Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1396(კ-22) 20 სექტემბერი, 2023 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მესამე პირი) - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ჯ. ტ-ა

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონული ოფისი

მესამე პირი - ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 29 სექტემბრის განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემის დავალება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

ჯ. ტ-ამ 2020 წლის 18 მაისს სარჩელით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ამავე სააგენტოს სამეგრელოს რეგიონული ოფისის მიმართ და სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შედეგად, მოითხოვა „რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამეგრელოს რეგიონული ოფისის 2020 წლის 11 მარტის №... გადაწყვეტილებისა და „ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 31 მარტის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამეგრელოს რეგიონული ოფისის დავალდებულება - გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ჯ. ტ-ას განცხადების დაკმაყოფილებისა და წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე (ელ. ნახაზი; 1992 წლის 15 ოქტომბრის ქალაქ ფოთის გამგეობის გადაწყვეტილება №22/528; ტექ. ბიუროს 19.11.1992 წლის გეგმა-ნახაზი; ექსპერტიზის დასკვნა №...) ქალაქ ფოთში, ...ზე, ჯ. ტ-ას მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ 10018 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მან 2019 წლის 10 აპრილს განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, რომლითაც ქალაქ ფოთში, ...ზე, ...ის ქუჩის მიმდებარედ არსებულ უძრავ ქონებაზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. განცხადებას თან ერთოდა საკადასტრო აზომვითი ნახაზი, გადაწყვეტილება და გეგმა. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2019 წლის 17 მაისს მიიღო გადაწყვეტილება, რომელშიც აღნიშნა, რომ დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით არ დგინდებოდა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა, რის დასადასტურებლადაც დოკუმენტები გადაიგზავნა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში. მერიამ, თავის მხრივ, 2019 წლის 17 ივლისს მიიღო ბრძანება ნაკვეთის იდენტურობის დადგენაზე უარის თქმის თაობაზე იმ საფუძვლით, რომ უფლების დამდგენი დოკუმენტაციით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის იდენტიფიცირება ვერ მოხდა. ეს ბრძანება მოსარჩელემ გაასაჩივრა ქალაქ ფოთის მერთან, თუმცა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

სარჩელის მიხედვით, ჯ. ტ-ამ მიმართა სამხარაულის ექსპერტიზას და მიიღო დასკვნა, რომლის საფუძველზეც, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ხელმეორედ წარუდგინა განცხადება და მოითხოვა სადავო მიწის ნაკვეთზე უფლებათა სპორადული რეგისტრაცია. აღნიშნული დოკუმენტაცია კვლავ გადაიგზავნა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენასთან დაკავშირებით. წარდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შედეგად, ფოთის მერიამ 2020 წლის 6 მარტს საჯარო რეესტრს წერილით აცნობა, რომ იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზეც არსებობდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განცხადების, აგრეთვე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება წარდგენილი ყოფილიყო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებდა განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამის შემდეგ, 2020 წლის 11 მარტს, საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო სამსახურის სამეგრელოს რეგიონულმა ოფისმა მიიღო გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელის მიერ გასაჩივრდა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში, რომელიც არ დაკმაყოფილდა.

მოსარჩელემ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოში მის მიერ წარდგენილ იქნა ყველა საჭირო დოკუმენტი, თუმცა ისინი მოპასუხემ არ შეისწავლა საფუძვლიანად, რაც უკანონო გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გახდა.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 27 დეკემბრის განჩინებით, მოცემულ საქმეში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მესამე პირად ჩაბმულ იქნა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით ჯ. ტ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამეგრელოს რეგიონული ოფისის 2020 წლის 11 მარტის №... გადაწყვეტილება, ასევე „ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 31 მარტის №... გადაწყვეტილება; მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამეგრელოს რეგიონული ოფისს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ჯ. ტ-ას განცხადების დაკმაყოფილებისა და წარდგენილი დოკუმენტაციის - ელ. ნახაზის, 1992 წლის 15 ოქტომბრის ქალაქ ფოთის გამგეობის №22/528 გადაწყვეტილების, ტექ. ბიუროს 19.11.1992 წლის გეგმა-ნახაზისა და ექსპერტიზის №... დასკვნის საფუძველზე, ქალაქ ფოთში, ...ზე, ჯ. ტ-ას მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ 10018 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 11 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 29 სექტემბრის განჩინებით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უცვლელად დარჩა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 11 მაისის გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 29 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის მითითებით, ვინაიდან სადავო მიწის ნაკვეთზე არ დასტურდებოდა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებულ მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის შესაბამისად, მიღებულ იქნა რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება. ამასთან, საჯარო რეესტრში მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დადგინდა ზედდება, სარეგისტრაციოდ წარდგენილი საკადასტრო აზომვით/აგეგმვით ნახაზსა და ... საკადასტრო კოდით, სახელმწიფო სახელზე რეგისტრირებული უძრავი ნივთის მონაცემებს შორის. მიუხედავად ამისა, სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად არ გაიზიარა 2019 წლის 8 ივლისის უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების №00067 ოქმი და უპირატესობა მიანიჭა მხარის მიერ წარდგენილ ექსპერტიზის დასკვნასა და მოწმეთა ჩვენებებს, რითაც მიიჩნია, რომ უფლების დამადასტურებელ დოკუმენტსა და აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთები იდენტური იყო. სააპელაციო სასამართლომ ასევე დაუსაბუთებლად არ გაიზიარა ქონების სააგენტოს პოზიცია, რომ ფოთის საქალაქო სასამართლომ ისე დაავალა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ჯ. ტ-ას საკუთრების უფლების რეგისტრაცია სადავო უძრავ ნივთზე, რომ საერთოდ არ უმსჯელია მიწის ნაკვეთის სახელმწიფო სახელზე რეგისტრაციისა და მისი საფუძვლების კანონიერებაზე. მხოლოდ მიუთითა, რომ უძრავ ქონებაზე სახელმწიფოს რეგისტრაციის საფუძველი - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 30 ოქტომბრის №1/4-258 ბრძანება, გამოიცა ისეთ ვითარებაში, როდესაც სადავო მიწის ნაკვეთზე არავითარი ფორმით არ იყო განხორციელებული ჯ. ტ-ას საკუთრების უფლების რეგისტრაცია, ამჟამად კი დადასტურებულია, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მართლზომიერი საფუძველი გააჩნდა ჯ. ტ-ას.

კასატორის მოსაზრებით, 2014 წლის 5 ნოემბერს, ქალაქ ფოთში ...ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 40000 კვ.მ მიწის ნაკვეთი, 2014 წლის 30 ოქტომბრის №1/4-258 ბრძანების საფუძველზე, დარეგისტრირდა სახელმწიფო საკუთრებად (ს/კ ...). სარეგისტრაციო სამსახურის მიერ რეგისტრაცია არ განხორციელდებოდა თუ დადგინდებოდა არსებითი წინააღმდეგობა სარეგისტრაციოდ წარდგენილ მოთხოვნასა და უკვე რეგისტრირებულ უფლებას შორის. უძრავ ნივთზე კი სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციისას, მასზე კერძო პირის საკუთრების უფლება კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით არ ფიქსირდებოდა და არ არსებობდა რეგისტრაციის დამაბრკოლებელი რაიმე სახის ფაქტობრივი გარემოება. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ რეგისტრაციის საფუძველი - ბრძანება მოსარჩელის მიერ გასაჩივრებული არ ყოფილა და იგი ძალაშია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 12 დეკემბრის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რაც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა იგი არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ჯ. ტ-ასთვის მიწის ნაკვეთის რეგისტრაციაზე უარის თქმის კანონიერება, უფლების დამდგენ დოკუმენტში მითითებული და აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დაუდასტურებლობის საფუძვლით.

საკასაციო პალატა მიუთითებს „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირია პირი, რომელსაც მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ან მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე წარმოეშვა. ამავე მუხლის „რ“ ქვეპუნქტი განმარტავს „მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტის“ ცნებას და ასეთად განიხილავს 2004 წლის 4 ოქტომბრამდე უძრავი ნივთის მფლობელად (მოსარგებლედ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელ ცნობა-დახასიათებას, საკომლო წიგნიდან ამონაწერს, მებაღის წიგნაკს, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად, სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილ მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილ და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სიას თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობისთვის გადასახადის გადამხდელთა სიას, სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტს ან მიწის ნაკვეთის გეგმას, სასამართლოს აქტს საქართველოს ეროვნულ არქივში ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს არქივში დაცულ დოკუმენტს (მათ შორის, ბინის მეპატრონეთა წიგნის ჩანაწერს, მიწის საკადასტრო წიგნის ჩანაწერს) თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, სარეგისტრაციო წარმოებისას მოძიებულ/წარმოდგენილ სხვა შესაბამის დოკუმენტს. დასახელებული კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელების გარდა, ამ კანონით გათვალისწინებული სისტემური რეგისტრაციისა და სპორადული რეგისტრაციის მიზნებისათვის, საკუთარი ინიციატივით: ა) ახორციელებს სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მოძიებასა და სისტემატიზაციას; ბ) სისტემური რეგისტრაციის მიზნებისათვის, ახორციელებს მიწის ნაკვეთების საკადასტრო აღწერას და შესრულებული სამუშაოს შედეგების დოკუმენტირებას მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ არეალებში, აგრეთვე განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის ფარგლებში, თუ განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის განმახორციელებელი სააგენტოა; გ) ახორციელებს საკადასტრო მონაცემების ცვლილების უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრაციას; დ) ფაქტების კონსტატაციის მიზნით მიმართავს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – აღსრულების ეროვნულ ბიუროს; ე) უზრუნველყოფს საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების სრულყოფას და მათ ურთიერთშესაბამისობას; ვ) ასევე ახორციელებს ამ კანონით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის შესაბამისად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. იმავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად კი, განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. დასახელებული კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, რეგისტრაცია წარმოებს უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების საფუძველზე, ხოლო ამ კანონის მე-2 მუხლის „კ“ პუნქტის მიხედვით, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. ამრიგად, საკუთრების უფლების როგორც პირველადი, ისე ცვლილების რეგისტრაციისთვის განმცხადებელმა უნდა წარადგინოს კონკრეტულ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია და ამავე უძრავი ნივთის მონაცემების სწორად ამსახველი საკადასტრო აზომვითი ნახაზი. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ კი საკუთრების უფლების რეგისტრაცია სწორედ უფლების წარმომშობი სათანადო დოკუმენტის, საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე და მათ შესაბამისად უნდა განახორციელოს. ამასთანავე, მართალია, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, თუმცა სარეგისტრაციო სამსახური პასუხისმგებელია რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. სწორედ ამიტომ, საკუთრების უფლების რეგისტრაციამდე მარეგისტრირებელმა ორგანომ სრულყოფილად უნდა შეისწავლოს არა მხოლოდ წარდგენილი დოკუმენტაცია, არამედ - მასთან რეგისტრირებული მონაცემები და დაცული ინფორმაციაც, რათა, ერთი მხრივ, საკუთრების უფლების რეგისტრაცია მხოლოდ სათანადო საფუძვლით და შესაბამისი კონფიგურაციით განხორციელდეს, მეორე მხრივ კი, გამოირიცხოს სხვისი საკუთრების უფლების ხელყოფა და საკადასტრო მონაცემების ზედდება.

საქმის მასალების მიხედვით დასტურდება, რომ ქალაქ ფოთის გამგეობის 1992 წლის 15 ოქტომბრის №22/528 გადაწყვეტილების თანახმად, ჯ. ტ-ას ...ის ქუჩის მიმდებარედ, ტურისტული ბაზის მომიჯნავედ მდებარე თავისუფალ ტერიტორიაზე გამოეყო 1 ჰა მიწის ნაკვეთი სპორტული კომპლექსის ასაშენებლად. მან 2019 წლის 10 აპრილს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში წარადგინა განცხადება და ქალაქ ფოთში, ...ზე, ...ის ქუჩის მიმდებარედ არსებულ უძრავ ნივთზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. განცხადებას თან დაურთო აღნიშნული გადაწყვეტილება, საკადასტრო აზომვითი ნახაზი და გეგმა. 2019 წლის 17 მაისს საჯარო რეესტრმა მიიღო გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით არ დგინდებოდა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა და იდენტურობის დასადგენად დოკუმენტები გადაიგზავნა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში, რომელმაც, თავის მხრივ, მიიღო ბრძანება ნაკვეთის იდენტურობის დადგენაზე უარის თქმის თაობაზე. აღნიშნული ბრძანების მიღების საფუძველი გახდა ის ფაქტი, რომ ვერ მოხდა უფლების დამდგენი დოკუმენტაციით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის იდენტიფიცირება. ეს ბრძანება მოსარჩელის მიერ გასაჩივრებულ იქნა ფოთის მერთან, თუმცა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს აგრეთვე ის, რომ განსახილველი საკითხის დადგენის მიზნით, მოსარჩელემ მიმართა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს, რომლის 2020 წლის 15 იანვრის №... დასკვნით დადგინდა, რომ მისთვის გამოყოფილი 1 ჰა მიწის ნაკვეთის საორიენტაციო მდებარეობა ძირითადად შეესაბამებოდა მის მიერ საჯარო რეესტრში სარეგისტრაციოდ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთთან მიმართებით წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზზე მითითებული მიწის ნაკვეთის მდებარეობას. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე მან კვლავ მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სადავო მიწის ნაკვეთზე უფლებათა სპორადული რეგისტრაცია. დამატებით მოსარჩელის მიერ წარდგენილ იქნა ექსპერტიზის დასკვნა, თუმცა სსიპ საჯარო რეესტრის მიერ არ მომხდარა ამ არსებითი მნიშვნელობის მქონე დოკუმენტის შესწავლა-შეფასება და მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენასთან დაკავშირებით კვლავ მიემართა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას. ქალაქ ფოთის მერიამ განიხილა წარმოდგენილი დოკუმენტაცია და 2020 წლის 6 მარტის წერილით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აცნობა, რომ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 17 ივლისის №04/930 ბრძანებით ჯ. ტ-ას უარი ეთქვა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთების იდენტურობის დადგენაზე იმაზე მითითებით, რომ აღნიშნული განცხადების განმეორებით განხილვის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა. აღნიშნული გარემოების გათვალისწინების შედეგად, 2020 წლის 11 მარტს სსიპ საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო სამსახურის სამეგრელოს რეგიონულმა ოფისმა მიიღო გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, რაც მოსარჩელის მიერ გასაჩივრდა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში, თუმცა მოსარჩელეს უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

საქმის მასალების მიხედვით, ასევე პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ჯ. გ-ას მიერ მიცემული ჩვენებით დასტურდება, რომ იგი 1992 წლიდან მუშაობდა ფოთის მერიის არქიტექტურის სამსახურში მთავარი არქიტექტორის მოადგილედ და მონაწილეობდა ქალაქის გენგეგმის შედგენაში. ამდენად, მისთვის კარგად იყო ცნობილი სადავო მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა, რომელიც ტურისტული ბაზის მომიჯნავედ იქნა გამოყოფილი. მოწმის განმარტებით, მან დახმარება გაუწია ექსპერტებს დასკვნის შედგენის დროს და აჩვენა მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა.

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის იურიდიული ინტერესი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამეგრელოს რეგიონული ოფისის 2020 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ მიღებული აქტის ბათილად ცნობასთან დაკავშირებით, გამომდინარეობს იმ ფაქტიდან, რომ ჯ. ტ-ას მოსაზრებით, მას საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება გააჩნია სარეგისტრაციოდ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე, რაც დასტურდება მის ხელთ არსებული მიწის მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი უფლების დამდგენი დოკუმენტებით - 1992 წლის 15 ოქტომბრის ქალაქ ფოთის გამგეობის №22/528 გადაწყვეტილებით, ელ. ნახაზით, ტექ. ბიუროს 19.11.1992 წლის გეგმა-ნახაზითა და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 15 იანვრის №... დასკვნით. მან განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ქალაქ ფოთში, ...ზე, ...ის ქუჩის მიმდებარედ არსებულ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. განცხადებას თან დაურთო შემდეგი დოკუმენტები: 1992 წლის 15 ოქტომბრის ქ. ფოთის გამგეობის №22/528 გადაწყვეტილება, ელ. ნახაზი, ტექ. ბიუროს 19.11.1992 წლის გეგმა-ნახაზი და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 15 იანვრის №... დასკვნა, თუმცა მას კვლავ უარი ეთქვა უფლების რეგისტრაციაზე.

საკასაციო სასამართლო, საქმეზე დადასტურებული ფაქტობრივი გარემოებებისა და ზემოთ მითითებული სამართლებრივი ნორმების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის შედეგად, მართებულად მიიჩნევს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ მოსარჩელე ჯ. ტ-ას გააჩნდა უფლების დამდგენი დოკუმენტები, რომლებიც ადასტურდებდა სადავო მიწის ნაკვეთის მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებობას. ადმინისტრაციული ორგანო კი სადავო ნაკვეთის საკუთრებაში რეგისტრაციას არ ახორციელებდა იმის გამო, რომ ვერ დგინდებოდა უძრავი ნივთის ზუსტი ადგილმდებარეობა და ასევე ადგილი ჰქონდა ზედდებას სხვა მიწის ნაკვეთთან, რომელიც აღრიცხული იყო სახელმწიფო საკუთრებად, თუმცა საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ, 1992 წლის 15 ოქტომბრის ქალაქ ფოთის გამგეობის №22/528 გადაწყვეტილებით, სარეგისტრაციოდ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზით, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს 2020 წლის 15 იანვრის №... ექსპერტიზის დასკვნით, ექსპერტის - გ. რ-ისა და მოწმის - ჯ. გ-ას ჩვენებებით ცალსახად დასტურდება განსახილველი უფლების დამდგენი დოკუმენტითა და სარეგისტრაციოდ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთების იდენტურობა. მართებულია სააპელაციო პალატის მოსაზრება, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს არ შეუსრულებია თავისი ვალდებულება და სრულყოფილად არ გამოუკვლევია დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტები, მათი ერთობლიობაში შეფასების განუხორციელებლობის შედეგად კი, მიიღო არასწორი გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ. ამდენად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული სადავო აქტებით დაირღვა მოსარჩელის საკუთრების უფლების დაცვის საგარანტიო ნორმები, რაც ამ რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს წარმოადგენდა.

რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას იმის შესახებ, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა ისე ცნეს ბათილად სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული რეგისტრაცია და დაავალეს მას ჯ. ტ-ას საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, რომელზეც ფიქსირდება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებებთან ზედდება, რომ საერთოდ არ იმსჯელეს სახელმწიფოს სახელზე განხორციელებული რეგისტრაციისა და მისი საფუძვლის შესახებ, იმ პირობებში, როდესაც ძალაშია სახელმწიფოს სახელზე განხორციელებული რეგისტრაცია და რეგისტრაციის საფუძველი და იგი მხარის მიერ გასაჩივრებული არ არის. საკასაციო პალატა ამ ნაწილშიც იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ აღნიშნული არ უნდა გახდეს პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმებისა და ჯ. ტ-ას მოთხოვნის - საკუთრების უფლების რეგისტრაციის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, რადგან დავის საგანს განკუთვნილ უძრავ ქონებაზე სახელმწიფოს რეგისტრაციის საფუძველი - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 30 ოქტომბრის №1/4-258 ბრძანება, გამოიცა ისეთ ვითარებაში, როდესაც სადავო მიწის ნაკვეთზე არანაირი ფორმით არ იყო განხორციელებული ჯ. ტ-ას საკუთრების უფლების რეგისტრაცია, ამჟამად კი დადგენილია, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მართლზომიერი საფუძველი ჯ. ტ-ას გააჩნია. საკასაციო პალატა მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 3.61 მუხლზე, რომლის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით დააზუსტოს, შეცვალოს, ძალადაკარგულად გამოაცხადოს ან ბათილად ცნოს უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებული მცდარი ან ურთიერთშეუსაბამო მონაცემები და უზრუნველყოს ამ მიზნით დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში ყველა დაინტერესებული პირის ჩართვა. ამავე მუხლის 62 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია გადაამოწმოს სააგენტოსათვის წარდგენილი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის მონაცემების სისწორე და საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებთან შესაბამისობა. ამდენად, ზემოაღნიშნული მსჯელობითა და დასაბუთებით საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ჯ. ტ-ას სარჩელი საფუძვლიანი იყო და იგი მართებულად დაკმაყოფილდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დაადგინა:

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ

იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 29 სექტემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე