Facebook Twitter
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-642(გ-23) 25 ივლისი, 2023 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ე. ჩ-ის სარჩელთან დაკავშირებული დავა, მოპასუხე სსიპ ... უნივერსიტეტის მიმართ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიასა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შორის განსჯადობის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ე. ჩ-მა 2018 წლის 24 აგვისტოს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ ... უნივერსიტეტის მიმართ და 2018 წლის 07 ნოემბერს სასარჩელო განცხადების დაზუსტების შემდეგ მოითხოვა: სსიპ ... უნივერსიტეტის 2018 წლის 20 ივლისის N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; სსიპ ... უნივერსიტეტის 2018 წლის 30 ივლისის N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; საკონკურსო კომისიის 2018 წლის 31 ივლისის N4 ოქმის ბათილად ცნობა; 2018 წლის 12 ივნისის N... და 2018 წლის 05 ივლისის N... საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიების შექმნისა და ცვლილებების შეტანის შესახებ აკადემიური საბჭოს დადგენილებების ბათილად ცნობა; საკონკურსო-სააპელაციო კომისიის 2018 წლის 13 აგვისტოს N5 ოქმის და „...ის ფაკულტეტზე პროფესორების და ასოცირებული პროფესორების აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის შესახებ“ სსიპ ... უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 07 სექტემბრის N... დადგენილების ბათილად ცნობა; სსიპ ... უნივერსიტეტისათვის 2018 წლის 10 მაისს ...ის ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე გამარჯვებულად ე. ჩ-ის გამოვლინების დავალება.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ იგი ... წლიდან მუშაობდა სსიპ - ... უნივერსიტეტში მასწავლებლის, დოცენტისა და ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე. მან ...ის ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის თანამდებობა დაიკავა ... წელს, ... წლის ვადით. ... წლის 10 მაისს გამოცხადდა კონკურსი ...ის ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად. მოსარჩელემ მონაწილეობა მიიღო პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად. კონკურსში მონაწილეობა მიიღო ასევე ამავე უნივერსიტეტის ...ის ფაკულტეტის დეკანმა, რომელმაც ამავდროულად შეარჩია საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისია. მოსარჩელის მოსაზრებით, სახეზე იყო ინტერესთა კონფლიქტი და აღნიშნული საფუძვლით მან მოითხოვა კომისიის აცილება, რაც არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელის მითითებით, საკონკურსო კომისიამ მიიღო სუბიექტური გადაწყვეტილება და აკადემიურ თანამდებობაზე რეკომენდაცია გაუწია ფაკულტეტის დეკანს, რომელმაც, როგორც უკვე აღინიშნა, შექმნა საკონკურსო კომისია. მოსარჩელის მოსაზრებით, კომისიის გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 10 დეკემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ დ. ნ-ა და გ. ღ-ე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 5 მარტის განჩინებით ე. ჩ-ის სარჩელი მოპასუხე სსიპ ... უნივერსიტეტის მიმართ განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლზე მითითებით სასამართლომ განმარტა, რომ კანონმდებელმა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც წარმოშობილია იმ სამართალურთიერთობიდან, რომელიც საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობითაა მოწესრიგებული. განსჯადობის საკითხის გადაწყვეტისას ადმინისტრაციული საქმეების განსჯადობის მთავარ ასპექტს, გარდა იმისა, რომ ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, ასევე წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების საჯარო-სამართლებრივი ხასიათი. აღნიშნული საკითხის გადაწყვეტისას უპირატესობა ენიჭება სადავო სამართალურთიერთობის ბუნებას და არა მხოლოდ სუბიექტურ შემადგენლობას. დავის საჯარო-სამართლებრივი ხასიათის დასადგენად საკმარისი არ არის ერთ-ერთ მხარედ საჯარო სამართლის სუბიექტის არსებობა, ვინაიდან შესაძლებელია, აღნიშნული სუბიექტი მხარედ გამოვიდეს კერძო-სამართლებრივ ურთიერთობებშიც, ან პირიქით. ამდენად, ამა თუ იმ დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი კატეგორიის დავად მიჩნევისა და მისი ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილვისათვის განმსაზღვრელია დავის საგანი და ურთიერთობის შინაარსი, რომელიც წარმოშობილია საჯარო, ადმინისტრაცული კანონმდებლობიდან.

სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილებაზე (საქმე Nბს-515(გ-19)), სადაც საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ ის გარემოება, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირი ახორციელებს საჯარო საქმიანობას, არ ცვლის განსჯადობის წესს, ვინაიდან მოცემული დავა უკავშირდება არა საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქმიანობას, არამედ მისი მუშაკის შრომით ურთიერთობას. საჯარო ფუნქციების დელეგირება შესაძლებელია არა მხოლოდ საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე, არამედ აგრეთვე ფიზიკურ პირზე და კერძო სამართლის იურიდიულ პირებზეც, რაც ცხადია არ აქცევს დავას ადმინისტრაციული კატეგორიის საქმედ. ამდენად, განსჯადობის შესახებ დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა აქვს არა საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფუნქციებს, არამედ დავის საგნის შემხებლობას სამოხელეო სამართალურთიერთობასთან. ამასთან საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ სსიპ-ის მიერ თანამშრომელთა მიღებისას კონკურსის ჩატარების ფორმალური წესების დაცვის საჭიროების დადგენით, არ იცვლება კონკურსის შედეგად დასაქმებული პირის შრომით სამართლებრივი სტატუსი, რადგან კონკრეტული პროცედურების განხორციელებისას საჯარო კანონმდებლობის ნორმების გამოყენება იმთავითვე არ აქცევს ურთიერთობას საჯარო სამართლებრივად, ისევე როგორც - ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმიანობისას სამოქალაქო კოდექსის ნორმების გამოყენება იმთავითვე არ გამორიცხავს ქმედების საჯარო სამართლებრივ ხასიათს. ასეთ შემთხვევაში განსჯადობის საკითხის გადაწყვეტისას უნდა შეფასდეს დავის არსი, ქმედებათა შინაარსი, ურთიერთობის მახასიათებლები და სხვა. სწორედ აღნიშნული გარემოებების, არსებული ნორმატიული მოწესრიგების, საკანონმდებლო რეგულაციის მიზნის ერთობლივი შეფასების შედეგად არის შესაძლებელი ურთიერთობის საჯარო თუ კერძო სამართლისათვის მიკუთვნება. მხოლოდ ის გარემოება, რომ კონკურსის ჩატარების ფორმალური წესები საჯარო-სამართლებრივ აქტებშია ასახული, არ ცვლის მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსობრივ დატვირთვას. ანალოგიური წარმატებით კონკურსის ფორმალური წესების დაცვით თანამშრომელთა სამსახურში მიღება შეიძლება მოახდინოს კერძო სამართლის იურიდიულმა პირმაც (აღნიშნულს კანონი არ კრძალავას), რაც არ აქცევს მასთან დასაქმებულ პირებს საჯარო მოხელეებად და დავას – ადმინისტრაციულ-სამართლებრივად.

სასამართლომ ასევე მიუთითა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, ამასთან, აღნიშნა, რომ ამავე კანონის 34-ე მუხლის (მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის წესით დანიშვნა) მოქმედება ვრცელდება საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე, გარდა იმ საჯარო სამართლის იურიდიული პირისა, რომელიც ეწევა კულტურულ, საგანმანათლებლო ან რელიგიურ საქმიანობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიაჩნია, რომ ასოცირებული პროფესორების სამსახურში მიღების კონკურსი არ ჩატარებულა ადმინისტრაციული კანონმდებლობის - „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის შესაბამისად. ამდენად, სასარჩელო მოთხოვნა არ შეიძლება განხილული იქნეს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.

