Facebook Twitter

ბს-732(2კ-21) 18 სექტემბერი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

კასატორი (მესამე პირი) - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს „ გ...“

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.05.2019წ. გადაწყვეტილება

დავის საგანი - უძრავ ნივთზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

შპს „გ...მა“ 23.02.2018წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა საჯარო რეესტრის 16.02.2018წ. №... და 19.02.2018წ. №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა. 27.02.2018წ. განცხადებით მოსარჩელემ დააზუსტა მოპასუხეთა წრე და მოპასუხედ მიუთითა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, ასევე მოსარჩელემ მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მისი კუთვნილი ნაკვეთის მომიჯნავედ ფლობს მიწის ნაკვეთს ათ წელზე მეტია, რომელიც გაწმინდა ნაგვისგან, მოაწყო დასვენების ზონა, განათავსა ნარგავები, ხე-მცენარეები, ყვავილები და სხვადასხვა დამხმარე ნაგებობები. 14.02.2018წ. კომპანიის ტერიტორიაზე გამოცხადდნენ ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები მიწის ნაკვეთის ასაზომად შემდეგში სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაციის მიზნით. მოსარჩელემ სამინისტროს წარმომადგენლებს განუმარტა, რომ ნაკვეთის სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაციის შემთხვევაში, ვერ დაიკანონებდა მის მფლობელობაში არსებულ ნაკვეთებს, რის გამო აზომვითი სამუშაოების განხორციელების საშუალება სამინისტროს წარმომადგენლებს არ მისცა. შემდეგში მოსარჩელისთვის ცნობილი გახდა, რომ მოპასუხემ განცხადებებით მიმართა საჯარო რეესტრს, წარადგინა უკანონო ბრძანება და კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფით შესრულებული აზომვითი ნახაზები. მოსარჩელემ მიუთითა, რომ სადავო ნაკვეთები სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისაა, ხოლო საჯარო რეესტრში წარდგენილ ნახაზებში დანიშნულებად მითითებულია არასასოფლო-სამეურნეო. მოსარჩელემ საჯარო რეესტრს მიმართა განცხადებით იმის შესახებ, რომ არ განეხორციელებინა აღნიშნული რეგისტრაციები. მიუხედავად ამისა, მარეგისტრირებელმა ორგანომ მიიღო რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებები და უძრავ ნივთებზე აღრიცხა სახელმწიფოს საკუთრების უფლება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.02.2018წ. განჩინებით, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე მესამე პირად ჩაება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.02.2018წ. განჩინებით, შპს „გ...ს“ შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე დაკმაყოფილდა, მოპასუხეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აეკრძალა ქ. თბილისში, სოფ. ...ში სახელმწიფოს სახელზე რიცხული 9982კვ.მ. მიწის ნაკვეთისა (საკადასტრო კოდი ... ) და 3520კვ.მ. მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი ...) გასხვისების, დაგირავების, გაქირავების, იპოთეკით დატვირთვის, სხვა მესამე პირზე ნებისმიერი სახით გადაცემის რეგისტრაციის განხორციელება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.02.2018წ. განჩინება საქმეში მესამე პირად ჩაბმის თაობაზე გასაჩივრდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.05.2018წ. განჩინებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 31.10.2018წ. გადაწყვეტილებით, შპს „გ...ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოს 28.02.2018წ. განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გაუქმდა.

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 15.02.2018წ. №1/1-350 ბრძანება განიხილება იმ უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად (სარეგისტრაციო დოკუმენტად), რომლის საფუძველზე უძრავ ნივთზე წარმოიშობა საკუთრების რეგისტრაციის უფლება. დასახელებული ბრძანება სადავოდ არ არის გამხდარი და ძალაშია. სწორედ, მითითებული ბრძანების საფუძველზე იქნა მიღებული გასაჩივრებული სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებები. საქმეში არსებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე ირკვევა, რომ არ არსებობდა რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები, ვინაიდან შპს „გ...ს“ სადავო უძრავ ქონებაზე მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი არ გააჩნია, შესაბამისად, მარეგისტრირებელმა ორგანომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მიიღო კანონის მოთხოვნათა დაცვით.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ გასაჩივრებული რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებები წარმოადგენს აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. აღმჭურველი აქტით დაინტერესებულ მხარეს გარკვეული უფლებები ენიჭება. აღნიშნულიდან გამომდინარე საჭიროა მათი უფლებების დაცვის განსაკუთრებული გარანტიების შექმნა. მოცემულ შემთხვევაში მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე გასაჩივრებული აქტებით შპს „გ...ს“ კანონიერ უფლებებზე პირდაპირი და უშუალო (ინდივიდუალური) ზიანის მიყენების ფაქტი ამ ეტაპზე ერთმნიშვნელოვნად არ დასტურდება, შესაბამისად არ არსებობს სადავო აქტის ბათილად ცნობისადმი მოსარჩელის კანონიერი ინტერესი. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მე-74 მუხლის შესაბამისად, 2012 წლის 1 იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიული პირი კარგავს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, ასევე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებას. აღნიშნული თარიღის შემდეგ საკუთრების უფლების მოპოვება შესაძლებელია სახელმწიფო ქონების პრივატიზაციისათვის დადგენილი ზოგადი წესის შესაბამისად. ამდენად, უძრავ ქონებაზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია არ ზღუდავს მოსარჩელის უფლებას განახორციელოს მისთვის კანონით მინიჭებული უფლების რეალიზება და საკუთრების უფლება მოიპოვოს სადავო სამართალურთიერთობის მარეგულირებელი ნორმატიული აქტებით დადგენილი პროცედურის დაცვით. მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს სზაკ-ის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს, რის გამო არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 31.10.2018წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა შპს „გ...ს“ მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.05.2019წ. გადაწყვეტილებით, შპს „გ...ს“ სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 31.10.2018წ. გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, შპს „გ...ს“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 16.02.2018წ. №... გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ, ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 19.02.2018წ. №... გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში, საქმის გარემოებების ყოველმხრივ და სრულყოფილად შემოწმების შედეგად ახალი აქტის გამოცემა.

სააპელაციო პალატამ მიუთითა „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის „თ“ „კ“, „ლ“ ქვეპუნქტებზე, მე-8, 21-ე, 22-ე, 23-ე, 27.1 მუხლებზე და აღნიშნა, რომ დასაბუთებული არ არის დასკვნა იმის შესახებ, რომ გასაჩივრებული სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებების მიღებისას არ არსებობდა რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები, ასევე დასაბუთებული არ არის სადავო აქტების კანონიერება, მათი მიღება საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევის შემდგომ. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის 15.02.2018წ. №... და №... განცხადებებით მიმართვის შემდგომ და სადავო უძრავ ქონებაზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციამდე შპს „გ...ს“ დირექტორმა ლ.ფ-ემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. აღნიშნულ განცხადებაში შპს „გ...ს“ დირექტორმა სადავოდ გახადა საჯარო რეესტრისთვის სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ წარდგენილ №... და №... განცხადებებზე დართული საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ვინაიდან დისკზე წარდგენილ ინფორმაციას არ ერთვის ტერიტორიის ფოტო-მასალა, განმცხადებელმა ასევე მიუთითა, რომ საზოგადოება მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების მომიჯნავედ მრავალი წელია ფლობს სადავო ნაკვეთებს. განმცხადებლის მითითებით, ეკონომიკის სამინისტროს აზომვით ნახაზზე უნდა ეჩვენებინა, რომ სადავო ტერიტორიაზე განთავსებულია მათ მიერ აშენებული შენობა-ნაგებობები, გაყვანილია გზები, მოწყობილია გარე განათება და შემოღობილია ტერიტორია, შესაბამისად, შპს „გ...ს“ წარმომადგენელმა მოითხოვა №... და №... განცხადებების საფუძველზე განხორციელებული რეგისტრაციის გაუქმება. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ისე მიიღო სადავო აქტები, რომ შპს „გ...ს“ დირექტორის მიერ 16.02.2018წ. წარდგენილ განცხადებაში მითითებული გარემოებები არ შეუფასებია და არ გაუთვალისწინებია. გასაჩივრებული აქტები გამოცემულია საქმისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე გარემოების სათანადოდ გამოკვლევის გარეშე, ამიტომ სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით მოცემულ შემთხვევაში გამოყენებულ უნდა იქნეს სასკ-ის 32.4 მუხლი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.05.2019წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ.

კასატორმა - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ აღნიშნა, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით, ასევე ტექნიკური აღრიცხვის სამსახურში დაცული დოკუმენტაციის შესაბამისად, მოსარჩელეთა საკუთრების უფლება სადავო მიწის ნაკვეთებზე აღრიცხული არ ყოფილა, რაც ადასტურებს იმას, რომ სადავო რეგისტრაციების განხორციელების ეტაპზე არ არსებობდა რეგისტრაციის დამაბრკოლებელი გარემოება, ამასთან, შპს „გ...ს“ არ წარმოუდგენია რაიმე დოკუმენტი, რომელიც წარმოშობს მისი რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას სადავო უძრავ ნივთზე, შესაბამისად, მოსარჩელეს არ გააჩნია იურიდიული ინტერესი. სააპელაციო სასამართლოს არ გაუთვალისწინებია ის გარემოება, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონი ძალაში შევიდა 27.07.2007წ., ხოლო შპს „გ...მა“ სადავო უძრავი ნივთების მომიჯნავედ არსებული მიწის ნაკვეთები (საკადასტრო კოდები: ..., ... და ...) შეიძინა 27.07.2007წ. შემდგომ. მითითებული კანონის მე-74 მუხლის თანახმად, 2012 წლის 1 იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიული პირი კარგავს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, ასევე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებას, შესაბამისად, გაურკვეველია მოსარჩელის იურიდიული ინტერესი. სააპელაციო სასამართლომ უგულებელყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა (სუსგ 02.07.2015წ. საქმე №ბს-30-30(2კ-15)) და სადავო რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებების საფუძვლად არსებული უფლების დამდგენი დოკუმენტის კანონიერ ძალაში ყოფნის მიუხედავად გააუქმა მათ საფუძველზე განხორციელებული რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებები. დაუშვებელია რეგისტრაციის გაუქმება მისი საფუძვლის ძალაში ყოფნის პირობებში (სუსგ 15.06.2010წ. საქმე №ბს-1188-152(კ-10), 20.07.2011წ. საქმე №ბს-925-918(კ-11), 30.04.2015წ. საქმე №𔫦ბს-585-572(4კ-14), 09.07.2020წ. საქმე №ბს-173(4კ-20)). საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.07.2020წ. გადაწყვეტილებით (საქმე №ბს-765(2კ-19)) დაკმაყოფილდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრები, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 20.03.2019წ. გადაწყვეტილება და შპს „გ...ს“ სარჩელი, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 15.02.2018წ. და 11.10.2018წ. ბრძანებების ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა. საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ შპს „გ...ს“ ინტერესი არ წარმოადგენს კანონიერ ინტერესს, რამეთუ საქმეზე ვერ დასტურდება შპს „გ...ს“ მიერ რაიმე სამართლებრივი საფუძვლით სადავო მიწის ნაკვეთის ფლობისა და სარგებლობის ფაქტი. სარჩელზე თანდართული დოკუმენტაციით არ დასტურდება, რომ გასაჩივრებული აქტები, რომლებითაც რეგისტრირებულ იქნა სახელმწიფო საკუთრების უფლება, უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ასევე უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.

კასატორმა აღნიშნა აგრეთვე, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ წარდგენილ №... და №... სარეგისტრაციო განცხადებებზე დართული საკადასტრო აზომვითი ნახაზი შედგენილია საქართველოს მთავრობის 08.08.2016წ. №388 დადგენილების შესაბამისად, მათ შორის სარეგისტარციოდ წარდგენილ დისკზე დატანილია აზომილი ტერიტორიის ფოტო-მასალა. სააპელაციო სასამართლომ სათანადო გამოკვლევის გარეშე მიიჩნია დადგენილად გარემოება იმის შესახებ, რომ აზომვით ნახაზს არ ერთვოდა შესაბამისი ფოტო-სურათები. მოცემულ შემთხვევაში ყველა ფაქტობრივი გარემოება იყო ცხადი, შესაბამისად, სახეზე იყო არსებითი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობები, შესაბამისად, დაუშვებელი იყო სასკ-ის 32.4 მუხლის გამოყენება (საქმე №ბს-351-336(კ-09)). გაუგებარია დამატებით რა გარემოება უნდა გამოიკვლიოს და შეაფასოს საჯარო რეესტრმა, ვინაიდან რეგისტრაციის საფუძვლად არსებული დოკუმენტი ძალაშია, ასევე დადგენილია, რომ შპს „გ...ს“ სადავო ნაკვეთის მიმართ კანონიერი ინტერესი არ გააჩნია.

კასატორმა - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ სახელმწიფოს სახელზე განხორციელებული რეგისტრაციები გააუქმა საქმეში არსებული მტკიცებულებების სათანადო შეფასების გარეშე, კერძოდ, არ შეუფასებია შპს „გ...ს“ მოთხოვნის უფლების არსებობა, ასევე სახელმწიფოს მიმართ დაირღვა საკუთრების უფლების არსი. ადმინისტრაციულ ორგანოს სასამართლომ დაავალა ისეთი გარემოების გამოკვლევა, რომელიც უკვე გამოკვლეულია. ხე-მცენარეების დარგვა და ნაკვეთის მოწესრიგება არ წარმოშობს მოსარჩელის კანონიერ უფლებას სადავო ნაკვეთზე. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 02.07.2020წ. გადაწყვეტილებით (საქმე №ბს-765(2კ-19)) არ დაკმაყოფილდა შპს „გ...ს“ სარჩელი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს იმ აქტების ბათილად ცნობის თაობაზე, რომლის საფუძველზე სახელმწიფოს საკუთრების უფლება დარეგისტრირდა. ამდენად, რეგისტრაციის საფუძველი ძალაშია და სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილია მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არარსებობა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და საკასაციო საჩივრების საფუძვლების კანონიერების შესწავლის შედეგად თვლის, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დგინდება, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 15.02.2018წ. №1/1-350 ბრძანებით მიღებული იქნა გადაწყვეტილება ქ. თბილისში, სოფ. ...ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 3520კვ.მ. და 9982კვ.მ. მიწის ნაკვეთებზე სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ. სააგენტომ 15.02.2018წ. №... და №... განცხადებებით მიმართა საჯარო რეესტრს და მითითებული ბრძანების საფუძველზე მოითხოვა უძრავ ნივთ(ებ)ზე სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაცია. საჯარო რეესტრის რეგისტრაციის შესახებ 19.02.2018წ. №... გადაწყვეტილებით - ქ. თბილისში, სოფ. ...ში მდებარე 3520 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე და რეგისტრაციის შესახებ 16.02.2018წ. №... გადაწყვეტილებით - 9982კვ.მ. მიწის ნაკვეთზე დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრების უფლება. განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს შეადგენს სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ 19.02.2018წ. №... და 16.02.2018წ. №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, შესაბამისად, სახეზეა შეცილებითი სარჩელი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შეცილებითი სარჩელის მიზანი არ არის აბსტრაქტული, პირი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობას მოითხოვს თავისი უფლების ან კანონიერი ინტერესის დასაცავად (სასკ-ის 22.2 მუხ.). უფლების დაცვის რეალიზება ხდება კონკრეტული პირადი უფლების ან კანონიერი ინტერესის დარღვევის შემთხვევაში. მოსარჩელის პატივსადები იურიდიული ინტერესის არსებობის დადგენისთვის არ კმარა ინტერესის შესახებ მოსარჩელის განცხადება, მოსარჩელე უნდა ასაბუთებდეს თავის ინტერესს, რომელიც უნდა იყოს კანონიერი და პატივსადები. ინტერესის არსებობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ფასდება, თუმცა იგი ობიექტურ მონაცემებზე უნდა იყოს დამყარებული (სუსგ 25.11.2021წ. საქმე №ბს-467(კ-19)). მოსარჩელე მიუთითებს, რომ სადავო მიწის ნაკვეთები მდებარეობს მის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის მომიჯნავედ, ის ფლობს ამ ნაკვეთებს მრავალი წელია და სურს საკუთრების უფლების აღიარება. ამდენად, განსახილველი დავის ფარგლებში შეფასებას საჭიროებს მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობა, საკუთრების უფლების რეგისტრაციის, აღიარების საფუძვლების არსებობა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ 11.07.2007წ. მიღებული კანონი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიულის პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ ადგენს მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფოს საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარების შესაძლებლობას. მითითებული კანონი მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე, ასევე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებას ითვალისწინებს ამავე კანონით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში. ერთ-ერთ პირობას შეადგენს პირის მიერ ამ კანონის ამოქმედებამდე სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთის მართლზომიერად დაუფლება ან თვითნებურად დაკავება (მე-2 მუხ., „ა“, „გ“ ქვ.პ.), შესაბამისად, საკუთრების უფლების აღიარებას ექვემდებარება სახელმწიფო საკუთრებაში არებული მიწის ნაკვეთები. აღნიშნული კანონის მიზანია კერძო საკუთრებაში არმყოფი, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული და განუკარგავი მიწის ნაკვეთის პირისათვის საკუთრებაში გადაცემა და ამ გზით მიწის ფონდის ათვისება. სწორედ მიწის ნაკვეთის სახელმწიფო საკუთრებაში არსებობის ფაქტი განაპირობებს კონკრეტულ შემთხვევაში „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის გავრცელების შესაძლებლობას. უძრავ ნივთზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია არ წარმოადგენს საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის დამაბრკოლებელ გარემოებას. თუ პირი აკმაყოფილებს საკუთრების უფლების აღიარების მარეგულირებელი ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, შესაბამისი წესითა და პროცედურების დაცვით, ხორციელდება მისთვის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების გადაცემა. ამდენად, სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნა იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული წარმოადგენს საკუთრების უფლების აღიარების დამაბრკოლებელ გარემოებას, არის უსაფუძვლო. აღნიშნული მოსაზრება არ ადასტურებს სასარჩელო მოთხოვნის კანონიერებას.

მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვის საფუძველია დაინტერესებული პირის მიერ წერილობითი განცხადების წარდგენა უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს აგრეთვე იმ გარემოებაზე, რომ საქმის მასალებში არ მოიპოვება დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა შპს „გ...ს“ მიერ საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოსადმი მიმართვის ფაქტს. მოსარჩელე ასევე არ მიუთითებს ისეთ მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დოკუმენტზე, რომელიც სადავო უძრავ ნივთზე შპს „გ...ს“ მართლზომიერი მფლობელობის წარმოშობას დაადასტურებდა. მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტების ჩამონათვალი გათვალისწინებული იყო საქართველოს პრეზიდენტის 15.09.2007წ. №525 ბრძანებულებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ (ძალადაკარგულია საქართველოს პრეზიდენტის 04.08.2016წ. №191 ბრძანებულებით) 2.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით. ასეთი სახის დოკუმენტების ჩამონათვალს შეიცავს აგრეთვე ამჟამად მოქმედი საქართველოს მთავრობის 28.07.2016წ. №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ 2.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის თავდაპირველი რედაქციით მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილ ორგანოდ მიჩნეული იქნა შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც უფლებამოსილებას ახორციელებდა კომისიის მეშვეობით (4.1 მუხ.). მითითებულ კანონში 05.12.2008წ. ცვლილებით მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილ ორგანოდ განისაზღვრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (მე-41 მუხ.), რომელიც დღემდე ახორციელებს მართლზომიერი მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარებას. საქმის მასალებში დაცული არ არის კომისიისთვის ან მარეგისტრირებელი ორგანოსთვის მითითებული საფუძვლით საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით მიმართვის დამადასტურებელი დოკუმენტი, მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელ დოკუმენტზე მოსარჩელე საერთოდ არ უთითებს.

რაც შეეხება თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილ ორგანოს, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიულის პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის თავდაპირველი რედაქციით ასეთ ორგანოდ განისაზღვრა შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც უფლებამოსილებას ახორციელებდა კომისიის მეშვეობით (4.1 მუხ.), ხოლო 03.06.2016წ. კანონში განხორციელებული ცვლილებით თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილ ორგანოდ მიეთითა შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან (ქალაქ თბლისის მუნიციპალიტეტში - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან) არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია (4.1 მუხ.). მითითებული კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, კერძო სამართლის იურიდიული პირის მიერ ნაკვეთის თვითნებურად დაკავების შემთხვევაში ასაღიარებელი მიწის ნაკვეთი უნდა მდებარეობდეს კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებულის მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული). საქმეში დაცული მასალებით შპს „გ...ს“ საკუთრებაშია ქ. თბილისში, სოფ. ...ში მდებარე უძრავი ნივთები (საკადასტრო კოდები: ..., ..., ...), რომლებზეც მოსარჩელის საკუთრების უფლება „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიულის პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის ამოქმედებამდე არ წარმოშობილა. მითითებული კანონი ამოქმედდა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ დამტკიცების თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების ამოქმედებისთანავე (9.2 მუხ.). აღნიშნული წესი დამტკიცდა საქართველოს პრეზიდენტის 15.09.2007წ. №525 ბრძანებულებით, რომელიც ამოქმედდა გამოქვეყნებისთანავე (გამოქვეყნების თარიღი 20.09.2007წ.), შესაბამისად, საქმეში არ არის წარმოდგენილი დოკუმენტი, რომელიც მოსარჩელის მიერ სადავო ნაკვეთების ზემოთ მითითებული კანონის ამოქმედებამდე დაუფლების ფაქტს დაადასტურებდა. საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად ...ში შპს „გ...ს“ საკუთრებაში მყოფი ნაკვეთები (4481 კვ.მ., 2000 კვ.მ., 1500 კვ.მ.) შეძენილია შესაბამისად 17.09.07წ., 27.05.08წ., 28.11.08წ. ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე მაშინ, როდესაც თვითნებურად დაკავებული ნაკვეთის აღიარების პირობას წარმოადგენს კანონის მიღებამდე ნაკვეთის თვითნებურად დაკავება. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის ძალაში შესვლის შემდეგ შეიძინა შპს „გ...მა“ სადავო უძრავი ნივთების მომიჯნავედ არსებული მიწის ნაკვეთები (საკადასტრო კოდი ...; ... და ...). ამასთანავე, კანონის სადავო აქტების გამოცემის პერიოდში მოქმედი რედაქციით ასაღიარებელი მიწის ნაკვეთი ნაკლები უნდა ყოფილიყო საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე (მე-2 მუხ. „გ“ ქვ.პ.), მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი მხოლოდ ერთ-ერთი ნაკვეთი (9982 კვ.მ.) აღემატება მოსარჩელის საკუთრებაში რიცხული ნაკვეთების ჯამურ რაოდენობას.

უკვე აღინიშნა, რომ მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტების ჩამონათვალი გათვალისწინებული იყო საქართველოს პრეზიდენტის 15.09.2007წ. №525 ბრძანებულებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ (ძალადაკარგულია საქართველოს პრეზიდენტის 04.08.2016წ. №191 ბრძანებულებით) 2.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით, ხოლო ამჟამად ასეთი სახის დოკუმენტების ჩამონათვალი გათვალისწინებულია საქართველოს მთავრობის 28.07.2016წ. №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ 2.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით. მოსარჩელეს არ მიუთითებია დასახელებული ნორმებით გათვალისწინებულ რომელიმე დოკუმენტზე, ასევე არ მიუთითებია ხსენებული საფუძვლით შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოსთვის საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით მიმართვის ფაქტზე, შესაბამისად, საქმეში დაცული მასალებით არ დგინდება შპს „გ...ს“ მიერ საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოსადმი მიმართვა, შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება, საკუთრების უფლების აღიარების საფუძვლების არსებობა, თუმცა ასეთი საფუძვლების არსებობის შემთხვევაშიც დღეს მოქმედი კანონმდებლობით გამოირიცხება კერძო სამართლის იურიდიული პირის მიერ საკუთრების უფლების აღიარების წესით მოპოვების შესაძლებლობა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ 07.12.2010წ. N3889 კანონით „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონში შეტანილი დამატების, კერძოდ მე-74 მუხლის მიხედვით, 2012 წლის პირველი იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიულმა პირმა დაკარგა მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, ასევე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლება, აღნიშნული თარიღის შემდეგ საკუთრების უფლების მოპოვება შესაძლებელია სახელმწიფო ქონების პრივატიზაციისათვის დადგენილი ზოგადი წესის შესაბამისად. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 27.12.2013წ. №2/3/522,533 გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა კონსტიტუციური სარჩელები (სპს „გრიშა აშორდია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მე-74 მუხლის (სიტყვების „2012 წლის 1 იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიული პირი კარგავს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ ... მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებას”) არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და 21-ე მუხლებთან მიმართებით. საკონსტიტუციო სასამართლომ დაასკვნა, რომ კერძო სამართლის იურიდიულ პირებს ჰქონდათ გონივრული შესაძლებლობა ესარგებლათ სახელმწიფოს მიერ მინიჭებული უფლებით 2007 წლიდან 2012 წლამდე, სადავო ნორმით დადგენილი რეგულირება არ შეიძლება ჩაითვალოს ნდობის პრინციპის საწინააღმდეგოდ და არ წარმოადგენს საკუთრების შეძენის ლეგიტიმური მოლოდინის გაუმართლებელ და დაუსაბუთებელ შეზღუდვას, შესაბამისად, სახეზე არ არის წინააღმდეგობა საქართველოს კონსტიტუციის (ძვ. რედაქცია) 21-ე მუხლთან (II-§65). ამდენად, მითითებული კანონი კერძო სამართლის იურიდიული პირებისთვის განსაზღვრავდა საკუთრების უფლების აღიარების ვადას, თუმცა აღნიშნულ სუბიექტებს ჰქონდათ შესაძლებლობა ესარგებლათ მოცემული კანონით მინიჭებული უფლებით 2007 წლიდან 2012 წლის იანვრამდე, შესაბამისად, კერძო სამართლის იურიდიულ პირებს სრულად არ წართმევიათ მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში), თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესაძლებლობა. სახელმწიფომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მიღებით, წაახალისა კერძო ინიციატივა და მოახდინა ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების სტიმულირება აეთვისებინათ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის რესურსი. ზემოთ მითითებული ნორმის (მე-74 მუხ.) შემოღება უნდა განვიხილოთ როგორც სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ღონისძიება, რათა დაეჩქარებინა კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საკუთრების აღიარების პროცესი, მისი მიზანი იყო მოეხდინა კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული, ასევე თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთების იდენტიფიცირება (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 27.12.2013წ. №2/3/522,533 გადაწყვეტილება, II-§17,61). როგორც უკვე აღინიშნა, საქმეში არსებული მასალებით არ დგინდება, რომ მითითებულ პერიოდში (2007 წლიდან 2012 წლის იანვრამდე) შპს „გ...მა“ ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებამოსილებით და მიმართა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით, შესაბამისად, მოსარჩელეს ამ უფლებით არ უსარგებლია. გარდა იმისა, რომ მიწის ნაკვეთის სახელმწიფო საკუთრებაში არსებობა არ გამორიცხავს საკუთრების უფლების აღიარების შესაძლებლობას, 2012 წლის პირველი იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიულმა პირმა დაკარგა საკუთრების უფლების აღიარების შესაძლებლობა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს უძრავ ნივთზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების გაუქმების მიმართ შპს "გ...ს" მოთხოვნის უსაფუძვლობას.

„საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონის განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე (9.1 მუხ.). მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე არ მიუთითებს ისეთი სახის სამართლებრივ აქტზე, რომელიც წარმოშობს შპს „გ...ს“ საკუთრების უფლებას უძრავ ნივთზე, ასევე არ მიუთითებს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით საჯარო რეესტრისადმი მიმართვის ფაქტზე, შესაბამის სარეგისტრაციო წარმოებასა და მის შედეგებზე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონმდებლობით გათვალისწინებულია საკუთრების უფლების აღიარებისა და საკუთრების უფლების რეგისტრაციის წესები და პროცედურები, ასევე „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ 03.06.2016წ. კანონი განსაზღვრავს მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესს, ადგენს ამ რეგისტრაციის სამართლებრივ საფუძვლებს და ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობებს. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ დაადასტურა ზემოთ მითითებული ნორმატიული მოწესრიგებით გათვალისწინებული საკუთრების უფლების წარმოშობის რომელიმე საფუძვლის არსებობა. შეცილებითი სარჩელის შემთხვევაში ადმინისტრაციულ ორგანოს ევალება სადავო აქტის კანონიერების მტკიცების ტვირთი (სასკ-ის მე-17 მუხ.), რაც არ ათავისუფლებს მოსარჩელეს სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისაგან. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს (სსკ-ის 102.1 მუხ.).

მიწის ნაკვეთი, რომელიც არავის სახელზე არ არის რეგისტრირებული, წარმოადგენს სახელმწიფოს საკუთრებას, სახელმწიფოს თავიდანვე გააჩნია საკუთრება მიწაზე, გარდა კერძო საკუთრებაში არსებული მიწისა. ნაკვეთი, რომელიც არ იმყოფება კერძო საკუთრებაში, არის სახელმწიფო საკუთრებაში და რეგისტრაციით ხდება მხოლოდ არსებული ფაქტის დაფიქსირება. „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 8.1 მუხლის შესაბამისად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. რეგისტრაციის განხორციელების მოთხოვნის მოტივით სარეგისტრაციო სამსახურს უნდა მიმართოს დაინტერესებულმა პირმა (მესაკუთრემ) და წარადგინოს სარეგისტრაციო დოკუმენტაცია. რეგისტრაციის სავალდებულო პირობას წარმოადგენს უფლებადამდგენი დოკუმენტის არსებობა, ხოლო სახელმწიფოს სახელზე ქონების რეგისტრაციის სამართლებრივ საფუძვლად კანონმდებლობით დაშვებულია სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართვა. სახელმწიფოს თავისი უფლების რეგისტრაციისთვის სავალდებულოდ არ მოეთხოვება საკუთრების დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტაციის წარდგენა, სახელმწიფოს თავიდანვე გააჩნია საკუთრება მიწაზე, გარდა კერძო საკუთრებაში არსებული მიწისა. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კონკრეტული სამართალურთიერთობა იმ სამართლებრივი ფორმის გამოყენების გზით მოაწესრიგოს, რომელიც მისი აზრით, უფრო ეფექტურია კონკრეტული შემთხვევისათვის. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მინიჭებული აქვს ქონების სახელმწიფოსადმი კუთვნილების უფლებამოსილება (საქართველოს მთავრობის 17.09.12წ. N391 დადგენილებით დამტკიცებული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 3.1 მუხ. „ქ“, „ჰ3“ ქვ.პ.). სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 15.02.18წ. N1/1-350 ბრძანებით დგინდება სახელმწიფოს უფლება სადავო ნაკვეთებზე, აღნიშნული ბრძანება საჯარო რეესტრის სადავო აქტებს უდევს საფუძვლად. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სადავოდ გამხდარი საჯარო რეესტრის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებები მიღებული იქნა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 15.02.2018წ. №1/1-350 ბრძანების საფუძველზე. აღნიშნული ბრძანება შპს „გ...მა“ სადავო გახადა. საბოლოოდ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.07.2020წ. გადაწყვეტილებით (საქმე №ბს-765(2კ-19)) შპს „გ...ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. საქართველოს კონსტიტუციის 62.1 მუხლის, „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 4.1 მუხლის, სსკ-ის მე-10 მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს აქტები სავალდებულოა სახელმწიფო ორგანოსა და პირისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. მოქმედი კანონმდებლობით დადგენილია სასამართლო გადაწყვეტილების მატერიალური კანონიერი ძალა, რომელიც უზრუნველყოფს გადაწყვეტილების საბოლოო ხასიათსა და იმპერატიულობას არა მხოლოდ კონკრეტული პროცესისათვის, არამედ მის ფარგლებს გარეთაც, კერძოდ, სსკ-ის 266-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე, მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე, სადავოდ გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი (სუსგ 28.04.2020წ. საქმე №ას-1574-2019). მოცემულ შემთხვევაში 02.07.2020წ. გადაწყვეტილებით (საქმე №ბს-765(2კ-19)) საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 15.02.2018წ. №1/1-350 ბრძანება შესაბამისობაშია კანონით დადგენილ მოთხოვნებთან, ამ ბრძანების გამოცემის მიზნით ჩატარებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში შპს „გ...ს“ ჩაბმა არ იყო სავალდებულო, ვინაიდან არ დადასტურდა შპს „გ...ს“ მიერ რაიმე სამართლებრივი საფუძვლით სადავო მიწის ნაკვეთის ფლობისა და სარგებლობის ფაქტი, მოსარჩელის ინტერესი არ არის კანონიერი. ამდენად, კანონიერ ძალაში მყოფი სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილია სადავო ნაკვეთებზე სახელმწიფო საკუთრების უფლების მოპოვების მიზნით ჩატარებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში დაინტერესებული პირის სახით შპს „გ...ს“ სავალდებულო წესით მიწვევის აუცილებლობის არარსებობა, ასევე სააგენტოს 15.02.2018წ. №1/1-350 ბრძანების ბათილად ცნობის მიმართ კანონიერი ინტერესის არქონა, ბრძანების კანონიერება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ უფლებას მხოლოდ რეგისტრაცია არ წარმოშობს, რეგისტრაცია წარმოებს სარეგისტრაციო დოკუმენტის საფუძველზე, რომელსაც „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის შესაბამისად განეკუთვნება უფლების წარმომშობი სამართლებრივი აქტი, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით დაუშვებელია რეგისტრაციის გაბათილება მისი საფუძვლის ძალაში ყოფნის პირობებში (სუსგ 22.09.2016წ. საქმე №ბს-5-5(6კ-15)). მოცემულ შემთხვევაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.07.2020წ. გადაწყვეტილებით (საქმე №ბს-765(2კ-19)) დადგენილია სადავო უძრავ ნივთებზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 15.02.2018წ. №1/1-350 ბრძანების კანონშესაბამისობა. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების, შეწყვეტისა და რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლები განსაზღვრულია „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 21-ე, 22-ე და 23-ე მუხლებით. სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს იუსტიციის მინისტრის 15.01.2010წ. №4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის 18.1 მუხლის თანახმად, სააგენტო იღებდა გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობდა რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები (ძალადაკარგულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის 31.12.2019წ. №487 ბრძანებით). გასაჩივრებული სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დასაბუთებული არ არის „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 21-ე, 22-ე და 23-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, გადაწყვეტილება არ შეიცავს სადავო სამართალურთიერთობების მიმართ „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მითითებული ნორმების გამოყენების არგუმენტაციას, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცენდეტული პრაქტიკის მიხედვით, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლი არ უზრუნველყოფს საკუთრების შეძენის გარანტიას, აღნიშნული დანაწესი უზრუნველყოფს უკვე საკუთრებაში არსებული ქონების მშვიდობიან მფლობელობას. აღსანიშნავია ასევე „ლეგიტიმური მოლოდინის“ კონცეფცია, რომელიც პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის კონტექსტში გამოიყენება. საკუთრების უფლების დაცვასთან დაკავშირებულ საქმეებში, როგორც წესი „ლეგიტიმური მოლოდინი“ ეფუძნება საკმარისად დასაბუთებულ სამართლებრივ აქტს, რომელსაც მყარი სამართლებრივი საფუძველი გააჩნია და საკუთრების უფლებას შეეხება („კოპეცკი სლოვაკეთის წინააღმდეგ“, 2004, §47). საქმის მასალებში არ მოიპოვება მოსარჩელის მიერ სადავო მიწის ნაკვეთების წლების განმავლობაში ფლობის, სარგებლობის ან/და ამ ნაკვეთებზე მოსარჩელის მიერ შენობა-ნაგებობის განთავსების დამადასტურებელი მტკიცებულებები, მოსარჩელე არც ნაკვეთების ფლობის (სარგებლობის) და შენობა-ნაგებობის აშენების სამართლებრივ საფუძვლებზე მიუთითებს. სსკ-ის 102.3 მუხლის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მიუხედავად იმისა, რომ სარჩელი აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებს ეფუძნება, ამ გარემოებებთან დაკავშირებით მოსარჩელეს ახსნა-განმარტების გარდა სხვა სახის მტკიცებულება არ წარმოუდგენია. მხოლოდ ახსნა-განმარტება არ წარმოადგენს ისეთი სახის მტკიცებულებას, რომელიც მიწის ნაკვეთების ფლობასა და სარგებლობასთან, შენობა-ნაგებობის განთავსებასთან დაკავშირებული გარემოებების დადასტურებას უზრუნველყოფს. უდავოა, რომ ქ. თბილისში, სოფ. ...ში მდებარე 3520კვ.მ. და 9982კვ.მ. ნაკვეთებზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის დროისთვის შპს „გ...ს“ საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ ყოფილა, ასევე მოსარჩელეს არ წარმოუდგენია კანონით გათვალისწინებული საკუთრების უფლების წარმოშობის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი, შესაბამისად, დასაბუთებული არ არის სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებების მიღების თაობაზე მარეგისტრირებელი ორგანოს უფლებამოსილების არარსებობა.

„საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიად განიხილება საძოვარი, სათიბი, სახნავი (მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული, საბაღე, საბოსტნე) და საკარმიდამო მიწის ნაკვეთი. მიწის ნაკვეთი სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთად რეგისტრირდება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შესაბამისად, თუ უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში არ არის დაკონკრეტებული ან მისი შინაარსიდან არ ირკვევა მიწის ნაკვეთის დანიშნულება ან/და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორია, რეგისტრაცია წარმოებს მიწის ნაკვეთის დანიშნულების ან/და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შესახებ დამატებით წარდგენილი ინფორმაციის ან დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე (15.1 მუხ.). განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებში დაცული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 15.02.2018წ. №1/1-350 ბრძანებისა (ტ. 1, ს.ფ. 127-128) და №... და №... განცხადებებზე დართული 3520კვ.მ. და 9982კვ.მ. ნაკვეთების საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზების (ტ. 1, ს.ფ. 118-119, 129-130) მიხედვით, მიწის ნაკვეთები არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისაა. გარდა ამისა, სარჩელზე დართული ფოტო-სურათებით (ტ. 1, ს.ფ. 32-39) არ იკვეთება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით (საძოვრად, სათიბად, სახნავად და საკარმიდამო ნაკვეთად) მიწის ნაკვეთ(ებ)ის გამოყენების ფაქტი. ამდენად, იმ გარემოებაზე მითითება, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზები შეიცავს არასწორ ინფორმაციას ნაკვეთების დანიშნულების თაობაზე, არ არის დასაბუთებული.

საქართველოს მთავრობის 08.08.2016წ. №388 დადგენილებით დამტკიცდა „მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოს შესრულებისა და დოკუმენტირების წესი“. მითითებული წესის თანახმად, საკადასტრო აღწერის შედეგი (საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი) შედგენილ უნდა იქნეს სახელმწიფო გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემაში (2.1 მუხ.), საკადასტრო აღწერის დროს უნდა განხორციელდეს უძრავი ნივთის საკადასტრო საზღვრების გარდატეხის კუთხეებისა და უძრავი ნივთის ან მისი ნაწილის საერთო ხედის ფოტოგადაღება, ფოტოსურათების ციფრული ვერსია „jpg“ ფორმატის ფაილების სახით უნდა დაერთოს უძრავი ნივთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის ციფრულ ვერსიას, ფოტოს გადაღების თარიღი უნდა შეესაბამებოდეს უძრავი ნივთის საკადასტრო აღწერის თარიღს (მე-5 მუხ.). იმავე წესის მე-8 მუხლით განსაზღვრულია ნახაზის ციფრული ვერსიის შესრულების ინსტრუქცია. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ აპელანტის (მოსარჩელის) მოსაზრება საკადასტრო აზომვით ნახაზთან ერთად ფოტო-სურათების წარუდგენლობის შესახებ გაიზიარა უძრავი ნივთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის ციფრული ვერსიის შეფასების გარეშე, შესაბამისად, სააპელაციო პალატის დასკვნა იმის შესახებ, რომ მარეგისტრირებელ ორგანოს არ შეუფასებია ნახაზთთან ერთად ფოტოსურათების წარუდგენლობის თაობაზე გარემოება, არ არის დასაბუთებული და ვერ იქნება გაზიარებული. მოსარჩელის პრეტენზია ნახაზთან დაკავშირებით არ არის გასაზიარებელი იმის გათვალისწინებითაც, რომ თავად მოსარჩელე სარჩელში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსადმი მიმართულ 16.02.18წ. განცხადებაში აღნიშნავს, რომ მას არ შეუშვია უფლებამოსილი ორგანოს წარმომადგენლები შემოღობილ ტერიტორიაზე და არ მიუცია მათთვის აზომვითი სამუშაოების ჩატარების შესაძლებლობა. ამასთან, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ შეიცავს სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციისას ფოტოსურათების წარუდგენლობის შემთხვევაში შპს „გ...ს“ კანონიერი უფლებისა თუ ინტერესისადმი პირდაპირი და უშუალო (ინდივიდუალური) ზიანის მიყენების დასაბუთებას. მოსარჩელე თვლის, რომ ფოტოსურათების წარდგენის შემთხვევაში დადასტურდებოდა მის მიერ სადავო ნაკვეთებზე ხე-მცენარეების დარგვის, ტერიტორიის მოწესრიგების, სხვადასხვა სახის ნაგებობების განთავსების გარემოება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის სახელმწიფოს საკუთრების უფლების გაუქმების საფუძველს. როგორც უკვე აღინიშნა, მოქმედი კანონმდებლობით გამოირიცხა კერძო სამართლის იურიდიული პირის მიერ საკუთრების უფლების აღიარების შესაძლებლობა, ამასთანავე მოსარჩელეს არ წარმოუდგენია სადავო უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო პრივატიზაციის გზით საკუთრების უფლების მოპოვების ერთ-ერთ წინაპირობას სწორედ უძრავი ნივთის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებობა ქმნის, შესაბამისად, სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციისას სარეგისტრაციო ობიექტის ფოტოსურათების წარუდგენლობის ფაქტის დადასტურების შემთხვევაშიც მოსარჩელის უფლების შეზღუდვის ფაქტი არ დგინდება.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ შეიცავს სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების სასკ-ის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე ბათილად ცნობის და სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ორგანოსათვის ხელახალი განხილვისა და ახალი გადაწყვეტილების მისაღებად დაბრუნების დასაბუთებას. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად საქმის ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაბრუნება და ახალი აქტის გამოცემის დავალება საჭიროებს იმ გარემოებების მითითებას, რომელიც არ იქნა გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ აქტის გამოცემისას და ახალი გადაწყვეტილების მიღებამდე ამ გარემოების გარკვევის დავალებას. სასკ-ის 32.4 მუხლის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევის და შეფასების შემდეგ ახალი აქტის გამოცემა. სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე აქტის გაუქმება დასაშვებია თუ აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის და შეფასების გარეშე. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ შეიცავს სასკ-ის 32.4 მუხლის გამოყენების დასაბუთებას, სასამართლოს არ უმსჯელია ასეთი გადაწყვეტილების მიღების პროცესუალურ წინაპირობებზე. სასკ-ის 32.4 მუხლის გამოყენების კომპეტენცია სასამართლოს გააჩნია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმის გარემოებათა გამოკვლევის გარეშე. შპს „გ...ს“ დირექტორმა ლ.ფ-ემ 16.02.2018წ. განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრს და მიუთითა, რომ მრავალი წელია ფლობს დაურეგისტრირებელ ნაკვეთებს მის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების (საკადასტრო კოდები: ..., ... და ...) მომიჯნავედ, ნაკვეთებზე განთავსებულია შენობა-ნაგებობები, მოწყობილია გზები და შემოღობილია კაპიტალურად, მისთვის ცნობილი გახდა სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით საჯარო რეესტრში წარდგენილი განცხადებებისა და აზომვითი ნახაზების შესახებ, რომელიც შედგენილია კანონის მოთხოვნათა დარღვევით, კერძოდ, დოკუმენტაციას არ ერთვის ფოტო-მასალა, არ არის ნაჩვენები მათ მიერ აშენებული ნაგებობები, განმცხადებელმა მოითხოვა №... და №... განცხადებებით მოთხოვნილი რეგისტრაციების გაუქმება. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხე მარეგისტრირებელმა ორგანომ სადავო აქტები მიიღო შპს „გ...ს“ დირექტორის 16.02.2018წ. განცხადებაში მითითებული გარემოებების შეფასების გარეშე. საკასაციო პალატა თვლის, რომ 16.02.2018წ. განცხადებაში ასახული გარემოებები (ნარგავების განთავსება, ტერიტორიის მოწესრიგება და ა.შ.) შესაძლოა გახდეს სხვა სახის სარჩელის აღძვრის საფუძველი. მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებების დადასტურების შემთხვევაშიც, აღნიშნული არ ქმნის სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებების სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობისა და ადმინისტრაციული ორგანოსთვის ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველს. იმ შემთხვევაში თუ მოსარჩელეს მიაჩნია, რომ მესამე პირის ქონება გაიზარდა იმ ხდომილებათა შედეგად, რაც მან განახორციელა სადავო მიწის ნაკვეთებზე, ამ საკითხის გარკვევა სცილდება განსახილველი დავის ფარგლებს. ამასთანავე, როგორც უკვე აღინიშნა, ზოგადი წესის თანახმად უძრავ ქონებაზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია თავისთავად არ გამორიცხავს საკუთრების უფლების აღიარების, პრივატიზების გზით უძრავ ნივთზე უფლების მოპოვების შესაძლებლობას. ამდენად, კონკრეტულ შემთხვევაში დასაბუთებული არ არის სასკ-ის 32.4 მუხლის გამოყენების საფუძველი, ვინაიდან მითითებული ნორმით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, როდესაც აშკარაა, რომ გადაწყვეტილების მიღება საჭიროებდა გარკვეული გარემოებების გამოკვლევას, რომელიც არ იქნა გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, ამასთანავე ამ გარემოების გამოკვლევას არსებითი მნიშვნელობა აქვს გადაწყვეტილების მიღებისთვის. მიუხედავად ამისა, სააპელაციო სასამართლოს არ დაუსაბუთებია განცხადებაში მითითებული გარემოებების მნიშვნელობა სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებების მიღებისას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის სამაოდ დასაბუთებული (გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი). სსკ-ის 411-ე მუხლის შესაბამისად საკასაციო სასამართლო თავად მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს სსკ-ის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების საფუძველი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მათი სამართლებრივი ანალიზის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და სსკ-ის 411-ე მუხლის საფუძველზე მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება შპს „გ...ს“ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

სსკ-ის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებას. განსახილველ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.02.2018წ. განჩინებით, შპს „გ...ს“ შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე დაკმაყოფილდა, მოპასუხეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აეკრძალა ქ. თბილისში, სოფ. ...ში სახელმწიფოს სახელზე რიცხული 9982კვ.მ. მიწის ნაკვეთისა (საკადასტრო კოდი ... ) და 3520კვ.მ. მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი ...) გასხვისების, დაგირავების, გაქირავების, იპოთეკით დატვირთვის, სხვა მესამე პირზე ნებისმიერი სახით გადაცემის რეგისტრაციის განხორციელება. ვინაიდან შპს „გ...ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 28.02.2018წ. განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

სსკ-ის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. მოცემულ შემთხვევაში კასატორის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისთვის გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით. ვინაიდან სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა და მიღებული იქნა გადაწყვეტილება შპს „გ...ს“ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, მოსარჩელეს უნდა დაეკისროს საჯარო რეესტრის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის ანაზღაურება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1991-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.05.2019წ. გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;

3. შპს „გ...ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

4. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.02.2018წ. განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება ქ. თბილისში, სოფ. ...ში მდებარე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ 3520კვ.მ. და 9982კვ.მ. მიწის ნაკვეთებზე (საკადასტრო კოდები: ..., ...) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის გასხვისების, დაგირავების, გაქირავების, იპოთეკით დატვირთვის, სხვა მესამე პირზე ნებისმიერი სახით გადაცემის რეგისტრაციის განხორციელების აკრძალვის თაობაზე;

5. შპს „გ...ს“ (საიდენტიფიკაციო ნომერი ...) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (საიდენტიფიკაციო ნომერი ...) სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისთვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 (სამასი) ლარის ანაზღაურება;

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ბ. სტურუა