Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

საქმე №ბს-405(კ-23) 20 სექტემბერი, 2023 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - შ. მ-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 15 მარტის განჩინება

აღწერილობითი ნაწილი:

შ. მ-იმ 2022 წლის 24 მარტს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ და ამავე სააგენტოს 2022 წლის 2 მარტის №1000779929 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოსარჩელისათვის მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემის თაობაზე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით შ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით მანვე გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 15 მარტის განჩინებით შ. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება. მითითებული განჩინება შ. მ-იმ საკასაციო წესით გაასაჩივრა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შ. მ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. დასახელებული მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს მითითებას, თუ რა მოცულობით საჩივრდება გადაწყვეტილება, გასაჩივრების საფუძვლებს (კასაციის მიზეზებს) და განმარტებას იმის თაობაზე, მოითხოვს თუ არა მომჩივანი გადაწყვეტილების გაუქმებასა თუ შეცვლას (კასაციის განაცხადს). ამავე კოდექსის 393-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

ასევე მნიშვნელოვანია დასახელებული კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ხოლო 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 24 აპრილის განჩინებით შ. მ-ის საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ, კასატორს დაევალა, ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი და დასაბუთებული საკასაციო საჩივრისა და სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის (დედნის სახით) საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენა. ამასთან, მხარეს განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 24 აპრილის განჩინება და გზავნილი შ. მ-ის გაეგზავნა საქმეში მის მიერვე მითითებულ მისამართზე (თბილისი, ...ის მე-... შესახვევი, ბინა №...) ორჯერ, რომელიც არ ჩაბარდა. უკუგზავნილებზე მითითებულია, რომ პიროვნება აღნიშნულ მისამართზე არ არის და ტელეფონზეც არ პასუხობს. სწორედ ამიტომ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 31 ივლისის საჯარო შეტყობინების გავრცელების შესახებ განჩინებით, შ. მ-ის ეცნობა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 24 აპრილის განჩინებით მის საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი; კასატორს დაევალა, განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი და დასაბუთებული საკასაციო საჩივრისა და სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის (დედნის სახით) საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენა; განჩინება საჯაროდ გავრცელდა საქართველოს სასამართლოების საქმისწარმოების სისტემის ვებგვერდზე www.ecd.court.ge; ამავე განჩინებით კასატორს - შ. მ-ის განემარტა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 24 აპრილის განჩინება ჩაბარებულად ჩაითვლებოდა სასამართლო შეტყობინების საქართველოს სასამართლოების საქმისწარმოების სისტემის ვებგვერდზე განთავსებიდან მე-7 დღეს (2023 წლის 7 აგვისტოს). შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული ხარვეზის შევსების 7-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2023 წლის 8 აგვისტოდან და ამოიწურა 2023 წლის 14 აგვისტოს 24 საათზე (ორშაბათი). მიუხედავად ამისა, კასატორმა მისთვის მიცემულ ვადაში არ შეავსო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 24 აპრილის განჩინებით დადგენილი ხარვეზი. ამასთან, მას საკასაციო სასამართლოსთვის არც აღნიშნული ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელების თხოვნით მოუმართავს, რაც წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობაა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შ. მ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 401-ე მუხლებით და

დაადგინა:

1. შ. მ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 15 მარტის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე