№ბს-1224(კ-22) 25 ივლისი, 2023 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ზ. ხ-ი).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ზ. ხ-იმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2019 წლის 19 დეკემბრის №03-485/ო ბრძანება; ბ) დაევალოს მოპასუხეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ზ. ხ-ის გათავისუფლებამდე დაკავებულ ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე; გ) მოპასუხეს დაევალოს მოსარჩელისთვის სახელფასო განაცდურის ანაზღაურება.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილებით ზ. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2019 წლის 19 დეკემბრის №03-485/ო ბრძანება. მოპასუხეს დაევალა გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც ზ. ხ-ი აღდგება სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ადმინისტრაციული დეპარტამენტის ...ოს უფროსი სპეციალისტის ან აღნიშნული თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე. მოპასუხეს დაევალა მოსარჩელისთვის სახელფასო განაცდურის ანაზღაურება - 2017 წლის 3 იანვრიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე პერიოდში.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ივნისის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.
კასატორის განმარტებით, სააგენტომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 31 მაისის (საქმე №3ბ/120-18) გადაწყვეტილების საფუძველზე განიხილა ზ. ხ-ის გათავისუფლების სამართლებრივი საფუძველი, წარმოების პროცესში შეფასდა მუშაკთა პროფესიული უნარ-ჩვევები, შრომის დისციპლინა და ადეკვატური, ობიექტური შეფასება მიეცა საქმეს. ზ. ხ-ის გათავისუფლება არ ეფუძნებოდა მხოლოდ და მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის უფროსის, გ. კ-ის მოხსენებით ბარათს. დამსაქმებლის მიერ დეტალურდ იქნა გაწერილი ის მნიშვნელოვანი გარემოებები, რასაც თანამშრომელი უნდა აკმაყოფილებდეს, კერძოდ, დავალების შესრულების ხარისხი, სისწრაფე და ოპერატიულობა, შინაგანი პასუხისმგებლობისა და სუბორდინაციის მაღალი გრძნობა, თანამშრომელთა შორის მაღალი ავტორიტეტი. სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით, საქმის ხელახლა განხილვისას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოდან გამოთხოვილ იქნა ზ. ხ-ის და სხვა მასთან ერთად მომუშავე თანამშრომლების 2016 წელს სამსახურში გამოცხადების აღმრიცხველი რეპორტის მონაცემები, რომლითაც გაირკვა, რომ ზ. ხ-ის 0-30 წუთამდე სამსახურში დაგვიანებით მისვლა დაუფიქირდა 77 საათი; 30 წუთამდე ზევით დაგვიანება 115 საათი; 0-30 წუთამდე ადრე წასვლა 72 საათი და 30 წუთამდე ზევით ადრე გასვლა 15 საათი. სასამართლოს მითითება მხოლოდ ატესტაციის მაღალ შედეგებზე არ არის საკმარისი იმისათვის, რომ პირი, რომელიც არაკეთილსინდისიერად, არაჯეროვნად და უპასუხისმგებლოდ ეკიდება მის მიერ დაკავებულ თანამდებობას, აღდგეს სამსახურში. სააგენტოს მიერ ასევე მოთხოვნილ იქნა ინფორმაცია ვაკანტური თანამდებობის არსებობის შესახებ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქმეში წარმოდგენილია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულების №04/47548 წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ იმ პერიოდში გამოცხადებული ყველა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსი შეწყდა სააგენტოში მიმდინარე რეორგანიზაციასთან დაკავშირებით.
მთავრობის დადგენილებით სამინისტროსთვის დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების ეფექტურად განსახორციელებლად ჯერ კიდევ 2016 წელს იყო რეკომენდირებული საშტატო ცვლილება, მათ შორის, გაუქმებულიყო ...ოს უფროსი სპეციალისტის 2 საშტატო ერთეული. მართალია, საშტატო ნუსხაში განხორციელებული ცვლილების შემდეგ არსებობდა იმავე იერარქიულ საფეხურზე უფროსი სპეციალისტის თანამდებობა იმავე სამმართველში, თუმცა შემცირდა 2 ერთეულით. რაც შეეხება მის ბაზაზე შექმნილ უფროსი სპეციალისტის თანამდებობას საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების მონიტორინგის სამმართველოში, აღნიშნული სხვა ფუნქციის მქონე სტრუქტურულ ერთეულში, განსხვავებული ფუნქციური დატვირთვით შეიქმნა და სხვა საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ითვალისწინებდა. ადმინისტრაციულმა ორგანომ გამოიკვლია ყველა ფაქტობრივი გარემოება, შესწავლილი იქნა ადმინისტრაციული დეპარტამენტის მატერიალური უზრუნველყოფის სამმართველოში დასაქმებული შვიდივე თანამშრომლის საკითხი, მათ მიერ შესრულებული სამუშაოს მოცულობა და ხარისხი, ასევე კვალიფიკაცია, პროფესიული უნარ-ჩვევები და სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორები, რასაც არსებითი და გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა საქმისათვის.
კასატორის განმარტებით, პირვანდელ თანამდებობაზე დასაქმებულის აღდგენა შემდეგ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს: დასაქმებული დათხოვნილი უნდა იყოს დაკავებული თანამდებობიდან, დათხოვნის საფუძველი უნდა იძლეოდეს დათხოვნის უკანონოდ მიჩნევისა და მისი ბათილობის წინაპირობას, დათხოვნის მართლზომიერება კანონით გათვალისწინებულ ვადაში უნდა იქნეს შეცილებული. ამასთან, კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე, აღდგენა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს დამსაქმებლის დაცვის ღირს ინტერესს. მართალია, დამსაქმებლის ინიციატივით უკანონოდ გათავისუფლების სამართლებრივ შედეგებს შორის პირვანდელ სამუშაო ადგილას აღდგენა დასაქმებულის უპირატესი უფლებაა, თუმცა მისი დაკმაყოფილება გარკვეული ფაქტობრივი გარემოებების არსებობას უკავშირდება. სამსახურში აღდგენის საკითხის განხილვისას პირველ რიგში, უნდა დადგინდეს მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების არამართლზომიერება. პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, მოსარჩელემ უნდა მიუთითოს ფაქტები, რომლებიც მისი არამართლზომიერი გათავისუფლების პრეზუმფციას ქმნის, ხოლო მოპასუხემ უნდა ამტკიცოს მასთან დასაქმებული სუბიექტის გათავისუფლების მართლზომიერება და აღნიშნული სუბიექტის სამუშაო ადგილზე აღდგენის შესაძლებლობა. მოცემულ შემთხვევაში აღნიშნულ პოზიციაზე არ არსებობს ვაკანტური თანამდებობა და მოსარჩელის სამსახურში აღდგენით შეილახება მესამე პირთა უფლებები. რაც შეეხება ტოლფას თანამდებობას, ტოლფასი თანამდებობა ნიშნავს პოზიციურად და ანაზღაურების მხრივ იდენტურ თანამდებობას. მოცემულ შემთხვევაში გამოსაკვლევია, რა ადამიანურ რესურსს ფლობს დამსაქმებელი, რა ტოლფასი ვაკანტური პოზიციები აქვს და რა ფუნქციური მსგავსებაა პირვანდელ და ტოლფასს თანამდებობებს შორის, ასევე, მსგავსება შრომის ანაზღაურების მხრივ. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში ადმინისტრაციული დეპარტამენტის ...ოს უფროსი სპეცალისტის პოზიცია არსებობს, რომელიც არ არის ვაკანტური და იგი მესამე პირს კონკურსის წესით აქვს დაკავებული. ხსენებულ პოზიციაზე მოსარჩელის აღდგენით შეილახება ამ უკანასკნელ პირთა უფლებები, რომლებიც ამ თანამდებობაზე ლეგიტიმურად არიან დანიშნული, რაც დამოუკიდებელ საფუძველს წარმოადგენს იმისათვის, რომ მოსარჩელეს უარი ეთქვას ტოლფას თანამდებობაზე აღდგენაზე. ასევე, დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა მოსარჩელისთვის განაცდურის ანაზღაურება.
კასატორის განმარტებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში „თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 31 მაისის №3ბ/120-18 გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 13 ივნისის №01-204/ო ბრძანების საფუძველზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 31 მაისის №3ბ/120-18 გადაწყვეტილების შესაბამისად და მისი აღსრულების მიზნით დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება. საკითხის სრულყოფილად, ზედმიწევნით გამოკვლევის და შესწავლის მიზნით შეიქმნა კომისია. სამინისტრომ, მათ შორის, ადმინისტრაციულ დეპარტამენტში განხორციელებული რეორგანიზაციისა და ადმინისტრაციული საშტატო ოპტიმიზაციის გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მიიჩნია ზ. ხ-ის ადმინისტრაციული დეპარტამენტის ...ოს უფროსი სპეციალისტის საშტატო ერთეულის შემცირება და მისი ფუნქციების გადანაწილება ამავე სამმართველოს 5 უფროს სპეციალისტზე, რითაც უფრო ეფექტურად განხორციელდა ამ სამმართველოს უფლება-მოვალეობანი, მით უფრო, რომ ზ. ხ-ი გაფრთხილებული იყო რეორგანიზაციისა და შტატების შესაძლო შემცირების თაობაზე. ამასთან, ამ პროცესში არ არსებობდა სამართლებრივი ვალდებულება განხორციელებულიყო მოსარჩელის მიმართ სხვა თანამდებობის დაკავების შეთავაზება. აქვე გასათვალიწინებელია, რომ იმ დროისათვის მოქმედ საშტატო ნუსხაში არ არსებობდა ვაკანტური თანამდებობა, რომელიც შესაბამისი იქნებოდა ზ. ხ-ის მიერ დაკავებული საშტატო ერთეულით გათვალისწიებული საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) მოსარჩელე - ზ. ხ-ი დანიშნული იყო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის ...ოს უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე (ს.ფ 103-104); ბ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის №317-კ ბრძანებით დამტკიცებული იქნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის საშტატო ნუსხა, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული დეპარტამენტის ...ოში გათვალისწინებულ იქნა უფროსი სპეციალისტის 5 საშტატო ერთეული, ხოლო დევნილთა საკითხების დეპარტამენტში შემავალ საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების მონიტორინგის სამმართველოში კი გათვალისწინებული იქნა უფროსი სპეციალისტის 14 საშტატო ერთეული (ს.ფ 173-183); გ) 2016 წლის 30 დეკემბერს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს მოხსენებითი ბარათით მიმართა ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსმა და აცნობა, რომ ...ოს 7 საშტატო ერთეულზე დასაქმებული საჯარო მოხელეების მიერ გაწეული საქმიანობის ანალიზის, შესრულებული დავალებების ხარისხის, სისწრაფის და ოპერატიულობის, უფრო მაღალი საშემსრულებლო დისციპლინის, შინაგანი პასუხისმგებლობისა და სუბორდინაციის მაღალი გრძნობის, გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევებისა და თანამშრომელთა შორის მაღალი ავტორიტეტის გათვალისწინებით, სამმართველოს შემდგომი საქმიანობის წარმატების უზრუნველსაყოფად, ოპტიმიზაციის ფარგლებში, მიზანშეწონილი იყო სამინისტროს შრომითი ურთიერთობა გაეგრძელებინა 5 თანამშრომელთან (თ. ბ-ე, გ. ც-ი, რ. გ-ე, გ. მ-ე და ბ. ქ-ი), ხოლო შრომითი ურთიერთობა შეეწყვიტა 2 თანამშრომელთან, მათ შორის ზ. ხ-ითან (ს.ფ 172); დ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის №338-კ ბრძანებით, სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის ...ოს უფროსი სპეციალისტი - ზ. ხ-ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან 2017 წლის 3 იანვრიდან (ს.ფ 103-104); ე) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 ნოემბრის (საქმე №3/919-17) გადაწყვეტილებით ზ. ხ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა (ს.ფ 106-127); ვ) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 31 მაისის (საქმე №3ბ/120-18) გადაწყვეტილებით, ზ. ხ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ზ. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის №338-კ ბრძანება, ზ. ხ-ის გათავისუფლების შესახებ და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა სრულყოფილად შესწავლისა და გამოკვლევის საფუძველზე, ასევე წინამდებარე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გათვალისწინებით, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ახალი აქტის გამოცემა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საერთოდ არ მომხდარა მუშაკთა პროფესიული უნარ-ჩვევების, კვალიფიკაციის, შრომის დისციპლინის და ა.შ ადეკვატური, ობიექტური შეფასება; ზ. ხ-ის სამსახურიდან განთავისუფლების ბრძანება დაეფუძნა ერთადერთ დოკუმენტს - შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის უფროსის - გ. კ-ის მოხსენებით ბარათს, რომელში აღწერილი ინფორმაციაც ოდნავადაც არ ყოფილა გამყარებული მტკიცებულებებით და ამგვარი მოხსენებითი ბარათი არ შეიძლებოდა მოხელის სამსახურიდან განთავისუფლების საფუძველი გამხდარიყო; ადმინისტრაციულ ორგანოს, შესაბამისი სამართლებრივი, ობიექტური მექანიზმის საფუძველზე უნდა მოეხდინა შვიდივე მოხელის პროფესიული უნარ-ჩვევების, კვალიფიკაციის, შრომის დისციპლინის და სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორების შესწავლა, შეფასება, უნდა გაეთავალისწინებინა ატესტაციის შედეგები (რომელშიც მაღალი შეფასება ქონდა ზ. ხ-ის) და ისე მიეღო გადაწყვეტილება ორი მოხელის სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სამინისტროს დღის წესრიგში იდგა საკითხი: 7 თანამშრომლიდან რომელი 2 თანამშრომელი უნდა გაეთავისუფლებინა სამსახურიდან და აღნიშნული მას უნდა განეხორციელებინა არა მხოლოდ და მხოლოდ ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის ზედაპირული მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, არამედ თანამშრომელთა კვალიფიკაციის, პროფესიონალიზმის, უნარ-ჩვევების და სხვ. სიღრმისეული შესწავლა-გამოკვლევის, საუკეთესოს, უკეთესის ამორჩევის გზით. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან უნდა გათვალისწინებულიყო, რომ გაუქმდა არა კონკრეტული საშტატო ერთეული, ანუ გაუქმდა არა ზ. ხ-ის საშტატო ერთეული, არამედ ზოგადად გაუქმდა 7 შტატიდან მხოლოდ 2 და დარჩა 5 საშტატო ერთეული; გაუქმებამდეც და გაუქმების შემდეგაც ყველა მათგანზე დასაქმებულ პირებს ერთი და იგივე ფუნქციური უფლება-მოვალეობები გააჩნდათ, რაც გულისხმობს იმას, რომ გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციულმა ორგანომ საკითხი უნდა გადაწყვიტოს უკეთესის/საუკეთესოს, უპირატესის ამორჩევის პრინციპის საფუძველზე, რაც უნდა განხორციელდეს შესაბამისი სამართლებრივი, ობიექტური მექანიზმის გამოყენებით (ს.ფ 17-35); ზ) საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 17 იანვრის (საქმე №ბს-1256(კ-18)) განჩინებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეული იქნა დაუშვებლად და შესაბამისად უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება (ს.ფ 36-39); თ) სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2019 წლის 19 დეკემბრის №03-485/ო ბრძანების თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 17 იანვრის (საქმე №ბს-1256 (კ-18)) განჩინების, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 31 მაისის (საქმე №3ბ/120-18) გადაწყვეტილების საფუძველზე, სააგენტომ განიხილა ზ. ხ-ის გათავისუფლების სამართლებრივი საფუძვლები და მართებულად მიიჩნია მისი გათავისუფლება შტატების შემცირების გამო, ვინაიდან „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 დეკემბრის №614 დადგენილებისა და „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის №317-კ ბრძანების საფუძველზე, სამინისტრომ, მათ შორის ადმინისტრაციულ დეპარტამენტში განხორციელებული რეორგანიზაციისა და საშტატო ოპტიმიზაციის გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მიიჩნია ზ. ხ-ის ადმინისტრაციული დეპარტამენტის ...ოს უფროსი სპეციალისტის საშტატო ერთეულის შემცირება და მისი ფუნქციების გადანაწილება ამავე სამმართველოს 5 უფროს სპეციალისტზე, რითაც უფრო ეფექტურად განხორციელდა ამ სამმართველოს უფლება-მოვალეობანი. მით უფრო, რომ ზ. ხ-ი გაფრთხილებული იყო რეორგანიზაციასა და შტატების შესაძლო შემცირების თაობაზე. ამასთანავე, ამ პროცესში არ არსებობდა სამართლებრივი ვალდებულება, განხორციელებულიყო ზ. ხ-ის მიმართ სხვა თანამდებობის დაკავების შეთავაზება. იმ დროისათვის მოქმედ საშტატო ნუსხაში არ არსებობდა ვაკანტური თანამდებობა, რომელიც შესაბამისი იქნებოდა ზ. ხ-ის მიერ დაკავებული საშტატო ერთეულით გათვალისწინებული საკვალიფიკაციო მოთხოვნების (ს.ფ 16); ი) სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ, 2022 წლის 17 იანვარს, სასამართლოში წარდგენილ იქნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის ...ოს თანამშრომლების - თ. ბ-ეის, გ. ც-ის, რ. გ-ეის, გ. მ-ეის და ბ. კ-ის შესახებ ინფორმაცია. წარმოდგენილი დოკუმენტაციით დგინდება, რომ ბ. კ-ი, რ. გ-ე და გ. ც-ი 2018 წლის 10 ოქტომბრიდან, ხოლო თ. ბ-ე და გ. მ-ე 2019 წლის 22 ოქტომბრიდან გათავისუფლებულები არიან დაკავებული თანამდებობებიდან (ს.ფ 237-246).
მოცემულ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2019 წლის 19 დეკემბრის №03-485/ო ბრძანების ბათილად ცნობის, ზ. ხ-ის გათავისუფლებამდე დაკავებულ ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის, მოსარჩელისათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების საფუძვლების არსებობა.
საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2019 წლის 19 დეკემბრის №03-485/ო ბრძანება გამოცემულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 31 მაისის (საქმე №3ბ/120-18) გადაწყვეტილების აღსასრულებლად. აღნიშნული გადაწყვეტილებით სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის №338-კ ბრძანება, ზ. ხ-ის გათავისუფლების შესახებ და სამინისტროს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა სრულყოფილად შესწავლისა და გამოკვლევის საფუძველზე, ასევე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გათვალისწინებით ახალი აქტის გამოცემა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 24 აპრილის №ბს-476-464(კ-13) გადაწყვეტილებაზე, რომლითაც საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ სასამართლო ახორციელებს რა სახელმწიფო ხელისუფლების განსაკუთრებულ ფუნქციას - მართლმსაჯულებას, სახელმწიფოს სახელით დადგენილი გადაწყვეტილებების კანონიერ ძალაში შესვლა გულისხმობს მის უპირობო და სავალდებულო შესრულებას. აღსანიშნავია, რომ „სამართლიანი სასამართლოს“ უფლება მოიცავს არა მარტო სასამართლოსადმი მიმართვის, საქმის საჯარო და სამართლიანი განხილვის, საკითხის გონივრულ ვადებში გადაწყვეტის უფლებებს, არამედ გადაწყვეტილების აღსრულების უფლებასაც. სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობა უთანაბრდება სასამართლოსადმი მიმართვის უფლების არცნობას იმდენად, რამდენადაც იგი მოჩვენებითს ხდის სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობას. მითითებულ გადაწყვეტილებაში საკასაციო სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სასამართლოსადმი მიმართვის უფლება შედეგზე ორიენტირებული უფლებაა და თუნდაც სასურველი გადაწყვეტილების მიღება არასაკმარისია აღნიშნული მიზნის მისაღწევად, გადაწყვეტილების დროული და სრულყოფილი აღსრულების გარეშე.
ამასთან, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ 2014 წლის 25 მარტის განჩინებით №ბს-110-103(2კ-13) ადმინისტრაციულ საქმეზე გაკეთებული განმარტებების თანახმად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების სახე მის კანონიერ ძალაში შესვლისას აღსრულების სპფეციფიკურ სახეს განეკუთვნება, რა დროსაც სასამართლო აქტი აღსრულდება მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო საკითხზე ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის გამოცემის მეშვეობით. საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ ამგვარი სასამართლო აქტის აღსრულებისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია არა მხოლოდ ფორმალური თვალსაზრისით შეასრულოს სასამართლოს დავალება. არამედ, ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელიც სასამართლომ გამოურკვევლად და დაუდგენლად ჩათვალა და ამავდროულად, მათ გამოკვლევა-დადგენა სადავო საკითხის სამართლიანი და კანონიერი გადაწყვეტისათვის აუცილებლად მიიჩნია, სათანადო პროცედურების და სამართლებრივი ინსტიტუტების მეშვეობით ჯეროვნად უნდა იქნეს გამოკვლეული, დადგენილი და შეფასებული.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის განმარტებას, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს კანონიერ ძალაში შესული სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებაში არსებული მითითებების გათვალისწინებით, უნდა მოეხდინა რეორგანიზაციის პერიოდში, ადმინისტრაციული დეპარტამენტის მატერიალური უზრუნველყოფის სამმართველოში დასაქმებულ შვიდივე თანამშრომელთან დაკავშირებით, მათ მიერ შესრულებული სამუშაოს მოცულობის და ხარისხის, ასევე კვალიფიკაციის, პროფესიული უნარ-ჩვევების, შრომის დისციპლინის და სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორების სიღრმისეული შესწავლა-გამოკვლევა და შეფასება, ასევე უნდა გაეთვალისწინებინათ ატესტაციის შედეგები და აქედან გამომდინარე საუკეთესოს/უკეთესის ამორჩევის გზით უნდა მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება. ასევე მხედველობაში მიეღო ის გარემოება, რომ რეორგანიზაციისას გაუქმდა არა კონკრეტული საშტატო ერთეული, ანუ გაუქმდა არა ზ. ხ-ის საშტატო ერთეული, არამედ ზოგადად, გაუქმდა 7 შტატიდან მხოლოდ 2 და გაუქმებამდეც და გაუქმების შემდეგაც ყველა მათგანზე დასაქმებულ პირებს გააჩნდათ ერთი და იგივე ფუნქცია-მოვალეობები. საყურადღებოა, რომ მოსარჩელის სამსახურში დაგვიანებასა და სამსახურიდან ადრე გასვლასთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარმოუდგენია იმ სახის მტკიცებულებები, რაც გააქარწყლებდა მოსარჩელის არგუმენტაციას, რომ მის სამსახურებრივ ვალდებულებებში ადმინისტრაციული შენობის მიღმა შესასრულებელი დავალებებიც იყო, რაც ადმინისტრაციისათვის ცნობილი იყო.
,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში. თუ სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენა შეუძლებელია იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის არარსებობის გამო, საჯარო დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ მიმართოს ბიუროს საჯარო სამსახურის სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის მოძიების თხოვნით. სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სხვა საჯარო დაწესებულებაში ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა დასაშვებია უკანონოდ გათავისუფლებული მოხელისა და ამ საჯარო დაწესებულების თანხმობით.
ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად კი, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობს სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ადმინისტრაციული დეპარტამენტის ...ოს უფროსი სპეციალისტის ან აღნიშნული თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე ზ. ხ-ის აღდგენისა და მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ივნისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
თ. ოქროპირიძე