საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
Nბს-563 (კ-23) 19 სექტემბერი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ:
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა სს „ე...ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.01.2023წ. განჩინებაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.01.2023წ. განჩინებით სს „ე...ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.10.2021წ. გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა სს „ე...ის“ მიერ.
საკასაციო სასამართლოს 31.05.2023წ. განჩინებით საკასაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი იმ საფუძვლით, რომ იგი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნას. საკასაციო საჩივარი არ შეიცავდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ზუსტ დასახელებას. საკასაციო განაცხადში მითითებული იყო, რომ კასატორი ასაჩივრებდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.09.2020წ. განჩინებას, თუმცა საქმის მასალების თანახმად, სს "ე...ის" სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას 25.01.2023წ. ჰქონდა მიღებული განჩინება. საკასაციო განაცხადში ასევე მითითებული იყო, რომ კასატორი ასაჩივრებდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 25.01.2022წ. გადაწყვეტილებას, მაშინ როდესაც სს "ე...ის" სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილება 28.10.2021წ. იყო მიღებული. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391.1 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივრით მხარეებმა შეიძლება გაასაჩივრონ მხოლოდ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება), შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია გააუქმოს ან უცვლელად დატოვოს მხოლოდ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება), ხოლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404.2 მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი შესაძლოა აგრეთვე იყოს სააპელაციო სასამართლოს ის განჩინებები, რომლებიც წინ უსწრებს სააპელაციო სასამართლოს შემაჯამებელ გადაწყვეტილებას. ამდენად, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია იმსჯელოს მხოლოდ სააპელაციო სასამართლოს აქტების კანონიერება-დასაბუთებულობაზე და არა აქვს მინიჭებული კომპეტენცია გადასინჯოს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერება. ამდენად, დაზუსტებას საჭიროებდა საკასაციო განაცხადი.
წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა აგრეთვე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნას. კასატორს საკასაციო საჩივარზე არ ჰქონდა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დავის საგნის ღირებულების 5 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 300 ლარისა. მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენდა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს იმ აქტების ბათილად ცნობა, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გარკვეული პაციენტებისათვის გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე. ამდენად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენდა ადმინისტრაციული ორგანოსაგან მოთხოვნილი ასანაზღაურებელი თანხის (7056.57 ლარის) ოდენობის 5 %-ს. მოცემულ შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენდა 352.83 (სამას ორმოცდათორმეტი ლარი და ოთხმოცდასამი თეთრი) ლარს. შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.05.2023წ. განჩინებით კასატორს დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 07 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო საჩივრის წარმოდგენა დაზუსტებული საკასაციო განაცხადის (გასაჩივრებული გადაწყვეტილების/განჩინების რეკვიზიტების) ზუსტი მითითებით, ასევე დაევალა სახელმწიფო ბაჟის _ 352.83 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარმოდგენა, მასვე განემარტა, რომ მითითებულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.05.2023წ. განჩინება გაეგზავნა კასატორს საქმეში მითითებულ მისამართზე და ჩაბარდა უფლებამოსილ პირს 06.07.2023წ., ამდენად, განჩინებით განსაზღვრული ხარვეზის შევსების 07 დღიანი ვადა 13.07.2023წ. 24 საათზე (ხუთშაბათი) ამოიწურა. დადგენილ ვადაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც ხარვეზის შევსებისათვის განსაზღვრული საპროცესო ვადის გაგრძელების მოთხოვნით მოუმართავს სასამართლოსათვის.
სსკ-ის 61.3 მუხლის შესაბამისად საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთი, რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, რჩება განუხილველად.
სსკ-ის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსკ-ის 396.3 და 399-ე მუხლების თანახმად, სს „ე...ის“ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „ე...ის“ საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.01.2023წ. განჩინებაზე დატოვებულ იქნეს განუხილველად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. გოგიაშვილი