის უზრუნველყოფის მიზნით.
ზემოაღნიშნულ მოთხოვნასთან დაკავშირებით:
- შპს „თ...ის“ 2019 წლის 27 მარტის N62-01190861311 წერილით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ კომპანიის სანიაღვრე სამსახურის წარმომადგენლებმა ადგილზე გასვლით შეისწავლეს სააგენტოდან შესული წერილი და დადგინდა, რომ სოფელ ...ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) ნამდვილად გადიოდა სანიაღვრე კოლექტორი, კვეთით 4.0x3.0მ (ნაკვეთის წითელი ხაზიდან შიგნით დაახლოებით 11 მეტრში). არსებულ ტერიტორიაზე შენობა-ნაგებობის განთავსების შემთხვევაში, კოლექტორის კედლიდან შენობის ფუნდამენტამდე დაშორება უნდა ყოფილიყო არანაკლებ 5 მეტრი.
- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2019 წლის 30 მაისის N61-0119150198 წერილით სსიპ ქონების ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ N... საკადასტრო ერთეულის გამოყენებით კანალიზაციის ქსელის განთავსების შესახებ მიღებული იყო სსიპ ქონების მართვის სააგენტოს QN170262 გადაწყვეტილება. N61-0119150198 წერილის დანართის სახით სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ასევე წარედგინა შპს „ჯ...ს“ 2019 წლის 23 მაისის NOG-19-025-4122 წერილი, რომლის თანახმად, ადგილზე შემოწმებით დადგინდა, რომ N... მიწის ნაკვეთზე შპს „ჯ...ს“ ბალანსზე რიცხული ქსელები არ გაედინებოდა. მის მიმდებარედ გაედინებოდა წყალარინების D=800 მმ-იანი კოლექტორი და D=150 მმ-იანი ქსელი. წერილით განიმარტა წყალსადენ-წყალარინების ქსელებთან დაკავშირებით მოქმედებების განხორციელების საკანონმდებლო საფუძვლები და ფარგლები.
- 2019 წლის 25 თებერვალს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ჩაატარა N... მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერება. შედეგად, დადგინდა, რომ მიწის ნაკვეთის გეგმაზე დასატანებელი იყო არსებული შენობა-ნაგებობები. ამასთანავე, სააგენტომ მიუთითა, რომ მიწის ნაკვეთზე განთავსებული იყო მოძრავი ნივთები, რომელიც ეკუთვნოდა მოიჯარეს.
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2019 წლის პირველი მარტის N6/12599 გადაწყვეტილებით 90 დღის ვადით გაგრძელდა N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის პრივატიზების შესახებ შპს „ მბ...ის“ 2019 წლის 13 თებერვლის განცხადების განხილვის ვადა.
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 25 მარტის N1/1- 713 ბრძანებით დადგინდა მიმართვის წარდგენა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, ქალაქ თბილისში, სოფელ ...ში, ...ის ქუჩა N15-ში მდებარე N... უძრავი ნივთის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციისათვის. აღნიშნული ბრძანება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინა 2019 წლის 27 მარტის N... განცხადებით.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 28 მარტის N... გადაწყვეტილებით, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ, ქალაქ თბილისში, სოფელ ...ში, ...ის ქუჩა N15-ში მდებარე, N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავი ნივთის მონაცემებში განხორციელდა ცვლილების რეგისტრაცია - დაზუსტდა მიწის ნაკვეთის ფართობი და საკადასტრო გეგმაზე აისახა მიწის ნაკვეთზე არსებული შენობა-ნაგებობები.
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს N6/19568 მიმართვის საფუძველზე მომზადებული სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 16 აპრილის N002533719 დასკვნის თანახმად, ქალაქ თბილისში, სოფელ ...ში, ...ის ქუჩა N15-ში მდებარე, N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების მთლიანი საბაზრო ღირებულება 2019 წლის 15 აპრილის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენდა 619 664 ლარს.
სსიპ ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2019 წლის 2 მაისის N1/1- 1076 ბრძანებით, ქალაქ თბილისში, სოფელ ...ში, ...ის ქუჩა N15-ში მდებარე, N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 2201 კვ.მ ფართის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული N1 (ხის) და N2 (მშენებარე) შენობა-ნაგებობებით დაექვემდებარა პრივატიზებას ელექტრონული აუქციონის ფორმით. ქონების საწყის საპრივატიზებო თანხად განისაზღვრა 625 000 ლარი.
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2019 წლის 2 მაისის N1/1-1076 ბრძანების მიხედვით, 2019 წლის 2 მაისს ვებ-გვერდზე http://auction.tbilisi.gov.ge/ გამოქვეყნდა ინფორმაცია ამ ბრძანებით გათვალისწინებული ელექტრონული აუქციონის შესახებ. აუქციონის დასრულების დროდ მითითებულ იქნა აუქციონის ვებ-გვერდზე გამოცხადების მომენტიდან მე-15 კალენდარული დღის 17:00 საათი. აუქციონის შესახებ განაცხადი, რომელიც სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 2 მაისის N1/1-1076 ბრძანებით დამტკიცდა, საპრივატიზებო ქონებასთან დაკავშირებით შენიშვნის სახით ითვალისწინებდა შემდეგ მონაცემებს: „საპრივატიზებო ობიექტი გაცემულია დროებითი სარგებლობის უფლებით (იხილეთ ამონაწერი საჯარო რეესტრიდან); ფუნქციური ზონირების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ვებ-გვერდზე www.tas.ge; საპრივატიზებო მიწის ნაკვეთზე გადის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული, N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ხაზოვანი ნაგებობა (წყალარინების ქსელი); საპრივატიზებო მიწის ნაკვეთის ნაწილს კვეთს N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ხაზოვანი ნაგებობა (გაზმომარაგების ქსელი); საპრივატიზებო მიწის ნაკვეთზე გადის სანიაღვრე კოლექტორი, ტერიტორიაზე შენობა-ნაგებობის განთავსების შემთხვევაში კოლექტორის კედლიდან შენობის ფუნდამენტამდე დაცილება უნდა იყოს არანაკლებ 5 მეტრისა (ელექტრონული აუქციონის შესახებ ინფორმაციაში დანართის სახით ასევე აიტვირთა შპს „ჯ...ს“ წერილი); საპრივატიზებო ობიექტზე განთავსებული მოძრავი ქონება არ წარმოადგენს პრივატიზების საგანს“.
ქალაქ თბილისში, სოფელ ...ში, ...ის ქუჩა N15-ში მდებარე, N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 2201 კვ.მ ფართის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებზე გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულად გამოვლინდა დ.კ-ე, რომელმაც დააფიქსირა საპრივატიზებო ფასი - 628 000 ლარი.
2019 წლის 30 მაისს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს წარმომადგენელსა და დ.კ-ეს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება N... უ.უ, რომლითაც დ.კ-ეს საკუთრებაში გადაეცა ქალაქ თბილისში, სოფელ ...ში, ...ის ქუჩა N15-ში მდებარე, N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 2201 კვ.მ ფართის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული N1 (ხის) და N2 (მშენებარე) შენობა-ნაგებობებით, საპრივატიზებო თანხის - 628 000 ლარის გადახდის სანაცვლოდ.
2019 წლის 30 მაისს დ.კ-ემ N... განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, გარიგების საფუძველზე, ქალაქ თბილისში, სოფელ ...ში, ...ის ქუჩა N15-ში მდებარე, N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ 2201 კვ.მ ფართის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით. განცხადებასთან ერთად, სააგენტოს წარედგინა 2019 წლის 30 მაისით დათარიღებული N... უ.უ. ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, დ.კ-ეს 628 000 ლარად საკუთრებაში გაეცა N... უძრავი ქონება.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 4 ივნისის N... გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა დ.კ-ის N... განცხადება და N... საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ნივთზე დარეგისტრირდა მისი საკუთრების უფლება.
2019 წლის 22 აგვისტოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარედგინა შპს „ს...ის“ წარმომადგენლის - ზ.ჯ-ას ადმინისტრაციული საჩივარი, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 25 მარტის N1/1-713 ბრძანების, 2019 წლის 2 მაისის N1/1-1076 ბრძანების, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას N... უ.უ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და მითითებული აქტებით გათვალისწინებულ ქონებაზე ახალი აუქციონის ორგანიზების მოთხოვნით. საჩივრის საფუძვლად მითითებულ იქნა შემდეგი გარემოებები: შპს „ს...ა“ 2005-2006 წლებიდან წარმოადგენდა ქალაქ თბილისში, სოფელ ...ში მდებარე 3394 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს და აღნიშნულ მიწის ნაკვეთთან დასაკავშირებლად სარგებლობდა ...ის ქუჩისა და ...ის ქუჩის დამაკავშირებელი სატრანსპორტო გზის მონაკვეთით. სამშენებლო სამუშაოების დაწყების გამო, აღნიშნული გზა მოშალა სადავო აუქციონზე პრივატიზებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრემ. გარდა გზისა, სადავო აუქციონზე გატანილ მიწის ნაკვეთზე გადიოდა 5 სხვა სახის ხაზობრივი კომუნიკაცია (წყალარინების არხი, სამმეტრიანი დიამეტრის სანიაღვრე კოლექტორი, წყლის მომარაგების მილი, გარე განათების ბოძები), თუმცა აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციას არ შეიცავს მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებული მონაცემები, სადავო აუქციონთან დაკავშირებით გამოცემული აქტი და ხელშეკრულება, რაც წარმოადგენს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევას.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2019 წლის 30 აგვისტოს N04/6790 წერილით შპს „ს...ას“ დაევალა 2019 წლის 22 აგვისტოს ადმინისტრაციული საჩივრის დაზუსტება.
2019 წლის 22 აგვისტოს ადმინისტრაციული საჩივართან დაკავშირებით, შპს „ს...ის“ წარმომადგენელმა 2019 წლის 9 სექტემბრის N13211/12 განცხადებით განმარტა, რომ საჩივარში მითითებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის გარდა, მოთხოვნას წარმოადგენდა 2019 წლის 16 მაისს ჩატარებული N... აუქციონის ჩაშლილად გამოცხადება, ასევე სადავო ნივთის გასხვისების (პრივატიზების) მიზნით, ახალი, ღია აუქციონის გამოცხადების თაობაზე ბრძანების გამოცემა, რომელშიც აისახებოდა სრულყოფილი ინფორმაცია, ნივთის უფლებრივი და ნივთობრივი ნაკლის შესახებ, ვინაიდან საპრივატიზაციო ობიექტს გააჩნდა შეზღუდული სარგებლობის შესაძლებლობები.
2019 წლის 29 ოქტომბრის N15815/09 დაზუსტებული საჩივრით შპს „ს...ამ“ დამატებით მოითხოვა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს N1/1-2862 ბრძანებისა და ამავე აქტის საფუძველზე მომზადებული 2014 წლის 30 დეკემბრის იჯარის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2020 წლის 30 იანვრის N1-1/49 ბრძანებით, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზების ნასყიდობის ხელშეკრულებისა და იჯარის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ მოთხოვნის ნაწილში განუხილველად დარჩა შპს „ს...ის“ ადმინისტრაციული საჩივარი. დანარჩენ ნაწილში ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანების მიხედვით, სახელშეკრულებო დავა უნდა გადაწყვეტილიყო სასამართლოსთვის მიმართვის გზით, ხოლო სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემული იყო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. ამავე ბრძანებით, საავტომობილო გზით სარგებლობის შეზღუდვის თაობაზე პრეტენზიასთან დაკავშირებით, საჩივრის ავტორს განემარტა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლი და მითითებულ იქნა, რომ საჩივრის ავტორის კუთვნილი მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენდა N... მიწის ნაკვეთის მომიჯნავეს. ამასთანავე, არ დგინდებოდა, რომ საჩივრის ავტორის კუთვნილ მიწის ნაკვეთს შეეზღუდა ერთადერთი მისასვლელი გზით სარგებლობა.
საკასაციო პალატა თავდაპირველად იმ გარემოებაზე მიუთითებს, რომ შპს „ს...ა“ სრულად ასაჩივრებს ქალაქ თბილისში, სოფელ ...ში, ...ის ქუჩა N15-ში მდებარე 2201.00 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებულ აქტებს, თუმცა მისი რეალური ინტერესი უკავშირდება შესაბამისი მიწის ნაკვეთის იმ ნაწილს, რომელიც საავტომობილო გზას მოიცავს - კასატორის მოსაზრებით, ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთის კერძო საკუთრებაში რეგისტრაციით მას აღარ რჩება საკუთარ მიწის ნაკვეთთან მისასვლელი გზა. გარდა აღნიშნულისა, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველი დავის საგნის ფარგლები არ მოიცავს 2006 წელს სადავო მიწის ნაკვეთზე განხორციელებული პირველადი რეგისტრაციის, და რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 8 ოქტომბრის N... გადაწყვეტილებისა და სადავო მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების ცვლილების შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილებების კანონიერების შემოწმებას. ამდენად, უსაფუძვლოა კასატორის მითითება იმ გარემოებებზე, რომ მითითებული გადაწყვეტილებები მიღებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით და არ არსებობდა სადავო მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების ცვლილების შესახებ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილებას განეკუთვნება სახელმწიფო ქონების მართვა და განკარგვა. ამ უფლებამოსილების რეალიზების მიზნით, სააგენტო უფლებამოსილია, განახორციელოს მოქმედებები, რომლებიც შეიძლება საფუძვლად დაედოს მარეგისტრირებელ ორგანოში სახელმწიფოს საკუთრებად უძრავი ნივთის რეგისტრაციას ან რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების განხორციელებას. სააგენტო ასევე უფლებამოსილია, განახორციელოს მოქმედებები, რომლებიც უკავშირდება ფიზიკური პირის ან კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის სახელმწიფო ქონების სასყიდლით, აუქციონის საფუძველზე საკუთრებაში გადაცემას. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მეორე პუნქტის სადავო აქტების გამოცემის დროს მოქმედი რედაქციის შესაბამისად, სახელმწიფო ქონების განკარგვა შეიძლება განხორციელდეს ელექტრონული აუქციონის ფორმით. ამასთანავე, საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის N391 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების“ თანახმად, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილებაში შედის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი/მოძრავი ნივთის აუქციონის წესით, მათ შორის, ელექტრონული აუქციონის ფორმით პრივატიზება/რეალიზაცია და მასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება.
საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მითითებას, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ ზემოაღნიშნული უფლებამოსილების ფარგლებში შესაბამისი მოქმედებების განხორციელება სახელმწიფოს ერთპიროვნულ ნებას ეფუძნება. უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის/პრივატიზების პროცესის წამოწყება და აღნიშნულზე გადაწყვეტილების მიღება სახელმწიფოს ნების ავტონომიის სფეროს განეკუთვნება. იგი საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთშეჯერების შედეგია. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 25 მარტის N1/1-713 ბრძანებით გადაწყდა მიმართვის წარდგენა, N... საკადასტრო კოდით სახელმწიფოს საკუთრებად რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციის მიზნით, შესაბამისი მიწის ნაკვეთის ფართობის დაზუსტებისა და მასზე შენობა-ნაგებობების ასახვისათვის. ამავე ორგანოს 2019 წლის 2 მაისის N1/1-1076 ბრძანებით, სახელმწიფოს საკუთრებად რეგისტრირებული მითითებული მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული ნაგებობები დაექვემდებარა ელექტრონულ აუქციონზე გატანას. 2019 წლის 2 მაისის №1/1-1076 ბრძანება დანართის სახით შეიცავდა მონაცემებს საპრივატიზებო ქონების ფუნქციური ზონირების, მასზე გამავალი ხაზობრივი ნაგებობისა და სანიაღვრე კოლექტორის შესახებ. ამასთანავე, ბრძანება ადგენდა აუქციონის შესახებ განაცხადთან ერთად, შესაბამისი ინფორმაციის გამოქვეყნებას (სატრანსპორტო გზის შესახებ მონაცემების გაცნობა უზრუნველყოფილი იყო ვებ-გვერდზე - www.tas.ge). ამდენად, არ დასტურდება, რომ მითითებული აქტების გამოცემისას სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მხრიდან ადგილი ჰქონდა კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევას და გარემოებათა არასწორად გამოკვლევას. არ დგინდება, რომ აღნიშნული აქტები პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის N39-18 დადგენილებით დამტკიცებული „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის“ 48-ე მუხლის შესაბამისად, სატრანსპორტო ზონა მოიცავს თბილისის განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში ან/და საზღვრებს გარეთ არსებული/დაგეგმილი ტრანსპორტის/ქვეითის გადაადგილებისთვის განკუთვნილ გზებს/ქუჩებს, მოედნებს, გზატკეცილებს, ხიდებს, გზაგამტარებს, სარკინიგზო ხაზებს (გასხვისების ზოლის ჩათვლით), მეტროპოლიტენის მიწისზედა ხაზებს, ტრამვაის ხაზებს, ტროტუარებს, ტროტუარის მიმდებარე გაზონს, ზღუდარებს, ქუჩის მომიჯნავე გამწვანებულ ზოლებს, უსაფრთხოების კუნძულებს, გამწვანებულ გზაგამყოფებს, მიწისქვეშა ნაგებობებს, ავტოსადგომებს, ავტოგასამართ სადგურებს ან ავტოგასამართ კომპლექსებს, აირგასამართ ან აირსავსე საკომპრესორო სადგურებს, გზატკეცილების გასხვისების ზოლებს და სადგურებს (მათ შორის აეროსადგურები, საწყლოსნო სადგურები, ავტოსადგურები, რკინიგზის სადგურები). ამასთან, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის N14-39 დადგენილებით დამტკიცებული „თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების“ მე-16 მუხლი სატრანსპორტო ზონაზე გამორიცხავს ყოველგვარ მშენებლობას, გარდა ამ წესების მე-15 მუხლით განსაზღვრული ქვეზონით მოცული ნაგებობებისა. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის N39-18 დადგენილებით დამტკიცებული „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით“, სადავო აქტით გათვალისწინებულ და მოსარჩელის კუთვნილ მიწის ნაკვეთებზე განსაზღვრულია სატრანსპორტო ზონა, საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა და საცხოვრებელი ზონა. ამასთანავე, სატრანსპორტო ზონა უზრუნველყოფს შესაბამისი პირების უფლების კუთვნილ მიწის ნაკვეთამდე მისვლას. საგულისხმოა, რომ მოსარჩელის მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენს სადავო N... მიწის ნაკვეთის მომიჯნავეს და არ დგინდება, რომ მის კუთვნილ მიწის ნაკვეთს შეეზღუდა ერთადერთი მისასვლელი გზით სარგებლობა. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქმეში არსებულ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს 2020 წლის 11 მაისის N002621620 დასკვნას, რომლის თანახმად, ქ. თბილისის მერიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე არსებული ინფორმაციის მიხედვით, ...ის ქუჩასა და ...ის ქუჩებს შორის არსებული სატრანსპორტო ზონის ძირითადი ნაწილი (...ის ქუჩა) გადის N..., N..., N..., N..., N..., N..., N..., N... და N... მიწის ნაკვეთებზე. ამასთანავე, აღნიშნული სატრანსპორტო ზონის მცირე ნაწილი გადის N..., N...და N... მიწის ნაკვეთებზეც. ამავე დასკვნის შესაბამისად, თბილისში, სოფელ ...ში, ...ის ქუჩა N44-ში მდებარე, N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან ავტომობილით მისასვლელად (აუცილებელი საავტომობილო კავშირი საჯარო გზასთან) არ არის აუცილებელი N... მიწის ნაკვეთის გამოყენება, ვინაიდან არსებობს სხვა ალტერნატიული გზებიც N... მიწის ნაკვეთთან მოსახვედრად. ამდენად, უსაფუძვლოა მოსარჩელის პრეტენზია, გზით სარგებლობის უფლების დამატებით გარანტიებთან დაკავშირებით.
ზემოაღნიშნული აქტების კანონიერების დადასტურების პირობებში, საკასაციო პალატა ასევე მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს დასკვნებს, რომლებიც უკავშირდება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 25 მარტის N1/1-713 ბრძანებაზე და 2019 წლის 2 მაისის N1/1-1076 ბრძანებაზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგების კანონიერებას. „ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2020 წლის 30 იანვრის N1-1/49 ბრძანება კანონიერია და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძვლები. ამასთანავე, გაურკვეველია მოსარჩელის ინტერესი სამინისტროს 2019 წლის 30 აგვისტოს N04/6790 აქტის ბათილად ცნობასთან მიმართებაში, იმ პირობებში, როდესაც აღნიშნული წერილის საფუძველზე, ადმინისტრაციული საჩივრის არსებითად განხილვის მიზნით, მოსარჩელემ წარადგინა განმარტებები მის ინტერესში არსებულ სადავო საკითხთან დაკავშირებით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 31 მუხლის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პრივატიზებისას, პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოსა და ქონების შემძენს შორის იდება შესაბამისი ხელშეკრულება, რომელიც საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციისა და შესაბამისი ვალდებულებების (მათ შორის, ასეთის არსებობის შემთხვევაში, საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულების) წარმოშობის საფუძველია.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ქალაქ თბილისში, სოფელ ...ში, ...ის ქუჩა N15-ში მდებარე, N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 2201 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებზე გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულად გამოვლინდა დ.კ-ე. შესაბამისად, 2019 წლის 30 მაისს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და დ.კ-ეს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, მითითებული უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის თაობაზე, საპრივატიზებო თანხის გადახდის სანაცვლოდ. საკასაციო პალატამ მართებულად მიიჩნია ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნები, რომლებიც უკავშირდება სადავო აუქციონის გამოცხადებისას და მისი მიმდინარეობის პროცესში აუქციონში გამარჯვებული პირის გამოვლენისას კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვას. შესაბამისად, უსაფუძვლოა სასარჩელო მოთხოვნა, აუქციონის შედეგებიდან გამომდინარე, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას 2019 წლის 30 მაისის N... უ.უ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. განცხადებას უნდა დაერთოს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. ამასთან, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. პალატა ასევე მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის N4 ბრძანებით დამტკიცებულ „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციაზე“, რომლითაც სააგენტო იღებდა გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობდა რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები. თუ რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება ზღუდავდა მესამე პირის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილი პირი ვალდებული იყო აღნიშნული გადაწყვეტილება სათანადოდ დაესაბუთებინა, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით („ინსტრუქციის“ მე-18 მუხლი).
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სადავო 2019 წლის 28 მარტის N... და 2019 წლის 4 ივნისის N... გადაწყვეტილებების მიღებისას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მოქმედებდა მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, არ დგინდება, რომ სადავო რეგისტრაციების განხორციელებით შეიზღუდა მესამე პირთა კანონიერი უფლებები ან/და ინტერესები. დადგენილია, რომ მოსარჩელის ინტერესში არსებული სადავო სატრანსპორტო ზონის ძირითადი ნაწილი გადის N... საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთის სამხრეთით. N... საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთზე ვრცელდება მისი მცირე ნაწილი. ამასთანავე, მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ N... მიწის ნაკვეთს ჩრდილოეთით ესაზღვრება კერძო საკუთრებად რეგისტრირებული N... მიწის ნაკვეთი, რომელზეც არ ფიქსირდება სერვიტუტი ან აუცილებელი გზით სარგებლობის უფლება. ამავე მიწის ნაკვეთს დასავლეთით და აღმოსავლეთი ესაზღვრება კერძო საკუთრებაში არსებული N... და N... მიწის ნაკვეთები. გზის ფუნქციით გამოსაყენებელი ტერიტორიის ძირითადი ნაწილი გადის როგორც მოსარჩელის N... მიწის ნაკვეთზე, ისე აღნიშნული ნაკვეთის აღმოსავლეთით მდებარე N..., N..., N..., N...მიწის ნაკვეთებზე, ასევე, მოსარჩელის მიწის ნაკვეთის დასავლეთით მდებარე მიწის ნაკვეთებზე, თუმცა სატრანსპორტო ზონა მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთის დასავლეთით ძირითადად შეესაბამება მიწის ნაკვეთის იმ მონაკვეთს, რომელიც გამოიყენება გზის ფუნქციით, განსხვავებით მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთის აღმოსავლეთით არსებული მდგომარეობისა, სადაც სატრანსპორტო ზონის მონაკვეთი არ ხასიათდება გზისთვის დამახასიათებელი ნიშნებით. სადავო აქტებით გათვალისწინებულ N... მიწის ნაკვეთს ფარავს სატრანსპორტო ზონის მცირე ნაწილი - 218 კვ.მ ფართზე. ამდენად, არ დასტურდება, რომ სადავო აქტებით გათვალისწინებულ N... მიწის ნაკვეთს გააჩნია გზის ფუნქცია. ამასთანავე, ამგვარი მტკიცება შეუსაბამოა დედაქალაქი მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მონაცემებთან და არსებული განაშენიანების მახასიათებლებთან. სააპელაციო პალატამ სწორად აღნიშნა, რომ სადავო აქტების გამოცემამდე, ამ აქტებით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის გზის ფუნქციით გამოყენების მტკიცება ვერ ჩაითვლება შესაბამის ნაკვეთზე გზით სარგებლობის უფლების დადგენის საფუძვლად.
საკასაციო პალატა ასევე იმსჯელებს 2023 წლის 17 მაისს მესამე პირის - დ.კ-ის მიერ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილ შუამდგომლობაზე, რომელიც შეეხება წარმომადგენლის დახმარებისათვის გადახდილი (გადასახდელი) ხარჯის მოსარჩელეზე დაკისრებას. კერძოდ, მესამე პირი ითხოვს, დ.კ-ის მიერ 2023 წლის 15 მაისს გადახდილი 3818 ლარის (1500 აშშ დოლარის ექვივალენტი) ანაზღაურებას (თანხის ანგარიშსწორება ადვოკატისათვის განხორციელდა 2021 წლის 12 აპრილის საადვოკატო მომსახურების ხელშეკრულებისა და მასში ცვლილების შეტანის შესახებ 2023 წლის 15 მაისის შეთანხმების საფუძველზე, რომელიც წარმოდგენილია განცხადებასთან ერთად. განცხადებას ასევე ერთვის 3818 ლარის ანგარიშსწორების დამადასტურებელი დოკუმენტი). მესამე პირი ასევე ითხოვს საქმის წარმატებით დასრულებისათვის გადასახდელი 2500 აშშ დოლარის ანაზღაურებას, რომლის გადახდის ვალდებულებაც დ.კ-ეს განესაზღვრა 2021 წლის 12 აპრილის საადვოკატო მომსახურების ხელშეკრულებით და მისი გადახდის ვალდებულების შესრულება დამოკიდებული იყო სამართალწარმოების დასრულებაზე. განმცხადებლის განმარტებით, ხარჯების სახით ანაზღაურებას ექვემდებარება როგორც წინასწარ გადახდილი, ისე საქმის შედეგზე ორიენტირებით კლიენტის მიერ ადვოკატისთვის საქმის დასრულების შემდეგ გადასახდელი თანხაც. შესაბამისად, განცხადებაში მითითებული თანხა მოწინააღმდეგე მხარეს სრულად უნდა დაეკისროს.
მესამე პირმა ზემოაღნიშნულ განცხადებას დაურთო 2023 წლის 15 მაისის შეთანხმება „ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანისა და საადვოკატო მომსახურების საფასურის მეორე ტრანშის შესრულების შესახებ“. აღნიშნული შეთანხმების მიხედვით, ადვოკატმა პ.კ-ემ და კლიენტმა დ.კ-ემ დაადასტურეს, რომ მათ შორის 2021 წლის 12 აპრილს დაიდო საადვოკატო მომსახურების ხელშეკრულება, რომლის საგანსაც წარმოადგენდა კლიენტის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება და ინტერესების დაცვა თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში არსებული N3/6709-19 საქმის ფარგლებში. საქმის წარმოება ასევე მოიცავდა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებსაც. ხელშეკრულების მე-4 მუხლით განისაზღვრა საადვოკატო მომსახურების ფინანსური პირობები. 2023 წლის 15 მაისის შეთანხმების მიხედვით, მხარეთა შორის 2021 წლის 12 აპრილს დადებული იურიდიული მომსახურების ხელშეკრულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „1. საადვოკატო მომსახურების საფასური განისაზღვრება შემდეგი პირობებით: ა) პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის წარმოების ფარგლებში წარმომადგენელობითი უფლებამოსილებისა და შესაბამისი საპროცესო მოქმედებების განხორციელებასთან დაკავშირებული მომსახურების საფასური შეადგენს 2500 (ორიათას ხუთასი) აშშ დოლარის ექვივალენტ ლარს, რომლის ანაზღაურება უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს 2021 წლის 21 აპრილისა; ბ) მეორე ინსტანციის სასამართლოში საქმის წარმოების ფარგლებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილებისა და შესაბამისი საპროცესო მოქმედებების განხორციელებასთან დაკავშირებული მომსახურების საფასური შეადგენს 1500 (ათას ხუთასი) აშშ დოლარის ექვივალენტ ლარს, რომლის ანაზღაურება უნდა განხორციელდეს აღნიშნული ინსტანციის სასამართლოში საქმის წარმოების დასრულების შემდეგ ან საკასაციო სასამართლოში საქმის წარმოების სტადიაზე, თუ მეორე ინსტანციის მიერ მიღებული სასამართლო აქტი გასაჩივრებას დაექვემდებარება. შესაბამისად, აღნიშნული თანხა გათვალისწინებულია საკასაციო სასამართლოში საქმის წარმოების ეტაპისთვისაც.“
ამავე შეთანხმებით მხარეებმა დაადასტურეს, რომ 2021 წლის 12 აპრილს დადებული ხელშეკრულებისა და მასში წინამდებარე შეთანხმებით განხორციელებული ცვლილების საფუძველზე, კლიენტმა ხელშეკრულების მე-4 მუხლის ქვეპუნქტით გათვალისწინებული, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში საქმის წარმოების ეტაპებთან დაკავშირებული მომსახურების საფასურის გადახდა განახორციელა 2023 წლის 15 მაისს. აღნიშნული გარემოება დასტურდება სს „...ის“ 2023 წლის 15 მაისის N... საგადახდო დავალებით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების იმ ოდენობის მაქსიმუმს, რომელიც შეიძლება დაეკისროს მეორე მხარეს. ამ მაქსიმუმის ფარგლებში, სასამართლოს შეუძლია, თავისი შეხედულებით, გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა, რომელიც მეორე მხარეს უნდა დაეკისროს.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მეორე პუნქტიდან გამომდინარე, ადვოკატს ეკისრება კლიენტის საქმის წარმოებასთან დაკავშირებით, ამ უკანასკნელისათვის ყველა ფინანსური ვალდებულების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. ამასთანავე, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთი განჩინებით განმარტა, რომ კლიენტის საქმის წარმოებასთან დაკავშირებული ფინანსური ვალდებულება, სასამართლო ხარჯების გარდა, ადვოკატისათვის გადასახდელ ჰონორარსაც მოიცავს (იხ. მაგ.: სუს 2021 წლის 25 მარტის Nას-1117-2020, 2021 წლის 12 ნოემბრის Nას-413-2021, 2022 წლის 24 ოქტომბრის Nას-501-2022 განჩინებები). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადვოკატსა და და კლიენტს შორის შეთანხმების ფარგლებში, არსებობს შესაძლებლობა, კონკრეტული ოდენობით განისაზღვროს ადვოკატისათვის გადასახდელი გასამრჯელო, თუმცა, წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული საქმეზე დამდგარი საბოლოო შედეგი, საქმის მოცულობა, მისი ფაქტობრივ-სამართლებრივი სირთულე, წარმომადგენლობითი ფუნქციის განხორციელების ინტენსივობა, ხანგრძლივობა და სხვა გარემოებები. ამავდროულად, იმის გათვალისწინებით, რომ საადვოკატო მომსახურების ჰონორარის ოდენობის შესახებ მოწესრიგებას არ შეიცავს „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონი ან ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსი, ჰონორარის გაანგარიშებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ადვოკატის მიერ თითოეულ სასამართლო ინსტანციაში გაწეული მომსახურებისათვის გადასახდელი შესაბამისი ჰონორარის მართებულობა და თანხის ოდენობა უნდა განისაზღვროს სამართლიანად. „..ადვოკატის მიერ ჰონორარის, მათ შორის წარმატების ჰონორარის გამოანგარიშების საკითხთან მიმართებაში უნდა შეაფასოს დადგენილი გასამრჯელოს სამართლიანობა..“(სუს 2017 წლის 12 ოქტომბრის Nას-1161-1116-2016 გადაწყვეტილება).
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, კასატორისათვის მესამე პირის სასარგებლოდ შესაბამისი საპროცესო ხარჯისა და ჰონორარის თანხის დაკისრების მიზნებისათვის, გათვალისწინებულ უნდა იქნეს, რომ ადვოკატი რეალურად ორი ინსტანციის სასამართლოში წარმოადგენდა კლიენტს, საიდანაც პირველი ინსტანციის სასამართლოში წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯი მხარეს ანაზღაურებული აქვს. საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვა მიმდინარეობდა ზეპირის მოსმენის გარეშე, ამავდროულად, მესამე პირს არ წარმოუდგენია წერილობითი მოსაზრება მოსარჩელე მხარის საკასაციო საჩივართან დაკავშირებით. საკასაციო პალატა თვლის, რომ ადვოკატის მიერ ქვედა ინსტანციის სასამართლოში გაწეული საადვოკატო მომსახურების, მის მიერ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს, დახარჯული დროის, ასევე, უკვე ანაზღაურებული თანხის ოდენობის გათვალისწინებით, საადვოკატო მომსახურებისათვის გადახდილი გასამრჯელოს მართებულ, გონივრულ და მიღებული მომსახურების შესატყვის ოდენობას წარმოადგენს 500 ლარი. ამდენად, მესამე პირის - დ.კ-ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ: შპს „ს...ას“, წარმომადგენლის დახმარებისათვის გადახდილი ხარჯისა და საქმის წარმატებით დასრულებისათვის გადასახდელი თანხის სახით, დ.კ-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 500 (ხუთასი) ლარის ანაზღაურება.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, შპს „ს...ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის პირობებში, შპს „ს...ას“ (საიდენტიფიკაციო კოდი - ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივართან დაკავშირებით 2022 წლის 16 დეკემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 (სამასი) ლარის 70% - 210 (ორას ათი) ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ს...ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 ოქტომბრის განჩინება;
3. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს მესამე პირის - დ.კ-ის შუამდგომლობა: შპს „ს...ას“, წარმომადგენლის დახმარებისათვის გადახდილი ხარჯისა და საქმის წარმატებით დასრულებისათვის გადასახდელი თანხის სახით, დ.კ-ის სასარგებლოდ დაეკისროს 500 (ხუთასი) ლარის ანაზღაურება.
4. შპს „ს...ას“ (საიდენტიფიკაციო კოდი - ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივართან დაკავშირებით 2022 წლის 16 დეკემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 (სამასი) ლარის 70% - 210 (ორას ათი) ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე