Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-347(კ-21) 18 ივლისი, 2023 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბიძინა სტურუა, გენადი მაკარიძე

კასატორები (მოსარჩელე ს.ზ-ის უფლებამონაცვლეები) - ი.შ-ი, ნ.შ-ი

პროცესუალური მოწინააღმდეგეები (მოპასუხეები) - მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია; მ.ლ-ი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 09 თებერვლის განჩინება

დავის საგანი - ხელშეკრულების გაუქმება, მესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2013 წლის 11 დეკემბერს ს.ზ-მა სარჩელით მიმართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების - მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და მ.ლ-ის მიმართ, რომლითაც მცხეთის მუნიციპალიტეტსა და მ.ლ-ს შორის 2012 წლის 11 ოქტომბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმება და ...ის დევნილთა დასახლების №... კოტეჯზე ს.ზ-ის მესაკუთრედ ცნობა მოითხოვა.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის აგრესიამდე ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში ცხოვრობდა შვილთან, ვ.შ-თან ერთად. 2008 წლის დეკემბერში დევნილ მოსახლეობაზე კოტეჯების განაწილებისას ...ის ლტოლვილთა დასახლებაში გამოეყო კოტეჯი №.... 2008-2009 წლებში №... კოტეჯში რეგისტრირებული იყო მხოლოდ ორი პირი: ს.ზ-ი და მისი შვილი ვ.შ-ი. მოსარჩელის მითითებით, ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 2010 წლის 20 მაისს №909 წერილით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს და მოითხოვა მ.ლ-ი გ-ის დარეგისტრირება ...ის დევნილთა დასახლების №... კოტეჯში, 2010 წლის 27 ივლისს №... წერილით კი მოითხოვა ს.ზ-ის ნაცვლად მ.ლ-ის დარეგისტრირება ...ის დევნილთა დასახლების №... კოტეჯში ოჯახის უფროსად. ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობას ზემოხსენებული გარემოებების შესახებ ს.ზ-ისათვის არ შეუტყობინებია და არც თანხმობა მიუღია მისგან.

მ.ლ-ის ოჯახის უფროსად დარეგისტრირება №... კოტეჯში განხორციელდა ბოლის თემის რწმუნებულის, მ.ლ-ის მამის - რ. გ-ის ინიციატივით, რომელმაც ისარგებლა თავისი თანამდებობით და შვილი ჯერ დაარეგისტრირა №... კოტეჯში, ხოლო შემდგომ - ოჯახის უფროსად. ამასთან, უკანონოდ და ყალბი დოკუმენტების წარდგენით მოხდა მ.ლ-ისათვის დევნილის სტატუსის მინიჭება - იგი აგრესიის დროს არ ყოფილა სოფელ ...ის მუდმივი მაცხოვრებელი და მით უფრო ს.ზ-ის ოჯახის წევრი. ახალგორის მუნიციპალიტეტის 2013 წლის 03 სექტემბრის №2-0867 წერილში განმარტებულია, რომ სია და დოკუმენტაცია, სადაც ოჯახის უფროსად ...ის დევნილთა დასახლების №... კოტეჯში მითითებულია მ.ლ-ი, შეიქმნა ბოლის თემის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის, რ.გ-ის (მ.ლ-ის მამა) მითითებით. აღნიშნული ინფორმაცია კომპიუტერში მუშავდებოდა ელექტრონულად და ზემდგომ უწყებებშიც იგზავნებოდა ელექტრონულად. აღნიშნული ინფორმაცია გადაგზავნილი იქნა მცხეთის მუნიციპალიტეტში, ხოლო მცხეთის მუნიციპალიტეტიდან - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში. საბოლოოდ იგივე ინფორმაცია პრივატიზაციის საკითხის გადასაწყვეტად გადაგზავნილი იქნა საქართველოს პრეზიდენტთან, რის საფუძველზეც პრეზიდენტმა 2012 წლის 20 სექტემბერს მიიღო №20/09/01 განკარგულება პრივატიზების შესახებ და დანართში მითითებული ქონება პირდაპირი მიყიდვის ფორმით 1 ლარად საკუთრებაში გადაეცათ ოჯახის უფროსებს. 2012 წლის 11 ოქტომბერს მცხეთის მუნიციპალიტეტსა და მ.ლ-ს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება და მ.ლ-ს, როგორც ოჯახის უფროსს, საკუთრების უფლება უკანონოდ გადაეცა ...ის დევნილთა დასახლების №... კოტეჯზე.

მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 16 დეკემბრის განჩინებით ს.ზ-ს უარი ეთქვა სარჩელის მიღებაზე, რაც მოსარჩელემ კერძო საჩივრით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 16 იანვრის განჩინებით ს.ზ-ის კერძო საჩივარი განსახილველად გადაეცა უფლებამოსილ - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 04 მარტის განჩინებით ს.ზ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 16 იანვრის განჩინება და საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს საქმის ადმინისტრაციულ კოლეგიაში გადაგზავნის მიზნით.

მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 7 აპრილის განჩინებით, საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 25 სექტემბრის განჩინებით საქმის წარმოება შეჩერდა თბილისის საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციული სამართლის წესით განსახილველი №3/3687-13 საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე.

მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 ივნისის განჩინებით განახლდა საქმის წარმოება; მოსარჩელე ს.ზ-ი შეიცვალა უფლებამონაცვლეებით - ი.შ-ითა და ნ.შ-ით (მოსარჩელის გარდაცვალების გამო).

მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით ი.შ-ისა და ნ.შ-ის (ა.წ. გარდაცვლილი ს.ზ-ის უფლებამონაცვლეების) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და მ.ლ-ს შორის დადებული 2012 წლის 11 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულება; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და მ.ლ-ს შორის, საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 20 სექტემბრის №20/09/01 განკარგულების საფუძველზე, 2012 წლის 11 ოქტომბერს დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება. ხელშეკრულებით მყიდველს - მ.ლ-ს გადაეცა პირობადადებული საკუთრების უფლება მცხეთის რაიონის სოფელ ...ში მდებარე №... სახლზე. ხელშეკრულების 2.2. პუნქტის თანახმად, მყიდველი ვალდებული იყო ს.ზ-ი და ვ.შ-ი უზრუნველეყო საცხოვრებელი ფართით მისთვის გადაცემულ ქონებაში. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, მცხეთის რაიონის სოფელ ...ში მდებარე №... სახლი 2012 წლის 17 ოქტომბერს საჯარო რეესტრში აღირიცხა მ.ლ-ის საკუთრებად. კოლეგიის მითითებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 17 დეკემბრის (საქმე №3/7395-15) კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, ს.ზ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 20 სექტემბრის №20/09/01 განკარგულება დანართში 561-ე ნომრად მითითებულ №... კოტეჯში ოჯახის უფროსად დაფიქსირებული მ.ლ-ის ნაწილში. აგრეთვე ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს მთავრობის 2012 წლის 18 სექტემბრის №1766 განკარგულება დანართში 578-ე ნომრად მითითებულ №... კოტეჯში ოჯახის უფროსად დაფიქსირებული მ.ლ-ის ნაწილში. ამასთან, საქართველოს პრეზიდენტს დაევალა ცვლილების თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც 2012 წლის 20 სექტემბრის №20/09/01 განკარგულების დანართში 561-ე ნომრად მითითებულ №... კოტეჯში ოჯახის უფროსად მიეთითებოდა ს.ზ-ი. საქართველოს მთავრობას დაევალა ცვლილების თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც 2012 წლის 18 სექტემბრის №1766 განკარგულების დანართში 578-ე ნომრად მითითებულ №... კოტეჯში ოჯახის უფროსად მიეთითებოდა ს.ზ-ი. ამავე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ კოტეჯის მ.ლ-ის საკუთრებაში გადაცემა გამოწვეული იყო იმით, რომ მ.ლ-ი ს.ზ-ისა და ვ.შ-ის ოჯახის წევრად და ოჯახის უფროსად ფიქსირდებოდა. ამასთან, საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 20 სექტემბრის №20/09/01 განკარგულებითა და საქართველოს მთავრობის 2012 წლის 18 სექტემბრის №1766 განკარგულებით დანართში მითითებული №... კოტეჯის მიმღებ პირთა ნათესაური კავშირი არ შეფასებულა. აღნიშნული გარემოება სწორედ ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით დადგინდა. შესაბამისად, სასამართლომ დაასკვნა, რომ უკვე დადგენილი, მათ შორის კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოებები ადასტურებდა სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ოჯახის უფროსად მ.ლ-ის მითითების მცდარობას.

მცხეთის რაიონული სასამართლოს მითითებით, ზემოხსენებული გარემოებების გათვალისწინებით, 2012 წლის 11 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც სადავო უძრავი ქონება აღირიცხა მ.ლ-ის სახელზე, ვერ ინარჩუნებდა იურიდიულ ძალას. ამდენად, სარჩელის დაკმაყოფილებით სახეზე იყო მხარის იურიდიული ინტერესი. კოლეგიამ აღნიშნა, რომ მეორე სასარჩელო მოთხოვნა არ წარმოადგენდა ძირითადი სარჩელის თანმდევ შედეგს. კონკრეტულ შემთხვევაში სადავო უძრავ ქონებაზე მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის 25.06.2018წ. №11438 განაცხადის საფუძველზე რეგისტრირებული მონაცემები გაუქმებული იყო. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის კანონიერ ძალაში შესული 2015 წლის 17 დეკემბრის (საქმე №3/7395-15) გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 20 სექტემბრის №20/09/01 განკარგულება №... კოტეჯში ოჯახის უფროსად მ.ლ-ის მითითების შესახებ.

აღნიშნულ განკარგულებას საფუძვლად დაედო ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს 2005 წლის 25 მარტის №1190 კანონის 191 მუხლის მე-11 და მე-14 პუნქტების მოთხოვნები. აღნიშნული კანონი კი 2014 წლის 05 თებერვლის №1958 საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ ამოქმედებიდან ძალადაკარგულად იქნა ცნობილი. ,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად დაინტერესებული პირთათვის დღეის მდგომარეობით უძრავი ქონების გადაცემის თაობაზე მოქმედებდა გარკვეული რეგულაციები. სასამართლოს წესით კი დაინტერესებულ პირთა მიმართ საკუთრების უფლების აღიარება გარკვეული პროცედურების გარეშე იყო შეუძლებელი, რის გამოც მოთხოვნის ამ ნაწილში მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ნ. და ი. შ-ებმა და მ.ლ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 8 თებერვლის განჩინებით მ.ლ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 9 თებერვლის განჩინებით ი.შ-ის და ნ.შ-ის (ა.წ. გარდაცვლილი ს.ზ-ის უფლებამონაცვლეები) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ №... კოტეჯის მ.ლ-ის საკუთრებაში გადაცემა გამოწვეული იყო იმ გარემოებით, რომ მ.ლ-ი ს.ზ-ისა და ვ.შ-ის ოჯახის წევრად და ოჯახის უფროსად ფიქსირდებოდა. პალატის მითითებით, ასევე მართებულად გამახვილდა ყურადღება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებაზე და კოლეგიამ მართებულად განმარტა, რომ უკვე დადგენილი გარემოებები, მათ შორის კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოებები ადასტურებდნენ სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტებში ოჯახის უფროსად მ.ლ-ის მითითების მცდარობას. პალატის განმარტებით, იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და გაუქმდა 2012 წლის 11 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულება, მეორე მოთხოვნა არ წარმოადგენდა ძირითადი მოთხოვნის თანმდევ შედეგს და კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების გვერდის ავლით დაინტერესებულ პირთა მიმართ საკუთრების უფლების აღიარება სასამართლო წესით ვერ განხორციელდებოდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 9 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ნ. და ი. შ-ებმა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვეს.

კასატორები აღნიშნავენ, რომ მოსარჩელეთა ძირითადი მოთხოვნა არის არა 2012 წლის 11 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმება, არამედ მცხეთის რაიონის სოფელ ...ის დევნილთა დასახლების №... კოტეჯზე ი.შ-ის და ნ.შ-ის საკუთრების უფლების აღიარება, რომლის მიღწევისათვის სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით 2013 წლიდან იბრძოდა ს.ზ-ი. კასატორთა მითითებით, ახალგორის რაიონის დევნილ მოსახლეობაზე საცხოვრებელი კოტეჯების განაწილებისას, 2008 წლის დეკემბერში, ...ის დევნილთა დასახლებაში №... კოტეჯი გამოეყო ახალგორიდან დევნილ ოჯახს - ს.ზ-ს (ოჯახის უფროსი) და მის შვილს - ვ.შ-ს. ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 2010 წლის 20 მაისს №909 წერილით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს და ითხოვა, ...ის დევნილთა დასახლებაში №... კოტეჯში ოჯახის წევრად მ.ლ-ი - გ-ის დარეგისტრირება. 2010 წლის 27 ივლისის №... წერილით გამგეობამ ითხოვა ...ის დევნილთა დასახლებაში №... კოტეჯში ოჯახის უფროსად ს.ზ-ის ნაცვლად მ.ლ-ის დარეგისტრირება. ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზემოაღნიშნულ წერილებს საფუძვლად დაედო ბოლის თემის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის რ. გ-ის (მ.ლ-ის მამა) ზეპირი ცნობები. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე შევსებული განაცხადის მიხედვით, ...ის დასახლებაში მდებარე №... კოტეჯის დაკანონების თაობაზე განაცხადი შევსებულია ლ-ის მიერ, სადაც ოჯახის შემადგენლობაში მითითებულია - მ.ლ-ი ოჯახის უფროსი, ს.ზ-ი და ვ.შ-ი - ოჯახის წევრები. მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2012 წლის 04 სექტემბერს №510 წერილით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და აცნობა, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო თანახმა იყო დანართში მითითებულ საცხოვრებელ კოტეჯებში, მათ შორის №... კოტეჯში (ოჯახის წევრები: მ.ლ-ი (ოჯახის უფროსი), ს.ზ-ი, ვ.შ-ი) მცხოვრები პირების მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება განხორციელებულიყო სიმბოლურ ფასად - 1 ლარად. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 2012 წლის 11 სექტემბერს №06/19399 წერილით საქართველოს პრემიერ მინისტრს წარუდგინა მცხეთის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების და მცხეთის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების პროექტის მოწონების თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულება. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 18 სექტემბრის №1766 განკარგულებით, ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მოწონებული იქნა საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების პროექტი მცხეთის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ. საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 20 სექტემბრის განკარგულებით, ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 პრიმა მუხლის მე-11 და მე-14 პუნქტების შესაბამისად, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში არსებული, ამავე განკარგულების დანართში მითითებული ქონება პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად - 1 ლარად საკუთრებაში გადაეცათ ამავე დანართში მითითებულ პირებს (ოჯახის უფროსებს). განკარგულების დანართის შესაბამისად №... კოტეჯის მიმღებ პირად დაფიქსირდა მ.ლ-ი, როგორც ოჯახის უფროსი. მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და მ.ლ-ს შორის საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 20 სექტემბრის განკარგულების საფუძველზე 2012 წლის 11 ოქტომბერს დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად, მყიდველს მ.ლ-ს გადაეცა საკუთრების უფლება მცხეთის რაიონის სოფელ ...ში მდებარე №... სახლზე. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, უძრავი ქონება საჯარო რეესტრში აღირიცხა მ.ლ-ის საკუთრებად.

კასატორთა მითითებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 05 იანვრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2010 წლის 20 მაისის №909 წერილი, რომლითაც მ.ლ-ი რეგისტრირებული იყო №... კოტეჯში ოჯახის წევრად და იმავე წლის 27 ივლისის №... წერილი, რომლითაც მ.ლ-ი რეგისტრირებული იყო ოჯახის უფროსად. მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 04 სექტემბრის №510 წერილი, რომლითაც მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო თანახმა იყო №... კოტეჯის პრივატიზაცია სიმბოლურ ფასად 1 ლარად მომხდარიყო მ.ლ-ზე, როგორც ოჯახის უფროსზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 17 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს მთავრობის 2012 წლის 18 სექტემბრის №1766 განკარგულება დანართში 578-ე ნომრად მითითებულ №... კოტეჯში ოჯახის უფროსად დაფიქსირებული მ.ლ-ის ნაწილში, შესაბამისად იმავე გადაწყვეტილებით დაევალა საქართველოს მთავრობას №... კოტეჯში ოჯახის უფროსად მითითებინა ს.ზ-ი. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 20 სექტემბრის №20/09/01 განკარგულება დანართში 561-ე ნომრად მითითებულ №... კოტეჯში ოჯახის უფროსად დაფიქსირებული მ.ლ-ის ნაწილში. იმავე გადაწყვეტილებით დაევალა საქართველოს პრეზიდენტს №... კოტეჯში ოჯახის უფროსად მიეთითებინა ს.ზ-ი.

კასატორები აღნიშნავენ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 05 იანვრის და 2015 წლის 17 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით გამოჩნდა ს.ზ-ის დარღვეული უფლების აღდგენის გზა, რადგან ბათილად იქნა ცნობილი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, რომლითაც მ.ლ-ი ჯერ ოჯახის წევრად, შემდეგ კი ოჯახის უფროსად იქნა დარეგისტრირებული ს.ზ-ის ოჯახში. დადგინდა, რომ მ.ლ-ს არავითარი კავშირი არ ჰქონდა ს.ზ-ის ოჯახთან, ისინი არც კი იცნობდნენ ერთმანეთს. დადგინდა, რომ ყველა ადმინისტრაციულ აქტში, რომლითაც მოხდა ...ის დევნილთა დასახლებაში მდებარე №... კოტეჯის განკარგვა, მ.ლ-ის ნაცვლად მითითებული უნდა იყოს ს.ზ-ი.

კასატორთა მითითებით, სადავო არ არის, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 20 სექტემბრის განკარგულებით, ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 პრიმა მუხლის მე-11 და მე-14 პუნქტების შესაბამისად, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში არსებული მიწის ნაკვეთები პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად 1 ლარად საკუთრებაში გადაეცათ დანართში მითითებულ პირებს (ოჯახის უფროსებს). ე.ი. კოტეჯი №... საკუთრების უფლებით უნდა გადასცემოდა არა მ.ლ-ს, არამედ ს.ზ-ს. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება 2012 წლის 11 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმების, მაგრამ სადავო კოტეჯზე ი. და ნ .შ-ების საკუთრების უფლების არაღიარების თაობაზე, უკანონო და დაუსაბუთებელია. კასატორთა მოსაზრებით, №... კოტეჯზე ს.ზ-ის უფლება დადასტურებულია, ამასთან, სადავო არ არის, რომ ს.ზ-ი მხოლოდ იმიტომ არ იქნა მითითებული №... კოტეჯში განთავსებული ოჯახის უფროსად, რომ მ.ლ-მა და მისმა მამამ - იმ დროისათვის ახალგორის რაიონის ბოლის თემის რწმუნებულმა ჩაიდინეს უკანონო ქმედებები - მ.ლ-ი მიუთითეს ს.ზ-ის ოჯახის უფროსად.

კასატორთა მითითებით, ის გარემოება, რომ დღეის მდგომარეობით ნებისმიერი უძრავი ქონების გადაცემისა და განკარგვის თაობაზე მოქმედებს გარკვეული რეგულაციები, მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად ვერ გამოდგება, რადგანაც კოტეჯის განკარგვა მოხდა იმ დროისათვის მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით. ამდენად, უნდა მოხდეს არა მითითებული უძრავი ქონების ხელახლა განკარგვა, არამედ არსებული შეცდომის გამოსწორება და ს.ზ-ის მესაკუთრედ აღიარება ფაქტობრივად მასზე გადაცემულ ქონებაზე. კასატორი მიუთითებს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 17 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაში ასახულ მსჯელობაზე და აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანოებმა პრივატიზების პროცესში უკვე გამოხატეს ნება კოტეჯის პრივატიზების თაობაზე და დაადასტურეს ს.ზ-ის უფლება საცხოვრებლად გადასცემოდა №... კოტეჯი. თუმცა პრივატიზაციის პროცესის არასწორად წარმართვამ გამოიწვია პროცესის შედეგის - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების უზუსტობა. ამდენად, ს.ზ-ის საკუთრების უფლება №... კოტეჯზე დადასტურებულია. ასეთ შემთხვევაში შეუძლებელია დადგეს კოტეჯის მესამე პირზე გადაცემის საკითხი, რადგან კოტეჯის უკვე განხორციელებული განკარგვის ფორმის შესახებ დავა არ მიმდინარეობს. პირველი ინსტანციის სასამართლოს და სააპელაციო პალატას უნდა გამოეყენებინათ სადავო ეპიზოდში მოქმედი ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ კანონი და არა დღეისათვის მოქმედი თვითმმართველობის კოდექსი და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი, ვინაიდან სადავო უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით საკუთრებაში გადაცემა განხორციელდა ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ კანონის შესაბამისად. საქმეში არსებული მასალებით დადასტურებულია №... კოტეჯზე ს.ზ-ის უფლება, რაც მოსარჩელეთა მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების საკმარისი საფუძველია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ნ.შ-ისა და ი.შ-ის საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 17 იანვრის განჩინებით ნ.შ-ისა და ი.შ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ.შ-ისა და ი.შ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 9 თებერვლის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

უპირველეს ყოვლისა, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

ახალგორის რაიონის დევნილ მოსახლეობაზე საცხოვრებელი ფართების - კოტეჯების განაწილებისას, 2008 წლის დეკემბერში, №... კოტეჯი გამოეყო დევნილ ოჯახს ს.ზ-ისა (პ/ნ ...) და ვ.შ-ის (პ/ნ ...) შემადგენლობით. ახალგორის მუნიციპალიტეტის ბოლის თემის რწმუნებულის 2009 წლის 18 მაისის N249 ცნობის თანახმად, ს.ზ-ი ნამდვილად იყო 2008 წლის 6 აგვისტომდე სოფელ ...ის მცხოვრები პირი; ოჯახის შემადგენლობაში შედიოდა ვ.შ-ი, მცხოვრები მცხეთის რ-ნი, სოფ. ..., რიგი N..., სახლი N.../....

ახალგორის მუნიციპალიტეტის ბოლის თემის რწმუნებულის 2010 წლის 21 ივლისის N611 ცნობის თანახმად, ვ.შ-ი ნამდვილად იყო 2008 წლის 6 აგვისტომდე სოფელ ...ის მცხოვრები პირი; ოჯახის შემადგენლობაში შედიოდა ს.ზ-ი, მ.ლ-ი, მცხოვრები მცხეთის რ-ნი, სოფ. ..., რიგი N..., სახლი N.../...; ს.ზ-მა და ვ.შ-მა 2010 წლის 12 მაისს რ. გ-თან და მის მეუღლე - მ.მ-სთან გააფორმეს ხელწერილი (ხელშეკრულება), რომლის თანახმად, პირველმა მხარემ - ს.ზ-მა და ვ.შ-მა დროებით სარგებლობაში მქონე მე-... რიგში მდებარე №... კოტეჯი შესთავაზეს რ. გ-სა და მ.მ-ს. თავის მხრივ რ. გ-მა და მ.მ-მ, აღნიშნული კოტეჯის სანაცვლოდ, ს.ზ-სა და ვ.შ-ს შესთავაზეს ,,...ის“ მარკის მიკროავტობუსი. პირველმა მხარემ იკისრა კოტეჯის მუდმივ მფლობელობაში გადასვლის შემდეგ, ავტომანქანის სანაცვლოდ, კოტეჯის მეორე მხარისთვის საკუთრებაში გადაცემის ვალდებულება.

ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 2010 წლის 20 მაისს №909 წერილით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს და ითხოვა, ...ის დევნილთა დასახლებაში №... კოტეჯში მ.ლ-ე გ-ის (პ/ნ...) დარეგისტრირება. 2010 წლის 27 ივლისის №... წერილით გამგეობამ ითხოვა, ...ის დევნილთა დასახლებაში №... კოტეჯში მცხოვრები ოჯახის უფროსად ს.ზ-ის (პ/ნ ...) ნაცვლად მ.ლ-ის (პ/ნ ...) დარეგისტრირება. მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2012 წლის 4 სექტემბერს №510 წერილით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და აცნობა, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო თანახმა იყო დანართში მითითებულ საცხოვრებელ კოტეჯებში, მათ შორის №... კოტეჯში (ოჯახის წევრები: მ.ლ-ი (ოჯახის უფროსი), ს.ზ-ი, ვ.შ-ი) მცხოვრები პირების მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება განხორციელებულიყო სიმბოლურ ფასად - 1 ლარად. საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 20 სექტემბრის განკარგულებით, ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 191 მუხლის მე-11 და მე-14 პუნქტების შესაბამისად, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში არსებული, ამავე განკარგულების დანართში მითითებული ქონება, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად - 1 (ერთ) ლარად საკუთრებაში გადაეცათ ამავე დანართში მითითებულ პირებს (ოჯახის უფროსებს). განკარგულების დანართის შესაბამისად, №... კოტეჯის მიმღებ ოჯახად ფიქსირდება მ.ლ-ი (ოჯახის უფროსი), ს.ზ-ი და ვ.შ-ი. მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და მ.ლ-ს შორის, საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 20 სექტემბრის №20/09/01 განკარგულების საფუძველზე, 2012 წლის 11 ოქტომბერს დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც მყიდველს - მ.ლ-ს გადაეცა პირობადადებული საკუთრების უფლება მცხეთის რაიონის სოფელ ...ში მდებარე №... სახლზე ფართით 472,00 კვ.მ (საკადასტრო კოდი ...). ხელშეკრულების 2.2. პუნქტის თანახმად, მყიდველი ვალდებულია ს.ზ-ი და ვ.შ-ი უზრუნველყოს საცხოვრებელი ფართით მისთვის გადაცემულ ქონებაში. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, მცხეთის რაიონის სოფელ ...ში მდებარე №... სახლი 2012 წლის 17 ოქტომბერს საჯარო რეესტრში აღირიცხა მ.ლ-ის საკუთრებად.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო პერიოდში თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზების პროცესს არეგულირებდა „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის თანახმადაც, თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პრივატიზების ერთ-ერთ ფორმას წარმოადგენდა პირდაპირი მიყიდვა. დასახელებული კანონის 191 მუხლის მე-11 და მე-14 პუნქტების სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის შესაბამისად, თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილებებს იღებდა და შესაბამის პირობებს ადგენდა საქართველოს პრეზიდენტი. ამასთან, უძრავი ნივთის პრივატიზებისას პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოსა და ქონების შემძენს შორის იდებოდა შესაბამისი ხელშეკრულება, რაც საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციისა და შესაბამისი ვალდებულებების წარმოშობის საფუძველი იყო. ამრიგად, თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისთვის აუცილებელი იყო პრეზიდენტის განკარგულების გამოცემა, რის შედეგადაც მხარეთა შორის იდებოდა ადმინისტრაციული ხელშეკრულება.

როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 20 სექტემბრის განკარგულებით, სადავო კოტეჯი პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად - 1 (ერთ) ლარად საკუთრებაში გადაეცათ დევნილ ოჯახს, რომლის შემადგენლობაში განკარგულების გამოცემის დროისთვის შედიოდნენ: მ.ლ-ი (მითითებული იყო ოჯახის უფროსად), ს.ზ-ი და ვ.შ-ი (მითითებული იყვნენ ოჯახის წევრებად). პრეზიდენტის ხსენებული განკარგულების გამოცემის საფუძველს წარმოადგენდა საქართველოს მთავრობის 2012 წლის 18 სექტემბრის №1766 განკარგულება, რომელიც, თავის მხრივ, ეყრდნობოდა ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2010 წლის 20 მაისის №909 და 27 ივლისის №... წერილებს, ასევე მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 4 სექტემბრის №510 გადაწყვეტილებას.

პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 05 იანვრისა და 2015 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილებებით, ზემოხსენებული ყველა აქტი ბათილად იქნა ცნობილი მხოლოდ მ.ლ-ის ნაწილში. ამდენად ცალსახაა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 20 სექტემბრის განკარგულება და საქართველოს მთავრობის 2012 წლის 18 სექტემბრის №1766 განკარგულება ძალაშია ს.ზ-ისა და ვ.შ-ის ნაწილში. შესაბამისად, კომპეტენტური ადმინისტრაციული ორგანოების მიერ გამოხატული ნება - ს.ზ-ი და ვ.შ-ი დაკმაყოფილებულიყვნენ გრძელვადიანი საცხოვრებლით, ძალაშია და არ გაუქმებულა. იმდენად, რამდენადაც შესაბამისმა ადმინისტრაციულმა ორგანოებმა მიიღეს ს.ზ-ისა და ვ.შ-ის გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილება, ნათელია, რომ მითითებულმა პირებმა მოიპოვეს აღნიშნული უფლება. მართალია, პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოსა და ქონების შემძენს შორის ხელშეკრულების გაფორმება წარმოადგენდა პრივატიზების პროცესის დამაგვირგვინებელ ეტაპს, თუმცა მთელი ამ პროცესის სხვადასხვა ეტაპზე ადმინისტრაციული ორგანოები გამოსცემდნენ ადმინისტრაციულ აქტებს, რომელთა მეშვეობითაც დასტურდება მათ მიერ გამოხატული ნება.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი საკანონმდებლო აქტების, მათ შორის, ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2012-2014 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 ივნისის განკარგულების შესაბამისად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცემოდათ დევნილ ოჯახებს და არა ოჯახის კონკრეტულ წევრებს. ის გარემოება, რომ პრივატიზების საბოლოო ეტაპი - ნასყიდობის ხელშეკრულება ფორმალურად ფორმდებოდა ოჯახის ერთ-ერთ წევრთან, არ ანიჭებდა მას პრივილეგირებულ მდგომარეობას ოჯახის დანარჩენ წევრებთან შედარებით. მოცემულ შემთხვევაში, ხელშეკრულების გაფორმებით გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილდნენ მ.ლ-ი, ს.ზ-ი და ვ.შ-ი. შესაბამისად, სააპელაციო პალატას უნდა ემსჯელა მ.ლ-ის მიმართ აქტების ბათილად ცნობა ავტომატურად გამოიწვევდა თუ არა ს.ზ-ისა და ვ.შ-ის საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარის თქმასაც და არსებობდა თუ არა ნასყიდობის ხელშეკრულების (ადმინისტრაციული ხელშეკრულება) სრულად ბათილად ცნობის წინაპირობები (ზაკ-ის 70.2 მუხლი).

განსახილველ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი განკარგულებები ძალაშია ს.ზ-ისა და ვ.შ-ის მიმართ, ნასყიდობის ხელშეკრულების სრულად ბათილად ცნობით, კონკრეტულ საცხოვრებელზე უფლება დაკარგეს ს.ზ-მა და ვ.შ-მა. ამდენად, მათი სამართლებრივი მდგომარეობა გაუარესდა. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სასამართლოს არ აქვს უფლება მხარე თავისი გადაწყვეტილებით ჩააყენოს უფრო უარეს მდგომარეობაში, ვიდრე ის სარჩელის, სააპელაციო თუ საკასაციო საჩივრების წარდგენამდე იმყოფებოდა. აღნიშნული სასამართლო სამართალწარმოების ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპია (სუსგ 1045(კ-20), 17.06.2021წ.). ამდენად, სააპელაციო პალატას უნდა ემსჯელა (მხარისათვის განემარტა) სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში მოსარჩელეთა სამართლებრივი მდგომარეობის გაუარესების შესაძლებლობაზე.

კონკრეტულ შემთხვევაში, ნათელია, რომ მოსარჩელის, როგორც დევნილის ინტერესს, სახელმწიფოს მიერ აღებული ერთ-ერთი ვალდებულების - დევნილთა საბინაო პირობების გაუმჯობესებისა და ინტეგრაციის მიზნით წარმატებული განსახლება, სადავო კოტეჯის საკუთრებაში აღრიცხვა წარმოადგენდა. ვინაიდან, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ ოჯახის შემადგენლობაში მ.ლ-ის შეყვანა და მისი ოჯახის უფროსად განსაზღვრა კანონშეუსაბამო იყო, მოსარჩელის სასარჩელო ინტერესი მისთვის საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი განკარგულებით მინიჭებული უფლების რეალიზაციაში გამოიხატებოდა. მოსარჩელემ აღნიშნული მიზნის მიღწევა ადმინისტრაციული ხელშეკრულების გაუქმების მოთხოვნითა და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით გათვალისწინებული აღიარებითი სარჩელისათვის დამახასიათებელი ფორმულირებით გამოხატა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი მოსარჩელის მატერიალური მიზნის მისაღწევად, რამდენიმე სახის საპროცესო საშუალების გამოყენების შესაძლებლობას ითვალისწინებს. კოდექსის 22-25-ე მუხლებში მოცემულია ადმინისტრაციული სარჩელის სახეები და მათი დასაშვებობის წინაპირობები. მოსარჩელის მიერ უფლების დასაცავად სწორი პროცესუალური საშუალების არჩევას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი. ამასთან, აღიარებითი სარჩელი არ შეიძლება აღიძრას, თუ მოსარჩელეს შეუძლია აღძრას სარჩელი ამ კოდექსის 22–24-ე მუხლების საფუძველზე. ამდენად, აღიარებითი სარჩელს შედეგად არ მოჰყვება მოსარჩელის მატერიალური უფლებების უშუალო განხორციელება, არამედ აღიარებითი სარჩელით დგინდება უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა ან არარსებობა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ აღიარებითი სარჩელის აღძვრა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კოდექსის 22-24-ე მუხლების საფუძველზე სარჩელის აღძვრა შეუძლებელია.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 281 მუხლის თანახმად, სასამართლო ვალდებულია დაეხმაროს მხარეს მოთხოვნის ჩამოყალიბებაში. სასამართლო არ არის უფლებამოსილი გასცდეს სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, თუმცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი დავების სპეციფიკიდან გამომდინარე, პროცესის ეკონომიურობის მიზნით, სასამართლო არ არის შებოჭილი სასარჩელო მოთხოვნის ფორმულირებით. ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის შესაბამისად, მოსამართლეს შეუძლია დაეხმაროს მხარეს მოთხოვნის ტრანსფორმირებაში. ამისათვის, პირველ რიგში, სასამართლომ უნდა დაადგინოს სარჩელის აღძვრის მიზანი, მოსარჩელის ინტერესი და ამის შესაბამისად დაეხმაროს მას სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტებაში.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, მოსარჩელის ინტერესს მისთვის უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის პროცესის დასრულება წარმოადგენდა, სასამართლოს უნდა ემსჯელა სარჩელის მიზნიდან გამომდინარე სასარჩელო მოთხოვნის ტრანსფორმირების შესაძლებლობაზე, რაც არ განუხორციელებია.

საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მხარისათვის მოთხოვნის ტრანსფორმირებაში დახმარების გაწევა ადმინისტრაციული დავის განმხილველი სასამართლოს არა უფლებას, არამედ ვალდებულებას შეადგენს. მოსარჩელის ცხადი იურიდიული ინტერესიდან გამომდინარე, სასამართლო ვალდებული იყო დახმარება აღმოეჩინა მოსარჩელისთვის მოთხოვნის დაზუსტებაში (სუსგ საქმე №ბს-294-294 (კ-18), 09.12.2019წ.). საკასაციო ინსტანციის სასამართლოსგან განსხვავებით, რომელიც საკასაციო საჩივარს ამოწმებს მხოლოდ სამართლებრივი, იურიდიული თვალსაზრისით, სააპელაციო ინსტანციის სასამართლო ხელახლა იკვლევს საქმის როგორც ფაქტობრივ, ისე სამართლებრივ საკითხებს. სააპელაციო ინსტანციის სასამართლო საქმის გადასინჯვის დროს განიხილავს როგორც ფაქტის, ისე სამართლის საკითხებს. არასრული (შეზღუდული) აპელაციის მოდელი არ გამორიცხავს ადმინისტრაციული სამართალწარმოების ინკვიზიციურ ელემენტებს. აღსანიშნავია, რომ სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტება მოსარჩელის იურიდიული ინტერესის სრულყოფილად დაცვისა და პროცესის დაჩქარების მიზანს ემსახურება, შესაბამისად მოსარჩელეს, ადმინისტრაციულ პროცესში არა მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოში, არამედ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროსაც შეუძლია აღნიშნული უფლების რეალიზაცია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება არ არის დასაბუთებული, სასამართლომ სრულყოფილად არ გაანალიზა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არ მისცა მათ სწორი სამართლებრივი შეფასება. განჩინება მოკლებულია სათანადო სამართლებრივ და ფაქტობრივ წანამძღვრებს, განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც სსკ-ის 394-ე მუხლის ,,ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო საჩივრის აბსოლუტურ საფუძველს ქმნის, აღნიშნული, თავის მხრივ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და სსკ-ის 412-ე მუხლის საფუძველზე ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების წინაპირობაა. საქმის ხელახალი განხილვისას სასამართლომ სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მისცეს მათ სწორი სამართლებრივი შეფასება. უკეთუ სასარჩელო მოთხოვნის არსებული ფორმულირებით სარჩელის მიზნის მიღწევა შეუძლებელია, სააპელაციო პალატამ უნდა გამოიყენოს მისთვის სასკ-ის 281 მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილება და დაეხმაროს მოსარჩელეს (აპელანტს) სასარჩელო მოთხოვნის სათანადოდ ფორმულირებაში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ.შ-ისა და ი.შ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 09 თებერვლის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა

გ. მაკარიძე