ბს-466(კ-22) 18 სექტემბერი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სახელმწიფო აუდიტის სამსახური
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შ. ბ-ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.08.2020წ. გადაწყვეტილება
დავის საგანი - რეორგანიზაციის გამო შტატების შემცირებისას სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
შ. ბ-ემ 30.04.2018წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიმართ. სასარჩელო მოთხოვნების არაერთგზის დაზუსტების შემდგომ მოსარჩელემ საბოლოოდ მოითხოვა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 23.02.2018წ. №01978/35 რეორგანიზაციასთან დაკავშირებით გასაუბრების ჩასატარებლად შექმნილი კომისიის №2 სხდომის ოქმის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 02.03.2018წ. №02171/21 ბრძანებით დამტკიცებული დანართის მე-13 პუნქტის და შ. ბ-ეის გათავისუფლების შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 02.04.2018წ. №03176/25 ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე მოპასუხისათვის 1 თვის ვადაში შ. ბ-ეის სამსახურში აღდგენის თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება და მოსარჩელის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის, კერძოდ, 2018 წლის 2 აპრილიდან სამსახურში აღდგენამდე ყოველთვიურად 1700 ლარის ოდენობით, მოპასუხისათვის დაკისრება.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2018 წლის თებერვალში ჩატარდა გასაუბრება. მოსარჩელის ინფორმაციით გასაუბრების შედეგებს რაიმე სახის გავლენა არ უნდა ჰქონოდა მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლებასა ან ამ თანამდებობაზე დატოვებასთან დაკავშირებით. 02.03.2018წ. მიიღო ზოგადი ხასიათის შეტყობინება სახელმწიფო აუდიტის სამსახურში რეორგანიზაციის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით თანამდებობიდან გათავისუფლების და მობილობის პროცედურების დაწყების შესახებ. აღნიშნული დოკუმენტი შ. ბ-ეის სამსახურიდან დათხოვნაზე არ მიუთითებდა, ასევე არ იყო დასაბუთებული. 02.04.2018წ. შ. ბ-ე გათავისუფლდა თანამდებობიდან. მოსარჩელის მოსაზრებით 02.03.2018წ. წერილი არ შეიძლება გამხდარიყო მისი თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველი, ასევე ეს წერილი არ შეიცავდა ინფორმაციას რეორგანიზაციის შედეგად კონკრეტული შტატების გაუქმების თაობაზე, ამასთან მოსარჩელისთვის არ შეუთავაზებიათ მობილობა.
მოსარჩელის განმარტებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ შ. ბ-ეის სამსახურიდან გათავისუფლებისას არ დაიცვა საჯარო და კერძო ინტერესთა ბალანსი. მოპასუხემ არასწორად გამოიყენა მისთვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება და ინტერესთა ბალანსის არასწორი შეფასებით მიიღო გადაწყვეტილება. თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება არის დაუსაბუთებელი, დარღვეულია სზაკ-ის 53-ე და 96-ე მუხლებით გათვალისწინებული პირობები, ასევე „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული გარანტიები, გამოყენებული არ იქნა ამავე კანონის 52.1 მუხლით გათვალისწინებული მობილობის წესი.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 52.1 მუხლი ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს მობილობის მექანიზმის გამოყენებას და თანამდებობიდან გათავისუფლებული მოხელის იმავე დაწესებულებაში სხვა ტოლფას თანამდებობაზე დანიშვნას. მოსარჩელის გათავისუფლებისას მოპასუხეს გააჩნდა ვაკანსიები, ეს გარემოება სადავო აქტებში არ არის მითითებული, რითაც დაირღვა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 52-ე მუხლი. მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება დასაშვებია „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 53.3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოებისას, თუ არადამაკმაყოფილებელი შეფასების შედეგი ზედიზედ ორჯერ განმეორდება. მოსარჩელის მიმართ მხოლოდ ერთი არადამაკმაყოფილებელი შედეგი არსებობდა, შესაბამისად, მისი გათავისუფლება ამ საფუძვლით დაუშვებელი იყო. რაც შეეხება გასაჩივრებული „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 108-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საფუძველს, გათავისუფლების შესახებ ბრძანებაში და ოქმში მითითებული არ არის რეორგანიზაციის მიზნის შესახებ, მიუხედავად სამსახურის შტატების შენარჩუნების შესახებ საკითხის მთავრობის წინაშე დასმისა და სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯებში შესაბამისი ცვლილებების შეტანისა. ამდენად, გასაჩივრებული აქტები არ ემსახურებოდა რეორგანიზაციის მიზანს და მიმართული იყო მოსარჩელის უფლებების დარღვევისაკენ.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ არ დგინდება რეორგანიზაციის ჩატარების აუცილებლობა და ის ფორმალურ ხასიათს ატარებდა, რის გამო გათავისუფლება უკანონოა. მოსარჩელემ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლსა და ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაზე, რომლითაც უზრუნველყოფილია თანამდებობიდან უსაფუძვლოდ გათავისუფლების გარანტიები და შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის დაუშვებლობა საპატიო მიზეზის არსებობის გარეშე. სასამართლო გადაწყვეტილებების ანალიზი ცხადყოფს, რომ რეორგანიზაცია არ არის შტატების შემცირების ის კანონიერი საფუძველი, რომლის მიხედვით მოხელე უნდა გათავისუფლდეს თანამდებობიდან. საქართველოს მთავრობის 18.01.2018წ. №18 განკარგულებით მოპასუხეს გამონაკლისის სახით მიეცა შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე 39 პირის დასაქმების უფლებამოსილება, შესაბამისად, მოპასუხემ არათუ შეამცირა შტატები, არამედ გაზარდა, ასევე 2018 წელთან შედარებით 2019 წლის ბიუჯეტში წარადგინა 6 ერთეულით მეტი საშტატო რაოდენობა. სასამართლო პრაქტიკის სახით მოსარჩელემ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 19.02.2008წ. №ბს-790-752(კ-07) გადაწყვეტილებაზე, 15.04.2008წ. №ბს-821-783(კ-07) განჩინებაზე, 29.01.2008წ. №ბს-795-757(2კ-07) განჩინებაზე, 06.02.2008წ. №ბს-799-761(კ-07) განჩინებაზე, 11.03.2010წ. №ბს-1194-1140(2კ-09), 06.02.2010წ. №ბს-874-836(კ-09), 26.01.2010წ. №ბს-1148-1095(კ-09), 17.03.2010წ. №ბს-1502-1433(კ-09), 15.09.2010წ. №ბს-415-402(კ-10), 20.10.2010წ. №ბს-342-331(კ-10), 18.02.2014წ. №ბს-388-377(კ-13), 27.02.2014წ. №ბს-463-451(კ-13), 08.06.2018წ. №ას-499-499-2018 გადაწყვეტილებებზე, ასევე თბილისის სააპელაციო სასამართლოს 29.06.2016წ. №2ბ/1236-15 გადაწყვეტილებაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 31.01.2019წ. გადაწყვეტილებით შ. ბ-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 24.01.2018წ. ბრძანებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურში დაიწყო რეორგანიზაციის პროცესი. მოსარჩელეს დაკავებული ჰქონდა ...ის, ...ის თანამდებობა (მესამე რანგი - ...ის დონე), რომელიც 57 ერთეულიდან შემცირდა 33 საშტატო ერთეულამდე. სამსახურში დარჩენის უპირატესობის განსაზღვრის მიზნით, უფლებამოსილმა პირმა მიიღო გადაწყვეტილება რეორგანიზაციის პროცესში კონკრეტულ დასაქმებულ პირებთან გასაუბრების ჩატარებაზე. რეორგანიზაციის ფარგლებში შ. ბ-ეის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენდა 23.02.2018წ. მოსარჩელესთან ჩატარებული გასაუბრება. დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ გასაუბრების შედეგად შ. ბ-ემ მიიღო „არადამაკმაყოფილებელი“ შეფასება. სასამართლო პროცესზე მოსარჩელემ დაადასტურა, რომ მან მიზანმიმართულად არ უპასუხა კომისიის წევრების მხრიდან დასმულ შეკითხვებს, ვინაიდან მისი ზეპირსიტყვიერი ინფორმაციით ხელმძღვანელობას წინასწარ ჰქონდა მიღებული გადაწყვეტილება მის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე. ამდენად, მოსარჩელემ თავად არ მისცა შესაძლებლობა კომისიას მოეხდინა მისი შეფასება იმ დროს, როდესაც კომისია გადაწყვეტილებას იღებდა სწორედ გასაუბრების შედეგებზე დაყრდნობით. ამდენად, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე იყო შ. ბ-ეის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და მობილობას დაქვემდებარებულ პირთა შორის მოხვედრის საფუძველი, რაც განხორციელდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 02.03.2018წ. ბრძანების მე-13 პუნქტით.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ სადავო აქტის გამოცემასთან დაკავშირებით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულყოფილად გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე მიიღო გადაწყვეტილება, რეორგანიზაციის შედეგად ადგილი ჰქონდა იმ საშტატო ერთეულის რაოდენობის შემცირებას, რომელიც მოსარჩელეს ჰქონდა დაკავებული, ამასთან, მოსარჩელის მობილობა სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის 06.03.2018წ. წერილით მიწოდებულ ვაკანტურ თანამდებობებზე ვერ განხორციელდა, შესაბამისად, სახეზე იყო შ. ბ-ეის თანამდებობიდან გათავისუფლების კანონით განსაზღვრული პირობები. კანონმდებლობა საჯარო სამსახურში აღდგენას ცალსახად უკავშირებს მისი დათხოვნის/გათავისუფლების შესახებ მიღებული აქტის უკანონობას, ხოლო განაცდური ხელფასის ანაზღაურებას - დაწესებულების მიერ მოხელის სამსახურში აღდგენას, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს, ამდენად, არ არსებობს მოსარჩელის თანამდებობაზე აღდგენის და მისთვის განაცდური ხელფასის ანაზღაურების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 31.01.2019წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა შ. ბ-ეის მიერ.
აპელანტმა აღნიშნა, რომ სასამართლომ არ იმსჯელა მოსარჩელის არგუმენტებზე, გენერალური აუდიტორის 20.12.17წ. N11280/21 ბრძანებით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება აუდიტის სამსახურის მოხელეთა შეფასებასთან დაკავშირებით, განისაზღვრა კრიტერიუმები: 1. სპეციალიზაცია; 2. კომპიუტერული უნარ-ჩვევები; 3. ანალიტიკური და სხვა უნარ-ჩვევები; 4. წერის უნარები; 5. კომპეტენციის უნარები; 6. ინიციატივა; 7. მენეჯერული უნარები; 8. გამოცდილება. ამ კომპონენტების მიხედვით განესაზღვრა აპელანტს 36.15%, სასამართლოს არ გაურკვევია თითოეული კრიტერიუმის შინაარსი, არ გარკვეულა თითოეულ კრიტერიუმში რამდენი ქულა ჰქონდა მიღებული. აპელანტმა აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში თუ ატესტაცია გახდა სამსახურიდან დათხოვნის საფუძველი, მაშინ რატომ არ გაითვალისწინა სასამართლომ კანონის ის დანაწესი, რომ მოხელის პირველადი ატესტაციის შედეგები არ არის სამსახურიდან დათხოვნის საფუძველი, დათხოვნას მხოლოდ მეორე შედეგი შეიძლება დაედოს გათავისუფლების საფუძვლად. მოცემულ შემთხვევაში დათხოვნა მოხდა მხოლოდ პირველად და ერთადერთხელ ჩატარებული შეფასების მიხედვით. თუ რეორგანიზაციის და კადრების შემცირების გამო მოხდა დათხოვნა, მაშინ გაუგებარია ატესტაციის შედეგების გათვალისწინება. აპელანტმა აღნიშნა, რომ აუდიტის სამსახურში იყო თავისუფალი ვაკანსიები, არა გარე, არამედ შიდა მობილობითაც შეიძლებოდა თავისუფლად მოსარჩელის სხვა ვაკანტურ თანამდებობაზე დასაქმება. წლის ბიუჯეტის დამტკიცებისას დამსაქმებელმა მოითხოვა საშტატო ერთეულების გაზრდა, რაც დაკმაყოფილდა. სასამართლომ უნდა იმსჯელოს თუ რამდენად იყო შესაძლებელი მხოლოდ გასაუბრების საფუძველზე სამსახურიდან დათხოვნა. აპელანტმა აღნიშნა აგრეთვე, რომ მისთვის არ შეუთავაზებიათ მობილობა, დამსაქმებელმა ზოგადი ხასიათის დოკუმენტი გაუგზავნა, რომელიც ვერ აღიქმებოდა მისი სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე გაფრთხილებად. გათავისუფლების თაობაზე შეტყობინების დოკუმენტი არ შეიცავს დასაბუთებას, რის გამოც ირღვევა მოსარჩელის უფლებები. ამასთანავე, არ დგინდება რეორგანიზაციის ჩატარების აუცილებლობა, რეორგანიზაცია ფორმალურ ხასიათს ატარებდა, რეალურად გათავისუფლება სხვა მიზეზით მოხდა, მოსარჩელე სუბიექტური საფუძვლით გაათავისუფლეს. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დაცული არ ყოფილა საჯარო და კერძო ინტერესთა ბალანსი, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ დაიშვება აქტის გამოცემა, თუ პირის უფლებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. მოპასუხემ არასწორად გამოიყენა მისთვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება და ბალანსის ინტერესთა არასწორი შეფასებით მიიღო გადაწყვეტილება.
აპელანტმა აღნიშნა აგრეთვე, რომ ახალი უფროსის დანიშვნის შემდეგ თანამშრომლების შეფასების ახალი სისტემა შემუშავდა. შეფასების ინსტრუქცია სამუშაო საათების შემდეგ შიდა ქსელში დაიგზავნა. მეორე დღეს დეპარტამენტის უფროსმა ჩაატარა თათბირი შეფასებასთან დაკავშირებით, სადაც განაცხადა, რომ არ უნდა მომხდარიყო მაღალი ქულებით შეფასება. შეფასების დასრულების შემდეგ დეპარტამენტის უფროსმა დაიბარა მოსარჩელე და ხელმძღვანელობის სახელით უთხრა, რომ თუკი დაწერდა განცხადებას და სამსახურიდან წავიდოდა მისი ნებით, მაშინ საახალწლოდ პრემიას მიიღებდა, რაზეც მან უარი განაცხადა. "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 53-ე მუხლზე მითითებით წერილობითი აქტი აუცილებლად უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, მასში მითთებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წინამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა აქტი. დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში აქტის გამოცემის შემთხვევაში წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა აქტის გამოცემისათვის. აქტის დასაბუთების ვალდებულება განპირობებულია ორგანოს სამართლით შებოჭვით და თვითკონტროლის ფარგლებში მოქცევით. სზაკ-ის მე-6 მუხლის თანახმად დისკრეციული უფლებამოსილება უნდა განხორციელდეს კანონით დადგენილ ფარგლებში, მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება. სზაკ-ის მე-7 მუხლის მიხედვით დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. აპელანტმა აღნიშნა აგრეთვე, რომ მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლება მხოლოდ მაშინ არის დასაშვები თუ არადამაკმაყოფილებელი შეფასების შედეგი ზედიზედ ორჯერ განმეორდება („საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 53.3 მუხ. „დ“ ქვ.პ., 107.1 მუხ. „ვ“ ქვ.პ.), მოსარჩელის მიმართ მხოლოდ ერთხელ ჰქონდა ადგილი არადამაკმაყოფილებელ შეფასებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.08.2020წ. გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შ. ბ-ეის სააპელაციო საჩივარი, ნაწილობრივ გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 31.01.2019წ. გადაწყვეტილება და გაუქმებულ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შ. ბ-ეის სარჩელი, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურში რეორგანიზაციასთან დაკავშირებით გასაუბრების ჩასატარებლად შექმნილი კომისიის 23.02.2018წ. სხდომის №2 ოქმი (შ. ბ-ეის ნაწილში), ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 02.03.2018წ. №02171/21 ბრძანება, კერძოდ, ბრძანებით დამტკიცებული დანართის მე-13 პუნქტი, ასევე ბათილად იქნა ცნობილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 02.04.2018წ. №03176/25 ბრძანება შ. ბ-ეის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ...ის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე და ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა შ. ბ-ესთან დაკავშირებით, უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 31.01.2019წ. გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შ. ბ-ეის დანარჩენი სასარჩელო მოთხოვნები.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში რეორგანიზაციასთან დაკავშირებით გასაუბრების ჩასატარებლად შექმნილი კომისიის 23.02.2018წ. სხდომის №2 ოქმი, რომლითაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მოსარჩელის შეფასებასთან დაკავშირებით, საბოლოო ჯამში გახდა შ. ბ-ეის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველი. აღნიშნული გადაწყვეტილება არ შეიცავს შეფასების შედეგის დასაბუთებას ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, კერძოდ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში რეორგანიზაციასთან დაკავშირებით გასაუბრების ჩასატარებლად შექმნილმა კომისიამ 23.02.2018წ. სხდომაზე ჩაატარა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხელეებთან გასაუბრება. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგენილი №2 სხდომის ოქმის თანახმად, გასაუბრება ჩატარდა ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების აუდიტის დეპარტამენტის ...თან - შ. ბ-ესთან. გასაუბრების შედეგად კომისიამ თითოეულ მოხელესთან მიმართებით შეაფასა გასაუბრების შედეგები, კერძოდ შ. ბ-ე შეფასდა არადამაკმაყოფილებლად, თუმცა კომისიას არ დაუსაბუთებია, რას ეფუძნებოდა მისი შეფასების შედეგი, სხდომის ოქმში არ არის მითითებული შ. ბ-ეისთვის დასმული კითხვები, ასევე არ არის მითითებული მისი პასუხებიდან გამომდინარე არადამაკმაყოფილებლად შეფასების მიზეზები. მოსარჩელემ სასამართლო პროცესზე განმარტა, რომ მან მიზანმიმართულად არ უპასუხა კომისიის წევრების მხრიდან დასმულ შეკითხვებს, თუმცა აღნიშნული არ ათავისუფლებს ადმინისტრაციულ ორგანოს მის მიერ მიღებული ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის დასაბუთებისგან, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც აღნიშნული აქტით განსაზღვრული შეფასება წარმოადგენს მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველს, შესაბამისად, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები დაუსაბუთებელია.
სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 08.07.2015წ. (საქმე №ბს-449-442(კ-15)) გადაწყვეტილებაზე და აღნიშნა, რომ საჯარო სამსახურის დაწესებულების შიდა სტრუქტურული ან/და ფუნქციონალური გარდაქმნა, რასაც შეიძლება მოსდევდეს დაწესებულების მთლიანად ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების სტატუსის, დაქვემდებარების ან/და ფუნქციონალური დატვირთვის ცვლილება წარმოადგენს რეორგანიზაციას. საშტატო ერთეულისათვის სახელწოდების შეცვლა არ წარმოადგენს საფუძველს იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენილად მიჩნევისათვის, რომ აღარ არსებობს საშტატო ერთეული. საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როცა ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს ამგვარი შტატი, ახალი საშტატო ერთეულით განისაზღვრა სხვა უფლება-მოვალეობები, ან/და ამგვარი საშტატო ერთეულის დასაკავებლად სხვა კრიტერიუმები უნდა იქნეს დაკმაყოფილებული პირის მიერ და ა.შ.. რეორგანიზაციის შედეგად შეიძლება ადმინისტრაციული ორგანოს სტრუქტურა შეიცვალოს, გაიყოს და კონკრეტული სამსახურები განსხვავებულად ჩამოყალიბდეს, მაგრამ მოხელის მიერ დაკავებული შტატი არსებითად უცვლელად დარჩეს, ანუ იყოს იმავე იერარქიულ საფეხურზე, თუნდაც სხვა უწყების დაქვემდებარებაში და ითვალისწინებდეს იმავე უფლება-მოვალეობების შესრულებას.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში რეორგანიზაციასთან დაკავშირებით შ. ბ-ესთან გასაუბრების ჩატარების და შეფასების საკითხები ხელახლა უნდა გამოარკვიოს, მათი ყოველმხრივი და სრულყოფილი გამოკვლევა - შეფასების შედეგად უნდა მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება შ. ბ-ეის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, ვინაიდან გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია საქმისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის გარეშე, რის გამო აღნიშნული აქტები სასკ-ის 32.4 მუხლის შესაბამისად სადავო საკითხის გადაუწყვეტლად უნდა იქნეს ბათილად ცნობილი და ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაევალოს, კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა შ. ბ-ესთან დაკავშირებით. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული აქტები სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შ. ბ-ეის სამსახურში აღდგენასთან დაკავშირებით სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების საფუძვლები, შესაბამისად, უცვლელი უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 31.01.2019წ. გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შ. ბ-ეის დანარჩენი სასარჩელო მოთხოვნები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.08.2020წ. გადაწყვეტილება, შ. ბ-ეის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებულ ნაწილში, საკასაციო წესით გასაჩივრდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ.
კასატორმა აღნიშნა, რომ სასკ-ის 32.4 მუხლის გამოყენება სასამართლოს შეუძლია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე და მათი შემოწმება, შეფასება სასამართლოსთვის შეუძლებელია. სააპელაციო სასამართლოს ჰქონდა სრული შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სწორი სამართლებრივი შეფასების საფუძველზე მიეღო გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. საკადრო ოპტიმიზაციის მიზნით გენერალური აუდიტორის სამართლებრივი აქტის საფუძველზე 21.12.2017წ. ჩატარდა შეფასება. შეფასების მიზანს წარმოადგენდა პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობების, პიროვნული თვისებების, დაკავებული თანამდებობის მოთხოვნებთან შესაბამისობის და მოხელის პროფესიული დონის გამოყენების პერსპექტივების განსაზღვრა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურში 2018 წელს განხორციელებულ რეორგანიზაციის პროცესს თან ახლდა შტატების შემცირება. შეფასების დადგენილ ზღვარზე ქვემოთ შეფასების მქონე მოხელეებს მიეცათ შესაძლებლობა გასაუბრების ფორმით გამოევლინათ თავისი პროფესიული უნარ-ჩვევები. შ. ბ-ე შეფასდა ორივე სისტემით. 21.12.2017წ. შეფასების შედეგად მან მიიღო 36,15%, რაც დაბალი შეფასებაა და გენერალური აუდიტორის ბრძანების საფუძველზე 23.02.2018წ. დაექვემდებარა გასაუბრებას. სახელმწიფო აუდიტის სამსახურში რეორგანიზაციასთან დაკავშირებით გასაუბრების ჩასატარებლად შექმნილი კომისიის 23.02.2018წ. №2 ოქმის და ამ გასაუბრების სხდომის დისკის თანახმად, 23.02.2018წ. სხდომაზე გენერალურმა აუდიტორმა - კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ გასაუბრების მიზანი იყო კომპეტენციის გამოსავლენად შ. ბ-ეისათვის შესაძლებლობის მიცემა, კომისიის წევრებმა მოსარჩელეს დაუსვეს შეკითხვები ექსელში ველუქაბის ფუნქციის, არსებითობის და ფინანსური ანგარიშგების შესახებ. შ. ბ-ე არ პასუხობდა დასმულ შეკითხვებს და აღნიშნავდა, რომ ეს იყო ფორმალობა. გასაუბრებისას კომისიის თავმჯდომარემ, გენერალურმა აუდიტორმა განუმარტა შ. ბ-ეს, რომ არც მის მიმართ და არც სხვა თანამშრომლების მიმართ არ იყო მიღებული არანაირი გადაწყვეტილება და მხოლოდ კომისიის წევრების მიერ დასმულ კითხვებზე პასუხის შემდეგ კომისია იმსჯელებდა შ. ბ-ეის კომპეტენციის საკითხზე, აღნიშნული ასევე დადასტურდა გენერალური აუდიტორის მოადგილეების მიერ, რომლებიც კომისიის წევრის სტატუსით მონაწილეობდნენ გასაუბრებაში. შ. ბ-ემ აღნიშნა, რომ მან უკვე გასცა თავისი პასუხი და უარი თქვა შეფასებაზე. სააპელაციო სასამართლოს გასაუბრების ოქმის შინაარსზე საერთოდ არ უმსჯელია. სააპელაციო სასამართლო მსჯელობას ამყარებს მხოლოდ კომისიის 23.02.18წ. სხდომის N2 ოქმზე, სასამართლო არ მსჯელობს ტექნიკური საშუალებით შექმნილი გასაუბრების ოქმის შინაარსზე, რომელიც N2 ოქმს თან ერთვის CD დისკის სახით. კასატორმა აღნიშნა, რომ 23.02.2018წ. №2 სხდომის ოქმის მიხედვით, გასაუბრება ასევე ჩაუტარდა ...ს მ. დ-ეს, რომელიც ამავე ოქმის მიხედვით შეფასდა არადამაკმაყოფილებლად, დაექვემდებარა მობილობას და მობილობის შეუძლებლობის შედეგად გათავისუფლდა. მ. დ-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული საქმის განხილვისას სასამართლოს მსჯელობის მიღმა არ დარჩენილა 23.02.2018წ. №2 სხდომის ოქმი და მისი კანონიერების საკითხი ეჭვქვეშ არ დაუყენებია. საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დიკსრეციული უფლებამოსილება განახორციელდა უშეცდომოდ. ანალოგიურ საქმეს წარმოადგენს შ. ბ-ეის საქმე, რომელზეც სააპელაციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება აღნიშნული ოქმის სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის დავალდებულების თაობაზე.
კასატორმა მიუთითა, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეასრულა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების კანონით დადგენილი სტანდარტი, გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, ...ის დარჩენილ საშტატო ერთეულებზე დასაქმებულთა დატოვების მიზნით გამოიკვლია მათი უნარ-ჩვევები და ისე მიიღო გადაწყვეტილება. სასამართლო კონტროლი არ მოიცავს საკონსკურსო კომისიის, როგორც კოლეგიური სტრუქტურული ერთეულის მიერ გადაწყვეტილების მიზანშეწონილობის შეფასებას, რადგან იგი ეფუძნება კომისიის თითოეული წევრის პირად პროფესიულ შეფასებას, შინაგან რწმენას და პირად აღქმას, რაც საკანონმდებლო რეგულაციის მიღმა არსებობს და იგი არ ფასდება კანონთან მიმართებაში (იხ. სუს 26.09.2013წ. განჩინება საქმე №ბს-300-291(კ-13)). კასატორმა ასევე მიუთითა საკასაციო სასამართლოს 14.07.2016წ. (საქმე №ბს-166-165(კ-16)) და 20.10.2010წ. (საქმე №ბს-342-331(კ-10)) განჩინებებზე და აღნიშნა, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი დაწესებულების შტატების შემცირების შემთხვევაში, ადმინისტრაციას ანიჭებს დისკრეციას, მოახდინოს თანამშრომელთა პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შრომის დისციპლინის და ა.შ. ადეკვატური, ობიექტური შეფასება და მიიღოს შესაბამისი მოტივირებული გადაწყვეტილება. დავის გადაწყვეტისას სასამართლო ხელმძღვანელობს კანონმდებლობის მოთხოვნებით და არა მიზანშეწონილობის მოსაზრებით. აქტის მიზანშეწონილობის შემოწმება სცილდება სასამართლო კონტროლის ფარგლებს. მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ შ. ბ-ემ ორივე ეტაპზე მიიღო არადამაკმაყოფილებელი შეფასება, მოცემულობა მისი დაბალი კვალიფიკაციის შესახებ დადასტურებულია. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების პირობებში შეუძლებელია შეიცვალოს ფაქტობრივი გარემოება შ. ბ-ეის სხვებთან შედარებით უფრო დაბალი კომპეტენციის შესახებ, შესაბამისად, არ არსებობს კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოსარჩელის მიმართ აუდიტის სამსახურის მიერ სხვაგვარი გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული. მოპასუხემ საფუძვლიანად შეისწავლა შ. ბ-ეის პროფესიული უნარ-ჩვევები და მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლების კანონიერების შესწავლის შედეგად თვლის, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ საკასაციო საჩივარი წარმოდგენილია თბილისის სააპელაციო სასამართლოს 07.08.2020წ. გადაწყვეტილებაზე შ. ბ-ეის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებულ ნაწილში. გადაწყვეტილების გასაჩივრებული ნაწილი შეეხება სახელმწიფო აუდიტის სამსახურში რეორგანიზაციასთან დაკავშირებით გასაუბრების ჩასატარებლად შექმნილი კომისიის 23.02.2018წ. სხდომის №2 ოქმის (შ. ბ-ეის ნაწილში), სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 02.03.2018წ. №02171/21 ბრძანების (ბრძანებით დამტკიცებული დანართის მე-13 პუნქტის) და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 02.04.2018წ. №03176/25 ბრძანების კანონიერებას. სსკ-ის 404.1 მუხლის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამდენად, შ. ბ-ეის სასარჩელო მოთხოვნებზე სამსახურში აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების თაობაზე საკასაციო პალატა მსჯელობას ვერ იქონიებს და შეაფასებს მხოლოდ გასაჩივრებული აქტების სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის თაობაზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლების არსებობას.
სადავო პერიოდში საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის შესახებ გადაწყვეტილების ინიცირება ხდებოდა საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ, რომელიც აღნიშნულთან დაკავშირებით გამოსცემდა შესაბამის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს („პროფესიული საჯარო მობილობის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 20.04.17წ. N199 დადგენილების 5.2 მუხ.). გენერალური აუდიტორის 24.01.18წ. N00777/21 ბრძანებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 102-ე-104-ე მუხლების, „პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 20.04.17წ. N199 დადგენილების მე-5, მე-8, მე-13 მუხლების საფუძველზე, დაიწყო რეორგანიზაციის პროცესი. გენერალური აუდიტორის 24.01.18წ. N00777/21 ბრძანების საფუძველზე, გენერალური აუდიტორის 05.02.18წ. N031377/21 ბრძანებით დამტკიცდა რეორგანიზაციის გამო განსახორციელებელი ღონისძიებების გეგმა. „სახელმწიფო აუდიტის სამსახურში რეორგანიზაციასთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ გენერალური აუდიტორის 20.02.18წ. N01864/21 ბრძანების საფუძველზე, გასაუბრების ჩატარების მიზნით, შეიქმნა კომისია, აღნიშნული ბრძანებით გასაუბრებას დაექვემდებარნენ „საკადრო ოპტიმიზაციის მიზნით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ გენერალური აუდიტორის 20.12.17წ. N11280/21 ბრძანების საფუძველზე 21.12.17წ. შეფასებული და 1-ელ და მე-3 ჯგუფს მიკუთვნებული სტრუქტურული ერთეულის, დაბალი შეფასების მქონე მოხელეები. ვინაიდან რეორგანიზაციით დასახული მიზნები მოიაზრებდა აუდიტის ხარისხისა და სამსახურის მართვის სისტემის გაძლიერებას და ამასთან ცვლილებები შესაძლო შტატების შემცირებასთან იყო დაკავშირებული, გასაუბრება (... წლის ...) განხორციელდა არა ყველა დონის შეფასების მქონე მოხელესთან, არამედ იმ მოხელეებთან, რომლებსაც დაბალი დონის პროფესიული უნარ-ჩვევები გააჩნდათ და შესაბამისად დაბალი შეფასება. „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 118-ე მუხლის 1-ელი პუნქტის თანახმად, მოხელეს უფლება აქვს სამსახურებრივ საკითხზე მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება, აგრეთვე ქმედება გაასაჩივროს საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობით დადგენილი წესით. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ არც რეორგანიზაციის დაწყებასთან დაკავშირებით მითითებული აქტები (გენერალური აუდიტის 24.01.18წ. N00777/21 ბრძანება, რომლითაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურში დაიწყო რეორგანიზაციის პროცესი, გენერალური აუდიტორის 05.02.18წ. N01377/21 ბრძანება რეორგანიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ, გენერალური აუდიტორის 20.02.18წ. N01864/21 ბრძანება, რომლითაც განისაზღვრა გასაუბრებას დაქვემდებარებულ პირთა სია და შეიქმნა კომისია) და არც მანამდე მოსამსახურის შეფასებასთან გამოცემული აქტები (გენერალური აუდიტორის 20.12.17წ. N11280/21 ბრძანება, რომლითაც დადგინდა აუდიტის სამსახურის მოხელეთა შეფასება და დამტკიცდა მოხელეთა შეფასების წესი, 21.12.17წ. შეფასება) არ გასაჩივრებულა მოსარჩელის მიერ, ზემოაღნიშნული აქტები ძალაშია და იწვევენ სამართლებრივ შედეგებს, ხსენებული აქტები სცილდება მოცემული საქმის დავის საგანს. ამდენად, მოსარჩელის პრეტენზიები 21.12.17წ. განხორციელებულ შეფასებასთან დაკავშირებით, შეფასების კრიტერიუმებთან დაკავშირებით მსჯელობის საჭიროების შესახებ (შეფასების მიზნებისთვის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სტრუქტურული ერთეულები სამ ჯგუფად დაიყო და განისაზღვრა თითოეულ ჯგუფზე შეფასების კრიტერიუმები), რეორგანიზაციის ჩატარების აუცილებლობის არარსებობის შესახებ მოსაზრებები უსაფუძვლოა და არ ქმნის სადავო აქტების ბათილად ცნობის საფუძველს.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის სადავო პერიოდში მოქმედი მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო სამსახურად ითვლება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აპარატში საქმიანობა. ამავე კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტისა და „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანული კანონის 32-ე მუხლის თანახმად სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურეებზე ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მოქმედება, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ სამსახურებრივი ურთიერთობების საკითხები, როგორებიცაა სამსახურში მიღება და სამსახურიდან გათავისუფლება, უფლება-მოვალეობანი, სამსახურისა და სტაჟირების გავლის, პროფესიული სამსახურებრივი საქმიანობის შეფასების, წახალისების ფორმების და დისციპლინური პასუხისგებლობის ზომების გამოყენების წესი და საფუძვლები სხვაგვარად რეგულირდება „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ" ორგანული კანონითა და გენერალური აუდიტორის ნორმატიული აქტებით. „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 102-ე მუხლის თანახმად, საჯარო სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე, სისტემური, ეფექტური მმართველობის უზრუნველყოფის მიზნით შესაძლებელია საჯარო დაწესებულების რეორგანიზაცია. შტატების შემცირების გამო მოხელის სამსახურიდან დათხოვნა უკავშირდება მუშაკთა უნარ-ჩვევების შეფასების უფლებამოსილებას, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს უქმნის დისკრეციის, შეფასების თავისუფლების ფართო არეალს. ადმინისტრაციას მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება მოახდინოს თანამშრომელთა პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შრომის დისციპლინის და სხვ. ადეკვატური შეფასება და მიიღოს შესაბამისი მოტივირებული გადაწყვეტილება. მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება, კონკრეტულ პირთა თანამდებობაზე შენარჩუნება საუკეთესოს შერჩევის პრინციპით უნდა წარიმართოს, ობიექტური, ცხადი და გამჭვირვალე პროცედურის საფუძველზე. „საჯარო სამსახურის შესახებ“ შესახებ კანონის 102.1 მუხლით განსაზღვრულია საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის მიზანი, კერძოდ, საჯარო სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე, სისტემური ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფის მიზნით შესაძლებელია საჯარო დაწესებულების რეორგანიზაცია, შესაბამისად, რეორგანიზაცია განპირობებული უნდა იყოს საჯარო სამსახურის ინტერესებით, სისტემური და ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფით. უსაფუძვლოა მოსარჩელის მითითება იმ გარემოებაზე, რომ შტატების შემცირება არ არის რეორგანიზაციის საფუძველი. აუდიტის სამსახურის რეორგანიზაციის გეგმის თანახმად, რეორგანიზაციის შესახებ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო სამსახურის ინსტიტუციური განვითარების მიმართულებით განხორციელებული ანალიზი. საჯარო სამსახურის გამართული ფუნქციონირებისთვის უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს საჯარო დაწესებულების ფუნქციების, სტრუქტურული ერთეულების და ადამიანური რესურსების ისეთი გადანაწილება, რაც უზრუნველყოფს საჯარო დაწესებულების მიერ თავისი ამოცანების სრულყოფილად შესრულებას. რეორგანიზაციამ არ უნდა გამოიწვიოს დასაქმებულთა უფლებების გაუმართლებელი ხელყოფა. კანონმდებლობით განსაზღვრულია რეგულაციები, რაც შესაძლოა გახდეს რეორგანიზაციის დროს დასაქმებულის სამსახურიდან დათხოვნის საფუძველი. რეორგანიზაცია არის არა მხოლოდ საჯარო დაწესებულების ინსტიტუციური მოწყობის შეცვლა, რის შედეგად მიიღება საჯარო დაწესებულების ნაწილობრივ ან მთლიანად ახალი სტრუქტურა, რეორგანიზაციად ასევე მიიჩნევა საჯარო დაწესებულების შტატების გადაადგილება ან/და შემცირება („საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 103-ე მუხ. 1-ელი პუნქტი), რაც წარმოადგენს დაწესებულების საქმიანობის ოპტიმიზაციის, მისი კვალიფიციური კადრით დაკომპლექტების ერთ-ერთ ღონიძიებას (სუსგ 23.07.2020წ. საქმე №ბს-38(კ-20)). დაუსაბუთებელია სააპელაციო პალატის მითითება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 08.07.2015წ. (საქმე №ბს-449-442(კ-15)) გადაწყვეტილებაზე, რომლითაც მიჩნეული იქნა, რომ საჯარო დაწესებულების სტრუქტურის ცვლილება, რასაც შედეგად მოჰყვა სტრუქტურული ერთეულების გაუქმება, თავისთავად არ ადასტურებს შტატების შემცირებას, ვინაიდან რეორგანიზაციამდე არსებული შტატების რაოდენობა და რეორგანიზაციის შედეგად შექმნილი იყო არსებითად მსგავსი ფუნქციების მქონე იმავე რაოდენობის შტატი. განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი გარემოებები განსხავავებულია, კერძოდ, საქმის მასალებში დაცული გენერალური აუდიტორის 18.01.2018წ. №00662/21 ბრძანების დანართის თანახმად, ...ის თანამდებობის - ...ის საშტატო თანამდებობა განისაზღვრებოდა 57 ერთეულით, ხოლო გენერალური აუდიტორის 02.04.2018წ. №03133/21 ბრძანებით დამტკიცდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სტურქტურა და საშტატო ნუსხა, რომლითაც ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების აუდიტის დეპარტამენტში ...ის თანამდებობის - უფროსი ...ის საშტატო თანამდებობა განისაზღვრა 10 ერთეულით და ...ის საშტატო თანამდებობა - 33 ერთეულით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ შეიცავს დასაბუთებას მის მიერ მითითებული საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილების განსახილველ საქმესთან რელევანტურობის შესახებ, ამასთან, განსახილველ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით შეუსაბამოა სააპელაციო სასამართლოს მითითება იმაზე, რომ საშტატო ერთეულის არარსებობის დადგენისათვის საფუძველს არ წარმოადგენს საშტატო ერთეულისათვის სახელწოდების შეცვლა, ასევე მითითება საშტატო ერთეულის გაუქმებაზე, ახალი საშტატო ერთეულის განსაზღვრაზე, სხვა უწყების დაქვემდებარებაზე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში სახეზეა შტატების შემცირება და არა საშტატო ერთეულის გაუქმება. საჯარო დაწესებულებაში შტატის შემცირება შესაძლოა უკავშირდებოდეს შესაბამისი ფუნქციების მქონე საშტატო ერთეულის საჭიროების არარსებობას. რეორგანიზაცია შტატების შემცირებით საკანონმდებლო რეგულაციის დონეზე იძლევა თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნის საფუძველს. შტატების შემცირება არის დაწესებულების საქმიანობის ოპტიმიზაციის, მისი კვალიფიციური კადრით დაკომპლექტების ერთ-ერთი ღონისძიება. „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი დაწესებულებაში შტატების შემცირების პირობებში, ადმინისტრაციას ანიჭებს დისკრეციას მოახდინოს თანამშრომელთა პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შრომის დისციპლინის და ა.შ. ადეკვატური, ობიექტური შეფასება და მიიღოს შესაბამისი მოტივირებული გადაწყვეტილება (სუსგ 14.07.2016წ. საქმე №ბს-166-165(კ-16)).
„საკადრო ოპტიმიზაციის მიზნით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ გენერალური აუდიტორის 20.12.2017წ. №11280/21 ბრძანებით დამტკიცდა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხელეთა შეფასების წესი“ და შეფასების განხორციელება დადგინდა 21.12.2017წ.. 20.02.2018წ. №01864/21 ბრძანებებით, გასაუბრებას დაექვემდებარნენ გენერალური აუდიტორის 20.12.2017წ. №11280/21 ბრძანების საფუძველზე 21.12.2017წ. შეფასებული, პირველ ჯგუფს მიკუთვნებული სტურქტურული ერთეულების მოხელეები, რომელთა შეფასების შედეგები შეადგენს 55%-ს და ნაკლებს. რეორგანიზაციის დაწყებამდე არსებული შეფასება საფუძვლად დაედო გასაუბრებას დაქვემდებარებულ პირთა განსაზღვრას, თუმცა რეორგანიზაციის ფარგლებში სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენდა 23.02.18წ. გასაუბრება. 21.12.2017წ. შ. ბ-ეის შეფასებამ 36,15% შეადგინა (ტ. 1, ს.ფ. 67-68), შესაბამისად, შეფასების შედეგების გათვალისწინებით შ. ბ-ე გენერალური აუდიტორის 20.02.2018წ. №01864/21 ბრძანების საფუძველზე დაექვემდებარა გასაუბრებას. შტატების შემცირებისას მოხელეთა თანამდებობიდან გათავისუფლებისა და შენარჩუნებისას საუკეთესოს შერჩევის პრინციპის გამოყენება მიზნად ისახავს გათავისუფლებული პირისთვის მასთან შედარებით სხვა მოხელისთვის უპირატესობის მინიჭების საფუძვლების აღქმის შესაძლებლობას, შესაბამისად, მოსარჩელის მითითება იმ გარემოებაზე, რომ 2018 წლის თებერვლის გასაუბრების შედეგებს გავლენა არ უნდა ჰქონოდა მიღებულ გადაწყვეტილებაზე, არ არის დასაბუთებული და ვერ იქნება გაზიარებული. გასაუბრების გზით ხდება მოხელის კვალიფიკაციის, პროფესიული ცოდნის დონის, პიროვნული თვისებების, მოტივაციისა და უნარ-ჩვევების შეფასება. ამდენად, რეორგანიზაციის გამო შტატების შემცირებისას მოხელეთა მიერ თანამდებობის შენარჩუნება საუკეთესოს შერჩევის პრინციპის დაცვით, ობიექტური და გამჭვირვალე პრინციპის საფუძველზე უნდა განხორციელდეს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით გასაუბრების ჩასატარებლად შექმნილი 23.02.2018წ. №2 სხდომის ოქმის მიხედვით კომისიის მიერ მოხელეებს შეკითხვები დაესვათ თითოეული მათგანის მიერ შესრულებული სამუშაოს ანგარიშიდან, საკვალიფიკაციო მოთხოვნებიდან და გავლილი ტრენინგებიდან გამომდინარე, შეკითხვები დასმული იქნა შემდეგი სფეროებიდან: „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ კანონი, აუდიტორთა ეთიკის კოდექსი, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის განვითარების სტრატეგია, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონი, საბიუჯეტო კოდექსი, საბიუჯეტო ორგანიზაციების ფინანსური ანგარიშგების, შიდა კონტროლისა და ინვენტარიზაციის მარეგულირებელი კანონმდებლობა, უმაღლესი აუდიტორული ორგანოების საერთაშორისო სტანდარტები - ISSAI და აუდიტის მეთოდოლოგია, კომპიუტერული პროგრამა (Excel). გასაუბრების შედეგად კომისიის მიერ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების აუდიტის დეპარტამენტის ...ი შ. ბ-ე შეფასდა არადამაკმაყოფილებლად.
გენერალური აუდიტორის 02.03.2018წ. №02171/21 ბრძანების თანახმად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში რეორგანიზაციის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით შესაბამისი საკადრო გადაწყვეტილების მისაღებად განხორციელებული მოხელეთა კვალიფიკაციისა და პროფესიული უნარ-ჩვევების კვლევის შედეგების ანალიზის საფუძველზე განისაზღვრა რეორგანიზაციის გამო შტატების შემცირების შედეგად თანამდებობიდან გათავისუფლებისა და მობილობას დაქვემდებარებულ მოხელეთა სია დანართის შესაბამისად. აღნიშნული ბრძანების დანართის მე-13 პუნქტით თანამდებობიდან გათავისუფლებასა და მობილობას დაექვემდებარა ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების აუდიტის დეპარტამენტის ...ი შ. ბ-ე. იმ შემთხვევაში თუ საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციას თან სდევს საჯარო დაწესებულების საშტატო რიცხოვნობის შემცირება, საჯარო დაწესებულება ვალდებულია, რეორგანიზაციის დასრულებამდე ერთი თვით ადრე განსაზღვროს თანამდებობიდან გასათავისუფლებელ მოხელეთა სია და აცნობოს მათ რეორგანიზაციის შესაძლო შედეგები (საქართველოს მთავრობის 20.04.2017წ. №199 დადგენილებით დამტკიცებული „პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის“ 11.1 მუხ.). სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 02.03.2018წ. №02195/10 წერილით შ. ბ-ეს ეცნობა გენერალური აუდიტორის 02.03.2018წ. №02171/21 ბრძანების საფუძველზე რეორგანიზაციის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით თანამდებობიდან გათავისუფლებისა და მობილობის პროცედურების დაწყების შესახებ. აღნიშნული წერილი შ. ბ-ეს ჩაბარდა იმავე დღეს (ტ. 1, ს.ფ. 170). საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციისას შტატების შემცირებასთან დაკავშირებით მოხელის სამსახურიდან გათავისუფლებისას სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მოხელეს წერილობით უნდა ეცნობის გათავისუფლებამდე ერთი თვით ადრე („საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 114.1 მუხ.). აღნიშნული ვადა მოხელის უფლების დაცვას ემსახურება იმ მხრივ, რომ მოხელისათვის ცნობილი ხდება სამსახურიდან დათხოვნის შესახებ, ის არ აღმოჩნდება მოულოდნელად სამსახურის გარეშე, მას ეძლევა შესაძლებლობა მიიღოს მისი არსებობის უზრუნველსაყოფად საჭირო ზომები. აღნიშნული ვადა ასევე შეიძლება გამოყენებული იქნეს სასამართლოსადმი მიმართვის გზით მისი უფლებების დასაცავად. მოცემულ შემთხვევაში შ. ბ-ეს მითითებული ნორმით გათვალისწინებული წესით და ვადის დაცვით ეცნობა რეორგანიზაციის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით თანამდებობიდან გათავისუფლებისა და მობილობის პროცედურების დაწყების შესახებ, შესაბამისად, საფუძველსაა მოკლებული მოსარჩელის მითითება იმაზე, რომ 02.03.2018წ. წერილი არ შეიცავდა მითითებას სამსახურიდან დათხოვნაზე და რომ მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გამოცემულ 02.04.18წ. ბრძანებას არანაირი კავშირი არ აქვს 02.03.18წ. შეტყობინებასთან. ამასთანავე, შეტყობინების ხარვეზიანობის შემთხვევა თავისთავად არ ასაბუთებს გათავისუფლების უკანონობას, გათავისუფლების შესახებ აქტის ბათილად ცნობას, აღნიშნული შესაძლოა გამხდარიყო გასაცემი კომპენსაციის დამატებით გამოყოფის და არა გათავისუფლების აქტის ბათილად ცნობისა და სამსახურში აღდგენის მოთხოვნის საფუძველი, კერძოდ "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 114-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ წერილობითი შეტყობინების ვადის დარღვევის შემთხვევაში მოხელეს კანონით გათვალისწინებული კომპენსაციის გარდა ერთი თვის თანამდებობრივი სარგო ეძლევა.
საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლი ადგენს ყოველი მოქალაქის საჯარო თანამდებობაზე წვდომის უფლებას. კონსტიტუციური დანაწესი იცავს სახელმწიფო სამსახურზე მოქალაქის თავისუფალი წვდომის უფლებას, აღნიშნული გულისხმობს საჯარო სამსახურში დასაქმებული პირის თანამდებობასთან დაკავშირებულ კონსტიტუციურ გარანტიებს ‒ არ იქნეს დაუსაბუთებლად გათავისუფლებული სამსახურიდან, იყოს დაცული ყოველგვარი გარე ჩარევისგან (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 23.05.2014წ. №3/2/574 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-19). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით, ერთმანეთისგან გამიჯნულია სახელმწიფო სამსახურში საქმიანობის შეუფერხებელი განხორციელების სხვადასხვა უფლებრივი კომპონენტები, მათ შორის სამსახურიდან დაუსაბუთებელი გათავისუფლებისგან დაცვის გარანტია. საჯარო მიზნების განხორციელებაზე ორიენტირებული, საჯარო ფუნქციის განმახორციელებელი პირები, დამოუკიდებლად იმისგან, წარმოადგენენ თუ არა ისინი კანონით განსაზღვრულ საჯარო მოხელეებს ან სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობის პირებს, საჯარო ფუნქციის ეფექტიანად და სრულყოფილად განხორციელებისათვის უნდა სარგებლობდნენ საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური გარანტიებით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 11.04.2014წ. №1/2/569 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - დ. კანდელაკი, ნ. დვალი, ზ. დავითაშვილი, ე. გოგუაძე, გ. მელაძე და მ. ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5-6). შრომის უფლება გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას სათანადო, კანონიერი საფუძვლების გარეშე არ დაუშვას დასაქმებულთა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, რაც სახელმწიფო სამსახურში პირის შრომის უფლებას არამართლზომიერად შეზღუდავს, ამასთან, შრომის გარანტირებული უფლება არ არის აბსოლუტური და აღნიშნული უფლებით დაცული სფერო შესაძლებელია დაექვემდებაროს შეზღუდვას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლეგიტიმური მიზნითა და თანაზომიერების პრინციპის დაცვით. შრომის უფლების დაცვა არ გულისხმობს დამსაქმებლის აბსოლუტურ შეზღუდვას, კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, გაათავისუფლოს დამსაქმებელი (სუსგ 23.04.2019წ. საქმე №ბს-954(2კ-18)). დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება ობიექტურ მიზეზებზე უნდა იყო დაფუძნებული, დამსაქმებელი ვალდებულია დაასაბუთოს დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების ობიექტური მიზეზები (შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის N158 კონვენციის (1982წ.) N166 რეკომენდაცია „დამსაქმებლის ინიციატივით შრომითი ურთიერთობების შეწყვეტის შესახებ“). საჯარო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება დასაშვებია მხოლოდ კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას. მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს, დაინტერესებულ პირს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა გაეცნოს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში რა გარემოებებზე დაყრდნობით მიიღო ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილება.
შტატების შემცირების გამო მოხელის სამსახურიდან დათხოვნა უკავშირდება მუშაკთა უნარ-ჩვევების შეფასების უფლებამოსილებას, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს უქმნის დისკრეციის, შეფასების თავისუფლების ფართო არეალს. სააპელაციო პალატა უთითებს, რომ კომისიის სხდომის ოქმში არ არის მითითებული შ. ბ-ეის პასუხებიდან გამომდინარე რატომ იქნა პასუხები შეფასებული არადამაკმაყოფილებლად. სააპელაციო პალატის ეს მითითება არ ემყარება საქმის მასალებს, პალატა მსჯელობას ამყარებს მხოლოდ კომისიის 23.02.18წ. N2 ოქმზე და ყურადღების მიღმა ტოვებს ტექნიკური საშუალებით შედგენილ გასაუბრების ოქმის (N2 ოქმს თან ერთვის CD დისკი) შინაარსს. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება, რომ სხდომის ოქმში არ არის მითითებული დასმული კითხვები და ამ კითხვებზე პასუხებიდან გამომდინარე არადამაკმაყოფილებლად შეფასების მიზეზი, არის უსაფუძვლო. საქმის მასალებში დაცული სხდომის ოქმის აუდიო ვერსიის თანახმად, გასაუბრებაზე შ. ბ-ეს კომისიის წევრების მიერ დაესვა რამდენიმე შეკითხვა. მოსარჩელემ არც ერთ შეკითხვას არ გასცა პასუხი იმ მიზეზით, რომ მისი მოსაზრებით აღნიშნული გასაუბრება იყო მხოლოდ ფორმალური ხასიათის, აღნიშნულის გამო მან უარი განაცხადა დასმულ შეკითხვებზე პასუხის გაცემაზე. კომისიის წევრების შეკითხვებზე პასუხის გაცემაზე უარის შემდგომ გასაუბრების პროცედურა დასრულდა. კომისიის წევრების კითხვებზე პასუხის გაცემაზე უარი დადასტურდა აგრეთვე მოსარჩელის მიერ სასამართლო სხდომაზე. სრულიად დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ კომისიის წევრების შეკითხვებზე მოსარჩელის მიერ მიზანმიმართულად პასუხის გაუცემლობა არ ათავისუფლებდა ადმინისტრაციულ ორგანოს მის მიერ მიღებული აქტის დასაბუთებისაგან. საქართველოს მთავრობის 28.04.17წ. N220 დადგენილებით დამტკიცებული „პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების წესის და პირობების“ თანახმად, მოხელე ვალდებულია ხელი შეუწყოს შეფასების პროცესის ობიექტურად განხორციელებას, თავი შეიკავოს ნებისმიერი ქმედებისაგან, რომელიც პირდაპირ თუ არაპირდაპირ ხელს შეუშლის შეფასების პროცესის სამართლიანად განხორციელებას (მე-7 მუხ. მე-2 პუნქტის „ბ“ და „დ“ ქვ.პ.). „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 53-ე მუხლის მე-7 პუნქტის, აგრეთვე საქართველოს მთავრობის 28.04.17წ. დადგენილებით დამტკიცებული „პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების წესის და პირობების“ მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად შესაფასებელი მოხელის მიერ შეფასებაზე უარის თქმა მძიმე დისციპლინურ გადაცდომად ითვლება, ხოლო მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 107-ე მუხლის 1-ელი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად არის მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი (აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სადავო 02.04.18წ. N03176/25 ბრძანებით შ. ბ-ე გათავისუფლდა რეორგანიზაციის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით („საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 110-ე მუხ.)). გასაუბრებისას კომისიის წევრის მიერ მოსარჩელეს განემარტა, რომ კომისიის წევრების შეკითხვებზე მოსარჩელის მიერ გაცემული პასუხებიდან გამომდინარე კომისია იმსჯელებდა მის კომპეტენციასთან დაკავშირებით. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გასაუბრება არის ერთგვარი საშუალება დამსაქმებლისათვის მიიღოს ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, მათ შორის მის პროფესიულ უნარ-ჩვევებთან დაკავშირებით. მიუხედავად ამისა, შ. ბ-ემ უარი განაცხადა შეკითხვებზე პასუხების გაცემაზე, მას პასუხი არ გაუცია კომისიის მიერ წევრების მიერ დასმულ არც ერთ შეკითხვაზე. კანონმდებლობა ყველა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ ადგენს დასაბუთების მოთხოვნას (სზაკ-ის 53-ე მუხ. 1-ელი ნაწ.), დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში აქტის დასაბუთების საერთო იმპერატივი დამატებით მოთხოვნებს ითვალისწინებს (სზაკ-ის 53-ე მუხ. მე-4 ნაწ.). თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას (სზაკ-ის 53.4 მუხ.). აქტის დასაბუთების შინაარსისა და მოცულობისადმი მოთხოვნები დეტერმინირებულია საკითხის თავისებურებებით. სხვა გადაწყვეტილების მსგავსად, მიხედულების მიხედვით მიღებული გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს მნიშვნელოვან ფაქტოლოგიურ და სამართლებრივ ასპექტებზე მითითებას. დასაბუთებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს დისკრეციული აქტებისათვის, დასაბუთების არარსებობა არის აქტის გაუქმების საფუძველი (სუბსიდიარობის პრინციპიდან გამომდინარე, ზოგ შემთხვევაში შესაძლოა საკმარისად იქნეს მიჩნეული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების სათანადო დასაბუთების სასამართლოსათვის წარდგენა). ადმინისტრაციულ ორგანოს არ გააჩნია რაიმე აღმატებული სტატუსი ან აბსოლუტური ძალაუფლება, რაც ავალდებულებს მას დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, ხსენებული ზრდის აქტის ხარისხს. წარდგენილ პრეტენზიასთან დაკავშირებით დასაბუთების მოთხოვნა სამართლებრივი სახელმწიფოს ჯანსაღი გამოვლინებაა. დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენება გულისხმობს გადაწყვეტილების შედეგის დასაბუთებას, რომლის მეშვეობით ირკვევა მიღებულ იქნა თუ არა უშეცდომო გადაწყვეტილება (სუსგ 07.03.2019წ. საქმე №ბს-797(კ-18)). ამასთანავე, მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე არ პასუხობდა კომისიის წევრების შეკითხვებს, შესაბამისად, ადგილი არ ჰქონდა დისკრეციას, კომისიის წევრებს არ ჰქონდათ შეფასების, არჩევანის შესაძლებლობა. კომისიის 23.02.18წ. სხდომაზე შ. ბ-ეის გასაუბრება ჩატარდა ონლაინ ფორმატით, გასაუბრების მიზანი იყო შ. ბ-ეისათვის შესაძლებლობის მიცემა გამოევლინა მისი ცოდნა და პროფესიული შესაძლებლობები. გასაუბრების აუდიო ჩანაწერის მიხედვით შ. ბ-ე არ საუბრობდა გასაუბრების თემატიკის ფარგლებში, ის არ პასუხობდა დასმულ კითხვებს. შ. ბ-ემ მიზანმიმართულად არ უპასუხა კომისიის წევრების მიერ დასმულ შეკითხვებს, ვინაიდან მისი ზეპირსიტყვიერი ინფორმაციით, ხელმძღვანელობას წინასწარ ჰქონდა მიღებული გადაწყვეტილება მისი სამსახურიდან გათავისუფლების საკითხზე. სათანადო მტკიცებულებების არარსებობის გამო სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის ამ მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ მოსარჩელემ თავად არ მისცა შესაძლებლობა კომისიას მოეხდინა მისი შეფასება იმ დროს, როდესაც კომისია გადაწყვეტილებას იღებდა სწორედ გასაუბრების შედეგებზე დაყრდნობით. კომისია შეიქმნა გასაუბრების ფორმით შტატების შემცირების შედეგად უპირატესი დარჩენის უფლების მქონე პირების გამოვლენისათვის. შ. ბ-ემ არ გამოიყენა აღნიშნული შესაძლებლობა, რაც გამოიხატა კომისიის წევრების მიერ მის მიმართ დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემაზე უარით. კომისია შეფასებას ახორციელებდა ოთხდონიანი სისტემით („დამაკმაყოფილებელი“, „საშუალო“, „დაბალი“, „არადამაკმაყოფილებელი“), კითხვებზე პასუხის გაცემაზე უარმა შედეგად გამოიწვია მის მიმართ „არადამაკმაყოფილებელი“ შეფასება. „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 106.3 მუხლის შესაბამისად მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და იგი უნდა აკმაყოფილებდეს სზაკ-ის 52-ე და 53-ე მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს. სზაკ-ის 53-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ საჭიროებს დასაბუთებას თუ დაინტერესებული მხარისათვის ცნობილია ის ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა ეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელისათვის ცნობილი იყო ის ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა აქტები, ვინაიდან სავსებით ცხადია, რომ კითხვებზე პასუხის გაცემაზე უარი გამოიწვევდა ნეგატიურ შეფასებას. ამდენად, სააპელაციო პალატის მოსაზრება, რომ დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემაზე უარი არ ათავისუფლებდა ადმინისტრაციულ ორგანოს მის მიერ მიღებული აქტის დასაბუთებისაგან არ ემყარება კანონმდებლობის მოთხოვნებს. აღნიშნულს არ ცვლის სააპელაციო პალატის მითითება, რომ კომისიის შეფასება წარმოადგენს მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველს. საფუძველს მოკლებულია სააპელაციო პალატის მითითება იმ გარემოებაზე, რომ სხდომის ოქმში არ არის მითითებული შ. ბ-ეისთვის დასმული შეკითხვები და მისი პასუხებიდან გამომდინარე არადამაკმაყოფილებლად შეფასების მიზეზები. საქმის მასალებში დაცულია შ. ბ-ესთან გასაუბრების ამსახველი აუდიო ვერსია, სადაც ასახულია, როგორც კომისიის წევრის მიერ დასმული შეკითხვები, ასევე შეკითხვებზე შ. ბ-ეის მიერ პასუხის გაცემაზე უარი. აღსანიშნავია ისიც, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას სადავო არ გამხდარა ის გარემოება, რომ მოსარჩელემ მიზანმიმართულად არ გასცა შეკითხვებს პასუხი. მოცემული შემთხვევის გარემოებების გათვალისწინებით შესაძლებელი იყო მხოლოდ ერთდაერთი გადაწყვეტილების მიღება - შ. ბ-ეის უარყოფითად შეფასება. გათავისუფლებულ პირს უნდა შეეძლოს იმ საფუძვლების, მიზეზების აღქმა, რაც მისი სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი გახდა. მოცემულ შემთხვევაში უარყოფითი შეფასების მიზეზი მოსარჩელისთვის სავსებით ცხადია. აღნიშნულიდან გამომდინარე მითითებული საფუძვლებით დაუსაბუთებელია სააპელაციო პალატის მოსაზრება იმის შესახებ, რომ გასაჩივრებული აქტები გამოიცა საქმისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე გარემოებების სათანადოდ გამოკვლევის გარეშე.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 53-ე მუხლი ითვალისწინებს მოხელის შეფასების წესს. აღნიშნულ ნორმასთან ერთად მოხელის შეფასების საკითხებს ასევე არეგულირებს „პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 28.04.2017წ. №220 დადგენილება, რომლის მიხედვით შეფასების მიზანია მოხელის კარიერული განვითარების, პროფესიული უნარ-ჩვევების ამაღლების, წახალიების, პროფესიული განვითარების საჭიროებებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სამართლებრივი შედეგების წარმოშობის წინაპირობების დადგენა, ასევე საჯარო დაწესებულების ორგანიზაციული განვითარება. შეფასება ემსახურება თითოეული მოხელის შესაძლებლობებისა და საჭიროებების გამოვლენას. შეფასების აუცილებლობა წარმოადგენს პროფესიონალი და კვალიფიციური საჯარო მოხელეებით ორგანოს დაკომპლექტების ერთ-ერთ წინაპირობას. შეფასებას ექვემდებარება ყველა დასაქმებული მოხელე, მათ შორის, საჯარო სამსახურში გამოსაცდელი ვადით მიღებული მოხელე. ამ ორი კატეგორიის დასაქმებულის შეფასებაში განსხვავება შეფასების პერიოდულობაში მდგომარეობს, რომელსაც კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგები მოჰყვება. მოხელის შეფასება ხდება წელიწადში ერთხელ, ხოლო გამოსაცდელი ვადით მიღებული მოხელე ფასდება კვარტალში ერთხელ. საქართველოს მთავრობის 28.04.2017წ. №220 დადგენილებით ასევე გათვალისწინებულია მოხელის უფლების დაცვის დამატებითი მექანიზმები, რაც გამოიხატება საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელთან განმეორებითი გასაუბრების ჩატარების მოთხოვნისა და შეფასების შედეგების გასაჩივრების უფლებაში. ზედიზედ ორჯერ უარყოფითი შეფასება ქმნის პირის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველს („საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 107.1 მუხ. „ვ“ ქვ.პ., 53.3 მუხ. „დ“ ქვ.პ.), ხოლო მოხელის მიერ შეფასებაზე უარის თქმა მძიმე დისციპლინურ გადაცდომას წარმოადგენს (53.7 მუხ.), რაც ასევე შესაძლებელია მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი გახდეს (98-ე მუხ., 107.1 მუხ. „ე“ ქვ.პ.). მოხელის მიერ შეფასებაზე უარის თქმის მძიმე დისციპლინურ გადაცდომად მიჩნევა განპირობებულია მოხელეთა მხრიდან სუბიექტური მიზეზებით შეფასებაზე უარის თქმის შემთხვევების თავიდან აცილებით. მოხელის უფლებების დარღვევის შემთხვევაში, ის უფლებამოსილია საბოლოო შეფასების გაცნობიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში წერილობით მიმართოს საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელს ან საამისოდ უფლებამოსილ პირს, მოითხოვოს დოკუმენტური მასალის შეფასებისა და გასაუბრების ხელმეორედ ჩატარება, რაც ახალი შესაფასებელი პერიოდის დაწყებამდე 2 კვირით ადრე მაინც უნდა განხორციელდეს. მოხელე უფლებამოსილია ასევე სამსახურებრივ საკითხზე მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება, აგრეთვე ქმედება გაასაჩივროს „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 118-ე მუხლით დადგენილი წესით. საქმის მასალების მიხედვით შ. ბ-ემ ორივე შეფასების შემთხვევაში (21.12.17წ. და 23.02.18წ.) მიიღო არადამაკმაყოფილებელი შეფასება. პირველ შემთხვევაში შეფასება მოხდა შესაბამისი პროფესიული კრიტერიუმებით ორი შემფასებლის მიერ, შეფასების შედეგი დადგენილ ზღვარს ქვემოთ იყო, რაც შ. ბ-ეის მიერ არ გასაჩივრებულა და სადავოდ არ გამხდარა. მეორე შემთხვევაში რეორგანიზაციის პროცესში კომისიასთან გასაუბრებისას შ. ბ-ემ უარი განაცხადა კითხვებზე პასუხის გაცემაზე, რაც დგინდება როგორც საქმეში არსებული აუდიჩანაწერით, ისე სასამართლო სხდომებზე მიცემული განმარტებებით. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი არ გამხდარა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 107.1 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა, რომელიც მოხელის სამსახურიდან გათავისუფლებას ითვალისწინებს არადამაკმაყოფილებლად მოხელის ორჯერ ზედიზედ შეფასებისას (ამასთანავე, კანონმდებლობა ითვალისწინებს შეფასებებს შორის პერიოდულობას, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 53.1 მუხლი ადგენს თანამდებობაზე მომუშავე მოხელის წელიწადში ერთხელ შეფასებას). შ. ბ-ეის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენს „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 110.1 მუხლი, რომელიც მოხელის სამსახურიდან გათავისუფლებას ითვალისწინებს რეორგანიზაციისას შტატების შემცირების გამო იმ შემთხვევაში თუ მოხელის მობილობა შეუძლებელია. ამდენად, დაუსაბუთებელია მოსარჩელის მითითება იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის გათავისუფლება ზედიზედ ორჯერ არადამაკმაყოფილებლად შეფასების გამო დაუშვებელი იყო, ვინაიდან იგი არადამაკმაყოფილებლად მხოლოდ ერთხელ შეფასდა.
საკასაციო სასამართლოს განჩინებებსა და გადაწყვეტილებებზე (№ბს-790-752(კ-07), №ბს-821-783(კ-07), №ბს-795-757(2კ-07), №ბს-799-761(კ-07), №ბს-1194-1140(2კ-09), №ბს-874-836(კ-09), №ბს-1148-1095(კ-09), №ბს-1502-1433(კ-09), №ბს-415-402(კ-10), №ბს-342-331(კ-10), 18.02.2014წ. №ბს-388-377(კ-13), №ბს-463-451(კ-13), №ას-499-499-2018) მოსარჩელის მითითება არ ადასტურებს გასაჩივრებული აქტების კანონიერებას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო სასამართლო განიხილავს კონკრეტულ დავას და ამ დავის ფარგლებში აფასებს სამართლებრივ საკითხებს, საკასაციო სასამართლოს განმარტება კაზუალურია. ამდენად, გადაწყვეტილებაში ასახული სამართლებრივი მოსაზრებები განმარტებულ უნდა იქნეს დავაზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სწორედ არსებითად მსგავსი ფაქტობრივი გარემოებების არსებობის შემთხვევაში ენიჭება უზენაესი სასამართლოს სამართლებრივ განმარტებებს კონკრეტული საქმის განხილვისათვის მნიშვნელობა. ამდენად, საკასაციო სასამართლოს სამართლებრივ პოზიციებს მნიშვნელობა აქვს უკეთუ სახეზეა საქმის ანალოგიური, არსებითად მსგავსი გარემოებები. მოცემულ შემთხვევაში შ. ბ-ეის მიერ მითითებული საქმეებისა და განსახილველი დავის ფაქტობრივი გარემოებები მნიშვნელოვნად განსხვავებულია, რადგან მოსარჩელის მიერ მითითებულ საქმეებში დავა შეეხებოდა: ძირითადი საშტატო ერთეულიდან დროებით საშტატო ერთეულზე გადაყვანას მცირეწლოვანი შვილის ყოლის პირობებში; მერიის სტრუქტურული ერთეულის ლიკვიდაციას, საჯარო სამსახურში რეორგანიზაციას, რომელსაც შტატების შემცირება არ მოჰყოლია; რეორგანიზაციის შედეგების გავრცელების მართლზომიერებას რეორგანიზაციის მომენტში რაიმე კონკრეტული თანამდებობის არქონის შემთხვევაში (კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში); რეორგანიზაციისას შტატების შემცირების საკითხის გარკვევის მიზნით საქმის სააპელაციო ინსტანციაში დაბრუნებას; ნამსახურების წლების მითითებულ პერიოდში ჩათვლას; რეორგანიზაციამდე დაკავებული თანამდებობებისა და გათავისუფლებულ პირთა წრის შეფასების კრიტერიუმების დადგენის მიზნით საქმის სააპელაციო სასამართლოში დაბრუნებას; დისციპლინური სახდელის გამო პირის სამსახურიდან გათავისუფლებას; გასაჩივრების ერთთვიანი ვადის ფაქტის დადგენის მიზნით საქმის განსახილველად სააპელაციო ინსტანციაში დაბრუნებას; სხვა პირებთან შედარებით სამსახურში დარჩენის უპირატესი უფლების არარსებობას; გათავისუფლებისას დიკსრეციული უფლებამოსილების ფარგლების დაცულობას; იძულებითი განაცდურის დაკისრებას; სამსახურში აღდგენას; მოხელის გათავისუფლებისას ორსულობისას, მის სამსახურში აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას; შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას მოვალეობის უხეში დარღვევისას. განსახილველ დავაში ვითარება განსხვავებულია, ვინაიდან სახეზეა რეორგანიზაციისას შტატების შემცირების გამო მობილობასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელება და მობილობის წარუმატებლად დასრულების შემდგომ პირის სამსახურიდან გათავისუფლება. სასამართლო განმარტების იერარქიული ბუნების გამო, უსაფუძვლოა მოსარჩელის მითითება სააპელაციო სასამართლოს 24.10.19წ. გადაწყვეტილებაზე (საქმე N3ბ/2053-19), მით უფრო, რომ გადაწყვეტილება გამოტანილია განსხვავებული გარემოებების მიმართ, კერძოდ ხსენებულ საქმეში მოსარჩელის სხვა პრეტენზიებთან შედარებით უფრო მაღალი ქულით შეფასების მიუხედავად, სამსახურში რეორგანიზაციის შედეგად დარჩნენ მოსარჩელის მიერ მიღებულ შეფასებაზე უფრო დაბალი ქულებით შეფასებული მოხელეები, რამაც განაპირობა სააპელაციო სასამართლოს დასკვნა მოსარჩელის სამსახურიდან კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევით გათავისუფლების შესახებ. ამდენად, სააპელაციო პალატის ხსენებული გადაწყვეტილება გამოტანილია განსახილველი საქმეებისგან აბსოლუტურად განსხვავებული გარემოებების საქმეზე, ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის მითითებისას განსახილველი საქმე უნდა შეიცავდეს ერთი და იგივე ან იდენტურ სამართალებრივ საკითხზე საკასაციო (და არა სააპელაციო) სასამართლოს ადრინდელ გადაწყვეტილებაში ასახულ შეფასებას.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ შეიცავს სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების სასკ-ის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე ბათილად ცნობის და სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ორგანოსათვის ხელახალი განხილვისა და ახალი გადაწყვეტილების მისაღებად დაბრუნების დასაბუთებას. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად საქმის ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაბრუნება და ახალი აქტის გამოცემის დავალება საჭიროებს იმ გარემოებების მითითებას, რომელიც არ იქნა გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ აქტის გამოცემისას და ახალი გადაწყვეტილების მიღებამდე ამ გარემოების გარკვევის დავალებას. სასკ-ის 32.4 მუხლის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევის და შეფასების შემდეგ ახალი აქტის გამოცემა. სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე აქტის გაუქმება დასაშვებია თუ აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის და შეფასების გარეშე. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ შეიცავს სასკ-ის 32.4 მუხლის გამოყენების დასაბუთებას, სასამართლოს არ უმსჯელია ასეთი გადაწყვეტილების მიღების პროცესუალურ წინაპირობებზე. სასკ-ის 32.4 მუხლის გამოყენების კომპეტენცია სასამართლოს გააჩნია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმის გარემოებათა გამოკვლევის გარეშე. მოცემულ შემთხვევაში დასაბუთებული არ არის სასკ-ის 32.4 მუხლის გამოყენების საფუძველი, ვინაიდან მითითებული ნორმით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, როდესაც აშკარაა, რომ გადაწყვეტილების მიღება საჭიროებდა გარკვეული გარემოებების გამოკვლევას, რომელიც არ იქნა გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, ამასთანავე ამ გარემოების გამოკვლევას არსებითი მნიშვნელობა აქვს გადაწყვეტილების მიღებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლოსთვის ცხადი იყო მოსარჩელის არადამაკმაყოფილებლად შეფასების საფუძველი, რომელიც კომისიის წევრების შეკითხვებზე შ. ბ-ეის მიერ პასუხის გაცემაზე უარს უკავშირდებოდა, სააპელაციო სასამართლომ შესაბამისი დასაბუთების გარეშე დაადგინა შ. ბ-ესთან გასაუბრების და შეფასების საკითხების ხელახლა გარკვევის საჭიროება. შეფასების შედეგის დასაბუთების სავალდებულობაზე მითითება, პასუხების გაცემაზე უარის თქმის გათვალისწინებით, გამორიცხავს შეფასების ობიექტის, შესაფასებელი საკითხების არსებობას და დამატებითი გარემოებების გამოკვლევის საჭიროებას, შესაბამისად ამ დასაბუთებით არ არსებობდა სასკ-ის 32.4 მუხლის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი.
საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის გამო შტატების შემცირებისას შესაბამისი მოხელე შესაძლებელია მისი თანხმობით გადაყვანილ იქნეს იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას - დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით („საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 52.1 მუხ.), შესაბამისად რეორგანიზაცია, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება, წარმოშობს მობილობის საფუძველს. საქართველოს მთავრობის 20.04.2017წ. N199 დადგენილებით დამტკიცდა „პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესი“, რომლის მე-2 მუხლის თანახმად, მობილობის მიზანია საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის გამო შტატების შემცირების შედეგად თანამდებობიდან გასათავისუფლებელ პროფესიულ საჯარო მოხელეთა დასაქმების უზრუნველყოფა, საჯარო სამსახურის პროფესიონალი კადრებისა და საჯარო სამსახურის სტაბილურობის შენარჩუნება, შესაბამისად მობილობამ უნდა უზრუნველყოს შტატების შემცირების შედეგად თანამდებობიდან გასათავისუფლებელ პროფესიულ საჯარო მოხელეთა ხელახალი დასაქმება. მობილობა არის მოხელის უფლების დაცვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რომელიც მიზნად ისახავს საჯარო სამსახურში მოხელის შენარჩუნებას.
საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის გამო შტატების შემცირებისას გასათავისუფლებელ მოხელეთა მობილობის ეტაპზე, საჯარო დაწესებულება ვალდებულია ითანამშრომლოს ბიუროსთან თანამდებობიდან გასათავისუფლებელი მოხელეების კომპეტენციის შესაბამისი თანამდებობის მოძიებისა და მათი ხელახალი დასაქმების მიზნით (საქართველოს მთავრობის 20.04.2017წ. №199 დადგენილებით დამტკიცებული „პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის“ 11.2 მუხ.). სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 02.03.2018წ. №02165/10 წერილით სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს გაეგზავნა რეორგანიზაციის გამო შტატების შემცირების შედეგად თანამდებობიდან გათავისუფლებისა და მობილობას დაქვემდებარებულ მოხელეთა სია. სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს 06.03.2018წ. წერილით სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მიეწოდა ინფორმაცია პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტური თანამდებობის შესახებ. მობილობის განხორციელების მიზნით სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 16.03.2018წ. წერილებით მიმართა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას, თბილისის საქალაქო სასამართლოს და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს (ტ. 1, ს.ფ. 171-175). აღნიშნული წერილების პასუხად მითითებული დაწესებულებების მიერ აუდიტის სამსახურს ეცნობა მობილობის განხორციელების შეუძლებლობის შესახებ, კერძოდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 19.03.18წ. DES 6 1800016488 წერილით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 21.03.18წ. N11-02/3822 წერილით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 19.03.18წ. N2451 წერილით, თბილისის საქალაქო სასამართლომ 20.03.18წ. N2358462 წერილით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ 27.03.18წ. N11/15/8953 წერილით (ტ.1, ს.ფ. 176-182) სახელმწიფო აუდიტის სამსახურს აცნობა მათ დაწესებულებებში მოსარჩელის მობილობასთან დაკავშირებით მიღებული უარყოფითი გადაწყვეტილებების შესახებ. აუდიტის სამსახურის 28.03.2018წ. №02985/10 წერილით შ. ბ-ეს ეცნობა, რომ სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს 06.03.2018წ. წერილით მოწოდებულ ვაკანტურ თანამდებობზე მისი მობილობა ვერ განხორციელდა, შესაბამისად, გენერალური აუდიტორის 02.04.2018წ. ბრძანებით შ. ბ-ე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ...ის თანამდებობიდან გათავისუფლდა 2018 წლის 2 აპრილიდან. ამდენად, სარჩელში მითითება იმაზე, რომ მოსარჩელის მიერ არ განხორციელდა მობილობის პროცედურები უმართებულოა.
მოხელე შესაძლებელია სამსახურიდან გათავისუფლდეს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, თუ მოხელის კანონის 52-ე მუხლით გათვალისწინებული მობილობა შეუძლებელია („საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 110.1 მუხ.). მოცემულ შემთხვევაში დგინდება, რომ მობილობის განხორციელების მიზნით აუდიტის სამსახურმა ინფორმაცია გამოითხოვა საჯარო სამსახურის ბიუროდან ვაკანტური თანამდებობის დადგენის მიზნით, რის შემდეგ ვაკანტური თანამდებობის მქონე დაწესებულებებს მიმართა წერილებით მობილობის მიზნით. მობილობის შედეგები დამოკიდებულია საჯარო სამსახურის სისტემაში სათანადო ვაკანსიის არსებობაზე, ასევე მობილობის წესით მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე მისაღებად ვაკანტური თანამდებობის მქონე საჯარო დაწესებულების თანხმობაზე. ასეთი შესაძლებლობის ან ნების არარსებობის შემთხვევაში პირი თავისუფლდება სამსახურიდან, თუმცა მას გააჩნია რეზერვში ჩარიცხვისა და სამი თვის თანამდებობრივი სარგოს კომპენსაციის მიღების უფლება. საქმეში დაცული მასალებით მობილობის მიზნით მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ ვაკანტური თანამდებობის მქონე საჯარო დაწესებულებებს არ გამოუთქვამთ თანხმობა, ასეთი თანხმობის გამოხატვა კი წარმოადგენს ერთ-ერთ აუცილებელ წინაპირობას გარე მობილობის განსახორციელებლად. საქმის მასალებით დასტურდება, რომ რეორგანიზაციის გამო შტატების შემცირების შედეგად თანამდებობიდან გათავისუფლებას დაქვებდებარებული 22 მოხელიდან 18-ის მიმართ ვერ განხორციელდა მობილობა, რის შედეგად „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 105-ე მუხლის 1-ელი პუნქტის შესაბამისად ისინი ჩაირიცხნენ რეზერვში.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 52-ე მუხლი და საქართველოს მთავრობის 20.04.2017წ. №199 დადგენილებით დამტკიცებული „პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის“ სადავო პერიოდში მოქმედი მე-12 მუხლის რედაქცია საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის გამო შტატების შემცირებისას ითვალისწინებდა მოხელის თანხმობით იმავე საჯარო დაწესებულებაში მოხელის თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით, დაბალ თანამდებობაზე გადაყვანის შესაძლებლობას. მოსარჩელე დაზუსტებულ სარჩელში ვაკანსიების არსებობის დასტურად მიუთითებს საქართველოს მთავრობის 11.01.2018წ. №18 განკარგულებასა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2019 წლის დაზუსტებულ საბიუჯეტო განაცხადზე. დასაქმებულ პირთა საერთო რაოდენობის უცვლელად დატოვება ავტომატურად არ გულისხმობდა შტატების უცვლელობას იმ კუთხით, რომ უცვლელად რჩებოდა ყველა საშტატო ერთეული, მათ შორის ის, რომელიც მოსარჩელეს ჰქონდა დაკავებული. წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში გაანალიზებით დგინდება, რომ მოსარჩელეს დაკავებული ჰქონდა ...ის, ...ის თანამდებობა (მესამე რანგი - ...ის დონე). საქმის მასალების მიხედვით რეორგანიზაციის დაწყებამდე, 18.01.18წ. მდგომარეობით სახელმწიფო აუდიტის სამსახურში დასაქმებული იყო 339 პირი, მათ შორის 57 - ...ის, ...ის თანამდებობაზე (მესამე რანგი - ...ის დონე). რეორგანიზაციის დასრულებისას, კერძოდ 02.04.18წ. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის N03133/21 ბრძანებით დამტკიცდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საშტატო ნუსხა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები, დანართი N1-ის შესაბამისად. დანართი N1-ით დგინდება, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში დასაქმებული იყო 339 პირი, თუმცა შემცირდა ...ის - ...ის თანამდებობა (მესამე რანგი - ...ის დონე), რომლის რაოდენობაც განისაზღვრა 33 საშტატო ერთეულით. აღნიშნული ცხადყოფს, რომ თანამდებობა, რომელიც დაკავებული ჰქონდა უშუალოდ მოსარჩელეს, შემცირდა და სწორედ „უპირატესი დარჩენის“ უფლების განსაზღვრის მიზნით განხორციელდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურში დასაქმებულ პირთა შემოწმება გასაუბრების ფორმით. მოსარჩელე არ მიუთითებს კონკრეტულ იმ ტოლფას ან მისი კომპეტენციის გათვალისწინებით იმ დაბალ თანამდებობაზე, რომელზეც სახელმწიფო აუდიტის სამსახურში არსებობდა ვაკანსია, რაც შესაბამისად წარმოშობდა იმავე საჯარო დაწესებულებაში მისი მობილობის განხორციელების საფუძველს. „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონის 29.3 მუხლის თანახმად, საჯარო დაწესებულებაში „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის საფუძველზე დამხმარე ამოცანების შესრულების მიზნით მიღებულ შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეთა რიცხოვნობა არ უნდა აღემატებოდეს საჯარო დაწესებულების მთლიანი საშტატო რიცხოვნობის 5%-ს. საქართველოს მთავრობის 11.01.2018წ. №18 განკარგულებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურზე არ გავრცელდა „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა და მიეცა 2018 წლის განმავლობაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის 39 ერთეულით განსაზღვრის თანხმობა. მოსარჩელის მიერ მითითებული დოკუმენტები (საქართველოს მთავრობის 18.01.2018წ. განკარგულება და გენერალური აუდიტორის 2019 წლის დაზუსტებული საბიუჯეტო განაცხადი) შეიცავენ ზოგად ინფორმაციას სახელმწიფო აუდიტის სამსახურში შტატების საერთო რაოდენობის თაობაზე, ამ დოკუმენტებში მითითებული არ არის უშუალოდ ...ის საშტატო ერთეულზე, რომელიც შ. ბ-ეს ეკავა. ამასთანავე, მოსარჩელე არ უთითებს მისი თანამდებობის ტოლფასი თანამდებობის ან მისი კომპეტენციის გათვალისწინებით, უფრო დაბალი თანამდებობის არსებობაზე. მხოლოდ ტოლფასი თანამდებობის ან დაბალი თანამდებობის (კომპეტენციის გათვალისწინებით) არსებობა ქმნის იმავე საჯარო დაწესებულებაში მობილობის საფუძველს, შესაბამისად, მხოლოდ მოსარჩელის ზოგადი მითითება იმ გარემოებაზე, რომ 2018 წელს გაიზარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების რაოდენობა, ხოლო 2019 წელს კვლავ გაიზარდა შტატების საერთო რაოდენობა, არ არის საკმარისი შიდა მობილობისთვის დადგენილი პროცედურული დარღვევების დასადასტურებლად. „საქართველოს 2019 წლის ბიუჯეტის შესახებ“ კანონი არ ადასტურებს იმას, რომ ადგილი არ ჰქონდა შტატების შემცირებას, აღნიშნული კანონი შეიცავს ზოგად ინფორმაციას სახელმწიფო აუდიტის სამსახურში შტატების საერთო რაოდენობის და არა უშუალოდ ...ის საშტატო ერთეულის რაოდენობას.
სააპელაციო პალატის მიერ სადავო აქტების ბათილად ცნობას საფუძვლად დაედო მხოლოდ ის გარემოება, რომ ოქმში არ ასახულა დასმული კითხვები, მათზე პასუხები, აქტებში არ ასახულა ის მოტივები, რომელიც საფუძვლად დაედო არადამაკმაყოფილებელ შეფასებას. ხსენებულ მოტივაციას საკასაციო სასამართლო ზემოაღნიშნული მოსაზრებებიდან გამომდინარე არ იზიარებს და თვლის, რომ მოყვანილი არგუმენტაცია არ წარმოადგენს სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე სადავო აქტების ბათილად ცნობის და ადმინისტრაციული ორგანოსათვის გარემოებების ხელახალი გამოკვლევის შემდეგ ახალი აქტის გამოცემის დავალების პირობას. ამასთანავე სააპელაციო სასამართლომ საერთოდ არ იქონია მსჯელობა მობილობის პროცედურასთან დაკავშირებით, კერძოდ შიდა მობილობის საკითხზე, რომელსაც მოსარჩელე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების პირობად უთითებდა. საქმის მასალებში დაცული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 18.01.2018წ. №00662/21 და 02.04.2018წ. №03133/21 ბრძანებებიდან (ტ. 1, ს.ფ. 155-167, 139-339) გამომდინარე შემცირდა ...ის თანამდებობის შტატი, თუმცა სახელმწიფო აუდიტის სამსახურში შტატის საერთო ოდენობა დარჩა უცვლელი. „საჯარო სამსახურის შესახებ“ 52.1 მუხლით გათვალისწინებული შიდა მობილობა გულისხმობს რეორგანიზაციის პროცესში შემცირებულ თანამდებობაზე დასაქმებული მოხელისთვის საჯარო დაწესებულების მიერ იმავე საჯარო დაწესებულებაში არსებული ტოლფასი თანამდებობის შეთავაზებას, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას დაბალი თანამდებობის შეთავაზებას მისი კომპეტენციის გათვალისწინებით. შიდა მობილობასთან მიმართებით სააპელაციო პალატას რაიმე გარემოებები არ დაუდგენია, არ მიუცია შიდა მობილობის გარემოებებთან დაკავშირებით რაიმე სამართლებრივი შეფასება, რის გამოც საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას სამართლებრივი შეფასება მისცეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას ამ მიმართებით. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული (გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში და სსკ-ის 412-ე მუხლის საფუძველზე საქმე ხელახალი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.08.2020წ. გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში, კერძოდ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში რეორგანიზაციასთან დაკავშირებით გასაუბრების ჩასატარებლად შექმნილი კომისიის 23.02.2018წ. სხდომის N2 ოქმის (შ. ბ-ეის ნაწილში), სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 02.03.2018წ. N02171/21 ბრძანების (ბრძანებით დამტკიცებული დანართის მე-13 პუნქტის) და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 02.04.2018წ. N03176/25 ბრძანების ბათილად ცნობის, ადმინისტრაციული ორგანოსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალების ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.08.2020წ. გადაწყვეტილება უცვლელად დარჩეს იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 31.01.19წ. გადაწყვეტილება შ. ბ-ეის დანარჩენი სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. გოგიაშვილი