სასამართლომ აღნიშნა აგრეთვე, რომ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, აკადემიურ პერსონალთან შრომითი ხელშეკრულება იდება საქართველოს შრომის კანონმდებლობით განსაზღვრული წესით. შესაბამისად, აკადემიურ პერსონალთან სათანადო შრომითი ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობა შრომის კანონმდებლობიდან გამომდინარეობს. ამრიგად, მოცემულ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნა გამომდინარეობს კერძო სამართლებრივი - შრომითი ურთიერთობიდან, რომელსაც არეგულირებს საქართველოს შრომის კოდექსი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 30 მაისის განჩინებით თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა და სამოქალაქო საქმეთა კოლეგიებს შორის განსჯადობის თაობაზე დავის გადასაწყვეტად საქმე N2/8207-21, ე. ჩ-ის სარჩელი მოპასუხე სსიპ ... უნივერსიტეტის მიმართ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე, გადაეცა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა განსახილველი დავის საგანზე და აღნიშნა, რომ სადავო აქტები სსიპ ... უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ, საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის მინიჭებული საჯარო მმართველობის განხორციელებისა და საგანმანათლებლო უნივერსიტეტისათვის მინიჭებული ავტონომიურობის ფარგლებში, გამოსცა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსზე, უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონზე და სხვა საჯარო სამართლებრივი ნორმატიული აქტებზე დაყრდნობით. აღნიშნულის გარდა, სასამართლომ აღნიშნა, რომ კომისიის შემადგენლობის განსაზღვრა, კომისიის შემადგენლობაში ცვლილებების შეტანა, ასევე კომისიის მუშაობის წესი და გადაწყვეტილებების მიღება ეფუძნება და მიზანს ისახავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის საჯარო სამართლებრივი ფუნქციის განსახორციელებლად შემადგენლობის დაკომპლექტებას და მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, მიუხედავად იმისა შედეგობრივად კონკურსის შედეგად გამარჯვებული პირებთან შემდგომ ეტაპზე დაიდება ადმინისტრაციული თუ სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულება. აღსანიშნავია ასევე, რომ კომისიის შექმნა, დაკომპლექტება, პრეტენდენტებისაგან დოკუმენტაციის მიღება, გადარჩევა, დახარისხება, კანდიდატებთან გასაუბრება და კომისიის შედეგების შეჯამება წარმოადგენს წინასახელშეკრულებო ურთიერთობების პროცესუალურ მხარეს და არ წარმოადგენს შრომის ხელშეკრულების - დამსაქმებელი მხარისათვის იგულისხმება უნივერსიტეტის რექტორი, სავალდებულოდ შესასრულებელს, არამედ აქვს სარეკომენდაციო ხასიათი. შესაბამისად, წინასახელშეკრულებო ურთიერთობების ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში წარმოება ხელის შემშლელი არ და ვერ იქნება მოგვიანებით დასაქმებულთან სამოქალაქო სამართლებრივი ხასიათის შრომის ხელშეკრულების დასადებად, ვინაიდან საჯარო სამართლის იურიდიული პირი მოქმედებს რა საჯარო სამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში თავის საქმიანობას ახორციელებს საჯაროდ, თანასწორობისა და მიუკერძოებლობის პრინციპების დაცვით, შესაბამისად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის განსაზღვრის, მასში ცვლილების შეტანის და კომისიის მიერ სარეკომენდაციო ხასაითის გადაწყვეტილელების მიღებაზე სამოქალაქო სამართლებრივი კუთხით კონტროლის განხორციელება განსაკუთრებით მიზანშეწონილობის თვალსაზრისით (მაშინ, როდესაც სარჩელით სადაოდ არის გამხდარი კომისიის წევრთა კომპეტენცია) სასამართლომ არამართლზომიერად მიიჩნია. ამდენად მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნები გამომდინარეობს საჯარო სამართლებრივი კანონმდებლობიდან. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 21 ოქტომბრის Nბს-376(კ-21) განჩინებაზე, რომლის შესაბამისად, იმავე კონკურსის და საკონკურსო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერების საკითხი, იდენტური სასარჩელო მოთხოვნებით და ფაქტობრივი გარემოებებით განიხილულ იქნა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ ადმინისტრაციული წესით და მასზედ მიღებული გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული ზემდგომი ინსტანციის ადმინისტრაციული სასამართლოების მიერ. ამასთან იმ საქმეზე არცერთი ინსტანციის ადმინისტრაციული სასამართლოს მიერ განსჯადობის საკითხი დასახელებულ საქმეზე სადავოდ არ არის გამხდარი. საბოლოოდ კი, სასამართლომ საკითხზე მსჯელობისას გაიზიარა საქართველოს უზენაესი სასამართლოს უახლესი გადაწყვეტა მსგავს საქმეზე განსჯადობის წესით დავის გადაწყვეტის შესახებ, რომლითაც სარჩელის განხილვა ადმინისტრაციულ სამართალწარმოებას დაუქვემდებარა და განმარტება, რომ „კონკურსის ჩატარების შედეგად აკადემიურ პერსონალთან იდება შრომითი ხელშეკრულება, აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელი საკონკურსო პროცედურის რეგლამენტაცია, კონკურსის შედეგად აკადემიური პერსონალის შერჩევა და დანიშვნა ხდება არა შრომის კანონმდებლობის, არამედ ადმინისტრაციული კანონმდებლობით, კერძოდ, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანების საფუძველზე დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ... უნივერსიტეტის წესდებით“. ამდენად, მოცემული სადავო სამართალურთიერთობა მოსარჩელესა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის ადმინისტრაციულ-სამართლებრივია - სადავო სამართალურთიერთობა გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან. დავის გადაწყვეტა საჭიროებს აქტების ადმინისტრაციულ კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენას“ (იხ. სუსგ 2023 წლის 21 მარტის საქმე №ბს-213(გ-23)).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეთა კოლეგიების განჩინებების გაცნობის შედეგად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, თვლის, რომ მოცემული საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემული დავა ეხება საგნობრივ განსჯადობას, შესაბამისად უნდა შეფასდეს მხარეთა შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობის ხასიათი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სასამართლო განიხილავს საქმეებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების, აგრეთვე კანონით გათვალისწინებული ინტერესების დაცვის შესახებ. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საერთო სასამართლოები ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილავენ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილ დავებს, აღნიშნული მუხლი შეიცავს ადმინისტრაციული დავის საგნის ჩამონათვალს. ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად კანონმდებლობამ განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც წარმოშობილია საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობით მოწესრიგებული სამართალურთიერთობიდან. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის დებულება, საერთო სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან გამომდინარე სამართლებრივ ურთიერთობასთან დაკავშირებული დავის განხილვის შესახებ, ასახავს განსჯადობის გარეგან ნიშანს. სამართალურთიერთობის კუთვნილების გარეგანი ნიშანი ეხება სადავო სამართალურთიერთობის მარეგულირებელი ნორმების ადგილს კანონმდებლობაში. კანონმდებლობამ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა დავის იმ სამართალურთიერთობიდან წარმოშობა, რომელიც ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობით არის მოწესრიგებული. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. დავა ადმინისტრაციულ-სამართლებრივად მიიჩნევა არა მხოლოდ იმის გამო, რომ მოსარჩელის მოთხოვნის ადრესატი ადმინისტრაციული ორგანოა, არამედ სადავო სამართალურთიერთობის ბუნების გამო, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სამართალურთიერთობის ხასიათს. კანონმდებლობამ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც წარმოშობილია იმ სამართალურთიერთობიდან, რომელიც საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობით არის მოწესრიგებული.
მოცემულ შემთხვევაში, ე. ჩ-ის სასარჩელო მოთხოვნებს წარმოადგენს: სსიპ ... უნივერსიტეტის 2018 წლის 20 ივლისის N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; სსიპ ... უნივერსიტეტის 2018 წლის 30 ივლისის N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; საკონკურსო კომისიის 2018 წლის 31 ივლისის N4 ოქმის ბათილად ცნობა; 2018 წლის 12 ივნისის N... და 2018 წლის 05 ივლისის N... საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიების შექმნისა და ცვლილებების შეტანის შესახებ აკადემიური საბჭოს დადგენილებების ბათილად ცნობა; საკონკურსო-სააპელაციო კომისიის 2018 წლის 13 აგვისტოს N5 ოქმის და „...ის ფაკულტეტზე პროფესორების და ასოცირებული პროფესორების აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის შესახებ“ სსიპ ... უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 07 სექტემბრის N... დადგენილების ბათილად ცნობა; სსიპ ... უნივერსიტეტისათვის 2018 წლის 10 მაისს ...ის ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე გამარჯვებულად ე. ჩ-ის გამოვლინების დავალება.

საკასაციო პალატა მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საჯარო სამსახური არის სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა (გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ განხორციელებული საქმიანობისა), მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) საქმიანობა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობა (გარდა კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით, სასპორტო და რელიგიურ, წევრობაზე დაფუძნებულ და ამ კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კატეგორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობისა). აღნიშნული დანაწესი არ გამორიცხავს ნორმაში გამონაკლისის სახით მითითებული სფეროების სპეციალურ საჯარო-სამართლებრივ მოწესრიგებას, მათ შორის, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანების საფუძველზე დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ... უნივერსიტეტის წესდებით“. ხსენებული აქტები ადმინისტრაციული კანონმდებლობის სფეროთია მოცული, მათი რეგულაციის სივრცეში წარმოშობილი სამართალურთიერთობა კი საჯარო-სამართლებრივია.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონი ახდენს უმაღლესი სასწავლო დაწესებულების პერსონალის კლასიფიკაციას აკადემიურ, ადმინისტრაციულ და დამხმარე პერსონალად (32-ე მუხ.). კანონი ადგენს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში ვაკანსიის დაკავების ერთიან წესებს, აკადემიური და ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების აუცილებელ პირობად კანონი განსაზღვრავს ღია კონკურსს (34-ე მუხ.). ანალოგიურ დებულებას ადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანების საფუძველზე დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ... უნივერსიტეტის წესდების“ 28-ე მუხლის 1-ლი პუნქტი. „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, კონკურსის ჩატარების წესი განისაზღვრება სწორედ ზემოაღნიშნული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების „წესდებით“. კონკურსი ტარდება გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით. კონკურსის ჩატარებას უზრუნველყოფს საკონკურსო კომისია, რომელიც იქმნება უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ, რექტორის წარდგინებით. საკონკურსო კომისიის მიერ, შესაბამისი აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად, კენჭისყრის საფუძველზე გამოვლენილი გამარჯვებულები (კონკურსის შედეგები) დასამტკიცებლად წარედგინება აკადემიურ საბჭოს. ამდენად, უმაღლესი სასწავლებლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვალდებულია კვალიფიციური კადრების შერჩევის მიზნით აკადემიური თანამდებობის ვაკანსიის დასაკავებლად ჩაატაროს კონკურსი, მიუხედავად იმისა, რომ კონკურსის ჩატარების შედეგად აკადემიურ პერსონალთან იდება შრომითი ხელშეკრულება, აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელი საკონკურსო პროცედურის რეგლამენტაცია, კონკურსის შედეგად აკადემიური პერსონალის შერჩევა და დანიშვნა ხდება არა შრომის კანონმდებლობის, არამედ ადმინისტრაციული კანონმდებლობით, კერძოდ, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანების საფუძველზე დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ... უნივერსიტეტის წესდებით“ (ანალოგიურ პრაქტიკას ადგენს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 21 მარტის უახლესი პრაქტიკა საქმეზე №ბს-213(გ-23)). ამდენად, მოცემული სადავო სამართალურთიერთობა მოსარჩელესა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის ადმინისტრაციულ-სამართლებრივია - სადავო სამართალურთიერთობა გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა იზიარებს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსაზრებას საქმის განსახილველად ადმინისტრაციული კოლეგიისათვის გადაცემის შესახებ და აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის რეგულაციების შესაბამისად, მოპასუხე დაწესებულება ნამდვილად წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს, ხოლო აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ჩატარებული კონკურსის პროცესში აქტები გამოიცემა ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე. დავის გადაწყვეტა საჭიროებს აქტების ადმინისტრაციული კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სადავო ურთიერთობა გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან, რაც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით არის დავის ადმინისტრაციული საქმეების კატეგორიისადმი მიკუთვნების საფუძველი. ამავე კოდექსის 26-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქმე უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს აღნიშნული საქმე, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავას წყვეტს საკასაციო სასამართლო დასაბუთებული განჩინებით. ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ე. ჩ-ის სარჩელი განსახილველად განსჯადობით უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ე. ჩ-ის სარჩელი, სსიპ ... უნივერსიტეტის მიმართ, განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.


თავმჯდომარე თამარ ოქროპირიძე



მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე



გენადი მაკარიძე