საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-591(კ-23) 18 სექტემბერი, 2023 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა 2023 წლის 27 მარტის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - შ. ი-ნ).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შ. ი-ნმა 2022 წლის 18 ნოემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ და მოითხოვა: სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 21 ოქტომბრის N1000826509 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, შ. ი-ნისთვის მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემის შესახებ მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით შ. ი-ნის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 21 ოქტომბრის N1000826509 გადაწყვეტილება; სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა შ. ი-ნისათვის მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემის თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 მარტის განჩინებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება.
პალატამ მიუთითა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) მე-14 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის შესაბამისად, საქართველოში ბინადრობის ნებართვა გაიცემა საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონით განსაზღვრულ პირობებს. საქართველოში ბინადრობის ნებართვას გასცემს სააგენტო. კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ” ქვეპუნქტის თანახმად(სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), მუდმივი ცხოვრების ნებართვა, რომელიც გაიცემა საქართველოს მოქალაქის მეუღლეზე, არასრულწლოვან შვილზე, საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქის მშობელზე. მუდმივი ცხოვრების ნებართვა გაიცემა აგრეთვე უცხოელზე, რომელიც დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე საქართველოში ცხოვრობდა ბოლო 10 წლის განმავლობაში. ამ ვადაში არ ითვლება საქართველოში სწავლის ან მკურნალობის მიზნით ცხოვრებისა და დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობებში მუშაობის პერიოდი.
ამავე კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ, ხოლო „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად კი, უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას ასევე თუ იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს. კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს ისეთ შემთხვევებს, რომელიც მოიცავს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების (წესრიგის) დაცვის ინტერესებს, კერძოდ: პირის საქართველოში ყოფნა საფრთხეს უქმნის საქართველოს სხვა სახელმწიფოებთან ან/და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობას; არსებობს ინფორმაცია, რომელიც ალბათობის მაღალი ხარისხით მიუთითებს პირის კავშირზე: საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოებისადმი მტრულად განწყობილი ქვეყნის/ორგანიზაციის შეიარაღებულ ძალებთან; სხვა სახელმწიფოს სადაზვერვო სამსახურებთან; ტერორისტულ ან/და ექსტრემისტულ ორგანიზაციებთან; ნარკოტიკების, შეიარაღების, მასობრივი განადგურების იარაღის ან მათი კომპონენტების უკანონო ბრუნვასთან, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ან/და სხვა სახის დანაშაულებრივ ორგანიზაციებთან (მათ შორის, ტრანსნაციონალურ დანაშაულებრივ ორგანიზაციებთან).
სააპელაციო სასამართლომ ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე მიუთითა, რომ შ. ი-ნი 2022 წლის 22 სექტემბრიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება საქართველოს მოქალაქე ბ. ლ-ითან, რაც კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ” ქვეპუნქტის თანახმად, მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემის ერთ-ერთ სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს. ამდენად, შესაფასებელია უცხოელის მიმართ მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემა ხომ არ შეუქმნის საფრთხეს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს.
პალატამ აღნიშნა, რომ შ. ი-ნისათვის ბინადრობის ნებართვის საკითხის გადაწყვეტა პირდაპირ უკავშირდება იმ ინფორმაციის გაცნობასა და შესწავლას, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2022 წლის 18 ოქტომბრის №SSG 12200195681 წერილით გათვალისწინებული დასკვნის გაკეთების მიზეზი გახდა. სწორედ ამ მიზნით, სააპელაციო სასამართლომ, ისევე როგორც პირველი ინსტანციის სასამართლომ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან დამატებით გამოითხოვა ინფორმაცია და დეტალურად გაეცნო მას. პალატამ მიუთითა, რომ აღნიშნული ინფორმაცია, საიდუმლოების შემცველობის გამო, წარმოდგენილი იქნა მხოლოდ სასამართლოსათვის და არ დაერთო საქმეს. აღნიშნული ინფორმაციის გამოკვლევა განხორციელდა კანონის მოთხოვნათა დაცვით სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თუმცა მასში მითითებული ფაქტები არ აისახა სასამართლო გადაწყვეტილებაში.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს შესაძლებლობა - იმოქმედოს დისკრეციის ფარგლებში, არ არის შეუზღუდავი. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოს შეუძლია შეაფასოს ადმინისტრაციული ორგანოს მოქმედების კანონიერება, ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, პალატამ მიიჩნია, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ შ. ი-ნის განცხადების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში უპირობოდ გაიზიარა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაცემული ცნობის შინაარსი.
ამდენად, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის საიდუმლო წერილის შინაარსის, ასევე, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის, თანაფარდობის პრინციპების დაცვის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 მარტის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ.
კასატორი მიიჩნევს, რომ სადავო აქტი გამოცემულია ნორმატიულად დადგენილი პროცედურების სრული დაცვით. ბინადრობის სამართლებრივი ბუნება, საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე, ადმინისტრაციულ ორგანოს კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან ყველაზე მისაღები გადაწყვეტილების შერჩევის დისკრეციულ უფლებამოსილებას ანიჭებს. სააგენტოს მიერ, სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაციით (2022 წლის 18 ოქტომბრის №SSG 12200195681 წერილი), „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების გათვალისწინებით დადგინდა მოსარჩელისათვის ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზანშეუწონლობა. ამდენად, სააგენტომ მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, კერძო და საჯარო ინტერესების ურთიერთშედარების საფუძველზე მიიღო სადავო გადაწყვეტილება. სააგენტომ უპირატესობა მიანიჭა საჯარო ინტერესს, რადგან საკითხი ეხებოდა სახელმწიფო უსაფრთხოებას. კასატორის მითითებით, მოქმედი სამართლებრივი რეგულაციებიდან გამომდინარე, სააგენტო მოკლებულია ისეთი მტკიცებულებების მოპოვების შესაძლებლობას, რომლებიც სადავოს გახდის და გააბათილებს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
დადგენილია, რომ 2022 წლის 22 სექტემბერს შ. ი-ნმა განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე მოითხოვა საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვა.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2022 წლის 18 ოქტომბრის №SSG 12200195681 წერილით სააგენტოს ეცნობა, რომ ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტების გათვალისწინებით, დეპარტამენტს შ. ი-ნისათვის მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემა მიზანშეუწონლად მიაჩნია.
სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 21 ოქტომბრის N1000826509 გადაწყვეტილებით შ. ი-ნს ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის ,,ა’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტების შესაბამისად, უარი ეთქვა საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს არეგულირებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონი, რომლის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-15 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქის მეუღლეზე, საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქის მშობელზე, უცხოელზე, რომელმაც საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე იცხოვრა ბოლო 6 წლის განმავლობაში (ამ ვადაში არ ითვლება საქართველოში სწავლის ან მკურნალობის მიზნით ცხოვრებისა და დიპლომატიურ და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობებში მუშაობის პერიოდი) მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემის შესაძლებლობას და აღნიშნულ ნებართვას ბინადრობის ნებართვის ერთ-ერთ სახედ ასახელებს. ამავე კანონის მე-17 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხი განიხილება და წყდება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მე-13 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების გამოსავლენად სააგენტო ვალდებულია, განცხადების მიღებიდან 3 დღეში გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებისაგან.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, კონტრდაზვერვით საქმიანობად მიიჩნევა სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში საქმიანობის სპეციალური სახე, რომლის მიზანია უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეულ პირთა საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული სადაზვერვო ან/და ტერორისტული საქმიანობიდან მომდინარე საფრთხეების გამოვლენა და თავიდან აცილება. აღნიშნული კანონის მე-6 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, კონტრდაზვერვითი საქმიანობა გასაიდუმლოებულია. ამ საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას. კონტრდაზვერვითი საქმიანობის პროცესში ოპერატიული და ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებების შედეგად მიღებული დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები არ შეიძლება გამოყენებული იქნეს სამართალდაცვითი მიზნებისათვის, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად, ქვეყანაში ერთიანი კონტრდაზვერვითი საქმიანობის ორგანიზაცია და სპეციალური სამსახურების საქმიანობის კოორდინაცია ეკისრება სპეციალურ სამსახურს - საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს.
სადავო პერიოდში მოქმედი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტები ითვალისწინებს ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესაძლებლობას, თუ უცხოელი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს და ამის შესახებ არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა. განსახილველ შემთხვევაში, სადავო აქტი სწორედ სსიპ სახელმწიფო სერვისების სააგენტოს მიერ გამოთხოვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2022 წლის 18 ოქტომბრის №SSG 12200195681 წერილის საფუძველზე გამოიცა. ხსენებული წერილის შესაბამისად, მოსარჩელისათვის მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემა მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული.
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილ იმ ინფორმაციას, რომელიც საფუძვლად დაედო მოსარჩელისთვის მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზანშეუწონლად მიჩნევას და თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ოპერატიულ ინფორმაციაში მითითებული გარემოებები არ ქმნის მოსარჩელის მიერ საქართველოს უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნის საფუძვლიან ვარაუდს.
გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ საქმის მასალების მიხედვით, შ. ი-ნი არის ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე. 2022 წლის 22 სექტემბრიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება საქართველოს მოქალაქე ბ. ლ-ითან. ამასთან, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2021 წლის 30 ნოემბრის N1000768346 გადაწყვეტილებით შ. ი-ნს გაუგრძელდა საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვა 2022 წლის 1 ნოემბრამდე. ყურადსაღებია აგრეთვე ის გარემოებაც, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს 2022 წლის 12 სექტემბრის ცნობის თანახმად, შ. ი-ნი არ არის ნასამართლევი ირანის ისლამურ რესპუბლიკაში. ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტს 2022 წლის 23 სექტემბრის მდგომარეობით შ. ი-ნის შესახებ ინფორმაცია არ მოეპოვება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე დადასტურებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად, არ დასტურდება მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემაზე უარის თქმის სათანადო საფუძვლების არსებობა. განსახილველ შემთხვევაში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2022 წლის 18 ოქტომბრის №SSG 12200195681 წერილი, მისი შინაარსისა და საფუძვლების გათვალისწინებით, არ ქმნის მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საკმარის საფუძველს.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 2023 წლის 24 მაისს №10251 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს/კ: 202307404) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 მარტის განჩინება;
3. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს/კ: 202307404) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე საჩივარზე 2023 წლის 24 მაისს №10251 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე