Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

Nბს-567 (კ-23) 19 სექტემბერი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ:

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა სს „თ...ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.02.2023წ. განჩინებაზე.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.02.2023წ. განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და სს „თ...ის“ სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 16.05.2022წ. გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა სს „თ...ის“ მიერ.

საკასაციო სასამართლოს 02.06.2023წ. განჩინებით საკასაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი იმ საფუძვლით, რომ იგი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396.2 მუხლის მოთხოვნას. საკასაციო საჩივარს ხელს აწერდა ი. თ-ა, რომლისთვისაც სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება მინიჭებული ჰქონდა სს "თ...ის" გენერალური დირექტორის მოადგილეს ნ. მ-ის. საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეში დაცული მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის მიხედვით, სს "თ...ს" ჰყავს რამდენიმე გენარალური დირექტორის მოადგილე, ხოლო საქმეში არ არის წარმოდგენილი მათი უფლებამოსილებების განმსაზღვრელი დოკუმენტი. შესაბამისად, არ დგინდებოდა მოცემულ შემთხვევაში, სს "თ...ის" გენერალური დირექტორის მოადგილეს ნ. მ-ის რის საფუძველზე ჰქონდა გადაცემული სს "თ...ის" სახელით წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილება. შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.06.2023წ. განჩინებით კასატორს დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 07 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივრის ან სს "თ...ის" გენერალური დირექტორის მოადგილის ნ. მ-იის შესაბამისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა. მასვე განემარტა, რომ მითითებულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.06.2023წ. განჩინება გაეგზავნა კასატორს საქმეში მითითებულ მისამართზე და ჩაბარდა უფლებამოსილ პირს 05.07.2023წ., ამდენად, განჩინებით განსაზღვრული ხარვეზის შევსების 07 დღიანი ვადა 12.07.2023წ. 24 საათზე (ოთხშაბათი) ამოიწურა. დადგენილ ვადაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც ხარვეზის შევსებისათვის განსაზღვრული საპროცესო ვადის გაგრძელების მოთხოვნით მოუმართავს სასამართლოსათვის.

სსკ-ის 61.3 მუხლის შესაბამისად საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთი, რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, რჩება განუხილველად.

სსკ-ის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსკ-ის 396.3 და 399-ე მუხლების თანახმად, სს „თ...ის“ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „თ...ის“ საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.02.2023წ. განჩინებაზე დატოვებულ იქნეს განუხილველად;

2. სს „თ...ს“ (ს/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 10.05.2023წ. N192576 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. გოგიაშვილი